,,მე ვირჩევდი ვყოფილიყავი ხალხი“
ლია მეტრეველი

წერილის სათაური – “მე ვირჩევდი ვყოფილიყავი ხალხი” – ცნობილ ფილოსოფოსს ჟან დე ლა ბრიუერს  ვესესხე. მას შემდეგ რაც უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი დაიწყო, ისედაც ტელევიზორს მიწებებული  სამყარო, კიდევ უფრო  დიდ ეკრანად გადაიქცა და ყველა ერთიანად შიგ ჩავარდა, – ფილოსოფოსის ეს გამონათქვამი  თავიდან აღარც გამომსვლია, არ გადამვიწყებია, ან რა დამავიწყებდა, როცა ისე წავიდა  საქმე, სიყვარულის, მიტევების, ადამიანური ღირსების მატარებელი ხალხის  ნახვა და მოსმენა ლამის კოლექტიურ გაოცებას, აღტაცებას    იწვევს  . ამ უცნაური, სრულიად არაადეკვატური ომის დროს, ჩვენ  ვნახეთ ხალხი – უკრაინელი ხალხი.ქართველებს ეს ,რაღა თქმა უნდა,არ გაგვკვირვებია, ქართველებს არც რუსის, სისხლის სუნზე, აგრესიაზე, სიძულვილზე დაგეშილ ნადირთა ჰიბრიდს დამსგავსებული რუსის ნახვა გაგვკვირვებია.  უკვე “გოლგოთაგამოვლილი” (სვანეთის მთებს ვგულისხმობ) ხალხის   გაკვირვება იოლი  რომ არ არის – დამეთანხმებით, და მაინც… მეც, ყველა ჩემიანმა, მათ შორის შვეიცარიიდან, არდადეგებზე ჩამოსულმა ჩემმა პატარა შვილიშვილმა, მერი ნიკოლ მეტრეველმა (რუსთაველზე მიტინგებს ესწრებოდა, უკრაინის და საქართველოს დროშით ხელში),  ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ომის ცხოვრებით ცხოვრება დავიწყეთ. მერე რა, რომ ბომბები ჩვენს ქალაქებში არ  ცვივა, სამყარო უკვე ერთი დიდი სახლია და ცუდის მოლოდინის განცდა  არ გვტოვებს, ვერ ვენდობით დიდ, ვერაგ მეზობელს! ტელეეკრანებს მიჯაჭვულები ხანდახან თვალსაც ვარიდებთ ატირებული და შეშინებული ბავშვების, ფეხმძიმე ქალების, ჯიუტად მომზირალი, თვალებში დარდჩამდგარი მოხუცების კადრებს.ვეღარ ვუძლებთ და გამოსავალს ასე ვპოულობთ, თვალის არიდებით!

რომ მეგონა აღარფერი შემაძრწუნებდა, მაინც  თავზარი დამცა ხალხითა და მანქანებით გადაჭედილ გზაზე, თუნუქის ყუთში სახელდახელოდ ანთებული ცეცხლის წინ, უმწეოდ ჩამომჯდარი მეგობრის, უკრაინის მოქალაქის, ქართველი და უკრაინელი მწერლის, მთარგმნელის,დიპლომატის,ყოფილი ელჩის, არაერთი ჯილდოსა და მედლის მფლობელის – რაულ ჩილაჩავას ხილვამ.და სხვა ბევრმა რამემ….

მას მერე კი რაც ჩემი მეგობრის, ახლახან კიევიდან  დიდი წვალებით გამოყვანილი, ოთხი წლის შვილიშვილი მოვინახულე, ისედაც თეთრად გათენებულ ღამეებს კიდევ  მივუმატე… მარიკი, ულამაზესი ბიჭი, რომელის მეხსიერების კადრებში ახლა არაფერია ომის, თოფის, აფეთქების, ბუნკერის, პუტინისა  და რუსის მოკვლის სურვილის გარდა, – ერთ დიდ სადარდებლად მექცა. ბავშვი  ემოციურად აღწერს ომს, ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დახოცეს  რუსებმა (პუტინმა) ფეხმძიმე ქალები, დაანგრიეს  სახლები და საბავშვო ბაღები, აწყობს გეგმებს (ა,ბ,ც) მტრის გასანადგურებლად, უშვებს კოსმოსში, რაკეტით, პუტინს და ბომბს კიდებს კუდზე, გზაში ასფეთქებლად (კოსმოსი  ცოცხალი პუტინისთვის არ ემეტება). ეს პატარა ბიჭი, მარიკი, თავის მსგავს მილიონობით მოზარდთან ერთად, ჩემთვის   ხალხია და მეც ვარჩევ ვიყო, მათი  სურვილის გათვალისწინების გარეშე, დაუნდობელ,გამანადგურებელ ომში აღმოჩენილი ხალხი.  ვარჩევ და გამწარებული ხმამაღლა ვყვირი რუსეთი აგრესორია!

რადგან ცხოვრება გრძელდება და ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის – “ქართული კულტურის” მარტის ნომერიც ხალხს, სიცოცხლეს ეძღვნება, ხალხს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ  მეგობრობა  მკვლელებთან, აგრესორებთან, ქალაქების, ადამიანების და ბავშვების ფსიქიკის დამანგრევლებთან. ჰოდა, მინდა თქვენც გაგიყოლოთ მარტის, მშვიდობიანი ნომრისკენ მცირე ექსკურსით…

– გომარ სიხარულიძე 80 წლის გახდა. დიახ, გახდა, ასეთი ადამიანები არ კვდებიან, მათზე  წარსულში არ ლაპარაკობენ. ვერც მე მივცემ  თავს უფლებას მასზე, როგორც წარსულში გადასულზე, ისე ვილაპარაკო. ნომერში თქვენ წაიკითხავთ მუსიკათმცოდნეების თინა ნაცვლიშვილისა და  სოფო კოტრიკაძის წერილებს  ბატონ გომარზე, იმაზე, თუ როგორი იყო იგი შინ და გარეთ, იმაზეც, რა სგანძური დაუტოვა ქვეყანას შვილების (არა მხოლოდ შვილების) სახით ამ დიდმა, ქართული კულტურის მოამაგე კაცმა!

– “ჩემი ილია“ – ასე ჰქვია ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტთან არსებული ბიბლიოთეკის  მეცნიერების,კულტურის, და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიორგი კილაძის მონოგრაფიას, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ. ავტორი თამამად ეჭიდება დიდ და საშვილიშვილო საქმეს. მინდა  წავიკითხოთ და წარმატება ვუსურვოთ მას!

– “მარადიული ჭაბუკი“ – ასეთია არქეოლოგის, ჟურნალისტის, თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის – ივანე ჯაფარიძის წერილის სათაური, რომელიც ცნობილი მთამსვლელების- ჯაფარიძეების – ტრადიციული, საქართველოს ისტორიის გამამდიდრებელი ოჯახის  ერთ-ერთ  შვილის სიმონ ჯაფარიძისადმია მიძღვნილი.

– მარტის ნომერი გთავაზობთ დოქტორის, ანთროპოლოგის ანი მარგველაშვილის ფრიად საინტერესო წერილს -“ლამაზი ქალების მიღმა –  შვეიცარიის ბეიელერის ფონდის მუზეუმზე, იქ  გამოფენილ ექსპოზიციებზე, გოიას ნახატების გამოფენასა და ესმა ონიანზე, თუ რატომ გოიასა და ესმაზე – ეს თვითონ უნდა წაიკითხოთ!

– ტრადიციას ვერ დავარღვევთ და ამ ნომერში ესთეტს – მაია მიქაბერიძეს, მომღერალს, დირიჟორს, ანსამბლ “პატრიარქის ნათლულების“ ხელმძღვანელს გაიცნობთ.

“ქართული კულტურის“ მარტის ნომერში  ვერ შეხვდებით მოძალადეებს, ომის წამქეზებლებს, კაცის მკვლელებს, ნგრევის მოყვარულებს, უხამსად მოლაპარაკე და მაგინებელ ადამიანებს.  მიუხედავად ამისა, ყველა სტრიქონი რაც დაიწერა  სავსეა ამბოხის,შინაგანი პროტესტის განცდით!

ჩვენ ვყვირით  – რუსეთი აგრესორია!

“ჩვენ ვირჩევდით ვყოფილიყავით ხალხი!”