უსახელო ნაცნობები
თამარ გუნაშვილი

მსახიობისა და ჰოლივუდის სასიყვარულო ურთიერთობა იშვიათადაა ორმხრივი. რაც უფრო ცდილობენ მსახიობები თავიანთი იშვიათობის, გამორჩეულობის დამტკიცებას, მით უფრო სწრაფად ჩაკეტავს ხოლმე ჰოლივუდი სახასიათო ამპლუაში. ცოტა თუ ახერხებს, მეორეხარისხოვანი როლებითაც დაამახსოვროს და შეაყვაროს მაყურებელს თავი ისე, რომ მთავარი გმირი ანუ პროტაგონისტი ერთხელაც არ ითამაშოს.

ინგლისურ ენაში არის ასეთი გამოთქმა „Put a name to a Face”, რაც სიტყვასიტყვით სახეზე სახელის დადებას ნიშნავს. ამ გამოთქმას მაშინ იყენებენ, როცა ადამიანი გარეგნულად ეცნობათ, ხოლო რა ქვია, აღარ ახსოვთ. ჰოდა, დღეს ასეთ კინო-თამაშს შემოგთავაზებთ: შეხედეთ ფოტოს, და მერე შეეცადეთ, ამ მსახიობის სახელი და გვარი გაიხსენოთ. შემიძლია ნიძლავი დავდო, რომ თითქმის ყველა გეცნობათ, ფილმებიც კი გაგახსენდებათ, სახელი კი – არა. ყველა ეს მსახიობი მეორეხარისხოვანი ან ეპიზოდური როლებით ვიცით, მაგრამ თავიანთი ნიჭის წყალობით დღეს აღიარებულ ვარსკვლავებად ითვლებიან.

მაშ ასე, დავიწყოთ:

სტენლი ტუჩი. დარწმუნებული ვარ, ეგრევე გეცნოთ. 59 წლის მსახიობს 200-ზე მეტ ფილმსა თუ ტელესერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. არაფერს უკადრისობს: წერს სცენარებს, ახმოვანებს მულტფილმებს, თამაშობს მოკლემეტრაჟიან ფილმებში (ისეთებშიც კი, სადაც ტიტრებში არაა მოხსენებული), არის რეჟისორი და პროდიუსერიც.

წარმოშობით იტალიელს და თანაც ტანდაბალ ნიუ იორკელ მსახიობს ალ პაჩინოს ბედი არ ერგო:  მთავარი როლები მხოლოდ ტელესერიალებში ან საკუთარი თავისთვის გადაღებულ ფილმებში აქვს. თუმცა უამრავი ჰოლივუდური სურათიდან გაგახსენებთ თავს. სტენლი ტუჩი სულ ვარსკვლავური შემადგენლობითაა მოცული: ცნობილ ჰიტში „ეშმაკს აცვია პრადა“ დიზაინერ ნაიჯელს განასახიერებს, რომელიც სხვებზე ნიჭიერი, მშრომელი და ერთგულია, მაგრამ თანამდებობები და წარმატება ყოველთვის გვერდს უვლის.

ალბათ გარეგნული მონაცემების გარდა, სტენლის სახასიათო როლებში ჩაკეტვის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მისი სახე ძალზე მეტყველია, ვერ ხვდები, კარგ ადამიანს თამაშობს თუ ცუდს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ძალზე უხდება როლები ფსიქოლოგიურ თრილერებში “საყვარელი ძვლები“ და „სანამ დავიძინებ“ ნიკოლ კიდმანთან ერთად ტუჩის პერსონაჟები, ბოლომდე არ ვიცით, თბილი მეგობრები თუ საშიში მანიაკები არიან. ამჯერად სტენლი ტუჩი „ნეტფლიქსის“ მისტერიულ დრამაში „სიჩუმე“ შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთ მთავარ როლში, სადაც მისი გმირი ოჯახის გადარჩენას ცდილობს უცნაური მონსტრების შემოსევისგან.

სტივ ბუშემი. აი, სტივის სახელი, დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის, რადგან უკვე ძალზე აღიარებული მსახიობია ჰოლივუდში. საინტერესო ისაა, რომ საოცარი ნიჭისა და გარდასახვის ადამიანი მთელი ცხოვრება მეორეხარისხოვან ან ეპიზოდურ როლებს თამაშობს. სტივი უმეტესად ცუდ ტიპებს განასახიერებს, შეიძლება – გარეგნობის გამო. კვენტინ ტარანტინოს „ცოფიან ძაღლებში“ მისტერ ვარდისფერი გახლდათ, მის სიაშია ისეთი ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერები, როგორიცაა „ფარგო“, „დიდი ლებოვსკი“, „არმაგედონი“. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ბობოლებთან – ძმებ კოენებთან, ტარანტინოსთან, ადამ სანდლერთან – მეგობრობს, პროტაგონისტად ვერავინ ხედავს. „სოპრანოს კლანში“ სტივი ჯერ ტონი ბლანდეტოს თამაშობდა, მესამე და მეოთხე სეზონების რეჟისორი კი თავად გახდა.

ირონიულია, რომ თითქმის ყოველ წელს იღებს ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიებს, რაც სამსახიობო ოსტატობას უფრო ეძღვნება. მეინსტრიმი ჯილდოები კი დიდად არ ღირსებია, თუმცა ყოველთვისაა ნომინირებული ხან ემიზე, ხან ოქროს გლობუსზე, ხან ტონიზე და არასოდეს – ოსკარზე.

ჯონ ლეგუიზამო. დარწმუნებული ვარ, სახე გეცნობათ, მაგრამ საიდან – ზუსტად ვერ იტყვით. ემიგრანტი კოლუმბიიდან პროფესიულად სწავლობდა სამსახიობო ოსტატობას ლი სტრასბერგის სტუდიაში ნიუ იორკში და ასევე სასცენო ოსტატობას – მეტად ძვირ და პრესტიჟულ ტიშის ხელოვნების სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი დრამატული მსახიობია, ეკრანზე პირველი გამოჩენა კომედიურ ფილმში „სუპერ-მარიო“ მოხდა, ამას – „კარლიტოს გზა” მოჰყვა, ალბათ მიხვდით, ორივე როლი მეორეხარისხოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნარკო-დილერი, ნარკობარონი, განგსტერი თუ კრიმინალი ითამაშა, მაინც შეინარჩუნა ავთენტურობა და სიმწვავე. ძალზე კომფორტულად არის სცენაზე, ახალგაზრდობიდანვე აკეთებდა კომედიურ სთენდ-აფებს სხვადასხვა კლუბებში, 2016 წელს კი ბროდვეიმ პერსონალური სპექტაკლი შესთავაზა. „ლათინო-ისტორია შტერებისთვის“ ჯონმა თავად დაწერა და დიდი წარმატების შემდეგ 2018 წელს ეს შოუ უკვე „ნეტფლიქსმა“ იყიდა, სადაც დღემდე გადის. დღესდღეობით ლეგუიზამოს ქონება 25 მილიონს შეადგენს.

თუ ჯონ ლეგუიზამოს საუკეთესო როლი კიდევ წინ აქვს, შემდეგი მსახიობი ეპიზოდური როლების დიდოსტატად გარდაიცვალა. თქვენ მას ყველა იცნობთ, როგორც მეტროს მოჩვენებას:

ვინსენტ სკიაველი. უბადლო ნიჭის მსახიობი გახლდათ. ვინსენტი ძალიან მაღალი იყო – 2 მეტრი, წაწვეტებული სახე და გრძელი ხელები ჰქონდა წვრილი თითებით – ასეთი სპეციფიური გარეგნობა იშვითი დაავადების, მარფანის სინდრომის გამო ჰქონდა, ამიტომ როლებიც გარეგნობის შესატყვისი ხვდებოდა. მისი დამახსოვრება ძალზე იოლია, რადგან მეტად სახასიათო სახე აქვს. სამსახიობო ოსტატობას ნიუ იორკის ძვირიან კოლეჯში – NYU-ში ეუფლებოდა. პირველივე როლი მილოშ ფორმანთან ითამაშა 1971 წელს ფილმში „გაფრენა“. ფორმანი შეყვარებული იყო მის ტალანტზე და ყოველ ფილმში პოულობდა მისთვის როლს: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ამადეუსი“, „ვალმონი“, „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“, „ადამიანი მთვარეზე“.

1990 წელს კი გამოვიდა ორსაათიანი ჰოლივუდური ფილმი „მოჩვენება“ დემი მურით, პატრიკ სუეიზითა და ვუპი გოლდბერგით, რომელიც საოცარი ჰიტი გახდა. საყოველთაო აღიარება ვინსენტს მაშინ ეწვია, როცა მაყურებელს მეტროში მცხოვრები, ვითომ საშიში და სინამდვილეში ძალზე საყვარელი მოჩვენება გააცნო. ჰოლივუდსაც შეუყვარდა, მაგრამ მხოლოდ როგორც სახასიათო ტიპაჟი – ვინსენტ სკიაველის „ბეთმენის დაბრუნებაშიც“ კი ნახავთ, უამრავი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, სულ რაღაც 57 წლის იყო, როდესაც კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა. მძიმედ ავადმყოფი მშობლიურ იტალიაში გაემგზავრა ბოლო დღეების გასატარებლად და იქ გარდაიცვალა 2005 წელს.

ოქტავია სპენსერი. ოქტავია ნამდვილი ოსკაროსანი ვარსკვლავია, მეორეხარისხოვანი როლების დედოფალი. ალაბამაში გაიზარდა 6 და-ძმასთან ერთად. რაც იშვიათია შავკანიანი გოგონასთვის ღარიბი ოჯახიდან, დაამთავრა კარგი კოლეჯი – ობერნის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის დიპლომით.

უამრავი პატარ-პატარა როლი ქონდა, მათ შორის სერიალებში: „ნიუ იორკის პოლიცია“, „საიდუმლო მასალები“, „სასწრაფო დახმარება“, „მოდების ჟურნალი“, და უამრავი სხვა. 2009 წელს ჟურნალმა „ენთერთეინმენთ ვიკლი“ „ჰოლივუდის ყველაზე სასაცილო მსახიობი ქალების“ 25-ეულში შეიყვანა.

გარდა იმისა, რომ განათლებულია, მშრომელი და მეტად მოწესრიგებული, არაჩვეულებრივი დრამატული და კომიკური ნიჭის პატრონია, მაყურებელსაც ძლიერ უყვარს. თუმცა, აბა რამდენს გაგახსენდათ მისი სახელი და გვარი? ოქტავიას სულ იწვევდნენ ვარსკვლავურ ფილმებში, რადგან დაუვიწყარ სახეებს ქმნის. არადა, ყველაფერი ის აქვს, რაც ქალ მსახიობს ჰოლივუდში წინსვლაში ხელს უშლის: შავკანიანი, ჭარბწონიანი, არც ისე ახალგაზრდა, და ძალიან სახასიათო სახით. დიდი თვალები აქვს, რაც, წესით, სილამაზედ უნდა მიიჩნეოდეს, მაგრამ ოქტავიამ მათი დიდოსტატურად „დაყვლეპა“ ისწავლა და ისეთ სასაცილო გამომეტყველებას იღებს ხოლმე, რომ სილამაზე ვიღას ახსოვს. პირველი ოსკარი ოქტავიამ მინი ჯექსონის, შავკანიანი მოახლის როლისთვის მიიღო ჰოლივუდურ ჰიტში „The Help” (დამხმარე). უამრავი ჯილდო აქვს – ოსკარი, ოქროს გლობუსი, ბაფტა, ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემია – რა გინდა, სულო და გულო. ახლა უკვე, მგონი ნავსი გატყდა: შარშან  საშინელებათა ფილმში “დე“ რთული ფსიქოლოგიური მთავარი როლი შეასრულა, მალე კი ეკრანებზე მისი ახალი ჰოლივუდური ფილმი გამოვა, სადაც ოქტავია შავკანიანთათვის თმის პროდუქტების პირველ შემქმნელს, მადამ სი ჯეი ვოქერს განასახიერებს.

ფრენსის კონროი. ფრენსისს თამამად შეიძლება ინტელექტუალური მსახიობი ვუწოდოთ. ცალი თვალი აქვს დაზიანებული, და დაზიანებული თვალით ჰოლივუდის იდეალური ქალის როლი ძნელია. თუმცა ეს რაღაც იდუმალებასაც კი სძენს მის გარეგნობას, ამიტომ მის მიერ განსახიერებული ქალები მისტიურები და საიდუმლოს ბურუსით მოცულები არიან.

ფრენსისი შეძლებული ოჯახიდანაა, ჯორჯიაში ბიზნესმენის ოჯახში დაიბადა, ყველაფერი ქონდა. სტუდენტურ თეატრში თამაშობდა და ნიუ იორკში აღიარებულ სკოლაში, ჯულიარდში, ჩააბარა სამსახიობო ფაკულტეტზე.  პირველი როლი ვუდი ალენის ფილმში „მაჰეტენი“ შეასრულა. არაა ცუდი დასაწყისი, რას იტყვით? თუმცა სცენა ძალიან უყვარდა და ადრეული ასაკიდან დაიწყო ბროდვეის დადგმებში მონაწილეობა, მეგობრობდა არტურ მილერთან, რომელიც თავის სპექტაკლებში ხშირად აკავებდა. თეატრალურ ჯილდოებზე (ტონიზე და დრამა-დეკზე) 5-ჯერ იყო წარდგენილი. ასევე სწყალობდნენ ტელესერიალები, ჰოლივუდში კი – პატარ-პატარა მაგარ-მაგარი როლები ჰქონდა ფილმებში: „უსახელო ნაბიჭვრები“,  „ქალის სურნელი“, „ქალი-კატა“, „ავიატორი“, და სხვა.

თუმცა საქვეყნო აღიარება ტელესერიალმა „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ მოუტანა, სადაც ფრენსისი ყოველ სეზონში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მისტიკურ პერსონაჟებს თამაშობს.

მიშელ როდრიგესი. მიშელ როდრიგესი ყველა სამხედრო დაჯგუფებაშია, რაც კი ოდესმე ჰოლივუდში გადაუღიათ. ბოქსზე დადიოდა და ეგრე მიიღო პატარა როლი კინემატოგრაფში. ტიპიური ლათინოამერიკული გარეგნობის გოგონასთვის ძნელია მთავარი გმირის მთავარ სასიყვარულო ობიექტად ჩამოყალიბება (ჰოლივუდში ხომ ქალის მთავრი როლი მაინც კაცის მთავარ როლთანაა გადაბმული, ჯენიფერ ლოპესი, ევა მენდესი, სალმა ჰაიეკი, ევა ლონგორია და სოფია ვარგარა აქტიურად ებრძვიან ამ სტერეოტიპებს და საკუთარი თავებისთვის იდგამენ ფილმებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ ტრენდს კიდევ დიდი ბრძოლები აქვს წინ). მიშელიც უმეტესად „ფორსაჟის“ ფილმებიდან გახსოვთ, სადაც თავის მაშინდელ ბოიფრენდს, ვიმ დიზელს ეხმარება ცუდების დამარცხებაში. მიშელი ასევე გინახავთ „უცხოებში“, სადაც კოსმოსიდან შემოსულ მონსტრებს სიგურნი უივერთან ერთად ებრძვის, „ავატარში“, „მაჩეტეში“ და პრაქტიკულად ყველა ფილმში, სადაც რამე ტიპის სამხედრო, განგსტერული ან პარტიზანული დაჯგუფება უნდა ასახონ. მიშელი იმდენად შთამბეჭდავია თავის როლებში, იმდენად კარგ ფიზიკურ ფორმაშია და თავის ტრიუკებსაც თავად აკეთებს, რომ რეჟისორებს ძალიან უყვართ და სამუშაო არ აკლია. ამ ეტაპზე უკვე იმდენად გაითქვა სახელი, რომ გული მიგრძნობს, კარგ მთავარ როლს მალე შესთავაზებენ.

კლია დუვალი. კლიას სახეს ერთხელ თუ ნახავთ, მკაფიოდ ჩაგებეჭდებათ მეხსიერებაში. სიტყვის წარმოუთქმელად გამოხატავს ტანჯვას, შიშს, დაბნეულობას – ყველა იმ გრძნობას, რომელიც დამწყებ ან თუნდაც სტაჟიან მსახიობებს ასე უჭირთ. პირველად რობერტ როდრიგესის „ფაკულტეტში“ ითამაშა და მიეწეპა როლები თრილერებში თუ ფსიქოლოგიურ დრამებში. ამის გარდა, კლია თავს სექსუალურ უმცირესობას მიაკუთვნებს, რის გამოც როლებს გულდასმით არჩევს, რომ მის ტიპაჟს შეეფერებოდეს და ყველა შემოთავაზებას არ თანხმდება. როდესაც ქვრივი დედა მეორედ გათხოვდა, თინეიჯერი კლია მარტო საცხოვრებლად გადავიდა. მწერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ პატარ-პატარა როლებსაც სიამოვნებით ასრულებდა. „ფაკულტეტი“ მხოლოდ მისთვის არ გამოდგა კარგი სტარტი, ახალგაზრდა ელაიჯა ვუდი და დამწყები სალმა ჰაიეკიც მისი პარტნიორები აღმოჩნდნენ. „ასტრონავტის ცოლში“ კლია არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს შერლიზ ტერონს, რომელიც უცნაურ ცვლილებებს ამჩნევს კოსმოსიდან დაბრუნებულ ქმარს. ეს ორი ქალი არაჩვეულებრივად ქმნის დაძაბულობის ამბიანსს ყოველგვარი გადამეტებული თამაშის გარეშე. კლიას პარტნიორობა უკვე ნიშნავს მაღალი დონის ფილმს, კარგი რეჟისორით და დიდ აუდიენციაზე გათვლილს. ჰო, სხვათა შორის, ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, რობერტ დიუვალთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს, უბრალოდ მოგვარეა.

ეს არის და ეს. იმედია, ისიამოვნეთ იმ მსახიობების გახსნებით, რომელთა სახეებმა თქვენთვის საყვარელი ფილმები და მათ მიერ შექმნილი სახეები ამოატივტივეს. კიდევ ერთ სანაძლეოს დავდებ: ამ წერილის კითხვას რომ მორჩებით, აუცილებლად გადაწყვეტთ კიდევ ერთხელ უყუროთ იმ რომელიმე ფილმს, რომლებიც ამ მსახიობებმა გაგახსენეს.

თემები