გესმოდეს, თუ გეშინოდეს
თამარ გუნაშვილი

დისტოპიური კულტურა ყოველთვის არსებობდა. არსებობდა იმ დღიდან, რა დღიდანაც გაჩნდა უტოპისტი და დაიწყო იდეალური სამყაროს შენება. რა დღიდანაც „ყველაფერი კარგად იქნება“ და „არასოდეს დანებდე“ ითქვა, იმდენჯერ ექოდ „რა აზრი აქვს“ და „მაინც არაფერი შეიცვლება“ გამოსძახეს. რამდენჯერაც ჭიქას უწოდეს ნახევრად სავსე, იმდენჯერ ჭიქას უწოდეს ნახევრად ცარიელი. 

ძველი დროის ანტიუტოპისტები უფრო სევდიანი ლირიკის გამომხატველნი იყვნენ, ჩვენი დროის დისტოპია კი ისეთივე ინტენსიური და სიურრეალისტური გახდა, როგორც თავად რეალობა. თუ ადრე უსიყვარულოდ სიკვდილის ეშინოდათ, ახლა ამაზე გაღიმებაც კი ეზარებათ. კაცობრიობა უფრო დიდმა შიშებმა შეიპყრო, აპოკალიფსურმა. 

რა არის დისტოპია, თუ არა ადამიანური შიშების კომპილაცია და წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შევძლებთ ცხოვრებას, თუ, აი ის, – „ვორსთ ქეის სენარიო“ ანუ „ყველაზე ცუდი ვარიანტი“  – განხორციელდა?!

ერთხელ, როგორც ყოველთვის, გახდომა გადავწყვიტე და ავსტრალიელი ბიოქიმიკოსის, ჯონ გაბრიელის ბესტსელერი „გაბრიელის მეთოდი“ შევიძინე. ეს წიგნი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც თავად დაძლია ჭარბწონიანობა, 103 კილო დაიკლო ქირურგიული ჩარევის გარეშე და მეცნიერიც კი გახდა. საინტერესო აღმოჩენებიც გააკეთა: ჯონი წონის კლება-მატებას ხსნის იმით, რომ ადამიანის ტვინი ყოველდღიური სტრესის სიგნალებს  პირველყოფილ შიშებს ამსგავსებს. ადამიანს უძველესი დროიდან დაყვება სამი ძირითადი შიში – ამბობს მეცნიერი – შიში იმისა, რომ მშიერ-მწყურვალი მოკვდება; შიში იმისა, რომ გაიყინება და შიში იმისა, რომ ნადირი შეჭამს. პირველი ორი შიში ცხიმის დაგროვებას და ძნელად წვას უწყობს ხელს, მესამე შიში კი – პირიქით, მეტაბოლიზმს აჩქარებს, რადგან თუ წონა გაწუხებს, მტაცებელს ვერ გაექცევი. ყველა თანამედროვე სტრესის სიგნალი გარდაიქმნება ქვეცნობიერში ერთ-ერთ შიშად, რომელიც ორგანიზმს ცხიმის წვის შეჩერებას ან აჩქარებას უბრძანებს. „თუ თქვენ სამსახურის დაკარგვაზე ნერვიულობთ, თქვენი ტვინი სტრესს სიგნალების ენაზე თარგმნის  და  „დავკარგავ სამსახურს-არ მექნება ფული,ვერ გადავიხდი ქირას,დავრჩები ქუჩაში-გავიყინები“- სიგნალი გამოუვა“ – განმარტავს გაბრიელი. 

როდესაც თანამედროვე დისტოპიურ მიმდინარეობაზე ვიწყებთ საუბარს, სულ ეს მიდგომა მახსენდება – როგორ აისახება პირველყოფილი შიშები ჩვენს მხატვრულ გონებაში და როგორ ვძლევთ მათ. ყოველი დისტოპია არა მხოლოდ რაღაც დიდი საფრთხის მოლოდინია, არამედ – მისი დაძლევის გზა. 

მე-19 საუკუნის ანტიუტოპისტებისგან განსხვავებით, თანამედროვე დისტოპია არაა მიკნავებული უენერგიო აპათია, რომელიც სიკვდილს უხმობს,  არამედ გამძლეა, მეომარი და რაც მთავარია, გადარჩენის წყურვილითაა შეპყრობილი. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ადვილად ასახსნელი ეკოლოგიური კატასტროფებისა და ცივი ომების შიში ნელ-ნელა ისეთმა ფობიებმა ჩაანაცვლა, ირაციონალურ კონსპირაციებს უფრო რომ ეფუძნება, ვიდრე რეალურ საფრთხეებს. 

ამის მიხედვით, განსაკუთრებით, სამი კატეგორია მინდა გამოვყო: 

1. პირველი ირაციონალური კონსპირაციებისგან შემდგარი დისტოპია გახლავთ. თუ ჩავუკვირდებით, პარანოიდული გონების ყველაზე დიდი კოშმარია, როცა საფრთხეს ხედავს და ვერავის აჯერებს. ამ კატეგორიაში ორი, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი სურათი მოექცა: 

Get Out (თავს უშველე) სკანდალური შავკანიანი რეჟისორის, ჯორდან პილის საკულტო ნამუშევარია. ამ სურათში დიდოსტატურად და უჩვეულოდაა დახატული ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის შიშები, რომლებიც თანამედროვე ამერიკაში სერიოზულ რასობრივ უთანასწორობას უკავშირდება. თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი, ნამდვილად არ „დავასპოილერებ“, იმიტომ რომ იმსახურებთ ამ ნიუანსური სასპენსით ტკბობას, მხოლოდ ერთ სცენას აღვწერ: ჩაკურატებული, ყოფილი გამომძიებელი, შავკანიანი მამაკაცი თავისი შავკანიანი მეგობრის გაქრობის შესახებ პოლიციაში განცხადების გასაკეთებლად მიდის. დაღლილი შავკანიანი პოლიციელი ქალი ორ შავკანიან კოლეგას დაუძახებს და სამივე ჯერ დაძაბული სახით უსმენს ისტორიას,სავარაუდოდ, თუ როგორ გაიტაცეს  მისი მეგობარი ბებერმა თეთრკანიანმა მდიდრებმა , რათა მისი ჯანმრთელი სხეული გამოიყენონ. ამბის მოსმენის შემდეგ  ხარხარი აუტყდებათ, რადგან თავად შავკანიანებსაც კი ეცინებათ ასეთ ტიპის კონსპირაციაზე, არადა… 

Vivarium (ვივარიუმი) დაბალბიუჯეტიანი, ძალზე დახვეწილი ფორმის პარანოიაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვლო ცხოვრება ისე, რომ არ იცხოვრო. ირლანდიის, დანიისა და ბელგიის კო-პროდუქცია ძალზე ორგანულად ითავსებს ჯესი აიზენბერგს მთავარ როლში, რომელსაც ცნობილი ჰოლივუდური ბიოპიკით, „სოციალური ქსელით“ ვიცნობთ, სადაც იგი ფეისბუკის დამაარსებელს, მარკ ცუკერბერგს განასახიერებს. მას მშვენიერ პარტნიორობას უწევს ბრიტანელი მსახიობი იმოგენ პუტსი. 

ახალგაზრდა წყვილი სახლის ყიდვას აპირებს, უცნაური ბროკერი კი სახლის ჩვენების პროცესში გაქრება, ახლა წყვილმა თავად უნდა მოიფიქროს, როგორ დააღწიოს თავი ამ სახლს და მერე – ამ უბანს. ჯესის და იმოგენის დუეტი თითქმის ტრაგიკულია, ვიდრე დრამატული. ეს სურათი, თავისი უცნაურობის გამო, კინოგურმანთა ნიშაში დარჩება და მეინსტრიმ ჯილდოებს ვერ იხილავს, მაგრამ იმდენი უცნაური და ამავე დროს ყველასთვის ნაცნობი შიშებია ჩაქსოვილი, რომ მიუხედავად სიურეალისტური ხასიათისა, თითქოს ყველას გამოუცდია: არ დაიკარგოს; დედამ არ მიატოვოს; უცხოპლანეტელებმა არ გადამალონ; ცხოვრება უაზროდ არ გაატაროს; არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი ისე, რომ არასდროს უთხრას, როგორ უყვარს; არ გაქრეს ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს მათი გაქრობა. 

2. მეორე პოპულარული კატეგორია არის დამპყრობლური, როდესაც სხვა სიცოცხლე, სხვა ორგანიზმი, სხვა ქმნილება შემოიჭრება ჩვენს ყოფაში, ჩვენს პლანეტაზე და ჩვენს განადგურებას ძალიან შეეცდება. ამ ტიპის დისტოპიები ახლოსაა იმ პირველყოფილ შიშთან, რომ რაღაც ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი მტაცებელი შეგვჭამს. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით – შეგვჭამს. 

ამის საუკეთესო ნიმუში 11 სეზონიანი სერიალია- The Walking Dead (მოსიარულე მკვდარი), რომელიც ამერიკულ ტელეარხებზე 2010 წლიდან გადის და ჯერაც არ დასრულებულა. ეს ზომბების პოსტაპოკალიფსური საგა პოპულარული სწორედ იმიტომ გახდა, რომ თავად გადარჩენა მოაქცია ყურადღების ცენტრში და არა – მისი გამომწვევი მიზეზი. პოლიციელი, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს ბრიტანელი მსახიობი ენდრიუ ლინკოლნი, საავადმყოფოში მოდის გონს და ხედავს, რომ სრულიად მარტოა ზომბებით ოკუპირებულ ქალაქში. ამ სერიალმა უჩვეულო პოპულარობა შეიძინა, რადგან თითქოს ყველა იმ კითხვას პასუხობდა, რომელიც ქვეცნობიერად გაჩნდებოდა, როგორც კი ზომბების შემოსევაზე დავიწყებდით ფიქრს: რა უნდა ქნა, თუ ხეიბარი მოხუცი გახლავს? როგორ უნდა მოიქცე, თუ ბავშვებთან ერთად გარბიხარ? და ბოლოს, რა უნდა ქნა, თუ აღმოაჩენ, რომ ფეხმძიმედ ხარ… „მოსიარულე მკვდრის“ გმირები გმირთა არასტანდარტული ტიპაჟები არიან: ცალფეხა მოხუცი ჰერშელი, ასაკოვანი ქვრივი ქეროლი, თინეიჯერი კარლი, ორსული მეგი, ჩვილაკიდებული პოლიციელი რიკი… ეს ადამიანები საგანგებო წვრთნაგამოვლილი ლეგიონერები კი არა არიან, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ყველაზე დიდი შიში აუხდათ.

ფეხმძიმობა და შემდგომ დედობა რომ ფობიების ფართო პალიტრას ითავსებს, იქიდანაც ჩანს, რომ ეს თემა ხშირად მეორდება და მოსალოდნელი ფატალობის ათინათს კიდევ უფრო გამოკვეთს სურათში The Quiet Place (მშვიდი ადგილი).  ეს ფილმი ჰოლივუდისა და ტელესერიალ „ოფისის“ ვეტერანმა ჯონ კრასინსკიმ გადაიღო, თან პარტნიორად მშვენიერი და ნიჭიერი მეუღლე – ემილი ბლანტი აირჩია, რეალური წყვილი ფილმშიც ცოლ-ქმარს განასახიერებს. მთავარი გმირი -ორი შვილის დედა – სურათის დასაწყისივე აღმოაჩენს, რომ მესამეს ელოდება. სიხარულს ანელებს ის, რომ იმ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი გმირები ცხოვრობენ, დედამიწას უცნაური არსებები არიან დაპატრონებული და ადამიანებით იკვებებიან. გადარჩება მხოლოდ ის, რომელიც ხმას არ ამოიღებს, რადგან სისხლიან მონსტრებს მხოლოდ სმენა გააჩნიათ, ხედვა კი -არა. 

იგივე თემატიკაზეა აგებული დისტოპიური The Bird Box (ჩიტის ყუთი) სანდრა ბალოკით მთავარ როლში, სადაც მთავარი გმირი, ორი შვილის დედა, ცდილობს ისე მიაღწიოს უსაფრთხო ადგილს ბავშვებთან ერთად, რომ თვალებიდან საფარი არ მოიშოროს. უცნაური არსებები – ჩვენი პლანეტის ოკუპანტები – გაშეშებენ, თუ მზერა გაუსწორე და… დიახ, მიგირთმევენ. საინტერესოა, რომ ვიღაცის მიერ შეჭმის, საკვებად გამოყენების შიში მართლა იმდენად გამჯდარია ადამიანის ქვეცნობიერში, რომ  საკმაოდ ხშირად იჩენს თავს თანამედროვე დისტოპიურ ფილმებში, სადაც ადამიანი პატარა და უმწეო ჩანს  და „ჰეფი ენდი“ არა ამ ომის მოგება, არამედ კარგად დამალვაა. 

3. მესამე გახლავთ სოციალური ანუ კლასობრივი დისტოპია, რომელიც ცხადს ხდის,  ჯერ კიდევ რაოდენ დიდია დაძაბული მოლოდინი იმისა, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ კლასობრივი დისტოპია საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის,მით უფრო თუ თანამედროვე სოციალურ პრობლემატიკას გავითვალისწინებთ. ამიტომაც ამ კატეგორიის სურათები გადამეტებით, სისასტიკით, კონცეფციის აბსურდულობით გამოირჩევიან, რათა სავალალო შედეგი უფრო გროტესკული გახადონ. კლასობრივი დისტოპია ახლოსაა იმ პირველყოფილ შიშთან, რომელიც თავშესაფრის დაკარგვას უტოლდება. 

გახმაურებული Handmaid’s Tale (მხევალის წიგნი) ალბათ პირველი იქნება, რომელიც გაგახსენდებათ და ამ სერიალზე დიდხანს არ შევჩერდები, რადგან უკვე უამრავი დაიწერა და ითქვა. მხოლოდ იმას დავძენ, რომ კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდი, რომლის რომანის მიხედვითაა სერიალი შექმნილი, კატეგორიულად აღნიშნავდა, რომ ჟანრი სრულიადაც არაა სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ ფაქტები რეალურ ისტორიებს ეფუძნება. საინტერესოა, რომ სრულიად ფანტასმაგორიული არარსებული ქალაქი გილეადი ისტორიულად აკურატული ცნობებისგანაა აკოწიწებული, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყნებში ხდებოდა. ამით ავტორი თითქოს იმას უსვამს ხაზს, რომ ხშირად რეალობა გამოგონილზე უარესია და სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, რომ უკვე ოდესღაც ჩადენილი შეცდომა კვლავ არ გავიმეოროთ.

შემდეგი სანიმუშო მაგალითი კი Hunger Games (შიმშილის თამაშები) ტრილოგიაა, რომელიც სამ სხვადასხვა ფილმს შეიცავს და„ ნიუ იორკ თაიმსის„ ბესტსელერი ავტორის, სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება. საინტერესო აქ ისაა, რომ როდესაც კოლინზმა ტრილოგიის პირველი წიგნი გამოსცა 2008 წელს, ბევრს საუბრობდა თავისი შთაგონების წყაროებზე, მაგრამ არასდროს უხსენებია და მეტიც, კატეგორიულად უარყო იმის ცოდნა, რომ უკვე 2000 წელს, იაპონიაში, სრულიად მსგავსი დისტოპიური რომანი და შემდგომ ფილმი იყო პოპულარული სახელწოდებით Battle Royal (სამეფო ბრძოლა). სიუზენი კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ საერთოდ იცოდა რამე იაპონური ვერსიის შესახებ: „არც წიგნზე მქონდა რაიმე გაგონილი და არც ავტორზე მანამ, სანამ ხელნაწერი არ დავასრულე. მხოლოდ ამის მერე მოვკარი ყური ანალოგის არსებობას, და ვკითხე ჩემს რედაქტორს, თუ მირჩევდა წაკითხვას. მან კი მითხრა, მუშაობა გამეგრძელებინა, რადგან არ უნდოდა, იმ სამყაროს გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი“.

ჰოდა, ამოცანა გვეკითხება: შესაძლებელია, რომ 9 წლის დაშორებით სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კულტურისა და სქესის ორ ავტორს ერთი და იგივე სოციალური ალეგორია დახატვოდა გონებაში, სადაც ბავშვებს საკვების მოსაპოვებლად ერთმანეთს ახოცვინებენ, ამას კი, როგორც გასართობ რეალითი-შოუს ტელევიზიით გადასცემენ?! თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სიუზენ კოლინზის მსგავსად, „სამეფო ბრძოლის“ ავტორი, იაპონელი კოშუნ ტაკამიც ჟურნალისტი გახლდათ, მაშინ ვინ იცის, იქნებ ჟურნალისტებს ერთნაირი კოშმარები ესიზმრებათ ხოლმე. 

და თუ ამ კატეგორიაში მოყვანილ პირველ ორ მხატვრულ ნამუშევარს უმეტესობა კარგად იცნობს, ეს მართლაც შოკისმომგვრელი დისტოპიური სურათი – 2019 წლის ტორონტოს ფილმის ფესტივალის პრიზიორი Platform (პლატფორმა) ბოლოსთვის კამფეტივით შემოვინახე. კამფეტი ტყუილად არ მიხსენებია: ესპანელი რეჟისორის, გალდერ გასტელუ-ურუტიას ალეგორიულ დისტოპიაში კამფეტი და ტკბილეული, ისევე როგორც საჭმელი და სასმელი, იმის მიხედვით მიეწოდებათ ადამიანებს, თუ რომელ სართულზე ანუ პლატფორმაზე არიან მოთავსებული. უზარმაზარი მაგიდა ყოველდღე სანოვაგით იხუნძლება  და ვეება ლიფტით პირველი სართულიდან ქვემოთ ეშვება. საჭმლის შენახვა არ შეიძლება, სანამ მაგიდაა გაჩერებული, უნდა მოასწრო და ჭამო. სანოვაგე იმდენია, რომ წესით ყველას ეყოფა, მშიერი არავინ დარჩება. მაგრამ რაც უფრო მაღალ სართულზეა ადამიანი მოხვედრილი, მით უფრო ღორულად ჭამს, აფუჭებს, ზოგი აშარდავს კიდეც… არადა, სართული ყოველ თვე იცვლება და არავინ იცის, ხვალ მაღლა მოხვდები თუ დაბლა. სურათი საკმაოდ მძიმე საყურებელია, რადგან მიუხედავად ფანტასმაგორიულობისა, საოცრად ნაცნობი პრობლემატიკითაა დატვირთული. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ამ უცნაურ ადგილას ხალხი საკუთარი ნებით ხვდება, რადგან თვითიზოლაციის უფასო შესაძლებლობა გამოიყენონ (დიახ, ირონიაა 2020-ში ამის მოსმენა). 

ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვისაუბრეთ ფანტასმაგორიებზე და სიურრეალიზმზე, მეცნიერის ციტირებით დავიწყე და ისევ მეცნიერის სიტყვებით დავასრულებ. მარია კიურიმ თქვა: „ცხოვრებაში არაფერი უნდა გვაშინებდეს. მხოლოდ უნდა გვესმოდეს“.

თემები