ლიმონისგან ლიმონათის გაკეთების რამდენიმე რეცეპტი
ლია მეტრეველი

სულ რაღაც 20 წლის წინ, 2020 წელი ახალი შემოსული რომ იყო, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სიტუაცია ასე განვითარდებოდა.  და როგორ განვითარდა, ყველამ კარგად ვიცით:

შესაძლებელია, რომ ახლა, ამ წუთას, ამ ტექსტის კითხვისას შინ ხართ და სერიოზულად ფიქრობთ იმაზე, ღირს თუ არა გარეთ გასვლა. ჩვენი ყოფა, ჩვენი ყოველდღიურობა მთლიანად შეცვალა არც თუ ისე მოულოდნელად, მაგრამ მაინც უცაბედად, თავს დამტყდარმა კორონა ვირუსმა. მან თავს უამრავი ცუდი რამ დაგვატეხა და სწორად თუ არ მივუდექით, შეიძლება კიდევ უფრო უარესი შედეგები მოიტანოს. თუმცა ჩვენს კარგამოკეტილ ცხოვრებას ერთი საინტერესო შედეგი მოჰყვა: ყველაფერი საგრძნობლად შენელდა და გაგვიჩნდა დრო. ეს ახლადგამოჩენილი დრო ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, წასაკითხად ანდა ფილმების საყურებლად, ანდა მეგობრების სანახავად. მეგობრების ნახვაში “ ქართული კულტურა” ვერ დაგეხმარებათ. სხვა კი:

აი, მაგალითად, წასაკითხად “ქართული კულტურა” უამრავ საინტერესო მასალას გთავაზობთ. გირჩევთ, ჯერ ჩვენს სტატიებს გაეცნოთ და შემდეგ იმ ნაწარმოებებს, რომლებსაც ამ სტატიებში ჩვენი ავტორები განიხილავენ.

მაკა ჯოხაძე გეტყვით, თუ როგორ შეიძლება გაოცების დღესასწაული მოიწყოთ კარანტინში, შინიდან გაუსვლელად. რის დახმარებით? ესმა ონიანის პოეზიის გაცნობით. ჩვენი რეგულარული მკითხველი იტყვის, ესმა ონიანს რამდენჯერ უნდა შევეხოთო. მართალია, ტრილოგია გამოგვდის. მაგრამ ამ ტრილოგიით ესმას ყოველ ჯერზე სხვადასხვა კუთხით ვხედავთ. ეს დაგვეხმარება აღვიქვათ თუ რამდენად ღრმაა მისი შემოქმედება.

პირველად “ქართული კულტურის” ფორმატში უცხოელ მწერლებსა და მათ ქართულ თარგმანზეც მოგითხრობთ. ჩვენი ავტორი – პაატა ჩხეიძე – ტომას სტერნზ ელიოტის დავით წერედიანისეულ თარგმანზე გესაუბრებათ. წაიკითხავთ ამ ნაშრომს, და ნახავთ, რომ იგი ერთ ავტორსა და ერთ თარგმანზე გაცილებით მეტის მომცველია.

თამარ ბელაშვილი ქართული ხელოვნების 30 წლის მიმოხილვას გააგრძელებს. მისი ესე განსაკუთრებით შინ, იძულებით ყოფნის დროს, უნდა წაიკითხოთ. გაეცნობით მის სტატიას და გაიხსენებთ, რამდენი ფარული მარგალიტი ჰქონია ქართულ ხელოვნებას და რამდენი რამით შეგიძლიათ გაირთოთ თავი ჟამიანობის დროს.

თუ ამდენი კითხვის შემდეგ დრო მაინც დაგრჩათ, გირჩევთ, ქართველი კლასიკოსებიც გაიხსენოთ. წაიკითხეთ თამარ ბელქანიას ესე და დაფიქრდით იმაზე თუ დღემდე რატომ არ იცით ვინ მოკლა ილია. ესე იმასაც აგიხსნით, ხელახლა რატომ უნდა გაეცნოთ მის შემოქმედებას და დაინახოთ სულ სხვა კუთხით.

2020 წელს ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამ მოხდა. თუმცა, ჩვენ არც ცუდი და არც კარგი გვახსოვს, კორონა ვირუსის გადამკიდე. სამწუხაროა. საქართველომ ხომ სულ ახლახან თავისი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე და მწერალი, გივი მარგველაშვილი, დაკარგა. ქართულ საზოგადოებას ეს ამბავი თითქმის არც შეუმჩნევია. თუმცა ესეც თითქოს რაღაც კანონზომიერებაა. ძალიან ხშირად დიდი ადამიანები გამაყრუებელი ხმაურის დროს მიდიან – უხმაუროდ და შეუმჩნევლად. ასეთი წასვლაც სიდიადის გარკვეული ატრიბუტია. როსტომ ჩხეიძე გივი მარგველაშვილს გაიხსენებს. მოდით, ერთად წავიკითხოთ ეს სტატია და ამოვხსნათ გერმანულად მწერალი ქართველი მოაზროვნის საიდუმლოებანი.

ამდენი კითხვა შეიძლება მოგწყინდეთ კიდეც. თუ მოგწყინდათ, მაშინ თამარ გუნაშვილის ფილმების მიმოხილვას გაეცანით. მან თქვენთვის ვირუსებსა და პანდემიებზე შექმნილი ფილმების მოკლე სია შეადგინა. ეს ფილმები აუცილებლად უნდა ნახოთ. ისინი გაგიმტკიცებენ იმედს, რომ რაც უნდა მოხდეს, ბოლოს ადამიანი იმარჯვებს და ეს ჟამიანობაც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება.

ამერიკელებს უყვართ ასეთი თქმა: თუ ცხოვრებამ ლიმონი გარგუნა, გააკეთე მისგან ლიმონათი. ჩვენ ახლა იმ დროში ვცხოვრობთ, ყოფა ლიმონებით რომ გვანებივრებს. 2020 წლის “ქართული კულტურა” სწორედ ლიმონებზე და ლიმონათებზეა. ამ თვის გამოცემა, თუ გნებავთ, ლიმონისგან ლიმონათების გაკეთების რეცეპტადაც ჩათვალეთ…