მორჩა ძილი
თამარ გუნაშვილი

მას შემდეგ, რაც დედამიწა ფეხქვეშ ამოგვიტრიალდა და სრულიად სხვა რეალობაში გავიღვიძეთ, შეიცვალა ყველაფერი, ხელოვნებისა და კულტურის პლატფორმების ჩათვლით. მოდით, გავყოთ ერა კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ: კოვიდამდე ხელოვნება და კულტურა ურთიერთობის, სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა იყო. ფილმს და სპექტაკლს ასიოდე ადამიანის თანდასწრებით ვუყურებდით, გამოფენებზე წყვილებად ან ჯგუფურად დავდიოდით, მუზეუმებს ტურებად ვათვალიერებდით… არაფერი იყო ინტიმური ან პირადული, პირიქით: ყველაფერი იყო საერთო, საზიარო, ყველასი.

არის თუ არა ხელოვნების აღქმა კოლექტიური ფენომენი? შემოქმედისთვის, რასაკვირველია, არის – მას სჭირდება აუდიტორია, რეაქცია, ტაში, კომენტარი, ინტერაქცია, მაყურებლისგან ან მსმენელისგან წამოსული ემოცია, ენერგეტიკა. ჭირდება თუ არა ხელოვნების დამფასებელს თანამონაწილე იმისთვის, რომ ხელოვნების ნიმუში აღიქვას? ნებისმიერი შემოქმედისთვის ყველაზე დიდი კოშმარი ალბათ ცარიელი დარბაზია, ისევე – როგორც მაყურებლისთვის. გაზიარებული აღფრთოვანება ქმნის ერთიანობის გრძნობას, ტრაიბალური ინსტინქტის გაღვიძებას. ეს მიკუთვნება საკუთარი თავისა რაღაცა ჯგუფისთვის შობს სიძლიერისა და ერთიანობის განცდას. საერთო აჟიოტაჟის ნაწილად ყოფნა პირად ბედნიერებას გვანიჭებს. ესაა სტადიონზე ღრიალი სხვა გულშემატკივრებთან ერთად, კლუბში ხტუნვა ისეთ მჭიდრო გარემოცვაში, რომ უცხო ადამიანების კანის სუნს გრძნობ, გადაჭედილ საოპერო დარბაზში შეპარვა და მთელი წარმოდგენა ფეხზე დგომა იმისთვის, რომ ბოლოს ყველასთან ერთად იყვირო „ბრავო“… წარმოიდგინეთ „რეალის“ თამაშს ცარიელი ტრიბუნიდან უყურებდეთ, მაგარი დიჯეი კლუბში მხოლოდ თქვენთვის უკრავდეს, პლასიდო დომინგო კი მხოლოდ თქვენთვის მღეროდეს, ისე რომ მუჯლუგუნიც ვერავის გაკრათ, რა მაგარიო…

კოვიდამდე ხელოვნება და შემოქმედება უფრო და უფრო მჭიდრო ხდებოდა: უაღრესი პოპულარობა მოიპოვეს ინტერაქტიულმა თეატრებმა, სადაც მაყურებელი მხოლოდ მაყურებელი კი არა, სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი იყო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერაქტიული თეატრი Sleep No More ნიუ იორკის თეატრალური დასი გახლდათ. Sleep No More („მორჩა ძილი“) მაყურებელს ვენეციური კარნავალის თეთრ ნიღბებს ურიგებდა და მათ თავისუფლად შეეძლოთ 90-მდე სივრცეში გადაადგილება, სადაც მსახიობები შექსპირის „მაკბეტიდან“ სცენებს თამაშობენ. ბილეთის ფასი ოთხნიშნა ციფრი იყო, მაგრამ არასდროს იშოვებოდა, რადგან ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ხდებოდა არა მხოლოდ ცქერა, არამედ – მონაწილეობა, ჩარევა.

კოვიდის შემდეგ როგორც ხელოვნების ფანები, ასევე ხელოვნების შემქმნელები დილემის წინაშე დადგნენ – მათ გამოეცალათ ფიზიკური პლატფორმა, სცენა, რომელზეც დგამდნენ ფეხს, ეკრანი, რომელზეც უშვებდნენ ფილმს, კედელი, რომელზეც კიდებდნენ ნახატს, მიკროფონი, რომელშიც მღეროდნენ… უეცრად აუდიტორია გაქრა და დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აგებულიყო ეს ახალი ხიდი და რას დაყრდნობოდა.

ნომერ პირველი შეკითხვა კი მაინც იყო ის, თუ რამდენად სჭირდებოდა ამ პანდემიაში ადამიანს ხელოვნება და არტი? რა ფორმით? რა ოდენობით? რომელი?

სხვა სფეროებმა, ასე თუ ისე, კარგად მოაგვარეს საკითხი. მსოფლიოს მედიცინის მუშაკები კმაყოფილებიც კი დარჩნენ, რომ ტელემედიცინა ექსტერნად დამკვიდრდა, რამდენი ხანია ვამბობთ, ვიზიტთა უმეტესობისთვის პაციენტის პირადად ნახვა საჭირო სულაც არ არისო. საბითუმო ვაჭრობამ ონლაინ გაყიდვების პროცენტი გაზარდა ფიზიკური მაღაზიების დაკეტვის ხარჯზე, ფიტნეს-ინსტრუქტორებმა ონლაინ კლასები გახსნეს, ბევრმა მასწავლებელმა – ისედაც დრო იყო, ონლაინ-სწავლებაზე გადავსულიყავითო.

ასე და ამგვარად, კოვიდის შემდგომ ყოფა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, მაგრამ რა მოუვიდა კოვიდის შემდგომ ხელოვნებასა და კულტურას?! დიდ ეკრანს, დიდ სცენას, დიდ გალერეებს, დიდ… ყველაფერს? მოუწია დაპატარავება და თან ისე, რომ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დატეულიყო.

ბრონქსში მცხოვრებმა გერმანელი წარმოშობის ავტორმა და მომღერალმა იან კლოსმა მძიმე მარტის თვეში მეგობართან ერთად მზეზე გათბობა გადაწყვიტა, თან გიტარაც წაიღო. შენობის წინ ჩამოსხდნენ, და ამხანაგების გასამხნევებლად პირდაპირ ტელეფონიდან ჩართვა გააკეთეს, თან „ბითლზ“-ის სიმღერებს მღეროდნენ. იანს ჯერ მთელი ქუჩა აჰყვა, შემდეგ კი – 32 ათასამდე ფეისბუკის მომხმარებელი! ამან შთააგონა იანს, ფეისბუკზე ვოკალის უფასო კლასები წამოეწყო და პატარა ზუმ-კონცერტიც მოესინჯა. წარმოიდგინეთ, 15 დოლარიანი ბილეთები მსწრაფლ გაეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ იან კლოსი დიდი, გაშლილი სივრცეების მოყვარულია და ფესტივალებს არ ტოვებს, მან ერთგული მსმენელი არა მხოლოდ ონლაინ-სივრცეში შეინარჩუნა, არამედ – გაამრავლა. კოვიდის ინფექციას იანის ერთგული მეგობარი და მენეჯერი ჰარი ზალცმანი შეეწირა, რომელსაც კლოსმა ულამაზესი სიმღერა Pilot Light („გზამკვლევი სინათლე“) მიუძღვნა. ყველანაირი მოლოდინის მიუხედავად, ორიოდე თვეში სიმღერის ნახვათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა! იანმა არათუ შეინარჩუნა თავისი აუდიტორია, არამედ ზუმ-კონცერტებით, ონლაინ-კლასებით და მუდმივი ინტერაქციით ფანკლუბი გაიათმაგა.

სიმღერას – „გზამკვლევი სინათლე“ შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=bk391xGhe7g&feature=youtu.be&fbclid=IwAR1Vk1b9rrhfEhvM7EUnWoZkvRx-tjEYqiUoz7PUuKMl5ApuBm-J1hO8LNw

ნიუ იორკში მოღვაწე ტაივანელმა დიზაინერმა მალან ბრეტონმა გაზაფხული-ზაფხული 2021-ის კოლექცია უკვე დაამთავრა, როდესაც კოვიდის გამო ჩვენების დაგეგმვა შეაჩერა და მერე კი, საერთოდ გააუქმა. ფარ-ხმალი არ დაუყრია, თავისი მეგობრების ავატარები ვიდეო-თამაშების შემქმნელებს გააკეთებინა, მზა კოლექციის ფოტოები გადაიღო და ვირტუალური კოლექცია მოარგო. ყველაზე ემოციური ამ ჩვენებაში მაინც ის გახლავთ, რომ ბრეტონმა თავის ვირტუალურ მოდელებს კოვიდით გარდაცვლილი მეგობრების ავატარებიც შეჰმატა. „ეს ჩვენება ძალიან ემოციურია ჩემთვის. მას „უკვდავი“ ვუწოდე, რადგან სიკვდილი დაამარცხა. ვირტუალური ჩვენებები ძალზე პოპულარული გახდება – თქვა ბრეტონმა NY1-ისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში – „მისი გაკეთება უფრო ძვირია, სამაგიეროდ გავრცელების არეალია უზარმაზარი, გაცილებით მეტმა ადამიანმა შეიძლება ნახოს“.

იმას დავამატებდით, რომ ამ ვირტუალურ ჩვენებას სრულიად ფანტასმაგორიული უკანა ხედები აქვს, რეალობაში ამგვარი ლოკაციების შექმნას მილიონები დასჭირდებოდა.

ბრეტონის შოუს – „უკვდავი“ – შეგიძლიათ უყუროთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=bscxAdgqnUc&feature=youtu.be

ყველაზე დიდი დილემის წინაშე თითქოს მუზეუმები აღმოჩნდნენ, მაგრამ თურმე ნუ იტყვით, მონდომების შემთხვევაში აქაც შეიძლება გამოსავლის მოძებნა. ფრიდა კალოს სახლ-მუზეუმმა მექსიკაში დახმარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სტარტაპს „რეკორიდოს ვირტუალეს“-ის მიმართა. „რეკორიდოს ვირტუალეს“ მანამდე სამომხმარებლო ექსპოებისთვის და უძრავი ქონების სააგენტოებისთვის ვირტუალურ სივრცეებს ქმნიდა. ახლა კი მექსიკელი მხატვრის მუზეუმი დამთვალიერებლისთვის გააცოცხლა. პანორამული გამოსახულების გარდა პატარა გეგმაცაა დართული, როგორც მუზეუმების ფლაიერებზე გინახავთ. გნებავთ, სახლში გადაადგილდებით, გნებავთ, ნახატის წინ გაჩერდებით, მიუახლოვდებით ან რამდენიმე ნაბიჯით დაშორდებით. მუზეუმს კომპიუტერის ეკრანზე ათვალიერებთ და ოთახიდან ოთახშიც კი გადიხართ.

ფრიდა კალოს მუზეუმი შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

https://www.recorridosvirtuales.com/frida_kahlo/museo_frida_kahlo.html?fbclid=IwAR3HfqQ_W_o0sa7o7FCb_f7wlCZz_z01-D-hp8NtfrjK-8G5wfX0eyY8mns

 

იაოი კუსამა იაპონელი არტისტი და ინსტალატორია. საოცარი ხედვის შემოქმედი ქალი საკუთარი ნებით უკვე წლებია იაპონიის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში ცხოვრობს, რადგან კარგად ესმის თავისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკები. მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალში ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა იმუშაოს და არა მხოლოდ შექმნას. კუსამა ასევე ავტორიტეტული არტ-დილერია და საკუთარი ბიზნესიც აქვს. კუსამა ცნობილია თავისი საგამოფენო სივრცეებით, რომელთაც „სარკეთა უსასრულობის ოთახები“ ეწოდება. ყოველი ოთახი მისთვის დამახასიათებელი სარკეებით, განათებითა და შუქ-ჩრდილის მონაცვლეობით გამორჩევა. 2015 წლიდან პერმანენტული გამოფენა ლოს ანჯელესის მუზეუმ ბროუდში გაიმართა და 2 მილიონამდე დამთვალიერებელს უმასპინძლა, კოვიდის შემდეგ კი სინათლეები კუსამას ოთახებში ჩაქრა.

საბედნიეროდ, გამოჩნდნენ მუზეუმის თანამშრომელი ენთუზიასტები, რომელთაც ამ გამოფენის ვირტუალური ფორმით გაცოცხლება ითავეს. დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა „ინსტა-მუზეუმი“ – გვერდი ინსტაგრამზე, სადაც კუსამას ყოველი ოთახი 14 წუთიან გამოცდილებას გთავაზობთ. იცვლება მხოლოდ განათება და მუსიკა, აღქმის კუთხე და სივრცე კი უცვლელია. ეს ვიდეო იმითაა უნიკალური, რომ გაძლევთ საშუალებას ოთახები სრულიად ორიგინალურ მდგომარეობაში ნახოთ და აღიქვათ, სხვა დამთვალიერებლების გარეშე. ეს ოთახები რეალობაში ვერასდროს იქნება ამგვარი, რადგან ყოველთვის სხვა ადამიანის ანარეკლი გაკრთება, ერთი მაინც.

„სარკეების უსასრულობის ოთახები“ ინსტა-მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.instagram.com/tv/B-NJQ20BIyL/?utm_source=ig_embed

ოჰ, ბალეტი! თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი დარგია, რადგან კლასიკური ბალეტის მოცეკვავეები მუდმივად ფიზიკურ ფორმაში უნდა იყვნენ. მიხაილოვსკის საბალეტო თეატრმა რუსეთში შეაგროვა პატარა ვიდეოები, რომლებსაც მისი წამყვანი მოცეკვავეები სხვადასხვა სოციალური პლატფორმებიდან აზიარებდნენ და „დარჩისახლში“ (#сидидома) მოწოდებით თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ოფიციალურ ვიდეოდ იყენებდნენ. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხრიკებს არ მიმართავენ ბალერინები და ბალერონები, რომ გამუდმებით ივარჯიშონ – საჭმლის კეთების თუ სახლის დალაგების დროსაც.

მიხაილოვსკის თეატრის მოცეკვავეთა „დარჩისახლში“ ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.facebook.com/mikhailovskytheatre/videos/920537321698959/?t=73&v=920537321698959

მოკლედ რომ დავასკვნათ, არტი დაიმცრო, დაპატარავდა – ფიზიკურად. ფანტაზიისა და ხელოვნებასთან განმარტოების უნარი კი – გაიზარდა.

კარგია ეს თუ ცუდი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ყველა ჩვენგანი სულმოუთქმელად ველით იმ დროს, როცა შევცვივდებით თეატრების გასახდელებში, დავდგებით ბილეთების რიგში, დავუკავებთ ადგილს მეგობრებს, მოვიმარჯვებთ ბინოკლებს, პოპკორნებს, პროგრამებს ან კოკა-კოლებს, ხელით შევეხებით, სუნს შევიგრძნობთ, ბილეთი გვეძვირება და მაინც ვიყიდით, კონცერტზე ვიღრიალებთ და ვიღაცებს მუჯლუგუნებსაც გავკრავთ.

მერე კი ლუდის წრუპვით და ღიღინით ვიღაცაზე ხელგადახვეული ფეხით გავუყვებით განათებულ და ხმაურიან ქუჩებს შინისკენ, ხმაურიანს იმიტომ, რომ, აბა, ვიღა დაიძინებს… „მორჩა ძილი“.