ქართული კულტურის პრეზენტაცია და გულმავიწყობის “აუტანელი სიმსუბუქე”
სულხან მეტრეველი

2019 წლის 16 ნოემბერს “თეიმურაზ მეტრეველის ფონდმა” ონლაინ ჟურნალ “ქართული კულტურის” პრეზენტაცია გამართა. საერთოდ, ასე რომ ვთქვათ, ისტორიულად, გაზეთ “ქართულ კულტურას” საინტერესო დროში უწევდა ხოლმე არსებობა და ამ ონლაინ გამოცემის პრეზენტაცია ისევ ძალიან სიმბოლური გამოდგა. ჩვენი ღონისძიება პოლიტიკურად მეტად მტკივნეულ და ამავე დროს საინტერესო ამბავს დაემთხვა. საქართველოს პარლამენტმა, ვითომდა მაჟორიტარების ბუნტით, დაპირებული საკონსტიტუციო რეფორმა ჩააგდო და… დანარჩენი თქვენ თვითონ იცით. 16 ნოემბერი იმ ჩაგდებიდან პირველი შაბათი იყო. ამიტომაც, დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვა სწორედ ამ დღეს დაემთხვა. რადგანაც ჟურნალის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართებოდა, თანაც საღამოს ხუთ საათზე, ღონისძიება პირდაპირ საპროტესტო ტალღის ქარცეცხლში აღმოჩნდა.

აბა, მცირე ხნით წარმოვიდგინოთ ჩვენს პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების გასაჭირი. მათ ჯერ უნდა გადაელახათ საცობებით სასტიკად  ნატანჯი ქალაქი, მოსულიყვნენ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც პოლიტიკური ქარიშხალის ეპიცენტრი იყო, დაეძლიათ პოლიციისა თუ მომიტინგეთა ბარიკადები, ამოეხსნათ ურთულესი რებუსი სახელად “სად და როგორ დავაყენო ჩემი მანქანა ისე, რომ მისი დაყენების ადგილი ღონისძიებიდან უფრო შორს არ იყოს, ვიდრე ჩემი სახლია”, და შემდეგ ჩვენთან მოსულიყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ქარცეცხლის გამოვლისას “ქართული კულტურის” მეგობრების ნაწილი გზაში დავკარგეთ. დადის ამბები, რომ ზოგიერთ მათგანს პოლიტიკური აქცია ჩვენს პრეზენტაციაში აერია და იქვე დარჩა. ჩვენს საინტერესო პოლიტიკურ დროს, განა ვის უნდა ვუსაყვედუროთ, პოლიტიკური აქცია ქართული კულტურის პერმანენტულ ფლეშ-მობად მოეჩვენოს?

მიუხედავად ამ დიდი გაწამაწიისა, “ქართული კულტურის” პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. თუ როგორ, ამაზე თამარ ბელქანიას რეპორტაჟი მოგითხრობთ ლაკონურად. ამიტომაც ამ სტატიაში სხვა თემაზე გადავალთ. ეს თემა კი ასეთია: იქნებ და ვინმემ გვისაყვედუროს, ქვეყანაში ასეთი ამბებია და თქვენ კიდევ რა პრეზენტაცია და კულტურა აგიტყდათო. ეს საყვედური სერიოზულად განსახილველია. ჩვენი პასუხი ამ საყვედურზე სწორედ 2019 წლის ნოემბრის ეს ნომერია. ჩვენდა მოულოდნელად, იგი უაღრესად ისტორიული გამოდგა. ნოემბრის ამ გამოცემაში ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პოლიტიკის 30 წელზე მოგითხრობთ, თამარ გუნაშვილი “ნეტფლიქსის” რევოლუციაზე და შურთხია ბეროშვილი ერეკლე მეფის ნაკლებად ცნობილ ევროპულ პერიპეტიებზე. ამ ყველაფერს კი გაცილებით მეტი აქვს საერთო დღევანდელობასთან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ხშირად ემთხვევა გლობალურ პოლიტიკურ თუ სოციოეკონომიკურ ტრენდებს.  აი, მაგალითად, ნახეთ ულტრა კოვნსერვატიული და ულტრა მემარჯვენე ძალთა გააქტიურება და გაპოპულარულება ჩვენს ქვეყანაში. მსგავსი პროცესები უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა, დიდ ბრიტანეთსა, გერმანიასა თუ იტალიაში. არც საპროტესტო აქციებით ვართ მარტო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ისევე როგორც შორეული ჰონგ-კონგი აღშფოთებული მოსახლეობის საპროტესტო ტალღით არის მოცული. ისინი, ისევე უკმაყოფილონი არიან ხელისუფლებით, როგორ საქართველოს მოქალაქეები.

თავი და თავი ამ საყოველთაო არეულობისა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ისტორიული გამოცდილების სრული დავიწყებაა. ამაში ერთნაირად დამნაშავენი არიან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ასევე მმართველი პოლიტიკური ელიტის ლიდერები. საზოგადოებას რომ ისტორიული მეხსიერება წართმეული არ ჰქონდეს, შეუძლებელი იქნებოდა ულტრა მემარჯვენე ანდა ულტრა მემარცხენე ძალების წარმატება მას შედეგ, რაც მათ დედამიწა სრულ კატასტროფამდე მიიყვანეს გინდა ნაცისტური გერმანიის სახით და გინდა საბჭოთა კავშირის ექსპერიმენტით. ელიტების პოლიტიკური გულმავიწყობა რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა მათ საზოგადოება კიდევ ერთხელ სასოწარკვეთის იმ დონემდე მიეყვანათ, როგორც ამას დღეს ვხედავთ.

ზოგადად კარგი და მაღალხარისხიანი მედიის და კონკრეტულად კი “ქართული კულტურის” ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება ანდა აღდგენაა. სწორედ ამ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება-აღდგენას ემსახურება ჩვენი ციკლი “ქართული … 30 წელი” და ლევან ბერძენიშვილის ამ თვის ესე. შურთხია ბეროშვილის მიმოხილვა ერეკლე მეფის პერიპეტიებზე შეხსენება უნდა იყოს ყველასთვის, რომ ევროპას ყოველთვის აინტერესებდა და ახლაც აინტერესებს პატარა საქართველო და რომ, რამდენადაც ძლიერი უნდა იყოს ჩრდილოეთი, ქართველს გული ყოველთვის ევროპული ცივილიზაციისკენ მიუწევს და ეს ლტოლვა პოლიტიკური კონიუნქტურისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გაცილებით ფუნდამენტურია. “ქართული კულტურის” 2019 წლის ნოემბრის გამოცემა დაგვეხმარება დავძლიოთ პოლიტიკურ ელიტაში არსებული ისტორიული გულმავიწყობის დღეს არსებული აუტანელი სიმსუბუქე მძიმე და უამრავი საინტერესო მოვლენით სავსე საქართველოს პოლიტიკური ისტორიის და პოლიტიკური გამოცდილების გახსენებით.

“ნეტფლიქსი” კი, იკითხავთ, რა შუაშია აქ “ნეტფლიქსი”? თამარ გუნაშვილის სტატია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ყველგან მოიძებნება ერთი პატარა დავითი, რომელიც დიდ გოლიათს დაამარცხებს… ეს ისე, “ტრიუკების” მოყვარულთათვის.