დავით წერედიანისეული „პრუფროკი“ ანუ საგულისხმო გაბაასება
პაატა ჩხეიძე

ტომას სტერნზ ელიოტს, როგორც პოეტს, კრიტიკოსსა და მოაზროვნეს ენდობიან საქართველოში. ამიტომაა, რომ მრავალ, მოდერნისტ, პოეტთა თუ კრიტიკოსთა თხზულებათაგან  ყველაზე მეტი მის ლექსებისა თუ ესეების თარგმანები მოგვეპოვება და კიდევ ითარგმნება.

2018 წლის 17 მაისს, „ლიტერატურულ გაზეთში“, „ჯ. ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო საგალობელი“ დაიბეჭდა, დავით წერდიანის თარგმანი, რამაც მაშინვე მიიქცია ყურადღება, გამოხმაურებაც ჰქონდა, ტელეგადაცემაში აღნიშნა თარგმანის მაღალმხატვრულობა როსტომ ჩხეიძემ და რომ არა გაზეთის მცირე ტირაჟი და მწირი რეკლამა, მეტადაც გახმაურდებოდა, მაგრამ როგორღაც მიიჩრდილა და პირველობა გარსია ლორკას „ბოშურ რომანსეროს“,  დავით წერდიანისეულ თარგმანს დაუთმო. არადა, ჩემი აზრით, დავით წერედიანის პოეზია და მსოფლმხედველობა ტომას ელიოტთან ახლოს არის, უფრო ახლოს, ვიდრე ლორკასთან.

საჭიროა ითქვას, რომ „პრუფროკის“ ახალი თარგმანით ქართულ პოეზიას კიდევ ერთი შედევრი შეემატა. იმას კი არ ვამბობ, რომ „პრუფროკია“ შედევრი, არამედ იმას, რომ ქართული თარგმანიც შედევრია.

ტ.ს. ელიოტმა თავისი იდიოლექტი პირველად „პრუფროკში“ იპოვნაო, წერს ჰელენ ვენდლერი. ამ ლექსის წერა ელიოტს 1910 წელს დაუწყია,  მრავალი ვარიანტი მოუსინჯავს და 1915 წელს გამოუქვეყნებია.

ამ ლექსში უკვე მოჩანს მთავარი საწუხარი ელიოტისა და პრობლემა ახალი ეპოქისა – დაკნინება და სტერილურობა ადამიანური ყოფისა, მეოცე საუკუნეში.

ლექსი დრამატული მონოლოგია. პროტაგონისტი მიმართავს სხვას.

 – ვინ არის ეს სხვა?

რაკი დრამატული მონოლოგია, ბრაუნინგთან უნდა ვეძიოთ კვალი. ასეცაა და არცაა ასე! ელიოტს ბრაუნინგთან რა გააჩერებდა და, ამიტომ, პრუფროკი  არც ცოლს მიმართავს, არც შუაკაცსა თუ მაჭანკალს და არც სხვა ახლობელ-ნათესავს.

და, მაინც, ვის მიმართავს ლირიკული გმირი?

Let us go then, you and I . . .

–       მაშ წავიდეთ მე და შენო,

წერს პოეტი და უნდა ვიფიქოთ, რომ ან სხვას მიმართავს ან მკითხველს მოუწოდებს, მაგრამ ეს სხვა არავინაა თუ არა თვითონ პოეტი, მისი საკუთარი მე -ა, გონების სიღრმეა,  რასაც ადრეულ ლექსებში, „პრუფროკის უძილობა“, „დამწვარი მოცეკვავე“ და „თვითრეფლექსია“, ვხვდებით თანამიმდევრულად, როგორც „შეშლილობას“, „შავ პეპელასა“ და „გონების გველს“.

და დავით წერდიანი ამას ზუსტად გამოიცნობს, როცა თავის თავს მიმართავს თარგმანში,

–       ადექ ავიძრათ, ჩემო თავო, საღამო გვიცდის,

პრუფროკის ორიგინალში ბევრი რამ მოჩანს, მოჩანს ადრეულ ლექსთა მოტივები და ხმები, ჭაბუკური, რომანტიკული მისწრაფებანი, ხელის თხოვნანი, იმედის გაცრუებანი, დანტეს ჯოჯოხეთი,  ლაფორგისეული ირონია, ბოდლერისეული ურბანული გარემო; ეს ყველაფერი იქაა და მრავალჯერ აღუნიშნავთ კრიტიკაში.

„პრუფროკის“ თარგმნამდე დავით წერედიანს უკვე დიდი ხნის ნაპოვნი ჰქონდა თავისი იდიოლექტი, მაგრამ, თუ არ ვცდები, ეს მისი პირველი მცდელობა იყო ინგლისური, მაღალი მოდერნიზმის ნიმუშის თარგმნისა.

ქართული თარგმანის ფართო მკითხველი ზემოთაღნიშნულ წანამძღვრებსა თუ გავლენებს ვერ მოიხელთებს, რადგან არ იცნობს ელიოტსა და მის თეზაურუსს  ისე, როგორც ქართველი პოეტი ეცოდინებოდა. თუმცა, ჩვენ ხომ ქართველ პოეტებსაც არ ვიცნობთ და მათში, ძირითადად, პათეტიკას ვეძებთ და არც დავით წერედიანის პოეზიას ვიცნობთ, რადგან მასთან არაა პათეტიკა, მასთან ჩაღრმავებაა, ამ შემთხვევაში, ელიოტის „ პრუფროკში“ ჩაღრმავება და ამოცნობა არა მხოლოდ იმისა, რაც ორიგინალშია, არამედ უფრო იმისა, რაც ქართულ თარგმანში უნდა შენარჩუნებულიყო და შემოტანილიყო.

და რა უნდა შენარჩუნებულიყო?

–       დრამატული მონოლოგი  გვიამბობს პრუფროკის სტუმრად წასვლის ამბავს და ეს ამბავი ქართულად ოსტატურად უნდა გადმოიცეს და დავით წერედიანი ოსტატობას არ მოისაკლისებს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ის, რომ ქართულად უნდა დაგვალაპარაკოს ინგლისელი პოეტი, ეს კი რთული ამოცანაა.

ვნახოთ თარგმანში ამ სტურობის ნაწილები: წასვლა სტუმრად, ხელის სათხოვნად, ვერ გაბედვა, უკან წამოსვლა, ყოყმანი და განსჯანი.

ჯერ  ქალაქური ყოფა, ქუჩები, უძილობა, რესტორნები:

 

Let us go, through certain half-deserted streets,

The muttering retreats

Of restless nights in one-night cheap hotels

And sawdust restaurants with oyster-shells:

Streets that follow like a tedious argument

Of insidious intent

To lead you to an overwhelming question …

Oh, do not ask, “What is it?”

Let us go and make our visit.

 

–       ამ მიფარებულ ქუჩებს გავყვეთ, სადაც ხალხი უცებ კლებულობს,

ყრუდ მოგუგუნე თავშესაფრებს, აქეთ-იქით ჩარიგებულებს,

იაფფასიან სასტუმროებს, ძილსაფრთხობებს თითო ღამიანს,

რესტორნებს, სადაც – იატაკზე ნახერხი და, რაც უჭამიათ,

დახლართულ უბნებს, ჩახვეული კამათივით იკლიკანტურებს,

არგუმენტებზე რომ ცბიერად თავს გიკანტურებს,

არადა, თურმე ნაბიჯ-ნაბიჯ მოგაყენა ზარდამცემ კითხვას . . .

ო, ო, არ გინდა: „სად ვართ და რისთვის“?

ადექ, შევიდეთ, საღამო გვიცდის.

 

         მერე, ქალაქური ნისლისაგან გაჩენილი გოტიკური გარემოს განცდა:

The yellow fog that rubs its back upon the window-panes,

The yellow smoke that rubs its muzzle on the window-panes,

Licked its tongue into the corners of the evening,

Lingered upon the pools that stand in drains,

Let fall upon its back the soot that falls from chimneys,

Slipped by the terrace, made a sudden leap,

And seeing that it was a soft October night,

Curled once about the house, and fell asleep.

 

–       ყვითელი ნისლი ზურგით ექექება ფანჯრის პარაპეტს,

ყვითელი კვამლი ცხვირით ეხეხება ფანჯრის პარაპეტს,

ბნელ-ბნელ კუთხეებს ენის ლოკვით მიყნოს-მოყნოსავს,

მერე წყალსაწრეტ გუბურასთან დაიდარაჯებს,

ტერასას გაჰყვა, ძირს ისკუპა, წინ პარვით მიდის,

საბუხრეების ჭვარტლისაგან გამხდარა შავი.

და როცა ნახა, გარს ოქტომბის ღამეა მშვიდი,

სახლს მიეგორგლა, მიიკუნტა, ძილს მისცა თავი.

 

მერე ზესაშუალო კლასის წვეულებები, სადაც ქალები მსჯელობენ მიქელანჯელოზე:

For I have known them all already, known them all:

Have known the evenings, mornings, afternoons,

I have measured out my life with coffee spoons;

I know the voices dying with a dying fall

Beneath the music from a farther room.

               So how should I presume?

 

–       ვიცი ეს ივნინგ-მორნინგები, ყველა ვიცი

ვცნობ ყველა მათგანს –

ამ მიღებებს თუ წვეულებებს, – სად რომელია,

ლამის ცხოვრება ყავის კოვზით ამომელია.

ვიცი ეს ხმებიც, ერთბაშად რომ ჩაკვდებიან,

                               თითქოს მართლა სიკვდილი დადგა.

და ახლა, როცა შორ ოთახში მუსიკაც მიწყდა,

დროა გავბედო? ჩემზეა სიტყვა?

 

მერე ირონიული თვითშეფასება:

 

Time to turn back and descend the stair,

With a bald spot in the middle of my hair —

(They will say: “How his hair is growing thin!”)

My morning coat, my collar mounting firmly to the chin,

My necktie rich and modest, but asserted by a simple pin —

(They will say: “But how his arms and legs are thin!”)

 

დროც, გაბრუნდე და კიბეს ჩაჰყვე („ნახეთ, წავიდა“!)

მელოტი კოსროც გამოგიჩნდეს კიბის თავიდან.

. . . .

(„რა გალეული ხელ-ფეხი აქვს! ან რა მხრები აქვს“!)

 

და ფილოსოფიური საკითხავი:

 

Do I dare

Disturb the universe?

In a minute there is time

For decisions and revisions which a minute will reverse.

 

–       უნდა გავბედო?

და სამყარო შევაწრიალო?

დრო კიდევ არის, ორიოდ წამი,

რომ წინ ვიარო – და უმალვე უკან ვიარო.

 

ხელისმოცარვა და იმედგაცრუება და მარცხიც აქვეა:

 

And I have known the eyes already, known them all—

The eyes that fix you in a formulated phrase,

And when I am formulated, sprawling on a pin,

When I am pinned and wriggling on the wall,

Then how should I begin

To spit out all the butt-ends of my days and ways?

               And how should I presume?

 

–        ვიცი თვალებიც, მზერები და თვალთვალები, ვცნობ ყველა მათგანს –

ჩასაფრებულნი ერთ ფრაზაში თავს რომ გიყრიან,

მერე ქინძისთავს დაუნდობლად რომ გაგიყრიან,

და კედელზე ვარ მილურსმული, ვფართხალებ და ფეხს ვეღარ ვადგამ.

ღირს კი დაწყება, მიღირს დაწყება

ჩვევათა მყრალი ნარჩენების ამოსარწყევად?

დროა, გავბედო, ჩემზეა სიტყვა?

 

და ეროტიკული განცდები და უძლური მოყირჭება:

And I have known the arms already, known them all—

Arms that are braceleted and white and bare

(But in the lamplight, downed with light brown hair!)

Is it perfume from a dress

That makes me so digress?

Arms that lie along a table, or wrap about a shawl.

 

. . .

 

If one, settling a pillow or throwing off a shawl,

And turning toward the window, should say:

               “That is not it at all,

               That is not what I meant, at all.”

 

–       ვიცი მკლავები და ხელები, ყველა ვიცი, ვცნობ ყველა მათგანს –

ისეთი გლუვი, თეთრი-თეთრი – იკრავენ მზერას

(მაგრამ ჭაღის ქვეშ ბუსუსები აყრიათ ქერა).

კაბისგან მოდის ეგ სურნელი, თავბრუს რომ მასხამს?

ხელი კი მშვიდად დაყრდნობია მაგიდის კიდეს,

ან შიშველ მხრებზე ისწორებს რიდეს.

. . . . . . .  . . . .

იგი კი ბალიშს გაისწორებს, მიაგდებს რიდეს,

ანდა ფანჯრისკენ შებრუნდება, თავს გვერდზე მიდებს

და ამბობს-ამბობს: „ეგ არ არის, ეგ ის არ არის,

სულაც არ არის, რისი თქმაც მსურდა.“

 

ლექსის მეორე ნაწილი შეჯამებაა და სწორედ ამით განსხვავდება ვიქტორიანული დრამატული მონოლოგისაგან, ის განიძარცვება ლირიკისაგან, თუნდაც ირონიული იყოს და ჩამოთვლას იწყებს: გაიხსენებს „ფანჯარაში გადმომდგარ მარტოკაცებს“, „კირჩხიბის წყვილ მარწუხს“, სინზე დადებულ საკუთარ „თმამეჩხერ“თავს, მუჭში მოქცეულ, ბურთად შეკუმშულ სამყაროს და კვლავ იკითხავს: „მერედა ღირდა? მართლა ღირდა? თუ დროზე შევდექ?“  და „თითქოს ეკრანზე ჯადო-ლამპრით ამოშიშვლდნენ მთელი ნერვები“. ამას მოჰყვება სრული სოციალური გაბეზრება და ამბობს „არა! ჰამლეტი მე არა ვარ, არცა მაქვს აზრად.“ მაშ ვინ არის პრუფროკი? – „თითქმის მასხარა“.

დავით წერედიანის მთარგმნელობითი ოსტატობისათვის ჩვეულია ზომიერი გაქართულება. ორიგინალის ერთგულმა იცის, რომ  სიტყვა-სიტყვით, ტაეპ-ტაეპ თუ გაჰყვება დედანს, მკითხველს უღალატებს, ქართველ მკითხველს და ამიტომაც სულ ბეწვის ხიდზე გადის, ურჩევნია ოდნავ გადააჭარბოს  ორიგინალის ღალატისას, – ღალატია აბა რა არის, ინგლისურ ლექსს ქართულად რომ გადმოამღერებ – ოღონდ არ დაუკოჭლდეს თუნდაც ერთი ტაეპი:

 

I grow old . . . I grow old . . .

I shall wear the bottoms of my trousers rolled.

 

სიბერის არი . . . აბა, რის არი . . .

შარვალი დამთრევს ვით ნასხვისარი.

 

ამაზე მეტიც უქნია ვიიონის თარგმნისას, ქართლ-კახური კილოკავით ჩაუნაცვლებია პუატოური კილოკავი, მაგრამ ესეც არაფერი, მხოლოდ დავით წერედიანის მსგავს ოსტატს შეუძლია, თარგმანში ტრანსლიტერაცია გამოიყენოს და ზომიერების ფარგლებს არ გასცდეს:

 

–       ვიცი ეს ივნინგ-მორნინგები, ყველა ვიცი

ვცნობ ყველა მათგანს –

 

ეს ‘ივნინგ-მორნინგები’ სწორედაც რომ  გაქართულების ნაირსახეობაა, რაც მთარგმნელს იმისათვის სჭირდება, რომ პრუფროკი თბილისის, როგორც ლიმბოს, ქუჩებში გადმოიყვანოს და საშუალო კლასის ქართველ სნობად აქციოს, ასე ვთქვათ, ‘ლოკაცია’ და ‘კომუნიკაცია’ ჩაანაცვლოს.

და კიდევ სადაა ღალატი? – იქ სადაც დავით წერდიანი ქართულ მრავალმარცვლიან რითმებს აჟღერებს, მაშინ, როცა ელიოტი მხოლოდ რამდენიმე ადგილას, დასაწყისში, მიმართვს ქალურ რითმებს და მერე კი მთლიანად ვაჟურ რითმებს იყენებს. და ამ გზას რომ გაჰყოლოდა დავით წერედიანი, ქართული „პრუფროკი“ მთელ ეშხს დაჰკარგავდა.

ვფიქრობ, ეს შეხვედრა უთუოდ უნდა შემდგარიყო ტომას სტერნზ ელიოტსა და დავით წერედიანს შორის, რადგან მეტად საგულისხმო გასაუბრება მივიღეთ შედეგად. ისინი დიდ ხანია თანამოძმენი არიან და ამის დასტურია „პრუფროკის“ საწყისი სტრიქონები,

 

ადექ, ავიძრათ, ჩემო თავო, საღამო გვიცდის,

ნახე, დაისიც რანაირად გაჰკვრია ცისპირს –

 

 და დავით წერდიანის ლექსის, „ფრაგმენტი პოემისათვის“,                                                                                       საწყისი სტრიქონები,

 

გზა ნაგზაურსა,შაბაშ, დასძარი,

მიმოვიმგზავროთ ძველი ქარგები.

 

ორივე ლექსში სადღაც წასვლაა გადაწყვეტილი და საგულისხმო ისაა, რომ ეს სადღაც წასვლა  საკუთარ მე-ში, საკუთარ ხასიათსა და შემოქმედებაში მოგზაურობას უფრო გულისხმობს ვიდრე სათავგადასავლო მწერლობის კვალზე შედგომას. ეჭვი არაა, ორივე პოეტი სხვადასხვა გზებით მიდიან აქამდე, ერთი დადგენილ ნორმებს გაურბის და ახალი გზების საძიებლად საკუთარ თავში ჩაღრმავდება, ხოლო, მეორე – არსებულ გარემოს გაურბის და თავშესაფარს წარსულსა და წმინდა ხელოვნებაში დაეძებს.

 

და „პრუფროკის“ ბოლო ტაეპები,

 

–       ზღვის ასულებთან, ხვიარებით მორთულებთან დავიხანეთ

ხანი მცირედი,

სანამ უეცრად კაცთა ხმებმა გაგვაღვიძა და ვიძირებით.

 

და დავით წერედიანის ადრეული ლექსის, „ზღვაოსნობა“ ბოლო ტაეპები,

 

–       დადექ, ილოცე! რა მერედა, ნავი იგი სიზმრის თუ არი,

თეთრი ფურცლისა! ქარიშხალი ნამდვილია და ვიღუპებით.

 

აქ კი პოეტური წარმოსახვის ჰიპერრეალურობაა განმსაზღვრელი ორივე პოეტისათვის. აქ ჯერ კიდევ არაა სიცოცხლე-სიკვდილის მარადიული მითიური დილემა წამოჭრილი მთელი სიმწვავით, სამაგიეროდ სიცოცხლე-სიზმარიას პრობლემაა დასმული და გადაუჭრელი.

 

მართლაც რომ შთამბეჭდავია და შთამაგონებელია ეს გაბაასება.