რეზო ესაძის უჩვეულო კინოსამყარო
ქეთევან ტრაპაიძე

ქართული კინოს ისტორიაში, მეოცე საუკუნის 60-იანი წლები გარდატეხის და ამ თაობის კინორეჟისორთა მიერ მოტანილი სრულიად ახალი ხედვის დასაწყისი იყო. ამავე პერიოდში, პოეტური მეტაფორებით და ორაზროვნებით სავსე სამყარო, სრულიად სხვადასხვა ხელწერის, სტილის, პიროვნულობის გამოვლინებად იქცა.

რევაზ (რეზო) ესაძე, ამ თაობასთან ერთად მოვიდა ქართულ კინოში მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტიდან, სადაც მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებდნენ განათლებას მომავალი კინორეჟისორები. ამ გზაზე ის გამოკვეთილი, მტკიცე ხასიათის ინდივიდად ჩამოყალიბდა, რომლის სტუდენტობამ და სადებიუტო ნამუშევრებმა თავისთავადობა, ხასიათი, რომანტიულად მეოცნებე და ამავე დროს, მრავალფეროვანი მხატვრული ხედვის მქონე ახალგზრდა ხელოვანი გამოავლინა.

კინორეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, მსახიობი – ყველგან, სადაც რეზო ესაძის ნამუშევრები დარჩა, დეტალურ, მცირე ნიუანსებშიც კი, თავს იჩენს მისი უნარი, შექმნას თავიდან ბოლომდე გააზრებული სამყარო, სადაც მცირე მიგნებებსა და წახნაგებში მისი – მხოლოდ მისი ხედვა ხდება წამყვანი, გამორჩეული, ყოველთვის განსხვავებული იმისაგან, რაც აქამდე ვიცოდით.

ქართული კინოს 60-70-იანი წლების ქართული კინოს მეტაფორული პოეტური ტენდენციების ფონზეც კი, რეზო ესაძის ეკლექტური, მუდმივად მოძრავი, დინამიკაში მოყვანილი, სიცოცხლის სწრაფ დინებასთან გათანაბრებული მხატვრული აზროვნების რიტმი არ იმეორებს არც ერთ მოტივს, მეტაფორულ სახეს, თუნდაც ნიშანს იმისა, რასაც ატარებდა ეპოქა, თუმცა დროს და მის თავისებურებებს არა მხოლოდ კარგად იცნობდა და გრძნობდა, არამედ ზუსტ გარემოსაც გვთავაზობდა მისი არსის სწორად გასაგებად.

ის გრძნობდა მოძრავ სამყაროს და მუდმივად, დაუღალავად სწავლობდა მას – სწავლობდა ისე, როგორც მხოლოდ გამორჩეულ რეჟისორებს, მწერლებს, მხატვრებს შეუძლიათ შეისწავლონ სამყაროს მეორე მხარე, უხილავი ნიშნები, ამეტყველებული საგნები, დაფარული ხასიათები, უცნაური ადამიანების ოცნებები და გაუცხადებელი სურვილები. მისთვის სინამდვილე იმის აღმოჩენას ნიშნავდა, რაც არასდროს არ ჩანს ზედაპირზე. იქნებ ამიტომაც გახდნენ რეზო ესაძის კინოგმირები მრავალფეროვანი და ყოველთვის საინტერესო თვისებების მატარებლები. ამ დაუღალავმა სურვილმა მიიყვანა ალბათ ადამიანური, ძალზე ღრმად მიძინებული გმირის სულიერი თავისთავადობის კვლევამდე ყველა პერსონაჟთან, თუნდაც წამით გაელვებულ ხასიათთან დაკავშირებით. მისი გრაფიკული ნამუშევრებიც ამ სურვილზე მეტყველებს – მუდმივი მოძრაობის ფიქსირება კი არა, სივრცესთან მიახლოება და სივრცის თვისებების, მისი ნამდვილი სახის შეგრძნებაა ნამუშევრებში მთავარი.

ნახატებიდან და სამსახიობო ნამუშევრებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მაინც მინიმალისტად დარჩა მხატვრული ხერხების ძიებაში, რაც არ ნიშნავს ნაკლებად გამომსახველობითს. რეზო ესაძის ყველა როლი, საკუთარ ფილმებში თუ სხვის სარეჟისორო ნაუშევარში ასეთია – მზარდი განცდით და დინამიკით მოძრავი, თუმცა გადაჭარბებულ ემოციურ შეფასებებს მოკლებული. ,,ქალაქი ანარა“ იქნება ეს, თუ თემურ ბაბლუანის ,,ბეღურების გადაფრენა“, ყველგან მფეთქავი, ცოცხალი ხასიათის პერსონაჟია, თან იმგვრად, რომ ამ ხასიათის ორგანულობის განცდა მაყურებლისთვის ყოველთვის ბოლომდე, ფინალამდე გრძელდება.

ეს ყველაფერში და ყველგან წარმმართველი თვისება – გაფანტული დეტალებიდან ხასიათის ძერწვა, აღმოსავლური ხელოვნების და კერძოდ, ძველი თეატრალური ტრადიციის გამოცდილებას ჰგავს, სადაც არაფერია უბრალოდ დამატებული, ან მხოლოდ სიუჟეტიდან მომდინარე – მასში ყველაფერი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც რეზო ესაძის ამ პერსონაჟებში ,,იკითხება“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მზერა და ელემენტარული მოძრაობაც კი. მისი ადრეული და სადებიუტო ნამუშევრებიდან ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმებამდე ყალიბდებოდა ავტორის მზარდი და მდიდარი ინტერესები გამომსახველობითი სტილის და ესთეტიკის მიმართ: ,,ერთხელ“ (1962), ,,ფრო” – (1965), ,,ოთხი ფურცელი“ – (1966), ,,წამზომი“ (1969), ,,ყოველ შაბათს“ (1973).

და მაინც, ამ მრავალფეროვან მხატვრულ რესურსში, გარდასახვის თუ გარემო სივრცის ძიების პროცესში, რეზო ესაძის ნამუშევრებიდან, ორმა მხატვრულმა ფილმმა დრამატული გარდატეხა მოახდინა – ერთი მხრივ, ეროვნული მენტალური თავისებურების მომხიბვლელი სხვადასხვაობისა და მეორე მხრივ, თანამედროვეობის თუნდაც დღევანდელი აბსურდულობის მიკრომოდელი შემოგვთავაზა… ასეთია ჭრელი, ეკლექტური სივრცით გამორჩეული, ფერადი ემოციებით და ღია მრავალეთნიკური ტრადიციებით გაჟღენთილი სივრცე, სადაც მისი ფილმის ,,ერთი ნახვით შეყვარება“ (1980) პერსონაჟები ცხოვრობენ. ეს ერთი პატარა კუთხე მაგალითია ცვალებადი და არაერთსახოვანი სამყაროს პატარა ნაწილის. თუმცა, რეზო ესაძე ამ საოცარ, ნაცნობ და ამავე დროს, სხვადასხვა კულტურული გენით დასახლებულ გარემოში მხოლოდ ინდივიდულობას, ემოციას, ერთმანეთზე აგებულ და ურთიერთდამოკიდებულ დეტალებს გამოჰყოფს, რაც ქართული კინოსთვის და საერთოდ, კინოს ისტორიისთვის თხრობის მართლაც რომ განსხვავებული ხერხია. სწორედ ,,ერთი ნახვით შეყვარება“ იყო დიდი რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის მიერ ბევრგზის ნახსენები, გამორჩეული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი… ხოლო ქართული კინოს ისტორიაში, ფილმის ფინალური ცეკვა ძუნწი ჟესტებითა და მეტყველი ემოციით, დღემდე რჩება პოეტური მეტაფორის მხატვრულ ნიმუშად, სადაც ყველაფერი რასაც ვგრძნობთ და ვხედავთ, ამ უჩვეულო რეჟისორის მიერ განცდილ ნააზრევს, მის შემოქმედებით ხასიათს წარმოაჩენს.

მისი კინოსამყარო იმდენად მოძრავია, იმდენად გააზრებულია თავისი სინამდვილით, ყოველგვარ ტრაფარეტულ სქემას აცილებული და ამავე დროს საკუთარ თავთან თითქოს ,,მოსაუბრე“ გმირებით, რომ დღეს მათი დანახვა იტალური ეზოს ღია გახსნილ ,,ავანსცენაზე“, უნებურ პოზიტიურ განცდას და ღიმილს იწვევს ჩვენში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი

ხედავდა და გრძნობდა სიცოცხლეს, არამედ იმიტომ რომ მისი ნამუშევარი თავად ადამიანის ყოფის ერთგვარი ფილოსოფიური გააზრება და ამ არსის მარტივად დანახვის გზაცაა. დღეს ეს სათქმელის სიმარტივე იპყრობს ყურადღებას – გააზრებული კონკრეტული დრამატურგიიით და ამასთანავე დადებითი ემოციის მომტანი. რეზო ესაძის ხედვის მრავალმხრივობა აქაც ხელისგულზეა – ფიზიკის კათედრის ყოფილი თანამშრომლის, ჟურნალ ,,ჭინჭრაქას“ რედაქტორის (1950-იან წლებში), სკოლის მასწავლებლის გზა კინომდე მხოლოდ და მხოლოდ ძიების ხანა იყო. დამოკიდებულება ყოფასთან, ადამიანის ზნეობრივ არსთან, თითქოს კინოში გამთლიანდა და შეიკრა. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოსარეჟისორო სპეციალობის სხვადასხვა ჯგუფს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ საქმესაც ახალგაზრდული შრომისმოყვარეობით და ენერგიით აკეთებდა, კამათობდა, დაუსრულებლად ეძებდა მთავარს სტუდენტთა ნამუშევრებში, შეეძლო დაუზარებლად განეხილა ყველა ხერხი, გზა, სიახლის და მთავარი საათქმელის აღმოსაჩენად. ეს ურთულესი საქმე, მისთვის იგივე შემოქმედებით პროცესს უტოლდებოდა, სადაც ისევ და ისევ ეძებდა, ცვლიდა, პატივისცემით ელოდებოდა სტუდენტების მიერ აღმოჩენილ სხვა სამყაროს და გულწრფელად აინტერესებდა ქართული კინოს მომავალი.

80-იან წლებში, კიდევ ერთი ეტაპის ქართული სინამდვილის გარდატეხების მხოლოდ დასაწყის პერიოდში, რეზო ესაძე ინტენსიურად მუშაობდა. ფილმები ,,წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981) და ,,საქორწილო საჩუქარი“ (1982), სწორედ ამ პერიოდშია გადაღებული. მისმა შემოქმედებამ გაუძლო კრიზისის პერიოდსაც – ყველაზე რთულ ხანას ქართული კინოსთვის, როდესაც წარმოების მოშლამ შეუძლებელი გახადა კინორეჟისორთა სრულფასოვანი მუშაობა. სამართლიანობის და საზოგადოებაში არსებობის კანონზომიერებებთან დაპირისპირებული პრობლემების გააზრებაშიც ყოველთვის მთავარს მიმართავდა – ეს პიროვნული არჩევანია. სწორედ ეს არჩევანი და ქვეყნის მხატვრული მოდელის შექმნის სურვილი ამოძრავებდა თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარში ,,ნეილონის ნაძვის ხე“ (1985), სადაც ეპოქის ადეკვატური შესატყვისის ძიებაში მაქსიმალურად ძუნწი, ისევ მინიმალისტური გარემო აირჩია – გზაზე დამდგარი ავტობუსი, თავისი მგზავრებით, უბადრუკი ყოფის ნიშნებით, აგრესიით და სიყვარულით, გაუტანლობით და ფარისევლობით, საბოლოოდ კი მაინც ნაცნობი და ორგანულად დაკავშირებული ჩვენთან ადამიანებთან, ჩვენს ვნებებთან. უცნაურია ისიც, რომ ქართულ სინამდვილეზე აგებული ეს ამბავიც მტკივნეულად ნაცნობი და ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის მაყურებლისთვისაც, ვინაიდან რეზო ესაძის ნააზრევი არასოდეს არ იკეტებოდა ერთ რომელიმე მწირ მოცემულობაში.

სწორედ ეს უნარი ცოცხლობდა მასში, როდესაც თავისი ფილმების პერსონაჟებში ხშირად პირველად საწყისს – სადღაც ღრმად მიძინებულ ბავშვს ეძებდა, რთული ხასიათით და კეთილი ოცნებებით, როდესაც ,,წკიპურტებსა“ (1976), თუ მოგვიანებით შექმნილ რთულ პერსონაჟში ,,ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (2003), ყალბი სამყაროსადმი ამბოხებულ ადამიანებს ქმნიდა ეკრანზე. ვფიქრობ, ეს მისი, როგორც უკომპრომისო ხელოვანის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო.

მრავალი ჯილდო დაიმსახურა ფესტივალებზე, სადაც გულწრფელი აღტაცებით ხვდებოდნენ მის ფილმებს – აველონში, ბუდაპეშტში როტერდამში და ასე შემდეგ. მისი რეგალიების სიმრავლე ბოლომდე ვერც ავლენდა რეზო ესაძის შემოქმედებითი რესურსის მნიშვნელობას, თუმცა იყო რამდენიმე შემოქმედებითი კავშირის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ასევე ვაშინგტონის, კემბრიჯის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი.

რეზო ესაძის სახასიათო შტრიხებით აღსავსე პერსონაჟები ასზე მეტ ფილმში დარჩნენ, როგორც მეხსიერებაში ჩარჩენილი მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდები.

ის, თუ როგორ მოძრაობდა მისი ხალასი შემოქმედებითი აზრი, რამდენად ღრმა და რთული ხდებოდა მისი შემოქმედებითი ფიქრი, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად იოლად და ბუნებრივად ცოცხლობდა მასში ეს რესურსი – ადამიანის შინაგანი მეს და მისი საწყისის შეცნობის, შემდეგ კი მხატვრულ სახეებში გააზრების უნარი.

რამდენიმე წლის წინ რეჟისორმა, თავისი ბოლო ნამუშევარი შექმნა – ,,ერთი დღე, როგორც ერთი თვე“ და ამჯერადაც ყველაზე უჩვეულო, პირობითი სივრცეებით გამორჩეულ გარემოში დაასახლა თავისი გმირები – იქ, სადაც მარადიული აზრის მოძრაობა ჩერდება და იქ, სადაც აბსურდის კანონები რეალობად უნდა მივიღოთ.

ასევე დატოვა ეს სამყარო – ინტერესით და მოძრავი, ცოცხალი აზრით სავსემ, როგორც მთავარი ადამიანური საწყისის მარადიულმა მაძიებელმა.

თემები