ონლაინ გაზეთ “ქართული კულტურის” პრეზენტაცია
თამარ ბელქანია

16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ქართული კულტურის“ ონლაინ გაზეთის პრეზენტაცია შედგა.

გაზეთი, რომელიც ქართული მედიის ისტორიაში სამჯერ სხვადასხვა დროს (1992; 1997 – 98 წლებში და შემდეგ სხვადასხვა პერიოდულობით 2007 წლამდე) გამოდიოდა, მეოთხედ უკვე ინტერნეტ სივრცეში განაგრძობს სიცოცხლესა და ადგილის დამკვიდრებას. გაზეთის დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვის ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი იყო. ოგვიანებით იგი ლია მეტრეველმა ჩაანაცვლა. ამჯერად საქმე მისმა შვილმა შვეიცარიაში მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორმა, საინვესტიციო ფონდ „კალფორნ ფაინანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან მეტრეველმა იტვირთა: „ დიდხანს ვფიქრობდი, რას იზამდა მამა XXI ს -ში, და როგორი იქნებოდა მისი დამოკიდებულება ახალი მედიისადმი. ცალსახად, ის წავიდოდა წინ და საზოგადოებას სწორედ ციფრულ ფორმატში შესთავაზებდა გაზეთს „განათლებული ადამიანებისათვის“. სწორედ ეს იყო გაზეთ „ქართული კულტურის“ არამხოლოდ დაწერილი სლოგანი. განათლება დროის ფეხისაწყობაა და ამიტომ საზოგადოებას ონლაინ გაზეთს ვთავაზობთ, ანალიტიკური წერილებითა და საინტერესო საავტორო ბლოგებით, ამით გაზეთი შეამოკლებს მანძილს მკითხველამდე“-ამ სიტყვებით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას სულხან მეტრეველი.

პრეზენტაცი მწერალს და გამომცემელს როსტომ ჩხეიძეს მიყავდა. მან აღნიშნა, რომ თეიმურაზ მეტრეველი იყო გამორჩეული მამულიშვილი, ქართული მედიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და მისი უდროო წასვლა არა მხოლოდ მეტრეველების ოჯახისათვის არამედ მთელი ქართული საზოგადოებისათვის დიდი დანაკლისია. აღინიშნა, რომ ის პრინციპები რომლითაც ბატონი თეიმურაზი ქმნიდა გაზეთს დღესაც სამაგალითოა ქართული მედიისათვის. თითოეული მის მიერ შექმნილი გაზეთი გახლდათ, გარკვეული მედიასკოლა სადაც ჟურნალისტები ყალიბდებოდნენ პროფესიონალებად, დამოუკიდებელ პერსონებად და რაც მთავარია პატრიოტებად. საზოგადოებას ასევე მიმართა პარლამენტარმა, ქალბატონმა ნატო ჩხეიძემ. 1997 წელს ქალბატონი ნატო და “ომეგა ჯგუფი” გაზეთ ქართულ კულტურას ფინანსურ დახმარებას უწევდა. მან აღნიშნა, რომ გაზეთ „ქართული კულტურის“ ფინანსური მხარდაჭერა მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რეალურად ამ გაზეთში აღბეჭდილი ქრონიკა გვიყვება თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი იმ პერიოდის არა მხოლოდ ქართულ კულტურაში არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით კარგი იქნებოდა თუ 1997 წელს გამოცემული ასი ნომერი ერთ წიგნად აიკინძება, რათა მკვლევარებს თუ დანტერესებულ ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა კულტურაში მიმდინარე პროცესები სწორედ მედიით შეისწავლონ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გაზეთ „ქართული კულტურის“ მორიგე რედაქტორებმა, რუსუდან რუხაძემ, თეა ყიფშიძემ და თამარ ბელქანიამ მიმართეს. ( გაზეთის მეოთხე რედაქტორი თამარ გუნაშვილი საქართველოში აღარ ცხოვრობს, თუმცა ის უკვეა ახალი ონლაინ გამოცემის ერთ-ერთი ავტორი). რედაქტორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბატონ თემურთან მუშაობის პერიოდი მათ ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. შემოქმედებითად თავისუფალი სივრცე იძლეოდა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. ითქვა, რომ ბატონი თემურის, როგორც მთავარი რედაქტორის ინოვატორული ხედვა ნამდვილად უსწრებდა დროს.

ბოლოს, საზოგადოებას თეიმურაზ მეტრეველის მეუღლემ, ქალბატონმა ლიამ მიმართა. მან ყველას ინტერესისა და ღონისძიებაზე დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა რადგან, მისი თქმით დღეს, როდესაც სახეზეა ყველა სფეროს კომერციალიზაცია მეტად დასაფასებელია გულწრფელი ურთიერთობები.

პრეზენტაციის მეორე ნაწილში საზოგადოებამ ალა ფურშეტისაკენ გადაინაცვლა, სადაც ჯაზის ცოცხალი შესრულების ფონზე საუბრის თემა კვლავ „ქართული კულტურის“ გაცოცხლება იყო.
ასე, რომ კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უკვე ონლაინ იხილონ „ქართული კულტურა“–‘“გზეთი განათლებული ადამიანებისათვის“ და ადევნონ თვალყური პროცესებს რომლებიც მსოფლიო კულტურაში მიმდინარებოს.

თემები