ყველას თავისი ვირჯინია ვულფი ჰყავს
თათია დვალი

ჩემი ოთახი ძალიან პატარაა, მაგრამ ყველაფერი ეტევა, რაც მჭირდება, რაც მთავარია, მე ვეტევი. 15 წლისა გადმოვბარგდი და პირველივე წამიდან ოთახის კარის მიხურვა პოლიტიკური აქტის ტოლფასი გახდა. 17 წლისამ ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ წავიკითხე და მას შემდეგ, ეს ოთხი კედელი ლამის ფემინიზმის მანიფესტად იქცა ჩემთვის. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი ასეთ „სახიფათო“ ავტორთან თუ მქონდა საქმე და მით უმეტეს არ ვიცოდი ვინმეს თუ ეშინოდა მისი.

– „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“
-„მე, მე მეშინია“ – ამბობს სასოწარკვეთილი მართა მაიკლ ნიკოლასისი 1966 წლის ფილმის დასასრულს, თუმცა მართა ერთადერთი არ არის, ვისაც ეს ავტორი აშინებს. ცნობიერების ნაკადსა და არასწორხაზოვან სიუჟეტებს სულაც რომ თავი დავანებოთ, ვულფზე საჯაროდ საუბარი მაინც ყოველთვის დანის პირზე სირბილს ჰგავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვულფის ფემინიზმს, თუ ფემინისტების ვულფს ვეხებით.
1882 წელს დაბადებულ ბრიტანელ ადელაინ ვირჯინია სტივენს (1912 წლიდან ვულფს) ათწლეულების განმავლობაში მოდერნიზმის თვალსაჩინო მაგალითად მოიხსენიებდნენ ხოლმე ტომას სტერნზ ელიოტის, ჯეიმს ჯოისის, ეზრა პაუნდისა და დეივიდ ჰერბერტ ლოურენსთან ერთად. თუმცა ამ მწერლების გვერდით ვულფი ყოველთვის „სხვად“ რჩებოდა, როგორც „ფემინური“ რომანების ქალი ავტორი. რეალურად, ეს სია გერტრუდ სტაინის, დოროთი რიჩარდსონისა თუ ჯინ რისის გარეშე რთულად წარმოსადგენია და მეტიც, დღეს მოდერნისტული ლიტერატურის განმარტება შეუძლებელიცაა ამ ავტორების გათვალისწინების გარეშე.
ეპოქის ცვლილებისა და ფემინისტური იდეოლოგიის ტრანსფორმაციების მიუხედავად, ვირჯინია ვულფი ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად და ციტირებულ ავტორად რჩება, განსაკუთრებით კი ფემინისტებში. ვულფის იდეებით საკუთარი არგუმენტის ლეგიტიმაციას თანაბრად ახერხებს ყველა – ლიბერალური ფემინიზმის მომხრეებით დაწყებული, პოსტმოდერნი, ან სულაც „დუმილის დამრღვევი“ (silence breakers) ფემინისტებით დამთავრებული. ფემინიზმის ისტორიას არაერთი განხეთქილება ახსოვს და რადგან ვირჯინია ვულფის ტექსტები მრავალმხირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა ფემინისტს თავისი ვულფი ჰყავს იმის მიხედვით, თუ იდეოლოგიური კომპასის რომელ მხარეს დგას თავად. არც არის ალბათ გასაკვირი ერთშრიან იდენტობებს შეჩვეულ კულტურაში ასეთი ავტორი გაუგებრად და „საშიშად“ რომ ითვლებოდეს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ვირჯინია ვულფის ბიოგრაფია პატრიარქალური სამყაროსათვის მიუღებელი ქალის თითქმის ყველა საჭირო კომპონენტს შეიცავს (ფსიქიკური მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია) მისი რომანების სიყვარულიც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე ქალი მკითხველისათვის ნევროტიკის სტატუსის მოსაპოვებლად (ილოცეთ, რომ თაროზე შემოდებული სილვია პლათი არავინ შეამჩნიოს).
ვირჯინია ვულფის სიყვარული ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა „კარგი ფემინისტობისათვის“. მაგალითად, ემანსიპირებული ქალი კინოპერსონაჟის შესაქმნელად ისიც კმარა, რომ ის „მისის დოლოვეის“ კითხულობდეს ერთ კადრში. მოკლედ, ვულფის შემოქმედება ერთგვარი საშვია, რომელსაც ნებისმიერ ფემინისტურ წვეულებაზე შეუძლია თქვენი შეყვანა, თუმცა ზუსტად რომელ წვეულებაზე წახვალთ თავად უნდა გადაწყვიტოთ.
„ასიოდე წლის შემდეგ – ვფიქრობდი მე, როდესაც ჩემი კიბის საფეხურებს მივადექი, – ქალები თავს დააღწევენ მეორე სქესის ბატონობას. ძალას სცდიან ყველაფერში, რასაც ადრე ახლოს ვერ გაეკარებოდნენ და გაქრება წარმოდგენა, რაც ემყარება აზრს, რომ ქალს მფარველობს მამაკაცი“ – წერს ვირჯინია ვულფი 1929 წელს გამოცემულ ესეიში „საკუთარი ოთახი“. ესეის წინ უძღვოდა ლექცია, სადაც ვულფმა ქალი მწერლების ბედზე ისაუბრა. როგორც ავტორი ამბობს, იმისათვის, რომ მწერალმა ნაწარმოების შექმნა შეძლოს აუცილებლად სჭირდება საკუთარი ოთახი, ანუ პრივატული სივრცე, სადაც ის გარე სამყაროსაგან გათავისუფლებას მოახერხებს. ესეიში ვულფი აკრიტიკებს ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორობას და სააშკარაოზე გამოაქვს პატრიარქალური სამყაროს სიმახინჯე, სადაც ქალის როლი დეტერმინირებულია ცოლობისა და დედობის ფუნქციით.
ტექსტში ძირითადად ფიქციურ ადგილებსა და პერსონაჟებს შეხვდებით, თუმცა თითოეული მათგანი ვულფის ეპოქის რეალობას ირეკლავს. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია შექსპირის და. ნარატორი მკითხველს თავიდანვე აფრთხილებს, რომ შექსპირის და მისი წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა პერსონაჟი იმდენარ რეალურია, რომ კითხვისას შესაძლებელია ეჭვიც შეგეპაროთ – იქნებ, მართლა ჰყავდა შექსპირს არშემდგარი პოეტი და? თუმცა ავტორი თავადვე ამბობს: „არ შეიძლება შექსპირის გენია შობილიყო მასაში, რომელიც სულ შრომობდა, გაუნათლებელი იყო და მონურ ყოფაში ცხოვრობდა“. ამ ფრაზით ვულფს იმის თქმა სურს, რომ გენიოსობას სჭირდება არა მხოლოდ ეპისტემური სათნოება, არამედ მატერიალური და ინტელექტუალური უზრუნველყოფაც. შესაბამისად, ქალი, რომელსაც არც განათლებაზე აქვს წვდომა და არც საკუთარ ოთახს ფლობს, ვერასოდეს გახდება შექსპირი, რადგან შექსპირობა სათანადო პირობების ქონასაც გულისხმობს. ესეის ბოლოს ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება შექსპირის ფიქციურ დას სიტყვებით: „მე მჯერა, რომ ეს პოეტი, ვისაც ერთი სიტყვაც კი არ დაუწერია და ვინც გზაჯვარედინზე ასაფლავია, – დღესაც ცოცხლობს. ის ცოცხლობს თქვენში და ჩემში და ბევრ სხვა ქალში, ვინც ამ საღამოს აქ არაა, რადგან ისინი თეფშებს რეცხავენ და ბავშვებს აძინებენ“. ამ სიტყვებით ვულფი ხაზს უსვამს იმ მემკვიდრეობის მნიშვნელობას, რომელიც ქალებმა გენდერული ნიშნით მიიღეს. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, როდესაც ამბობს, რომ ყველა ქალი საკუთარი დედის შვილია, რაც გულისხმობს იმ სპეციფიკური გამოცდილების საერთოობას, რასაც ზოგადად ქალობა მოიაზრებს. ერთის მხრივ, ეს სიტყვები გამამყარებელი საბუთიცაა „დობის ფენომენის“ (sisterhood) არსებობისათვის, თუმცა „საკუთარ ოთახში“ ვულფი ზოგიერთ შემთხვევაში, კიდეც ეწინააღმდეგება თავის თავს და ეს წინააღმდეგობა მის სხვა ნაწარმოებებშიც აისახება.
გენდერული ნიშნით წინაპრებთან კავშირს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა შავკანიანი ფემინისტებისათვის განსაკუთრებით 1960-1970-იანი წლების ამერიკაში. ასატა შაკურისათვის შავკანიანი ქალების ერთობა, თაობის მიუხედავად, ცალსახად ხელშესახები და ნამდვილია. ეს ფენომენი კი თავისთავად გამორიცხავს „დობის“ არსებობას, რადგან თეთრკანიანი ქალების ცხოვრება არ ჰგავს ასატასა და მისი მონობაში მყოფი წინაპრების გამოცდილებას. მეტიც, მაგალითად ოდრი ლორდის აზრით, საკუთარი ოთახის ქონა სწორედ მაღალი კლასის თეთრკანიანი ქალების პრივილეგიაა და კლასობრივი დაწინაურების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შესაძლებლობებიც: „სწორედ პოეზია აღმოჩნდა ღარიბების, მუშათა კლასის, ფერადკანიანი ქალების ყველაზე ძლიერი ხმა. პროზის დასაწერად ადამიანს სჭირდება ცალკე ოთახი, ქაღალდების დასტა, საბეჭდი მანქანა და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო. ვიზუალური ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად საჭირო მასალები რომ ჩამოვთვალოთ მივხვდებით, თუ ვის, რომელ კლასს ეკუთვნის ეს კონკრეტული ხელოვნების დარგი“. რასაკვიველია, ვულფსა და ლორდს შორის დიდი ეპოქალური ნაპრალია, თუმცა „საკუთარ ოთახშივე“ იკვეთება ის სხვაობები, რომელსაც კლასი წარმოშობს და არა მხოლოდ გენდერი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვულფს მემკვიდრეობით ერგო ფული, რომელიც მას ყოველდღიური მატერიალური საზრუნავისაგან ათავისუფლებდა, დიდწილად ნათელყოფს, რომ მისი გამოცდილება ვერ იქნება მაგალითად, იმ ქალის ცხოვრების მსგავსი, ვინც 1928 წელს ჩატარებულ ლექციებს ვერ დაესწრო სახლის დალაგებისა და ბავშვის მოვლის მიზეზებით, საუბარიც ზედმეტია იმ ქალებზე, რომელთაც სხვისი სახლის დალაგება და სხვისი ბავშვის მოვლა უწევდათ.
იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, ვირჯინია ვულფი იზიარებს გენდერული გამოცდილების მნიშვნელობას და ამ უკანასკნელს წამყვან როლს ანიჭებს ქალების ცხოვრებაში, მისთვის კარგი მწერლის იდეალი ის არის, ვისაც არ აქვს სქესი შემეცნებული. შარლოტა ბრონტეზე საუბარისას, ის გარკვეულწილად აკრიტიკებს მას ბრაზის გამო, რომელიც სამყაროსადმი აქვს და რომელიც სქესისა და საკუთარი უსამართლო მდგომარეობის გააზრებიდან მოდის. ამასთან ერთად, ესეიში ის ანდროგინის ცნებას ავითარებს და ამბობს: „იქნებ სულშიც, ხორცის კვალად, ორგვარი სქესი განფენილა? თითოეულ ჩვენგანში ორი ძალაა განფენილი, ერთი – მამაკაცური, მეორე- ქალური. გენიოსის გონება ანდროგენულია. ჩემი აზრით, გონება, რომელიც წმინდად მამაკაცურია იმაზე მეტს ვერაფერს შექმნის, ვიდრე გონება, რომელიც წმინდად ქალურია“. ამ სიტყვებით ვირჯინია ვულფი უარყოფს პიროვნების გენდერულ საზღვრებს და სრულყოფილ გონებად წარმოგვიჩენს მას, რომელსაც არ აქვს სქესისმიერი მიკუთვნებულობა. ამ მოსაზრების ერთგვარ ილუსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1928 წლის რომანი „ორლანდო“, სადაც ვულფი იმ ადამიანის ბიოგრაფიას გვიყვება, რომელიც რომანის დასაწყისში მამაკაცია, შუა ნაწილიდან კი ქალად აგრძელებს ცხოვრებას.
როგორც როქსან გეი ამბობს თავის ანთოლოგიაში „არც ისე ცუდი“, ნებისმიერ შემთხვევაში, არასწორია ორივე ფრაზა „სხეული მაქვს“, ან „სხეული ვარ“, რადგან ადამიანი ვერ იქნება მხოლოდ სხეული, თუმცა ამავდროულად, ის არაფერია მის გარეშე. ვირჯინია ვულფის „ორლანდოში“ სამყაროსადმი ურთიერთობას დიდწილად სწორედ ორლანდოს სხეული და მისი ცვლილებები განსაზღვრავს. „ორლანდოს“ გაანალიზებისას ერთის მხრივ, შეგვიძლია ქვიარ ნარატივს დავეყრდნოთ, რომელიც ორლანდოს წარმოგვიჩენს, როგორც ტრანსგენდერ ქალს. მეორე მხარეს კი პოსტმოდერნული ფემინიზმის თეორიაა, რომლის მიხედვითაც ორლანდო ანდროგინად გვევლინება. მისი ფიზიოლოგიური და გენდერული როლის მეტამორფოზას სიტუაციები განსაზღვრავს.
ორლანდოს, როგორც ტრანსგენდერი ქალის გაგება, შეიძლება ითქვას, რომ გამორციხავს არჩევანისა თუ გენდერული თვითიდენტობის ფენომენს, რადგან მის შემთხვევაში ყველაფერს შემთხვევითობა წყვეტს. ის იძინებს, როგორც მამაკაცი და იღვიძებს, როგორც ქალი (თუმცა, ავტორი იმასაც უშვებს, რომ ორლანდოს სხეულის ცვლილება მისმა სურვილმა და არჩევანმა განაპირობა). ხოლო თუკი მას პოსტმოდერნული ფემინიზმის თეორიული ჩარჩოთი შევხედავთ და მივყვებით ჯუდიტ ბატლერის დაშვებას, რომ სოციალური კონსტრუქციაა არა მხოლოდ გენდერი, არამედ სქესიც, ეს პერსონაჟი ჩვენთვის ერთგვარ აქტორად იქცევა. მან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოირგო სხვადასხვა როლი და ცხადყო, რომ არ არსებობს არც ესენციურად მამაკაცური, არც ესენციურად ქალური და ყოველივე ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე თუ რა როლს ვასრულებთ თავად. ამასთან ერთად, ვულფი ორლანდოს ამბავს განიხილავს, როგორც ადამიანური ბუნების ორდინალურ გამოვლინებას, რომელიც მისი პერსონაჟის შემთხვევაში, მეტ სიცხადეს იძენს: „ქალის კაბის და ქალის სქესის არჩევანი თავად ორლანდოში მომხდარი ცვლილებით იყო ნაკარნახევი. და ის იქნებ ამით მხოლოდ უფრო ღიად გამოხატავდა იმას, რაც ადამიანების უმეტესობას ემართება, ოღონდ ასე ცხადად არ არის გამოხატული“. ნებისმიერ შემთხვევაში, ორლანდოს მაგალითით ვირჯინია ვულფი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ქალისა და მამაკაცისადმი საზოგადოების წინასწარგანწყობები განსხვავდება და ქალი მუდმივად განივთების მსხვერპლია. ამის გააზრება კი ცვლის არა ორლანდოს პიროვნებას, არამედ მის პერფორმანსს.
„ორლანდო“ მნიშვნელოვან არგუმენტს იძლევა განსხვავების ფემინისტებისათვისაც. მიუხედავად ესენციური მამაკაცური და ქალური ბუნების გამორიცხვისა, ავტორი აშკარად არ უარყოფს, რომ დღევანდელ სამყაროში ეს ორი სქესი და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება დიდწილად განსხვავდება, თუმცა ეს სხვაობები მათ შორის იერარქიის ლეგიტიმაციას არ გულისხმობს.
ვირჯინია ვულფის ქალი პერსონაჟები ზოგიერთი ფემინისტისათვის პროტესტის განცდასაც იწვევს. მაგალითად, სიმონ დე ბოვუარის აზრით, ქალის სახე, რომელსაც ავტორი ქმნის რომანებში – „გზა შუქურისკენ“ და „მისის დოლოვეი“ შემგუებლური ხასიათისაა და კიდევ უფრო მეტად ამყარებს კლიშეს, რომ ქალის მთავარი საზრუნავი ოჯახია. ამ რომანებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს სარა აჰმედს. მისთვის „მისის დოლოვეი“ და „გზა შუქურისკენ“ ფემინისტური ნაწარმოებებია, თუმცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალის პერსპექტივას გვიყვებიან. მათ ფემინისტურობას აჰმედისათვის სევდა განსაზღვრავს – სევდა, რომლითაც გაჟღენთილია ორივე რომანი და რომელსაც შესაძლებლობებზე უარის თქმა იწვევს. ამ ნაწარმოებებში, განსაკუთრებით კი რომანში „გზა შუქურისკენ“, ვულფი ბედნიერებას სავალდებულო იდეალად წარმოგვიჩენს, რომელიც ფაქტობრივად, ძალაუფლების კონტექსტს იძენს. ქალისაგან წარმოუდგენელიცაა „სავალდებულო ბედნირებაზე“, ანუ ოჯახსა და შვილებზე უარის თქმა. „გაუთხოვარი ქალი ამქვეყნად ყველაზე ძვირფასზე ამბობს უარს. სახლი სავსე იყო მძინარე ბაშვებით და მისის რემზი მიაყურადებდა; რბილი შუქჩრდილები და მშვიდი ფშვინვა“.
მისის რემზის პერსონაჟი ვულფისათვის ე.წ. „სახლის ანგელოზია“, რომელზეც ის საუბრობს ესეიში „პროფესიები ქალისათვის“. „სახლის ანგელოზი“ ვიქტორიანული ეპოქის ქალის, დედის სახეა, რომლის „მოკვლასაც“ ვულფი ცდილობს. „სახლის ანგელოზი მე რომ არ მომეკლა, თავად მომკლავდა“ – ამბობს ის. ამ სიტყვებით ვულფი ქალებს უბიძგებს, გათავისუფლდნენ „სავალდებულო ბედნიერებისაგან“, მოკლან საკუთარ თავებში მისის რემზი და პოტენციალის განხორციელებაზე იზრუნონ. ამისგან საპირისპიროდ, „სამ გინეაში“ მამაა მთავარი ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც ვულფი იბრძვის, რადგან თვითრეალიზებაში სწორედ მამა უშლის ხელს საკუთარ ქალიშვილს. ეს მიმართებები, ალბათ, ყველაზე საინტერესო ფსიქოანალიტიკური ფემინიზმისათვისაა. მაგალითად, ფრანგი ფილოსოფოსი ლუს ირიგარე ეწინააღმდეგება ფროიდს და ამბობს, რომ პატრიარქალური წყობა დაიწყო არა მამის, არამედ დედის მკვლელობით. დედის მკვლელობამ კი ქალის შინაარსი სიმბლურ მნიშვნელობებამდე შეამცირა. ვირჯინია ვულფის მიზანს სწორედ ქალის ამგვარი სახე-სიმბოლოს გაქრობა წარმოადგენს, ამიტომაც კლავს ის „სახლის ანგელოზს“.
ზოგიერთი მკვლევრისათვის ვირჯინია ვულფი თავად არის „სახლის ანგელოზი“, რომელსაც დღევანდელმა სამყარომ თავი უნდა დააღწიოს, თუმცა არ დაივიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად თუ რომელი ტალღისა თუ ავტორის ფემინიზმი შთაგაგონებთ, ვულფზე თავის არიდება რთული ამოცანა იქნება. რაცარუნდა მრავალმხირვი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს მისი რომანები და ხშირად რთული გასაგებიც იყოს რამდენად ემთხვევა ნარატორისა თუ პერსონაჟის ხედვას ვულფის მსოფლმხედველობას, ფაქტია, რომ მისი ტექსტები მეტ-ნაკლებად ერთნაირად კვებავს თითოეულ ჯგუფს ფემინისტური კომპასის ნებისმიერ მხარეს. ხშირად იმასაც აპროტესტებენ ხოლმე, რომ ვირჯინია ვულფს ფემინისტები მხოლოდ მათსავე იდეოლოგიაში კეტავენ, რაც ალბათ, გარკვეულწილად, მართალიცაა. თუმცა, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ოთახიც პოლიტიკურია, რა გასაკვირია, რომ ქალი, რომელმაც სექსუალობაზე, ეკონომიკურ უთანასწორობასა და პატრიარქისაგან გათავიუფლებაზე ისაუბრა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ფემინისტებში იწვევდეს?! მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს ისეთ რომანებში, როგორებიცაა: „მისის დოლოვეი“, „გზა შუქურისკენ“, „ორლანდო“, „ტალღები“ და ა.შ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ვულფი, ვირჯინია. გზა შუქურისკენ . თბილისი : სულაკაურის გამომცემლობა, 2014.
საკუთარი ოთახი. თბილისი: კონსტანტინე, 2009.
ორლანდო. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2018.
მისის დოლოვეი. თბილისი: პალიტრა L, 2012.
Three Guineas, New York: Oxford University Press, 2015.
Gay, Roxane (ed.). Not That Bad. New York: Harper Perennial, 2018.
Butler, Judith. Gender Trouble. New York and London: Routledge, 2002.
Irigaray, Luce. Speculum of the Other Woman. New York: Cornell University Press, 1987.
Ahmed, Sara. What’s the Use? Durham and London: Duke University Press, 2019.
Abel, Elizabeth. Virginia Woolf and the Fictions of Psychoanalysis . Chicago University Press, 1989.
Bowlby, Rachel (ed.). The Crowded Dance of Modern Life. Harmondsworth: Penguin, 1992.
ასაკი, რასა, კლასი და სქესი: განსხვავებულობის გადაფასება …