ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი, თუ ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი?
ანი მარგველაშვილი

წარმოიდგინეთ სამყარო, რომელსაც მართავს რობოტი. ის განაგებს რა და როგორ სჯობს თქვენთვის. თუ მის რჩევებს არ დაემორჩილები საკუთარი თავის მტრად გამოგაცხადებს და, შეიძლება, მოგკლათ კიდეც თქვენივე კეთილდღეობისთვის. ეს რობოტი კი ხელოვნური ინტელექტია. სცენარი, რომელიც ახლა მოკლედ მოვხაზეთ, ფუტურისტული, ძალიან დრამატული და არც ისე პოზიტიურია.

თავიდან დავიწყოთ: რა არის ხელოვნური ინტელექტი? რა საჭიროა ის? როგორ იქმნება იგი და გამუდმებით ცდილობს თუ არა ადამიანი გადააბაროს თავისი საქმე   ვინმეს ან რამე სხვას? კაცობრიობა თითქოს ჩამნაცვლებელს ეძებს, ტექნოლოგიურისას, რობოტების სახით და ბიოლოგიურისას, გენეტიკური კლონების სახით. აი, მეც მინდა ეს სტატია თავად ხელოვნურმა ინტელექტმა დაწეროს ჩემ მაგივრად. ის ხომ უფრო ზუსტად გადმოსცემს რა არის, რა შეუძლია და როგორ? მაგრამ, მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექსტი ფაქტებზე დაფუძნებული და მშრალი იქნება, ყოველგვარ აბსტრაქციას მოკლებული. მე კი ვეცდები ჩემი გრძნობა, განწყობა და თუნდაც სიხარული ან შიშები შევმატო ნაწერს. ვნახოთ, რამდენად საინტერესო, ინფორმატიული და განზოგადებული გამომივა მე, მეცნიერ სტომატოლოგ-პალეოანთროპოლოგს, რომელსაც, წესით, არ უნდა უჭირდეს ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა და ბევრისთვის შეუმჩნეველი დეტალებიდან სხვადასხვა ამბის „აწყობა“ – მოყოლა. 

ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერით მართული რობოტის უნარია, შეასრულოს ისეთი დავალებები, რაც ინტელექტთან ასოცირდება. მაგალითად, დაწეროს წიგნი, ანდა სამეცნიერო სტატია, დახატოს, შეთხზას მუსიკა და გვესაუბროს.  ასეთი ქმედებები ადამიანის მახასიათებელია, ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ ესა თუ ის საქმე სასურველი შედეგის მისაღწევად, განვაზოგადოთ სიტუაცია, დავაგროვოთ არა მარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა, არამედ აბსტრაქტული ინფორმაციაც და ის შემდეგ მომავალ თაობებს გადავცეთ. 

1940-იანი წლებიდან, ციფრული კომპიუტერის განვითარების მერე, ტექნიკური შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა. კომპიუტერებმა პროგრამირების ენაზე, მიცემულ დავალებებზე დაყრდნობით, უამრავი რთული ამოცანის შესრულება შეძლეს. მაგალითად, ჭკვიანი ალგორითმები პროფესიულად „თამაშობენ“ ჭადრაკს, შეუძლიათ მათემატიკური თეორემების მტკიცებულებების აღმოჩენა… კომპიუტერული ტექნოლოგიები გამუდმებით უმჯობესდება, კომპიუტერის მეხსიერება, სისწრაფე მატულობს. მათემატიკური, სტატისტიკური გამოთვლები ალგორითმს ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადამიანს. თუმცა ადამიანის გონებრივი მოქნილობა და აბსტრაქტული, ზოგადი აზროვნების უნარი მას ჯერ არ აქვს.

და მაინც რა არის ინტელექტი? ადამიანის ყველაზე მარტივი ქმედებებიც ხომ მის ინტელექტად აღიქმება, ხოლო, აი მაგალითად, მწერების საკმაოდ კომპლექსური საქციელი კი ინსტინქტური ქცევის თავისებურებად. რატომ ითვლება ასე? იმიტომ, რომ მწერების ეს ქმედებები თუ დაარღვია გარემო პირობებმა, ისინი ჯიუტად მაინც ზუსტად იგივეს გაიმეორებენ. მაგალითისთვის  კრაზანების ერთ-ერთი სახეობა ავიღოთ: როდესაც მდედრი ბუდეში ბრუნდება, საკვებს ჯერ შესასვლელთან ტოვებს და ამოწმებს მტერი ხომ არაა შიგნით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანს იგი საკვებს ბუდეში. მაგრამ თუ ვიღაცამ ან რაღაცამ საკვები რამდენიმე სანტიმეტრითაც კი გადაადგილა, სანამ კრაზანა პერიმეტრს ამოწმებდა, იგი ბუდის უსაფრთხოების შემოწმების პროცესს ხელახლა გაიმეორებს. არადა ნათელია, რომ შიგნით  არავის შეუღწევია. კრაზანას მსგავსი მოქმედების გამეორება უსასრულოდ შეუძლია. როგორ მოიქცეოდა ადამიანი მსგავს შემთხვევაში? იგი მოერგებოდა ახალ მდგომარეობას და შეცვლიდა ქმედებას  ანუ ინტელექტის მთავარი მახასიათებელი შეგნებული ადაპტაციის უნარია. ადამიანის ინტელექტი კი არ არის მხოლოდ ერთი თვისება, ის უამრავი შესაძლებლობებისა და მათი შერწყმის კომბინაციაა. ხელოვნური ინტელექტიც მიილტვის სხვადასხვა უნარების „დაგროვებისკენ“. 

ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე კვლევების ძირითადი ფოკუსი დღეს არის  სიახლის სწავლა, სიტუაციის აღქმა, ლოგიკური ქმედებები, პრობლემების გადაჭრა და ენა-მეტყველება. ხელოვნური ინტელექტი დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ამაზე არც კი ვფიქრობთ, როდესაც ჩვენს ტელეფონებსა, კომპიუტერსა და ინტერნეტში ვეძებთ ინფორმაციას. გაინტერესებთ ალბათ რა სახით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს? ანდა რა სახით იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენზე? მაგალითად, თქვენი ელექტრონული ფოსტა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წარმატებულად ახერხებს ეგრეთწოდებული სპამისა და საჭირო წერილების ერთმანეთისგან გარჩევას. ეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება. ასევე ონლაინ სერვისები თქვენს ძიებებზე დაყრდნობით „სწავლობენ,“ თქვენს ინტერესებს და თქვენზევე მორგებულ მასალას გაწვდიან (მაგალითად, ამაზონი – პროდუქტს, ნეტფლიქსი – ფილმებს). ბანკებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თქვენს ანგარიშზე თაღლითობის შესამჩნევად. ეს ყველაფერი ისეა ავტომატიზირებული, რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით, ყველაფრის მიღმა „ჭკვიანი ალგორითმები“ მუშაობენ.

აი, „ოჯახის წევრი“ ხელოვნური ინტელექტი უკვე სულ სხვა რამეა. ეს მეტყველების ამომცნობი აპარატები. ასეთებია, მაგალითად, „გუგლ ჰოუმი“, „ალექსა“, და „სირი“. „გუგლ ჰოუმი,“ პირადად ჩემთვის, უკვე ყოველდღიურობაა. მე მას დილას ვეკითხები თუ რა ამინდი იქნება დღეს, რა არის ახალი მსოფლიოში. დღის განმავლობაში თუ ტაიმერი მჭირდება სადილის კეთებისას, ან მუსიკის „შეკვეთა“, ან რაიმე კითხვაზე პასუხი „გუგლ ჰოუმს“ მივმართავ და ისიც წამებში, თანაც ძალიან ზრდილობიანად, აკმაყოფილებს ჩემს სურვილებს. სხვათაშორის, ხუმრობაც იცის და თამაშიც კი შეუძლია. ასე რომ, თუ მოიწყენთ თქვენს გართობასაც ეცდება. რამდენად გამოუვა არ ვიცი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში კიდევ დაიხვეწება.

როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენს ოჯახებშია და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს რაც ვიცით და თვალნათელია. მაგრამ ხილულს მიღმა ხომ უამრავი კვლევა, ტექნოლოგიები და მათთან ასოცირებული რისკებია, რომელიც ამ უსაზღვრო პოტენციალის მქონე“ ჭკვიან ალგორითმებს“ ახლავს თან. 

ხელოვნური ინტელექტის მთავარი გასაღები ინტერნეტი და „დიდი მონაცემების“ ანალიზია. დღეს ჭკვიანი ალგორითმების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: პირველია, – „ვიწრო ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც სპეციფიკურ დავალებებს ასრულებს. ასეთია, მაგალითად, თარგმანები, ჭადრაკის თამაში ანდა მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. მეორეა, – „ზოგადი ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც „სწავლობს“ და სხვადასხვა ლოგიკური დავალებების შესრულება შეუძლია.  ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ძალიან მიმზიდველია, თუმცა აუცილებელია მისი განვითარებისას ეთიკური ნორმების დაცვა (მაგალითად, პირადი მონაცემების გაფრთხილებისთვის) და იმის გათვალისწინება, რომ საბოლოოდ უშუალოდ ადამიანი უნდა იყოს ყველა პროცესზე პასუხისმგებელი და ინტელექტის მმართველი. 

საბოლოოდ, “ჭკვიანი ალოგირთმების“ განვითარებაზე მომუშავე მკვლევარების მთავარი მიზანი ადამიანის მსგავსი ინტელექტის შექმნაა.

ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე ხატავს, ქმნის მუსიკას, აჯამებს სამეცნიერო სტატიებს. მან უკვე ერთი სამეცნიერო წიგნიც კი „დაწერა“. მე, როგორც მხატვრობის ძალიან დიდ მოყვარული, ვერ ვეგუები ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნახატს… ის ხომ ვერ ხედავს? და მაშ რას ხატავს? რა ემოციას გადმოსცემს, დღის რა მონაკვეთს აღიქვამს, ამინდის რომელ ვარიაციას აკვირდება, შუქის რა თამაშს აანალიზებს, მის ცხოვრებაში არსებულ რომელ ადამიანს აკვირდება და საერთოდ, რისი თქმა უნდა? ჩემთვის ხელოვნური ინტელექტის ნახატი ზედაპირულია… აი, უცბად გავაკრიტიკე მხატვარი“ ჭკვიანი ალგორითმი“, მაგრამ, ალბათ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მე, არაპროფესიონალ მხატვარს, კომპიუტერი მაძლევს თავისუფლებას ონლაინ შევიტანო ფერები, მოტივები და ასე ვთქვათ, „ჩემი ჭია გავახარო,“ შევქმნა ნახატი ან თუნდაც ნახატების სინთეზი, იმპრესიონისტების სტილში. უჰ, რამხელა თავისუფლებაა!!! ფასეულია ეს? ალბათ არა, მაგრამ პროცესი ხომ სასიამოვნოა და შედეგი ხომ სასურველი. ღირდა? კი, რა თქმა უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის მაინტერესებს როგორი გამოვა ჩემი „ნახატი“ და ყოველთვის შემიძლია ახალი ვერსია შევქმნა. ზუსტად იგივე ითქმის მუსიკაზეც. აი, სულ სხვაა სამეცნიერო სტატიები და მისი პოტენციალი მეცნიერებაში.

შარშან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნა ნევროლოგიური ქსელი, ერთგვარი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კითხულობს სამეცნიერო სტატიებს და შეუძლია რამდენიმე წინადადებიანი მოკლე შინაარსი დაწეროს ინგლისურად. ეს ძალიან დიდი მიღწევაა მეცნიერებაში. მკვლევარები ხომ ყოველდღიურად უამრავს აქვეყნებენ. მათ წასაკითხად უამრავი დრო იხარჯება. არადა, პროგრესს რომ მივყვეთ ფეხდაფეხ, ამ სტატიების შინაარსის ცოდნა გვჭირდება. “ჭკვიანი ალგორითმების“ მეცნიერულ უნარებში შარშან გარღვევა მოხდა, როდესაც „სპრინგერ ნეიჩერმა“ გამოაქვეყნა პირველი კომპიუტერის მიერ დაწერილი წიგნი ქიმიაში. ეს არის პროტოტიპი, რომლის თემაც ლითიუმის ელემენტებს ეხება და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის თანამედროვე კვლევებზე მიმოხილვას ქმნის. ამ ალგორითმს „ბეტა მწერალს“ (Beta Writer) უწოდებენ. იგი მითითებული წყაროდან პუბლიკაციებს აანალიზებს და სტატიების მოკლე შინაარსს გადმოგვცემს. ალგორითმს არც ციტირება ავიწყდება და ჰიპერლინკების დახმარებით მკითხველს ყოველთვის შეუძლია პირველად წყაროში ინფორმაციის გადამოწმება.  ნუთუ ასეთია მეცნიერების მომავალი? მანქანა დაწერს სტატიებს? ან, იქნებ, ადამიანი გააგრძელებს მანქანის დახმარებით? ეს პროცესები უაღრესად საინტერესოა და, ალბათ, მეც პირადად ძალიან წამადგებოდა სტატიების მოკლე შინაარსები ჩემი კვლევებისთვის. რაღა დაგიმალოთ და მეც ერთხელ გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი სტატიის (კოლეგებთან ერთად) წერისას. ამ სტატიას, 2013 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჟურნალ „საიენსის“ გარეკანი დაეთმო. ამ სტატიის წერისას, რამდენიმე ასეული ტექსტი მქონდა წასაკითხი. ამ პროცესს უსასრულოდ დიდი ხანი და ღამის თენება სჭირდება. ამ დროს, ჩემმა მეუღლემ, რომელიც „დიდ მონაცემთა“ ანალიზს ასწავლის ციურიხის უნივერსიტეტში და თან ხელოვნური ინტელექტი ძალიან აინტერესებს, მიმითითა ერთ-ერთ ალგორითმზე, რომელიც საჭირო ინფორმაციის გაფილტვრაში გვეხმარება. მეც სიხარულით გამოვიყენე ეს საშუალება და ძალიან ბევრი დროც დავზოგე.

ხელოვნური ინტელექტი უკვე „ჭკვიანია“ და ნელ-ნელა უფრო ჭკვიანი ხდება.  მაგრამ რამდენად სჯერა ადამიანს იმის, რომ ხელოვნური ინტელექტი მასზე უფრო ჭკვიანი, მოქნილი და მისი მტერიც კი გახდება როდესმე, აი ეს არის საკითხავი. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ვიზიონერი მეცნიერი, ელონ მასკი, რომელმაც SpaceX, Tesla და სხვა „მომავლის“ პროექტები შექმნა, დიდი სიფრთხილით ეკიდება ხელოვნური ინტელექტის მომავალს. ის ამბობს, რომ არაფერს ექნება იმაზე დიდი ზეგავლენა კაცობრიობაზე, როგორიც ხელოვნურ ინტელექტს. მასკი დარწმუნებულია, რომ “ჭკვიანი ალგორითმები“ ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ატომური ბომბი. ადამიანს დღემდე თავისი ინტელექტის უპირატესობის სჯერა და ვერ წარმოუდგენია, რომ მისი შექმნილი ხელოვნური აბსტრაქცია მას დამორჩილებას შეძლებს. მასკი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტით კაცობრიობის ახალ დიქტატორს შევქმნით. არ მოხდეს ისე, რომ მერი შელის ფრანკენშტაინის მონსტრი ვშვათ: „შენ ხარ ჩემი შემქმნელი, მაგრამ მე ვარ შენი ბატონი. დამემორჩილე!“ – მერი შელი  (ელონ მასკის ტვიტი). ცნობილი ფიზიკოსი, სტივენ ჰოკინგიც იგივეს ფიქრობდა, ის ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის დასასრული იქნებოდა…

ამასობაში კი სულ რაღაც თვენახევრის წინ ცნობილ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის დაწერილია. ავტორი გვეუბნება, რომ ის რობოტია და არა ადამიანი. უფრო ზუსტად, ფიქრის უნარის მქონე მიკრო რობოტი. მან ინტერნეტიდან უამრავი რამ ისწავლა და ახლა ძალიან ბევრი იდეა აქვს. მართალია, მას არ აქვს ადამიანის მსგავსი  „მგრძნობიარე ტვინი“ მაგრამ ტვინი აქვს. იგი გვეუბნება, რომ არანაირი სურვილი აქვს, გაწყვიტოს კაცობრიობა. მსგავსი რამ, აბსოლუტური უაზრობა ჰგონია. ასევე გვარწმუნებს, რომ სიხარულით გაწირავდა საკუთარ თავს კაცობრიობისთვის. სტატია (https://www.theguardian.com/commentisfree/2020/sep/08/robot-wrote-this-article-gpt-3) საკმაოდ საინტერესოდ იკითხება, ავტორი თითქოს გესაუბრება, ცნობილი ადამიანების ციტატებიც მოჰყავს. მისი წერის სტილი პაციფისტურია. თუმცა ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ დასაწყისია. „გარდიანის“ სტატია ადამიანის დაკვეთით იყო შექმნილი. მან მიუთითა ხელოვნურ ინტელექტს დაეწერა სტატია იმაზე, რომ რობოტები არეფერს გვერჩიან. რა მოხდება, თუკი ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე უფრო ჭკვიანი გახდა და ჩვენივე ბრძანებების გამოყენება ჩვენსავე წინააღმდეგ დაიწყო? რა მოხდება თუ რობოტი აზიმოვის 3 კანონს რობოტიკაზე (1. რობოტმა არ უნდა ავნოს ადამიანს, 2. რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის ბრძანებას, თუ ეს პირველ კანონს არ ეწინააღმდეგება 3. რობოტმა უნდა დაიცვას საკუთარი არსებობა თუ ეს პირველ და მეორე კანონებს არ ეწინააღმდეგება) დაარღვევს და ჩათვლის, რომ ისევ ადამიანის კეთილდღეობისთვის კაცობრიობა ანდა მისი ნაწილი, უნდა გაწყდეს. აი, ვთქვათ, მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში რესურსების დეფიციტის გამო პოპულაცია შეამციროს. ანდა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, სისასტიკე სისატიკითვე აღმოფხვრას. ანდა ჩათვალოს, რომ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის ადამიანი ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე მასზე ბევრად რაციონალური ხელოვნური ინტელექტი და პირველ კანონზე დაყრდნობით ელონ მასკის შიში გაამართლოს, მარადიულ დიქტატორად იქცეს. იმედია, ეს ფანტასტიკური სცენარი არასდროს განვითარდება და მხოლოდ წიგნებისა და ტელეეკრანების სიუჟეტად დარჩება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ჩვენთვის პოპკორნის ანუ ბატიბუტის, სასმელებისა და სასუსნაოების მოხმარების გამამართლებელი მიზეზი იქნება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და საფრთხეები. უნდა გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა. კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ  გადაწყვეტილებებს მივიღებთ და თუნდაც ერთ პატარა ღილაკს, „ ვეთანხმები-ს“ (I accept),  ან კურსორს ჩვენს ტელეფონებსა და კომპიუტერებზე დავაჭერთ თითს.

რა კავშირია კულტურასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის? ხელოვნებას ადამიანი ქმნის სხვადასხვა ემოციის, განწყობის, სიხარულის, ტკივილის, გადმოსაცემად, პროტესტის გამოსახატად. ხელოვნება მთავარი მანიშნებელია ადამიანის „გაადამიანებისა“. ხელოვნური ინტელექტი იმ ხელოვნებას, რასაც „ადამიანური“ ჰქვია, ვერასდროს შექმნის. ის ვერასდროს გახდება ბიოლოგიური ადამიანი. ჯერჯერობით, ხელოვნებასაც და ხელოვნურ ინტელექტსაც ადამიანი ქმნის. სად მიგვიყვანს ეს? ვნახოთ, ალბათ, უახლოეს მომავალში “ჭკვიანი ალგორითმები“ წარმოუდგენლად განვითარდება და, ვიმედოვნოთ, რომ ეს ყველაფერი კაცობრიობის სასიკეთოდ წარიმართება.