რაც არასდროს დამტოვებს!
თინა ნაცვლიშვილი

2021 წელი უმძიმესი იყო ჩემთვის…

დავკარგე მე და არა მარტო მე, დაკარგა მთელმა საქართველომ ორი უდიდესი ადამიანი, ორი განსხვავებული ჟანრის და ერთნაირად დიდი გულის მქონე მომღერალი – საქართველოს არწივად წოდებული თემურ წიკლაური და მუდამ ღიმილიანი, სიკეთით სავსე ზურა დოიჯაშვილი…

                 ეჰ,თემურ!

80-90-იანებში მე და თემურ წიკლაურის ოჯახი ძალიან დაახლოებული ვიყავით. თემური დას მიწოდებდა  და ოჯახებით ვმეგობრობდით. იმ ავადსახსენებელ ბნელ წლებში,  სამსახურიდან სახლში წასვლას ვეღარ ვასწრებდი კომენდანტის საათის გამო, წიკლაურებთან ავდიოდი ხილიანზე, მე-15 სართულზე და ერთად ვატარებდით უშუქო საღამოებს. ლილი, თემური და მე ბევრ ჯერ ვმსხდარვართ შეშის ღუმელთან და გვისაუბრია ფერისა და ბგერის ურთიერთობაზე, ადამიანის ფარული ძალების შესახებ,  ხმის ენერგეტიკის საოცარ შესაძლებლობებზე და სხვა. ეს საუბრები   პატარა კონცერტებით მტავრდებოდა–   ლილი მღეროდა რუსულ რომანსებს და მე აკომპანიმენტს ვუკეთებდი. მერე ქეთი წიკლაურმაც ჩასვა რეპერტუარში რომანსები და არ ილეოდა სასაუბრო თემებიც

იშვიათად შემხვედრია ისეთი გაწონასწორებული ადამიანი, როგორიც ლილი ზღვაურია. ეს ქალი ცხოვრობდა თემურის ცხოვრებით, მუდამ გვერდში ედგა, აღმერთებდა მის ვოკალურ მონაცემებს და სულ თვალებში შესციცინებდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში მემახსოვრება მათი ოჯახის გვერდში დგომა იმ დროს, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წუთები მედგა…

მინდა რამდენიმე ამბავი გავიხსენო, რაც წიკლაურების მადლიან ოჯახთან მაკავშირებს და ვერასოდეს მივცემ დავიწყებას…

მძიმე ოპერაცია გადავიტანე. შინ გამომიყვანეს და გამაფრთხილეს, რომ სამი თვე ლოგინიდან ადგომას ვერ ევძლებდი. მოვიდნენ სანახავად ლილი და თემური. თემურს სახეზე შევატყვე, რომ არ ელოდა, ასეთ მდგომარეობაში თუ მნახავდა და გაოგნებული შემომცქეროდა. მერე უცებ მითხრა –

ო, მითხარი, რა გავაკეთო ახლა შენთვის?

– არაფერი…მადლობა, რომ მოხვედით! –  ამოვიკნავლე საცოდავად.

უცებ თემური წამოხტა და ცეკვა დაიწყო, ბუქნავდა, იქნევდა ხელებს…ბევრი ვიცინეთ და თითქოს დამიყუჩდა კიდეც ტკივილები…

###

ბათუმში, „აბესალომ და ეთერის“ სპექტაკლზე, ჩემი “არწივი! ძმა მურმანს მღეროდა. საშინელი ამინდი იყო. ტიპური ბათუმური თავსხმა! ჯერ საკმაოდ ადრე იყო, მაგრამ ვამჯობინე ადრე წავსულიყავი. თეატრამდე სამარშრუტოთი მივდიოდი, მაგრამ ისეთი მდინარე წამოვიდა, რომ ორი კვარტლის იქით ვერ გააღწია მანქანამ. რა მექნა? მუხლამდე წყალში ვიარე და მთლად სველი მივედი. თემურმა რომ დამინახა, ელდა ეცა, შემიყვანა ოთახში, ჩამირთო ელექტროღუმელი და მომახურა რაღაცები. როგორც იქნა გავშრი და შევედი დარბაზში. დაიწყო სპექტაკლი. თემური არაჩვეულებრივი მურმანია. თვალს ვერ ვაცილებ სცენას და… ფეხებზე რაღაც უცნაურს ვგრძნობ. დავიხედე და ღმერთო, მიშველე! ჩემს სველ ფრანგულ ფეხსაცმელს ღუმელთან გაშრობის დროს პირი დაუღია და ძირები ძვრება! თავზარი დამეცა – ჯერ ერთი, რა გინდა ქნა, სად გაიქცევი? მეორეც – ვახო ტატიშვილი მიზის გვარდით და ვიცი, რა მწარე დაცინვით დამთავრდება ჩემი თავგადასავალი! მოკლედ, ერთადერთი, რაც მოვიფიქრე  დავიწყე კევის ღეჭვა და ფეხსაცმლის ძირების დაწებება, … კიდევ კარგი კევი მაქვს! სიბნელეში არაფერი ჩანს, მაგრამ სინათლეში რომ გამოვედი…ჩემს შავ ფეხსაცმელებს თეთრი კევი არშიებივით შემოეტმასნა! თავზარი  მაქვს დაცემული, მილოცვის ტექსტი სწრაფად წარმოვთქვი და გამოვიქეცი ჩემი მეგობრის სახლისკენ, სადაც ღამე უნდა გამეთია. გზაში მოვისროლე ფეხსაცმელები და ფეხშიშველი, ატირებული ავედი მეორე სართულზე…

თურმე თემურს ძალიან სწყენია ,ბანკეტზე რომ არ მივედი.გვიან გაიგო ჩემი და ფეხსაცმელების თავგადასავალი.სიცილისგან ფეხზე ძლივს იდგა, როცა მეუბნებოდა- „რა იყო, გოგო,  ფეხსაცმელს როგორ ვერ ვიშოვნიდი, ამ ღამით შენთვის, დახურულ მაღაზიასაც  გავახსნევინებდი რამე რომ გეთქვა !“

###

2000 წელს ჩემი მეუღლე ძალიან ავად იყო. არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი. მე უკიდურესად უმწეო მდგომარეობასი ჩავვარდი. ერთხელაც, მირეკავს ბორის შხიანი, სასწრაფოდ მოდი სიმღერის ტექსტის შეკვეთა გაქვს და კარგად გიხდიანო. მაშინვე გავიქეცი. თემური და ბორისი იყვნენ სახლში. წიკლაურმა მითხრა, „ბათუმზე სიმღერა შეგვიკვეთეს, ტექსტში 100 დოლარს წინასწარ გიხდიან, ოღონდ საჩქაროა და ახლავე დაწერეო, რათა ბორიამაც მოასწროს მუსიკის დაწერაო.“

დავჯექი და დავწერე ტექსტი. წაიკითხეს, მოეწონათ… მერე თემურ წიკლაურმა ასდოლარიანი ჩანთაში ჩამიდო. გაიარა დრომ. ამ სამი წლის წინ შხიანს ვეუბნები, იქნებ ის სიმღერა მომასმენინო მეთქი და კაცი სიცილით მოკვდა.

რას ამბობ, რა სიმღერა, თემომ თქვა, ახლა მაგას დახმარება სჭირდება და რამე მოვიფიქროთ ისეთი, თავზე რომ არ დაგვახეთქოსო.

ჰო და მოიფიქრეს – ლექსი დამაწერინეს არარსებული სიმღერისთვის…

წიკლაურებმა იცოდნენ, რომ არაერთხელ მინახავს სიზმარში მათი გარდაცვლილი ვაჟი ჩემს გარდაცვლილ გოგონასთან ერთად . თემური ამბობდა, რომ ეტყყობა ჩვენი და-ძმობის წყალობით, ისინიც და-ძმასავით არიან ზეციურ საქართველოშიო. რამდენჯერმე მართლა საოცრების წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ რაც მოხდა, საოცრებასაც ვერ დავარქმევ!

დამესიზმრა,- შუამთის მონასტერში ვიყავი და უცებ ჩემი მარიამი მომიახლოვდა:

დედა, გიორგიც აქ არის, ძალიან გთხოვ, დაურეკე ლილი დეიდას და ჩამოიტანეთ  ვაშლი, ბრინჯი და შაქარი!

გავიხედე გვერდზე და გალავნის ნანგრევზე ჩამომჯდარი გიორგიც დავინახე. ის იღიმებოდა და ფიზიკურად ძალიან ჰგავდა  ლილის.

გავიღვიძე თუ არა, დავრეკე წიკლაურებთან. ლილიმ მითხრა, თემური ბათუმშია საქმეზე წასული, ჩამოვა თუ არა წავიდეთო. საღამოს დმირეკა – თემურთან ულაპარაკია,  უთქვამს,ეგრევე მოვდივარო და ხვალ დილის 11 საათზე თინა ეზოში დამხვდესო.

მეორე დილას საბარგული გავავსეთ ვაშლით, ბრინჯით,  შაქრით და გეზი შუამთისაკენ ავიღეთ. ლილოს რომ გავცდით, საოცარი ნისლი ჩამოწვა. ისე ჩამობნელდა,  თემომ გვკითხა, ხომ არ აჯობებს, გურჯაანზე, შემოვლის გზით წავიდეთო?  მაგრამ სანამ პასუხს მიიღებდა, ამაყად განაცხადა:

– არა! უფალი გვცდის!

გომბორის გზა არც კი ჩანდა. მე და ლილი შიშისაგან მოვიკუნტეთ, მაგრამ ავედით თუ არა უღელტეხილზე, ჰოი, საოცრებავ, მზე ამოვიდა და ცა გადაიწმინდა.

– მიგვიღო… – ღიმილით ჩაილაპარაკა თემურმა და სულ ცოტა ხანში უკვე შუამთაში ვიყავით.

მონასტრის მონაზვნებმა ძალიან თბილად მიგვიღეს. პატარა ხის ჯვრებიც გვაჩუქეს. ჯერ ლილიმ მკითხა, სად ვნახე მისი შვილი. მე მიმოვიხედე, უცებ ვიპოვნე ის ადგილი და მივუთითე. მერედაფიქრებული და სევდიანი  თემური მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა:

– სად ნახე ბიჭი?

მასაც დავანახე.

ის მიუახლოვდა გალავნის ნანგრევებ და დიდი ხანი დასცქეროდა…

###

ახლა, როცა თემურიც წავიდა ზეციურ სამყაროში, ვიცი, რომ ჩემს მარიამსაც მიმიხედავს…

ზურა – ჩემი ტკივილი

90-იანი წლების დასაწყისი იყო. მანანა თოდაძემ და ბორის შხიანმა დააარსეს ფირმა „პრესტიჟი,“ რომელმაც იმ ბნელ წლებში ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მეც, მათთან ერთად, საბავშვო სტუდიით ვიყავი დაკავებული. ვასწავლიდით სიმღერებს, ვატარებდით კონცერტებს.  ბევრმა  მომღერალმა სწორედ „პრესტიჟ-შოუში “ აიდგა ფეხი. ვინ აღარ მოდიოდა დღის განმავლობაში – ზოგს სიმღერის დაწერა სურდა, ზოგს ფონოგრამა, ზოგს კონცერტში მონაწილეობა, ზოგიც, უბრალოდ, სასაუბროდ მოდიოდა.

ერთხელ შემოგვიარა სრულიად ახალგაზრდა ზურა დოიჯაშვილმა.  ელექტროქურასთან მიმსხდარი კარგა ხანს ვსაუბრობდით. ხან რას მოვედეთ, ხან რას. მე ჩემი „ოქროსუბნის“ ამბებს ვიგონებდი. უცებ ზურამ მითხრა, სიმღერა მაქვს და ტექსტი მჭირდებაო. რომ მოვისმინე, გამეცინა, ნამდვილი „თბილისური, უბნის სიმღერაა-“ მეთქი. ზურამ გაიცინა – მეც ეგრე ვფიქრობ და ტექსტი დამიწერეო. გადავირიე, არასოდეს დამიწერია სერიოზული ლექსები, მით უმეტეს, სიმღერისთვის! მაინც დამითანხმა და ასე შეიქმნა ჩემთვის უსაყვარლესი „უბნის ბიჭები.“ ეს იყო პირველი სიმღერა, რომლითაც ტექსტების წერა დავიწყე და მერე კი ამას მოყვა უკვე სხვა კომპოზიტორთა ნაარმოებების ტექსტებიც

ზურა გამორჩეული მიყვარდა და მან ეს იცოდა. არასოდეს მეზარებოდა მასან მუშაობა, მაგრამ ბოლო სიმღერამ რაღაც ამაფორიაქა…

– აი, რა მინდა იცი? თბილისიდან წასული რომ არის კაცი და რომ ენატრება თბილისი…

დიდი ხანი ვფიქრობდი. რატომღაც ავფორიაქდი, მაგრამ მაინც დავუწერე ტექსტი…

ასე შეიქმნა „მენატრება თბილისი“ და  სიმღერით დაგვემშვიდობა დოიჯა…

თემები