გამორთე ტელევიზორი, ჩართე სამყარო
ლია მეტრეველი

ვშიშობ, უფრო ზუსტად, ვფიქრობ, სამყარო – მთლიანად სამყარო და არა ერთი რომელიმე ქვეყანა – წყობის ახალ ფორმაციას აყალიბებს. მაგიდაზე ,,ქართული კულტურის” ოქტომბრის ნომრის ესეები მიწყვია და ეს თავდაპირველი განცდაც ანი მარგველაშვილის ანალიტიკური ესედან მოდის. ესეს კი ასე ჰქვია – ,,ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი, თუ ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი?”

მაინც სად მიდის სამყარო?!-კითხულობს ავტორი და ვკითხულობ მეც.

ჩემს ტელევიზორს თუ მოვუსმენთ და დავუჯერებთ (ახალი ტელევიზორი კარგა ხანს არ მქონდა,  ამის აუცილებლობა და საჭიროება არ მიგრძნია იქამდე, ვიდრე უცხოეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსულმა შვილმა, დიდი ყუთი არ შემოიტანა შინ და კატეგორიულად არ მომთხოვა ძველის ახლით ჩანაცვლება) ადამიანები პირველყოფილი ინსტინქტებიდან შორს, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი, არ წასულან.  ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც (ტრამპისა და ბაიდენის უხერხული, ზღვარს გადასული უზრდელობით სავსე დებატები სულ ახლახან  ვიხილეთ) აგრესია, ერთმანეთის ზიზღი, სხვა აზრის არსებობის შეუგუებლობა – განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებისას არის თვალსაჩინო. ადამიანები იფურთხებიან, იგინებიან, შიშვლდებიან ეკრანის წინ და პოლიტიკური უხამსობების “ორგიებს“ აწყობენ. ასეთ დროს ხშირ-ხშირად მომძახის ჩემი შინაგანი რენომე-გამორთე ტელევიზორი! ჩართე გონება, თორემ, თუ ანი მარგველაშვილის ანალიტიკურ ესეს დავუჯერებთ, ამას შენ მაგიერ ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს! ამიტომაც  ვფიქრობ, რომ ოქტომბრის ნომრის გაცნობა ამ ესეთი უნდა დაიწყოთ. ავტორი თამამად ამბობს, – გამორთეთ ტელევიზორი, ჩართეთ სამყარო!

თითქოს ერთმანეთთან არაფერი უნდა ჰქონდეთ საერთო ანი მარგველაშვილისა და როსტომ ჩხეიძის ესეებს. გაგიკვირდებათ და, საერთო აქვთ. აი, რა: როსტომ ჩხეიძე, ,,ქართული კულტურის” ერთგული, მუდმივი, უკარგესი ავტორი ესეთი – ,,სახოტბო საბურველიდან გამოჭიატებული სიმართლე” – ფილოსოფიური, ღრმა პლასტებით, წარსულსა და აწმყოში მოგზაურობით -გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სულაც არ არის ცუდი  ტელევიზორის დადუმება. ლაყბობებისა, ლანძღვა-გინების მოსმენას გონებისა და ინტელექტის ამუშავება სჯობს,ასეთ დროს აღარ არის ძნელი მისახვედრი,  გიორგი სააკაძის- დიდი მოურავის,- სინამდვილესა და ფარსში განვლილი ცხოვრება ქართველი მწერლისთვის, რეზო ჭეიშვილისთვის (და არა მარტო მისთვის), რატომ არის მიუღებელი, მუდმივად ეჭვის გამჩენი. არც იმის გაგებაა უცნაური, რატომ ენატრება  მწერალს, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის – ,,გიორგი სააკაძის” – ძირში დარგული   სამი პატარა ხე  (ერთი მათგანი, სამწუხაროდ, ხელოვნურ ინტელექტს შეეწირა). მთავარია, ეს იმათმაც, ტელევიზორიდან მოყაყანე, ერთმანეთთან რევანშის მსურველმა პოლიტიკოსებმაც გაიგონ.  გაიგონ, რომ საბოლოოდ , მაინც მიწიდან ამოსული, იმ სამი ხის ანუ სიცოცხლის გამარჯვება, ზეიმისა და კათარსისის განცდაა უზენაესი.

გავყვეთ ,,ქართული კულტურის” მორიგი ავტორის, ქართველ-ამერიკელი  ჟურნალისტის (კინომცოდნეს) თამარ გუნაშვილის ესეს – ,,სულ სხვა, მორიგი.” გულახდილად გეტყვით, – ეს ფილმი, რომელზეც ავტორი მსჯელობს, ჯერ არ მინახავს. ესეს კითხვისას  რაც გავიფიქრე არის ის, რომ პირველივე შესაძლებლობისას მოვძებნო ფილმი და თამარ გუნაშვილთან, წერის და აზროვნების ოსტატ ახალგაზრდა ქალთან, პოლემიკაც ფილმის ნახვის შემდეგ გავმართო. ჩავთვალოთ, რომ ჩემთვისაც და თქვენთვისაც, ვისაც ეს ფილმი ჯერ არ გინახავთ, გუნაშვილის ესე  იქნება  ამერიკული კინოინდუსტრიის ლაბირინთებში მოგზაურობის გზამკვლევი. თქვენ კი, ვისაც ფილმი უკვე ნანახი გაქვთ ,მსჯელობა და აზრის გამოთქმა ჩვენს გვერდებზეც თავისუფლად შეგიძლიათ. და, როგორც უკვე გითხარით, მოგვიანებით შემოგიერთდებით.

კარგია თუ ცუდი არ ვიცი, ტელევიზორი რომ არ არსებობდა მაშინ, როცა არაჩვეულებრივი ომარ ხაიამის ცხოვრების, მოღვაწეობის ჟამი იდგა, მაგრამ ვიცი, რა უბრალოდ და  ბრალიანად წერდა პოეტი, რა რევოლუციურ-თეოლოგიურ ლექსებს აწყობდა ეს ჩვენიანი -გადამთიელი. ისიც ვიცი,რომ დროთა განმავლობაში  “ყუმბარა-ლექსები“ ფეთქდებოდნენ, სამყაროს ფარავდნენ და გაიძულებდნენ გეთქვა ,, მე თუ არ დავიწვი,შენ თუ არ დაიწვი, ჩვენ თუ არ დავიწვით – ბნელს რა გაანათებს!” ღრმად ვარ დარწმუნებული – ხაიამის მთარგმნელს ისეთივე რევოლუციურ-თეოლოგიური ინტელექტი სჭირდებოდა თარგმნისას, ისეთივე განცდა, როგორც ეს ომარ ხაიამს  გამოსდიოდა. დამეთანხმებით,სხვაგვარად არც თარგმანი ივარგებდა და ლექსებიც ვერ გადალახავდა საზღვრებს, ერთი კუთხის,ერთი ქვეყნის კუთვნილებად  დარჩებოდა მხოლოდ.. ასე რომ, აუცილებლად წაიკითხეთ  ალექსანდრე ელერდაშვილის პუბლიცისტური წერილი – ,,ნაკლებად ცნობილი და უცნობი ფაქტები ომარ ხაიამის და მისი რობაიების შესახებ”.   

ჩვენი გაზეთის ოქტომბრის თვის ლოგიკას თუ გავყვებით მწერლის, მუსიკოსის  ნინო გუგეშაშვილის ანალიტიკური ესე – ,,ქართული პოპულარული მუსიკა და შოუბიზნესი – 30 წელი” (პირველი ნაწილი)  მთავარი წერილი უნდა ყოფილიყო. არის კიდეც, თავისი ხასიათით, ანალიტიკური წიაღსვლებით, ქართულ-მუსიკალურ სივრცეში წარსულის უცნობი და ნაცნობი ისტორიებით , ამბების გახსენებით, მსჯელობითა და დასკვნებით. 

ერთი კია, ის განცდა, რომელიც ანი მარგველაშვილის ესემ ,,ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი, თუ ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი?”  გააჩინა, გუგეშაშვილის წერილის წაკითხვასაც სხვა რეგისტრში გაიძულებს. ეს რეგისტრი კი ასეთია  – გამორთე ტელევიზორი და ჩართე სამყარო!

P.S. ოქტომბრის ნომერი ,,ქართული კულტურის” დამაარსებლის, პირველი რედაქტორისა და მთავარი იდეოლოგის ხსოვნას ეძღვნება, 20 ოქტომბერს თეიმურაზ მეტრეველს 75 წელი შეუსრულდა.