წიგნის სამყაროს გამოცანები
როსტომ ჩხეიძე

(გამოთხოვება გივი მარგველაშვილთან)

რამ აცოცხლა აქამდე გივი მარგველაშვილი, მეათე ათეულ წელში რომ შეაბიჯებდა?

და შეაბიჯებდა თამამად, ჭაბუკურად, გაუხუნარი აზროვნებითა და ახალ-ახალი ჩანაფიქრებით აღვსილი.

ცოტა მუხლი აღარ მოსდევდა ისერიგად ბოლო ჟამს, მაგრამ ლიტერატურული მუხლი კვლავინდებურად ჩაუქად უჭრიდა. 

რამ აცოცხლა ნეტა აქამდე?

ჯერ ისედაც უძნელდებათ მეცხრე ათეულში გადასვლა, და… ისეთი ბიოგრაფიის კაცს, გივი მარგველაშვილი რომ გახლდათ, თითქოსდა კიდევ უფრო უნდა გაძნელებოდა. 

ნატანჯი, ნაუბედურალი, ჯოჯოხეთის ლამის ცხრავე კარის შემხსნელი ამქვეყნიურ სინამდვილეში, ან რაღა ლამის… 

ემიგრანტული ყმაწვილკაცობა ერგებოდა, მშობლიურ ენას რომ უნდა მომწყდარიყო, თუმც მშობლიურ ფესვებს კი არა, რადგანაც მამა – ტიტე მარგველაშვილი – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე უნერგავდა დაკარგული მიწის სიყვარულს, სადღაც შორეთში მიფარებული საოცნებო ქვეყანას რომ გაუიგივდებოდა ბავშვის თვალთახედვაში, და იქ მოხვედრის ნატვრაში ათენ-აღამებდა. 

და ის საოცნებო, ნანინანატრი ქვეყანა ისე ავად უნდა დახვედროდა – რა საქართველოს ბრალი იყო ასეთი დახვედრა, მაგრამ თვითონ ეს ქვეყანა მოხვედრილიყო საზარელ მარწუხებში, მის ხელთ აღარაფერი გახლდათ და აღასრულებდა ნებას იმპერიული ხელისუფლებისა, სრულ გადაგვარებას რომ უქადდა ისედაც მის სტომაქში ჩავარდნილს… 

ასე გაუუცხოვდებოდნენ ერთმანეთს დამოუკიდებლობადაკარგული საქართველო და მისი ერთი საუკეთესო შვილი, რომელსაც თვალწინ უნდა დაეკარგა ხორციელი მამა – დაეხვრიტათ ჩეკელებს, რომელთაც გერმანიიდან გამოეტაცათ მამა-შვილი. 

ტიტე მარგველაშვილი ვერ დაეყოლიებინათ თანამშრომლობაზე და კიდეც სასიკვდილოდ გაემეტებინათ შვილს კი, ჩეკელთა საკნის გადამტანს, დიდხანს, საბჭოთა იმპერიის დამხობამდე, არ უნდა მოჰკლებოდა საიდუმლო სამსახურების თვალთვალი და შევიწროება.

ქვასაც გასტეხდა ასეთი ყოფა. 

ქვასაც მოინელებდა. 

მაგრამ ვერ გაეტეხა გივი მარგველაშვილი, რაკიღა უდრეკი, უტეხი სულისას გადაჰყროდა, იმ შინაგანი ენერგიისას, იქით რომ მოინელებდა ძალადობრივ რეჟიმს და გარეგნულადაც იგრძნობდა იმ თავისუფლებას, რომელსაც შინაგანად ისედაც ყოველთვის თან დაატარებდა – ყველაზე შემზარავ და კოშმარულ წუთებშიც.

ეს შინაგანი თავისუფლება მოუტანდა იშვიათ სილაღესაც, დაუშრეტელ ფანტაზიას რომ შეუზავდებოდა და მიაგნებინებდა თავის მხატვრულ სამყაროს, იმ ესთეტიკაზე დაყრდნობილს, თამაში რომ ჰქვია და არაერთ დასავლელ მწერალს გაიტაცებდა – ვინ ხელოვნურად რომ მოინდომებდა ამ ესთეტიკაზე აგებას თავისი თხრობისა, ვინ – სავსებით ბუნებრივად, გივი მარგველაშვილისათვის მეტად მახლობელი რომ აღმოჩნდებოდა ეს მხატვრული ხედვა, ეს ესთეტიკა და სტილისტიკა, და მანამდე რომ არ მიეგნოთ ამ თავისებურებისათვის, ეს მიაგნებდა უეჭველად.

თუმც თავისი ტვიფარით კი აღბეჭდავდა ამ ესთეტიკას და კიდევ სხვა განზომილებაში გადაიყვანდა, სანიმუშოდ რომ აქცევდა და თარგად სხვათათვის თავის ლექსებსაც, მინიატურებსაც და რომანებსაც – თამაში მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და სიუხვით რომ მოსკდებოდა, მთელი თავისი ძალმოსილებით და მწერალს განუმტკიცებდა სულიერ ენერგიასაც და შეუპოვრობასაც ძალმომრე რეჟიმის წინაშე, თავის ოთახსა და საწერ მაგიდას შეფარული მთელს სამყაროს რომ ელაპარაკებოდა, მომავლის სამყაროს, თავისუფალ სამყაროს, რომლის მხატვრულ მოდელსაც ქმნიდა – ჯერ ერთი-ორი მკითხველის იმედად, მერედამერე მისი ხანაც რომ უნდა დამდგარიყო: უფრო გერმანელი მკითხველის წინაშე, რაკიღა ქართული ენის ფესვებს მოწყვეტილი, ქართული ენის საბადოებსა და ლაბირინთებს, ნებას არ მისცემდა თავს, ეწერა იმ თავისთავად გამართული ქართულით, რომელზედაც მეტყველებდა. 

საუბრისას ვერ შეატყობდი, ეს კაცი რაიმე ბარიერს თუ შეიძლება წაწყდომოდა ამ ენაზე წერისას.

მაგრამ იმ საბადოებისა და ლაბირინთების შეგრძნება-დაუფლების გარეშე ვერ იქმნება ნამდვილი ლიტერატურა, ის სიმაღლე, რომელსაც გივი მარგველაშვილი მიელტვოდა და მხოლოდღა გამართული სტილისტიკა ასეთ დროს ბევრს არას ნიშნავდა მისთვის.

ამიტომაც უნდა შეფარებოდა გერმანულ ენას და მთელი თავისი არტისტიზმი და გზნება ამ ენის სიღრმეების გადმოშლაში ჩაეხარჯა, თამაშისა და ფანტაზიის ფოიერვერკი მთელი არსებით დაეტრიალებინა და მკითხველიც მორევივით ჩაეთრია, ოღონდ ისეთი მორევივით, იქიდან ამოღწევა რომ აღარც ენდომებოდათ. 

შეფარებოდა, ოღონდ… გერმანელ მწერლად კი არ გადაქცეულიყო. 

თუკი ენა გერმანულია, მწერალი ქართველად როგორღა დარჩებოდა?

როგორ და:

ტკივილებს გამოთქვამდა ქართულს, საფიქრალ-სადარდებელს გადმოშლიდა ქართულს, თემატიკას აირჩევდა პირწმინდად ქართულს… 

თუმც სიტყვა `არჩევანი~ შესაძლოა მთლად ზუსტი არც იყოს, რადგანაც გივი მარგველაშვილს ასარჩევი არ გაუხდებოდა თემატიკა – ის მისი სულის სიღრმიდან მოდიოდა, ყველაზე ფაქიზი, ყველაზე ინტიმური შეგრძნებებიდან და ფიქრებიდან და გარემომცველი რეალობა მხოლოდღა მასალებს აწვდიდა, ამ იდუმალი განცდებისათვის სურათები, ხასიათები, სიუჟეტები რომ მოერგო და მძაფრი ტკივილები თამაშის ესთეტიკაში მოექცია, რათა ცოტაოდნავად შეენელებინა უზომო სატკივარის სიმწარე და შვებად, ნუგეშად, იმედად შეეთავაზებინა თანდათანობით სულ უფრო გამოკვეთილი მხატვრული სამყარო წარმოსახვითი მკითხველისათვის.

ჯერ მაინც წარმოსახვითი მკითხველისათვის, რადგანაც თითოოროლა ადამიანის მეტი ვერ იხილავდა ამ ექსპრესიულ, შთამბეჭდავ, გულისშემძვრელ თხზულებებს, ხელნაწერებად რომ რჩებოდა… და რჩებოდა ხელნაწერებად დიდხანს და დიდხანს, იმპერიის დანგრევის ნატვრასა და მოლოდინში, თორემ სხვაგვარად ვინ აჩვენებდა მზის შუქს… 

`ქართული რომანი~ – კიდეც მიაწერდა ქვესათაურად `მუცალს~, ვაჟა-ფშაველას პოემის – `ალუდა ქეთელაური~ – ერთ, ოღონდ არსებით სიუჟეტურ რგოლსა და პერსონაჟებზე ამოზრდილს, სულ სხვა ქარგას რომ მოიყოლებდა, რადგანაც მუცალი, წუთიერად გამოჩენილი პოემის ფურცლებზე და აღსრულებული ალუდა ქეთელაურის ხელით, აქ მთავარ გმირად უნდა წარმოსახულიყო, ალუდასთან დამეგობრებული მასთან ერთად უჩვეულო ამბებსაც რომ დაატრიალებდა, რომანისტის უკიდეგანო ფანტაზია სამოქმედო არეს ფეხქვეშ რომ გაუფენდა.

ქართული რომანი… 

დაე მივმხვდარიყავით და ეს განსაზღვრება თუ სიტყვათშეთანხმება განგვეზოგადებინა გივი მარგველაშვილის რომანებზეც და მთელს შემოქმედებით ნაღვაწზეც, ეს ყოფილიყო ამოსავალი მისი მხატვრული სამყაროს შეცნობისა და გააზრებისა, ხედვის ყველაზე სწორი კუთხე, ყველაზე უტყუარი გზამკვლევი, მხატვრული ძალმოსილებით აღტაცებულნი და მოხიბლულნი რომ ვივლიდით და ვიბორიალებდით ამ სამყაროს თვალგადაუწვდენელ სივრცეებში, გარეგნულადაც ვეებად რომ წარმოდგებოდა და მისი მოგუმბათება-მოპირკეთებაც მოესწრებოდა… 

ისე ნეტა ჯეიმზ ჯოისსაც თუ შეიძლება მიეწერა `ულისესათვის~ ქვესათაურად `ირლანდიური რომანი~?

საამისო ცნობა არსად მოიპოვება, თუმც საგულვებელი კი არის, რომ ასეც განეზრახა და აღნიშვნა ან უნებლიეთ გამორჩებოდა, ანდა ზედმეტად მიიჩნევდა: ისედაც მიმიხვდებიანო.

საგულვებელი საიდან არის და:

ლეოპოლდ ბლუმის დუბლინური ოდისეა თანდათან რომ წარმოაჩენს მკითხველის თვალწინ დაპყრობილ-დაბეჩავებული ირლანდიის დედაქალაქის ტოპოგრაფიას – ასე ცოცხლად, ასე ხელშესახებად და ცხადლივ შემონახულს მწერლის მეხსიერებაში, მწერლისა, რომელსაც ვერ გაეგო, რატომ ეკითხებოდნენ: როდის დაუბრუნდებით ირლანდიასო? – და გაოცებით ამიტომაც პასუხობდათ:

– მე ხომ ის არც არასოდეს მიმიტოვებია. 

და ამას ამბობდა კაცი, რომელიც ერთიდაერთი რომ გამოეცლებოდა მშობლიურ ქვეყანას და ევროპის კონტინენტზე დამკვიდრდებოდა, სიცოცხლეში აღარც არასოდეს დაუბრუნდებოდა ირლანდიას.

მაგრამ… სულიერად ყოველთვის თან დაატარებდა.

და ეს სულიერება გარეგნულადაც უნდა დადასტურებულიყო `ულისეში~ ასეთი შთამბეჭდავი ძალით გამოხატული დუბლინური ხედებითა და პეიზაჟებით.

და გულში ამიტომაც მიაწერს ყველა ნამდვილი მკითხველი `ულისეს~ ქვესათაურად: ირლანდიურ რომანს.

გივი მარგველაშვილის რომანის ქვესათაური ამ ვარაუდს ჯეიმზ ჯოისის ჩანაფიქრზე კიდევ უფრო განგვიმტკიცებს. 

ევროპის კონტინენტს გივი მარგველაშვილიც მიაშურებდა – სიყმაწვილე სადაც დაეტოვებინა და მისი თხზულებანი – გერმანული ენობრივი გარსის წყალობით – საითაც ადვილად გაიკვლევდა გზას, სალიტერატურო კრიტიკაც და ლიტერატურული წრეებიც სიხარულით და აღფრთოვანებით რომ შეეგებებოდნენ და აღიარებდნენ მისი მხატვრული სამყაროს თავისებურებასაც და დიდებულებასაც. 

აღარც ენდომებოდათ იქიდან მისი გამოშვება, მაგრამ იქ ვეღარ გაძლებდა ქართველი მწერალი, დიახაც – ქართველი მწერალი, მერე რა, რომ გერმანულენოვანი, და დაუბრუნდებოდა თავის ფესვებს, რომლის ნახვის ნატვრაშიც დაელია სული ტიტე მარგველაშვილს. 

ჯეიმზ ჯოისისა მხოლოდ ცხედარი დაუბრუნდებოდა ირლანდიას. 

გივი მარგველაშვილი კიდევ კარგახანს იტრიალებდა ქართულ გარემოში, ბოლო წუთამდე რომ შეინარჩუნებდა გონების სისაღეს.

უტეხი, უდრეკი სული გააძლებინებდა. 

გააძლებინებდა შინაგანი ენერგია და თამაშის დაუშრეტელი სურვილი. 

მაგრამ მწარე, გაუსაძლის ყოფას, ჩალუსკუმებულს, ეს ყოველივე გადაფარავდა?

იმპერიის დამხობის შემდგომ ის მწარე, გაუსაძლისი ყოფა რამდენადმე შეცვლილიყო, მაგრამ ჯერაც უნდა გამოეკვლია გზა ქართველი მკითხველისაკენ, ჯერაც უნდა ეცნო და დაეფასებინა სამშობლოს დრამატული ბიოგრაფიის შვილის ღვაწლი, მსოფლიო რანგითა და მასშტაბით რომ განიზომებოდა. 

სასიკეთო ძვრები მოჩანდა ამ მხრივ, მაგრამ… ჯერაც ამოვარდნილი რჩებოდა გივი მარგველაშვილი იმ ყოფითი სინამდვილიდან, რომლის მხატვრული გააზრება-გარდასახვისათვისაც გადაეგო და შეეწირა მთელი ცხოვრება. 

კიდევ რას უნდა ეცოცხლებინა?

რა იყო ის `რაღაც~, რაც უსათუოდ ესაჭიროებოდა სულიერ საწვავად, შინაგანი ენერგიის განახლებისათვის?

რას უნდა ეცოცხლებინა… რა იყო ის `რაღაც~ და:

წიგნის სამყარო და გარემომცველი სინამდვილე ერთმანეთისაგან რომ აღარც განერჩეოდა, ყოფით რეალობასაც ერთ უზარმაზარ, უკიდეგანო ტექსტად აღიქვამდა და იქ მოფუსფუსე თუ მოტრიალე ადამიანებს გააიგივებდა წიგნის პერსონაჟებთან, იმ პერსონაჟებს კი – თვალწინ არსებულ ადამიანებთან. 

და… თვითონაც წიგნის გმირად გარდაისახებოდა. 

და შეეძლო იმდენჯერ მომკვდარიყო და კვლავ აღმდგარიყო, რამდენჯერაც ახალ-ახალი მკითხველი გაეცნობოდა და ჩაუღრმავდებოდა მის არაორდინარულ თავგადასავალს.

ისევე შერწყმოდა თავისივე თუ სხვათა პერსონაჟებს, როგორც გარშემომყოფ ხალხს, ერთიანობაში რომ შეიგრძნობდა ორივე ნაკადს – წიგნისმიერსაც და ყოფითი სინამდვილისასაც, და ამიტომ თამამად გაუსწორებდა თვალს სიკვდილსაც, და არც მასთან შეღიმილება და თამაში მოსწყინდებოდა, რაკიღა იცოდა: ვერას დააკლებდა წიგნი ყდებს შორის მოქცეულსა და საიმედოდ დაცულს.

აქ, ამ განზომილებაში ლექსებიც და ყველა ჟანრის ლიტერატურული თხზულებაც წყაროსა ჰგავდა, მხოლოდ მაშინ რომ იწყებდნენ დენას, როდესაც ვინმეს მათი წყალი სურდა, და ვინც სვამდა – მათი მკითხველი გახლდათ, რომელნიც მოგზაურებისაგან არც განირჩეოდნენ – ამიტომაც დაეხეტებოდნენ დაუღალავად ერთი ჭა-თხზულებიდან მეორისაკენ.

თხზულებათა წყლის აუზი მათ უსასრულო რიგებს აირეკლავდა?

თუმც თვითეულს შედარებთი მსწრაფლწარმავალი თხზულება-ყოფნის წამით. 

და დაე ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ, რომ:

ყოველ ასეთ წყაროსთვალს თავისი სულიც ჰყავს – მწერალი, რომელიც თვითონაც სიამით ეწაფება ხოლმე ლექსისა თუ მოთხრობისა თუ პიესისა თუ ესეის წყალს და ურიცხვი ცხოვრებითაც ცხოვრობს: იმდენით, რამდენი მკითხველიც ჰყავს.

და ყველაზე უარესი რა შეიძლება იყოს მისთვის, თუ არა ეს მწარე, უნუგეშო რეალობა:

როცა მოგზაურები სულ უფრო იშვიათად ჩაიმუხლებენ მის მწვანე ნაპირთან და როცა მისი წყლით აღარავინ იკლავს წყურვილს. 

და… წიგნის სამყარო რომ არანაკლებ მკაცრი გახლავთ, ვიდრე გარემომცველი სინამდვილე?

როგორც ერთ მინიატურაში თვითონვე აღიარებდა ამ სიმკაცრის არსებობასაც და გარდუვალობასაც:

ესთეტიკა არ არის ეთიკაო.

სწორედაც რომ:

ესთეტიკა არც შეიძლება იყოს ეთიკა.

ამიტომ ბევრი, ძალიან ბევრი პერსონაჟი ბელეტრისტული თხზულებისა თუ ლირიკული გმირი განწირული გახლდათ დასავიწყებლად, და მხოლოდღა უნდა ექვითინათ და გულს შემოწყდომოდნენ რომელიღაც ღვთისნიერი თუ… დაბნეული მკითხველის ყურადღების მოლოდინში.

მაგრამ სრულიად განსხვავდებოდა ეს ორი სიმკაცრე.

გარემომცველი რეალობისა – არაბუნებრიობაზე ამოზრდილიყო.

წიგნისმიერი რეალობისა – ბუნებრიობაზე. 

და თვითონ გივი მარგველაშვილს რაღას შინებოდა სიკვდილისა, როდესაც შეეძლო წამდაუწუმ აღმდგარიყო, ხელახლა გამოევლო განვლილი გზა და ახალ-ახალი რეალიებითა და ნიუანსებითაც შემოსილიყო ნამდვილი მკითხველის გულსა და გონებაში გამოტარებული, არაერთი რამ თვითონაც მოულოდნელად აღმოეჩინა მისკენ დახრილი თავების სინათლეში, თავებისა, რომელთა ზემოთაც აღმართულიყო კიდევ ორი თავი – უფლისა და ეშმაკისა, რომელნიც თავთავისებურად კითხულობდნენ სამყაროს, წუთისოფლის ტექსტს და თავთავისთვისაც ინაწილებდნენ.

ამ გადანაწილებაში მოჰყვებოდნენ მკითხველები.

მწერლებიც ამ გადანაწილებაში მოჰყვებოდნენ. 

და ყველაზე მწვავე და შეურიგებელი როდესაც გახდებოდა ეს გადანაწილება, ანუ მეოცე საუკუნის ღმერთსმოკლებული, მეფისტოფელური სული რომ მომძლავრდებოდა, და მზერა უნდა გაგესწორებინა დანგრეული სულიერებისათვის და მისგან თავდაღწევაც გეცადა, ერთი ყველაზე სწორი მხატვრული მეთოდი ამ მორღვეულ გარემოში ტრაგიკომიკური ხედვიდან და სტილური ძიებებიდან უნდა ამოზრდილიყო… და გივი მარგველაშვილის სტილისტიკა ისევე ძალდაუტანებლად ამოიზრდებოდა ამ მხატვრული ხედვიდან, როგორი ძალდაუტანებლობითაც გაითავისებდა თამაშის ესთეტიკასაც და გარემომცველი რეალობის გააზრებასაც ტექსტად.

და თუ რაიმეს დაგვიტოვებდა ანდერძად, უთუოდ ამასაც:

გაგვეთხარა ჩვენი ხსოვნის წიაღი და გვეპოვა ასეთი დიდი ხნის დამარხული და დავიწყებული ადამიანი. მივხმარებოდით: ჩაგვესუნთქებინა, ამოგვესუნთქებინა და… მოგონების ნაზი მიდამოს ჰაერი კვლავ აუვსებდა ფილტვებს; და ისევ ამეტყველდებოდა, როგორც ოდესღაც, წელშიც გაიმართებოდა, ვით იმ ოდესღაც, და გაივლიდა და გაიცინებდა და მოგვიყვებოდა თავის საყვარელ ძველ ანეკდოტებსაც.

და მხოლოდ მტკიცე დაპირებით მოვშორებოდით:

რომ მოგონების გზა-ბილიკი, რომელსაც მისკენ გავეყვანეთ, არ წაიშლებოდა, და ამ ბილიკით კვლავ ხშირად მოვინახულებდით, და ჩვენი ფიქრის თვითმფრინავის მრგვალი სარკმლიდან ზოგჯერ მასაც დავანახვებდით ჩვენს აწმყო ყოფას.

მოკლედ:

მასაც დავიმგზავრებდით ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ვიცხოვრებდით.

ეჰ, რამდენი იწვა ხსოვნის ყველა სასაფლაოზე და მოელოდა, მოელოდა მკვდრეთით აღდგომას.

და აღარ უნდა დაგვეყოვნებინა, აგვეღო ბარი და გვეთხარა, გვეთხარა – ფხიზლად, სათუთად – დამარხული სიცოცხლეები.

***

თვალწინ გადაგვშლია სამყაროს ტექსტი – წიგნისმიღმური და… აწ უკვე წიგნად გარდაქმნილი. 

და დავყურებთ ყველა მკითხველი. 

და ჩვენს ზემოთ კიდევ ორი თავი გადმოხრილა – უფლისა და ეშმაკის, ერთმანეთს რომ არ ანებებენ სამყაროს წაკითხვას, ორივე თავთავისკენ რომ მიითრევს ნაწერს…

და თუ მწყურვალებივით ვესწრაფით იმ კეთილი ჟამის დაბრუნებას, ღმერთი ზემოდან რომ გადმოსცქეროდა სატანას – დაცემულსა და წელათრეულს, სამყაროს გზა-ბილიკებზე უსათუოდ უნდა მოვიმარჯვოთ გივი მარგველაშვილის თხზულებანიც სანდო გზამკვლევებად და  მეგზურებად იმ სივრცეში, სადაც გარემომცველ სამყაროს აღვიქვამთ წიგნად, წიგნს კი გარემომცველ სამყაროდ… და ბარით ხელში, ფხიზლად, სათუთად აღმოვაჩენთ და ამოვამზევებთ დამარხულ სიცოცხლეებს.

***

და გაგრძელდება თამაშიც, ლაღი, ჭაბუკური სულითა და მჩქეფარებით აღვსილი თამაში სიკვდილთან… 

და აღარც წიგნის სამყაროს გამოცანები დაგვრჩება ამოუხსნელი, თუმც იდუმალ, ჯადოსნურ საწყისსა და სარჩულსაც ყოველთვის შეინარჩუნებს. 

უამისოდ რაღა ამოხსნა იქნება გამოცანისა… და სრულფასოვნად ვეღარც შეიგრძნობ, რომ წიგნის გმირი ხარ და ორ ყდას შორის მიედინება შენი ცხოვრება, კვლავდაკვლავ დაბრუნებული ყოფითი სინამდვილის მზეს, რათა ერთხორც და ერთსულ განიცადო თავი მკითხველთან.

და გააგრძელო თამაში მწერალთან ერთად, ტრაგიკულთან, გამორჩეულთან, ახალი დროის მესიტყვესთან, დიდი სივრცეების ბინადრად რომ გაქცია თავის თავს შერწყმული.

და მთელი არსებით დაეწაფო იმ სათავეს, საიდანაც მოჩქეფს, მოღელავს, მოდგაფუნებს გივი მარგველაშვილის მხატვრული აზროვნების წყაროსთვალი… 

 

თემები