ქართული ხელოვნების 30 წელი – ნაწილი მეორე
თამარ ბელაშვილი

XXI ს.-ის მეორე ათწლეულის მიწურულს კითხვაზე – როგორია თანამედროვე ქართული ხელოვნება – პასუხის გაცემა, ძალიან ჭირს. ამის მიზეზად უამრავი რამ შეიძლება დასახელდეს: ის, რომ საუკუნე ჯერ მხოლოდ ეს-ესაა იკრეფს ძალებს, მუდმივი დაპირისპირებები, დაძაბულობა, ტექნოლოგიური წინსვლა, სულ უფრო მზარდი ინფორმაციული ველი, ეკოლოგიური კატასტროფები და ამ სირთულეების დაძლევისთვის განხორციელებული უწყვეტი ქმედება. ხელოვნებაში, რომელიც ამ ეპოქის ქრონოლოგიური ნიშანდებით შევა ისტორიაში, ჯერ ისევ რთულია რაიმე კონკრეტული ტენდენციის, ხაზის, ან მახასიათებლის დასახელება. აზრთა მდინარებას თუ გავყვებით, აუცილებლად უნდა გაიჟღეროს კითხვამ: საერთოდ საჭიროა კი თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე პროცესების ვერბალიზაცია, შემდგომი კლასიფიკაციის მიზნით?

ამჯერად თქვენს ყურადღებას უმთავრესად სახვითი ხელოვნების საკითხებზე შევაჩერებთ, თუმცა მათი განვრცობა სხვა სახელოვნებო მიმართულებებზე ხშირად ძალიან მარტივია.

სავარაუდოდ ზუსტად ასევე იწყებოდა XX საუკუნეც. სინემატოგრაფი, ელექტრონათურა, ორთქლმავალი და სამყაროს მართვის დაუძლეველი წყურვილი, გაჯერებული დროისა და სივრცის ფლობის ყოვლისმომცველი ვნებით. მას შემდეგ ასწლეულმა განვლო. ვნების სიმძაფრე მხოლოდ გაიზარდა – ცხადია, შესაძლებლობათა არეალის ზრდის ადეკვატურად.

ძნელია, ასეთი მოკლე დისტანციიდან ანალიზის კეთება. როცა ფერწერულ ტილოს ახლოდან უყურებ, მას განსხვავებულად და ფრაგმენტულად ხედავ. მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, დროითი დისტანცირება მოვლენებს ახლებური რაკურსით წარმოაჩენს, აღქმის მასშტაბს აფართოებს და დასკვნასაც სანდოობის ხარისხს მატებს. ამოტომაც მიმდინარე პროცესებს, არტ-კრიტიკოსები აშუქებენ და ნაკლებად ხელოვნების ისტორიკოსები. ასეა მთელს, ან თითქმის მთელს მსოფლიოში. შეფასების მსგავს მოდელთან ადაპტირება, ჯერ ისევ ვერ მოხერხდა საქართველოში.

აქ პრობლემა რამდენიმე მიმართულებით იშლება. ერთ-ერთი უმთავრესია, კონფლიქტი დროითი დისტანცირების უპირატესობასა და თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებების სწრაფწარმავლობას შორის. იგულისხმება თანამედროვე არტისტების მიერ მოწყობილი აქციები ან პერფორმანსები, როდესაც სანახაობის არსებობის ხანგრძლივობა, მისივე მსვლელობის ქრონომეტრაჟის იდენტურია მხოლოდ.

წარსული დროების ნაწარმოებებთან მიახლებისას, აღქმის ნამდვილობა უცვლელია… ის ორიგინალია, რომელიც შენს წინაა განთავსებული და არანაირი, ან თითქმის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, იმ დისტანციათა ნაირგვარობას, ამ ნამუშევრის შექმნის მომენტსა და მის ყველა შემდგომ აღმქმელს რომ „აშორებს“ ურთიერთს.

გასულმა საუკუნემ, გამომსახველობით ხერხებს შორის, ცოცხალი ქმედების ელემენტი შემოიტანა ძალუმად. ამასთან, საგამოფენო სივრცე მხატვრული ობიექტებით ისე დატვირთა და გადაასხვაფერა, რომ მთლიანობაში ერთიან, ახალ მხატვრულ ერთეულად ჩამოქნა. მაყურებელთან სათქმელის მიტანისთვის შენობების ფასადები, იატაკი, ღია, საზოგადოებრივი არეალი, ნანგრევები და იზოლირებული კამერებიც კი იქნა გამოყენებული. მანიპულებისთვის კი შესაძლებლობათა უსასრულო სპექტრი გაიშალა; დაწყებული ნეონის განათებით და ვიდრე გიგანტური ზომის თოჯინებამდე. გაჩნდა პერფორმანსის პირადად ნახვის საჭიროების აუცილებლობა. რადგან რა ზედმიწევნითი სიზუსტითაც არ უნდა მოხდეს მისი დოკუმენტირება, ორიგინალის ხილვისას გაჩენილი ემოციური ეფექტის ძალა კვლავაც შენარჩუნებულია. წარსული დროების ნამუშევრების რეპროდუქციების ცქერისას, იცი, სურვილის შეთხვევაში, მათ პირველწყაროს ამა თუ იმ მუზეუმში აუცილებლად იპოვი. აქ კი პირველწყარო პრეზენტირების დასრულებასთან ერთად ქრება. რეჩება მხოლოდღა ვიდეორგოლები, კადრები, ჩანაწერები და ფოტოები. მათი ხილვისას ტელევიზორით ნანახი სპექტაკლები გახსენდება. არა იმიტომ, რომ რაიმეთი ჰგავს, უბრალოდ ორივე შემთხვევაში მოვლენისგან დისტანცირებულობის ხარისხია ძალიან დიდი.

ობიექტებით შექმნილი ინსტალაციების შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს. მათი უმეტესობა განსაზღვრულ სივრცეებსაა მორგებული, მათზეა ორიენტირებული. აქაც გამოფენის დასრულებისთანავე ნაწარმოები ქრება, იშლება. მისი პირვანდელი სახით შენახვა კი წარმოუდგენელია, როგორც პრაქტიკული ასევე შინაარსობრივი მოცემულობის გათვალისწინებით.

და აი პარადოქსიც…

ერთი მხრივ, მხატვრული ნაწარმოების სათანადო შეფასებისთვის საჭირო დროითი ინტერვალი და მეორე მხრივ მოცემულობა, რომ ამ ინტერვალის გასვლის შემდგომ, ნამუშევარი, უბრალოდ შესაძლოა აღარ არსებობდეს.

ეს თემა უკვე არაერთგზის დამუშავდა ხელოვნების თეორეტიკოსების მიერ. განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ მყისიერზე ორიენტირებული ხელოვნება პირველი მსოფლიო ომის პირმშოა, რაც მეორე მსოფლიო ომმა თავისთავად სამუდამოდ გაამყარა. ასე დაემატა XX საუკუნეში ადამიანის სააზროვნო არეალს ერთ-ერთი ფუძისეული მუდმივა – ტოტალური შიში. შიში გამოწვეული არა სტიქიური უბედურებით, ან რაიმე ბუნებრივი პროცესით, არამედ შიში ძალადობის, ბირთვული თუ ბიოლოგიური იარაღის, მათი გამოყენებით გამოწვეული შეუქცევადი ანომალიების და ამ მოცემულობისას საკუთარი უსურურობის განცდის წინაშე. აქტუალობა შეიძინა განსაზღვრებამ – „დღეს და აქ“, რადგან „ხვალ“ შეიძლება აღარ არსებობდეს.

მას შემდეგ, ჩვენ ყველა ამ ინფრომაციული დანალექის მატარებლები ვართ საკუთარ თავში, თუმცა უკვე შეგუებულნი და ადაპტირებულნი მყისიერების განცდას, რომლის სრულად არამატერიალური ბუნება ლამისაა ხელშესახებედ გვექცა. თავისთავად, ნაკლებად ვფიქრობთ მარადიულსა და შეუცვლელზეც. მით უფრო, რომ ამისთვის არც დრო და არც საჭიროება აღარ გვყოფნის. იქცა კიდეც თანამედროვე ევროპული ხელოვნების ინტერესის ერთ-ერთ უმთავრეს ობიექტად სიკვდილი (დემიენ ჰირსტი), რაშიც ახალი არაფერია; თუმცა სხვაა როგორ აღიქვამს სიკვდილს შუასაუკუნეების სამყარო, ან თუნდაც ძველი ეგვიპტე და სულ სხვაა თანამედროვე ადამიანის მიერ დანახული უსასრულობისაკენ მიმავალი, მიჯნის დაძლევის უპირობო აუცილებლობა.

მოვლენა სრულად რომ წარმოვისახოთ აუცილებელია აღინიშნოს – მსგავსი სწრაფლწარმავლობა ხელოვნების ისეთი მიმართულებებისათვის, როგორიცაა მუსიკა და თეატრი, ორგანული და ჩვეული იყო მუდამ. არქიტექტურა, ისევე როგორც ქანდაკება მოცემულობით მატერიალურია და სივრცესა და დროში განშლაზე ორიენტირებული, შესაბამისად მისი ფორმისმიერი ვერსია კვლავინდებურად განაგრძობს არსებობას. არც იმის თქმა ივარგებს, ფერწერისა და გრაფიკის ტექნიკით აღარ მუშაობენო. შესაძლოა გამომსახველობითი ფორმების ენა შეიცვალა, მაგრამ ეს კვლევის სხავა მიმართულებაა. მაშ რას ეხება ჩვენივე ზემოთქმული მოსაზრებები, რა და სად შეიცვალა ისე, რომ მსგავსმა მსჯელობამ ლეგიტიმურობა შეიძინა? რთული გასამიჯნი გახდა ურთიერთისგან ქმედება მხატვრულ სააზროვნო სივრცეში და ქმედება ყოფაში. თეატრიდან გაზიარებულმა სანახაობრივი წარმოდგენის თხრობის ხერხმა (პერფორმანსი, აქცია), სახვით ხელოვნებაში გადანაცვლების შემდგომ, როგორც მოსალოდნელი იყო მეტად სოციალური მიმართულება შეიძინა და მხატვრული პირობითობის ზღავარი მინიმუმამდე დაიყვანა. მკაფიო მიჯნები გაქრა და მაყურებელიც დაიბნა: ეს ცხოვრებაა Art-ში შებნეული, თუ პირიქით Art-ი ცხოვრებას შერეული? და მთავარი… არის კა ამ ორ განსაზღვრებას შორის სხვაობა?

აქ საკმარისია გავიხსენოთ ფაქტები საქართველოს ახლო წარსულიან. ალბათ ყველა პროფესიონალი მიაქცევდა ამას ყურადღებას… ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იჩინა თავი „პერფორმანსებით“ სათქმელის გამჟღავნების ხერხმა. ამასთან ამ ტერმინს მედია ისე ხშირად იყენებდა, რომ ყველა რიგით მსმენელს აუცილებლად უნდა გასჩენოდა კითხვა: თუ ესეც პერფორმანსია და ისიც რასაც თანამედროვე არტისტები ახორციელებენ საგამოფენო სივრცეებში, მაშინ ხელოვნების ნაწარმოები რაღაა? ან ვინღა ქმნის მას? ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი მარტივია… აქ პერფორმანსი მხოლოდ ფორმაა გამომსახველობითი და მისი გამოყენება ისევეა შესაძლებელი, როგორც ზეთის საღებავებისა ტრანსფარანტების წერის დროს. ამით არც ერთი გახდება მაღალმხატვრული მნიშვნელობის და არც მეორე დაზგური ფერწერის ნიმუში. და მაინც XXI საუკუნე ბარიერების საბოლოო გაქრობის ხანაა…

უკვე გასული საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული სახვით ხელოვნებაში აქტიურად ჩნდება ახალი მედიუმები. მცდარია მოსაზრება თითქოს მათი საშუალებით რაიმეს ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობდეს. ეს დამოუკიდებელი, პარალელური ხაზია. სხვადასხვა ეპოქას მისეული განსხვავებული მასალა შემოქონდა ხელოვნებაში. გამონაკლისი არც ჩვენი ეპოქაა. უბრალოდ ის რომ თანამედროვეობა მზარდი ციფრული და ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნითაა გატაცებული, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ადაპტირების საკითხებზე და სულ უფრო ზრდის ცხოვრების საშუალო სიჩქარეს, ბუნებრივია, რომ რაღაც დოზით, ახალი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების შექმნაშიც აირეკლებოდა. ურო მეტიც, ეს ასე რომ არ მომხდარიყო, კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ქმედითი, ერთ-ერთი უმთვრესი კანონზომიერება დაირღვეოდა: ხელოვნება მუდამ ასახავს საკუთარ დროებს, მაშინაც, როცა ეს მისი გაცხადებული ამოცანა სულაც არაა.

მაშ ასე, ეს ნიშნავს, რომ დღეს სახვით ხელოვნებაში არსებობს ყველა ის ხერხი, საშუალება, აღქმის თავისებურება და გამოსახვის მეთოდი, რაც მანამდეც იყო და ხიბლავდა საზოგადოებას. კვლავინდებურად იქმნება და კვლავინდებურად გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ფორმის ნამდვილობის მაქსიმალური სიზუსტით ასახვის მიმართულება. ამ თვალსაზრისით რად ღირს თუნდაც ისეთი მხატვრული ტენდენციის დასახელება როგორიცაა „ჰიპერრეალიზმი“. გაჩნდა „ქუჩის მხატვრობა“ 3D გამოსახულებით და დიდი ხნის (რა თქმა უნდა ეს განსზღვრებაც შეფარდებითია უკვე) მანძილზე პოპულარული იყო ფოტოგამოსახულება, ზედ არაერთგვაროვანი ფერწერული ფენით. მხატვრული ტენდენციების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მიმდინარეობებად მათი ფორმირება ვერარ ხერხდება, და თან არც საჭიროება ჩანს ამისი… აქ აუციელბელია ურთიერთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს მხატვრული ტენდენციები, მათი სემანტიკური მახასიათებლები და ტექნიკურ- გამომსახველობითი ხერხები.

დღეს წიგნის ილუსტრირება ხორციელდება, როგორც ხელით შესრულებული გრაფიკული ნაწარმოებების საშუალებით, ასევე ციფრული, პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი ნამუშევრებით. მუსიკა იწერება ფორტეპიანოსთან კომპოზიტორის მიერ. ელექტრონული მუსიკა იქმნება ტექნიკური ხელსაწყოების დახმარებით, ზოგჯერ მსმენელის წინაშეც, იმპროვიზაციის საფუძველზე; გამოსახულებაში ჩაერთო აუდიო, ვიდეო, ხმის, ყნოსვისა და ტემპერატურის ცვლილების ხელსაწყოები. ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გვერდით საგამოფენო სივრცეებში განთავსდა ობიექტები, ავტორის მიერ შექმნილი ან ყოფიდან პირდაპირ აღებულ-გადმოტანილი. ესეც არ იკმარა ხელოვანმა და მის ირგვლივ არსებული სამყაროდან ყველა შესაძლო ელემენტის გამოყენების შემდგომ, თავად ადამიანი აქცია გამომსახვის საშუალებად. ადამიანი როგორც მედიუმი (ივ კლაინი) და ადამიანი, როგორც ავტორ-შემსრულებელი (იოზეფ ბოისი, მარინა აბრამოვიჩი). აქ აუცილებელია გაიმიჯნოს ადამიანი, როგორც თემა, ხელოვნებისთვის და ადამიანი, როგორც იარაღი სათქმელის გამომხატველი. გამოფენები ცხადყოფს, რომ კვლავინდებურად აქტუალურია ბიო სამყარო (ჰირსტი), დედამიწა თავისი გეოგრაფიული მახასიათებლებით (ჯეიმს ტარელი) და ბიო-მოლეკულური პროცესებით.

მაშ როგორია XXI ს.-ის ხელოვნება? ის XXI ს.-ის ადამიანის მიერ იქმნება და ცალსახად თავისივე თანამედროვეებს მოიაზრებს რეციპიენტებად. და როგორია ის, XXI ს.-ის ადამიანი? ანუ როგორი ვართ ჩვენ? ცხადია მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა სხვა დისციპლინის პრეროგატივაა, თუმცა იმდენად რამდენადაც ხელოვნება იკვლევს და მუდმივად იკვლევდა ადამიანს; იმდენად რამდენადაც მხატვრულ ნაწარმოებს მხოლოდ ადამიანი ქმნის და ქმნიდა; ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება გავერკვეთ როგორ ხედავს თანამედროვე არტისტი მას… საკუთარ თავს.

ცხადია საუკუნეების მანძილზე ადამიანი უფრო კეთილი, უფრო გონიერი, ან უფრო გულადი არ გამხდარა. ინფორმაციის და შესაძლებლობების მატების პროპორციულად იცვლება და ყალიბდება მისი ესა თუ ის თავისებურება. თუმცა ერთი რამ ნამდვილად შეიცვალა. მის ცნობიერ სამყაროში დედამიწა „დაპატარავდა“. მისი ყველა კუთხე-კუნჭული მარტივად მოხილვადი გახდა, თანაც სახლიდანგაუსვლელად.

XXI ს.-ის მთავარი განმასხვავებელი – ალბათ მაინც სზღვრების არ არსებობაა. ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ზუსტად და მკაფიოდაა გასაანალიზებელი რა საზღვრები იგულისხმება. გეოგრაფიული, დროითი, სივრცითი, რელიგიური, გენდერული, ასაკობრივი, წოდებრივი, ინტელექტუალური თუ ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ? ან იქნებ, ყოველივე ეს ერთად! ჯერ ისევ უჩვეულო განცდაა, დაფიქრდები და ხვდები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია მიაწვდინო ადამიანს ხმა, მოისმინო და ნახო შენგან ათასობით კილომეტრის დაშორებით მიმდინარე პროცესები და ეს მაშინ, როცა თავად გსურს და გჭირდება.

არ ვიცი როგორ იყო ადრე, თუმცა ახლა განცდა მთლიანობისა, უდაოდ ძალუმია, დაფიქრდები და ხვდები, რაღაც ერთიანი დიდი მთლიანის ნაწილი ხარ. ეს ადამიანმა, თეორიულად ალბათ ყოველთვის იცოდა, ამის შესახებ ხშირად წერდნენ და ამბობდნენ კიდეც. მაგრამ მხოლოდ ახლა, ასე ცხადად და ყოფითად იქცა ეს გრძნობა ჩვენთვის საცნაური. იყო უამრავი კამათი, დავა და მსჯელობა კოსმოპოლიტიზმის საფრთხეების შესახებ. საფრთხე, რომელიც მცირე ერებს შესაძლოა გაქრობით დამუქრებოდა. ხშირად ჯინსი და მაკდონალდსი ამ საშიშროების მთავარი მსტოვრებად მოიხსენიებოდა. უდაოა, რომ გარკვეულწილად ეს მოსაზრება არაა საფუძველს მოკლებული. თუმცა შესაძლოა საკითხი სხვაგვარადაც დავინახოთ. რამდენად სახიფათოა მსგავსი ცვლილება და მართლა უქადის თუ არა გადაშენებით ეს მთლიანობის განცდა ეროვნულ მახასიათებლებს.

შესაძლოა, საფრთხე, რომელმაც აქ იჩინა თავი, ეროვნულობის არასათანადო წვდომა-ცოდნის შედეგიც იყოს. ჩვენ ჯერ ისევ ვერ შევეჩვიეთ საკუთარი ისტორიული გამოცდილების პრიზმიდან მოვლენების ანალიზს. საბჭოთა რეჟიმმა მთავარი შეძლო, ეროვნული ნიშნულების პროფანაცია მოახდინა და შესაბამისად მისი ისტორიულ-ცნობიერი კოდიც გააბუნდოვნა. როგორც ცნობილია, ეროვნულ მახასიათებლებს განცდისმიერი პლასტების გარდა ვიზუალური ადეკვატებიც ახლავს თან. ერთ-ერთი სააზროვნო სივრცე, სადაც ის ყვლაზე მეტად იჩენს თავს ხელოვნებაა.

ქართული ხელოვნების ისტორიაც ცხადყოფს, რომ მსგავსი მახასიათებლების გამონაკვთის საკითხი, არაერთგზის გააქტიურდა ჩვენს ისტორიულ რეალობაში. ეს თემა აქტუალური იყო შუა საუკუნეებშიც, მანამდეც და მას შემდგომაც.

მხოლოდ XIX საუკუნეს, რომ გადავავლოთ თვალი… ერთი მხრივ, ე.წ. „თბილისური სკოლა“ და ახლადფეხადგმული დაზგური ფერწერა, თვითნასწავლი მხატვრები და ფიროსმანისეული „ნაივი“, ევროპული ნეოკლასიცისტური ნაკადი, ყაჯარული პორტრეტები და ადგილობრივი კედლის მხატვრობას გაჩვეული სიბრტყობრიობა, ამასთან აქტიური ქალაქთმშენებლობითი პროცესები – წარმოებული, უცხოელი თუ ადგილობრივი ოსტატების მიერ. თვალშისაცემად „ეკლექტური“ იყო ამ დროს თბილისი. მას არაერთი მოგზაური სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის მთავარი ქარვასლის აღწერისას აღნიშნავდა: „ეს ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ყველა შესასვლელში შედიან და გამოდიან აქლემებით, ცხენებითა და ჯორებით ყველა აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელნი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, ციმბირელები და კიდევ რა ვიცი ვინ. ყველა თავისებურ ტიპს წარმოადგენს, ყველას თავისი ტანისამოსი აქვს, თავისი იარაღი, თავისი სახე და განსაკუთრებით თავსამკაული.“ (ალ.დიუმა. კავკასია. თბ. 1964. 277) საქართველოს მთავარი ისტორიულ-გეოგრაფიული მახასიათებელი მუდამ ირეკლებოდა ყოფაში – მხტვრულ-კულტურული ტოლერანტობა კი, მისი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგამყოფის ლოგიკურ თანმდევად ქცეულიყო.

ოდითგან „აბრეშუმის გზის“, ამ დიდი სავაჭრო „მაგისტრალის“ ნაწილი – საქართველო, უამრავი სიახლის, „უცხოურის“, მისთვის უჩვეულოსა და ხშირად შეუსაბამოს მიმღებ-გამტარი იყო. თუმცა საკუთრივ ადგილობრივი მხატვრული აზროვნების მკაფიოდ გამორჩეული და ძლიერი პლასტი, ქცეული ფუძისეულ მუდმივად, იდენტობის შენარჩუნების უცვლელ გარანტად გვევლინებოდა. მართალია ბევრი რამ მკვიდრდებოდა, ფეხს იკიდებდა, გავლენის სახეს იძენდა, ან კი სულაც უკვალოდ ქრებოდა, მაგრამ ადგილობრივზე არასდროს დომინირებდა.

რამდენად ინარჩუნებს XXI ს.-ის ქათული ხელოვნება ეროვნულ მხასიათებლებს? და რამდენად თვლის საჭიროდ მათ არსებობას?

ეროვნული მახასიათებლების შექმნა-მოძიების საკითხი კიდევ ერთხელ უკვე გასული საუკუნის დამდეგს აუფორიაქებს გულს ქართველი მოდერნისტების პირველი თაობის წარმომადგენლებს. ევროპაში განათლების მისაღებად ჩასულთ ნათლად წარმოუდგებათ ქართული სახვითი ხელოვნების წინაშე იმხანად არსებული რეალური საფრთხეები. მრავალსაუკუნოვანი დახვეწილი ვიზუალური თხრობის ისტორიის მქონე ერს დაზგური ფერწერის არც თუ დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ევროპული ხელოვენბა კი ყოველივეს ერთბაშად გთავაზობს, გხიბლავს, უშურველად გაწვდის და დაუნანებლივ გატანს. მაგრამ ძლიერი ადგილობრივი განმასხვავებლების გარეშე შენ მხოლოდ მისი უღიმღამო ასლი ხდები და სხვა არაფერი. აი რატომ იქცა ქართველი მხატვრებისათვის ნიკო ფიროსმანი საკულტო ფიგურად; ის,რეალურად ერთადერთი ყველაზე მყარი ბმა აღმოჩნდა ჩვენი ერის მხატვრული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და თანმედროვეობაში ჩვენივე თავის მაიდენტიფიცირებლებს შორის.

რამდენად სჭირდება დღეს ქართულ სახვით ხელოვნებას მსგავსი საყრდენები?

აქ ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება XX ს.-ის 60-70-იან წლებში ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევრების სერიების გახსენება. მათ ტილოებს, ისევე როგორც თავის დროზე დავით კაკაბაძის აბსტრაქციებსა და კოლაჟებს, ეოვნული სკოლის მკაფიო განმასხვავებლები გამოარჩევდა. ამ მაგალითის საჭიროება კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ნათელი გახადოს, რამდენად შესაძლებელია არაფიგურატიული მხატვრობის ნიმუშებშიც კი მხატვრული სკოლის გარჩევა.

როცა სამყაროს ნაწილი ხდები ყოველგვარი საზღვრისა და ბარიერის გარეშე, ცხადია იცი მკაფიო ინდივიდუალობის შენარჩუნება გადარჩენის ტოლფასია, სხვაგვარად უბრალოდ გაქრები. თუმცა, ის, თუ რამდენად აქტუალურია ეროვნულ მხატვრულ სკოლასთან საკუთარი თავის გაიგივება ამ დროს, არის ერთ-ერთი იმ საკვანძო თემებს შორის, რომელსაც ალბათ, თანამედროვეობის არაერთი ქართველი ხელოვანი გასცემს პასუხს საკუთარი შემოქმედებით.

ხშირად მოისმენთ, მათ შორის სპეციალისტებისგანაც, რომ თანამედროვეობამ ხელოვნების უნიკალურობა, ორიგინალურობით ჩაანაცვლა; მოვლენის თავისთავადი ღირებულება – კონტექსტუალურობით, საიდუმლოს ნაცვლად კი ინტრიგამ დაიდო ბინა. ინტრიგა ნაწარმოებს მაყურებელთან უდაოდ ძალიან აახლოებს, თან ახერხებს დისტანციის შენარჩუნებასაც, თუმცა არა მგონია ეს ხელოვნებაში ახალი ხერხი იყოს (სალვადორ დალის ხსენებისას, თუ ვინმე ჩათვლის რომ ის ისედაც XX საუკუნის ავტორია, ვფიქრობ ლეონარდოს არა ერთი ნამუშევრის იდუმალებით მოცული ისტორია გამოდგება ამის საილუსტრაციოდ). ხელოვნება ქმნადობაა, ამასთან აღმოჩენის ქმნადობა.

თანამედროვე ხელოვნების ცალკეული ტენდენციების მიერ ტრადიციული კრიტერიუმების უარყოფამ; იმან, რომ ის სულ უფრო ნაკლებად გავს „ხელოვნების ნაწარმოებს“ ამ სიტყვათშეთანადებამ მრავასაუკუნოვანი ისტორიით, საზოგადოების დიდი ნაწილი საგრძნობლად დააბნია.

რას უნდა დაერქვას დღეს ხელოვნება და ვინაა ხელოვანი? მსგავსი დამოკიდებულებით თანამედროვე ხელოვნების გაღვენთვის პროცესი ყოფითობაში იმდენად აქტიურად მიმდინარეობს, რომ მალე შესაძლოა მართლა გაჭირდეს მისი ავტონომიური საზღვრების მონიშვნა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა ვირტუალური სივრცე გააჩინა და საზოგადოებაც აქტიურად გადაეშვა სხვადასხვა ცხოვრებისეული ვერსიების მოდელირებაში. ახლა მისი გაკვირვება არა თუ ძნელი, თითქმის შეუძლებელია. ის რომ თანამედროვე ხელოვანი, თანამედროვე საზოგადოებისათვის გასაგებ ენაზე უნდა საუბრობდეს -ცხადია. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ მან მეტად ამაღლებული, მეტად ინტელექტუალური ინტერპრეტაციები უნდა შესთავაზოს მაყურებელს და უბიძგოს მას ზრდისკენ, რაც ეპოქასთან თანხვედრას ოდნავადაც არ გამორიცხავს.

თუ ხელოვნებას მხოლოდ სამყაროს ასახვის, ან გამოსახვის საშუალებად მივიჩნევთ, ამით შემოქმედებას როგორც „ქმნადობას“ და ნაწარმოებს, როგორც „მოვლენას“ გავაქრობთ. მხატვარი ხომ ასლების მწარმოებელი არ არის ის სხვა რეალობის შემქმნელია, რომლის ზემოქმედების ძალა და მნიშვნელობა მისი განსხვავებულობის ნამდვილობით განისაზღვრება. აქ ხშირად ახსენდებათ, ან მაგალითად მოყავთ „ხელოვანი – დემიურგის“ თემა. გასული საუკუნის დასაწყისში, ამ საკითხის აქტუალობის მიუხედავად, ვფიქრობ მუდმივად უგულებელყოფილი იყო მისი ერთი პლასტი, ხელოვანს თუ ის შემოქმედია ეს უნარი ნაბოძები აქვს… შესაბამისად მბოძებელის პოზიცია, ისევ წინმსწრები რჩება.

XXI საუკენე კვლავინდებურად რჩება მოვლენათა აქტიური დესაკრალიზაციის პროცესში ჩართული. აქ ისევე როგორც XX საუკუნეში ტირაჟირების წილი, ძალიან დიდია. ამ დროს მხატვრული ნაწარმოები ახალ ღირებულებას იძენს, რაც მისადმი დამოკიდებულების ტრანსფორმაციას იწვევს. აი მიზეზების ძალიან მცირე სპექტრი, რის გამოც საზოგადოებას რეალურად უჭირს თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში სწორი ორიენტირების მოძიება.

გასული საუკუნის მიწურულის ხელოვნება, პოსტმოდერნი, უმეტესად „მეორეული“ კატეგორიებით ოპერირებდა. რადგან თითქმის ყველა პროცესი, რომელიც ამ დროის ხელოვნებაში მიმდინარეობდა, ძირითადად საუკუნის პირველი ნახევრის ხელოვნებაზე არსებული რეაქცია და მისგან საბოლოო გამონთავისუფლების ცდა იყო. ვითარება, დიდწილად, მოვლენის კომერციალიზაციამაც შეცვალა. ნაწარმოები წარმატებულმა პროექტებმა ჩაანაცვლა და ავტორის გვერდით პროექტის ინიციატორის, გალერისტისა და კურატორის ადგილებიც მოინიშნა. XX ს.-ის მომხმარებელთა საზოგადოების მთავარი მახასიათებლები ჟ.ბოდრიარმა განსაზღვრა და ხელოვნებისა და კულტურის ვულგარიზაციის საფრთხეც ჩამოაყალიბა. რაღაც ეტაპზე, ხელოვნება საზოგადოების კომფორტის ზონის შესაქმნელ აუცილებელ ელემენტად იქცა, ასეა დღესაც, თუმცა ეს როდია ხელოვენება, მისი წმინდა არსისმიერი გაგებით, ეს მხოლოდ ხელოვნების სიმულაციის შედეგად შექმნილი ნაწარმოებებია, ფართო აუდიტორიაზე გათვლილი და ბაზრის მოთხოვნებს მორგებულ-შეთანადებული. აქ აღარაფერს ვიტყვით აუქციონის სახლებზე, ახალი ღირებულებების კულტივირების თანმიმდევრულ პროცესებზე და ა.შ. ერთი ცხადია, ხელოვნება როგორც აზროვნების ტიპი, გაცხადებული ფორმისა და შინაარსის თანხვედრით, კვლავინდებურად განაგრძობს არსებობას. შესაძლოა შეიცვალოს ფორმისმიერი მახასიათებლები, შესაძლოა თანამედროვეებმა სათანადოდ ვერ შეაფასონ, ან დააფასონ ესა თუ ის ნაწარმოები, მაგრამ კაცობრიობის არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მოწმობს, რომ ხელოვნება იარსებებს მანამ, სანამ სამყაროში არსებობს ადამიანი, ერთადერთი ავტორი, რომელსაც მიეცა უნარი შექმნას ახალი მხატვრული ერთეული.

ეს ის თემებია, რაზეც დღეს მსჯელობს, ფიქრობს, იკვლევს და მუშაობს თანამედროვე სახელოვნებათმცოდნეო აზრი მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ მსგავსი პროცესებისგან ჯერ ისევ ძალიან შორსაა ქართული სახელოვნებო სივრცე. ამიტომაც არ გამოდის XXI ს.-ის ქართულ ხელოვნებაზე ასე თამამად მსჯელობა და მით უფრო ანალიზი. ჩვენთან მოვლენები სრულიად განსხვავებული თანმიმდევრობით განვითარდა. მართალია გასული საუკუნის პირველ ათწლეულებში საქართველოში სახელოვნებო პროცესები ისეთივე ინტენსივობით მიმდინარეობდა როგორც ევროპაში, თუმცა ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამკვიდრებისთანავე, ცხადია განვითარების ხაზი მკვეთრად და ძალისმიერად შეწყდა. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გასული 30 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ძირეული ცვლილებების განხორციელებისათვის. გამოტოვებულის ანაზღაურება ვერა და ვერ მოხერხდა. თანმიმდევრული გააზრების გარეშე კი, პირდაპირ, თანამედროვე მხატვრულ ტენდენციებს დაწაფებულ ქართველ არტისტებს უცხოელი ავტორების გავლენები მკაფიოდ შეემჩნათ. მათი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედაც რომ უცხოეთში სხვადასხვა გამოფენებსა თუ ბიენალეებზე წარსადგენად იქმნება დღესაც. შესაბამისად მუდმივადაა გათვალისწინებული უცხოელი მაყურებელი, მისი გემოვნება და მოთხოვნა. ეს ლოგიკურიცაა, თუმცა ქართველი მაყურებელი ამ პროცესებში უკვე სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობს. საერთოდ არ აქცენტირდება ეროვნული მახასიათებლები, ან ერთიანი მხატვრული სკოლის სააზროვნო სისტემა. ვითომ ასეთის არარსებობის გამო? მე კი უფრო მგონია ასეთის არსებობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ქონის გამო. უმთავრესი თემა, რომლითაც ქართველი ხელოვანები დღეს პოზიცირებენ უცხო ქვეყნის სივრცეებში, მაინც ტოტალიტარული რეჟიმის დასრულების შემდგომი პრობლემების მქონე ქვეყნის კრიზისებია. ცხადია, ეს სატკივარი ჩვენ ისევ გვაფორიაქებს, ისევ გვაწუხებს და დიდწილად ისევ განსაზღვრავს საორიენტაციო ნიშნულებს. კიდევ დიდხანს დარჩება ალბათ ასე. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი სასრულია, უბრალოდ დროის ფაქტორია და სხვა არაფერი…

ვფიქრობ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის სახასიათო თემატიკის გარდა, მომგებიან კომერციულ პროექტებს მორგებული თემების გარდა, სხვა, მეტად მნიშვნელოვანი, აქტუალური და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მსჯელობის დაწყების დროა. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ვიყოთ საინტერესო (დამოუკიდებლად იმისგან, რომ ვიღაც შენს მიმართ თანადგომით იმსჭვალება), ინდივიდუალური და გვქონდეს ჩვენი სათქმელი. მით უფრო, რომ ამის ისტორიული გამოცდილება უდაოდ გვაქვს. თანამედროვე სამყარო საზღვრების არმქონე სააზროვნო არეალს გვთავაზობს. ცხადია ის იმ თემებსაც გიზიარებს რაც ზოგადსაკაცობრიოა, რითაც სწორედაც რომ შესაძლებელია მცირე ერისეული ვიწრო ტრაექტორიის დარღვევა და თამამი გასვლა ერთიან წრებრუნვაზე. თუმცა ეს პროცესი ურთულეს მომზადებას, შრომას, გულისა და გონის მუდმივ წვრთნას საჭიროებს. ქვეყანაში მძიმე სოციო-პოლიტიკური ვითარებაა. ეს მდგომარეობა მართალია სხვადასხვა ვერსიით, თუმცა უკვე ათწლეულებია გრძელდება. ოღონდ მსგავსი კრიზისი არ არის საფრთხე მხატვრული აზრის მოქმედებისთვის, შესაძლოა პირიქითაც კი იყოს… ამიტომ განსაკუთრებით საფრთხილოა ქართულ ხელოვნებაში ამჟამად არსებული მდუმარება (იმის გათვალისწინებითაც კი რომ ქვეყანაში ამ სფეროსადმი ინტერესი არც თუ დიდია). მართალია ცალკეული ავტორები და ავტორთა ჯგუფები მუდმივად მუშაობენ; ასევე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობენ წინა თაობის ხელოვანები, თუმცა ჯერ ისევ არ იკვეთება თანამედროვე სახელოვნებო პროცესების თანახმიერი მხატვრული ტენდენცია, სიახლე, რომელიც წლების შემდგომ XXI საუკუნის ქართული ხელოვნების სახეს შექმნის.

წინ ურთულესი გზა გვიდევს.ამ ეპოქაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები და ეს ამ ტექსტსაც ეტყობოდა. ხელოვნების ისტორიკოსებმა და თეორეტიკოსებმა, ყველაზე კარგად იციან, რომ მხატვრული ნაწარმოები შეკვეთით შესაძლოა შეიქმნას, თუმცა კარნახით – არასოდეს. ამიტომ თემის მეტი განზოგადებისგან მეც თავს შევიკავებ და ვიმედოვნებ, რომ ვინ იცის, შესაძლოა არასაკმარისი დროითი დისტანცირების გამო, ბევრი რამ ჯერ ასე მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა პროცესი დაწყებულია…