ჯეინ ოსტინის ინგლისელი ქალები
პაატა ჩხეიძე

უილიამ უორდსვორთი იწუნებდა  ჯეინ ოსტინის პროზას და ჯორჯ კრების პოეზიას ადარებდა, წერდა: ცხოვრებას ანუ ბუნებას მომხიბვლელად ასახავს, მაგრამ მე არ მაინტერესებსო.

ჯორჯ კრები ლორდ ბაირონს კი მოსწონდა, უორდსვორთსა და საუთიზე უკეთეს პოეტად მიაჩნდა და აბა, უორდსვორთი როგორღა მოიწონებდა! უორდსვორთს თვითონაც უყვარდა ბუნების აღწერა ,  არც გრძელი პოეტური თხზულებანი ეუცხოებოდა და კრებს, ალბათ, ბოლომდე ვერ მოიძულებდა. უფრო საგულისხმო ისაა, რომ ბაირონს, ლიბერალ ბაირონს, მოსწონდა კონსერვატორი ედმუნდ ბერკის მეგობარი და პროტეჟე ჯორჯ კრები.

ჰო, ბევრი რამ არის საოცარი და საკირკიტო ინგლისელი მწერლების მსოფლმხედველობებში, მაგრამ  ამჯერად ჩვენ ჯეინ ოსტინი გვაინტერესებს: მისთვის სემუელ ჯონსონი იყო ავტორიტეტი.  იგი აღფრთოვანებული იყო ჯორჯ კრების პოეზიით. უყვარდა თვითირონია ამ გაუთხოვარ ქალს და ხუმრობით ამბობდა, აბა, კრებმა არ მითხოვა და სხვას ვერ გავყვებოდი ცოლადო.

უორდსვორთს სურდა უბრალო, ცხოვრებისეული მოვლენა, წარმოსახვის ძალით, ზებუნებრივი იერით შეემოსა; ჯორჯ კრები და მისი თაყვანისმცემელი ჯეინ ოსტინი წარმოსახვას მხატვრული რეალობის შესაქმნელად იყენებდნენ.

ოჯახის წევრების მოგონებებიდან ვიცით, რომ ჯეინ ოსტინს ზომიერი ტორისტული (მაშინ ტერმინი კონსერვატორი ჯერ არ შემოსულიყო ევროპიდან) შეხედულებანი ჰქონდა, ოჯახსა, ცხოვრებასა და საზოგადოებაზე. იგი ჯენთრის (პროვინციელი აზნაურების) წრიდან გახლდათ და მშვიდად ცხოვრობდა თავისთვის ჰემფშირის  სოფელში; მოგვიანებით, პატარა, მაგრამ სახელგანთქმულ ქალაქ ბათში გადასახლდა, რომელიც არ უყვარდა. იქამდე ძნელად თუ აღწევდა ევროპაში მიმდინარე მღელვარე მოვლენების ამბები. ჯეინ ოსტინის ცხოვრებას არ აშფოთებდა ლა მანშის სრუტის მიღმა გაშლილი პოლიტიკური თუ საომარი თეატრი; თუმცა კი, საფრანგეთის რევოლუციის შედეგებს, ინგლის-საფრანგეთის ხანგრძლივ ომსა და ფრანგების შემოჭრის საშიშროებას გულგრილი არავინ დაუტოვებია  ინგლისში.  ოსტინს ბიძაშვილი დაეღუპა საფრანგეთში,მისი  ორი ძმაც ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძოდა და, მაინც,  რომანებში ისიც და სხვა მწერლებიც, გაკვრით თუ ახსენებენ რევოლუციას , ომებს  და თუ ახსენებენ, მხოლოდ კაცები.მაგალითად, ,,მენსფილდის პარკსა” და ,,დარწმუნებაში”, ამ ნაწარმოებებში პერსონაჟები საზღვაო ოფიცრები არიან.

საშინაო პოლიტიკის იმდროინდელ გამკაცრებასა და ჰაბეას კორპუსის აქტის დროებით შეჩერებასაც კი არ აუღელვებია მწერალი ქალი, საერთო ეკონომიკურ კრიზისსა და მოიჯარადრეების გაღატაკებასაც კი არ გამოხმაურებია; მის რომანებში მხოლოდ ქველმოქმედების აქტებზეა საუბარი და როცა რომელიმე პერსონაჟი კიცხავს მდაბიოებსა და ღარიბებს, მწერალი მაინცდამაინც არ ესარჩლება, არც მათი უფლებების დაცვას ინდომებს. იგი ზესაშუალო კლასის მემატიანეა, მათი ღირებულებების, პრივილეგიებისა და სნობიზმისაც კი.  მისი ქალები ქორწინების საკითხს შორს არ სცილდებიან ყოველდღიურ ყოფასა და მსჯელობებში. სწორედ ამიტომ უწოდებენ ქორწინების მწერალს. მისი პერსონაჟები მიწასა და მამულს მოსჭიდებიან, თავისი კლასის ცხოვრებას სჯერდებიან და ქისაში გინეების გამოლევას ვერ ურიგდებიან. მათი ცოდნა გეოგრაფიაში მათსავე მამულს არ სცილდება და თუ მამული შორსა აქვთ, წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრებიან და ნახულობენ, მოვლილი თუა მოიჯარადრეებისა და მებაღეების მიერ. ჰო, კიდევ, ბათში ან ლონდონში ჩავლენ, მით უმეტეს, თუ იქ სახლი აქვთ და მორჩა. გეოგრაფიული ატლასით  და მოგზაურობაზე ოცნებით მხოლოდ მოზარდები თუ  გატაცებულან.

მაშ რატომღაა მისი რომანები პოპულარული ოცდამეერთე საუკუნეში?! რაც უნდა მოინდომოს მკითხველზე ორიენტირებულმა კრიტიკოსმა, მწერალი თანამედროვე ემანსიპაციურსა და ლიბერალურ იდეებს ვერ მიაკერებს, თუ აშკარად არ იძალადა. ჯეინ ოსტინს ოცდამეერთე საუკუნის ქალთა უფლებების ”პრობლემებს” ვერ აჰკიდებ, იგი არსად არ მიდის, თავის დროში რჩება.

– რატომ?!

– ეგებ ნოსტალგიის გამო.

ჯეინ ოსტინის მსოფლმხედველობა ქრისტიანულ-კონსერვატიულია, მაგრამ არ არის რეაქციული, ინგლისურ საზოგადოებაში შემოჭრილი რადიკალური იდეების მიმართ. მას მრავალფეროვნება შემოაქვს თხზულში დამკვიდრებულ ტრადიციებსა თუ სიახლეებში. აქ ის  მარტო არ არის; ბრიტანეთს ქალი მწერლები არასოდეს აკლდა . მის დროს წერდნენ სუზენ ფერიე და მერი ეჯუორთი. ისინიც თავის  მშობლიურ მხარესა და ყოფით მოვლენებს უტრიალებენ, ასე ვთქვათ რეგიონული მწერლები არიან.

იმდროინდელი, ახალი მწერლები, იაკობინური ლიბერტარიანიზმის გავლენით, გამუდმებით უფლებებზე საუბრობენ და წერენ, ჯეინ ოსტინი კი მოვალეობებს ჩაღრმავებია; სხვები იმედით ელიან ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას; ჯეინ ოსტინი კი სკეპტიკურად უყურებს ადამიანის ბუნებას.

მეთვრამეტე საუკუნეში იწყება წერა მგრძნობელობაზე, განცდებზე, ხორციელ ვნებებზე; რომანტიკოსები დაიჟინებენ ვნების უფლებას და ვნებაზე წერის აუცილებლობას; ჯეინ ოსტინი ირონიულად უყურებს ამგვარ ხუშტურებს და თავშეკავებასა და ზნეობის შენარჩუნებაზე, სიქველის დაცვაზე წერს.

ჯეინ ოსტინი არ წავიდა ჰენრი ფილდინგის გზით, დენიელ დეფოს გზაზე ხომ არც უფიქრია, არც ზღვებში გასულა თავგადასავლების საძიებლად და არც ინგლისში უხეტიალია თავზეხელაღებულად. მან შუა ბილიკი გაიყვანა სემუელ რიჩარდსონსა და ჰენრი ფილდინგს შორის, ნებაყოფილობით შეზღუდა თავისი პერსონაჟების სამოქმედო სივრცე და არა მარტო იმიტომ, რომ სამიოდე ოჯახი, სოფლად, საკმარისი იყო  სიუჟეტის განსავითარებლად, არამედ იმიტომაც, რომ ზნეობრივი ყოფის  შერწყმა სურდა საზოგადოების იდეის სიმტკიცესთან; უნდა შენარჩუნებულიყო ქცევის, მანერების, საღი აზრის და, რაც მთავარია, ქორწინების, როგორც უძველესი და უმშვენიერესი სოციალური ინსტიტუტის, წეს-ჩვეულებანი.

ჯეინ ოსტინი სიყვარულზე წერს, მაგრამ, ამასთან ერთად, სიყვარულის დამაბნეველსა და დამთრგუნველ ბუნებას დაუპირისპირებს ცოდნას, თავშეკავებასა და გონივრულობას, რაც, მისი აზრით, საჭიროა პიროვნების გადასარჩენად. მისი გმირი ქალები ისეთი სიცოცხლით სავსენი და ინტელექტუალურები არიან, როგორიც ელიზაბეთ ბენეტია; ისეთი ჭკვიანები და დამოუკიდებლები, როგორიც ემა ვუდჰაუსია და ორივეს, ისევე როგორც ინტროვერტულ ელინორ დეშვუდს ან უცინარსა და პასიურ ფანი პრაისს, ბოლოს, არა მხოლოდ იღბალი სწყალობს, არამედ საღი აზრი უბრუნდებათ და ემოციურად გაწონასწორებულ, გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ. ,,გრძნობა და გონების” თხრობის ხაზი აწონასწორებს სიდინჯესა და იმპულსურობას, მთხრობელის გამჭრიახი თვალით აფასებს ზედაპირული ბრწყინვალების  მოჩვენებით მიმზიდველობას და სანაცვლოდ, ადამიანურ სიქველეთა რიგსა და თვალსაზრისებს წამოწევს წინ. ორ სხვა რომანში, ,,ნორთანგერის სააბატო” და “Pride and Prejudice” – საგულისხმოა, რომ ქართულ ენაზე  ამ რომანის ორი თარგმანი არსებობდა, ,,სიამაყე და ცრურწმენა” და ,,სიამაყე და მცდარი აზრი”; ახლახან კიდევ ერთი თარგმანი  დაიბეჭდა, სადაც სათაური თარგმნილია, როგორც ,,ამპარტავნება და ამოჩემება”. ამ ვარიანტში ორივე სიტყვის საწყისი ასობგერა, ა, ინგლისური P-ს იღბლიან შენაცვლებად მესახება, რაც აქამდე თარგმანებში მიღწეული არ იყო – გასათხოვარი ქალების პირველი შთაბეჭდილებები, ილუზიები, სუბიექტური შეხედულებანი თუ წინასწარწმენანი განზე იწევს და ადგილს უთმობს წონასწორობას, გონიერებას და თუნდაც მტკივნეულსა და დამთრგუნველ გადაფასებას. ახალგაზრდა ქალის მახვილი ჭკუა, გამჭრიახობა ან სპონტანურობა, ეგებ მომაჯადოებელი და მისასალმებელიც იყოს, მაგრამ გამარჯვებას ვერ იზეიმებს თუ მტკიცე ზნეობით არ გადაისინჯება.

ჯეინ ოსტინი განმანათლებლობის ეპოქაში ცხოვრობდა და რა გასაკვირია, რომ თავისი გმირი ქალებისაგან ახირებული სიჯიუტით მოითხოვს განათლებას და  მკითხველსაც, თავის თანამედროვე მკითხველს, აიძულებს მათ მიჰყვნენ, სხვაგვარად ვერ გაუგებენ. ისინი, ვინც უბრალო გართობას ელიან მის დელიკატურად მშვიდსა და  არცთუ რთულ თხზულში, ცდებიან და იბნევიან. ჯეინ ოსტინის შემოქმედებასა და, განსაკუთრებით, მის ბოლო სამ რომანში, ,,მენსფილდის პარკი”, ,,ემა” და ,,დარწმუნება”, მკითხველი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს განსწავლის, განსჯისა და ფრთხილი შეფასების პროცესში. მკითხველი მონაწილეა იმ პრინციპის თანამიმდევრული დაფუძნებისა, რომ შეცნობისას აუცილებელია განსჯა.

ჯეინ ოსტინი ინგლისელი იყო და ემპირიზმს ერთგულებდა. არ იყო თავდაჯერებული, არც არავის შეეკამათებოდა ფიცხად. თხრობისას ფრთხილია და თანამიმდევრული. მკითხველი მუდამ ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს მისი თხზულის ინტონაციებსა და მოქნილ გადასვლებს. ჯეინ ოსტინის რომანების შედარებით მცირე მსოფლიო და ამ გარემოს სოციალურ-ფიზიკური შეზღუდულობა განსაზღვრავს იმ მიჯნებს, სადაც მისი კლასის შეხედულებანი ყალიბდება და სადაც მისი ქალები, სულელი და სნობი, მოწყენილი და ჭორიკანა, პრანჭია და თავქარიანი ინგლისელი ქალები, სასიამოვნოდა და მოსაწონად წარმოგვიდგებიან. ჯეინ ოსტინის კლასის ქალებს სჯეროდათ თავიანთი პირობითობებისა და ღირებულებების. მწერალი,თავის  მხრივ, იმით პასუხობს, რომ მათი ყოფის რეალურობაში გვარწმუნებს.

გავიხსენოთ პერსონაჟი ემა, რომანიდან ,,ემა”. იგი ახირებულია. თავდაჯერებულია, თავდავიწყებული მსჯელობს, შეცდომებს უშვებს, მაგრამ მაინც აღწევს პირად თავისუფლებას საზოგადოებაში, რომლის პატივისცემაცა და წესების მიყოლაც შეითვისა.

ჯეინ ოსტინი არაა რომანტიკოსი და ეს ყველაზე ნათლად ,,მენსფილდის პარკში” მოჩანს. ამ რომანის ცენტრში დგას ქალი, რომელსაც არ გააჩნია ცოდნა და მორცხვია; ამან, თითქოსდა, უნდა მოუსპოს წარმატების იმედი, მაგრამ ბოლოს მაინც ქორწინდება, რადგან კეთილგონიერია და ქრისტიანულად დამთმენი. ამ რომანის ღირებულებანი, რაც პერსონაჟების საქციელში მჟღავნდება, სიყალბედ უნდა მოჩანდეს ოცდამეერთე საუკუნის ფასეულობებს მოკლებულ, სრულიად საპირისპირო მოდის მსოფლიოში, მაგრამ რომანი მაინც პოპულარულია, ალბათ იმიტომ, რომ ამგვარი უხერხულობანი განაპირობებენ ბედნიერ განვითარებას ადამიანის ცხოვრებაში.

,,დარწმუნება” ჯეინ ოსტინის ბოლო რომანია. არც გამოქვეყნებულა მის სიცოცხლეში. ამ რომანის ინტონაციები სხვებთან შედარებით პირქუშია, რაც უფრო ნათლად გამოჰკვეთს სწავლისა და განჯის პროცესს. ვფიქრობ, ენ ელიოტი ყველაზე გამჭრიახი პერსონაჟია ჯეინ ოსტინის ქალებს შორის; ინტელექტუალია და შუძლია ურთიერთდაპირისპირებული იდეების გაწონასწორება, განცდებსა და შთაბეჭდილებებში გარკვევა. მის სიქველეთა წინაშე გარემომცველი სამყარო ფშუტედ და ამაოდ გვესახება. და სწორედ  ასეთ სამყაროში ჰპოვებს იგი თავისუფლებას არა გაქცევით, არამედ დარჩენით, ზნეობრივ ჩარჩოში ქმედებითა და გადაწყვეტილებით.

ფრეკ რეიმონდ ლივისი, თავის გახმაურებულსა და საკამათო წიგნში, ,,დიადი ტრადიცია”, მიიჩნევდა, რომ ინგლისური რომანის დიად ტრადიციაში ადგილი ეკუთვნოდათ, ჯეინ ოსტინს, ჯორჯ ელიოტს, ჰენრი ჯეიმზს, ჯოზეფ კონრადსა და დ.ჰ. ლორენსს. ამ სიაში ორი ნატურალიზებული ინგლისელია, ორიც ქალი და რაც მთავარია, წიგნში  მცირე ადგილი აქვს მიკუთვნებული ჩარლზ დიკენსსა და მის მხოლოდ ერთ რომანს ”მძიმე დროებანი”. ჩვენ არ დავეთანხმებით, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, უორდსვორთის ჯიბრზე და ლივისის სასარგებლოდ, ნეტავ ვის წიგნებს კითხულობენ დღეს უფრო მეტად, ჩარლზ დიკენსისა თუ ჯეინ ოსტინის?!

თემები