“ამ მიწიდან ნარგიზებად ამოვალ”
გიორგი ლობჟანიძე

მუსლიმური აღმოსავლეთის ორი დიდი მოაზროვნე, რომელსაც ჩვენი წერილი ეძღვნება, ისლამში წარმოშობილი მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმდინარეობის – სუფიზმის – გამოკვეთილი წარმომადგენლები და ამ მიმდინარეობის თეორეტიკოსები იყვნენ. ამიტომაც, იმისათვის, რომ სწორად გავიაზროთ მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან, თავდაპირველად საჭიროა, მოკლედ შევეხოთ იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნებოდა სამყაროს სუფიური აღქმის იდეოლოგია.

ქრისტიანული წელთაღრიცხვის VIII-IX საუკუნეებში მუსლიმურ აღმოსავლეთში წარმოიშვა რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები თავს ,,მუთასავვიფებს“, ,,არიფებს“ ანდა ,,სუფიებს“ უწოდებდნენ. თვითონ მიმდინარეობას კი ,,თასავვუფი“, ,,ირფანი“ ანდა მოგვიანო ხანის ევროპული ტრადიციის მიხედვით, ,,სუფიზმი“ ეწოდა.

ეს გახლდათ ისლამში დაგროვილი მისტიკური ნაკადი, რომელიც ამ რელიგიის ყველა უბანზე მაცოცხლებელი ჟანგბადივით გაიშალა და მისი თითოეული ძარღვი, თითოეული მფეთქავი არტერია მოიცვა.

აქედან გამომდინარე, სუფიზმის მეცნიერულ საწყისებზე მკვლევარი ევროპელი ისლამმცოდნეები თავიანთი საკვლევი მასალის არსზე მსჯელობისას პრობლემის წინაშე იდგნენ და ვერ ახერხებდნენ სუფიზმის ზუსტი და ამომწურავი დეფინიცია მოეცათ.

წინა საუკუნის დიდ გერმანელ ორიენტალისტს ანნა მარია შიმელს (დაიბად. 1922 წ. 7 აპრილს) ამ მხრივ, მეცნიერებაში არსებული ვითარება ჯალალ ედ-დინ რუმის სუფიური პოემის ,,ზნეობრივი მესნევის“ ერთ იგავს ახსენებს, სადაც მოთხრობილია ამბავი რამდენიმე ბრმა ადამიანსა, რომელიც გზაზე სპილოს გადააწყდება. ისინი ხელით სინჯავენ უცხო საგანს და თითოეული დასკვნას იმის მიხედვით აკეთებს, სპილოს სხეულის რა ნაწილსაც ეხება. ერთი ამტკიცებს, რომ მათ წინ ტახტი ანდა ტახტრევანია; მეორე ამბობს, რომ სარწყავი მილია; მესამეს ჰგონია, რომ რაღაც მტკიცე ბურჯებთან დგანან, მაგრამ არცერთ მათგანს სწორი წარმოდგენა არა აქვს იმაზე, თუ რა საგანი, რა ცხოველია იმ წუთას მათ წინაშე.

ანა მარია შიმელის ეს საინტერესო ასოციაცია ძალზე მარჯვედ ეხმიანება არსებულ რეალობას, რადგან სუფიზმის მრავალპლანიანობისა და თითქმის ყოვლისმომცველობის გამო, მკვლევარები ამჯობინებენ მისი რომელიმე მხარე, რომელიმე მიმართულება შეისწავლონ და ამასობაში აუხსნელი რჩებათ საკვლევი მასალის არსი. ეს, ერთის მხრივ, განპირობებულია თვითონ სუფიების ტრადიციული შეხედულებითაც, რომ ის, რაც სიტყვებით გამოითქმის, სუფიზმი არაა. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით, როდესაც სუფიურმა მოძრაობამ კლასიკური სახე მიიღო და დერვიშთა უამრავ საძმოდ დაიშალა, ალბათ, ,,თასავვუფის“ იმდენი განმარტება არსებობდა, რამდენი შეიხი, ანუ საძმოს მეთაურიც იყო მაშინდელ მსოფლიოში.

თუმცაღა არსებობს გარკვეული მყარი პრინციპები, რაც საერთოა სუფიური მიმართულების ყველა საძმოსათვის და სუფიზმზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, ვფიქრობთ, ჩვენი ყურადღება სწორედ ამ პრინციპებზე უნდა გამახვილდეს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინ ,,თასავვუფის“ ალბათ ყველაზე მართებული ეტიმოლოგია არაბულ სფა ძირს უკავშირდება, რაც მატყლის, უხეში შალის სამოსელს აღნიშნავს. ადრეული ხანის მუსლიმი განდეგილები, რომლებმაც მერე სხვადასხვა სუფიურ საძმოში მოიყარეს თავი, ასე იმიტომ იწოდებოდნენ, რომ, ძირითადად, უხეში შალის სამოსელი ეცვათ და მათი ჩაცმულობა სავსებით შეესაბამებოდა ასკეტიზმისა და მეუდაბნოეობის იმ მოდელს, რომელსაც ეს ადამიანები ამკვიდრებდნენ.

ისლამური მისტიციზმის მეორე ტრადიციული სახელწოდება ირფანი (ან სპარსული წარმოთქმით: ერფანი) კი არაბული ‘არაფა ძირიდან მომდინარეობს და შეცნობას, შემეცნებას აღნიშნავს. ეს სახელწოდება, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება სუფიათა იმ აღიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ღვთის ჭეშმარიტი ბუნების შესაცნობად საჭიროა გონების, ლოგიკისა და აზროვნების სრული იგნორირება. შემეცნების ერთადერთ წყაროდ სუფიები გულს, გრძნობის მამოძრავებელ ძალას აღიარებენ.

უფრო ზუსტად, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო ის საიდუმლოება, რაც თანამედროვე მედიცინისათვის მხოლოდ წინა საუკუნეში გაცხადდა. კერძოდ, ის, რომ ორსულობის ათი დღის თავზე ჩნდება მანათობელი, მფეთქავი წერტილი, რომელიც ემბრიონის ერთმანეთისაგან ჯერ კიდევ გაუთიშველ გულსა და გონებას წარმოადგენს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის გული, რომელიც ამავე დროს ტვინია და ტვინი, რომელიც იმავდროულად არის გული. სუფიური შემეცნების იარაღი სწორედ ეს გაუთიშველი გრძნობა-გონებაა, სადაც მნიშვნელობა სწორედ იმპულსურად შეცნობილ რეალობას ენიჭება.

აქედან გამომდინარე, სუფიებისათვის სამყაროსთან ურთიერთობისა და თვითგამოხატვის საუკეთესო ფორმას პოეზია, მუსიკა ანდა არაჩვეულებრივად მუსიკალური, გამოკვეთილი რიტმის მქონე პოეზია წარმოადგენს. ამიტომაც, სწორედ პოეზია მიაცილებს ღვთის მაძიებელ კაცს თავისი ძნელი გზის ყველა მონაკვეთზე, რომლის ბოლო სადგური და ნავსაყუდელი ღმერთში სრული განზავება, საკუთარი თავისაგან დაცლა და ჭეშმარიტებით, ღვთით აღვსებაა.

ეს გზა, რომელსაც ტერმინოლოგიურად ,,ტარიკათს“ უწოდებენ, რამდენიმე ტრადიციულად: შვიდი, ანდა ცხრა საფეხურისაგან შედგება და ამ საფეხურებს, თავის მხრივ, სუფიები ,,ვადიის“, ანუ ხეობას ეძახიან. ღვთის საძიებელ გზაზე შემდგარი კაცი, ანუ ,,მურიდი“ თავდაპირველად ,,ტალაბის“ – წადილის, სურვილის ხეობას გაივლის და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს მწვერვალისკენ, მეშვიდე საფეხურის, ანუ ფანა’-ის ხეობისაკენ.

ეს მოგზაურობა მრავალ სუფ ავტორს აქვს აღწერილი. ისინი ძირითადად ალეგორიული ფორმით გადმოგვცემენ თავიანთ გამოცდილებას და მაქსიმალურად ძუნწად, ირიბად მიგვანიშნებნენ მთავარ სათქმელზე, რადგან ითვლება, რომ სუფიური მგზავრობა ყველას ხვედრი არ არის და უღირს, არაგანდობილ ადამიანთან ამ თემაზე საუბარმა შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს. სწორედ სავალის სიძნელითაა განპირობებული სუფიური საძმოების ინსტიტუციონალური მოწყობაც, რომლის სათავეშიც დგას ,,მურშიდი“ (წინამძღოლი), შეიხი (მეთაური) ანდა, როგორც ზოგჯერ სპარსული კულტურული მენტალიტეტის მქონე ადამიანები უწოდებენ, ,,ფირე თარიყათი“ – სავალგზის (მო)ხუცი. სწორედ მურშიდს ემორჩილება ესა თუ ის საძმო, რომელიც სუფიური სავალის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ვადიიში მყოფ საძმოს წევრებს კონკრეტულ მითითებებს აძლევს და თავიანთი რთული არჩევანის სრულყოფაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რამდენადაც დახურულია ცალკეული სუფიური საძმოების შინაგანაწესი, იმდენად ღია და ტოლერანტულია სუფიზმი ყველა რელიგიური და ფილოსოფიური მიმდინარეობისათვის. ამის გამო, ტრადიციული ისლამის აღმსარებელი მორწმუნეები სუფიებს ყოველთვის ამრეზით უყურებდნენ და მათ ურწმუნოებასა და სჯულგანდგომილობას აბრალებდნენ. თავის მხრივ, ასეთ ფანატიკოს მუსლიმებს არც სუფიები რჩებოდნენ ვალში და აცხადებდნენ, რომ რწმენის ყველაზე დიდი მტერი ბრმა, განუსჯელი მორწმუნეობაა, რომელსაც ბევრად სჯობს თვით ურწმუნოება.

ასეა თუ ისე, ცხადია, რომ სუფიები ტრადიციული სარწმუნოების პრინციპებს ლაღად, შემოქმედებითად ეკიდებოდნენ და ამის გამო მათთან ბევრი რელიგიური სიმბოლო თუ შეხედულება სრულიად ახალი და განსხვავებული შინაარსით დაიტვირთა. მაგალითისათვის, შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ უყურებს ისლამი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას და როგორ განიხილავს იმავე საკითხს ტრადიციული თასავვუფი.

ისლამში ღმერთი – ადამიანის შემოქმედი, რომელმაც კაცი შავი მიწისაგან, აყირო თიხისაგან შექმნა, ქვეყნიერების ერთპიროვნული ბატონ-პატრონია და ყველა ადამიანი მისი ყურმოჭრილი მონაა. თუ ქრისტიანობა ამ ურთიერთობას მამა-შვილურ დამოკიდებულებას ადარებს, ისლამისათვის ასეთი მიდგომა პრინციპულად მიუღებელია, რადგან ყურანის მიხედვით, ,,ღმერთი არის ალაჰი ერთადერთი, ალაჰი მარადი, მას არცა უშვია და არცა შობილა და არც მოზიარედ ჰყოლია არავინ.“ (ყურანი, სურა 112-ე).

ზემოთქმულიდან გამომდინარე კლასიკური ისლამისათვის გაუგონარი მკრეხელობა იყო სუფიზმის ის ფილოსოფია, საიდანაც ამოიზარდა ამ მიმდინარეობის მთელი შემდგომდროინდელი იდეოლოგია.

საქმე ისაა, რომ სუფიური წარმოდგენით, სამყარო ღმერთის ემანაციაა. ამქვეყნად ყველა არსება თუ საგანი თავისთავში ღვთის სინათლის მატარებელია, რადგანაც ამ სინათლიდან მოწყვეტილ ერთ ნაპერწკლად აღიქმება. ეს დანაწევრებული, გათითოკაცებული ნაპერწკლები მუდმივად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, თავიანთი საწყისისაკენ ისწრაფიან, რათა კვლავაც პირველმიზეზს შეერწყან და მთლიანობის, სისრულის ნეტარება მოიპოვონ. ამქვეყნად ყველა ცოცხალი არსებისა და განსაკუთრებით ადამიანის ტრაგიზმის საფუძველსაც სწორედ ეს განშორება, დიდი სინათლიდან მისი ჩამოსხეპა ქმნის, რადგან ამ მეტაფიზიკური განშორებიდან იღებს სათავეს პიროვნების მარტოობისა და გაუცხოების ის მტანჯველი განცდა, რომელიც მას მთელი სიცოცხლე ფეხდაფეხ დაჰყვება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სუფიათათვის ისახება ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის უნიკალური მოდელი, სადაც ღმერთი სატრფოა (მაშუკ), ადამიანი მეტრფე (აშიკ), ხოლო მათი დამაკავშირებელი გრძნობა არის სიყვარული (იშკ).

ამ მოდელს იმეორებს ყველა სუფიური სატრფიალო ლექსი, რომელსაც თუკი აღნიშნული წინასწარი ინფორმაციის გარეშე წავიკითხავთ, ხელთ ჩვეულებრივი, ხშირად მომეტებულად სენსუალური და ხორციელი ლირიკის ნიმუში შეგვრჩება.

გარდა ამისა, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, სუფიური კულტურა, ტრადიციული ისლამური კულტურისაგან განსხვავებით, რომელიც მკაცრად გამოხატულ მასკულინურ ხასიათს ატარებდა, უფრო ფემინური კულტურა იყო, რადგან სუფიათა თვალთახედვით, ღვთისაგან ემანირებული სამყარო მდედრობითი საწყისი გახლდათ, რომელიც მამრობით დასაბამთან შერწყმას ესწრაფოდა. აქედან გამომდინარე, სატრფო სუფიურ პოეზიაში ყოველთვის მამრობითი სქესისაა. თუმცა, სპარსული ენის ხასიათის შესაბამისად, სადაც ქართულისა არ იყოს, გრამატიკული სქესი არ არსებობს, სუფიური პოეზიის ეს თავისებურება ირანელ მისტიკოსთა შემოქმედებაში გამოკვეთილად არ ასახულა. სამაგიეროდ, ამ მოსაზრების ილუსტრირება არაბული პოეზიის ნიმუშების მიხედვით შეიძლება.

ამ ვრცელი შესავლის შემდგომ ადვილად გასაგები უნდა გახდეს ჯალალ ედ-დნ რუმისა და შამსე თაბრიზის ურთიერთობის ბევრი ისეთი დეტალი, რაც შესაძლოა, დღევანდელ ადამიანს უხერხული ანდა საორჭოფო მოეჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მათ ურთიერთდამოკიდებულებას უნდა შევხედოთ, როგორც აღმოსავლური ყოფისათვის დამახასიათებელ რეალობას, რომელიც საზრდოობდა და საზრდოობს გარკვეული სოციალური და ფილოსოფიური ნიადაგით. მით უფრო, რომ ჩვენი წერილის გმირთა ბიოგრაფია ლეგენდის ბურუსშია გახვეული და დღეს უკვე აღარავის შეუძლია მათ სახეებს უპირობოდ ჩამოხსნას ზღაპრის საბურველი.

მუსლიმურ ანალებში შემონახული ცნობების მიხედვით, ჯალალ ედ-დინ რუმი 1207 წელს დაბადებულა ქალაქ ბალხში. მამამისი ბაჰა ედ-დინ მოჰამად იბნ ჰოსეინ ხათიბ ბალხელი, ანუ როგორც მისი თანამედროვენი იხსენიებდნენ, ბაჰა ვალადი, სუფიზმის ცნობილი თეორეტიკოსი და მქადაგებელი გახლდათ. ჯალალ ედ-დინ რუმიმ პირველდაწყებითი განათლება სწორედ მამისაგან მიიღო.

1213 წელს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთაგან დევნილი ბაჰა ვალადი ტოვებს ბალხს და წმინდა ადგილთა მონახულების მიზნით, მექას მიემგზავრება. მექიდან კი იგი მშობლიურ ქალაქში აღარ დაბრუნებულა. მცირე აზიაში, კონიის ანუ რუმის სასულთნოში დასახლდა, სადაც დაარსა მედრესე და სიკვდილამდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

მამის გარდაცვალების შემდეგ ჯალალ ედ-დინ რუმი იკავებს მის კათედრას და ღრმად სწავლობს სუფიზმის საკითხებს. იგი მთელ რუმის სასულთნოში სახელმოხვეჭილი და ყველასაგან დაფასებული მოძღვარია. მის სიტყვას პატივს სცემს დიდი თუ პატარა, გარს შემოკრებილი ჰყავს უამრავი მიმდევარი, რომელთათვისაც მის მიერ გამოტანილი რელიგიურ განჩინებები ლამის ღვთიური მსჯავრის ტოლფასია. ოცდათოთხმეტი წლის რუმი ამქვეყნიური პატივითა და დიდებითაა გარემოცული და ასე გრძელდება მანამ, ვიდრე მის ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც უცნაური, თავით ფეხამდის შავ ნაბადში გახვეული კაცი არ გამოჩნდა. მას მბრძანებლური იერი და ქცევა გამოარჩევდა და გარშემომყოფებზე ისეთ მომნუსხველ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ჯალალ ედ-დინ რუმიც კი უცებ მისი დამანგრეველი გავლენის ქვეშ მოექცა. ეს კაცი, რომელმაც ირანელ ავტორთა შეფასებით, რუმის ცხოვრებაში სულიერი გადატრიალება მოახდინა, შამსე თაბრიზი იყო.

ზოგი ირანული საისტორიო წყაროს მიხედვით, შამსე თაბრიზი ასასინების ორდენს ეკუთვნოდა. პაპამისი ნურ ად-დინ მუჰამადი ისმაილიტების მოძღვრების დაუღალავი მქადაგებელი გახლდათ, რომელმაც 1166 წელს შიიტური ისლამის ამ თავისებური განშტოების სულიერი მეთაურის თანამდებობაც კი დაიკავა. სწორედ ამ ნურ ად-დინ მუჰამადმა მოახერხა მუსლიმური აღმოსავლეთის სახელმოხვეჭილი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ფახრ ად-დინ რაზი ,,გადამჭრელი და ქმედითი არგუმენტების“, ანუ ოქროს ქისისა და ალესილი მახვილის მეშვეობით, ისმაილიტურ სჯულზე მოექცია. იგი 1210 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ მისი ადგილი მისმა შვილმა ჯალალ ედ-დინმა დაიკავა, რომელმაც მამის სავალ გზას გადაუხვია და შარიათის კანონებთან ყოველგვარი გარეგნული შეუსაბამობა მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა. მან თავისთავს მონოთეისტი მუსლიმი უწოდა, ხალხმა კი ამის გამო ,,ახალმუსულმანი“ შეარქვა. შუა საუკუნეთა ცნობილი სპარსელი ისტორიკოსის დოვლათშაჰის ცნობით, ეს ჯალალ ედ-დინი იყო შამსე თაბრიზის მამა. თუმცა ცნობილია, რომ ჯალალ ედ-დინს ალა’ ედ-დინის გარდა ვაჟი არ ჰყოლია. ამას გარდა, თანამედროვე ირანელი მკვლევარი ფორუზანფარი ვარაუდობს, რომ 1244 წელს კონიის სასულთნოში მისვლის დროისათვის შამსე თაბრიზი დაახლოებით სამოცი წლის მოხუცი იყო. ეს კი სავსებით შეუძლებელს ხდის მის იდენტიფიცირებას ჯალალ ედ-დინის ვაჟთან, რომელიც იმხანად ახალგაზრდა კაცი უნდა ყოფილიყო.

მუსლიმურ წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით, შამსე თაბრიზი კონიაში მთვარის ჰიჯრის კალენდრის 12 ჯუმადი ას-სანის (ანუ ქრისტიანული წელთაღრიცხვის 1244 წლის 30 ნოემბერს) შესულა. ჯალალ ედ-დინ რუმისთან მისი პირველი შეხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ამ შეხვედრის შესახებ კი ოთხი სხვადასხვა ვერსია არსებობს. პირველი ვერსია მუსლიმ მოღვაწეთა ცნობილ ბიოგრაფს აფლაქის ეკუთვნის. იგი წერს:

,,მოვლანა შამს ედ-დინ თაბრიზი თავდაპირველად თავრიზში შეიხ აბუ ბექრ მეგოდრის მიმდევარი იყო, თუმცა მას წარმატებით გაევლო შეგირდობის ხანა და უფრო მეტის მიღწევა ეწადა. ამ სურვილით ანთებულს თითქმის მთელი ქვეყანა ფეხდაფეხ მოევლო და ამის გამო მისთვის ,,მფრინავი შამსიც“ კი შეერქმიათ.

ერთ ღამეს შამსე თაბრიზს შფოთმა და უძილობამ დარია ხელი. ლოცვად დადგა და ღმერთს შესთხოვა, უფალო, შენი იდუმალად საყვარელი ადამიანებისაგან ერთ-ერთი მიჩვენეო. უეცრად ციდან ხმა შემოესმა, შენ ვინც გწადია, ბაჰა ვალადის ვაჟი ჯალალ ედ-დინია. რუმის სასულთნოში წადი და საწადელს ეწევიო.

კონიაში ჩასულმა შამსე თაბრიზმა თავი მდიდარ სოვდაგრად გაასაღა და შაქრის გამყიდველთა უბანში ერთი ფარდული იქირავა. ერთ დღეს იგი ფარდულის წინ იჯდა, როცა იქ ჯალალ ედ-დინმა ჩამოიარა, რომელსაც ბამბის ვაჭართა უბანში ქადაგება მოემთავრებინა და ჯორზე ამხედრებული შინისკენ მიდიოდა, უკან კი შეგირდებისა და მურიდების ამალა მისდევდა. ამ დროს შამსე თაბრიზი ფეხზე წამოიჭრა, ჯალალ ედ-დინს მივარდა, ჯორის ლაგამი ხელიდან გამოსტაცა, შეაჩერა და ჰკითხა: ღვთის გულისათვის, იქნებ, მიბრძანო, ბაიაზიდი უფრო დიდია თუ მოციქული მუჰამადიო? ჯალალ ედ-დინ რუმიმ მიუგო: მუჰამადი მოციქულთა ბეჭედი და ღვთის სათნო კაცთა მეთაურია. რა თქმა უნდა, მას ვერავინ შეედრებაო. მაშინ შამსე თაბრიზმა ჰკითხა: მაშ, იმაზე რა აზრისა ხარ, მუჰამადი რომ ამბობს – ,,დიდება შენდა, ჭეშმარიტად ვერ შეგვიცვნიხარო“; ბაიაზიდი კი იტყვის: ,,დიდება მე, რა დიდებულია საქმე ჩემი და ჭეშმარიტად, მე ვარ მბრძანებელთა მბრძანებელიო“.

ამ სიტყვების გაგონებაზე ჯალალ ედ-დინ რუმიმ გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, შამსე თაბრიზს ხელი ჩაჰკიდა, ფეხით გაუძღვა თავისი მედრესესკენ და ორმოცი დღე მასთან ერთ სენაკში ჩაიკეტა.“

XIV საუკუნის უდიდესი სპარსელი პოეტი აბდ ორ-რაჰმან ჯამი თითქმის უცვლელად იმეორებს აფლაქის მონათხრობს, იმ განსხვავებით, რომ ჯალალ-ედ დინ რუმისა და შამსე თაბრიზის დიალოგს დაწვრილებით ყვება და ფაქტობრივად, მათი საუბრის უფრო ვრცელ ვარიანტს გვთავაზობს.

ჯალალ ედ-დინ რუმის ვაჟის, სოლთან ვალადის თანამედროვე სუფი მოღვაწე მუჰი ედ-დინ აბდ ოლ-ყადერი კი მოგვითხრობს:

ერთხელ ჯალალ ედ-დინ რუმი ჩვეულებისამებრ თავის მიმდევრებს ესაუბრებოდა. ვიღაც უცხო კაცი მოვიდა, სალამი თქვა და ერთ კუთხეში, თავისთვის ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, უცებ რუმის წინ გადაშლილ წიგნებზე მიუთითა და იკითხა, ეს რაღააო. საუბარში გართული რუმი ამ უადგილო შეკითხვამ გააღიზიანა, რადგან ძალიან კარგად ჩანდა, რომ წინ ჩვეულებრივი წიგნები ეწყო. ამას გარდა, იმ დროს ოსტატის საუბარში ჩართვა დიდ უტაქტობად და უზრდელობად მიიჩნეოდა. ამიტომაც უცნობს გაგულისებულმა მიუგო: ეგ ისაა, რასაც ვერ გაიგებო. ჯერ სიტყვაც არ დაესრულებინა, რომ წიგნებს ცეცხლი წაეკიდა. დაბნეულმა რუმიმ წამოიძახა, ეს რაღააო?! მაშინ უცნობმა, მშვიდად მიუგო: ეგ ისაა, რასაც ვერ გაიგებო, – წამოდგა და გარეთ გავიდა. რუმი მაშინვე უკან გამოუდგა, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამო, შამსე თაბრიზის კვალს ვეღარსად მიაგნო.

ამ ისტორიას ცოტა უფრო განსხვავებულად მოგვითხრობს რამდენიმე ავტორი. მათი ცნობით, წიგნებს ცეცხლი კი არ ეკიდება, წყლით სავსე აუზში ცვივიან. მაგრამ როცა რუმი აღშფოთებას გამოხატავს მათი განადგურების გამო, შამსე თაბრიზი ამ წიგნებს დაუზიანებელს, წვეთშეუხებელს იღებს სავსე აუზიდან.

დოვლათშაჰის ცნობით, შამს ედ-დინ თაბრიზმა სარწმუნოების გარეგნული დარგების შესწავლის შემდგომ, დაფარული სულიერი ცოდნის ათვისება გადაწყვიტა და შეიხთა შეიხ რუქნ ედ-დინ სანჯაბის მიმდევარი გახდა. მალე აქაც ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ შეიხის უსაყვარლესი მოწაფე და მისი ყოველმხრივი ნდობით აღჭურვილი სწავლული შეიქნა. ერთ დღეს რუქნ ედ-დინ სანჯაბიმ შამსე თაბრიზს უთხრა, რუმის სასულთნოში ერთი ჯანდამწვარი კაცია, შენ უნდა წახვიდე და მის არსებას ახალი ცეცხლი შემოაგზნოო. შამსე თაბრიზი მართლაც გაემართა კონიისკენ და ქალაქში რომ შევიდა, ჯორზე ამხედრებული ჯალალ ედ-დინ რუმი დაინახა, რომელსაც უკან მოწაფეების მრავალრიცხოვანი გუნდი მოჰყვებოდა. შამსე თაბრიზმა მის სახეში მყისვე სატრფოს ხატი ამოიცნო. მივიდა და ჰკითხა: მოძღვარო, ღვთის გზაზე მცდელობისა და ცოდნის დაგროვების მიზანი რა არისო? რუმიმ მიუგო: შარიათის, სუნასა და ზრდილობის განმტკიცებაო. შამსმა უთხრა: რაც ჩამოთვალე, მხოლოდ გარეგნული მიზანიაო. რუმიმ კითხვა შეუბრუნა: მაშ, შინაგანი მიზანი რაღააო? რუმიმ მიუგო: ცოდნა ისაა, რაც შეუცნობელს მიგაახლებსო და სანაის ერთი ლექსის სტრიქონი გაიხსენა: ,,მეცნიერებას თუ შენივ თავის მარწუხთაგან არ დაუხსნიხარ, უმეცრება სჯობს და იმისი შავი წყვდიადი“.

ამბობენ, რუმი იმდენად მოიხიბლულა შამსე თაბრიზის სიტყვებით, რომ მყისვე თავი მის მიმდევრად უღიარებია.

აქვე ბარემ ჯალალ ედ-დინ რუმისა და შამსე თაბრიზის მეოთხე ვერსიაც მოვისმინოთ, რომელიც გვიანდელი შუასაუკუნეების ცნობილ არაბ სწავლულსა და მეცნიერს იბნ ბატუტას ეკუთვნის და რომელიც წინა ვერსიებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სარწმუნოდ გამოიყურება.

ერთ დღეს რუმი მოწაფეებს ესაუბრებოდა, როცა მედრესესთან ხალვის გამყიდველმა ჩამოიარა. თითო ნაჭერ ხალვას ერთ ფულუსად ჰყიდდა. ჯალალ ედ-დინმა ბიჭი გააგზავნა და ერთი ნაჭერი ხალვის ყიდვა დაავალა. გამყიდველმა ბიჭს ხალვა მისცა და ფული არ გამოართვა. მერე ვაჭრობას საერთოდ თავი დაანება და თავის გზას ეწია. რუმიმ მიმდევრები მიატოვა და ხალვის გამყიდველს უკან გამოუდგა, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვეღარსად მიაგნო. ამ ძებნაში კი გაურკვეველი სპარსული ლექსების ზეპირად თქმა დაიწყო, რომლებიც შემდგომ მისმა მიმდევრებმა ჩაიწერეს და ,,ზნეობრივი მესნევის“ ყალიბში მოაქციეს.

ეს ბოლო გადმოცემა იმდენად არადამაჯერებელი ჩანს, რომ მასზე ყურადღების გამახვილება მიზანშეუწონლად გვეჩვენება. დანარჩენი სამი ვერსია კი მეტ-ნაკლებად ავსებს ერთმანეთს და ასეთუ ისე სარწმუნო სინამდვილის აღდგენაში გვეხმარება.

ამ ინფორმაციიდან აშკარად ჩანს, რომ ჯალალ ედ-დინ რუმი და შამსე თაბრიზი მოულოდნელად შეხვდნენ, რის შემდეგაც რუმი საზოგადოებრივ ასპარეზს ჩამოსცილდა და თავის ახალ მოძღვართან და მეგობართან განმარტოვდა. რუმის ასეთი თვითიზოლაცია საგრძნობი დანაკლისი იყო კონიის ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრებისთვის, რადგან როგორც ზემოთ, აღვნიშნეთ, ოცდათოთხმეტი წლის ჯალალ ედ-დინ რუმი, რომელსაც მეტსახელად უკვე იმ პერიოდშივე ეძახდნენ, ,,მოვლანას“ ანუ ,,ჩვენს უფალს“ ამ ინტელექტუალური ცხოვრების ტონისმიმცემად აღიქმებოდა.

მისი მიმდევრები ვერ ეგუებოდნენ იმასაც, რომ ყველასათვის საყვარელმა მათმა მოძღვარმა, რომელსაც სადავო რელიგიური საკითხების გადაჭრისას ლამის უკანასკნელი ინსტანციის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული, უცებ ვიღაც უცნობ, საეჭვო წამომავლობისა და მრწამისის ადამიანს სრული, მონური მორჩილება განუცხადა.

საზოგადოების უკმაყოფილებამ მალე იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ შამსე თაბრიზი, როგორც ჩანს, უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, ყველასაგან უჩუმრად და, რაც მთავარია, თვითონ რუმისაგანაც ფარულად, კონიიდან სირიაში გაიპარა. ცნობილია, რომ მან კონია 1245 წლის 29 ნოემბერს დატოვა. მაშასადამე, მისი და ჯალალ ედ-დინის ურთიერთობა დაახლოებით ორ წელიწადს გრძელდებოდა.

შამსე თაბრიზის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ჯალალ ედ-დინ რუმის სირიიდან მისი უსტარი არ აახლეს. მაშინ რუმიმ, ლეგენდის მიხედვით, თავისი პირველი ყაზალი წარმოთქვა, რომლითაც საკუთარი შვილი სოლთან ვალადი წააქეზა, რომ სირიაში წასულიყო და ყველა ღონე ეხმარა, რათა მისი გაუჩინარებული მოძღვარი მოეძებნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,მისი მოწყალების კალთას

მოეჭიდე ნება-ნება,

თუმც მშვილდივით ნუ მომართავ,

ისარივით გაგისხლტება.

იგი ცდილობს, რომ ფანდს ნაცადს

სივერაგე შეემატოს

და მაღალი ხელოვნებით

თავის თავი დაგიხატოს.

მაგრამ როცა სურათს მოგცემს

და თან წაგჩურჩულებს – მე ვარ, –

ხელთ ოდენ ლანდს შეგატოვებს,

თვით სულთა გზით გაიქცევა.

თუ ზეცაში მოიძიებ,

მთვარესავით წყალში ნათობს,

თუ წყლად ჩაჰყევ, მიგატოვებს,

თვით კვლავ ზეცად გაიქცევა.

თუ იქ ძებნი, სადაც მკვიდრობს,

ტანზე მოგეჭდება მჭიდროდ,

შენს კვალს, ამბობს, ჩემიაო,

თვით უკვალოდ გაიქცევა.

შენი გუმანის ჩიტისთვის

სინამდვილედ ქეიბურობს,

რათა თავი შეიბუროს,

გუმანიდან გაიქცევა.

მეც ყოველგნით გამოვილტვი,

არა – შიშით, მჭვრეტის ქიშით,

რომ ყოველგნით, სადაც მნახავს,

ზარგანხდილი გაიქცევა.

სიყვარულის ვარდს გიჟმაჟი

ნიავივით მოვეხვევი,

ვარდი, ფოთოლცვენის შიშით,

ვარდნარიდან გაიქცევა.

და სახელი მისი ისე

იბურება და ნისლს ისევს,

რომ თქმასაც კი ვერ მოასწრებ,

ბაგეთაგან გაიქცევა.…

თუ მის სახის ხატვა იწყე,

ის კამარას შეჰკრავს ფიცხელ,

ნახატიდან აფრინდება,

გულისგულში გაიქცევა.“

როგორც ჩანს, ამ ყაზალმა სოლთან ვალადზეც ძალიან იმოქმედა, რადგან მან მამის თხოვნა პირნათლად შეასრულა. სირიაში შამსე თაბრიზი მოძებნა და უკან, კონიის სასულთნოში ჩამოიყვანა. სავარაუდოდ, კონიის მცხოვრებლებმა წინასწარ ჯალალ ედ-დინ რუმის პირობა მისცეს, რომ შამსე თაბრიზს არაფერს ავნებდნენ, მაგრამ მათ მოძღვრისათვის მიცემული აღთქმა თაბრიზის დანახვისთანავე დაივიწყეს და უწინდებური ეჭვიანობა და შუღლი წამოიწყეს. მათ უკმაყოფილებას პროვოკაციულად ამწვავებდა თვითონ მოძღვრის საქციელი. ჯალალ ედ-დინ რუმი, უწინ რომ სერიოზულ კაცად იცნობდნენ, ახლა სავსებით გამოიცვალა. თუ წინათ ცეკვასა და სიმღერას სატანისეულ ხრიკებად ნათლავდა და ჭეშმარიტი მუსლიმი მოძღვრის კვალობაზე, ხალხს მისგან თავშეკავებას მოუწოდებდა, ახლა, თვითონ ქუჩა-ქუჩა დადიოდა და მღეროდა.

კონიელები ამის მოთმენას უკვე აღარ აპირებდნენ და მათ, შამსე თაბრიზის განადგურების მიზნით, შეთქმულება მოაწყვეს. ამ შეთქმულების ერთ-ერთ მეთაურად ფორუზანფარი ჯალალ ედ-დინ რუმის მეორე ვაჟს ალა ედ-დინ მუჰამადს ასახელებს, რომელსაც თავისი ძმის, სოლთან ვალადისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, არც პოეზია უყვარდა და დიდად არც სუფიზმის თეორიაში ერკვეოდა. სავარაუდებელია, რომ შეთქმულებაში მისი მონაწილეობის შესახებ ჯალალ ედ-დინ რუმიმაც შეიტყო, რადგან ცნობილია, რომ იგი კარგა ხნის შემდეგ, ალბათ, თავის დროზე შვილისაგან მიყენებული უდიდესი ტკივილის გამო, ალა ედ-დინ მოჰამადის დაკრძალვასაც კი აღარ დასწრებია.

ასე იყო თუ ისე, შამსე თაბრიზი მოულოდნელად გაუჩინარდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგი კონიიდან კვლავ გაპარვას აპირებდა, მაგრამ ხანჯლით აკუწეს ქალაქის გასასვლელთან, ხოლო გვამი ჭაში ჩაუძახეს. ამ ლეგენდას აბდ-ორ რაჰმან ჯამიც იმეორებს, მაგრამ დასძენს, რომ შამსე თაბრიზმა, მუცელში ხანჯალი რომ გაუყარეს, ამ დროს რაღაც ლოცვა წაიდუდუნა და ყველა სულიერს მყისიერად ცნობა მიჰხადა. გონს რომ მოეგნენ, თაბრიზის კვალს ვეღარსად მიაგნესო.

საგულისხმოა, რომ ჯალალ ედ-დინ რუმის ვაჟი სოლთან ვალადი თავის პოემაში შამსე თაბრიზის მკვლელობაზე არაფერს ამბობს და მხოლოდ მისი იდუმალი და მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ საუბრობს.

სხვა ლეგენდის მიხედვით კი, როდესაც რუმიმ შამსე თაბრიზის მკვლელობის ამბავი შეიტყო, ცნობამიხდილმა ეს სტრიქონები ჩაიდუდუნა:

,,მიჯნურების ლამაზ ფეხთა მტვერი ვარ,

თუმც მიწა ვარ, მაინც რარიგ ამო ვარ,

დრო მოვა და თუკი დღეს ვარ ტალახი,

ამ მიწიდან ნარგიზებად ამოვალ.

შავს ჩავიცვამ, როგორც ღამე რომელიც

სიყვარულის დარდმა ასაღამოვა,

ხოლო მერე ამ კუნაპეტ ღამეში

გაბადრული მთვარესავით ამოვალ.

დამწვას ცეცხლმა უიმედო ტრფობისამ,

შლეგი თუ ვარ, შენი ტრფობის გამო ვარ,

ცათა შინა, სადაც ახლა შენა ხარ,

ამ ცეცხლიდან მე კვამლივით ამოვალ.“

მსოფლიო პოეზიაში ალბათ ძნელია მოიძებნოს ასეთი ტრაგიკული და ამავე დროს ასეთი იმედიანი ლექსი. აქ სრული უიმედობა და სასოწარკვეთა იმისათვის არსებობს, რომ თავის მრუმე საფარველქვეშ იყუჟებს მომავლისათვის აუცილებელ ენერგიას, რათა მან ახალი ძალმოსილებით შექმნას სამყარო – თვალისაგან უხილავი და შეუცნობელი.

დღეს უკვე არავის შეუძლია გაარკვიოს, სად მთავრდება მითი და სად იწყება სინამდვილე ამ ლეგენდებში, მაგრამ საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ ამ ლეგენდების მიხედვით, სწორედ სატრფოსთან, მეგობართან განშორების ცეცხლიდან იბადება პოეტი ჯალალ ედ-დინ რუმი, რომლის აზრისა და შემოქმედების ნაყოფი, რომ არა შამსე თაბრიზთან დაკავშირებული ვნებათღელვა და ტრაგედია, ალბათ, მაშინდელი კონიის საზღვრებს ვერაფრით გასცდებოდა. ამ ტრაგედიის ცეცხლმა კი იგი პოეზიის მეტაფიზიკურ კვამლად აქცია და სამყაროს ოთხივ კუთხეში მიმოფანტა. უწინდელი ჯალალ ედ-დინ რუმი – კანონმორჩილი და რელიგიური კანონმდებელი აღარ არსებობდა. ის უკვე სხვა ადამიანი იყო – შლეგი, დაუდეგარი, ტანში პოეზიისა და მუსიკის შფოთშემჯდარი, ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილ მეგობართან საკუთარი თავის სრული პერსონიფიცირება მოახერხა და თავისი ლექსების ბოლო ბეითში, ე. წ. ,,თახალლუსში“, სადაც აღმოსავლელი პოეტი, ტრადიციისამებრ, თავისთავს იხსენიებს ხოლმე, შამსე თაბრიზის სახელი გაახმიანა. ამ საბრძანისში უკვე თვითონ იყო ყველაფრის სრული ბატონ-პატრონი და საკუთარ მარტოობაში შამსე თაბრიზის მეტს ფეხს აღარავის დაადგმევინებდა; იმ შამსე თაბრიზისა, რომელთანაც თავი გააიგივა და იმავდროულად უფლის სახედ და ხატად გაიაზრა. ამრიგად კი გაიარა სუფიური სავალის ის ურთულესი მონაკვეთი, რომლის დასაწყისშიც აწერია: ვინც შეიცნო თავი თვისი, უფალი შეიცნო.

სხვათა შორის, თვითონ შამსე თაბრიზის სახელი ალბათ ჯალალ ედ-დინ რუმის გარეშე ძნელად თუ შემორჩებოდა მუსლიმური აზროვნებისა და ლიტერატურის ისტორიას. მართალია, შემონახულია მისი ავტორობით ცნობილი ქადაგებათა ერთი კრებული, მაგრამ ეს ქადაგებები მხატვრული თვალსაზრისით, უღიმღამო ნიმუშებს წარმოადგენენ, რომელთა უმთავრესი ღირებულება მხოლოდ ისაა, რომ გარკვეულ ცნობებს შეიცავენ ჯალალ ედ-დინ რუმისა და მისი პიროვნული თავისებურებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შეიძლება იმ კონიელებსაც გაუგოს კაცმა, რომელთაც აკვირვებდათ თავისი ბრძენი მოძღვრის ასეთი მომეტებული სიყვარული ამ არაფრით გამორჩეული უცნობის მიმართ.

თუმცა, ჯალალ ედ-დინ რუმი სხვაგვარად ფიქრობდა და სხვაგვარად ხედავდა თავის მიჯნურს, რომელთან შეყრის სიხარულმაც ეს საოცარი სტრიქონები ამოათქმევინა:

მკვდარი ვიყავ, მკვდრეთით აღვსდექ,

გლოვა ვიყავ, ლხენად ვიქეც,

სიყვარულის ჟამი დადგა,

სიყვარულის ენად ვიქეც.

ნათელი მაქვს საჭვრეტელი –

ღვთიურ ხატთა საჭრეთელი,

დამიამებს ტკივილს შხამი,

ციდან შუქთა ფენად ვიქეც.

მითხრა: – რადგან ხელი არ ხარ,

ამა სახლის ფერი არ ხარ,

წავედი და მოვყევ ხარხარს,

შეშლილად და ხელად ვიქეც.

მითხრა: – წადი, არ მიყვარხარ,

თუ უგონოდ მთვრალი არ ხარ,

წავედი და ისე დავთვერ,

სიხარულის ფშვენად ვიქეც.

მითხრა: – ცუდად რატომ კვნესი,

არც თესლი ხარ, არც ნათესი.

მის სახის წინ ყველა მყესის

ტკივილამდე ჩენად ვიქეც…

მითხრა: – ჩემი ყოფნის კოცონს

სურს სიმღერით გააოცო,

წავედი და შაშვის მოთქმად,

თუ ბულბულის სტვენად ვიქეც.

მრქვა: – მცირე ხარ, დახვალ ღრეჭით,

მთვრალი ოცნებით და ეჭვით,

ვიქეც შიშად, ზარის დარი,

თუ მოყვასთა წყენად ვიქეც.

მრქვა: – სანთელი ხომ არა ხარ,

ამა ხალხის ხუმარა ხარ,

წავედი და სისხლის ჩქეფად,

თუ ცრემლების დენად ვიქეც.

მრქვა: – ბატონი რადგან არ ხარ,

არც ზეპურთა ღირსად ჩანხარ…

– არც მოლა ვარ, არც შეიხი,

შენს მონად და შენად ვიქეც.

მრქვა: – აუშვებ ფრთებს და აფრებს,

სიხარულის ცაზე დაფრენ,

მე ცას ისე მივემძაფრე,

რომ ფრთამოტეხილად ვიქეც.

მითხრა: – შორს ნუ იხედები,

შენ წყარო ხარ, მე – ედემი,

არც ევა ვარ, არც ადამი,

მე აკრძალულ ხილად ვიქეც.

მრქვა: – მოთმენის ვდგავარ ქიმზე,

როს ასეთი ვნებით მიმზერ,

მე კი სატრფოს გულისპირზე

მარგალიტის ღილად ვიქეც.

მითხრა: – შენ აქ უნდა თიბო,

ნუ დამტოვებ, გულს ნუ მიპობ…

– მე სად წავალ? აქ მაქვს ლიბო,

შენი ბაღის პირად ვიქეც…

შენ მზე ხარ, მე ძეწნის მისხი,

მომაცილე მზერა ფიცხი,

ყვავილები გამოვისხი,

და გულგაღეღილად ვიქეც.

მზაფრავს სიკაშკაშე ფერთა,

არსადა ჩანს ჩემი ერთა,

მე – ტალახი – ვიქეც ღმერთად,

მე სამყაროს შვილად ვიქეც.

სპარსულ პოეზიას მითები და ლეგენდები არასდროს დაჰკლებია. ჩვენი წერილის მიზანი კი ამ მითებისა და ლეგენდების სისტემატიზაცია არ გახლავთ. უბრალოდ, გვინდოდა, კიდევ ერთხელ გაგვეხედა ჯალალ ედ-დინ რუმის საოცარი სამყაროსკენ, საიდანაც ყველაფერი ტკბილი და ხატოვანი ენით გვესიტყვება, რომ თუ გვსურს, თავი დავაღწიოთ წარმავლობას, გაუნელებელი სიმძაფრით უნდა განვიცადოთ უფლისა და ადამიანის სიყვარული.