სასტუმრო ბილტმორი – თბილისის ახალი ლენდმარკი და არქიტექტურული პროცესების სარკე
ნასტასია არაბული

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის დროს აგებული ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურის, სტილისტიკისა და ფუნქციის მქონე იმელის, ანუ მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის შენობა მოსახლეობის და ხელოვნებათმცოდნეების პროტესტის ფონზე განადგურების პირას მიიყვანეს და შემდეგ იქ ბევრად მასშტაბური, ასეთივე გამორჩეული არქიტექტურისა და სტილისტიკის მქონე სასტუმრო ბილტმორი ააშენეს. პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მას ბევრი ვნებათაღელვა, საპროტესტო აქცია და ინვესტორების ცვლილება ახლდა თან. საბოლოოდ ქალაქმა მიიღო 150 მეტრამდე შემინული შენობა, რომელიც თითქმის ყველა წერილიდან ჩანს და ერთგვარ ლენდმარკს წარმოადგენს თბილისისთვის – ახალ ორიენტირს, რომელიც გარკვეულწილად ქმნის წარმოდგენას ამ ქალაქში მიმდინარე არქიტექტურული, სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების შესახებ.

შენობები და არქიტექტურული ტენდენციები კარგი ანარეკლია ამა თუ იმ საზოგადოებასა და მმართველობაში მიმდინარე პროცესების, სარკეა გადაწყვეტილების მიმღები პირების ფარული ვნებების თუ გაცხადებული პოლიტიკური კურსის და ამ თეორიის მტკიცებულებად ყოფილი იმელის და ახლა უკვე სასტუმრო ბილტმორის შენობა ერთ-ერთი შთამბეჭდავი ილუსტრაციაა. ამ ნაგებობების ფუნქციური და გარეგნული ცვლილებები ფაქტობრივად ყვება ისტორიას, რომელიც საქართველომ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე გამოიარა.

კლასიციზმის სტილში ნაგები იმელის შენობა, რომელიც 1938 წელს არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით აშენდა, საბჭოთა ნომენკლატურისთვის საკრალური დაწესებულებისთვის იყო განკუთვნილი –  მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალისთვის. შჩუსევსვე ეკუთვნის ლენინის მავზოლეუმის შენობა. ის საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორი იყო, რომელიც “ფორმით ნაციონალურ, შინაარსით კი სოციალისტურ” შენობებზე მუშაობდა.

1992-95 წლებში აქ საქართველოს პარლამენტი იყო განთავსებული და აქვე მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წელს შენობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა, 2007 წელს კი სახელმწიფომ მისი გაყიდვა და ინვესტორებისთვის გადაცემა გადაწყვიტა. მანამ, სანამ აქ სასტუმრო განთავსდებოდა, განადგურდა მდიდარი ბიბლიოთეკა, უზარმაზარი დარბაზი, უფრო ადრე, 90-იან წლებში იაკობ ნიკოლაძის ბარელიეფიც ჩამოიხსნა შენობიდან. საბჭოთა არქიტექტურის ეს მასშტაბური შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე შენობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა – არმირებული პემზობეტონი. ინტერიერისთვის გამოიყენეს ქართული მარმარილო და ბოლნური ტუფი.

“თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვება და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია” – წერდა გასული საუკუნის 50-იან წლებში არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე იმელის შენობაზე დაწერილ სტატიაში. ეს ფრაგმენტი ახალ მნიშვნელობას იძენს დღეს, როცა ამ ადგილას უზარმაზარი შუშის შენობაა აღმართული, რომელიც სრულიად ამოვარდნილია გარშემომყოფი შენობების მასშტაბიდან და არ ჯდება საერთო არქიტექტურულ სურათში. ძვირადღირებული სასტუმრო ბილტმორის თანამედროვე შემინული შენობა, რომელიც ამიერკავკასიის ყველაზე მაღალი შენობაცაა, ღარიბი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ ადგილას არის მკვეთრი განაცხადი იმის შესახებ, რომ დღეს აქ მიმდინარეობს ქაოსური, სპონტანური, რიგ შემთხვევაში ტრადიციებთან და გარემოსთან შეუთავსებელი არქიტექტურული პროცესები, რომლებიც არანაირ სისტემაში არ ჯდებიან, თუკი თავად ამ უსისტემობას არ მივიღებთ ახალ ქართულ არქიტექტურულ სისტემად. მეორეს მხრივ, რატომ არ შეიძლება მივიღოთ ეს უსისტემობა, გარემოდან და სტილისტიკიდან ამოვარდნილი მასშტაბური შემინული, ძვირადღირებული შენობები თანამედროვე თბილისური არქიტექტურის მახასიათებლად. ასეთი ხომ უკვე რამდენიმე დაგროვდა და ამ დრომდე არაფერი მოასწავებს იმას, რომ ქალაქი ამ კურსის შეცვლას აპირებს.