დავით ცინცაძე რუბრიკა ესთეტში
დავით ცინცაძე

,,ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2022 წლის თებერვლის სტუმარია შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ანსამბლ ,“შავნაბადას” ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.

ემი სტილის მახასიათებელი ელემენტია:

– შრომა და ჩემ თავთან კითხვა-პასუხი სანამ ყველა ჰიპოთეზა არ იქნება ლოგიკურად ფორმულირებული,სახელდებული. ხელოვნებას სჭირდება ,,დიდი ლოგიკა“, რომ  მოერგოს საერთო კონტექსტს, კანონზომიერებებს და ამავე დროს იყოს ღირებული.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი

– ჩემი სტუდენტები მეგობრებად.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ
– სანადირო ეკიპირების განახლება.

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი
– ეს არ არის ერთი ადამიანის ქმნილება, მაგრამ მაიას ტომების კალენდარს, რომელიც მექსიკის სახელმწიფო მუზეუმში ვნახე, სიამოვნებით დავიდებდის სახლში. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა თვალი ვერ მოვაშორე. არადა, გააზრებულად დღემდე ვერ ამოვხსენი ასე რამ დამატყვევა.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს
– ხელსახოცი და ბოლო პერიოდში პირბადე…

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია
– ეს ძალიან ინდივიდუალურია, ზოგს რა ახარებს, ზოგს, რა… თუმცა მახსოვს დავით ხოსიტაშვილს ვაჩუქე უნიკალური, სამუზეუმო, ისტორიული ჩონგური და ბატონ გიორგი შალუტაშვილს ღვინო, რომელიც როსტომ საგინაშვილის ხელით იყო დაყენებული – ბატონი როსტომი იყო(რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა) მომღერალი, ვისი შესრულებული ჩაკრულოც, გაუშვეს კოსმოსში. იგი ამ სიმღერას ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია
– ჩემი ოჯახი, მეუღლე და მეგობრები მერგო ღვთისგან და მიხარია! თუმცა, სხვამხრივ, ერთხელ ისეთი ღვინით მიმასპინძლეს, რომ ეს დიდი საჩუქარი იყო. ამ დღემ გადატრიალება მოახდინა და მას შემდეგ ამ სითხეს სხვა ფასი აქვს ჩემთვის. მაგრამ, ხაზგასმით ვიტყვი, არ მიყვარს სიმთვრალე, არც ჩემი და არც სხვისი. ამიტომ, ვცდილობ ღვინო სწორად მივიღო ხოლმე.

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე
– მაიას ტომების კალენდრის პატარა ასლი. ჯერ ეს სუვენირი სხვამ ვერ გადაფარა.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი
– ვერ ვიხსენებ ასეთს. არ მომეწონება რომ მივუშვა თავი ისეთად, როგორიც სხვა კატეგორიულად არ მომეწონებოდა – ანუ სიზარმაცე. მაგრამ, სულ ვებრძვი ამას.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება
– გამოყენების თვალსაზრისით facebook, კალენდარი და maps, ანუ რუკა, რომლის გარეშეც მიჭირს ადგილების მიგნება,YouTube და soundCloud.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი
– მრავალი წლის შემდეგ, წელს ისევ შევხვდით ახალ წელს ანსამბლი ,,შავნაბადა,“ პატარიქთან ერთად და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები
– გურია და ბათუმი!

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი
– ბევრი მაჯის საათი მაქვს, მაგრამ ერთი ბიძაჩემი შაკოს ნაჩუქარია და ძალიან დამწყდება გული ერთ დღესაც თუ არ მექნება.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი
– ხშირად აკეთებენ ჩემი მეუღლე და დედაჩემი შთამბეჭდავ კერძებს, თუმცა გურჯაანში რომ მწვადს წვავენ და ჯონჯოლს ამზადებენ მსგავსი იშვიათია – დიდხანს მიმყოფოს ღმერთმა ბატონი ამირან გეთიაშვილი, ბიძინა სამხარაძე და ანსმაბლი ,,გურჯაანი,“ ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით! მიუხედავად, ჩემი გურულობისა და იმისა, რომ მეგრელებს უაღრესად მაღალ-კულტურული კულინარია აქვთ, რატომღაც მე მაინც კახური სუფრა მხიბლავს. მგონი ეს მაინც იმ ღვინის და განცდის დამსახურებაა ზემოთ რომ ვახსენე.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს

– შოპინგები არ მიყვარს დიდად. შევდივარ მაღაზიაში, სწრაფად ვყიდულობ რაც მინდა და გამოვდივარ. ყოველთვის ზუსტად ვიცი რა მინდ, თუ ძალით არ მივყავარ მეუღლეს და თუ არ მატარებს მთელი დღე. ასე, რომ სულერთია.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა
– ჩემი აღმოჩენა არაა, მაგრამ ბოლოს ძალიან შემეხო და განწყობაზე იმოქმედა ვატო კახიძის საგუნდო ნაწარმოებიდან ,,Vita“- დან ფრაგმენტმა, ,,In Vino Veritas” – ,,ღვინოშია ჭეშმარიტება“.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა
– წიგნები, რომელსაც ჩემი პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი წერდა ვკითხულობდი და შემდეგ ვადარებდი მას და მის ცხოვრებას – ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი და ყველაზე იდუმალი ფურცლები. თუმცა დუმბაძის ,,უმადური“ არის საოცრად ადამიანური. არაფერს ვიტყვი ,,ვეფხისტყაოსანსა“ და სხვა დიდ ნაწარმოებებზე, მგონია, რომ ამის სრულად ან დიდწილად აღქმამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია და ზოგ შემთხვევაში მსგავსი წიგნების კითხვის მერამდენე წრეზე მივდივარ უკვე ამერია სათვალავი.

ახლა ვკითხულობ…
– ბოლო პერიოდია ვეღარ ვკითხულობ მხატვრულ ნაწარმოებებს, დროს ვერ ვუთმობ, თუმცა არის ძლიან, ძალიან კარგი youtube გვერდი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის არაჩვეულებრივი პროდუქტი იდება და ხშირად ვუსმენ აუდიო წიგნების მათი საშუალებით. რეალურად კი ახლა ვკითხულობ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებს.

ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია
– მამაჩემი. მან მთელ ცხოვრებაზე იქონია გავლენა და ვთვლი, რომ არა ის, ახლა ვიქნებოდი უზარმაცესი და მოდუნებული. რადგან მგონია, რომ ლოგიკური ნაბიჯებისკენ სწრაფვის ცხოველი სურვილი მან გამიჩინა და ეს დღემდე არ ნელდება.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე
– ჯერ შეიგრძენი, დარწმუნდი, რომ ნამდვილად სავსედ გრძნობ, განიცადე და მერე დაიწყე ფიქრი რა არის ის, რაც გავსებს და განგაწყობთ სისრულისკენ, რამ განაპირობა ეს განცდები და სხვა მსგავსი კითხვებით დაშალე ის რამაც მოგხიბლა. შემდეგ ისევ ააწყვე შენს ფიქრებში და შეიგრძენი თავიდან – ანუ იპოვე საკუთარ თავში ის, რაც მოგწონს სხვაში და სხვაგან.

თემები