ჩვენი დასაწერი წიგნები: „ვაშლის ბაღები“ და sHEROes
რუსუდან რუხაძე

კაცი დაღამებას ელოდება და ორმოს თხრას იწყებს, თან ეშინია, ეზოში არავინ შემოვიდეს და არ ესროლოს, გაფაციცებით აყურადებს გარემოს. გამთენიისას დიდ ორმოში ოცლიტრიანი ბოცებით ღვინოს მარხავს და მშვიდდება. ათი წლის მერე კი იხსენებს:

„ძალიან დიდი ღირებული ეს ღვინო კი არ იყო, უბრალოდ გინდა რაღაცას უშველო, რამე მაინც დაიცვა. გადავარჩინე ეს სამასი ლიტრი.“

ქალი ყოველდღიურ რიტუალს უდრტვინველად ასრულებს  – ყველი ამოჰყავს. შემდეგ საბუთებს, ფოტოებს და საკერავ მანქანას იღებს და სახლს ტოვებს. გზიდან წვერიახოს მაღლობზე გამაგრებულ რუს ჯარისკაცებს რუსულად გასძახის – ეს ჩემი საქართველოა! მოგვიანებით კი ამბობს: „სულ ეს იყო, რაც მოვახერხე.“

ორივე ამბავი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოხდა, თუმცა ტექსტებად მხოლოდ ათი წლის შეგდეგ იქცა. მანამდე ჩვენ სხვა ომი ვიცოდით, მხოლოდ ის, რომელიც მედიაში შუქდებოდა და ძირითადად რამდენიმე საკვანძო სიტყვას ეფუძნებოდა – რუსეთი, საქართველო, ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ. შესაბამისად პოლიტიკურმა დისკურსმა შთანთქა ის ომი, რომელიც ადამიანთათვის უაღრესად პირადული გამოცდილებაა და არასოდეს მთავრდება; რომელშიც საზარელი ხმები, ხატები და განცდები ერთმანეთს ენაცვლება, ხოლო ღვინის დამარხვა და ყველის ამოყვანა საყოფაცხოვრებო კი არა, სიცოცხლის სიყვარულის და თვითგადარჩენის აქტია – არა უიარაღოთა დანებების, არამედ მშვიდობიანთა გაბრძოლების და იმედის, რომელსაც ხშირად იმეორებენ ომგამოვლილები – „მერმის ამ დროს ჩვენს სახლებში!“.

ორი წლის წინ, როდესაც თბილისს ნობელის პრემიის ლაურეატი სევტლანა ალექსიევიჩი ეწვია, რუსთაველის თეატრში გამართულ შეხვედრაზე, დარბაზიდან ჰკითხეს – რატომ არ ჩანს თქვენს წიგნებში საქართველო. მისი პასუხი იყო მარტივი და დამაფიქრებელი – ეს თქვენი დასაწერია. რა თქმა უნდა, დოკუმენტურ პროზას გულისხმობდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩვენი დასაწერი წიგნების თაროზე ორი ახალი კრებული – ნინო ლომაძის „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“) და დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძისა sHEROes (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“) გამოჩნდა.

„ვაშლის ბაღები“, ავტორის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის მეხსიერების მიკროსაცავია, საიდანაც ადამიანების ხმები ისმის. sHEROes კი ორი მეგობრის, ფოტოგრაფისა და მწერლის ერთობლივი წიგნია, რომლებიც წინასიტყვაობაში აღნიშნავენ: „ჩვენი ამბის მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა,  ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.“

ორივე წიგნი ერთი და იმავე იდეას ეფუძნება – შეეგროვებინათ ზეპირი ისტორიები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნებოდა. ორივე მათგანს ერთვის ფოტოები, (sHEROes კონცეფტუალურადაც ფოტოწიგნია) თუმცა ამ მიმოხილვაში მხოლოდ ტექსტებზე ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ კრებულები სტურქტურულადაც მსგავსია – ომის თვითმხილველთა მონათხრობებს არ გააჩნია შემართებელი ქსოვილი, რაც შესაძლოა ყოფილიყო ავტორთა კომენტარები ან ისტორიული პასაჟები, მათ შორის არის სხვაობაც.  როგორც აღვნიშნეთ, sHEROes გმირები მხოლოდ ქალები არიან, თუმცა „ვაშლის ბაღებშიც“ უმეტესად ქალებს უადვილდებათ ომზე საუბარი. რაც შეეხება სტილისტურ სხვაობას, თუ პირველ წიგნში ზეპირი ისტორიები რედაქტირებულია, ენობრივი თვალსაზრისით, მეორეში ბუნებრიობა შენარჩუნებულია და ქვესათაურებიც („ერთი სული“, „საკონტროლო გასროლა“, „ერბოს ქილები“, „ჩაი“, „ჭრიჭინები“ და ა.შ.) მხატვრულ ელფერს სძენს დოკუმენტურ მასალას. მარტივად, თუ ერთგან „ტრანგალეტკა“ ბრჭყალებშია მოქცეული, „ინდიგოს“ წიგნში მას ეს არ სჭირდება.

ორივე კრებულის ტექსტებში სხვადასხვა შეფერილობისა და სიმკვეთრის არაერთი შრე იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო კონტექსტის გარდა, ტექსტები თითქოს არ უკავშრიდება ერთმანეთს, მაინც შეიძლება რამდენიმე მთავარი ხაზის გამორჩევა, აბზაც-აბზაც  თემატურ ძაფებზე აკინძვა და მრავალგანზომილებიანი სურათის შექმნა. თითქოს რა შეიძლება იყოს კაცის კვლაზე, ვაშლის ხეზე თავჩამომხრჩვალ ადამიანზე, კუბოზე დადებულ ერთადერთ ვარდზე, ჯარისკაცის ცარიელ საფლავსა ან მკვდარ სოფელზე შემაძრწუნებელი, მაგრამ ომგამოვლილთა გულწრფელ ნაამბობში ორი ხაზი, შეიძლება უფრო მეორადი და არა არტერიული, ყველაზე ნათლად წარმოაჩენს ადამიანის უფაქიზეს ბუნებას, შეგრძნებათა ფართო სპექტრსა და სიმძაფრის შკალას. პირველი, ეს გახლავთ ფაუნასთან ჰარმონიული ერთობლიობის გახლეჩა, ხოლო მეორე საგანთა სამყაროა, რომელიც ადამიანთა წარსულსა და ყოფიერების სიტკბოს ინახავს.

რადგან სწორედ მრავალხმიანობაა ამ წიგნების მთავარი ღირებულება, ადამიანთა ხმების გარეშე მათზე საუბარი შეუძლებელია.

ფაუნა

„იქა კიდე ნათელამ, ვაიმეო, შემოიკრა ხელი, ჩემი ღორიო ეხლა გოჭებსა უნდა ყრიდესო. წავიდე უნდა  და მივეპატრონოო, ცოდოაო. ადგა და გაიქცა.“

„დედამთილი და მამამთილი ვერაფრით ვერ წამოვიყვანეთ. გორში დარჩნენ. და კიდევ, ძაღლი დავტოვეთ, საოცარი ვინმე, არგენტინული დოგი, თეთრი, მაღალი, ულამაზესი. სროლებზე ისე შეხტებოდა თურმე. მერე სულ დადუმებულა. აღარც ყეფდა. რო ჩემოვედით ამ დამწვარ ქალაქში, ეგეც აღარ დაგხვდა. ნერვიულობისგან მოკვდა, ომმა მომიკლა.“

„ათი წელი გადის და რატომღაც აფეთქების ხმა კი არა, ხეობის ხმა გამახსენდება ხოლმე. ისეთი საშინელი სიჩუმე იყო, მარტო ჭრიჭინების ხმა ისმოდა. ჩიტებიც აღარ დაფრინავდნენ.“

„საქონელი გვყავდა ჩვენ, ერთი სული. ღამე რო ისროდნენ, მეშინოდა. დილით გამოვიდოდი, ვნახამდი ხელითა, ხო არ იყო დახვრეტილი.“

„ჯერ ბოსელში შევედი, სანთელი დავანთე, ძროხას შუბლზე ვაკოცე და ეგრე ვუთხარი: მე ეხლა მივდივარ და თქვენ რო აგიშვათ, ვაითუ სადმე წახვიდეთ და ვინმემ დაგკლათ. რაც არის, არის, აქ გტოვებთ-მეთქი. დავუყარე ბევრი ქატო, თივა, წყალი დავუდგი და გამოვიხურე კარები.“

„საშინელი შესახედავი იყო მიტოვებული საქონელი.ზოგი დაიხოცა დაბმული, ვინც მოასწრო და აუშვა, დაბომბვის დროს ამოწყდა.“

„ავტომატის სროლა და ამ ღორის ჭყივილი ერთი იყო, ხერხემალში გადაწყვიტეს. გამოიქცა გამწარებული, ჭიშკარში სანამ შემოვიდა, იქ დაეცა გზაზე. დედამთილს ვეუბნები, დედა, დაინახე, ეტყობა ღორი მოგვიკლეს-მეთქი. მოვკიდეთ ხელი, ერთი 150-კილოიანი იყო და ცოტაზეც თვითონ გვეხმარებოდა. საწყალი, თითქოს იგრძნო, შველა რო გვინდოდა. შემოვათრიეთ როგორც იყო. აბა, შიგ ხერხემალში ქონდა, რას ვუზამდი.“

„იმ ღამით არ წამოვედი, თერთმეტში გამოვედი, კაციშვილი არ იყო, უკვე ძაღლებიც აღარ იყვნენ.“

„ისე მწარედ მახსენდება ხოლმე ეგა… ქათმები მყავდა ბევრი. ქუჩაზე რო გამოვედი, მივიხედე უკან, სახლს შევავლო-მეთქი თვალი და ვხედავ, გადაბუმბლულია გზა. ქათმები ფარასავით, ესე მომდევენ უკან.“

„დაგვიწვეს სახლი. აღარაფერი. სუ ნახშირი.

იქა, ჭერში ბუდეები იყო. მერცხლები დამიწვეს. მე მაგთი… სუ წაუკიდეს.

იმდენი წელი გავიდა. აღარცერთი აღარ მოსულა.“

„ვაშლის ბაღები“

„წამოსვლის დღე ნათლად მახსოვს. ბიძაჩემს გავყევი ეზოში. კურდღლები, ქათმები, წიწილები – რაც კი გვყავდა, ყველაფერი გაუშვა. აუშვა ძაღლიც. თავიდან ვერ ხვდებოდი, რატომ აკეთებდა ამას. რა, აღარ დავბრუნდებოდით?“

„დღისით სახლში ხოხვით ვბრუნდებოდით, რომ ქათმებისთვის გვეჭმია. ძროხები და ხბოები ჯარის შემოსვლის დღესვე დაგვეკარგა.“

„საღორეში შევძვერი და დავიმალე. გარეთ რომ ისროდნენ, მეც და ღორიც შიშისგან ვხტოდით. ვზივარ, ვეფერები ღორს და ვეუბნები, ოღონდ ახლა არ გაინძრე, გადავრჩეთ და ხელს არ გახლებ, არაფრით არ დაგკლავ-მეთქი. საღორეში დაყრილ ნახერხზე ვიწექით ღამის ორ საათამდე მე და ჩემი ღორი.“

„გზაში ძაღლების ხმა გავგეთ. მივედი, რომ მენახა, ოსებიც იქ იყვნენ თუ არა. პატარა შენობა შემრჩა ხელში, შემოვუარე, ფანჯარა ვიპოვე და შევიხედე. ძაღლებით იყო სავსე იქაურობა. თურმე კაზაკები კლავდნენ, წვავდნენ და ჭამდნენ.“

„მახსოვს, კიბეზე ვდგავარ, ვიყურები და ვგრძნობ, უკნიდან ვიღაც მიახლოვდება. შიშისგან გავქვავდი. მხარზე შეხება ვიგრძენი და მივხვდი, რომ ეს არ იყო ადამიანის ხელი. მოვბრუნდი და ჩემი ძაღლი შემრჩა.“

„მახსოვს სამარისებური სიჩუმე ქალაქში, კორპუსებსა და ქუჩებში კანტი-კუნტად შემორჩენილი ადამიანები, ძროხების და კატების ხმები დაცლილ სოფლებში, დამტვრეული და გადამწვარი მანქანები გზებზე. მახსოვს ჩიტები, როლებიც დაბლა დაფრინავდნენ.“

sHEROes

საგანთა სამყარო

„ჩემი მეუღლე არ შემოდიოდა შიშით. შევიპარებოდი მე, ავიკიდავდი იმ ჭურჭელს, ავიკიდავდი იმ ლოგინსა, იმ რაღაცეებსა და მივდიოდი. ეგ მხვდებოდა ბოლოში, სახლთან და პოლიცია იცინოდა, ქალს უშვებ და შენ აქა ხარო? ყვავილებიც კი გავზიდე. პოსტზე ბიჭები: ქალბატონო, მაგის მეტი არაფერი გრჩებათო? ბევრი რამე მრჩება, შვილო, მაგრამ ყვავილებიც ხო ჩემია. ეგენიც ხო სუნთქავენ-მეთქი, ვუთხარი.“

„აქედან რომ მივდიოდით, ტელევიზორს ვდებდით მანქანაში, ეს მაინც წავიღოთ-თქო. მეზობლის ქალი მოვარდა ამ დროს, შვილიშვილთან ერთად – თუ არ წაგვიყვანთ, ჩათვალეთ, აქ დავიხოცებითო. გადმოვიღეთ ტელევიზორი და ჩავსვით ეს ხალხი.“

„ჩემი დიპლომი, ერთი ყავის ჭიქაი და ერთი ყავის კოვზი წამოვიღე იქიდანა სამახსოვროთა.“

„ცოტა რო მიწყნარდა, შევიკრიბეთ ქალები, ვეში გვქონდა დარჩენილი და სოფლებში აბრუნება გვინდოდა. კაცებს არა. ეშინოდათ მაგათ, ქალები წავედით.“

„ჩემს ბიჭს ახალი ტყავის კურტკა ჰქონდა ნაყიდი და იმ პაპანაქება სიცხეში ის კურტკა ჩავიცვი და ზემოდან კიდე სქელი გადავიცვი, რო ის დავმალო, ეს მაინც ჩავიტანო-მეთქი.“

„ვაშლის ბაღები“

„რას წაიღებ? სახლში შევედი და კარადა გამოვაღე. მხოლოდ საბუთები ავიღე. სახლიდან გამოსვლისას მივიხედ-მოვიხედე, გაზეთიდან ამოჭრილი ღვთისმშობლის ხატი ჩამოვხსენი, ჩარჩოდან გარდაცვლილი დედის ახალგაზრდობის ფოტო ამოვიღე, ბლოკნოტში ორივე ერთად ჩავდე, პირჯვარი გადავიწერე და გამოვედი. თავიდან გასაღების გადაგდებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, არა, ამ კარს ისევ მე გავაღებ-მეთქი. ის გასაღები ახლაც მაქვს.“

„შვილის ბანკეტის კაბა ავიღე და წამოვედი.“

„ჩვენი სახლი მთლიანად გაანადგურეს, მხოლოდ პიანინო გადარჩა და ჩემი საქორწილო ფეხსაცმელი.“

„ვეხვეწებოდი, გამიშვით, არაფერი გვაქვს-მეთქი. მართლაც მარტო ჩემი ბიჭის ფეხსაცმელი, შარვალი და კოსტუმი მიმქონდა – უნდა დაქორწინებულიყო.“

„ჩემი სახლიდან მარტო ერთი დამწვარი ქვაბი წამოვიღე. სულ ვფიქრობ, გადავაგდო, მაგრამ ვერ ველევი, რადგან ეს არის ერთადერთი ნივთი, რომელიც ჩემი ძველი ცხოვრებიდან შემომრჩა.“

sHEROes

ორივე წიგნის ორნამენტულ ქსოვილში კიდევ არაერთი სხვადასხვა ტონალობის ძაფია, ზოგი ბევრად მკვეთრი და უწყვეტი, – მათ შორის, შვილმკვდარი დედების, რომელთა არჩევანი გმირების მშობლობა არ ყოფილა; მოხუცების, რომლებიც დარჩენას ამჯობინებენ, ან ყველაზე გვიან ტოვებენ მშობლიურ სოფელს და შემდეგ პირველები ბრუნდებიან; ქალების, ძალადობის შიშით მოხუცებივით რომ ინიღბებიან, ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში კი მყისიერ ხსნას გადანახულ ტყვიასა და ვაშლის შესაწამლ შხამში ხედავენ; მოულოდნელობის საზარელი განცდის, თავსდამტყდარი ომი და უბედურება ლობიოს აღებისა და პამიდვრის მწიფობის დროს რომ ემთხვევა.

ადამიანთა გულსა და გონებაში შენახული ამბები სხეულიდან იშვიათად გადადის ინფორმაციის სხვა მატარებელზე, ქაღალდი იქნებ ეს თუ დიქტოფონი. მძაფრი განცდების თუ შეგრძნებების ამბებად აშრევებას, მოყოლას და აღბეჭდვას ზოგისთვის დრო და შუამავალი სჭირდება. ეს კი ჟურნალისტების, მწერლების და ისტორიკოსების საქმეა, რომ საერთო მეხსიერების ჩამოყალიბებისთვის და წარსულის გააზრებისთვის ჯერ ომის თვითმხილველებთან, შემდეგ კი ტექსტებთან ფაქიზად და სიღრმისეულად იმუშაონ. დოკუმენტური პროზის ეს ფორმატი  ჩვენს უახლეს ისტორიას ახალ განზომილებას ანიჭებს, სწორედ იმას, რომელსაც თვითმხილველთა ხმების მთავარი შემგროვებელი, სვეტლანა ალექსიევიჩი თავის ერთ-ერთ წიგნში სულ სამი სიტყვით განმარტავს – ადამიანი ომზე მეტია.