ილია და გურულები
გიორგი კილაძე

რა მომასვენებდა მამაჩემისთვის არ მეკითხა- „ილია მახარაძეში თუა ნამყოფი-მეთქინ?!“

მეთქინ, კი არა, – მეთქია, სწორი გრამატიკულად“ –  თქვა და  ჯერ უარყოფის ნიშნად თავი მარცხნიდან მარჯვნივ გადააქნია და მერე მიპასუხა.

სულ, არა?! -ვკითხე გაკვირვებით და ლამის ავტირდი.

სულ, არა.. -თქვა და შემდეგი წინადადება ისე მიაყოლა ნათქვამს, წყენის გამოხატვა ვერც მოვასწარი,სწრაფად გადავიდა ექვთიმეს ამბის თხრობაზე. არ  მოგატყუებთ, ექვთიმე თაყაიშვილზე, იმ დროს,ერთადერთი რამ ვიცოდი,-ლიხაურიდან იყო და „საფრანგეთში მენშევიკების გატანილი განძი დაუბრუნა ქართველ ერს, სტალინის დიდი დამსახურებით“.

უფ. რა მაგარია! – წამოვიძახე და სმენად ვიქეცი. მერე რა საინტერესო მოყოლა იცოდა მამამ!

 დაიწყო და…მოჰყვა მამა, ახლა უკვე კარგად ნაცნობ ორ ისტორიას- ალიხანოვის რაზმის შემდგარ და შეუმდგარ ლაშქრობაზე  გურიაში. სხვათაშორის, დავით სარაჯიშვილიც ახსენა იმ საღამოს.

ახსენა და დიდი ხნის შემდეგ 2015 თუ 2016 წელს,იქნებ მოგვიანებითაც, პირველად გავახმაურე დიდი ხნის ოცნება, ოზურგეთის ცენტრში ან შემოსასვლელში , ილიასა და დავით სარაჯიშვილის ძეგლის აღმართვის ენით აუწერელი სურვილისა.

სურვილები კი, როგორც მოგეხსენებათ, იშვიათად გავიწყებენ თავს.

არც მე დამვიწყებია!

ისევე ,როგორც სურვილი  ელექტრონული გაზეთის„ქართული კულტურის“  მკითხველთათვის „ჩემი ილიადან“ ერთი ნაწყვეტის შეთავაზებისა  სათაურით- „ილია და გურულები“.

ამისთვის, სულ ორი მიზეზი მქონდა და მაქვს. პირველი – თემაა ავად საინტერესო და მეორეც, არამარტო წარმოშობით, არამედ თუკი რამე არსებობს, ყველაფრით გურული ვარ.

ამჯერზე,  უნდა დავიწყო. მხოლოდ დავიწყო, რადგან თავშივე დარწმუნებული ვარ, სრულად ვერ ამოვწურავ თემას. მე ჩემს ვცდი და რაც გამოვა ერთად ვნახოთ და შევაფასოდ.

.

თხრობას, ბუნებრივია, პეტრე ნაკაშიძით დავიწყებ, თუ რატომ ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ  და არც იმის თქმა დამავიწყდება, რომ ბატონი პეტრე სულაც არ ბრანდება პირველი გურული, ვისთანაც ილიას შეხვედრა ჰქონია. ბევრი იყვნენ! კარგების და უკარგესებიც, ცუდებიც და უცუდესებიც. მე მაინც ,მხოლოდ კარგებსა და კიდევ უფრო კარგებზე ვაპირებ საუბარს..

 არ დაგავიწყდათ მე „ჩემ ილიაზე“ ვწერ და აქ  ბურთიც ჩემ მხარეზეა და თავად სტადიონიც ჩემია!

„ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეს“ კალენდარიზე

1860 14 ივლისია და  ის პავლოვსკში წერს პოემის- „ქართვლის დედა,“ პეტრე ნაკაშიძისადმი მიძღვნის ტექსტს.“

ილია  სულ 23 წლისაა.

ჯერ პეტერბურგშია..

ჯერ ისევ სტუდენტია და…

23 წლის სტუდენტი ილია ერთ-ერთ პირველ ლექსს უძღვნის მეგობარს და ვინაა ეს მეგობარი?

პეტრე ნაკაშიძე „მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი.

ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.“

კალენდარზე კი უკვე  1871 19 მარტია

ილია  დუშეთშია…

ილია მომრიგებელი მოსამართლეა

ილია ახლადგადაკეთებულ პოემას „ქართვლის დედას“ ჟურნალ „კრებულში“ დასაბეჭდად მეგობარ პეტრე ნაკაშიძეს უგზავნის.

პოემის ხელნაწერს თან ერთვის წერილი, რომელიც იმდენად საინტერესოა, ვერაფრით შევძლებ თქვენც რომ არ გაგახსენოთ.

მანამდე დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო წერილი ვებ-გვრდზე (ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული. რომ ვიპოვე https://iliachavchavadze1837.wordpress.com/…/ilia…/.

დიდი მადლობა საიტის მესვეურთ.

ახლა კი თავად წერილი!

[1871 წ., 19 მარტი]

“პ ე ტ რ ე! გიგზავნი ხელახლად გადაკეთებულს შენდამი ნაძღვნევს ჩემს „ქართვლის დედას“. თუ მოგეწონოს, მიეცი ნიკოლაძეს დასაბეჭდათ. გთხოვ შენი პირმოურიდებელი აზრი მაცნობო ამ პატარა თხზულებაზედა. კარგად კი წაიკითხე. მე ყველაზედ უფრო ჯარის სიმღერა მომწონს, გლეხურ კილოზედ მოწყობილია. თუ მოგეწონოს დასაბეჭდათ, შენთან მოწერილი ძღვნობის ლექსიც დააბეჭდინე ამასთან ერთად. კორეკტურა შენთვის მომინდვია.

შენი ილია ჭავჭავაძე.)”

შენი ილია ჭავჭავაძეო – როგორი ამბავია!

 საინტერესოა რამდენ ადამიანს მისწერდა ასე ილია?!

ცოტას!

ცოტას კი არა – რამდენიმეს და მათ შორის არის პეტრო ნაკაშიძე…

არის!

არის და ამიტომ პეტრე ნაკაშიძის ბიოგრაფია უნდა გავახსენო მკითხველს.

მანამდე კიდე ერთხელ ვთქვათ: “მე ყველაზედ უფრო ჯარის სიმღერა მომწონს, გლეხურ კილოზედ მოწყობილია” ,ლექსიც გავიხსენოთ, რომელიც , ბევრს კი ჰგონია, მაგრამ სულაც არაა ხალხური:

„ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

დღე გათენდა დიდებისა,

თოფ-იარაღი აისხი,

დრო მოდის გამარჯვებისა.

მამულის დასხნის დღე არის,

ქვეყანა გვნუკავს შველასა,

თავისუფლების შოვნაი

სჯობს საშოვნელსა ყველასა.

მამულის დამხსნელს ვაჟკაცის

ხმალი და გული სდომია,

ვაჟკაცის გამომჩენელიც

მტერთან გულდაგულ ომია.

თავისუფლების მშოვნელი

ამ ქვეყნად მარტო თოფია,

შინ უღლით გაქნილს მშვიდობას

ომში სისხლის ღვრა სჯობია!

მაშ, მამულს თავი შევსწიროთ

საშველად, გამოსახსნელად,

თუ მისთვის დავიხოცებით,

ჩვენ ის გვეყოფა სახელად.

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

დღე გათენდა დიდებისა,

თოფ-იარაღი აისხი,

დრო მოდის გამარჯვებისა“…

პეტრე ნაკაშიძის უფრო სრულ ბიოგრაფიას (იხ.http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016235/) მინდა თქვენთან ერთად „მივხედოთ.

დავაგვიანეთ, მე თუ მკითხავთ, ცოტა.

პეტრე ნაკაშიძე

დაბადების თარიღი: 1838

გარდაცვალების. თარიღი: 10 ივლისი, 1895 (57 წლის ასაკში)

კატეგორია: მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია-

დაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მაზრა.

1857 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა აღმოსავლურ ფაკულტეტზე; მსახურობდა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვში, ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და მოსკოვის უნივერსიტეტში; ვარშავაში ყოფნის დროს ილია ჭავჭავაძეს მიაწვდინა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი “სამგზავრო წერილები” (დაიბეჭდა “საქართველოს მოამბეში”, N7, 1963 წ.), მასში გამოხატავდა თერგდალეულთა შეხედულებებს. ნაკაშიძეს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ პოემები “მეფე დიმიტრი თავდადებული” და “ქართვლის დედა”. ილია ნაკაშიძის მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. – თბ., 1984. -გვ. 302 “

უკვე „მატიანეს“ კალენდრით 1871 აპრილია და „ჟურნალ „კრებულის“ მესამე ნომერში პირველად იბეჭდება ილიას პოემა „ქართვლის დედა“, ცენზურის მიერ შეცვლილი სათაურით „დედა და შვილი“. სათაურის ქვეშ არის მინაწერი: „დრამატული ეპიზოდი თამარ მეფის დროებიდამ ოსმალებთან ომის წინ. უძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს“…“

იგივე „კალენდრით“,  უკვე  1871 29 აგვისტოა და „პეტრე ნაკაშიძეს, წერილთან ერთად, კრებულში დასაბეჭდად უგზავნის ლექსს “ბედნიერი ხალხი“…“.

წერილი რომ არ „მეპოვნა“, ისე,  როგორ იქნებოდა?!

ჰოდა მეც „ვპოულობ“…

`29 აგვისტო, 1871 წ.

პეტრე! ამ ახლად დაწერილს ლექსებს გიგზავნი დასაბეჭდად კრებულში. მეშინიან კი, რომ ზოგ ხანას დაუნდობელი მაკრატელი ცენზორისა მოხვდება.

ბიჭო, არა გრცხვენიან, ჩემი ,,ქართვლის დედა” რატომ არ გამომიგზავნე პირობისამებრ? არც ის

შემატყობინე, რომ მიიღე თუ არა ჩიქოვანის დედისაგან ჩემი წიგნები, გრცხვენოდეს!

მესხს უთხარი ჩემ მაგიერ, რომ სირცხვილია, აქამომდე კრებულს არ მიგზავნის და არც ჩემს

ხელნაწერებსა. უთხარ, უსათუოდ გამოგზავნოს, ძალიანსაჭიროა. მანდაური ამბები მამწერე. უნივერსიტეტის საქმე როგორ მიდის? ,,კრებულის” რედაქცია რა ყოფაშია. მე ვშიშობ, რომ ,,კრებული” თავს არ დაიჭერს, თუ მართლა ასე მოხდება, შენი მტერი, რაც ჩვენ საქმე მოგვივა.

შენი ი ლ ი ა ჭავჭავაძე

„შენი ილია ჭავჭავაძეო“

„ბიჭოო“!

ნეტა რამდენ ადამიანს მიმართავდა ილია ასე!

ცოტას…

მცირეს!

და კიდევ იცით რა?

ერთხელ ინტერვიუში ვთქვი…

ერთხელ ფბ საკუთარ გვერდზე გამოვაქვეყნე…

იქნებ არასწორად ვთქვი…

იქნებ, არასწორად დავწერე და მაინც…

მე მჯერა და ეს ის შემთხვევაა, როცა სულაც არ მინდა რამე დაგაჯეროთ…

„ილია ბევრი საქმის ცოტა ადამიანით გამკეთებელი კაცი იყო!“

ასეა და მაინც იმ ცოტა კაცში, სულ ცოტა იქნებაო „შენი“  და „ბიჭო“!

კიდევ ერთი ნაკაშიძის გაცნობის დროა!

არადა, კიდევ რამდენი რამაა  ბატონ პეტრესა და ილიას ურთიერთობაზე სასაუბრო…

და მაინც, როგორც სულ ახლახან გითხარით, კიდევ ერთი ღრმად პატივცემული ნაკაშიის, სახელად ილიას, გაცნობის დროა ..

მანამდე ერთი წერილი ინდა გაგაცნოთ/გაგახსენოთ:

„წერილი, პეტრე ნაკაშიძის მეუღლის, ბაბალე ნაკაშიძისადმი

ღრმად პატივცემულო კნეინა ბ ა ბ ა ლ ე!

ეს-ეს არის გიახელ სოფლიდამ და შინ დამხვდა დიდად სამწუხარო ამბავი, რომ მე დავკარგე ერთი ჩემი უძვირფასესი ამხანაგი და უკეთესი მეგობარი — პეტრე. მწუხარება გამიორკეცდა, რომ ამ უბედურების გვიანად შეტყობის გამო, არ მომეცა შეძლება თქვენს და თქვენის სახლობის ცრემლებთან ერთად დამეფრქვია ჩემი ცრემლიცა, როცა თქვენ ეთხოვებოდით ძვირფასს გვამს თქვენის მეუღლისას და ჩემის მეგობრისას. ღმერთმა ნუგეშინი გცეთ თქვენ და თქვენს შვილებს და საუკუნო განსვენება მიანიჭოს ჩვენთვის საუკუნოდვე დაკარგულს პეტრეს. მე კი დამრჩენია ნუგეშად ჭეშმარიტის თავმოწონებით ვთქვა, რომ ხელი, რომელიცა გწერთ ამ სამძიმარს, ხელთ სჭერია მეგობრულად იმისთანა გულუბრყვილოს, საყვარელს და პატიოსანს კაცს, — როგორიც იყო ჩვენი აწ უბედური პეტრე.

თქვენი გულითადი გულშემატკივარი ამ უბედურობის შემთხვევის დროს

ილია ჭავჭავაძე.

11 ივლისი, 1895 წ”

„კალენდარზე“ 1880 4 ივნისია.

მელქისედეკ ნაკაიძე უნდა გავახსენო გურულებს, ბიოგრაფიით დავიწყებ და ილისთან კავშირით დავასრულებ.ბიოგრაფია აქაც და ყველგან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ის ბიოგრაფიული ლექსიკონი და “ბიბლიოვიკი” იქნება, საძიებო სისტემა google-ს რეიტინგში პოზიიციის გათვალისწინებით.

მელქისედეკ ნაკაშიძე

დაბადების თარიღი: 1858

გარდაცვ. თარიღი: 1934 (76 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: სოუქსუს სასაფლაო, ბათუმი

კატეგორია: მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია-

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

“წარმოშობით თავადი იყო, მოწინავე იდეების მიმდევარი, სიმღერისთვის დაბადებული; განსაკუთრებული მუსიკალური სმენა და მახვილი მეხსიერება ახასიათებდა, ამით აიხსნება ხალხური და ეკლესიური სიმღერების ის სიმდიდრე, რომელიც მან დაგვიტოვა; უამრავი მოწაფე ჰყავდა; მისგან ბევრი რამ შეითვისეს და გაიგეს ისეთმა ნაყოფიერმა მომღერლებმა, როგორებიც იყვნენ ვარლამ სიმონიშვილი, სამსონ ჭანუყვაძე, ილიკო ხომერიკი, დიმიტრი პატარავა, არტემ ერქომაიშვილი; მელქისედეკ ნაკაშიძის ოჯახში ძალიან ხშირად იმართებოდა კონცერტები; აქ თავს იყრიდნენ გურიის წარჩინებული ადამიანები და სასულიერო წოდების მესვეურები; ამ თავყრილობის დროს ჯგუფურად სრულდებოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები; ამ თავისებურ ოჯახურ კონცერტებში მონაწილეობდნენ სტუმრებიც – ნესტორ კონტრიძე, ივანე(ნანე) ხავთასი; 1878-1882წწ. გურული საგალობლების გადასატანად საეკლესიო გალობის აღმდგენმა კომიტეტმა თბილისში მიიწვია გურული სიმღერა-გალობის შემსრულებელთა ტრიო მელქისედეკ ნაკაშიძის, ივანე ხავთასისა და ნესტორ კონტრიძის შემადგენლობით, ტრიოს მეთაური მელქისედეკი იყო; მათ მრავალი საგალობელი ჩაუწერინებიათ ნოტებზე, გარდა ამისა მათ დაავალეს სასულიერო სასწავლებელში სასულიერო მასწავლებლობა გაეწიათ, რაც მათ მონდომებით შეასრულეს; 1878 წელს დაინიშნა ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად სიონის საკათედრო ტაძართან; 1880 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს ანჩისხატის მედავითნედ, საიდანაც 1882 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში; 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ, ფილიმონ ქორიძესთან ერთად, დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა; 1889 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საეკლესიო გალობას; სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მელქისედეკ ნაკაშიძე ბათუმში ცხოვრობდა; ოთხმოცი წლის მოხუცს ბათუმელმა მშრომელებმა იუბილე გადაუხადეს; აღნიშნეს მისი ღვაწლი საერო და განსაკუთრებით საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციის საქმეში; იგი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უზიარებდა ახალ თაობას თავის მდიდარ ცოდნას. მგალობელი, ლოტბარი.”

როგორც ზემოთ ვთქვი, კალენდარზე 1880 წლის 4 ივნისია

ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას ილია თავმჯდომარეობს, განხილული და მიღებულია გადაწყვეტილება რამდენიმე საკითხზე, მა შორის, „საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის თხოვნა, მელქისედეკ ნაკაშიძისთვის ყოველთვიური დახმარების გაწევაზე”.

ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტზეც“ უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა…

საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისათვის შექმნილ კომიტეტში წლების მანძილზე გადაუწყვეტელად რჩებოდა ის საკითხი, თუ პირველ რიგში რომელი კუთხის საგალობლები უნდა დაეფიქსირებინათ – იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური. ამ საკითხზე დავამ დიდხანს გასტანა. ვიდრე ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ (ოქროპირიძე) არ შემოიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა ქართლ-კახური კილოს საგალობლების ნოტებზე გადატანას. ხოლო, რაც შეეხება იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მათზე ზრუნვას ეპიკოპოსი იმერეთის და სამეგრელოს სამღვდელოებას სთავაზობდა” (ნინო ნანეიშვილი. გაზეთი „ქართული გალობა“ №2, 2006 წ.).

შემდეგი ნაკაშიძე ანტონია,რომელზეც ჩემთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრია, გურიის სკოლებზე მზრუნველია და“ 1881 წლის 24 ივნისს წერილობით სთხოვს ქშწ-კგ საზოგადოებას ფინანსურად შეეწიოს სოფელ სურებში სკოლის გასახსნას და პირველი თხოვნა საკმარისი რომ არ აღმოჩნდა ,იმავე წლის 28 ივნისს დამატებით წერილობით ინფორმაციას აწვდის სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. იგი აღწერს სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან წერა-კითხვა. “.

სურების სასოფლო-სამეურნეო სკოლაზეც არც თუ მცირეხნიან საუბარს ვაპირებ. მნამდე კიდევ ერთი გურული უნდა გავიხსენოთ, ლავრენტი წულაძე, მერე რა რომ ილიასთან უშუალო კავშირს მე ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გაზეთ “ივერიასთან” რომ დათიკო ვერმიცანაშვილის და კნინის ფსევდონიმით თანამშრომლობდა მითქვამს დასტურ!

მოდით, გაზეთის 1894 წლის N69. ნომერი მეორე გვერდზე გადავფურცლოთ. წერილი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მხოლოდ ერთი ნაწყვეტი მოვიტანოთ ჭაშნიკად:

“გურულ კაცს სწავლა განათლების საქმეში უკან არაოდეს არ დაუწევია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ხელ-მძღვანელნი ხალხისა ეჭვის თვალით უცქერდნენ ხალხის ამ სასიკეთო მისწრაფებას. ვის გაუგონო ხალხის განათლება და უვიცობიდამ, გამოყვანა, ფიქრობდნენ ისინი და თავის თანამოაზრეთა შორის კიდევაც ლაპარაკობდნენ, ინდოურზე უსულელესი და უუგუნურესი არსება რაღაა ქვეყანაზე , მაგრამ აბა ერთი ხორცი გაუსინჯეთ, რა გემრიელი აქვსო!

მიუხედავად ასეთის შავ-ბნელის პოლიტიკისა, ბუნებრივმა ნიჭმა და მიხვედრილობამ გურულები იქნამდე, მიიყვანა, რომ დღეს სწავლის სარგებლობაზე და შვილის აღზრდის საჭიროებაზე დიდი ჩიჩინ-ჭიჭინი აღარ უნდა. ამას ცხადად ამტკიცებს საერო და სამრევლო სკოლათა გამრავლება, წიგნთ-საცავის და სამკითხველოს აქა-იქ დაარსება და სხ. იმედია, ახალი მაზრის უფროსი ხელს შეუწყობს ამ სასარგებლო დაწესებულებათა გამრავლება-გაძლიერებას; ხელს შეუწყობს სანუგეშო მისწრაფებას ხალხისას სწავლა-განათლების საქმეში. “

ბიოგრაფიის დროა…

ლავრენტი წულაძე

სხვა სახელი: დათიკო ვერმიცანაშვილი; კნინი (ფსევდონიმი)

დაბადების თარიღი: 1867

გარდაცვ. თარიღი: 1923 (56 წლის ასაკში)

კატეგორია: მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია-

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს და საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში; 1886 წლიდან გახდა გაზეთ “ივერიის” კორესპონდენტი; ერთ-ერთი პირველთგან იყო, რომელმაც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი; 1894 სექტემბრიდან ქ. ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა; 1917 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში, განაგრძობდა კორესპონდენტობას იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ “განათლებაში”; 1917 წელს გადავიდა მშობლიურ სოფელში და განაგრძო მასწავლებლად მუშაობა აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში, იყო ამ სკოლის გამგე.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/186-tsuladze

ორგანიზაციის, ასოციაციის, ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია-

ქორწილი, სურათები გურიის ცხოვრებიდან. (ავტორი). – ტფილისი, ვ. წულაძის გამოცემა N1, 1910. – 15გვ.”

ქორწილი, სურათები გურიის ცხოვრებიდან – სულ 15 გვერდიანი ბროურაა, უნდა გავაციფრულო…

და ვიდრე ამას ვიზამ, გავბედავ და ერთ ნაწყვეტს შემოგთავაზოთ.

მუშაობიდგან თუ მგზავრობიდგან დაბრუნებისას, როცა ცოლი მხიარულად შემოგღიმებს, ეს იმის მომასწავებელია, რომ „ქორწილის წიგნი“ მოგსვლიათ და თქვენი დარბაისელი თანამესარეკლე ეხლავე შესდგომია მხიარულებას, რადგანაც კონვერტზე უკვე უპოვია და ამოუკითხავს სანატრელი სიტყვები „თავის მეუღლითო“.

ჰკითხულობთ წერილს, რომელიც ჩვეულებრივ ასე თავდება ხოლმე: „დავშთები თქვენგან საუკუნოდ დავალებული ლაზარე ხინკალაძე“. ხსოვნას იკრებთ, მოსაზრებას იშველიებთ, მაგრამ ვერ გაგიხსენებიათ, ვერ მოგიაზრებიათ, თუ ვინ არის ეგ ლაზარე ხინკალაძე, რომლის ოჯახის მხიარულება ასე ჯადოსნურად გადმოსულა თქვენს ოჯახზე.

— ვინ არის, ადამიანო, ეგ ლაზარე ხინკალაძე, რომ ვერ მომიგონებია? – ეკითხებით ცოლს.

— რაფერი გულმავიწყი ხარ, კაცო! სწორეთ გასაკვირია შენი ამბავი! ლაზარე ხინკალაძე რავა არ იცი, ელიობას მარინობაში* რომ ვნახეთ, ნოხ-ფარდაგს ყიდულობდა. შარშან ქალიშვილი გავათხოვე, წრეულს მზითვი უნდა მივცე და ჩემი მტერ-მოყვარე ყველა უნდა დავპატიჟოვო.

*) მარიობა, ანუ ნაგომრობა განთქმული ბაზრობაა გურიაში. ელიობა დღეს, 20 ივლისს, ამ ბაზრობაზე დიდძალი ხალხი იკრიბება.

— კი მაგრამ, რა მოყვარეა ჩვენი?

რავა ჩივი, კაცო, რავა რა მოყვარეა?! ერთი ჩემი მკვიდრი ბიძათა შვილი იმის კარის მეზობელს ჰყავს მითხოული. დიდი ქორწილი აქ თურმე. კაი და ქვეყანა დაუპატიჟებია. წუუსვლელობა რავა გვარგია, საღა გავაჭყიროთ თვალი?

შეიძლება ასეთის შემთხვევის გამოუცდელი ბრძანდებით და წასვლაზე უარის თქმა გაჰბედეთ. არ გირჩევთ, რადგანაც ასეთს გაბედვას ცუდი შედეგი მოჰყვება. არ დაიჯერებთ? მაშ შეიტყვეთ და დასტკბით. დაუცველი სახლი, დაურეცხელი ჯამ-ჭურჭელი, გაუშლელი ლოგინი, უმარილო და ხშირად უხარშავი შეჭამადი, უმცხვარი მჭადი და ცოლის მუდმივი ბუზღუნი შემდეგის სანეტარ-ძილო შინაარსისა: „მე უბედური, მე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი! ამისთანა გათხოვას გუუთხოვარობა არ ჯობდი, ამისთანა ქმარს უქმრობა არ მერჩია. ტირილში ვერ წავალ, ქორწილში ვერ წავალ, მტერთან ვერ მივალ, მოყვარესთან ვერ მივალ… ქვეყანაში თვალს ვერ გავაჭყერ. ამისთანაი რა სიცოცხლე, რა სიკვტილი?.. ფოტინე, მაკრინე, სოფიო, მარინე, ასინე, კასინე, მატრონე, ქრისტინე, ივლიტე, დესპინე, იგინი, აგინი, დიდი და პაწაი, კაი და ავი—ყველაი აპირებს ქორწილში წასვლას და მე ბედგადაწყვეტილი შინ უნდა ვეგდო, შინ უნდა დევირჩვა… ამისთანაი რა სიცოცხლე, რა სიკვტილი! ნეტამაინც კოჭლი ვიყო, ბრუტიანი ვიყო, ქაჩალი მჭირდეს, წელკავი მჭირდეს… სხვაზე ნაკლებათ გარება ვიცოდე, გამორება ვიცოდე… სხვებზე ნაკლებად სიტყვას ვიტყოდე, პასუხს ვიტყოდე… რაიზა არ ვარ მე ქორწილში გამოჩენის ღირსი… ამისთანაი რა სიცოცხლე, რა სიკვტილი!..

არ დაივიწყოთ, რომ ზემოდ ჩამოთვლილ ასინე-კასინეთა ლეგიონიც თავიანთ ქმრებს სწორედ ასეთ ძილის-პირებს უგალობებს და დანიშნულ დღეს, რაღა საკვირველია, ლაზარე ხინკალაძის ქორწილი ნაირ-ნაირის ქალ-კაცით ივსება. შუადღეზე დაპირებულის სადილის „მანიფესტი“ ბინდისას ძლივს გამოვა. ხშირად თითო კერძის საჭმელის ჩამორიგებას ვერც კი მოასწრებენ, რომ ღამდება კიდეც და მასპინძლის გასამხიარულებლად მოწვეული ხალხი სახლში წასასვლელ-წამოსასვლელად აიშლება. ქორწილსაც, რა თქმა უნდა, ბოლო ეღება და თქვენი ჭირი და სატკივარი მიაქვს.

ვინ იცის, მასპინძელი შეიძლება მართლაც გამხიარულებული რჩებოდეს ასეთის ქორწილის შემდეგ, ხოლო სტუმრებისა რა მოგახსენოთ…

სტუმრები, ცელქი შეგირდისა არ იყვეს, „ბეზაბედად“ რჩებიან, იმ განსხვავებით, რა თქმა უნდა, რომ ამ სასჯელთან ერთად მასპინძლის გასამხიარულებლად ჯარიმასაც იხდიან.

სად არის სათავე და დასაბამი ქორწილის ასეთნაირად გაბათალებისა, ნადიმის გათაღლითებისა და გაყალბებისა? რასაკვირველია, ქალიშვილის გათხოვის სიძნელე-სიძვირეში.

უდიდ-ქოთამოდ და უდიდ-მზითვოდ, ცოლს, ამ ახლანდელი დროის მძიმესა და აუტანელს ბარგს, არავინ იკიდებს ზურგზედ, ისე, როგორადაც ზოგიერთ გაზეთს „უპრემიოდ“ აღარავინ იწერს ხოლმე.

ოლი ამ დროში სარჩენ, შესანახ და აზიზად მოსავლელ არსებად გადაიქცა ქმრისა და ოჯახისათვის. წინად, როგორც მოგეხსენებათ, იწოდებოდა მეუღლედ და ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმებოდა გამრჯელი, მშრომელი და ერთგული ამხანაგი ქმრისა და წევრი ოჯახისა.

დღევანდელი ცოლი „სარჩენად“ გაუნდა ოჯახს, წინანდელი მეუღლე კი „მოჩენელი“ იყო ოჯახისა. განსხვავება დიდია და ამ განსხვავებამ ახლანდელი ქორწილიც განასხვავა.

საკვირველია და თან სამწუხარო, რომ ადამიანი დღე-მუდამ და ჟამ-მუდამ ტრაბახობით თავს გვაბეზრებდეს: „კოჭლი არა ვარ და ბრუტიანი, ქაჩალი არა მჭირს და წელკავი, სიტყვა ვიცი და პასუხი, გარება შემიძლიან და გამორებაო“ და იმავე დროს იგივე, თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, ფიზიკურად მაინც სრული და უნაკლულო ადამიანი, „სარჩენი იყოს. დიაღ, საკვირველიცაა და სამწუხაროც, მაგრამ რა გაეწყობა?

ცოტა გრძელი ამონარიდი კია სულ თხუთმეტგვერდიანი ბროშურიდან, მაგრამ, ოსტატობა არ მეყო და ვერაფრით გავწყვიტე… ვერც შევამცირე დ ვერც უკეთესად მოვყევი, რას ვიზამთ, ეტყობა ხანდახან სულაც არ ხტის კვიცი გვარზე!

ეს მამაჩემი იყო მთხრობელი…მე  -ვერა…

რა გაეწყობა…

კალენდარის კიდევ ერთ გვერდს გადავშლი.

 საინტერესო ისტორიები უნდა გიამბოთ…

„პირველი გურულით“ ვიწყებ…

პირველი გურული, რომელსაც „ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე” იხსენიებს იოსებ წილოსანია, საინტერესოზე საინტერესო ბიოგრაფიის კაცს, ისევე როგორც ზემოთ ხსენებულ „კნინს“ უშუალოდ ილიასთან ურთიერთობა არ ჰქონია.„მატიანეში” ვკითხულობთ:

„გრიგოლ ჭავჭავაძე თავისი მამულების განკარგვას ანდობს მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე კაპიტან იოსებ წილოსანს, რომელიც ჭავჭავაძეთა მამულების გარანტიით იღებს დიდ სესხს და ვეღარ აბრუნებს. ამის გამო ილია ჭავჭავაძის მამაპაპეულ ადგილ-მამულს გაყიდვა ემუქრება” (რამდენადაც ვიცი „ილია ჭავჭავაძის მამაპაპეულ ადგილ-მამულს გაყიდვა” მხოლოდ დაემუქრა!“ და ეს „დამუქრება“ რას დააკლებს იოსების საოცარ ბიოგრაფიას!).

ამის შესახებ დაინტერესებული მკითხველი “ა. გაჩეჩილაძის „ მასალები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისათვის” წაიკითხავს (იხ. ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბ. 1957, გვ. 359-361.). სხვათაშორის აღნისნული კრებული ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ილიას 185 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულად გააციფრულა.

მე – 1848 30 იანვრამდე მომხდარ ფატზე ვსაუბრობდი.

“უბრალო გურული გლეხი ბიჭის უცნაური ისტორია” – სწორედ ამ სათაურით დაბეჭდა გურია ნიუსი-მა პუბლიკაცია, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

„პოლკოვნიკი იოსებ წილოსანი, მაჰმადიანურ სამყაროში ალი-ამედ ეფენდიდ წოდებული, 1804 წელს, ლანჩხუთელი გლეხის, ლაზარე წილოსანის ოჯახში დაიბადა. იგი რვა წლის იყო, როცა ავაზაკებმა გაიტაცეს და ფოთში გაყიდეს. სწორედ აქედან იწყება ერთი უბრალო გურული გლეხი ბიჭის უცნაური ისტორია.

ლანჩხუთში დღესაც ცხოვრობენ პოლკოვნიკ იოსებ წილოსანის სისხლით ნათესავები, რომლებიც სიამაყითა და სითბოთი იხსენებენ სახელოვან წინაპარს. თუმცა, ჟამთა სვლასთან ერთად, ნელ-ნელა მოგონებებიც წინაპრის შესახებ მწირია.

იოსების შესახებ წინაპართა გადმოცემიდან წილოსნების ოჯახის რძალი, ქალბატონი ნუნუ “გურია ნიუსთან” საინტერესო დეტალებს იხსენებს.

“სამწუხაროდ, მისი ფოტო და  სხვა რამე საბუთი არ არის შემონახული, ყველაფერი განადგურდა. არადა, თურმე ძალიან ბევრი რამე ინახებოდა ჩვენს ოჯახში. მისი ძალიან ბევრი ნაწერი და ნახატი ყოფილა, მაგრამ ახლა აღარაფერი დაგვრჩა, გარდა იმ მოგონებებისა, რაც ოჯახების წევრებისგან მონაყოლით გამიგია”, _ ამბობს ნუნუ წილოსანი.

გადმოცემით, იოსებთან ერთად კიდევ ერთი ყმაწვილი გაუყიდიათ, რომელიც სამეგრელოდან იყო. მას ტყვეობაში სელიმი შეარქვეს. ბიჭები სხვა ტყვეებთან ერთად ოსმალეთიდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს, ვინმე ჰასან-აღას უყიდია, რომელსაც ტყვეების ნაწილი სტამბულში გაუყიდია, ხოლო იოსები და სელიმი ეგვიპტეში წაუყვანია.

ვაჭარს ბიჭები კაიროში მიუყიდია ძალიან მდიდარი კაცისთვის, მუჰამედ-აღასთვის. აღას ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, რადგან მუსულმანური წესით ქალი მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ბიჭებს საკუთარი შვილებივით ზრდიდა, მაჰმადიანურ რჯულზე მოაქცია და ორივეს ჩინებული განათლებაც მიაღებინა.

მამობილმა ბიჭები სპეციალური სიგელით მონობიდან გაათავისუფლა. იოსები კი თავისი ქონების ხაზინადრად დანიშნა და დაწერა ანდერძი, რომ ქალიშვილის სეით ზეინაბის სიკვდილის შემთხვევაში, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონების სრული მემკვიდრეებად იოსებსა და სელიმს აცხადებდა. იოსები კი თავის პატარა ქალიშვილზე სეით ზეინაბზე დანიშნა და მათ შეუღლება აღუთქვა, როგორც კი სრულწლოვანნი გახდებოდნენ.

იოსებსა და სელიმს ყურადღება მიაქცია ეგვიაპტის ფაშამ _ მეჰმედ ალიმ, რომლის ბრძანებითაც 1821 წელს ბიჭები სელიმ კასრანეს პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხეს.

მეჰმედ ალი ფაშას გადაწყვეტილებით, ბიჭებს ევროპული განათლება უნდა მიეღოთ, ამიტომ 1826 წელს სელიმი და იოსები სასწავლებლად სახელმწიფოს ხარჯზე პარიზში გაუშვეს. მეჰმედ აღას ბრძანებით, იოსებს სწავლა უნდა გაეგრძელებინა საინჟირო განხრით,სელმი კი, სადაც სურდა, იქ ჩააბარებდა. იოსებმა 1832 წელს დაამთავრა უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი და აპირებდა კიდეც ეგვიპტეში დაბრუნებას, მაგრამ ამ პერიოდში გარდაიცვალა მისი მამობილი მუჰამედ აღა და მან გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ნუნუ წილოსანის მონათხრობით, იოსები პარიზიდან ჯერ პეტერბურგში ჩავიდა და მერე გამოემგზავრა სამშობლოში. ლანჩხუთში ჩამოსულს კი მშობლები ცოცხალი აღარ დახვდა.

საბოლოოდ, იოსები თბილისში დასახლდა. 1832 წლიდან მთავარმართებლის კანცელარიაში მთარგმნელად დაიწყო მუშაობა, სადაც, თითქმის, 40 წელი იმსახურა და პოლკოვნიკის ჩინამდე მიაღწია. მან სცადა ინჟინრად დაეწყო მუშაობა, მაგრამ უკან კანცელარიაში დააბრუნეს.

გარდა ამისა, იოსებ წილოსანი სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. მან მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შესწავლის თავისებურ ცენტრად. შექმნა აღმოსავლური ენების უნიკალური სახელმძღვანელო და პირველად 1856 წელს გამოსცა თბილისში. ამავე წელს გამოსცა სალაპარაკო ენის ვრცელი ლექსიკონი რუსულად, ფრანგულად და თურქულად. 1862 წელს კი მეორე წიგნი, რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანური ენების თვითმასწავლებელს.

თუ რა ბედი ეწია იოსების ცოლ-შვილს, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს ქალბატონი ნუნუ.

“ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ იყო, მაგრამ, როგორც ვიცი, იოსების ოჯახს საკმაოდ ტრაგიკული ბედი ეწია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იოსების მეუღლე რუსი ეროვნების ქალბატონი იყო, რომელიც ავაზაკებს მოუკლავთ თავდასხმისას. იოსების ვაჟიშვილი კი დაიხრჩოო- ამბობდნენ, თუმცა, ზუსტად რა ვითარებაში გარდაიცვალა მისი ცოლ-შვილი არ ვიცი. ერთი კი ცხადია, იოსებს შთამომავლობა არ დარჩენია”, _ ამბობს ჩვენი მასპინძელი.

სამწუხაროდ, არც ისაა ცნობილი თუ სად განისვენებს იოსებ წილოსანი, რომელიც 1873 წელს თბილისში გარდაიცვალა. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება. მიჩნეულია, რომ იოსებ წილოსანი, იგივე ალი-აჰმედ ეფენდი ლურჯი მონასტრის მიდამოებშია დაკრძალული.”

.. და ასევე საინტერესო ისტორიით გავაგრძელოთ…

კალენდარზე  1895 12 მარტია,ილია

მეუღლის, ოლღა გურამიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მართავს წვეულებას. სტუმრად მყოფი გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე ენთუზიაზმით საუბრობენ რუსეთში მეფობის გადაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების დამყარების აუცილებლობაზე, ილია ჭავჭავაძე კი ეუბნება, რომ ასეთი ცვლილებები საქართველოსთვის არახელსაყრელი იქნება. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა ახერხებს რუსეთისთვის ფეხის აწყობას, მაგრამ თუ ეს დიდი იმპერია თავისუფლებას მოიპოვებს, სწრაფად წავა წინ, ჯერ ეკონომიკურად დაგვიპყრობს, შემდეგ კი ან გაგვარუსებს, ან აღგვგვის დედამიწის პირიდან.

ორი გურულის გაცნობის დროა…

მათზე საუბარს კი გაზეთის შემდეგი ნომრისთვის გადავდებ…

თემები