მსუქანა ბავშვის თამაშები
თამარ გუნაშვილი

  • ხაფანგი 22 – პარადოქსული სიტუაცია, რომელში მოხვედრილი ინდივიდიც ერთმანეთის გამომრიცხავ წესებშია გამომწყვდეული.  
  • მაგალითად: ფულს ვერ იშოვი, თუ ფული არ გაქვს.
  • ან: სამსახურში გამოცდილების გარეშე არ აგიყვანენ, მაგრამ გამოცდილება სად უნდა მიიღო, თუ არა სამსახურში.

ეს ხაფანგი პირველად ამერიკელმა მწერალმა, ჯოზეფ ჰელერმა აღწერა, როდესაც ომის სისასტიკისგან თავის დაღწევის შეუძლებლობაზე მოგვითხრობდა. მისი რომანის „ხაფანგი 22“-ის გმირი, კაპიტანი ჯონ იოსარიანი, ამერიკელი ბომბდამშენის პილოტი, თავს იგიჟიანებს, რათა ჰოსპიტალში დატოვონ და საფრენად არ გააგზავნონ. არადა, ამის მოთხოვნა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სრულ ჭკუაზეა და მშვენივრად აზროვნებს. დილემა.

თავად ჰელერი საბჭოთა კავშირიდან გაქცეული რუსი ებრაელების ოჯახში დაიბადა, ნიუ იორკის ემიგრანტ-მოყვარე უბანში, ბრუკლინში. რომანი, პრაქტიკულად, ავტობიოგრაფიულია, რადგან ჰელერი თავად გახლდათ ბომბდამშენის პილოტი მეორე მსოფლიო ომის დროს. რომანში ყველაფერი თითქოს იუმორისტულად იწყება, მაგრამ მერე და მერე გაუმართლებელი სისასტიკე და სადიზმი სრულ აბსურდამდე დადის.

მთავარი კი ამ რომანში ისაა, რომ ბოროტების წყარო არა მტერია, არა გერმანელი ფაშისტი ან კამიკაძე იაპონელი, არამედ ბობოლა ამერიკელი მთავარსარდლობა. რაც, ალბათ, არაა მაინცდამაინც სასაცილო.

2003 წელს „ბიბისი“-მ მილიონ ადამიანს გამოკითხა აზრი 200 საუკეთესო რომანზე, და „ხაფანგი 22“ ტოპ-ათეულში მოხვდა.

რას წარმოიდგენდა 1961 წელს ჯოზეფ ჰელერი, რომ ხუთი ათწლეულის შემდეგ თავად მისი რომანი გაებმებოდა მსგავს ხაფანგში. ხაფანგში, რომელშიც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი რომანები აღმოჩნდნენ. როგორ? მარტივად: მათ მიხედვით სერიალები გადაიღეს.

დილემა დაახლოებით ასე ჟღერს: სერიალი უნდა ეფუძნებოდეს რომანს, მაგრამ ისე, რომ შემდგომში რომანი დაეფუძნოს სერიალს.

ამ სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ რომანის მთავარი სიძლიერე არის ფინალი. სერიალის მთავარი სიძლიერე კი არის ფინალის უქონლობა და უსასრულო გაგრძელების პოტენციალი.

კარგი რომანი იმითაა ძლიერი, რომ, როცა ფინალი ვიცით, მისი კითხვა უფრო საინტერესოა. ყველას მოგვეხსენება, რითი მთავრდება „ანა კარენინა“, მაგრამ სწორედ იმიტომ ვკითხულობთ, რომ მივხვდეთ, როგორ მივიდა ეს ქალი ასეთ სასოწარკვეთამდე, რამ დაადგმევინა ფეხი იმ ლიანდაგზე…

სერიალი კი მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როცა არ იცი, როგორ დამთავრდება.

წიგნის კითხვას აქვს სიჩქარე, როგორც, ვთქვათ, მანქანის ტარებას. ხან ისე ახტები პარაგრაფებს იმის მოლოდინში, თუ რა მოხდება, რომ შენი პეიზაჟი ერთი გრძელი ნაცრისფერი გვირაბია, სიტყვები – გზის მაჩვენებლები, რომლებსაც ვერც ამჩნევ, ისე მიქრიხარ. ხანდახან კი მშვიდად მიგორავ, ათვალიერებ ფანჯრიდან არემარეს, პატარა სახლებსაც ამჩნევ და ბოჩოლებსაც, თან საყვარელ მუსიკას უსმენ.

ერთი და იგივე ნაწარმოებს ორივე შეუძლია. დიდი სიჩქარით გატაროს ან ურიკით გაგორაოს და შეჩერებული დროისგან მიგაღებინოს სიამოვნება.

მე პირადად რომანები თან მიყვარდა და თან – არა. არ მიყვარდა, იმიტომ რომ „ექშენის“ მოყვარული ვიყავი, ჩემთვის სულ რაღაც უნდა მომხდარიყო, ვახტებოდი ბუნების, პორტების, კარ-მიდამოების და ამინდის აღწერილობებს, თავის დასაწყისს და ბოლოს ვკითხულობდი ხოლმე, და ამის მიხედვით ვწყვეტდი, მთელი თავი დამეგემოვნებინა თუ არა.

ეს იყო პირველი წაკითხვა.

თუ მომეწონებოდა, მეორე წაკითხვა იყო ზანტი – რაც გამოვტოვე, ყველაფერს ვუბრუნდებოდი – როცა ფინალი ვიცოდი, იმ პორტის აღწერასაც მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამინდსაც, ლანდშაფტსაც. კარ-მიდამოსაც.

როცა რომანს კითხულობ, თანა-შემქმნელი ხარ, ანუ კო-კრეატორი. ყოველ წაკითხვაზე შენი საყვარელი მომენტი სხვანაირად გადათამაშდება შენს გონებაში – დეკორაციებსაც შენ ქმნი, განათებასაც.  როგორ ოთახსაც გინდა, ისეთს წარმოიდგენ, როგორ ხასიათზეც ხარ, გმირებიც ისე მოიქცევიან.

მახსოვს, ნიუ იორკის ფილმის აკადემიაში ვსწავლობდი, როცა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი მოიწვიეს სტუმრად. 2010 წელი იყო, კევინ სპეისი მაშინ სამსახიობო კარიერის პიკში გახლდათ და ჯერ არ იყო მოძულებული იმის გამო, რომ კოლეგებს სექსუალურად ავიწროვებდა. ამერიკაში მას ფილმებით იცნობდნენ, დიდ ბრიტანეთში კი თეატრალური შემოქმედებით.

იმ შეხვედრაზე ჰკითხეს, კინოში თამაში უფრო უყვარდა თუ სცენაზე. სპეისიმ კი თქვა: „თეატრი ჩემთვის უფრო ნამდვილია, ყოველ ჯერზე თავიდან ვცხოვრობ იმ ადამიანს, რომელსაც ვთამაშობ – რაღაცას ვმატებ, ვაკლებ, განუწყვეტლივ ვხვეწ. თეატრი ხელოვნებაა, კინო – ხელობა. კინოში ვალდებული ვარ, ჩემი გმირის რაც შეიძლება მეტი ვარიანტი მივცე რეჟისორს: გაბრაზებული, ირონიული, მშიშარა, ჩუმჩუმელა, ვაჟკაცი… და მერე რეჟისორს რაც უნდა, იმას გამოძერწავს. უმეტეს შემთხვევაში, რაც ჩემს მიერ შესრულებული საუკეთესო დუბლი მგონებია, ის ფილმში საერთოდ არ მოხვედრილა“.

ანუ თეატრში თავისი გმირის შემქნელი თავად სპეისი იყო, კინოში – რეჟისორი.

ვინც შემქმნელია, სიამოვნებასაც ის ღებულობს. რომანის კითხვისას შემქმნელები ვართ, ეკრანიზაციის ყურებისას კი – შემფასებლები. ჟიურის წევრები. ან უბრალოდ ის ბავშვები, რომლებიც არ გვათამაშეს.

პატარაობაში მსუქანა  ვიყავი, ვერ დავრბოდი. არადა, სულ მინდოდა, მეც მეთამაშა ფეხბურთი. ამიტომ ჩემი თანაეზოელები ყოველთვის მსაჯად მნიშნავდნენ, რომ არ მწყენოდა, მაგრამ რეალურად არც მეთამაშა.

როცა ჩემი საყვარელი რომანის ეკრანიზაციას ვუყურებ, ის გრძნობა მიბრუნდება: მსუქანა ბავშვის, რომელსაც რაღაც დიდის შექმნაში მონაწილება მხოლოდ იმით მიაღებინეს, რომ დაკვირვების უფლება მისცეს.

სანამ რომანების სერიალებად გადაღებას დაიწყებდნენ, მაყურებლის გულის მოოხება ადვილი არ იყო: მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სქელტანიანი წიგნის ეკრანიზაცია სრულყოფილად მომხდარიყო. ყოველთვის რაღაც ეწირებოდა ფორმატს: ხან პერსონაჟი, ხან ეპიზოდი, ხანდახან – მთელი სიუჟეტური ხაზიც კი. თუმცა ჰოლივუდმა ძალიან კარგად ისწავლა ბესტსელერი რომანების დაწურვა: ამოჩეხავდნენ რამდენიმე სიუჟეტურ ხაზს, ამოყრიდნენ რამდენიმე პერსონაჟს, რამდენიმე პოპულარულ მსახიობს მოუყრიდნენ თავს ერთად, დაადებდნენ კარგ მუსიკას და წარმატება გარანტირებული იყო. „ქარწაღებულნი“,  “ნათლია“, “კაზინო“, „პიანისტი“, „კურსდამთავრებული“ – რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველამ თავისი ადგილი მოიპოვა მაყურებლის გულში, თუმცა ორიგინალი რომანისგან ყოველი მათგანი საკმაოდ შორს იდგა.

„ჰარი პოტერი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ჰოლივუდისთვის საეკრანო სერიალის შექმნის პირველი მცდელობა იყო. ცოტამ თუ იცის, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ყველა სერია ერთად გადაიღეს – დეკორაციები, კოსტუმები, მსახიობები, – იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ რეჟისორს დაუსვეს პირობა, სამივე ფილმი ერთდროულად გადაეღო და შემდეგ ნელ-ნელა დაემონტაჟებინა. პიტერ ჯექსონი 1997 წლამდე არც თუ წარმატებულ რეჟისორად ითვლებოდა, და სტუდია „მირამაქსმა“ მის მიერ მოთხოვნილი 150 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი სიგიჟედ მიიჩნია. სექსუალური სკანდალებით ცნობილმა პროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტაინმა, რომელსაც ტოლკიენის არცერთი რომანი წაკითხული არ ქონდა, მხოლოდ  საგანგებოდ ადაპტირებულ აღწერილობას გადაავლო თვალი. ცხადია, ვერ შენიშნავდა, რომ სამი ფილმი სრულიად არ ემთხვეოდა ტოლკიენის სამ რომანს.

დიახ, პიტერ ჯექსონი ვა-ბანკზე წავიდა. ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ თხრობა უფრო ქრონოლოგიური გამხდარიყო, სამ ფილმად კი იმიტომ დაყო, რომ 150 მილიონი გაემართლებინა – აქაოდა, ერთს კი არა, სამ ფილმს დაგიდებთო და არა იმიტომ, რომ ტოლკიენის სამივე წიგნის ეკრანიზაციას აკეთებდა.

ტოლკიენი ხაფანგ-22-ში გაება. მისი ტრილოგია კი ედებოდა საფუძვლად სამ სერიას, მაგრამ სამი სერია არ წარმოადგენდა ტრილოგიას. რომანმა გაიმარჯვა, როგორც კინოპროდუქციამ, მაგრამ დამარცხდა, როგორც ბეჭდვითი სიტყვა და ავტორისეული ფანტაზია.

„ჰარი პოტერს“ უფრო რთულად ჰქონდა საქმე: ჯოან როულინგს სულაც არ ჰქონდა დაწერილი იმდენი გაგრძელება, რამდენიც სტუდიას უნდოდა.

მოკრძალებული ინგლისურის მასწავლებელი გლოჩესტერშირიდან დღეს ყველა დროის საუკეთესო ბესტსელერ ავტორებს შორის მეცხრე ადგილზეა შექსპირისა და აგატა კრისტის შემდეგ. მაგრამ როდესაც „ჰარი პოტერს“ წერდა, ამაზე არც ოცნებობდა. ქმართან დაშორების შემდეგ რაღაც ისეთი უნდა შეექმნა, რითიც მის გოგონას ლუკმა-პურს გაუჩენდა. არადა, რა იცოდა წერის მეტი?

დიახ, წერა იცოდა.

„ჰარი პოტერის“ პირველი რომანი 1997 წელს, მეორე კი – 1998 წელს გამოვიდა. როდესაც სტუდია „ვორნერს ბრაზერს“-მა საავტორო უფლებები იყიდა, წინასწარ არავინ იცოდა, კიდევ რამდენ წელს ისწავლიდა ჰარი ჯადოქართა სკოლაში. მოგეხსენებათ, „ჰარი პოტერის“ მოქმედება ჯადოქრების სკოლაში ხდება და პერსონაჟები სკოლის ასაკის ბავშვები არიან.

არადა, მსახიობი ბავშვები ელვისებრი სისწრაფით იზრდებოდნენ.

ჯოან როულინგსმა რამდენჯერმე სცადა გაგრძელებების წერაზე უარის თქმა, ჰარის მოკვლაც კი უნდოდა, მაგრამ თუ პირველი წიგნი მის ნებაზე იყო, ფილმის გამოსვლის შემდეგ ავტორი თავად ვეღარ წყვეტდა საკუთარი გმირების ბედს.

ჯოან როულინგსი ხაფანგ-22-ში გაება.

რომანების წერა იმაზე გათვლით დაიწყეს მწერლებმა, სერიალად ივარგებდა თუ არა.

ჯორჯ მარტინს „ამერიკის ტოლკიენს“ უწოდებდნენ. 1948 წელს ნიუ ჯერსიში დაბადებული ბიჭუნა უდიდეს ფანტასტად იქცა, ყოველთვის ოცნებობდა წარმოსახვაში შექმნილი სახეები, სამყაროები, არსებები ეკრანზე გადაეტანა – ამიტომაც ტელევიზიისთვის დაიწყო წერა, 80იანების ამერიკულ ტელევიზიას ჯერ კიდევ დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ – არც იმდენი ფული, რამდენიც – ჰოლივუდს. მარტინის იდეები ძვირი უჯდებოდათ.

ამიტომაც „ამერიკის ტოლკიენმა“ რომანების წერას მიჰყო ხელი, „სამეფო კართა თამაშების“ ყოველი სეზონი ცალკეული რომანის მიხედვითაა გადაღებული, პირველი 1996-ში გამოვიდა, ყოველ შემდგომ წიგნს ორიდან ოთხ წლამდე ანდომებდა.

როდესაც სერიალმა პოპულარობა მოიპოვა, 6 რომანი უკვე გამომცხვარი იყო – ლამაზები, დახვეწილები, შეკრულები, არც სიტკბო აკლდათ, არც ალუბლები, არც ვანილის კრემი. წარმატება კი არ მოვიდა, მოვარდა: ყოველ სეზონზე 12-13 ნომინაცია ემიზე, ჯილდოები, პრიზები, მილიონობით ფანი.

მეშვიდე სეზონის რომანი უკვე ნაჩქარევად იწერებოდა, 2018 წელს გამოცხადდა, რომ 10 სერიის ნაცვლად მხოლოდ 7 ეპიზოდი იქნებოდა, პოპულარულმა საკაბელო არხმა „ეიჩბიოუ“-მ მარტინს ოთხი საუკეთესო სცენარისტი მიამაგრა. აირია სამზარეულო: ვინ ბეზეს თქვეფდა, ვინ – კვერცხებს, ხან შაქარი მოსდიოდათ მეტისმეტი, ხან – საფუარი.

კინოსერიალმა დაამარცხა წიგნი. ანუ გაასწრო მას. მაყურებელი ახალ სეზონს ითხოვდა, ბოლო – მერვე – სეზონს. მწერალ ჯორჯ მარტინს კი ახალი წიგნი ჯერ დაწერილიც არ ქონდა.

„ეიჩბიოუ“-ს კი ახალი სეზონი უკვე ბადეში ჩაესვა. ფული – გამოყოფილი, რეკლამის დრო – გაყიდული. მსახიობები – კონტრაქტზე ხელმოწერილი.

ჰოდა, მოხდა წარმოუდგენელი რამ: ჯორჯ მარტინს – „ბრწყინვალე მთხრობელს“, სიტყვის დიდოსტატს, რომელსაც მთელი შვიდი სეზონი რაღაცა არნახული, ალბათ სრულიად გამაოგნებელი დასასრულისკენ მიყავდა თავისი ზღაპრული სამყარო – აუკრძალეს წიგნის წერა. არხის მოთხოვნით, ჯერ უნდა შექმნილიყო სცენარი ანუ „სკრიპტი“, და უკვე ამის შემდეგ „სკრიპტის“ მიხედვით შეეძლო დაეწერა რომანი.

ამ დროისთვის უკვე ათასი ვინმე იყო ჩარეული შემოქმედებით პროცესში – რეიტინგები, მაყურებელი, ბიუჯეტი, პროდიუსერები, ხედვა, რეჟისორები, რომლებიც ყოველ სეზონზე იცვლებოდნენ. მწერალი ვეღარ ეწეოდა თავის ნაწარმოებს. გმირები აღარ ეკუთვნოდნენ აღარც რომანს და აღარც – ავტორს. პატარა მუტანტებად იქცნენ, რომლებსაც სათითაოდ ყველა თითო-ოროლა გენს უმატებდა ან აკლებდა – პროდიუსერები მაყურებლების მოლოდინის მიხედვით ცდილობდნენ სიუჟეტის გამართვას, რეჟისორები საკუთარი ხედვის განსამტკიცებლად ისეთ გადაწყვეტილებებს აღებინებდნენ პერსონაჟებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირის – ჯონ სნოუს – შემსრულებელმა, კიტ ჰარტინგტონმა, ბოლო ეპიზოდის სამაგიდო კითხვის დროს თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. მისმა გმირმა მოკლა ქალი, რომელიც უყვარდა – არა იმიტომ, რომ ჯონ სნოუ ოდესმე ასე მოიქცეოდა, არამედ იმიტომ რომ კინოსერიალის შემქმნელებმა ამოკვეთეს რომანი დედის – ჯორჯ მარტინის – საშოდან და გადააწვინეს ინკუბატორში, სადაც სცენარისტები პროდიუსერის ყოველი ზარის შემდეგ ხან ხელს გადაუკერებდნენ „ბავშვს“, ხან თვალს, ხან ფეხს…

ეს ტელეფონით გადაღებული პატარა ვიდეო სწრაფად მოედო ინტერნეტს – რეჟისორს ყველა მსახიობი მაგიდასთან ყავს შემოკრებილი და ხმამაღლა კითხულობს ბოლო ეპიზოდს, რომელსაც კიტ ჰარტინგტონი ცრემლებამდე მიყავს. მის წინ ზის დრაკონების დედის, დანის, როლის შემსრულებელი ემილია კლარკი, რომელიც უმწეო ღიმილით და მხრების აწურვით შემოიფარგლება. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ფანები წერდნენ, ნეტავ ჯონ სნოუს გამოეხატა ისეთი გულწრფელი ემოცია და სინანული, რამდენიც ჰარტინგტონმა სამაგიდო კითხვისას აჩვენაო.

მსახიობი დაშორდა გმირს, გმირი – რომანს, რომანი – მწერალს, მწერალი – მკითხველს… თუ მაყურებელს. დაირღვა კავშირი, გადაიჭრა ჭიპლარი, რომლის გადაკერებაც აღარ გამოვიდა.

ამჯერად ვინ გაება ხაფანგ-22-ში? ვითომ ყველაფერი მაყურებლისთვის გაკეთდა, მაგრამ სწორედ მაყურებელი დარჩა ყველაზე იმედგაცრუებული.

„პროდიუსერებმა დევიდ ბენიოფმა და დი.ბი. ვეისმა დაამტკიცეს, რომ სასტიკად არაკომპეტენტური მწერლები არიან, როდესაც არა აქვთ წყარო (ანუ წიგნი), რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ“ – წერდნენ თავიანთ პეტიციაში ფანები, რომლებიც ‘სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვდნენ. ამ პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბენიოფმა და ვეისმა საზოგადო ადგილებში გამოჩენა შეწყვიტეს, ცნობილ ყოველწლიურ კომიკ-კონზეც კი არ ჩავიდნენ სან დიეგოში, რომ გააფთრებული ფანებისთვის პირისპირ შეხვედრას აცდენოდნენ. კიტ ჰარტინგტონი გადაღების დასრულების შემდეგ სულიერი აშლილობის და ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ძვირადღირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა.

დამარცხდა ყველა – მწერალიც, რეჟისორიც, მსახიობებიც, მაყურებელიც. რომანიც. სერიალიც.

„ეს სერიალი იმსახურებდა ფინალს, რომლიდანაც აზრის გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი“ (პეტიციიდან).

ფინალი, დიახ, ფინალი. გახსოვთ, რა ვთქვით თავში? რომანს შვენის ფინალი, სერიალს კი – უფინალობა. სერიალი წლები შეიძლება გაგრძელდეს, სეზონი სეზონს დაემატოს, ყოველი ფინალური სერია შემდეგი სეზონის დასაწყისს გავდეს. წიგნს კი არ შეუძლია, არ ამოთქვას სათქმელი, არ გაამართლოს ამდენი გვერდი, ამდენი სიტყვა, ამდენი პერსონაჟი, ამდენი ფიქრი, ამდენი უძილო ღამე.

რა იქნებოდა „გამზრდელი“ ფინალის გარეშე? ან „ხევისბერი გოჩა“? ან „ალუდა ქეთელაური“?

ნუთუ აქ მარცხდება ყველა ბრწყინვალე რომანი? ფინალის აპრიორულ უგულებელყოფასთან?

ცნობილი ამერიკელი სცენარისტი, აარონ სორკინი, ამბობს: „ როცა ჩემთან მოდიხართ და მეუბნებით, რომ სერფერებზე ფილმის გადაღება გინდათ, ეს იდეა არაა. ესაა გარემო – დიდი ტალღები, ოკეანის სანაპირო – სადაც განვითარდება თხრობა. მაგრამ იდეისთვის საჭიროა გქონდეთ ფინალი. როდესაც გაქვთ დასასრული, მხოლოდ მაშინ გაქვთ ამბავი“.

თავად „ხაფანგი 22“-ის ამბავი კი ასე დასრულდა:

2019 წლის მაისში ჰოლივუდის ორმა წარმატებულმა სახემ – ჯორჯ კლუნიმ და გრანტ ჰესლოვმა – ეს რომანი მინი-სერიალად ააბურთავეს: თავად ითამაშეს, ორ-ორი სერიის რეჟისორობა ითავეს, და ასევე პროდიუსერებადაც მოგვევლინნენ.

სტუდია „დისნეის“ მფლობელობაში სულ ახლახანს გადასულმა სთრიმინგ-სერვისმა „ჰულუმ“ ონლაინ-პლატფორმა დაუთმო სერიალს. ეს ის „ჰულუ“ გახლავთ, მარგარეტ ატვუდის „მხევლის წიგნი“ მესამე სეზონზე რომ აქვს გადაჭიმული.

თუ „ხაფანგი 22“-ის ყურებას აპირებთ, წინასწარ შთაბეჭდილების შექმნას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ რამეზე მინდა დავფიქრდეთ:

რომანი წითელი კომუნისტური პარტიისგან გაქცეულმა რუსმა ებრაელმა ემიგრანტმა დაწერა, რომელიც თავად იბრძოდა მეორე სამამულო ომში, როგორ ამერიკელი ბომბარდირი.

წარმოგიდგენიათ მისი ემოციების პალიტრა?

ახლა კი ათქვიფეთ ეს ჰოლივუდის პათოსში, დაამატეთ გარეჟისორებული მეინსტრიმი მსახიობების თავიანთ თავზე მორგებული ლექსიკა და მიიღებთ ერთწინადადებიან რეცენზიას, რომელიც კინოკრიტიკოსებმა დიაგნოზად დასვეს:  „…აკურატული მონდომებული ეკრანიზაცია რომანისა, რომლის ეკრანიზაციაც შეუძლებელია“.

ჯოზეფ ჰელერო, გაები საკუთარ ხაფანგში?!

სხვათა შორის, მეორე სეზონს თუ დააპირებენ, „ხაფანგი 22“-ის გამოცემიდან 35 წლის შემდეგ ჰელერმა რომანი-გაგრძელება „ვიკეტებით!“ დაწერა, სადაც დაბერებული გმირები უკან იხედებიან და წარსულს იხსენებენ. ვინ-ვინ, და ისეთი გამოწვრთნილი ჰოლივუდელი მგელი, როგორიც ჯორჯ კლუნია, როგორ გადაიღებდა სერიალს, რომელსაც მეორე სეზონს ვერ მიაბამდა?!

სერიალი ხომ იმის სერიალია, რომ ყოველთვის გაგრძელდეს.