რა საქართველო იქნება?
ელდინო საღარაძე

ადამიანს უამრავი სამოქმედო, სამოღვაწეო სფერო გააჩნია. კულტურა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად დახვეწილი, გააზრებული და ხარისხიანია მისი მოქმედება ამ სფეროებში. მე მეტყველების კულტურაზე მსურს მკითხველთან საუბარი, რადგან თვალნათლივ ვხედავ საშიშროებას, რომ მცირე ხანში, კულტურას ვინ ჩივის, თვით ქართული მეტყველება აღარ შეგვრჩება . ამ შიშს ახალ თაობასთან, მოსწავლე ახალგაზრდობასთან ურთიერთობის დროს მიღებული შოკი მიქმნის და მიმძაფრებს ხოლმე. აზრის სიღატაკე, ლექსიკის ფაქტობრივად არარსებობა, სოცქსელებიდან მიღებული ,,განათლებით“ მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე, თან ისეთი დამახინჯებული ფონეტიკით და რეაქტიული სისწრაფით, რომ შეუძლებელია აზრის გაგება. ,,ესე იგისა“ და ,,ანუს“ განუწყვეტლივ ხმარების კორიანტელში,  იმედი არ მრჩება, რომ ახლო მომავალში მაინც გამოსწორდება რამე.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვაჭარბებ და გადამეტებული მოთხოვნები მაქვს ჩვენი ყოფის ამ სფეროს მიმართ, რადგან აქა-იქ მაინც გავიგონებთ-ხოლმე კარგ ქართულს, გამართულ, ლოგიკურ მსჯელობას, მაგრამ ამით დამშვიდება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ასე მეტყველი ადამიანები, ძირითადად, წინა თაობების უკანასკნელი მოჰიკანები არიან. მომავალში რა გველოდება?

რამ შეურყია საფუძველი ჩვენს დარბაისლურ, უაღრესად დახვეწილ ქართულ მეტყველებას,  რომლის საიდუმლო სამეტყველი აპარატის არა ღია ( გახსნილ), არამედ დახურულ, თავშეკავებულ მოძრაობაში მდგომარეობს. დიახ! ქართული მეტყველების კულტურას, უპირველეს ყოვლისა, ხმოვნების წარმოთქმისას აპარატის სწორად გახსნილობა ქმნის, ცოდნა იმსა, თუ რა წესით უნდა უნდა გაიღოს პირი ფილტვებიდან დაძრული ჰაერის ნაკადის გარეთ გადმოსაღვრელად, რომელმაც არტიკულაციაზე დაყრდნობით ბგერა უნდა დაბადოს. ეს გახსნილობა ვერტიკალურ ხაზს უნდა მიჰყვებოდეს და არა ჰორიზონტალურს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პირი სიმაღლეზე უნდა იღებოდეს და არა სიგანეზე. ტუჩის კუთხეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოძრაობდეს ყურების მიმართულებით. უკულტურო მეტყველების პირველი ნიშნები სწორედ ამ წესის დარღვევისას ჩნდება. გარდა ამისა, თითოეულ ქართულ ბგერას წარმოთქმის თავისი წესი, მექანიზმი გააჩნია. მადლობა ღმერთს, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მეტყველების კარგად გამართული, რაფინირებული, სისტემური სკოლა აქვთ გავლილი, სასცენო მეტყველების დიდოსტატებმა, კორიფეებმა რომ დაგვიტოვეს. საშურია მათი ცოდნის ათვისება და გამოყენება, რადგან მეტყველება, როგორც თვით ენა, ცოცხალი ორგანიზმივითაა და შეიძლება, ისე შემოგვაკვდეს ხელში, რომ რეანიმაცია შეუძლებელი გახდეს. სანამ ტელეეთერებიდან ამ სკოლაგავლილი დიქტორების ქართული გვესმოდა, სოციუმის ქვეცნობიერში სამეტყველო აპარატის მოძრაობისა და ბგერათა წარმოთქმის კატეგორიები ილექებოდა. დღეს კი, რაღა უნდა ვთქვათ ეკრანზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებზე, როცა ამ მხრივ გადაცემათა წამყვანებიც სცოდავენ და ლომის წილს დებენ ქართული მეტყველების დეგრადაციაში.  

ბგერათა გამოთქმის შემდეგ ქართული ფრაზის ინტონაცია გვაქვს სატირალ-საგოდებელი. სწორედ სატელევიზიო სივრციდან ,,პრაქტიკამიღებული“ ქართველების “აქილევსის ქუსლია” წერტილისა და მძიმის, როგორც ინტონაციური კატეგორიების, ისეთუგულვებელყოფა, რომ ხშირად მხოლოდ გაუგებრობის კი არა, უზამსობის სიტუაციებიც იქმნება. ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპული ხმოვანება ქართული ფრაზის არაქართული ინტონაციით წარმოთქმისა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ურყევ წესთან: ჩვენი სამეტყველო ენა დაღმავილი ინტონაციით ხასიათდება. დასაწყისში ტონალობა მაღალია, თითქოს ზეციდან ჩამოდის აზრი. შემდეგ სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები საფეხურებზე ლაგდებიან დაღმავალი მიმართულებით, წერტილი კი ბოლო სიტყვის ყველაზე დაბალ ნოტზე დასმაა.

ყველაზე მეტად კი მახვილის ხმარებაა დამახინჯებული, რაც, უდავოა, ჩვენს ყოფაში უცხო ენების შემოჭრამ გამოიწვია.  სხვანაირად ევროპულ სივრცეში ინტეგრირება  შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს პროცესი ჩვენი ერთერთი სიმდიდრის, ენის ხარჯზე არ უნდა მიმდინარეობდეს. ქართულ სიტყვაში მახვილი პირველ მარცვალზე კეთდება, ჩვენ კი, რატომღაც, ბოლო მარცვალზე გადავიტანეთ , რამაც სრულიად შეცვალა  ენის კეთილხმოვანება, მისი მუსიკა და დანარჩენ დარღვევებთან ერთად, ისე გაამდაბიურა, თთქოს ზეპური ერისა კი არა, რომელიღაც ველური ტომის საკომუნიკაციო საშუალება იყოს.

ნაკლები მნიშვნელობის პრობლემა არაა ბარბარიზმების, სლენგებისა და ჟარგონების არნახული დოზით შემოჭრა ქართულ მეტყველებაში, რომელსაც, ყველა ზემოთქმულის დამატებით და გათვალისწინებით, უხერხულიც კია უწოდო ქართული.

სამწუხაროდ, როგორც ყველაფერ ქართულს, ძველ კეთილ დროში ქრისტიანულსაც რომ უწოდებდნენ, ნეოლიბერალიზმის ისეთმა გრიგალმა გადაუარა, ქვა ქვაზე არ დატოვა, მარადიული ღირებულების ყველა კოშკი ჩამოანგრია და მათ ადგილას უბადრუკი ხუხულები მიხორხლ-მოხორხლა, თან, ამაში და ამით უნდა იცხოვროთო, ღიმილიანი თითისქნევით დაგვმოძღვრა. ამ გრიგალს ქართული ენა და მეტყველება როგორ გადაურჩებოდა?! თავისი დამანგრეველი ქმედება, ამ სფეროს, არც ცხოვრებაში კომპიუტერული ტექნიკის, ფართო კი არა, უფართოესმა დანერგვამ დააკლო. გიგანტური,უდავოდ სასიკეთო ნახტომის მეორე, ჩრდილოვანმა მხარემ განათლება ინფორმაციულობით შეცვალა და შედეგად უწიგნური, უმეტყველო, არაფრის მომცემი  ამბებით დატვირთული და მათი გამავრცელებელი თაობა მივიღეთ.  

რით შეიძლება შექმნილ მდგომარეობას ვუშველოთ? ვაბრალოთ სიზარმაცე, წარმავალი,ფუჭი ღირებულებების გამოდევნება და ვამუნათოთ ცუდი მამულიშვილობით ჩვენი უნიჭიერესი მომავალი თაობა? ,,ცემა გვმარებს აღმზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილიო“, -ბრძენთაბრძენი პოეტი გვეუბნება. აღზრდის პროცესის მართვის სადავეები  გაგვისხლტა ხელიდან და თავადვე უნდა გამოვასწოროთ დამღუპველი სვლა-გეზი. ჩვენ ხომ ძველის ნგრევისა და ახლის არ (ან ერ) აშენების დიდოსტატები ვართ. ,,ჭკვიანი მტრისა და უგნური მოყვარის“ ინსტიტუციებიც ისე გავამყარეთ და გავამრავლეთ, რომ მათი დამანგრეველი პნევმატური საშუალებები ხელში გვეფშვნება.

მშობელმა, რომელიც სრულიად უძლური აღმოჩნდა, შვილის აღზრდის თვალსაზრისით, ამ ანტისააღმზრდელო ფონზე, აღარ იცის, რა ქნას, რომელ სკოლაში შეიყვანოს შვილი, რომ ის ადამიანად გაიზარდოს . რამდენი უცხო ენა ასწავლოს, რომ მისმა ნაშიერმა დღევანდელ და ხვალინდელ საქართველოში ადაპტაცია მოახერხოს. სადღა აქვს ქართული მეტყველებაზე ფიქრის დრო და თავი?! სკოლა კი ,ამ მხრივ, სრულიად არაფრის მიმცემია. არც გაემტყუნება კადრის დეფიციტის პირობებში. მასწავლებელთა უმრავლესობას ხომ თვითონ აქვს პრობლება ამ მიმართულებით.

აქვე ისიცაა აუცილებლად სათქმელი, რომ ქართული მეტყველება ერთერთი მდგენელია იმ სააზროვნო სივრცისა, მარადიული ღირებულებები რომ ქმნიან და, აბოლოო ჯამში, ქვეყნის ყოფნა-არყოფნას განაპირობებენ. ამ ღირებულებებთან ზიარება ქართველში სასკოლო ასაკიდან,  კლასიკური პოეზიის მშვეობით ხდებოდა. რატომ მოინათლა კლასიკოსთა შედევრების ზეპირად დასწავლა მოზარდზე ძალადობად? მრავალჯერადი გამეორება ხომ ქვეცნობიერში ,,პროგრამის ჩასაშენებლად“ უმნიშვნელოვანესი მეთოდია?! როგორ ვერ ვხვდებით, რომ ამ ყველაფრის გვერდის ავლით ჩვენი შვილების გრძნობადი და განსჯადი ბუნება გავაღატაკეთ?! როგორ შევა ასეთი გაღარიბებული აზროვნებით დიდ საკაცობრიო ოჯახში, ასე რომ მივისწრაფით ან რას შეიტანს ისეთ მნიშვნელოვანს, რომლის გამოც ეღირება მისი იქ შესვლა შემსვლელისთვისაც და დამხდურისთვისაც.ჩვენი დასავლეთისაკენ სწრაფვა თუ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენითაა მოტივირებული და არა კულტურათა გაცვლით სრულყოფილებისკენ სვლით, მაშინ ვაღიაროთ, რომ მატერიალური სამყაროს უხეშ რეალობაში ჩარჩენილი ერი ვართ და უმაღლესი სამყაროების კარი სამუდამოდ დახშულია ჩვენთვის.ეგებ დროა, ვაჟას ,, კოსმოპოლიტიზმი და პარტიოტიზმი“, ერთ ათჯერ მაინც, გულდასმით წავიკითხოთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ისეთი პროგრამები და მეთოდიკა შევქმნათ, რომელიც უმაღლეს სულიერ და მენტალურ საფეხურზე მყოფ პიროვნებას შექმნის, ჭეშმარიტი სიკეთის მკეთებელსა და გამავრცელებელს. გულისგულში ხომ ყველა ვხვდებით, რომ ეს ჩვენი საკაცობრიო ვალია.

ნამეტანი მოვინდომე არაა?! იქნებ პათეტიკა შეერია ჩემს სიტყვა?! კეთილი, შევამცირებ სურვილისა და მოქმედების სფერს. ერთბაშად დიდი საქმეები არ კეთდება. მოდი, მცირეთი დავიწყოთ, დაწყებითი სასკოლო ასაკით. ნუთუ შეუძლებელია ისეთი კადრის მომზადება (ამ ე.წ. ტრენინგების კასკადში), რომელიც ანბანის შესწავლისას მოწაფეებს მათი წარმოთქმის წესსაც ასწავლის? ამას არსებულ კადრთან ორკვირიანი მუშაობა ეყოფა. ,,ონლაინ“ გაკვეთილები ხომ საერთოდ გაამარტივებს ამ პროცესს. განა რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება ამის გასაკეთებლად?! ამ ფასად უკეთესს რას გავაკეთებთ? ქართული ბგერები ხომ უხსოვარ დროში ბუნბის მოვლენების ხმაბაძვით ყალიბდებოდა და სამყაროსთან შერწყმის ყველაზე მაღალმდგომარეობას განაპირობებდა. იქნებ ბევრმა არ იცის, რომ მათი სრულყოფილად წარმოთქმით ადამიანის ყველა ფიზიკური ორგანოს სტმულირება და გაჯანსაღება ხდება. გოგებაშვილის ,,დედა ენა“ კი ძველი იბერიული სიბრძნის ზარდახშაა, რომელთან ზიარებასაამ გენიალური წიგნის პაწაწინა მოთხრობების წაკითხვა იძლევა. მათი სიღრმისეული დამუშავებით ანალიტიკური აზროვნების ფუნდამენტის შექმნაა შესაძლებელი, რომელიც ასე საჭიროა ურთულესი გამოწვევების თავის გასართმევად.  

ბოლოს ამას ვიტყოდი: ჩვენი ენისა და მეყველეის კულტურის მოვლა-პატრონობით, მისი აღორძინებით, მომავალი თაობის ფიზიკურ, მშვინვიერ და სულიერ წინსვლა-განვითარებას უზრუნველვყოფთ. ამის გარეშე კი, აბა, რა საქართველო იქნება?!

თემები