“წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!“
ლია მეტრეველი

დასაწყისიდანვე ასეთი ბედი დაჰყვა გაზეთს – “ქართული კულტურა.“

გამოცემას დროებით ვწყვეტთ – გამოვაცხადებდით და მიზეზს არავინ კითხულობდა.ისედაც ყველამ იცოდა, ამ პროფილის  მქონე გაზეთის გამოცემა დამფინანსებელს მოგების მოტანას არ უქადდა და…   რედაქციას მორიგი ფინანსური კრიზისის ჟამი უდგებოდა!

ამჯერადაც არავის უკითხავს გაზეთის შეჩერების მიზეზი. ახლაც ყველამ უთქმელად იცოდა,   ძნელ, გაურკვევლობით სავსე დროში გამოცემის შეფერხება რელევანტური, საფუძვლიანიც კი იყო.  უბრალო ამბავი ხომ  არ ხდებოდა  დედამიწაზე!ერთბაშად გაყუჩებული, გარინდულ – დადუმებული სამყაროს   ფანჯრებიდან, აივნებიდან მზერა და თვალთვალი, აკივლებული სასწრაფო დახმარების მანქანების, ეკიპირებით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალის ხილვა, დამშვიდების უფლებას არავის აძლევდა!

შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიკეტა დაწესებულებები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები,  შეჩერდა საჰაერო ფრენები. ისედაც ვირტუალურ სივრცეს დამეგობრებული ადამიანების მოდგმა მთლიანად ტელევიზორის ეკრანებსა და კომპიუტერებს მიენდო,მიეჯაჭვა.

სოციალური, კულტურული,ეკონომიური  ცხოვრების წესით გერთიანებული  სოციუმი   დაიბნა  და აირია.  ექიმთა ჯგუფის მოწოდება – “დარჩი სახლში!“ (გრამატიკულად სწორი იქნებოდა – დარჩი შინ) – “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ დაემსგავსა!

ასე გაიარა თითქმის ორმა წელმა. კოვიდმა ჩვენს სახლებთანაც ჩაიმუხლა, ჩამოალაგა ტკივილებითა და თავზარდაცემით სავსე დღეები. გაამეჩხერა,  იმიერში გადაიყვანა  ქართული კულტურის კოჰორტის საუკეთესო ნაწილი (არა მხოლოდ კულტურის, მოსახლეობის საგანგაშოდ დიდი ნაწილი). ზოგი დაინდო, იოლად გადაჰკრა ფრთა,ზოგს კოშმარულ მოგონებად დაგვიტოვა   უჟანგბადობითა და ციებ-ცხელებით გათანგული დღეების წარმოსახვა, ექიმთა გუნდის, მთელი სამედიცინო პერსონალის  სიკვდილთან ჭიდილში დაღლილი სახეების ანარეკლი. პირადად მე, რამდენიმე თვის წინ კოვიდგადატანილს, ახლაც ჟრუანტელი მივლის იმ  დღეების გახსენებისას,  დღეებისა, როცა ჩემმა უჟანგბადობით გაოგნებულმა ტვინმა, ფილტვებმა ილუზიურ, ასტრალურ სამყაროში  გადამტყორცნა, მამოგზაურა. ეს მოგზაურობა კი სრულიადაც არ ჰგავდა იმ ადამიანების მონათხრობებს, რომლებიც კლინიკური სიკვდილის შემდეგ უკან ბრუნდებიან და ფერად სამოთხეზე ამბებს ჰყვებიან.ეს  დანტეს “ჯოჯოხეთს“ უფრო ჩამოჰგავდა. ამ თემას ისე ვერ ჩავამთავრებ,  ბოკერიას სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგებს – ჩემს დას, მანანა ფანქველაშვილს, ნიკა რთველიაშვილს (დეპარტამენტის ხელმძღვანელს), გიორგი აბაშიშვილს,  ქეთევან მებონიას არ ვუთხრა მადლობა. თქვენ სასწაულებს ახდენთ  ექიმებო! კვდებით, სიცოცხლის  სამანს აბიჯებთ პაციენტის დაღუპვისას, ცოცხლდებით მომაკვდავების (ჩემნაირების ) გადარჩენისას. გაოგნებთ  ადამიანთა უმადურობა, სისატიკე, დაუნახაობა. ბავშვივით გახარებთ მადლიერი პაციენტების არსებობა.

ეს მე ჩემი თვალით ვნახე!

და მაინც, რადგანაც ადამიანთა მოდგმა  Homo sapiens- ის (გონიერი ადამიანი) ჰომინიდების ჯგუფს მიეკუთვნება, დიდხანს უმოძრაოდ,უმოქმედოდ ყოფნასაც ვერ უძლებს, ნელ-ნელა გაცოცხლდა,  შიშნარევი სიფრთხილით შეება საზოგადოებრივ ცხოვრებას,მოერგო ახალ რეალობას.

მეც ვაიძულე თავი და  გადავლახე ავადობიდან  გამოყოლილი ხალხმრავლობის შიში . მონაწილეობაც მივიღე   თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში.

გავმართე რამაზ ცინცაძის,ექიმის,ოფთალმოლოგის,  სრულიად უნიკალური ატლასის,ოფთალმოლოგიის ისტორიაში  ქართულ ენაზე  აქამდე არარსებული, ფერადი ფოტოებით და საინტერესო შინაარსით შედგენილი, ატლასის წარდგენა.

როსტომ ჩხეიძის შთამბეჭდავი და მომნუსხველი  ლიტერატურული საუბრების პრეზენტაცია.

დავესწარი მწერლების ეკა ტოგონიძის, შორენა ლებანიძის, ჟაკლინ სირაძის, ნანა კვაშილავას, თამარ შაიშმელაშვილის ახალი წიგნების წარდგენებს.

თუმანიშვილის სახელობის თეატრსაც ვეწვიე   და გიორგი სიხარულიძის (რეჟისორი) სპექტაკლის- “მწვანე პასპორტის“   (სცენარის ავტორი ნინია სადღობელაშვილი) პრემიერითაც ვისიამოვნე.

ახლახან, მხტვრისა და ფერმწერის – ილო პატაშურის, გრანდიოზულ გამოფენასაც არ გამოვაკლდი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის საგამოფენო სივრცეში.

2022 წლის პირველივე თვეს,  მწერლის სახლში, ისრაელის  საელჩოს თანამშრომლის,მწერლისა და პუბლიცისტის- მანანა დუმბაძის – ორი წიგნის “ზურგის ქარის მოლოდინში“, “ავღანეთი “ბარონის“ ჭუჭრუტანიდან“ წარდგენასაც დავესწარი .გამომსვლელებს,თვითონ მანანას, მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, ისეთი გულაჩუყებით მოვუსმინე და ვუყურე ,თითქოს პირველად ვესწრებოდი მსგავსი ტიპის ღონისძიებას. მანანა დუმბაძე(თეიმურაზ მეტრეველთან ერთად), არაჩვეულებრივი იუმორის მქონე ,ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის ნიჭით დაჯილდოებული ქალი- იყო პირველი,რომელმაც თავის ირგვლივ შემოკრებილი ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდით, შეძლო  ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ “ქართულ კულტურას“ ფეხზე დადგომაში მიხმარებოდა.   ამ გუნდის წევრები დღეს   კულტურის განვითარების  სათავეების ავანგარდში დგანან. გვარების ჩამოთვლა საკმარისი იქნება რომ მიხვდეთ , ვის მხრებზე გადაიარა მაშინდელი  “ქართული კულტურის“ “ყოფის აუტანელმა სიმსუბუქემ.“

– რუსუდან რუხაძე, თეა ყიფშიძე, ირაკლი ჯავახაძე, თამარ გუნაშვილი, დიმიტრი ბენაშვილი, თამარ ბელქანია, თამარ სუხიშვილი, ბექა ქურხული, დავით ჭელიძე, გოგა მეტრეველი,თეა მეტრეველი.

ჟამიანობის ამ მძიმე და მრუმე დროში, ჩვენს ქვეყანაში, ისეთი ამბებიც მოხდა, რომლითაც ჩვენი შთამომავლები აუცილებლად იამაყებენ. გამოიცა ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი“. ხელნაწერის იდეის ავტორი და გამომცემელი ცნობილი კოლექციონერი, მინიატურების უნიკალური კოლექციის მფლობელი გურამ ახალაია გახლავთ. გამოცემა ორმაგად მნიშვნელოვანია – ხელით გადაწერეს ადამიანებმა და   უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დასტამბეს ორგანიზატორებმა!

“ქართული კულტურას“ გულგრილს ვერც   ისეთი მოვლენები ტოვებენ, როგორიც დღეს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული კონკურსებია.

პირადად მე, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი ვთვლი,რომ ლიტერატურული კონკურსი“ საბა,“  ყოველი გამართვს შემდეგ გამოვლილი ქარცეცხლისა და კრიტიკის მიუხედავად(რამდენჯერმე მეც გავაკრიტიკე  გამარჯვებული ავტორი),უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში.“საბას“ ორგანიზატორებმა შეძლეს და  კონკურსი ნამდვილ კონკურსს დაამსგავსეს,არ აქციეს ერთი რომელიმე მწერლური კლანის,არტელის,“ორღობის“ კონკურსად (კლანური  ნიშნით გამართული კონკურსების ნაკლებობას  ნამდვილად არ ვუჩივით საქართველოში).

კონკურსს – “ლიტერა“ რაც დაემართა – იცით. საკონკურსოდ მეც მქონდა შეტანილი მწერლის – მიხო მორჩილაძის – ფრიად მეამბოხე წიგნი.

“თავისუფალმა ლიტერამ“ (გამარჯვებას ვულოცავ ერთმანეთზე უკეთეს ავტორებს), ნამდვილად მაღალ დონეზე გამართა დაჯილდოების ცერემონიალი,ოღონდ ორგანიზატორებს დაავიწყდათ, რომ მათი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც, თუნდაც ერთი კონკურსანტის თავმოყვარეობა, ღირსება ილახება. არ შეიძლება გაიმეორო იგივე, ან მსგავსი რამ, რის გამოც მწერლებმა დემარში  მოუწყვეს ძველ, თავდაპირველად გამოცხადებულ კონკურსს, არ შეიძლება ადგე და ახალი დაამგვანო პოლიტიკურ მანიფესტს. ზრდილობის გამო მაინც, ის ავტორი(ავტორებიც) უნდა მიიწვიო  დაჯილდოებაზე, ვინც შენი გამოცხადებული კონკურსი კონკურსად აქცია,  გამარჯვებაზე ფსონი არ დადო, მოვიდა, წიგნი (წიგნები) მოიტანა და თამასა აგიწია.

ცხოვრება რომ პანდემიის დროსაც გრძელდება, ამას ეს ფაქტიც ადასტურებს,- ლიტერატურული კონკურსების სივრცეში   ახლახან გარდაცვლილი მწერლის,კრიტიკოსის,საზოგადო მოღვაწის თამაზ წივწივაძის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული ლიტერატურული  კონკურსი გამოჩნდა. კონკურსი თამაზ წივწივაძის დამ, ჟურნალის – “დილა“ – მთავარმა რედაქტორმა, დოდო წივწივაძემ, ძმიშვილებმა – მაია და გიორგი წივწივაძეებმა დაარსეს, დააფინანსეს და თამაზ წივწივაძის 80  წლის  იუბილეს მიუძღვნეს. (რედაქცია გამარჯვებას ულოცავს   მწერლებს). პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონია ვერ შედგა, ფრიად სამწუხარო ფაქტის გამო – გარდაიცვალა ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი, თამაზ წივწივაძის უფროსი ძმა, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ წივწივაძე.რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს წივწივაძეების ოჯახს!

აქვე გაზეთის მომდევნო თვის ერთი წერილის ანონსაც შემოგთავაზებთ. თამარ გუნაშვილი, ჩვენი მუდმივი და ერთგული კორესპოდენტი, გვიამბობს ამერიკული ლიტერატურული კონკურსების, ჟიურის წევრების, დაფინანსების, კონკურსებში სახელმწიფოს მონაწილეობისა და როლის შესახებ საინტერესო ამბებს.

ბოლო ხანს სოციალურ ქსელში, სივრცეში წააწყდებით ინფორმაციებს, ვიდეორგოლებს 2022 .02.22 -ის საკრალურ, იდუმალ მნიშვნელობაზე.ნუმეროლოგები სხვადასხვა ამბებს ყვებიან ამ დღის მნიშვნელობასა და გამორჩეულობაზე, იმაზე  რის გამოც უნდა გამოვარჩიოთ ეს დღე .“ქართული კულტურის“  თებერვლის თვის მკითხველები ,როგორც კი გამოქვეყნებულ მასალებს გაეცნობიან, მიხვდებიან  არის თუ არა ეს დღე სხვა დღეებისგან გამორჩეული. ტრადიციას ვარღვევ და წერილებში ჩამალული, ჩაბუდებული ამბების შინაარსზე არაფერს გიყვებით ანუ მოკლე ექსკურსს თავს ვარიდებ. მირჩევნია ყველაფერი ამ  საკრალური დღის ინტრიგად დაგიტოვოთ.

დავუჯერებ ნუმეროლოგებს და ჩავთვლი, რომ 2022.02.22 (“ქართული კულტურის“ გამოსვლის დღე) სასწაულების მოხდენისა და ახდენის დღედ იქცევა, ბოლოს და ბოლოს დღეს ვართ და ხვალისა კარგად არაფერი ვიცით ანუ რუსთაველისა არ იყოს “ესე ასეთი სოფელი არ ვისგან მისანდობელი, წამია, კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!“

“ქართული კულტურის“ წაკითხვა შეგიძლიათ  ელექტრონულ მისამართზე – geculture.com