ქართული პოლიტიკის 30 წელი

საქართველოს დამოუკიდებლობას მალე 30 წელი შეუსრულდება; მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით ვიცხოვრეთ ეს 30 წელი, საჭიროა მცირე ისტორიული ექსკურსი ასი წლის წინანდელ საქართველოში, როდესაც ხანგრძლივი ისტორიული ძნელბედობის შემდეგ ჩვენ პირველად შევძელით გამოგვეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა. აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1918-21 წლების საქართველო რომ არა, ჩვენი ახალი დამოუკიდებლობა სრულიად სხვაგვარი იქნებოდა, პირველი რესპუბლიკის „განწირულის სულისკვეთება“ ნამდვილად დაეხმარა ახალ საქართველოს ახალ ეპოქაში.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ 1917 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებულ ეროვნულ საბჭოში ყველა პარტია დათანხმდა მენშევიკების სალიდერო პოზიციებს – ნოე ჟორდანია ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ „ეროვნულ-დემოკრატების“ მთავარი ამოცანა – საქართველოს დამოუკიდებლობა მათივე თანხმობით ასრულდა მენშევიკების მეშვეობით.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე იდეების, ღირებულებების იერარქიაზე კამათობდნენ იმპერიის გუბერნიებსა და ოლქებში გადანაწილებულ საქართველოშიც, რუსეთის იმპერიაშიც და ევროპაშიც. სოციალური თუ ეროვნული თავისუფლება? თუ ორივე ერთად? ქართველი „სოციალ-დემოკრატები“ დომინირებდნენ სოციალისტებში – „მენშევიკები“ საქართველოში, „ბოლშევიკები“ კი იმავე გზას გაუყვნენ პეტერბურგსა და განსაკუთრებით ხელახლა გადედაქალაქებულ მოსკოვში 1918 წლიდან.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბუნდესტაგში უდიდესმა ფრაქციამ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიამ ხმა მისცა პარლამენტში სამხედრო ბიუჯეტს, ანუ ომს. გერმანელმა, ფრანგმა, ინგლისელმა და ა.შ. მუშებმა ჩაიცვეს ფარაჯები და გერმანელ ფრანგ, ინგლისელ და ა.შ, სხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლო, ოთხწლიანი ომი გამართეს სანგრებშიც, ზღვაშიც და ჰაერშიც. გაკოტრდა მარქსისა და ენგელსის იდეა, რომ „პროლეტარიატს არ გააჩნია სამშობლო“ და „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით“….

1918 წელს ევროპაში ეროვნულმა იდენტობამ დაამარცხა სოციალური იდენტობის პრიორიტეტულობის სახიფათო ილუზია. 1918 წელი ახალი და უახლესი ისტორიის გასაყარია –ეროვნული სახელმწიფოები, გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც ევროპაში, შავბნელზე უარესი წითელი, ლენინურ-ტროცკისტული ბოლშევიზმი რუსეთში…. ეროვნული იდეის გამარჯვება პოლონეთში, ბალტიაში, ფინეთში… გარემოებათა გამო – სამხრეთ კავკასიაშიც.

ამ მსოფლიო პროცესის ნაწილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც 1918 წლის 26 მაისს. პოლიტიკური ძალები: „ეროვნულ–დემოკრატები“, ასევე „ფედერალისტებიც“… იმპერიის მოდერნიზაციის მოიმედე, თებერვლის რევოლუციის გმირები და ლიდერები – პეტერბურგიდან, რუსეთის გარეკილი დამფუძნებელი კრებიდან გამოყრილი ქართველი მენშევიკებიც ჩაერთვნენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებაში.

ამასთანავე, ქართველი „სოციალ-დემოკრატები“ უშიშარი, გამოცდილი, ევროპაშიც ცნობილი ძლიერი ფიგურები იყვნენ, მძლავრი და მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები ჰქონდათ საქართველოში. მენშევიკური გვარდია ძლიერი შეიარაღებული ფორმირება იყო, რომელიც რევოლუციური ბრძოლებიდან ნაციონალური ინტერესების დამცველ სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებებზე გადართეს მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

იმ „ლიბერალი ბურთივით მრგვალი“ ილიას უმთავრესი ღირებულება, ოცნება, ამოცანა – მისი იდეური მოწინააღმდეგის, ნოე ჟორდანიასა და მისი პოპულარული ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. ქართველი „სოციალ-დემოკრატების“ გარეშე შეუძლებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 117 წლის შემდეგ.
2017 წელს მენშევიკებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში – დაამარცხეს „ეროვნულ-დემოკრატებიც,“ „სოციალ-ფედერალისტებიც,“ „სოციალისტ-რევოლუციონერებიც“… თბილისში „დაშნაკებიც.“

განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერამ. 1917 წლის მარტში მან აღიდგინა ავტოკეფალია და მთელს საქართველოში ეკლესია-მონასტრების უზარმაზარ ქსელს ფლობდა. მეტიც, ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სამი პირველი პატრიარქის სამღვდელოება უფრო მოწადინებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში, ვიდრე მაშინდელი პოლიტიკური კლასი.

რა თქმა უნდა, ოსმალეთთან ომში სამხედრო კატასტროფამ 1918 წლის დასაწყისში და გერმანიის პატრონაჟმა, ზურაბ ავალიშვილის სიტყვებით, „გერმანია გახადა საქართველოს დამოუკი¬დებ¬ლობის ნათლია“. განაპირობა ამიერკავკასიური სტრუქტურების დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ვარიანტის ერთადერთობა.

სამი წლის განმავლობაში ბევრი შემოტევა მოიგერია საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. ურთულეს ვითარებაში დაიწყო ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა. უზრუნველყოფილი იყო სიტყვის და პოლიტიკური საქმიანობის ნამდვილი თავისუფლება, რეფორმები წამოიწყო სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემაში, ეკლესია რეალურად გამოყო სახელმწიფოსგან და სკოლა ეკლესიისგან. აფხაზეთში არჩეულ სახალხო კრებასთან შეათანხმა, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით იქნებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს, ამზადებდა სამხარეო და მუნიციპალურ რეფორმას, ქმნიდა დემოკრატიულ კანონმდებლობას, არასათანადო ძალისხმევითა და გამჭრიახობით, მაგრამ მაინც ქმნიდა არმიას, ამზადებდა მომავალ ოფიცრებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლებოდა სხვანაირად განხორციელებულიყო, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იყო ამომრჩეველთა ნების ადეკვატური – „სოციალ-დემოკრატების“ უპირობო უპირატესობას ვერავინ აყენებდა ეჭვქვეშ.

რამდენჯერმე მოგერიებული საბჭოთა აგრესიის შემდეგ, 1921 წლის დასაწყისისთვის ვითარება სავალალო გახდა – ლენინისა და ათათურქის შეთანხმებით 1920 წლის გაზაფხულზე უსისხლოდ გაწითლდა აზერბაიჯანი. მაშინ ბოლშევიკებთან ომში პოლონელთა სამხედრო წარმატებამ დასავლეთის ფრონტზე, აგრეთვე, საქართველოს წინააღმდეგობამაც შეაფერხა ბოლშევიკების წინსვლა კახეთისკენ. ჩაიფუშა ბოლშევიკური აჯანყების გეგმა საქართველოს რეგიონებშიც. პილსუდსკის არმიამ არა მარტო პოლონეთი დაიცვა ბოლშევიკებისგან, არამედ 10 თვით გადაავადა საქართველოს გაწითლებაც.

7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და სანაცვლოდ საელჩო – ფაქტობრივად დივერსიული ცენტრი და კომპარტიის, ანუ დივერსანტების ლეგალურად საქმიანობის შესაძლებლობა მიიღო საქართველოში.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 1920 წლის შემოდგომა-ზამთარში რუსეთმა და თურქეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანეს სომხეთში და გაიყვეს ჩვენი მეორე მეზობლის ტერიტორია და ერთმანეთს გაუმეზობლდნენ. წლის ბოლოს საბოლოოდ გატეხეს თეთრგვარდიელთა წინააღმდეგობაც ყირიმში და ტრიუმფით დაასრულეს სამოქალაქო ომი რუსეთში.

ბრიტანეთმა ამ ვითარებაში უარი თქვა აქტიურ კავკასიურ პოლიტიკაზე და გაიყვანა სამხედრო ძალა ბათუმიდან. საქართველო სრულიად მარტო, დაუცველი შეხვდა 1921 წელს. პესიმისტური იყო სოციალისტური ინტერნაციონალის გერმანელი, ბელგიელი, ბრიტანელი ლიდერების პროგნოზებიც. ისინი 1920 წ. შემოდგომაზე ეწვივნენ საქართველოს. „საქართველო მიექანება ბოლშევიზმისკენ“, – ასეთი იყო მათი ვერდიქტი.

კომუნისტებს ნულოვანი მხარდაჭერა ჰქონდათ საქართველოში. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ომი არა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს, არამედ რუსეთის თავიდან დაბადებულ, უაღრესად გაძლიერებულ, გავეშებულ იმპერიასა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს შორის. მაშინ ვერ მოხერხდა ევროპის ამ კუნძულის შენარჩუნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1921 წლის მარტში კუნძული ჩაიძირა. 70 წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა მისი დახავსებული კონტურები.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც რომელიმე ქართველი პოლიტიკური პატიმარი სასჯელს არ იხდიდა ანტისაბჭოთა და ეროვნული მოღვაწეობისათვის. ეს ყველაზე მძიმე წლებშიც კი ასე იყო, მაგრამ ახალი ფართო გაქანება ეროვნულ მოძრაობას მიეცა სამოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო ე.წ. „ჰელსინკის პროცესი“.

როგორც ცნობილია, სამოცდაათიან წლებში დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული სისტემის გადაწყობა პრინციპებზე, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა. ეს პროცესი დაიწყო 1973 წელს ჰელსინკიში, როცა ოფიციალურად გაიხსნა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია. თავად კონფერენციაზე დასწრებისა და მასში მონაწილეობის მიღების ფაქტიც კი აღსანიშნავი იყო იმ ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც წინ უძღოდა საერთო შეთანხმების მიღწევას. აშშ-სა და კანადასთან ერთად კონფერენციას დაესწრო მთელი ევროპა (ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, იყო კომუნისტური ალბანეთი).

ჰელსინკის კონფერენციის საბოლოო აქტს 1975 წელს ხელი მოაწერა ოცდათხუთმეტი სახელმწიფოს მეთაურმა. დელეგატების გადაწყვეტილებით, კონფერენციამ ჩამოაყალიბა მიზნები და საერთო ნიშნების სფეროები, რასაც ზურგს უმაგრებდა ის მოსაზრება, რომ ყველა დამსწრე სახელმწიფო დაინტერესებული იყო ევროპის უშიშროებაში და შემდგომი კონფლიქტების თავიდან აცილებაში იმ რეგიონში, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ორჯერ გადაუარა ომის ქარიშხალმა. მონაწილე სახელმწიფოები იძლეოდნენ ერთად მუშაობის პირობას პერიოდული კონფერენციებისა და შეხვედრების დახმარებით. ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, თავად შეხვედრები იყო ერთადერთი მამოძრავებელი ძალა კავშირის დასამყარებლად „რკინის ფარდის“ მიღმა, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იყო გასაოცრად წარმატებული რამ. ჰელსინკის კონფერენციის მიერ მიღებული საბოლოო აქტის რეკომენდაციათა მესამე პაკეტი დაკავშირებულია თანამშრომლობასთან ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. ეს ფართო კატეგორია ეხებოდა ადამიანის უფლებებს, განათლებასა და კულტურას: მუხლებში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის და ასევე თვითგამორკვევის მტკივნეული საკითხი. ცვლილებებისკენ მიმართულ მთავარ სტიმულს წარმოადგენდა მხარეების რეაქცია კომუნიზმის დამხობაზე.

1976 წელს საქართველოში ზვიად გამსახურდიას თაოსნობით იქმნება ჰელსკინკის კავშირი. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგი“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში „მიმდინარე ამბების ქრონიკა“ (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

1987 წელს გათავისუფლდა მერაბ კოსტავა. გამსახურდია და კოსტავა იყვნენ მთავარი ორგანიზატორები 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ლოდერები დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორები. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“.

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა. სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ – თავისუფლება: შემდეგ – დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდიამ შექმნა პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი-კის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებ-ლობის აღდგენა.

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო “საქართველო ქართველებისთვის”.

1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა „საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას“. საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.

სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები „კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად“ გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.

გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ „მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის“, რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა. ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ „საბოტაჟსა და ღალატში“.

გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა „სასაცილო“ (ინგლ. ridiculous) უწოდა.

სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს.

გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი „მოლოდიოჟ გრუზიი“ იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ. გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.

პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო „მხედრიონი“, ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი ვერ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.

მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედრო საბჭომ მოგვიანებით თავი „სახელმწიფო საბჭოდ“ გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც „დე ფაქტო“ პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პირველი ნქვეყანა, რომელმაც მაშინ ჩვენი დამოუკიდებლპობა ცნო, იყო არგენტინა.

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: „ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება“. თუმცა ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. ზუგდიდში მან „დევნილი მთავრობა“ აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა „მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ“ და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს იგი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თანამდებობიდან გადააყენა ეროვნულმა გვარდიამ. გამარჯვებულმა სამეულმა (სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი) შევარდნაძე მოისწვია მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა. შევარდნაძემ ეს თანამდებობა 1992 წლის 7 მარტს დაიკავა.

1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993–1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995–2002 წლებში.

შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:
• 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში;
• 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში;
• 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას. 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში აშკარად გაიმარჯვა ოპოზიციამ, თუმცა შევარდნაძის მორჩილმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ ხმათა 18.84 %-ით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

პროცესს, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა, პოლიტიკურად ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1995 წელს, როდესაც მას დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“წევრად. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში – ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2000 წლის იანვარს დაინიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად .

2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. 2001 წელს ის დაუპირისპირდა ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს — იოსებ ალავიძეს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2001 წლის 19 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ ვერ მიიღო დახმარება შევარდნაძისაგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე წელს, 21 ოქტომბერს იყარა კენჭი ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა პოლიტიკურ ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან დავით ბერძენიშვილის მიერ შეთავაზებული ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით გამარჯვებული იყო, თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.

ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა. სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასაც მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის, ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა 2004 წლის 6 მაისის აქციების გამო აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო. აჭარაში წარმატებით იმედმოცემულმა სააკაშვილმა იმავე მეთოდებით სცადა სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება, რაც სიტუაციის გამწვავებით და 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებით დასრულდა.

2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა. ოპოზიციური ძალების მიერ ეს ოპერაცია მკვეთრად უარყოფითად შეფასდა.

სააკაშვილი განსაკუთრებით გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მას ბრალად სდებენ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში საქართველო ჩაბმას, ასევე სამხედრო ოპერაციების არაეფექტურად წარმართვას.

2004 წელს სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა, ამავდროულად, უწოდა მას „დროის საკითხი“.

სააკაშვილის წარმატებებად მიიჩნევა სახელმწიფო აპარატის რეფორმირება და გაძლიერება, სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების რეორგანიზაცია, სახელმწიფო სექტორში კორუფციის აღმოფხვრა. მეორე მხრივ, მას „ელიტური კორუფციის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

საშინაო პოლიტიკაში სააკაშვილს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება. ეკონომიკური რეფორმები სააკაშვილის მთავრობის წევრთან, კახა ბენდუქიძესთან ასოცირდებოდა.
2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. მაგრამ 2007 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა, ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იმათა ღარიბი და ღატაკი მოსახლეობის რიცხვმა.

2007 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს, რასაც ოქრუაშვილის დაპატიმრება მოჰყვა 2007 წლის 27 სექტემბერს; ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა, ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით — „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. 2 ნოემბერს, გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ, მაგრამ, 7 ნოემბერს, ხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია, შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერს, სააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში, ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59%-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
2008 წელს მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი — აგრეთვე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.
ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთიდა გორი, სხვა რაიონებთან ერთად.
ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა). რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.
პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. 2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

2011 წელს ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის. მან სათანამშრომლოდ მიიწვია საქართველოს რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა. 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 17 ნოემბერს მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.

2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ, რომელსაც სათავეში ედგა ბიძინა ივანიშვილი. იმ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 54%-ის მიღება მოახერხა და უკან ჩამოიტოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საქართველოს სათავეში 2004–2012 წლებში იყო.

2012 წლის 25 ოქტომბერს იგი არჩეულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი. პრიორიტეტებად იქნა დასახული ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება. ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო წნეხისაგან. დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა, რითაც, ერთი შეხედვით, უნიკალური პოლიტიკური პრეცედენტი შეიქმნა. დრომ გვაჩვენა, რომ „უნიკალური პრეცედენტი“ სინამდვილეში არ შედგა და ბიძინა ივანიშვვიოლმა ფორმალური მმართველობა უბრალოდ, არაფორმალურ მმართველობაზე გადაცვალა. ის ფაქტი, რომ მილიარდერი ფქქტობრივად, საქათველოს არაფორმალური მმართველია, არ დაემალა მსოფლიო საზოგადოებას და ამის შესახებ ახლა აბსოლუტურად ყველა ღიად საუბრობს. ოფიციალურად კი, 2018 წელს ივანიშვილი „დაბრუნდა“ პოლიტიკაში და არჩეულ იქნა პარტია ქართული ოცნება ¬– დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ.

2013 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით მარგველაშვილი საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტი გახდა და ჩაანაცვლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2004–2007 და 2008–2013 წლებში იყო.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა პარტია ქართულმა ოცნებამ, რომელმაც 856 638 ხმა მიიღო (48,7%) და მიიღო 115 მანდატი პარლამენტში.

2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც პირველი ადგილი დაიკავა სალომე ზურაბიშვილმა 38,64%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე 37,73%-ით. არჩევნების მეორე ტური გაიმართა 28 ნოემბერს. არჩევნებში 1 146 258 ხმით (59,55%) გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა და გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში.

2017 წლიდან საქართველოში ევროკავშირთან უვიზო მომოსვლა ამოქმედდა. უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე შევიდა ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლება. ამ უფლებით უკვე სარგებლობს ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, ასევე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, გაერთიანებული საემიროები, იაპონია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ბალკანეთის სახელმწიფოები (კოსოვოს გარდა) და რამდენიმე სხვა ქვეყანა.

საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის.

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში. ამ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით და ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.

შეთანხმება ევროკავშირსა და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს. ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

შეთანხმებაში გამოხატულია სრული პატივისცემა საქართველოს და- მოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება როგორც მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა (ასოცირების შესახებ შეთანხმების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად).

შეთანხმება ადგენს იმ კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს კონკრეტული რეფორმები:

• საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. დემოკრატი- ისა და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა;
• საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა: პოლიტიკური დიალოგისა და თა- ნამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შორის – შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონული სტაბილურობა და სხვა;
• მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა; ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღ მდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია; საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ტერორიზმის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა;
• დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა: თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორე- ბიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა.
• ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები: ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) ჩამოყალიბებას. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება ქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნა ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე), რომელიც ასოცირების საბჭოს ეხმარება მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტს ეხმარებიან სპეციალურად შექმნილი თემატური ქვეკომიტეტები. ქვეკომიტეტები იკრიბებიან საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავენ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე აზრთა გაცვლაგამოცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები შექმნიან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეეძლება, ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი (Association Agenda) წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას. ამ გეგმით ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

* * *

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითქმის 30 წელია გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში აშკარად შეიმჩნევა სსრკ-ს პერიოდის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება.

ამის მიზეზები ზედაპირზე დევს – დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ უამრავ სფეროში ვერ მოახერხა იმაზე უკეთესი გარემო პირობების შექმნა, რაც სსრკ-ს დროს რიგით მოქალაქეებს ბევრ სფეროებში ჰქონდათ. ეს არ ეხება მხოლოდ სსრკ-ს დროს სოციალური თვალსაზრისით მოქალაქეების მეტად დაცულობას.

ბალტიაში ადამიანები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ცხოვრობდნენ საბჭოთა დროს. ჩვენთან-პირიქით. ისინი ნატოშიც შევიდნენ და უფრო დაცულებიც არიან…სსრკ-დან გაღწევისას უამრავი პრობლემა ჰქონდათ. ინტერფრონტები ლატვიასა და ესტონეთში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მეორე მსოფლიო ომის მერე ჩასახლებული აგრესიული რუსები და ა.შ…

ჩვენ ცუდად ვიქცეოდით 90-იან წლებში – გავფლანგეთ ენერგია, ვხოცეთ ერთმანეთი… ჩამოვეკიდეთ ბელადებს, ამ საუკუნეშიც… საქართველოს მთელი ქონება საბჭოთა ნომენკლატურას და „ცეხავიკებს“ გავატანეთ… ბევრი პოლიტიკოსი, მცოდნეც და უცოდინარიც, ბელადების ამალაში გადანაწილდა…მორალზე უარი თქვა. აღარ გავაგრძელებ – საბჭოურობა არ დავგმეთ, საკუთარი ნიუნბერგი არ მოვიწყვეთ…. მედროვეობა არის უმრავლესობის ცხოვრების ნორმა….კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. აღარ გავაგრძელებ – მაინც მოგვიწევს იმის გააზრება, რომ ჯალათიც ჩვენა ვართ და მსხვერპლიც და გვაქვს პერსპექტივა. მთავარი იმედი -პროგრესზე ორიენტირებული თანამედროვე, განათლებული, ევროპული ღირებულებების ახალგაზრდებია.

რაც შეეხება გარე პრობლემებს. საკმაოდ ბევრი მსგავსებაა საერთაშორისო ურთიერთობებში გასული საუკუნის 20-იან წლებში არსებულ მდგომარეობასა და დღისათვის არსებულ ვითარებებს შორის.

90-იან წლებში რუსეთის არათანმიმდევრული ხელისუფალი ელცინი და მისი მოიმედე უმცირესობა მთელი ათწლეული ცდილობდა არაიმპერიული მოდელი მოეძებნა რუსეთის ფუნქციონირებისთვის. 1917 წელს ათი თვე, საუკუნის ბოლოს კი მთელი ათწლეულიც კი უძალიანდებოდა განახლების, მოდერნიზაციის მოსურნე ხალხი ამ ქვეყნის სუბსტანციურ მდგომარეობას – იმპერიულობას.

მოგვიწევს იმის გააზრება, რომ ჯალათიც ჩვენა ვართ და მსხვერპლიც და გვაქვს პერსპექტივა. მთავარი იმედი – პროგრესზე ორიენტირებული თანამედროვე, განათლებული, ევროპული ღირებულებების ახალგაზრდებია

კორუფციაში ჩაფლული მედასავლეთეების პროექტი – ახალი, არააგრესიული, დასავლეთის პარტნიორი რუსეთი ისევე არ გამოვიდა, როგორც მეორე დიდი მეზობლის – თურქეთის გადასავლურება დემირელის და მისი მემკვიდრეების მცდელობის მიუხედავად. წესიერების დეფიციტი იქაც დიდი აღმოჩნდა. ეს კი რევანშისტულ, მოქალაქეების თავისუფლების დამთრგუნველ, იმპერიულ ძალებს აძლიერებს.

ამასთანავე, სხვაობა თითქმის 100 წლის წინანდელ ვითარებასთან მაინც თვალსაჩინოა – მთელს მსოფლიოშიც და უშუალო სამეზობლოშიც ტოტალიტარიზმის ჩეკისტურმა ვერსიამ ათი წლის დანაკარგი ვერ აინაზაურა – ბერლინის გამყოფი კედელიც მიანგრია თავისუფლებამ, რკინის ფარდაც აკეცა, თითქმის მთელს ევროპას ნატოს ქოლგა გადააფარა… ევროპისკენ მომზირალი უკრაინაც გაჩნდა და ევროპული კუნძული საქართველოც ვეღარ ჩაიძირება.

და ეს სხვაობა არსებითია. მაშინ დასავლეთმა ბრიტანეთის ლიდერობით რუსეთის სამეზობლოში ამდენი ვერ შეძლო, სხვა უზარმაზარი სივრცეები იყო მისახედი. ამერიკის ლიდერობით დღევანდელი შედეგი კი გაცილებით უკეთესია. ბევრმა ქვეყანამ უვნებლად გააღწია რუსულ სივრცეს და თავი ნატოს შეაფარა უკვე კაი ხანია. ზოგის დაჭრა-დასახიჩრება კი შეძლო რუსეთმა, მაგრამ ქვეყნები გადარჩნენ…

არასრული სამი წელი იყო დამოუკიდებელი საქართველო მაშინ, სამი ათეული წელი ხდება მალე, ახლა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა ვართ უკვე, მყარადაც ვართ – ბალკანეთთან და უკრაინასთან ერთად… იმედით ვაკვირდებით მეზობლებსაც.