“სამუდამოდ დაჭრილი ვარ იმ ნათელი ზმანებით”
ირინე აბესაძე

ეს წერილი ახლახან გარდაცვლილი ნიჭიერი ქართველი მოქანდაკის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის მერაბ მეტრეველის შემოქმედებისადმია მიძღვნილი და რამდენიმე წლის წინ დაიწერა. ეს გახლავთ ჩემი ცოცხალი შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ მერაბ მეტრეველის ნამუშევრების გამოფენის ნახვის და მისივე პოეზიის საღამოს შემდეგ დამეუფლა. მახსოვს, მაშინ წერილი ერთ-ერთი სახელოვნებო ჟურნალის რედაქტორმა არ დაბეჭდა, იმ მოტივით, რომ ჩემი ჟურნალის ფურცლებზე მხოლოდ საზოგადოებაში ფართოდ ცნობილ ხელოვანთა შესახებ დაწერილი სტატიები იბეჭდებაო. ამ რედაქტორმა, რომელიც სახელმწიფოებრივი პუტჩის შედეგად მოსული მთავრობის პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვე იყო, რეალური მიზეზი ვერ მითხრა, მეც ვერ მივხვდი, რომ წერილი მოქანდაკეზე, რომელიც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით, ეროვნული იდეების შთაბეჭდილების ქვეშ, მათ სკულპტურულ პორტრეტებს ქმნიდა და თავისი პოეზიითაც ეროვნული იდეის ერთგული გამტარებელი იყო, რასაკვირველია, ვერ მოხვდებოდა იმდროის სახელმწიფოს მესვეურთა ფულით დაფინანსებულ ჟურნალში. მას შემდეგ, წერილიცა და მოქანდაკეც, ჩემი ხსოვნის კოდობანში “ჩაიძირა”, ახლა კი, როდესაც მერაბ მეტრეველი გარდაიცვალა, მინდა მის სამარადჟამო ხსოვნას ადრე დაწერილი წერილიც დავადევნო. ვტოვებ მას უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ დაწერილ ამ წერილს დღეს, ასაკით დაგროვილ გამოცდილების შესაბამისად, ალბათ, სხვაგვარად დავწერდი, დავწერდი მაგრამ მას ის ახალგაზრდული მგზნებარება აღრ ექნებოდა, რომლითაც იგი, მაშინ, წლების წინ დაიწერა.
შემოქმედებითი ინსპირაცია, რა არის იგი? როგორ იბადება ხელოვანში ის ღვთიური ნაპერწკალი, შემოქმედებითი იმპულსი, რომელიც ფერწერულ ტილოზე ათასფრად კიაფობს, ქაღალდის სიბრტყეზე ფანქრის წვერით ენერგიულ აბრისს მოხაზავს, მყარ მასალაში საჭრეთლით იმ ზედმეტ მასას ჩამოკვეთს, რომელიც მეტყველ სილუეტს ქმნის?, ანდა, რა შინაგანი განცდა ამოძრავებს მუსიკალური ბგერების უნისონში ადამიანის სხეულს, მის სახმო სიმებს სხვადასხვა რეგისტრში რომ აჟღერებს, იმ ერთადერთ სიტყვას აპოვნინებს, ჩვენს გრძნობა-გონებას, რომ შესძრავს?!
ეს ფიქრები იმ შემოქმედებითი საღამოდან ამედევნა, რომელიც ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, მწერალთა და ხელისუფალთა შორის აწ უკვე “განხეთქილების ვაშლად” ქცეულ შენობაში გაიმართა. ქველმოქმედ წინაპართა მიერ, ქართული მწერლობისათვის ნაბოძარ ამ შესანიშნავი ნაგებობის ფართო დარბაზს იმ საღამოს, ამშვენებდა მოქანდაკის, პოეტისა და მუსიკოსის მერაბ მეტრეველის ნაქანდაკარი ქმნილებანი, რომელთაც ემოციურად კიდევ უფრო მუხტავდა ავტორის ლექსი და სიმღერა.
ქართული რეალისტური მხატვრობის უფროსი თაობის ღირსეულ წარმომადგენელთა: მარგალიტა და შოთა მეტრეველების შთამომავალი მერაბ მეტრეველი იმ უწყვეტი ჯაჭვის მტკიცე რგოლია, რომელსაც თაობათა მემკვიდრეობითობა ქმნის. ამ ჯაჭვის სიმყარეს კი, ის გენეტიკური კოდი განაპირობებს, რომელიც არა მხოლოდ განგებით მომადლებულ ნიჭს გულისხმობს, არამედ იმ მარადიულ ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომელთაც ყავლი არასოდეს გაუვათ. ეს ის ჭეშმარიტი პატრიოტიზმია გულის სიღრმეში გამოტარებული და არა “მყვირალა” ფრაზებსა და ექსცენტრულ ქმედებაში გაცხადებული, სამშობლოს ის ტკივილნარევი განცდაა,რომელსაც ძალუძს ჭირისა და ვარამის – მასთან სიახლოვით და არა განრიდებით გადატანა. ეს ის იშვიათი თავმდაბლობაა, კრძალვასა და რიდში გამოვლენილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხელოვანთა წრეში ასე ფესვგადგმულ საკუთარი პერსონის დამკვიდრებისკენ მიმართულ ყოყლოჩინობასთან. ეს ის შრომისმოყვარეობაა, რომელიც ყოველდღიურ რუდუნებით ნაღვაწში ვლინდება საჭრეთელთან, ფუნჯთან,სიტყვასთან თუ მუსიკალურ თანხმოვანებასთან ჭიდილში გამოწრთობილი. სწორედ, ამ მარადიულ ფასეულობებს მიაგებდნენ პატივს მერაბ მეტრეველის შესანიშნავი მშობლები. მე ბედნიერება მხვდა წილად ახლოს გამეცნო ეს სათნო, კეთილშობილი წყვილი მარგალიტა და შოთა მეტრეველებისა, თავიანთ ერთადერთ მემკვიდრეს, რომ უწილადეს ის აუწონელი სიმდიდრე, რომელიც გააჩნდათ – ხელოვნების მრავალშრიანი სამყაროს სახით.
“ სიცოცხლე გრძელდება” ასე ეწოდება 1983წელს გამომცემლობა “ხელოვნების” მიერ დასტამბულ ალბომს მეტრეველების ხელოვან ოჯახზე. ალბომს შესავალი წერილები წაუმძღვარეს: ცნობილმა მხატვარმა უჩა ჯაფარიძემ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადიმერ ნორაკიძემ. ხელოვნების მოყვარულთ კარგად ეხსომებათ ამ საინტერესო მეცნიერის სპეციალური გამოკვლევა მიძღვნილი ლადო გუდიაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტისადმი. მსგავსი ფსიქოლოგიური დახასიათების ცდაა მოცემული ვლადიმერ ნორაკიძის აღნიშნულ წერილში შემოქმედი ოჯახის თითოეული წევრისადმი. ამჯერად, ყურადღებას – მეცნიერის მიერ, მერაბ მეტრეველის მისამართით გამოთქმულ ფსიქოლოგიურ დაკვირვებაზე მივაპყრობ. იქნებ, მან მაინც უპასუხოს წინამდებარე წერილის შესავალში დასმულ ჩემს კითხვას?!
მეცნიერი თვლის, რომ მერაბ მეტრეველი პასიურად როდი აღიქვამს არსებულ რეალობას, იგი ადამიანის შინაგან სამყაროში ეძებს ჰუმანურობის პრინციპს. ამავდროულად, იგი ახდენს არა მხოლოდ სიკეთის იდეალიზაციას, არამედ არც ერიდება მისი, წინააღმდეგობებით აღსავსე დროის ადეკვატურ გამომზეურებას ფორმათა ექსცენტრული დეფორმაციის გზით. ფსიქოლოგის დაკვირვებით, მოქანდაკე იმ ახალ, ორიგინალურსა და საინტერესო ტექნიკურ ხერხებს და ფორმებს ეძებს, რომელნიც, შესაძლოა, მავანთათვის სადავო იყოს. მეცნიერის აზრით, მაძიებელი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებზე კი, აისახება მისი სულის ამბივალენტური გრძნობები: სევდა,შეშფოთება, მელანქოლია, მათი დაძლევის და შეგნებული მართვის ტენდენციით.ზოგიერთ ნამუშევრზე დაყრდნობით, ვლადიმერ ნორაკიძე შენიშნავს, რომ მოქანდაკე მერაბ მეტრეველი განიცდის ცხოვრებაში იდეალურსა და რეალურს შორის ჰარმონიის დარღვევით გამოწვეულ წუხილს. მისი მაღალი მისწრაფებები განიცდიან დაბრკოლებებს, რაც წარმოშობს სუბიექტში დრამატიზმს, უსაზღვრო სევდას და ზოგჯერ დეპრესიას. ზემოთ დასმულ კითხვაზე ერთგვარ პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქოლოგის შემდეგი დასკვნა:
“ მერაბ მეტრეველის ქანდაკებებს და მის პოეზიას ერთი მონათესავე მოტივი აერთიანებს. მას აურჩევია რთული გზა მაღალმხატვრულ ფორმაში გამოსახოს ადამიანში ღრმად მოქცეული ფარული, ინტიმური ცნობიერი და არაცნობიერი სულიერი სამყარო, ადამიანის ფსიქიკის სიღრმე.” ცნობილი ფსიქოლოგის ამგვარი დაკვირვება მეტრეველების ხელოვანთა დინასტიის ახალგაზრდა მემკვიდრეზე თავის მხრივ, შემხვედრ კითხვებს ბადებს:– რატომ ხდება ერთი შემოქმედებითი სივრცის ფარგლებში, ხელოვნების დარგებს ( ამ შემთხვევაში ქანდაკებასა, პოეზიასა და მუსიკას) შორის საზღვრების მოშლა? როგორ ტრანსფორმაციას გადის ერთი იმპულსით დაბადებული ემოცია, გამოსახვის სხვადასხვა საშუალებათა მოხმობისას? შევეცდები ამ კითხვებზე პასუხი, მოქანდაკის შემოქმედებიდან ამოვიკითხო, რასაკვირველია, მასთან არაერთგზისი საუბრის გათვალისწინებით.
როდესაც, გარემომცველი რეალობის პირველადი აღქმით დაბადებული ემოციის ადეკვატური სახის მოცულობაში ძიებისას, მერაბ მეტრეველი საჭრეთლით სკულპტურულ ფორმას ზედმეტს ჩამოაჭრის, ანდა პირიქით, უმატებს პლასტიკურ მასას და ამით უფრო მკვრივს ხდის კონსტრუქციას, შესაძლოა მის სუბიექტურ პრიზმაში გარდატეხილი მოტივი უფრო მეტ სახიერებასა და სუგესტიურობას იძენს. მაგრამ თუკი უკმარობის გრძნობა არ ტოვებს მოქანდაკეს, მაშინ იგი სხვა სამეტყველო ენას ირჩევს. ამ შემთხვევაში—პოეზიას, თუ სათქმელმა კვლავაც გზა ვერ მონახა, მაშინ საშველად ყველაზე ირაციონალური ხელოვნება —მუსიკა მოდის. მტკივნეულ ძიებაში არჩეულმა გრძნობის ადეკვატურმა ფორმამ კი, შვება მოჰგვარა ხელოვანს. სათქმელი როგორც იქნა ითქვა. ამიტომაცაა ასე უშუალო თვით მოქანდაკის პასუხი აღნიშნულ კითხვაზე:” ჩემი ზოგიერთი ცხოვრებისეული განცდა ლექსში ჰპოვებს გამოსავალს, ზოგი სიმღერაში, ზოგს კი, მხოლოდ ქანდაკების ენით ვამეტყველებ. ისე კი, ჩემს თავს უპირატესად მოქანდაკედ მივიჩნევ, სხვა ყველაფერი კი, მეხმარება უკეთ გამოვხატო ჩემი სათქმელი”.
თუ შევთანხმდებით, რომ მრგვალი ქანდაკება, რომელშიც მუშაობს ძირითადად მერაბ მეტრეველი, — არის სკულპტურულ მასებთან გარემომცველი სივრცის, ჰაერის მასების ურთიერთზემოქმედების ესა თუ ის ფორმა,უკვე ამ სპეციფიკიდან გამომდინარე მისი ქანდაკება ინარჩუნებს სრულ ავტონომიას. ხელოვნების სხვა დარგებთან კი, მას აერთიანებს შემოქმედის ქვეცნობიერში არსებული ხელოვნების ამა თუ იმ ფორმის დამბადი იმპულსი.
ნათქვამის საილუსტრაციოდ, მწერალთა სახლში იმ საღამოს მისულ სტუმრებს თავად შეეძლოთ დასკვნის გამოტანა, როდესაც უმზერდნენ სპეციალურ სადგამებზე მოთავსებულ ლუდვიგ ბეთჰოვენის, თუ ნიკოლო პაგანინის პორტრეტებს შესრულებულს ტონირებულ თაბაშირში და ამავდროულად ესმოდათ მოქანდაკის ლექსის სტრიქონები: “ ..მაშ დაუწყვიტე კვლავ სიმები ჩემს ვიოლინოს – ბრბოვ უმეცარო.., და იყუჩე სასწაულის წინ, ისევ იხილავ შენ სასწაულს ჩემს ერთადერთ და უკვდავ სიმზე, რამეთუ მე მას ხემით კი არა, ცეცხლმოდებულ გულით ვეხები”, ან “..აღიღე კვერთხი, ხელოვანო, ხმობის ზარია, ღმერთებს მიეჭერ, გადათქერე ზღვარი ყოველი და მაინც სადღაც გახსოვდეს, რომ უკვე არიან მიქელანჯელო, ბაირონი და ბეთხოვენი.” მერაბ მეტრეველის ლექსის ამ სტრიქონებში მოქანდაკის ის სამი იპოსტასია გაცხადებული: ქანდაკების, პოეზიის და მუსიკის უდიდეს კორიფეებს რომ ნორმამიუღწეველ ეტალონებად რაცხს. თვით მხატვრული ფორმა შერჩეული ბეთჰოვენისა და პაგანინისთვის თითქოს მათი მუსიკის ხასიათმა განსაზღვრა:პირველი- ჩამოკვეთილი ვით მონოლითი, საკუთარ განცდებში ჩაძირული სმენადახშული ბუმბერაზი , მხოლოდ შინაგან ჰანგებს მიყურადებული; მეორე კი – აბობოქრებული, მოვარდნილი სტიქიონი, დემონიური ექსტაზი ვირტუოზისა ერთადერთ სიმს,რომ მთელი ორკესტრის ჟღერადობას ანიჭებდა. სკულპტურული მოცულობები ერთმანეთში გადადინდება, იღვენთება, როგორც მუსიკალური ჰანგები. მოქანდაკე კარგად ფლობს სახის ნაკვთების იმგვარი მოდელირების ხერხს, როდესაც მძაფრი შუქ-ჩრდილის კონტრასტული დაპირისპირებით იძერწება მძლავრი სილუეტები.
საქართველოს თემა წამყვანია მერაბ მეტრეველის შემოქმედებაში. ერის ისტორიის გაუხუნარი ფურცლები ამეტყველდა მოქანდაკის ნაწარმოებებში: “მემატიანე”, “ფარნავაზი”, “იოანე პეტრიწი ”, “ ერეკლე 11’’ და სხვ. სლულპტურული მასის ზედაპირზე,ჩრდილ-სინათლის შესაბამისი მუქი და ნათელი არეების ექსპრესიული ცვალებადობა გამოარჩევს ამავე თემაზე შესრულებულ პორტრეტს, რომელიც ლეგენდარულ გმირს ცოტნე დადიანს წარმოადგენს. ცოტნეს სახე გაიელვებს მერაბ მეტრეველის ერთ პატრიოტულ ლექსშიც, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს მიეძღვნა, როდესაც ქართველობამ საკუთარი ენა და ამით კი, საკუთარი იდენტობა დაიცვა ხელყოფისაგან:

“გამოდის ათასი ცოტნე, მედროშე ხვალინდელ ცისკრის,
იმ მწარე ტკივილის მცოდნე გამოდის სიცოცხლის რისკით.”

ბავშვობიდან მამულიშვილური გრძნობა დაანათლეს მერაბს მისმა მშობლებმა და იმ გარემომ, სადაც იგი გაიზარდა, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მეხოტბეთა და საინტერესო ადამიანთა წიაღში. ამიტომ არც იყო გასაკვირი, რომ 1977 წლიდან მერაბ მეტრეველი ეროვნული მოძრაობის ლიდერების: ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამოაზრეთა რიგებშია და ამ ორი ქართველი რაინდის იდეებით გულანთებული, მათი ბოლომდე ერთგული, შექმნის საქართველოს პრეზიდენტის და მისი ქრისტესმიერი ძმის – მერაბ კოსტავას პორტრეტებს. რაინდული კეთილშობილება და მტკიცე ნებისყოფა იკვეთება საქართველოსთვის შეწირულ ძმადნაფიცთა ამ პორტრეტებში, გაცხადებული მოქანდაკისვე სტრიქონებში:
“ ..როცა დუმს კაცი, თქვენ ორნი მხოლოდ
ვისთვის ლამანჩელ იდალგოს დარად,
წყვდიადსა შინა მთვლემარე ხომალდს
სინათლისაკენ უბიძგებთ მარად”,
ანდა
“ ..თქვენ ორნი მხოლოდ განწირულ ვნებით
უღერებთ ურჩხულს სიმართლის მახვილს,
დაწყებულია გოლგოთას გზები,
თქვენ ორნი დარჩით რაინდის სახით.”

მოქანდაკის შემოქმედებაში ერთგვარი გარდატეხა მოხდა იმ დიდი სულიერი კატაკლიზმებიდან, რომელნიც 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა. ამ სისხლიან მიჯნას, საიდანაც არა მხოლოდ მოქანდაკისათვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო, მერაბ მეტრეველმა შემდეგი სტრიქონები უძღვნა: “..ათასჯერ ნაიარევი სიცოცხლე ორად გაიყო, იქითკენ დარჩა ყოველი, აქეთ აპრილის 9 იყო. მზეს როგორ დააგვიანდა, ღამემ რა სულთქმა წაიღო, იქნება თქვენი დაისი თავად მზის ამოსვლა იყო”.
ამ სისხლიანი სამანის შემდგომ, მოქანდაკის შემოქმედებაში შეინიშნება წინააღმდეგობრივი საწყისების ჰარმონიზაციის, დაჩეხილი და ერთგვარად მბორგავი, ამბოხებული ფორმების დაოკების, გამთლიანების ცდა. სკულპტურული ფორმის მეტი სახიერების მინიჭებისათვის მოქანდაკე დიდ დატვირთვას ანიჭებს მასალას, მის ფაქტურას, ზოგან შეკუმშულს, თითქოს ჩაწნეხილს, ზოგან გაშლილს და გაწელილს.
ქანდაკების მასაში, მის შიდა კონსტრუქციაში “ჩამწყვდეული” მერაბ მეტრეველის სულიერი სამყარო ქანდაკების მხატვრულ ფორმაში, მის გარე სახეში იშლება. ამგვარი ექსტრავერტული, ღია კომპოზიციებია ლიტერატურულ პირველწყაროზე დაყრდნობით ამეტყველებული “მეზარე” და “კვაზიმოდო და ესმერალდა”. ვიქტორ ჰიუგოს რომანის “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” დაუვიწყარმა პერსონაჟებმა: ჯერ კიდევ ბავშვობიდან ადევნებულმა მეზარის მახინჯ სხეულში ჩაბუდებულმა სულის სილამაზემ,თითქოს ეჭვქვეშ დააყენა ძველი ბერძნების ცნობილი მაქსიმა: “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.”
მერაბ მეტრეველმა ეს მხატვრული სახე კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნო მისი მეგობრის, უდროოდ დაღუპული ნიჭიერი მწერლის მერაბ აბაშიძის ნაწარმოების “აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!”-ს წაკითხვის შემდეგ. სწორედ ამიტომ, მოქანდაკისეული ეს ვარიაციები კვაზიმოდოს თემაზე ერთგვარ ფილოსოფიურ-პლასტიკურ მედიტაციებად აღიქმება, რომელთა საბოლოო მიზანია, განაზოგადოს განვლილ ეტაპზე შეძენილი სიკეთე-ბოროტების გარჩევის საკუთარი გამოცდილება: “..გადამხმარია სიჭაბუკის მწვანე მინდვრები ზაფხულის ხვატიც შემოდგომამ გადაიყოლა, ოდესღაც ტკბილო განთიადო მწარედ ბინდდები და ყველაფერი ჰგავს იყო და არა იყო რას, იმ ღვთიურ დღეთა ფერფლი ჯერაც სულში ხმაურობს, ახლა კი სულ სხვა მელოდება საოცრებანი და ვიკაზმები იმ მინდვრებზე სამოგზაუროდ, ღმერთმა არა ქნას არ ამიხდეს ნაოცნებარი “.
მერაბ მეტრეველს აქვს ინტრავერტული ხასიათის სკულპტურული კომპოზიციებიც, მონოლითური ფორმები, რომლებსაც საკუთარ თავში სივრცის შთანთქმის უნარი შესწევთ. ამ შემთხვევაში, ქანდაკება თითქოს უფრო მასიურ,წონად შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე იგი არის რეალურად. ამგვარია ლოკოკინას ნიჟარასავით საკუთარ სხეულში,როგორც თავშესაფარში გამომწყვდეული კაეშანი კაცისა ამეტყველებული 1977წელს ტონირებულ თაბაშირში ( “ ტკივილი”). იმავე თემას ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგენს ავტორი მოგვიანებით გამომწვარ თიხის(ტერაკოტა) მასალაში. ამ მხატვრულ სახეს, მოქანდაკე უფრო გახსნილი, ოდნავ ჰიპერტროფირებული სკულპტურული მასებით ძერწავს და მასში იმ უძირო სევდას აქსოვს, რომელიც დიდი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის შემოქმედებით უნდა იყოს ნაკვები. აღსანიშნავია,რომ ტონირებულ თაბაშირს პუნსონური დამუშავებით, ოდნავ ხორკლიანი ზედაპირით, მოქანდაკის ხელში ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს ქანდაკება მარადიულ მასალაში ბრინჯაოშია ჩამოსხმული და მზადაა გაუძლოს დროსთან ჭიდილს.
სივრცესთან სკულპტურული მასის შეპაექრების კიდევ ერთ ფორმას გვთავაზობს ავტორი კომპოზიციებში: “მემატიანე”, “ იოანე პეტრიწი” და “მწირი”. გარემომცველი ჰაერის მასები თითქოს გაწელილ ფორმებს დასთამაშებს, განათება თანაბრად ნაწილდება სკულპტურული მასების ზედაპირზე და თითქოს ერთგვარად აცოცხლებს “ისტორიის ქვის ფურცლებს”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმღერა, მუსიკა მერაბ მეტრეველის შემოქმედების განსაკუთრებული თემაა. სპეციალური მუსიკალური განათლება ამ სფეროში მერაბ მეტრეველს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს მუსიკალურ ბგერათა ჰარმონია, დააფასოს ჭეშმარიტი მომღერლების შემოქმედება, რაც მას თავის დროზე ჩაუნერგა შესანიშნავმა პედაგოგმა ჯემალ ლორთქიფანიძემ, რომელიც მერაბ მეტრეველს ლირიკული ტენორის ბრწყინვალე კარიერას უქადდა, მაგრამ სახვითი ხელოვნებისადმი სიყვარულმა არჩევანი ქანდაკებისაკენ გადახარა. მ.მეტრეველის სკულპტურული კომპოზიციები:
“ რობერტინო ლორეტი”, “ სიმღერა”. “ უსინათლო მუსიკოსი” და სხვ. ავლენენ ჩინებული მომღერალ-მოქანდაკის უნარს ზუსტად განსაზღვროს მუსიკის მნიშვნელობა ადამიანის შინაგანი განცდის გადმოსაცემად – ყურადღება მიაპყროს ადამიანის ბუნებრივ სწრაფვას სილამაზის, ჰარმონიისა და მელოდიისკენ მიმართულს. ჩვენი თაობის პატარა “ჯადოქარს”, უბრწყინვალესი ხმის პატრონ იტალიელ მომღერალს – რობერტინო ლორეტის უძღვნა მოქანდაკემ არა მხოლოდ ქანდაკება, არამედ ლექსიც: “შემოგყურებდი და სულში მედგა მე ხმა წკრიალა და მოსალბუნე, ის სიხარული, ის გულის ფეთქვა, ის აღტაცება, შენ რომ გვარგუნე”. ამ ქმნილებებში მოქანდაკე ცდილობს თვით პლასტიკა აამღეროს, მის ზემოდ ჩამოთვლილ კომპოზიციებში ფორმათა “მოძრაობა” ხან ნარნარია, ხან შენელებული, ხან კი, სწრაფი. ვიბრირებული. “მღერადი” მოცულობებით შექმნა მერაბ მეტრეველმა თბილისში დადგმული სპილენძის ქანდაკება პატარა მომღერლებისა. სამწუხაროდ, ამ ქანდაკებამაც იგივე ბედი გაიზიარა , როგორიც ქალაქში დადგმულმა სხვადასხვა ავტორის მრავალმა სპილენძისა თუ ბრინჯაოს ქანდაკებამ, ქურდებმა ხელის მოთბობის მიზნით, ჯართში რომ ჩააბარეს.  მერაბ მეტრეველის ეს ქანდაკება კი, უდავოდ დასამახსოვრებელი იყო, როგორც ამავე მოქანდაკის სხვა ნაწარმოებები მუსიკის უნისონში “მჟღერი” სკულპტურული მოცულობების ცვალებადი რიტმით, ფორმათა ზედაპირზე სინათლის რეჟისურით და მონუმენტურობით.
მოქანდაკეს არასოდეს ავიწყდება, სიყრმიდან შეთვისებული ქრისტიანული მიმტევებლობის, თანაგრძნობისა და თანაალმობის გრძნობა, რასაც მიუძღვნა მან არაერთი ლექსი და ქანდაკება. ასეთია: სკულპტურული კომპოზიციები: “უსინათლო მუსიკოსი” და “ქუჩის მომღერლები”, რომელთა შინაარსიც გახსნილია მ.მეტრეველის ერთ პატარა ლექსში, რომელსაც ეპიგრაფად ბესარიონ ბელინსკის სიტყვები აქვს წამძღვარებული” სანამდე ქვეყნად იტანჯება თუნდაც ერთი ადამიანი, მეც ვიტანჯები”, ლექსი გვამცნობს, რომ მოქანდაკემ ქუჩაში ყრუდ დახშული კარის წინ უსინათლო მათხოვრის ხილვისას, კიდევ ერთხელ მძაფრად შეიგრძნო”შეუძლებლობა თვალხილულთა ბედნიერების”.
90-იან წლებს განეკუთვნება მერაბ მეტრეველის ნაწარმოებები, რომლებშიც გამომსახველობითი ძალა გადატანილია დეკორატიული ხასიათის ერთმანეთში გადახლართულ ფორმებზე, რომლებსაც უნარი შესწევთ პლენერზე გარკვეული სივრცის მაორგანიზებელი ფუნქცია შეასრულონ. ეს დეკორატიულ–პლასტიკური ფორმები გათვლილია სხვადასხვა რაკურსიდან აღსაქმელად. სკულპტურული მასების დეკორატიული გადაბმა ამძაფრებს ფორმათა სილუეტს (“სანთელი”, “Mრეკვიემი”, ). ამ კომპოზიციებს ჩვენამდე მოაქვთ მოქანდაკის ტრფობა ქვეყნად უმშვენიერესი არსების ქალისადმი, მარადიული გრძნობა სიყვარულისა:
“..ვგრძნობ შენი გული დაცულია მავთულხლართებით, ეშმა დამცქერის თითქოს სახით მოზეიმეთი, სულში კი მაინც მკრთალად ნათობს ერთი სანთელი ყველაზე ბოლოს თურმე მართლა კვდება იმედი”, ან “..შენ ჩემს სულში ისე ცისფერ შუქად შემოანათე, ვეღარ ვმალავ, რასაც მხოლოდ გულში უნდა ვმალავდე”.
ის საღამოც, მწერალთა სახლში,მერაბ მეტრეველის ქანდაკებათა გამოფენით, ლექსების დეკლამაციითა და მუზიცირებით მოქანდაკემ მიუძღვნა გულისწორის, უმშვენიერესი ქალბატონის, შესანიშნავი დედის, ერთგული მეუღლისა და ნიჭიერი პედაგოგის მარინე სვანის ხსოვნას: “..ვერ გაგიმეტა განგებამ, სიბერისათვის, მარი, ვარსკვლავებს შეგაზიარა, ზეცის შეგიღო კარი. ეახელ დიად აჩრდილთა მშვენიერებით სავსე, არაამქვეყნურ სიწმინდის გვირგვინი გედგა თავზე”.
ზემოაღნიშნული განადგურებული ქანდაკების გარდა, თბილისს მერაბ მეტრეველის კიდევ ერთი საინტერესო ქმნილება ამშვენებს. მეხუთე სამშობიაროს წინ აღმართული სპილენძის ქანდაკება ”ქართვლის ვედრება”, რომლის იდეაც ჯერ ლექსში, შემდეგ კი ქანდაკების ესკიზის სახით წარმოჩინდა. თავდაპირველად ესკიზი ასახავდა მოხუცს,რომელსაც ხელში გასაყიდად გამზადებული, საკუთრივ გამოთლილი აკვანი ეჭირა. ეს სკულპტურული კომპოზიცია მერაბ მეტრეველს, მოკრძალებით უჩვენებია ბატონი მერაბ ბერძენიშვილისთვის. “ეს მოხუცი ბიბლიური უნდა იყოსო” – ურჩევია შეგირდისთვის დიდოსტატს. სწორედ ეს ერთი სიტყვა “ბიბლიური” გამხდარა საფუძველი მოხუცი მეაკვნის, ქართვლის მოძღვრად გარდასახვისა, რომელიც აკვნით ხელში ქართველ დედას თითქოს მოქანდაკისავე სიტყვებით მოუხმობს:
“ …გონს მოდი, ქართვლის დედაო, აკვანს დაადგი ნათელი,
სანამდე საქართველოში მოგვენატრება ქართველი”.
მე კი, ჩემი მხრივ, დავამატებდი, მართლაც უნდა გამრავლდეს ქართველობა, რადგან ქვეყანას მოევლინოს მრავალი,მერაბ მეტრეველის მსგავსი მრავალმხრივ ნიჭიერი, სხვადასსვა მუზის მსახური და ამავდროულად, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილი.

თემები