და ჩვენ ვუყურეთ
თამარ გუნაშვილი

როდესაც საქართველოში კინოთეატრები გაიხსნება, 2019 წლის რამდენიმე საპრემიერო ჩვენების შემდეგ ახლა უკვე ფართო საზოგადოებისთვის შვედ-ქართველი რეჟისორის ლევან აკინის სკანდალური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოვა ეკრანებზე.

სკანდალურად ჩვენ, ქართველებმა, ვაქციეთ, თორემ ისე ძალიან კამერული, გამართული თხრობის, ნაფიქრი ფილმია, პოზიტიურიც კი.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბილეთები გაიყიდოს, დასწრებაც იყოს და ანშლაგებიც, მაგრამ მინდა, რომ ხალხი მართლა საყურებლად წავიდეს და არა საღლიცინოდ, არა „ტაში პარის“ საღრიალოდ, არა სასტვენად და არა სექსის დანახვაზე სიცილის დასაწყებად. არა გადაძახებებისთვის პირველიდან მეოთხე რიგში და ტელეფონზე ჩაწერებისთვის, რომ მერე „ის“ სცენა სოციალურ ქსელში ვითომ სასხვათაშორისოდ შეაგდოს რამე უკმეხი კომენტარით…

არა. ის მინდა, მაყურებელი საყურებლად მივიდეს.

მოუსმინოს.

დაფიქრდეს.

თუ ცრემლი მოადგა, არ შეეშინდეს. არ შერცხვეს. ხითხითი არ დაიწყოს, ვითომც არაფერიო. ვითომ თვალში ჩამივარდა რაღაცო.

…იმიტომ რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სინამდვილეში სულაც არ არის მხოლოდ ჰომოსექსუალურ თემატიკაზე შექმნილი ფილმი. ესაა ფილმი პირველ სიყვარულზე, პირველ იმედგაცრუებაზე, პირველ ნამდვილ მეგობრებსა და პროფესიის ერთგულებაზე… როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ”ეს ფილმი არაა „ქამინგ-აუთის“ ისტორია. ესაა ფილმი იმაზე, თუ როგორ შეიფერო საკუთარი იდენტობა იმ კულტურულ გარემოში, რომელსაც შენი მიღება არ უნდა. ესაა ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა მისცე უფლება, თავს მოგახვიონ ტრადიციის მათეული გაგება, არამედ თავად განსაზღვრო შენთვის ეს ტრადიცია“.

ტრადიციის ბრმად მიღება თუ ტრადიციის შინაგან შემოქმედებით ქურაში გადადნობა: ეს არის ამ სურათის ძირითადი ჭიდილის არსი. როგორია ტრადიციული ქართველი შეყვარებული? როგორია ქართული ტრადიციული სუფრა? როგორია ქართული ტრადიციული ცეკვა? ტრადიციული ბალეტი? ტრადიციული მშობელი? ტრადიციული ჭორაობა? ამის ყველაზე თვალსაჩინო მხატვრულ მიგნებად ფილმის მთავრი გმირის, მოცეკვავე მერაბის ანსამბლის შესარჩევ ტურში მისაღები ცეკვაა. მერაბი კინტაურს ცეკვავს, რომელშიც მისი კერპის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მოძრაობების ინტერპრეტაციას ახდენს. მერაბისთვის ქართული ცეკვის ტრადიცია სწორედ ჭაბუკიანია – მისი მეამბოხე სული, მოძრაობები, შინაგანი ცეცხლი. ჭაბუკიანის პოსტერები კედელზე და ძველი ვიდეოჩანაწერები არის ახალგაზრდა მოცეკვავისთვის ნამდვილი ტრადიცია. მაგრამ ის ქორეოგრაფები, რომლებიც მის ანსამბლში მოსახვედრ გამოსვლას აფასებენ, ვერც კი ცნობენ შთაგონების წყაროს და ჭაბუკიანის მოძრაობებს… ბოლოს მერაბი ცარიელი სკამის წინ ცეკვავს, რადგან მთავარი შემფასებელი უბრალოდ დარბაზს ტოვებს…

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზეა. საერთოდ, ეს ფილმი არაა პროპაგანდისტული და არაფრისკენ მოუწოდებს, არც არაფერს გმობს – ეს არაა ფილმი, რომელიც ყვირის, არამედ – ფილმი, რომელიც გეფერება. ამ სურათში არიან მოსიყვარულე ადამიანები, ოჯახი და ასახულია  ის ემოციები, რომელსაც ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ერთხელ მაინც განიცდის ცხოვრებაში: პირველი ლტოლვა, პირველი შიში, პროფესიული მოწოდების სისწორეში დაეჭვება, კერპების გადაფასება, საკუთარ თავში რწმენის აღმოჩენა და ისევ დაკარგვა, მეგობრებისგან გაუცხოვება და შემდეგ ისევ დაახლოება… იქნებ იმიტომ ეშინიათ ამ ფილმის, რომ იგი ღიად აჩვენებს კომპრომისების მთელ სპექტრს, კონფორმიზმის უამრავ ნაირსახეობას…

რატომღაც ეს ფილმი ყველგან წარმოდგენილია როგორცამბავი ორი ადამიანის ურთიერთობაზე ,მე კი დავინახე ეს ფილმი, როგორც ისტორია სამ ადამიანზე. მერაბის ძმა, დავითი, რომელსაც გიორგი წერეთელი თამაშობს, ცოტა დაუმსახურებლად მოხვდა ჩრდილში, იმდენად დიდი აქცენტი გაკეთდა წყვილზე თუ დაწყვილებაზე.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ სამი ახალგაზრდა ქართველი კაცის – სამი ტიპაჟის – ისტორიაა.

პირველი ტიპაჟი არის „უშიშარი“ – ლევან გელბახიანის მიერ უზადოდ შესრულებული მერაბი – იგი ირჩევს, იყოს მართალი თავის თავთან. იყოს, რაც არის მიუხედავად იმისა, რომ იცის: საზოგადოება მის დასჯას შეეცდება. ეს ტიპაჟი არის ძალიან ადვილად დასაჩაგრი და ამავდროულად – ქვასავით მყარი. მას სწამს იმ სიყვარულის, რომელსაც გრძნობს – იქნება ეს ირაკლის, მარის, ცეკვის, დავითის, სამსახურის, დედის, ბებიის, კინტაურის თუ ჭაბუკიანის მიმართ სიყვარული.

მეორე ტიპაჟი არის ძმა დავითი, ძალზე ზუსტად განსახიერებული გიორგი წერეთლის მიერ – „ტრადიციონალისტი“. მან იცის, რომ მისი ცხოვრების გზა უკვე ახლაა განსაზღვრული. იგი „ტიპური კაი ბიჭია“ მანამ, სანამ საქმე მისი ოჯახის დაცვამდე მიდის. ჩაგრულის დაცვაც ხომ ოდესღაც ქართული ტრადიცია იყო? ოჯახის წევრისთვის თავგანწირვაც ხომ ქართული ტრადიცია იყო? დავითი ტრადიციონალისტია იმაშიც, რომ პატარა ძმა დაიცვას, გარკვეულწილად ისიც „უშიშარი“ ხდება ან ამის პოტენციალს ამჟღავნებს…

მესამე ტიპაჟი „კონფორმისტი“ – ქარიზმატული და მაგიური ღიმილის ირაკლი ბაჩი ვალიშვილის ბრწყინვალე შესრულებით – ალბათ ყველაზე სევდიანი მოვლენაა ჩვენს საზოგადოებაში… ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ირაკლი ორივე ძმის ახლობელია და ეს ორსახოვნება, ეს განუწყვეტელი ჭიდილი აქცევს მას ლაღი, თამამი, საყურიანი მოცეკვავისგან საკუთარი თავით შეშინებულ, მოწესრიგებულ, ცალყბად მომღიმარე პერსონაჟად, ყველა ღილზე შეკრული პერანგით. უმეტესად ,სწორედ, “ირაკლები“ არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად ჩხუბობენ ამ ფილმის გამო, ითხოვენ აკრძალვებს თუ მის გაქრობას. ზედმეტად ზუსტად არის წარმოჩენილი, თუ რა ტკივილში უწევთ მათ ცხოვრება და მუდმივად საკუთარი თავის დამარცხება.

როგორია ეს ფილმი? ძალიან კარგი, ადამიანური. ლამაზი ვიზუალურად. ქართული პოლიფონია და ცეკვა არის ნაჩვენები, არა როგორც  ხისტი ისტორიული გადმონაშთი, არამედ როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, კომუნიკაციის ენა.

მაშ რატომ გამოიწვია ამ ფილმმა ასეთი აგრესია?

ფილმში სულ არის ორი სექსუალური სცენა, ორივე ხდება ერთ უიქენდზე, ერთ სახლში. ერთ ადგილზე.

მოვუსმინოთ თავად ლევან აკინს. ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში იგი ამბობს: „ფილმებში სექსუალური სცენები, როგორც წესი, არ გამოდის კარგი. უმეტეს შემთხვევაში მათ იმიტომ იღებენ, რომ გაჩვენონ,- გმირების ურთიერთობა უკვე მივიდა ამ ეტაპამდე. მე არ მინდა ვუჩვენო ფილმში სექსის სცენა მხოლოდ იმიტომ, რომ მქონდეს სექსის სცენა. ესაა რეალური დიალოგი ამ ორ ადამიანს შორის. ეს მათ შორის ხდება ორჯერ  და ამ ორ სცენას შორის არის განვითარება, ამბის თხრობა, გამოღვიძება და ახალი რეალობის აღმოჩენა“.

თუ შევეცდებით და ამ სცენებს შევხედავთ, როგორც თხრობის ნაწილს, რომელიც ორ გმირს შორის გაჩენილ ლტოლვასა და შემდგომ მის განვითარებაზე გვესაუბრება, მივხვდებით, რომ მათი არსებობა სურათში ნარატივის შემადგენელია და არა – ეროტიკის.

საერთოდ არ მიყვარს ხოლმე დასკვნები, რომლებიც ჟღერს, როგორც საკუთარი თავის გაშავება ან ბრალდება: „ქართველებს ასე გვჩვევია“, „ქართველებმა ასე ვიცით“.  სიყვარული და თანაგრძნობა არის საერთაშორისო, ჰომოფობიაც არის საერთაშორისო. თუ გაინტერესებთ, ლევან აკინის ფილმში გაცილებით უფრო მეტი მოსიყვარულე ადამიანია, ვიდრე მსგავს თემატიკაზე გადაღებულ ნებისმიერ სხვა ფილმში: ავტობუსში ქალი, რომელიც საყელოს გისწორებს, თანამშრომელი მებუფეტე, რომელიც „ჩაის“ არ გართმევს, მეზობელი, სულ რომ გიღიმის, დედა და ბებია, სულ რომ გეფერებიან და აი, ის ძმა – სამსახურიდან რომ გააგდებინებს შენს თავს, ყოველღამე ლოთობს და ნარკოტიკებს ყიდის – აი, ის ძმაც კი იქ არის, სადაც უფროსი ძმა უნდა იყოს  – შენს გვერდით.

სხვათა შორის, ეს ფინალური სცენა ძმებს შორის პედრო ალმოდოვარის ესთეტიკას მაგონებს, როცა ადამიანებს შორის სიჩუმეშიც კი მიმდინარეობს ძალიან ხმამაღალი დიალოგი, ყვირილიანი, ცრემლებიანი – როცა ეკრანიდან გრძნობ ნერვს და რაღაცნაირად ბედნიერი ხარ იმით, რომ ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვეშინოდა, რომ დასრულდებოდა.

და ბოლოს სპოილერი – ეს ფილმი არ გადაგაქცევთ მამათმავლად. თუმცა არის იმედი, რომ კარგ მაყურებელად გადაგაქციოთ.

თემები