მუსიკა
ხატია ბუნიათიშვილი – პიანისტი „სუპერ ვარსკვლავის“ რეიტინგით
აკადემიური მუსიკის ზოგიერთი მოყვარულისთვის შესაძლოა ხატია ბუნიათიშვილის „სუპერ ვარსკვლავად“ მოხსენიება მიუღებელი იყოს ამ ტერმინის შოუ ბიზნესთან ასოცირების გამო, თუმცა ეს ცნება ზუსტად გამოხატავს პოპულარობის იმ ხარისხს, რასაც ჩვენმა თანამემამულემ, სახელგანთქმულმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მოიპოვა მთელ მსოფლიოში.
დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ კლასიკური მუსიკა, თავისი პოპულარობით ვერ ეწევა მასობრივი მუსიკალური კულტურის კომერციულად მომგებიან ჟანრებს (საესტრადო, ჯაზი, პოპ და როკ მუსიკის მრავალსახეობები, გასართობი და საცეკვაო მუსიკის მრავალრიცხოვანი მიმართულებები). ეს მიმდინარეობები გაცილებით მეტად ესადაგება თანამედროვე საზოგადოების ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების კულტურულ მოთხოვნილებებს, ვიდრე კლასიკური მუსიკა – ოპერა, სიმფონიური თუ კამერულ-ინსტრუმენტული შემოქმედება, სოლო შემსრულებელთა კონცერტები.
იმის გამო, რომ კლასიკური მუსიკის სფერო, დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაკეტილი ელიტარული კულტურის ნიშნებს ატარებდა, მისი მსმენელიც შესაბისად განეკუთვნებოდა მუსიკალურად უფრო განსწავლული საზოგადოების ფენას, რომელთა განათლება, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში, ინტელექტუალური განვითარება და სულიერი მოთხოვნილებები, ხელს უწყობდა მუსიკალური ხელოვნების ნიმუშების მაღალი ესტეტიკური ღირებულების შეცნობას და შეფასებას. ასეთად ჩამოყალიბდა კლასიკური მუსიკის მოყვარულთა აუდიტორია, რომელთა შორის დღესაც ჭარბობს ასაკოვანი ხალხი.
ბოლო ათწლეულების მანძილზე, შოუ ბიზნესისა და კლასიკური მუსიკის პარალელური თანაარსებობის პირობებში ბევრი რამ შეიცვალა. ეს შეეხო კლასიკური მუსიკის სფეროსაც. გაჩნდნენ ახალი ტიპის შემსრულებლები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და ტალანტით ტოლს არ უდებენ წარსული პერიოდის ლეგენდარულ შემსრულებლებს, მაგრამ არიან უფრო გახსნილები, დემოკრატიულები, ითვალისწინებენ ფართო მსმენელის მოთხოვნილებებს და ქარიზმატული შესრულებით მაგნიტივით იზიდავენ სხვადასხვა პროფესიების და ასაკის, მათ შორის ახალგაზრდა თაობის მსმემენელს თავიანთ კონცერტებზე. ასეთ ზეპოპულარულ შემსრულებლებს შეუძლიათ ანშლაგით ჩაატარონ მრავალათასიანი კონცერტები და კონკურენცია გაუწიონ შოუ ბიზნესის ყველაზე რეიტინგულ წარმომადგენლებს. ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ თანამედროვე მუსიკალური კულტურის სფერო, მდიდარი თავისი მრავალფეროვნებით, კლასიფიცირებას ემორჩილება მხოლოდ რეპერტუარის თვალსაზრისით. რაც შეეხება რეკლამას, საზოგადოებისათვის შემსრულებელთა წარდგენის ფორმებს, შემსრულებელთა გაპიარებას – ამ მხრივ სერიოზულ და პოპულარულ მუსიკას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება აღარ შეიძლება. მსუბუქ და სერიოზულ მუსიკას შორის ხდება გარკვეული ტენდენციების დიფუზია. შოუ ბიზნესის სფეროში აღწევს კლასიკური მუსიკისათვის დამახასიათებელი მოთხოვნილება მაღალი პროფესიონალიზმის მიმართ, რამაც წარმოშვა კლასიკად ქცეული შემსრულებლები, და აკადემიური მუსიკის სფეროსაც ყავს თავისი ვარსკვლავები, რომლებიც თავისი პოპულარობით, თაყვანისმცემელთა რაოდენობით, მათი რჩეულისადმი დამოკიდებულების გამოხატვის ფორმებით დიდად არ განსხვავდება შოუ ბიზნესისაგან. ასეთი შემსრულებლების არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია კლასიკური მუსიკის მომავლისათვის, იმდენად რამდენადაც მათი ხელოვნება ხელს უწყობს აკადემიური მუსიკის ჩარჩოების გაფართოებას, მსმენელთა აუდიტორიის ზრდას და კლასიკის მიმართ ინტერესის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ გაძლიერებას თანამედროვე საზოგადოებაში.
ამ ახალი ტიპის შემსრულებელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ხატია ბუნიათიშვილს, პიანისტს, რომელმაც ძალიან მოკლე დროში, კლასიკური მუსიკის სფეროში მოიპოვა ისეთი წარმატება, რომელსაც სხვები მრავალი წლის შეუპოვარი თავგამოდებით ვერ აღწევენ.
„კაშკაშა ვარსკვლავი“, „შეუდარებელი“, „ფენომენალური“, „ღვთაებრივი“, „მაგიური“,- ასე ამკობენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ პიანისტს მისი ხელოვნებით მოჯადოებული მსმენელი. მისი „ფანკლუბი“ ასიათასობით თამყვანისმცემელს ითვლის. ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე მოთხოვნადი პიანისტია. მას იწვევენ ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე, როგორიცაა ზალცბურგი, ვერბიე, La Roque-d ‘Anthéron – საფრანგეთი, Menuhin Festival Gstaad – შვეიცარია, Klavier-Festival Ruhr – გერმანია Progetto Martha Argerich, ლუგანო, შვეიცარია და სხვ.
როგორც გამორჩეული რეიტინგის შემსრულებელი, ის წამყვანი ტელეარხების პოპულარულ გადაცემათა ხშირი სტუმარია. მასთან მართავენ ინტერვიუებს, იღებენ სატელევიზიო დოკუმენტურ სიუჟეტებს, მისი კონცერტები გადაიცემა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მუსიკალური ტელეარხებით „მეცო“, „მედიჩი“.
2010 წელს ცნობილმა ამარიკულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ Sony Classical Records ხატია ბუნიათიშვილთან გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი და უკვე 2011 წელს გამოსცა პირველი სადებიუტო ალბომი – Franz Liszt (ფერენც ლისტი), ხოლო 2012 წელს Chopin (შოპენი). არ არის გასაკვირი, რომ პირველი და მეორე ალბომი ხატიამ სწორედ ამ კომპოზიტორების ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებებისაგან შეადგინა, ვინაიდან მათ ნაწარმოებებს ყველა პიანისტის საკონცერტო რეპერტუარში ცენტრალური ადგილი უჭირავს და მათი შესრულების ხარისხი ბევრად გასნაზღვრავს პიანისტის მუსიკალური აზროვნების და ტექნიკური სრულყოფის დონეს.
ასე მაგალითად ლისტისადმი მიძღვნილ ალბომში შევიდა ლისტის სი მინორული სონატა, მეფისტო ვალსი, ნოქტიურნი # 3 „სიყვარულის ზმანებანი“ (Liebestraum), „სამგლოვიარო გონდოლა’’ ციკლიდან „მოგზაურობის წლები“ და ი.ს.ბახი-ლისტის პრელუდია და ფუგა ლა მინორი.
მის შემდგომ ალბომში – Chopin ( 2012), გარდა სოლო ნაწარმოებებისა (სონატა # 2 თხზ.35 ( სამგლოვიარო მარშით), # 4 ბალადა, ვალსი დო დიეზ მინორი თხზ. 64, მაზურკა ლა მინორი თხზ.17 ), შევიდა საფორტეპიანო რეპერტუარის მშვენება -კონცერტი # 2, ფა მინორი, პარიზის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პაავო იარვის დირიჟორობით. ამ დისკზე ჩაწერილი ნაწარმოებების შესრულებასთან დაკავშირებით The Guardian-ის რეცენზენტი წერდა: „ დღევანდელ დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე აღმარფთოვანებელი და საოცარი ტექნიკით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტი, რომლის დაკვრა პირდაპირ გულიდან მოედინება“.
2014 წელს ხატია ბუნიათიშვილმა გამოუშვა ახალი ალბომი Motherland (მშობლიური მხარე ). ამ ალბომის კონცეპცია ნათლად იკითხება მასში შემავალი 17 მცირე ფორმის ნაწამოებების მიხედვით. პიესები, რომლებიც განეკუთვნებიან სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნების კომპოზიტორთა თხზულებებს, გაერთიანებული არიან ერთი ხაზით – ისინი წარმოადგენენ ლირიკული ხასიათის ნაწარმოებებს და თავისი მშვიდი, ნათელი განწყობით ასოცირდებიან ბავშვობის ლამაზ მოგონებებთან, მეხსიერებაში დალექილ სასიამოვნო განცდებთან, ფაქიზ გრძნობებთან, მშობლიურ სამყაროსთან.
ალბომში შემავალი ნაწარმოებები: ბახის არია Schafe konnen sicher weiden, ჩაიკოვსკის „ოქტომბერი“, მენდელსონის „უსიტყვო სიმღერა“ თხზ. 67/2, დებიუსის „მთვარის შუქი“, გია ყანჩელის „როცა აყვავდა ნუში“ , ლიგეტის Musica ricercata No. 7, ბრამსის ინტერმეცო თხზ.117/2, გრიგის ლირიული პიესა „სამშობლოს მონატრება“ თხზ. 57/6, დვორჟაკის „სლავური ცეკვა“ (ასრულებს თავის დასთან, გვანცა ბუნიათიშვილთან ერთად 4 ხელში), შოპენის ეტიუდი თხზ.25/7, მეგრული სიმღერა „ვა გიორქო მა“, და სხვა პიესები, როგორც ჩანს ყველაზე უკეთ გამოხატავდნენ პიანისტის სულიერი სამყაროს სათუთ განცდებს, უშუალობას, სანუკვარ ოცნებებსა და ფიქრებს.
ალბომი მიეძღვნა დედას, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ხატია ბუნიათიშვილის პიროვნულ თუ პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ის იყო მისი და მისი დის, გვანცას პირველი მუსიკის მასწავლებელი, დღეს კი არის მთავარი მრჩეველი და როგორც ხატია ამბობს, მისი ვიზუალური იმიჯის სტილისტი.
თუ გავაგრძელებთ დისკოგრაფიის ჩამონათვალს, უნდა აღინიშნოს შემდეგი გამოშვებები: Kaleidoscope (კალეიდოსკოპი, 2016), ლისტის და ბეთჰოვენის კონცერტების ჩანაწერი ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრათან ერთად ზუბინ მეტას დირიჟორობით (2016), რახმანინოვის # 2 და # 3 კონცერტები ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად პაავო იარვის დირიჟორობით (2017). აღსანიშნავია, რომ ქართველი პიანისტის ამ ალბომმა – Rachmaninoff: Piano Concerto Nos. 2&3, პირველი ადგილი დაიკავა iTunes-ის კლასიკური მუსიკის ჩარტებში.
არანაკლები წარმატება ერგო 2019 წელს გამოშვებულ ალბომს Shubert, სადაც შევიდა შუბერტის სოლო საფორტეპიანო ნაწარმოებები (საფორტეპიანო სონატა № 21, სი ბელოლ მაჟორი, 4 ექსპრომტი თხზ. 90, შუბერტ-ლისტი „სერენადა“). ეს ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერი გახდა კლასიკური მუსიკის სფეროში, რის საფუძველზეც ხატია წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს.
„სონი კლასიკთან“ თანამშრომლობის პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს ხატიას საკონცერტო მოღვაწეობა. მის კონცერტებს სულმოუთმენლად ელოდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი გრაფიკი წლების და დღეების მიხედვით არის გაწერილი. ამ დიდი წარმატების და აღიარების მისაღწევად ხატიას 10 წელზე ნაკლები დასჭირდა.
ყველაფერი კი საქართველოდან დაიწყო. დაიბადა ბათუმში 1987 წელს, თუმცა ოჯახი მალევე გადმოვიდა თბილისში, სადაც ორივე დამ – გვანცა და ხატიამ, წარმატებით გააგრძელა ფორტეპიანოზე სწავლა თბილისის ერთერთ მუსიკალურ სკოლაში. უკვე 6 წლის იყო, როცა კამერულ ორკესტრთან ერთად შეასრულა ბერკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი. მე-5 კლასიდან გადავიდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“, რომელიც დაამთავრა პროფ. თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. გამორჩეული ნიჭის პატარა მუსიკოსი მალე შეამჩნიეს. 10 წლის ასაკიდან იგი გამოდიოდა კონცერტებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, მონაკოში, ავსტრიაში, დანიაში და სხვ.
2003 წელს, 16 წლის ხატიამ, სპეციალური პრიზი მოიპოვა ვლადიმერ ჰოროვიცის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე კიევში, ხოლო 2005 გახდა მეორე პრემიის ლაურეატი და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“ მფლობელი პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსზე. ეს კონკურსი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ხატია შეხვდა ცნობილ პედაგოგს და მუსიკოსს ოლეგ მაიზენბერგს, რომელმაც ურჩია სწავლა გაეგრძელებინა მისი ხელმძღვანელობით ვენის მუსიკისა და სასცენო ხელოვნების უნივერსიტეტში.
ვენიდან იწყება ახალი ეტაპი ხატიას შემოქმედებით ბიოგრაფიაში და მისი თავბრუდამხვევი პიანისტური კარიერა.
2008 წელს, 21 წლის ასაკში, ხატია გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მესამე პრემიის ლაურეატი, ასევე მოიპოვა სპეციალური პრიზები „მაყურებლის სიმპატია“ და „ ფ. შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი აშშ-ში, სადაც კარნეგი ჰოლის დარბაზში შეასრულა შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.
2010 წელს ხატიამ გაიმარჯვა ავტორიტეტული საქველმოქმედო ფონდის Borletti-Buitoni Trust Award მიერ დაწესებულ კონკურსში. ეს ფონდი ყოველწლიურად ავლენს მსოფლიოში ახალგაზრდა ნიჭიერ და პერსპექტიულ მუსიკოსებს და ეხმარება მათ შემოქმედებით წინსვლაში. საინტერესოა რომ იმავე წელს ამ ფონდის კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა ნიჭიერი ქართველი პიანისტი ნინო გვეტაძე, რომელიც დღეს ნიდერლანდებში ცხოვრობს და წარმატებით აგრძელებს პიანისტურ მოღვაწეობას.
2012 წელს, ხატია ბუნიათიშვილი გახდა Echo Klassik Awards პრემიის – „საუკეთესო ახალბედას“ მფლობელი. 2016 წელს ის კვლავ მოექცა Echo-ს ყურადღების ცენტრში, როცა ის დააჯილდოვდა გერმანიის მუსიკალური ასოციაციის პრემიით. იმავე წელს საფრანგეთის ტელეარხზე TF1 ხატია ბუნიათიშვილი დაასახელდა ევროპის „წლის საუკეთესო მუსიკოსად“.
დღეს ის საოცარი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მან შეძლო გაემრავლებინა კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელთა რიცხვი სხვადასხვა პროფესიის და ასაკის მსმენელით.
მისი კონცერტები იმართება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში: კარნეგი ჰოლი (ნიუ იორკი), ვიგმორ ჰოლი, ბარბიკან ჰოლი, სამეფო საფესტივალო დარბაზი (ლონდონი), მუსიკფერაინ და კონცერტჰაუს (ვენა), კონცერტგერბაუ (ამსტერდამი),პარიზის გავოს, პლეიელის, ელისეის მინდვრების, ფილარმონიის დარბაზები, ბერლინის ფილარმონია, ლა სკალა (მილანი), თეატრი ლა ფენიჩე (ვენეცია), რუდოლფინიუმ (პრაღა), მადრიდის, ბარსელონას, ჟენევის, შვეიცარიის, პეკინის, შანხაის, ტოკიოს, სინგაპურის და სხვა ქალაქების დიდ საკონცერტო დარბაზები.
ის თანამშრომლობს მსოფლიოს ცნობილ ორკესტრებთან და მუსიკოსებთან: ისრაელის სიმფონიურ, ლოს ანჯელესის ფილარმონიულ, სან-ფრანცისკოს, ფილადელფიის, სიეტლის, ტორონტოს, სან პაულოს, ვენის, როტერდამის, მიუნხენის ფილარმონიულ, საფრანგეთის ნაციონალურ და პარიზის სიმფონიურ ორკესტრებთან. ის უკრავს ისეთი ცნობილი დირიჟორებთან როგორებიც არიან: ზუბინ მეტა, კენტ ნაგანო, ნეემე იარვი, პაავო იარვი, პლასიდო დომინგო, ვლადიმირ აშკენაზი, ჯანანდრეა ნოზედა, შარლ დუტიე და სხვ.
რა არის ხატია ბუნიათიშვილის წარმატების მიზეზი, როგორ შეძლო სრულიად ახალგაზრდა პიანისტმა, უდიდესი კონკურენციის პირობებში მიეღწია ასეთი აღიარებისთვის.
მსოფლიოში დღეს მაღალი კლასის პიანისტთა სიჭარბეა. განსაკუთრებით მოძლიერდა აზიური სკოლა – ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ძალზედ მაღალია პროფესიული მომზადების დონე, ვირტუოზული ტექნიკის ფლობა უკვე არავითარ გაკვირვებას არ იწვევს. ამასთან ერთად საკმაოდ იკლო შესრულების მუსიკალურმა და მხატვრულმა მხარემ. ბევრ მაღალი კლასის პიანისტსაც კი აკლია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, ქარიზმა, ემოცია, რის გამოც მათი შესრულება ვერ აღელვებს და ვერ იპყრობს მსმენელს. ძირითადი ყურადღება ძლიერ, ტექნიკურად სრულყოფილ დაკვრაზეა გადატანილი, რის გამოც ზარალდება მუსიკის მხატვრულ–შინაარსობლივი მხარე.
ამის საპირისპირო თვისებებით არის დაჯილდოებული ხატია ბუნიათიშვილი. ის ერთდროულად ფლობს ფენომენალურ ტექნიკას და ამავე დროს არის ღრმა, მოაზროვნე და ფაქიზი მუსიკოსი. ის როგორც რეჟისორი დგავს მუსიკალურ ნაწარმოებს, ნათლად წარმოაჩენს მუსიკის დრამატურგიული განვითარებას დინამიკას. მისი შესრულების დროს მასსა და მსმენელს შორის თითქოს ერთიანი ენერგეტიკული ველი იქმნება, რის დროსაც გენიალური კომპოზიტორების მიერ შექმნილი მუსიკა, მისი შინაარსი, უშუალოდ მიედინება მსმენელამდე და ადვილად აღქმადი ხდება. ის თავისი შესრულებით მთლიანად იპყრობს დარბაზს და აღწევს თითოეული მსმენელის გულამდე. მას შეუძლია აუდიტორიაზე მაგიური ზემოქმედების მოხდენა, რის გამოც შესაძლებელია ყოველთვის ვერ ეთანხმებოდე ამა თუ იმ ნაწარმოების მისეულ ინტერპრეტაციას, მაგრამ გულგრილი მაინც ვერ რჩები. ის გატყვევებს, განსაკუთრებით ლირიული ნაწარმოებების და ნელი ნაწილების შესრულებისას. მისი თითების ქვეშ როიალი განსაკუთრებულად ჟღერს, ბგერა ვიბრირებს, სხვადასხვა ფერებს იძენს და ფაქიზი ფრაზირების და ინტონაციური ნიუანსირების საშუალებით ნათელს და გასაგებს ხდის მუსიკის შინაარსს. კრიტიკოსები აღნიშნავენ რომ მისი შესრულება მარტოობის გრძნობით არის შეფერილი და მეტიც, სევდიან აურას ქმნის. ეს დახასიათება ეხება სწორედ ლირიკულ პიესებს, სადაც ის თითქოს მარტო რჩება მუსიკასთან და მასთან დიალოგის დროს წყდება გარე სამყაროს. „როიალი შავი ინსტრუმენტია, ის არის მუსიკალური მარტოობის სიმბოლო, რომელსაც პიანისტი უნდა შეეჩვიოს, – ამბობს ხატია . „მე ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა ვიყო და უნდა დავივიწყო დარბაზი, თუ მინდა რომ რამე გავანდო აუდიტორიას“.
გაცილებით მეტ დისკუსიას იწვევს მისი ჩქარი ტემპები. დინამიურ და მასშტაბურ ნაწარმოებებში თავს იჩენს მისი ფენომენალური ტექნიკა, მგზნებარე ტემპერამენტი, დაუოკებელი ენერგია, რომელიც ზვირთებივით მოედინება და ანგრევს დაწესებულ ჩარჩოებს. ხშირად Allegro-ში დაწერილ პიესებს ან ნაწარმოებების ცალკეულ ეპიზოდებს ის Prestissimo -ში უკრავს. ის ამ დროს ემსგავსება ადამიანს, რომელსაც ისე იტაცებს სიჩქარე როგორც აზარტულ მრბოლელს. მისი გატაცება ჩქარი ტემპებით, ბრავურათი, მუხტავს მსმენელს, მაგრამ ზოგჯერ იწვევს პროფესიონალთა კრიტიკას. მიუხედავად ამისა, ხატია ბუნიათიშვილის დაკვრა შთამბეჭდავი და მომნუსხველია.
ცეცხლოვანი ტემპერამენტი შეზავებული იდუმალებასთან, ენერგეტიკული მუხტი სულიერ სიღრმეებთან და ქალურ მაგნეტიზმთან, აუდიტორიაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების და თითოეული მსმენელის გულში წვდომის უნარი – ყველაფერი ეს განასხვავებს ხატია ბუნიათიშვილს თუნდაც უმაღლესი კლასის პიანისტებისაგან და განსაკუთრებულ ადგილს უჩენს კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა შორის. ის მყარად მისდევს მის მიერვე არჩეულ საშემსრულებლო კურსს, რომელიც ხასიათდება მეტი თავისუფლებით, რომანტიული მგრძნობელობით, უშუალობით და გულწრფელობით, რაც ზოგჯერ არ ემთხვევა ტრადიციულ შეხედულებებს.
მის მაღალ საშემსრულებლო რეიტინგზე კარგად მეტყველებს პიანისტის საკონცერტო გამოსვლების გრაფიკი. საქართველოში გამართული სიმფონიური კონცერტის შემდეგ, რომელიც შედგა ამა წლის 1 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრის დარბაზში, ხატიამ უკვე 5 ოქტომბერს სოლო კონცერტი გამართა პორტუგალიაში, ქ. პორტოში, სადაც მან დაუკრა ბეთჰოვენის 4 ყველაზე ცნობილი სონატა: №17 თხზ. 31, №14 „მთვარის“ თხზ.27 , №8 „პათეტიური“ თხზ.13, №23 „აპასიონატა“ თხზ.57. კონცერტს დიდი წარმატება ხვდა წილად. დარბაზი აღფრთოვანებული, ფეხზე ამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს პიანიტს.
11-13 ოქტომბერს ხატიამ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში ქ. ბოვეში გამართულ საფორტეპიანო ფესტივალში „Pianoscop“ , რომელიც ცნობილმა ფრანგმა პიანისტმა ბრიჯიტ ანჟერერმა დაარსა. ფესტივალის ანონსში ეწერა რომ შემსრულებელთა შორის მიწვეული იყო „საფორტეპიანო გალაქტიკის ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი პიანისტი“ . ფესტივალზე, როგორც ბევრ სხვა ღონისძიებებზე, ხატია მონაწილეობდა თავის დასთან – გვანცასთან ერთად. მათ შეასრულეს ნაწარმოებები 4 ხელში.
18-20 ოქტომბერს ხატიამ კონცერტები გამართა ბელგიაში ქ. ჰაზელტში და ბრიუსელის ცნობილ საკონცერტო დარბაზში BOZAR ბელგიის ნაციონალურ ორკესტრთან ერთად მაიკლ შონვანდტის დირიჟორობით. ამ კონცერტის შესახებ სტატიაში „განუმეორებელი“ ასე წერია – „პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ანათებს გრძელ და ბნელ ზამთრის ღამეებს გრიგის საფორტეპიანო კონცერტის შესრულებით“.
ბელგიის შემდეგ ხატიას ოთხი სოლო კონცერტი ქონდა ესპანეთში ბეთჰოვენის სონატების პროგრამით (29 ოქტომბერს – მადრიდი, 1 ნოემბერს – ქ. კასტელონა, 3 ნოემბერს – ქ. ვიკი, 5 ნოემბერს – ქ. ბილბაო ).
15 ნოემბერს იგივე პროგრამით ხატიამ გამართა კონცერტი პარიზის ფილარმონიაში. ქართველი პიანისტმა ნიკა ნიკვაშვილმა, რომელიც ესწრებოდა ამ კონცერტს, ასეთი პოსტი გამოქვეყნა: „სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო დღეს! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა, ფენომენალური შესრულებით!!! აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს,ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა!! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!!!! ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება როგორც ნამდვილი შედევრი!!!!“
საკონცერტო გრაფიკს თუ გადავხედავთ, ასევე მთლიანად არის გაწერილი მომდევნო თვეების გამოსვლები. დაგეგმილია ლონდონის კონცერტები: 5 დეკემბერს – ბარბიკან ჰოლში, 2020 წლის 1 თებერვალს – ვიგმორჰოლში, 4 თებერვალს და 11 მარტს -როიალ ფესტივალ ჰოლში. 16 დეკემბერს შვეიცარია, სადაც ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები გამართავენ საფორტეპიანო დუეტების კონცერტს.
11-19 იანვარს პიანისტი კონცერტებს გამართავს აშშ-ში. ამერიკული ტურის ფარგლებში დაგეგმილია ხატიას გამოსვლები ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად მარკ ვიგლსვორტის დირიჟორობით. კონცერტები ჩატარდება რამოდენიმე ქალაქში ,მათ შორის ნიუ იორკში და ატლანტაში. პიანისტი შეასრულებს ლისტის #2 საფორტეპიანო კონცერტს. 21 მაისს ხატია ბუნიათიშვილი კვლავ ეწვევა აშშ, სადაც ის ჩაატარებს სოლო კონცერტს ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში.
ასეთია თანამედროვე მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა პიანისტის, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტის, ჩვენი საამაყო მამულიშვილის ხატია ბუნიათიშვილის მოკლე შემოქმედებითი პორტრეტი. მომავალში ამ შტრიხებს ბევრი ახალი დაემატება, მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება. ის ხომ ჯერ ძალიან ახლგაზრდაა, მუსიკოსის სრულყოფილების პროცესს კი საზღვარი არ აქვს.