მანანა ჩიტიშვილის მეტაფორული სამყარო
სოფო ბაშარული

ამ გაზეთისთვის წლების წინ რუდუნებით ვწერდი. ახლანდელი შეხვედრა (მაპატიებთ ამ შედარებას) ილიას განცდებს მაგონებს, თავის ქვეყანასთან შეყრის წინ რომ დაეუფლა. ორმაგად შინ მინდა ვიყო – ,,ქართული კულტურის” მშობლიურ გარემოსა და ჩემთვის ბავშვობიდან სათაყვანებელი ქსნის ხეობელი (მეც იქიდან ვარ) მანანა ჩიტიშვილის მეტაფორულ საუფლოში. მისი ლექსი ხომ ერთგვარი ცდაა სამშობლოსთან მიახლებისა. ადრე თუ ქსანზე ,,ბალახს ხელს გადავუსვამდით” და მთელ საქართველოს ვეფერებოდით, ახლა პირიქითაა – აქედან ,,ჯალალედინგადავლილ” ქსნის ხეობას გვინდა მივწვდეთ და მოვესიყვარულოთ. პირველი პირის მრავლობითის ფორმით ნათქვამი სიტყვა კი იმის დასტურია, მკითხველი პოეტის თანაზიარად რომ იქცევა. ესაა ნამდვილი, ჭეშმარიტი პოეზიის არსიცა და დანიშნულებაც – ,,გულისგულში ძარღვი როა, აის ძარღვი შეათრთოლოს.”

ავიღე თუ არა, მისი ახალი კრებული – ,,რანაირი გაზაფხული მოვა” – ხელში, მაშინვე გამიჩნდა ამ წიგნზე წერის ინტერესი.

ერთ მეტაფორას მეორე მოჰყვა, ლაბირინთები გამოკვანძა. გავოცდი, – ნუთუ, შესაძლებელია სამყაროს ასე დანახვა და აღქმა?! ასეთი სახეების თავმოყრა.

ძნელია პოეტის სიმბოლურ-ალეგორიული ნათქვამი ისე გაიგო, როგორც მან ჩაიფიქრა. ეს კიდევ უფრო მირთულებს საქმეს. ავტორის სულისმიერ შრეებს ღრმად უნდა შევეხო, მისი მეტაფორულად ჩაგვირისტებული სამყარო ზევით ამოვზიდო, ის კი, რაც კარგია – მკითხველისათვის ისედაც თვალნათელია.

მუხრან მაჭავარიანის ლექსი მახსენდება:

,,სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,

შენ როგორც გესმის! –

სისულელეა, ამის გამო უკეთუ ბორგავ;

სისულელეა, –

ვინაიდან,

არამცთუ ლექსი,

სიტყვაც კი ერთი

ერთნაირად არ ესმის ორ კაცს.”

ზუსტად ასე ღელავს მანანა ჩიტიშვილი, შინაგანი სამყაროს სამზეოზე გამოტანას მისი უხილავად, შეუმჩნევლად დატოვება უჯობს. ეს ხომ მისი პოეტური ბიოგრაფიაა ლექსებად ჩამორიგებული.

გულის სისხლი რომ დააწურა, სულიერ ქურაში გამოაწრთო და მათთან ერთად თვითონაც დაიწვა და დაიფერფლა. ,,ეს იგივეა, გააღო კარი, შენს ოთახში ქვეყანა რომ შემოახედო.”

წერა ხომ სიკვდილთან შეურიგებელ ბრძოლას მოითხოვს, პიროვნების თავისუფლებას, მესაჭის როლს, საკუთარზე, სამყაროზე… შემოქმედი ხომ თვით ღმერთს ეტოლება, ადამიანის შექმნის იდეაშიც ხომ არსებითი მისთვის შემოქმედებითი უნარის ბოძებაა.

კეთილ ადამიანს როგორ უჭირს ამქვეყნად და ასმაგად ძნელია პოეტის ცხოვრება, სულიერი ჭიდილი, პიროვნების დაბადება და ამოცნობა საკუთარ არსებაში, გზა-უგზოობა, ქაოსის მოწესრიგება, მარტოობა, უიმედობა და რწმენა, ჯვარზე გაკვრა და ჯვარცმულის დატირება. ღვთის შემოსვა, განღმრთობა. ნიჭიერი პოეტი მუდმივად ორჭოფობს – რაღა უნდა თქვა ისეთი უკვე ნათქვამს აჯობოს!

მისი გოლეული ხმაში წვეთავს, ყელშიც ბულბულები უსხედან. ქრისტეს კვართი აცვია და ლექსის ჯვარზეა გაკრული, ღმერთჩატეული… მისი პოეზია ღმერთი-სამშობლო-სატრფოდ სიმბოლიზდება.

ეს სამი სახე ოდითგანვე ქართული ლექსის მახასიათებელი იყო. ამიტომაც ხედავს ,,ცაზე ვარსკვლავების ღვთაებრივ ჭორფლად გამოყრას”. თვითონაც იმად მოევლინა ქვეყანას, რომ “ვარსკვლავებზე დაუცდა ფეხი”.

მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მთვარის სახე-სიმბოლოს: ,,მთვარე ვერცხლისა და ქარვის დამრიგებელი”, ,,წარბივით აწეული”, ანდა ,,ყანწივით გამოცლილი და მთებში რქასავით ჩარჭობილი”. ,,კანდელამოტარებით ამოსული, ” ან ,,ფატმანის ძუძუსავით მთების უბიდან ამოვარდნილი”, ,,სისხლისფრად აყვავებული”…  ,,არაგვის ჭალებზე მუხლების მტვრევით მავალი ქარი” – მარადიული ორომტრიალისა და სულიერი ვნებათაღელვის შეგრძნება. ,,გზებზე აწანწალებული წვიმა”, ატენთან ყაყაჩოს სიცილის მოსმენამ შორეული-ახლობელი ჯოკონდას ღიმილი გამახსენა, ყინწვისის კედელზე მიხატული ანგელოსი გამახსენა.

,,მთვარის ურდულით ჩარაზული ღამე” პოეტს ეშმასა და უფალს შორის ახეტიალებს და პიროვნების შეცნობა ღმერთთან აახლოებს, მთავარი არის ,,შენ ვის ერთგულობ?” – ეს კითხვა საზრისის კრედოსვით ჟღერს. მთელი სიმძაფრით განიცდება, სიყვარულს ერთი სიცოცხლე რომ არ ყოფნის. ჯერ ცერ-ცერ გააცოცა ნისლი, მერე მწვერვალი ცერზე შემდგარი ვარსკვლავით დაამშვენა, შემდეგ მზეში გაათბო, გორაკებს ხატის წინ მუხლი მოაყრევინა. შეუდარებლად მდიდარი მეტაფორული სიღრმე, ,,ოქროკემსული ქობითა”.

ძველი ქართულიდან მოიხმობს ურთულეს, ულამაზეს ქართულ სიტყვებს: ,,ობროდს, მუნასიბობს”… თავადაც ქმნის ულამაზეს კომპოზიტებს.

უცხო და რთულ სიტყვებს. მთიულურ კილო-კავსა და სალიტერატურო ენას ოსტატურად აზავებს. ასე გვიყვება სატრფოს შესახებ, უზღვარ-უმანძილო გრძნობით გამსჭვალული, რომელსაც ვერ გავიაზრებთ ცალ-ცალკე, თუ არა აკაკის ,,სულიკოსავით” სატრფომ სამშობლოც არ მოგვაგონა, ანდა ნესტანი ქაჯეთში.

შვილს როგორი კრძალვით უბარებს: არ ესაუბროს ,,მამულს ტოლივით, არც ენის ჩლექით”, ,,მხოლოდ მამულის საზომით ზომე ყველა ტკივილი და მწუხარება”. ამ უკანასკნელმა სიტყვებმა შემძრა, ილიას ,,თანმდევი სული” კვლავ ჩვენთანაა და ისევ გოდებს: ,,ხვალ მამულს ჩვენსას რა ეშველება”, ,,თავს მოვიკლავდი, რომ მცოდნოდა, რაც ქსანს ელოდა”… ,,აკუწულს ნუღარ დამატოვინებ!” – გვეხვეწება, გვამუნათებს, მუხლზე გვიდგება.

სულ რომ არაფერი დაეწერა, ეს სტრიქონებიც იკმარებდა პოეტის დიდებისთვის.

სხვათა ომში ქართლოსიანთა ჩახარჯვას გოდებს, ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ გვყვანან ,,სულწაურწყმედი მაღლამხედი მამულიშვილნი”, ძლიერ ახარებს და იმედს უსახავს. მაგრამ მაინც გრძელდება გოდება ,,ქართლის ჭირისა”, ,,ყველას ამათრახებს, ვინც ღალატობს”, ,,მამულისა ჩვეულებისაებრ სვლას”, ვის გამოც ამ დღეშია სამშობლო: ,,აფხაზს და ოსს ხომ არ ეყოთ ჭკუა, იმას ვტირი, რომ არც ქართველს ეყო.”

მანანა ჩიტიშვილის ლექსი მამულისთვის აღვლენილი ლოცვაა. ქსნის ხეობა ერთიანად მსჭვალავს მის პოეზიას. ,,და ქსანი გდია რიყეზე ისე, თითქოს ფრანგული შეიხსნეს მთებმა”. ქსნის ასე დანახულ, აზიდულ მთებში საჭირბოროტო კითხვა დაისმის: ,,ღმერთო, მითხარ, რა გზით მივალთ, – მაცხოვრის თუ იუდასი?” ხომ ფაქტია, რომ ილიას გვერდით მკვლელიც გავზარდეთ…

პოეტი მარადისობას ხან გაუვალ შამბნარში ერთვის, ხან ალიონზე დილის მზის სხივს წაასწრებს წყაროს რომ კოცნის, ხან კიდევ მაყვლის ბუჩქში მოელვარე მუგუზალის თვალით მზერას აღმოაჩენს.

,,ყოფნა თუ არ ყოფნა?!” – კითხულობს პოეტი და დღემდე მუდამ აქტუალურ საკითხზე ფიქრისას, რა თქმა უნდა, ამქვეყნად დარჩენას ანიჭებს უპირატესობას, ლეთას იქით დასადგურებული უსიყვარულობის ეშინია.

მზის სხივად ცაზე გაბმის სურვილიც სხვა არაფერია, თუ არა, ვარდის, ატმის, შროშნების – მიწიერების ღმერთთან შეერთება. მარადიული სევდა ,,ადამიანად ყოფნისა” – ,,ალბათ ან ძლიერ ადრე მოვედი ან მეტისმეტად დავაგვიანე”.

ყოველი იმედგაცრუება ლექსად ამოიზარდა. წინათ თუ ბედნიერი იყო, ,,ბუდემოშლილი ჩიტია”, უსმაშობლო და უწარსულო.

გალაკტიონის ლექსის მემკვიდრეს ესმის, რომ ,,პოეზია – მარტოობის რელიგიაა”, ყოველ სტრიქონში თავიდან დაბადებული, თავიდან კვდება, ლექსის წერისას ,,თვითონ უფალი უსინჯავს გულსა და მაჯას”, უფლის უბეში ღამეგათეულია მისი ლექსი. ამიტომაც გვევედრება, სიტყვა არ გავუიაფოთ, უფლის ბაღნარში მოყვავილე. სიტყვისადმი უდიერობას ვერასდროს შევეგუებიო – ამბობს. გულს უკლავს ის, რომ როგორც ,,უიღბლო წინასწარმეტყველი”, სამშობლოში ბევრჯერ დარდის მიღმა მიატოვეს, ვითომ ვერ დაინახეს, რადგან ,,მუხლის დრეკაც სძულდა მარადის”. უმეცართა ,,გამეფება და გადედოფლება” ხომ ყველა დროში ადვილია. ,,რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა”, ეს ადამიანური გულისტკენა და წუხილია. მაგრამ ჭეშმარიტ პოეზიას სხვა საზღაური და სხვა ფასი აქვს. მეტაფორული ლექსის ქარავანს ცა და მიწა ერთნაირად მართავს, უფალთან აღავლენს ტირილით. მისი ლექსი ხომ ცაში იწერება და აქ ვკითხულობთ. – ,,საღმრთო საღმრთდ გასაგონი”. თუმცა, მან იცის რა ბედი ელის ჭეშმარიტ პოეტს.

ადამიანს სიყვარულზე დიდი სიწმინდე არ გააჩნია. მშვენიერსა და ამაღლებულს ვერავინ შეიგრძნობს უსიყვარულოდ. ,,ლამაზად მონატრებასაც ცოდნა უნდა ლამაზ სიყვარულივით”. ლამაზი სიყვარული განსაზღვრავს მის სიცოცხლეს. ხელოვანი ხომ ვერაფერს შექმნის სიყვარულის დიდი ნიჭის გარეშე. ,,სასწაულია, სულიდან, ვით მაყვლის ბუჩქიდან ლექსი რომ მამალ ხოხობივით ამოფრინდება”. მეც კარგად თუ ცუდად შევეცადე მკითხველისთვის მანანა ჩიტიშვილის ლექსის ფიანდაზივით გაფენას, მან ხომ პოეზიით ,,მშიერი სულები” დაგვიპურა, მთელი სამყაროს ტკივილს ეზიარა, ვერც ცოტნე იპოვა გმირის ძებნაში, მამულის სიყვარულს მოგყიდითო, გვითხრა, მეტი აღტყინების გამოსაწვევად, ,,ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება, რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად” – სურდა მასაც შეეგროვებინა და მყიდველი არ გამოჩნდა… როგორი აღმატებული უნდა იყოს მშობლიური განცდა, მთებს მიმართო: ,,კი არ მიყვარხართ, ვკვდები!” სიყვარულით, ცის ძლიერი მონატრებით დედამიწა რომ ეპატარავება უფალთან მამულზე ფიქრით ამოღამებული. თვალები მიჰყვება და მარადიულობის შარავანდედით მოსავს ლექსები, რომლებიც ,,მოვა ჟამი და უპატრონებენ თვითონ”.

თემები