“რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“
თინა ნაცვლიშვილი

ძნელია წერო ადამიანზე, რომელიც აღარ არის, რომელსაც დიდ პატივს სცემდი, გიყვარდა და მასთან უამრავი მოგონება გაკავშირებს…

ჩვენს ოჯახს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გურიასთან. ბიძაჩემის დედულეთი იყო ჩოხატაური, ანუ როგორც თვითონ უწოდებდნენ „ჩახატოური.“ ბავშვობიდან  ვისმენდი არაჩვეულებრივ გურულ სიმღერებს და უზომოდ ვიყავი შეყვარებული  გურულ ფოლკლორზე.

1965 წლის ზაფხულია.  გურიაში, შუა ფარცხმაში ჩვენს ახლობლებთან ვართ  და ინტერესით შევცქერით ტელევიზორს. ოჯახის უხუცესმა, გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელმა, სიო ბაბუამ, სიო ჩხიკვაძემ– გვერდით მომისვა და მითხრა:

– ხომ სწავლობ, ბაბუა, მუსიკას? ჰოდა დეიხსომე, ვინცხა გურულ კაი ბიჭს, სიხარულიძეს, შუუქმნია აი ჯგუფი, „გორდელა“ და ნაღდია, მსოფლიოს გააოცებენ! მაი ყმაწვილი უნდა გეიცნოს ქვეყანამ, დიახ!

სულ ცოტა ხანში კი გომარ სიხარულიძის სახელი მთელმა საქართველომ იცოდა. ჩვენი ნაცნობობა კი ასე დაიწყო:

ცხოვრობდა თბილისში ერთი არაჩვეულებრივი კაცი, არაჩვეულებრივი  გურული, თემურ ჟღენტი. შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და საუკეთესო პიროვნება. ჩვენ ოჯახებითაც  ვმეგობრობდით. თემურს მრავალი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი, გომარ სიხარულიძე, იმ დროისათვის მე-5 სამუსიკო სკოლის დირექტორი, ლამის ოჯახის წევრი იყო. მის სკოლაში სწავლობდა თემურის მეორეკლასელი შვილი, კახა, რომელიც მუსიკის გაკვეთილებს ვერ იტანდა და  მე დამეკისრა „მძიმე მისია,“კახა, უნდა მუსიკაში მემეცადინებინა, რაც ბავშვისათვის დიდ ტრაგედიას წარმოადგენდა. აი, ამ პერიოდიდან, ჟღენტების ოჯახიდან დაიწყო ჩემი და გომარ სიხარულიძის მეგობრობაც. ერთხელაც თემურმა აღმოაჩინა, რომ მე და გომარი ერთ დღეს, 4 მარტს ვიყავით დაბადებული და  ყოველწლიურად რაღაც სიურპრიზებს გვიკეთებდა.

როგორც თეორიულ-საკომპოზიციო  ფაკულტეტის სტუდენტი,  ძალიან დაინტერესებული ვიყავი ქართული ხალხური მუსიკით, არ ვუშვებდი შესაძლებლობას და ფოლკლორულ კონცერტებს ვესწრებოდი. ფოლკლორის კათედრის ექსპედიციაშიც ვარ ნამყოფი და თანაც გურიაში, ამჯერად ოზურგეთში, მაშინდელ მახარაძეში.

70-იან წლებში მომრავლდა ქართული ფოლკლორული ჯგუფები და ეს ნამდვილად მისასალმებელი იყო. სათითაოდ არ ჩამოვთვლი ყველა იმ მოღვაწეს, ვინც სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების  განვითარებასა და პოპულარიზაციაში. საბედნიეროდ ისინი მრავლად შემოინახა ისტორიამ, მაგრამ დღეს მე მინდა გავიხსენო გომარი, რომელმაც ერთხელ მითხრა – „მარტში დაბადებულებს გიჟებს ეძახიან, თუმცა ეს 4 მარტს არ ეხება,  რადგან ამ დღეს მე და შენ მოვევლინეთ ქვეყანას 8 წლის შუალედითო.“

გომარი დაიბადა ქუთაისში. 1964 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო, ხოლო 1976 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი. 1966-75 წლებში იყო ვოკალური ანსამბლის, „გორდელას“ ხელმძღვანელი და საქართველოს თავი გააცნო. როგორც ნიჭიერმა ახალგაზრდა ლოტბარმა, ქართული მუსიკალური ფოლკლორის უბადლო მცოდნემ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მე-5 სამუსიკო სკოლის დირექტორად, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის მუსიკალურ ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად, თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის  კათედრის გამგედ, მაგრამ გომარის მოღვაწეობა მარტო ამით არ შემოფარგლულა. როგორც კომპოზიტორი, ნაყოფიერად მუშაობდა საფორტეპიანო, ვოკალურ, საგუნდო მუსიკის ჟანრში, აგრეთვე შექმნილი აქვს საორკესტრო ნაწარმოებები სოლისტებსა და გუნდთან ერთად; განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია „ოთხი გურული ჩანახატი“ ა- კაპელა ქალთა გუნდისათვის. გომარი აქტიურად მოღვაწეობდა კინოსა და თეატრში. მას ეკუთვნის მრავალი საესტრადო სიმღერა. 1968 წელს ვოკალურ ანსამბლ „გორდელასთან“ერთად გახდა ბულგარეთის სტუდენტური და ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე და  სხვადასხვა პრემიების ლაურეატი.

1972 წელს  ეკრანებზე გამოვიდა ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი, „ჩარი-რამა,“ სადაც მთავარ როლში მისი უახლოესი მეგობარი, გოგი ქავთარაძე თამაშობდა.  ფილმის კომპოზიტორი იყო გომარ სიხარულიძე  და სიმღერებსაც თავად ასრულებდა. ეს დებოდა კადრს მიღმა. გოგი კი   გურული ახალგაზრდა მომღერლის როლში მოგვევლინა.  ფილმმა წარმატებით მოიარა როგორც საქართველოს, ასევე მაშინდელი სსრკ-ს ეკრანები. 1974 წელს მაშინდელი ზოოვეტერინარული ინსტიტუტის შენობაში ტარდებოდა სემინარები, სადაც მეც ვიყავი მიწვეული მსმენელად. სემინარების შემდეგ ეწყობოდა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, სპორტსმენებთან, ხელოვანებთან. ერთ დღესაც სემინარიდან გამომიძახეს, ახლავე წადი, თემურ ჟღენტმა დაგიბარა, სასწრაფოდ მომაკითხოსო. მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა და არც ტაქსის გამოძახების შანსი იყო. ამიტომ ჩემს მეგობარს ეს გაეთვალისწინებინა და მანქანა გამოეგზავნა.   თემური სახლში მელოდებოდა. ოთახში შევდივარ და რას ვხედავ –  ჟღენტი ყურებამდე გაღიმებულია, მოშორებით კი ზის გაბრაზებული გომარ სიხარულიძე.

მოკლედ, ასეთი ამბავი ყოფილა: გოგი  ქავთარაძე ერევანში მიუწვევიათ „ჩარი-რამას“ პრემიერაზე. თურმე აქებდნენ და ადიდებდნენ, მსახიობი ვიცოდით რა იყავი, მაგრამ ეს რა სიმღერა შეგძლებიაო. მანაც შეიფერა და ყველას მადლობას ეუბნებოდა ქათინაურებისთვის.

თემურმა მაგარი მოყოლა იცოდა და ძლივს შევიკავე თავი, რომ ხმამაღლა ხარხარი არ დამეწყო. გომარი კი სერიოზულად ბრაზობდა:

– აზრზე მოდით, მე დავწერე მუსიკა, მე გავაორკესტრე, მე შევასრულე და ამას კიდევ ტაშს უკრავენ, თანაც როგორ იფერებს! იმდენი „ნაგლობა“ შერჩა, რომ დააჯერა ყველას, ვითომ თავად  მღეროდა  და არ იუარა! ეგ კი არა, სევანზე რესტორანში კონიაკები გაუგზავნიათ, რა მაგრად მღერიო…სად გოგი და სად სიმღერა!(სხვათა შორის გოგი ქავთარაძე გომარ სიხარულიძის უფროსი ვაჟის გიორგი სიხარულიძის ნათლია გახლდათ)

მერე გამაცნეს ჩემი დავალება, დღეს საღამოს, იქ, ფონიჭალაში, შეხვედრა არის დანიშნული გოგისთან, ჰოდა შენ უნდა ორი სიტყვა უთხრაო, თან დამარიგეს, რა  და როგორ.

ზოოვეტის სააქტო დარბაზი სავსე იყო. სცენაზე გოგი და კიდევ რამდენიმე ,საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანიც იჯდა. როცა სტუმრების წარდგენასა და მათ მისალმებას მორჩნენ, ღონისძიების წამყვანმა იკითხა, ვინმეს შეკითხვა ხომ არ გაქვთ, ან აზრის გამოთქმა ხომ არ გინდათო. მე პირველ რიგში ვიჯექი და ხელი რომ ავიწიე, ზრდილობიანად მომაწოდეს მიკროფონი.

– ბატონო გოგი, არც ისე დიდი ხნის წინ ეკრანები წარმატებით მოიარა სანიშვილის „ჩარი-რამამ,“ სადაც თქვენ მთავარ როლს ასრულებთ და ბრწყინვალედ მღერით…- აქ ცოტა შევჩერდი, რომ კარგად დავკვირვებოდი გოგი ქავთარაძის გაბრწყინებულ სახეს და განვაგრძე –  დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, იქნებ ახლა რომელიმე სიმღერა შეგვისრულოთ ფილმიდან? თანხლებაზე არ იჯავროთ, მე დავუკრავ…

გოგის სახე შეეცვალა, მაგრამ ნაძალადევად გაიღიმა და კბილებში გამოცრა:

– სხვა დროს ვიმღერებ, ახლა ხმაზე არ ვარ!

ღონისძიების შემდეგ მომძებნა და ჩუმად მითხრა:

– ჟღენტს და სიხარულიძეს გადაეცი, რომ ვერ გამაცურებენ! – მერე გაიცინა – არა, შენზე არ ვბრაზობ, რა შუაში ხარ! მაგათ მე მოვუვლი…

მოგვიანებით, როცა თემურ ჟღენტთან დავრეკე „პატაკის ჩასაბარებლად,“ სამივე ერთად ქეიფობდა კიევის ქუჩაზე ჟღენტებთან…

ეჰ, გადის დრო, მიდიან ადამიანები, რჩება მოგონებები…