თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი პროცესები
გიორგი ლობჟანიძე

(ზოგადი მიმოხილვა)

სასიამოვნო ფაქტია, რომ დღევანდელი საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში ყველაზე დინამიურად მთარგმნელობითი პროცესები ვითარდება. ამ პროცესებს სათავე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70იან წლებში დაედო, როცა ერთი არაჩვეულებრივი მოღვაწის ოთარ ნოდიას დიდი ძალისხმევით ჩამოყალიბდა იმდროინდელი საქართველოსა და საბჭოთა კავშირისთვისაც კი ფრიად არაორდინალური დაწესებულება  „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“ და ამ კოლეგიამ თავისი არსებობის არც თუ ისე დიდი ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

სწორედ კოლეგიაში დაიწყო ბევრი ისეთი საეტაპო უცხოური ნაწარმოების თარგმნა, რომლის მშობლიურ ენაზე არსებობაც განსაზღვრავს ამა თუ იმ ერის კულტურულ იერსახეს.

კოლეგიის მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქართული ლიტერატურის საეტაპო ნაწარმოებების თარგმნა წარმოადგენდა სხვადასხვა უცხოურ, ძირითადად, ევროპის ხალხთა ენებზე. საამისოდ აქვე საქართველოშივე მზადდებოდა პწკარედები უცხო ენების არაჩვეულებრივი ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელსაც მერე ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ევროპელი მთარგმნელები შემოქმედებითად ითვისებდნენ: თარგმნიდნენ თავიანთ ენებზე და ასე ეცნობოდა თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იმ მიღწევათა ნაწილს, რაც მაშინდელ ქართულ ლიტერატურას არცთუ მცირედ ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, კომუნისტების ნამსხვრევებისა თუ ე. წ. ეროვნული მოძრაობის მაშინ უკვე გავლენიანი წარმომადგენლების ერთერთ უპირველეს სამიზნედ სწორედ  „საქართველოს მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“ იქცა და ეს ამბავი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა, რადგან რეალურად ყველა პოლიტიკური ავანტურის საპირწონესა თუ მოწინააღმდეგეს ნამდვილი განათლება და კულტურა წარმოადგენს.

1994 წელს კოლეგია გაუქმდა მის ადგილას კი რამდენიმე ორგანიზაცია წარმოიქმნა.  ძველი კოლეგიის თანამშრომელთა ერთი ნაწილი ახალდაარსებულ არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში „კავკასიურ სახლში“ გაერთიანდა და კოლეგიის რეალურ უფლებამონაცვლედაც სწორედ „კავკასიური“ სახლი მოგვევლინა, რომლის საქმიანობაშიც თარგმანი და თარგმანის გამოცემა ერთერთ მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც არაძირითად საქმიანობად დარჩა. თუმცა იმ წლებში მაინც „კავკასიურ სახლი“ იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც თარგმანის მრავალმხრივი პროცესების შენარჩუნებასა და განვითარებაზე შეძლებისდაგვარად სრულიად მიზანმიმართულად ზრუნავდა.

ამასობაში თარგმანზე ზრუნვა ახალდაარსებულმა და მზარდმა გამომცემლობებმაც აიღეს თავის თავზე და ამ გამომცემლობებიდან იმაში, თუ დღეს რაიმე მიღწევა გვაქვს, სრულიად განსაკუთრებულია „დიოგენესა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, ოდნავ მოგვიანებით კი „ინტელექტისა“ და „ სიესტას“ ანდა „წიგნები ბათუმშის“ წვლილი.  აქ ჩამოთვლილებთან ერთად თითქმის ყველა გამომცემლობა თავისებურად ზრუნავდა თარგმანის პროცესების ხელშეწყობასა და ახალახალ ქართულ თარგმანებზე. სწორედ ამიტომ თითქმის სრულად გააქტიურდა ჩვენი ქვეყნის მთარგმნელობითი სკოლის ინტელექტუალური რესუსები,  ძველ უკვე აღიარებულ ოსტატებთან ერთად გამოჩნდნენ ახალი მთარგმნელები, რომლებიც უკვე ტოლს აღარ უდებენ გამოცდილ კოლეგებს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ თუკი მთარგმნელობითი პროცესის აღმავლობაზე ვილაპარაკებთ, ეს აღმავლობა, უპირველესად, მაინც იმ ძველ მთარგმნელობით კოლეგიასა და იქ თავის დროზე ჩამოყალიბებული არაჩვეულებრივი მოქართულეების სახელებს უკავშირდება.

რასაკვირველია, იმ დროსაც ძირითადი წარმატებები მაინც ამა თუ იმ ცალკეული მთარგმნელის სახელსა და შრომით თუ პროფესიულ თავგანწირვას უკავშირდებოდა.  მაგალითად, ვახტანგ ჭელიძეს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის ქართულად თარგმანში და წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ისეთი რანგის ნამუშევრები დაგვიტოვა, რომელთაც დიდად განსაზღვრეს მთელი ამ მიმართულების შემდგომი დონე და ხასიათი.

რჩეულთა შორის რჩეული შემთხვევით არ გამხსენებია. ვახტანგ ჭელიძე იყო სწორედ  თარგმანზე მიზანმიმართული მუშაობის პიროვნული ინიციატივის საუკეთესო მაგალითი. მან ზუსტად იცოდა, თავის დროზე რისი გადმოღება გვჭირდებოდა ქართულად და ამ ცოდნით აღჭურვილი მიჰყვებოდა და შეუპოვრად აქართულებდა ყველა მნიშვნელოვან ნიმუშს: შექსპირის ტრაგედიებსა თუ მაშინდელი უახლესი ინგლისურენოვანი ლიტერატურის მარგალიტებს.

მისი თარგმანებისა და ლიტერატურული მასშტაბების შესახებ მე ჩემი სრულიად გამოკვეთილი აზრი მაქვს, რომელსაც ამქვეყნად ვერა ძალა, ვერანაირი კრიტიკული მიდგომა ვერ შემაცვლევინებს, რადგან ბატონი ვახტანგი ბრძანდებოდა ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ისეთი ბურჯი, რომელმაც არამხოლოდ იმ დროს შეძლო ერთი კაცისათვის წარმოუდგენელი საქმე, არამედ ამ საქმის მთელი პერსპექტივები გადაშალა და აქ მაინცდამაინც მხოლოდ მის მიერ დაარსებულ და ნარედაქტორალ პირველხარისხოვან მთარგმნელობით ალმანახს „ხომლს“ არა ვგულისხმობ, რომელიც დღესაც კი ამ ტიპის გამოცემის ნამდვილი ნიმუშია, არამედ, უპირველესად, სწორედ ვახტანგ ჭელიძის მიერ გაჭრილ სტილურ კალაპოტებს, რა გზითაც მერე არაერთი თარგმანი რაკრაკით წავიდა. ეს არის ჩემი აზრი. მაგრამ მომისმენია სხვა თვალსაზრისიც: ინგლისური ენის მცოდნეები დაიდებდნენ მის რომელიმე ნამუშევარს და დაიწყებდნენ ჩხრეკას: აქ ეს შეეშალა, იქ ეს გამოთქმა სწორად ვერ გაიგო, აქ კი სწორია მაგრამ ჩვენ ასე გაგვიხარდებოდა და თარგმანთან დაკავშირებული მსგავსი ტიპის სოფისტიკა, რომელსაც მერე და მერე უხვად წავწყდომივარ არამხოლოდ ბატონ ვახტანგ ჭელიძესთან მიმართებით. უცოდინრობას ვერ დასწამებდნენ, მაგრამ დანანებით იტყოდნენ: ძალიან ბევრს თარგმნის და ამასობაში, რაღაცები „ეპარება“ და იქვე საპირწონედ შესადარებლად მოიტანდნენ, რომელიმე კარგი მთარგმნელის ნამუშევარს, რომელიც თავისთავად კარგი იყო, მაგრამ ამ მთარგმნელს იმ წიგნის მეტი არაფერი ჰქონდა ქართულად ნათარგმნი. ამ ტიპის „შედარების“ ყველაზე ცუდი შემთხვევა რაც მახსოვს, იყო ის, როცა ერთხელ ბატონი ვახტანგ ჭელიძე მისივე მეუღლესთან, ასევე ძალიან კარგ მთარგმნელთან და არაჩვეულებრივ ლიტერატორთან ვალენტინა ტატიშვილთან „შეაპირისპირეს“ და მითხრეს, აი, თუ ნიმუში გინდა, თარგმანი ვალენტინა ტატიშვილის დევიდ უეისის რომანის „შიშველი მოველ ამქვეყნად“ არის: უშეცდომო და ყოველმხრივ წუნდაუდებელიო.

მეგობარი მიყვებოდა, რომ ასეთი რამ ადრე თვითონ ბატონი ვახტანგისთვისაც გაეგონებინათ. ამის მთქმელს თურმე ჩვეული ინტელიგენურობით მშვიდად მოუსმინა და არაფერი უპასუხია, თუმცა ალბათ გულში ეწყინა და არა ის, რომ მისი მეუღლე მასზე წინ დააყენეს, არამედ ასე შექმნილი „საზოგადოებრივი აზრის“ ქვეტექსტმა დააღონა.

რადგან არის ასეთი სიტყვა „შეუდარებელი“ და ეს ეპითეტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასახასიათებლად შეგიძლია თამამად მოიმარჯვო.

ასეთი იყო ჩემთვის ბატონი ვახტანგ ჭელიძე და ეს ცხადია, სრულებითაც არ აკნინებს ერთი რომელიმე კარგი წიგნის კარგად მთარგმნელის, ვთქვათ, იმავე ვალენტინა ტატიშვილის პროფესიულ დამსახურებას.

საერთოდ შეფასებისათვის მთავარია, რა თქმა უნდა, მთარგმნელობითი მეთოდი, სიახლე და თუ გნებავთ, შესრულებული სამუშაოს სიუხვეც, რადგან მთარგმნელი არ არის პოეტი, რომლის მნიშვნელობასაც შეიძლება რამდენიმე ან ერთადერთი შედევრი განსაზღვრავდეს.

ვახტანგ ჭელიძის დამსახურება კი ამ მხრივ ისეთია, რაც მას შემდეგ ჯერჯერობით ვერცერთმა მთარგმნელმა ვერ გაიმეორა, მათ შორის, ვერც იმ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებიდან, რომელთაც ვახტანგ ჭელიძის სკოლა შეიძლება ვუწოდოთ.  ის კი არა, როცა ბატონი ვახტანგის მიერ თარგმნილი რომელიმე ნაწარმოები გარემოებათა გამო ხელახლა თარგმნეს, ქართულის, თარგმანის სტილისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით, მის სიმაღლეს ოდნავადაც კი ვერავინ მიუახლოვდა. მათ შორის, ვერც გია ჭუმბურიძე, როცა სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ როგორც „კლდისპირზე, ჭვავის ყანაში“, ისე გადმოიღო. ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვაკნინებ გია ჭუმბურიძეს, როგორც მთარგმნელს, იმის მიუხედავად, რომ მისი მთარგმნელობითი მეთოდი, ჩემთვის ზოგჯერ პრინციპულად მიუღებელია, ფაქტია, რომ ინგლისური ლიტერატურის რამდენიმე მთარგმნელთან ერთად, სწორედ გია ჭუმბურიძეა ის კაცი, რომელთა სახელებსაც მთარგმნელობითი სალიტერატურო პროცესის აღმავლობა უკავშირდება. მე მომწონს და ქედს ვიხრი მისი შრომისმოყვარეობის წინაშე. ხანდახან ის სიჯიუტეც მომწონს, რომლითაც ზოგი წიგნის ზოგი პასაჟის თარგმანს ეკიდება და მთლიანობაში მგონია, რომ იგი უაღრესად დასაფასებელი მოვლენაა. თუმცა, თუ პირადად ჩემთვის სანიმუშო მთარგმნელებზე ვილაპარაკებთ, ანგლოამერიკულ ლიტერატურას დღეს საქართველოში ასეთი სამი მთარგმნელი ჰყავს: ზაზა ჭილაძე, თამარ ჯაფარიძე და ლელა დუმბაძე.

ხსენებული ოთხი არაჩვეულებრივი მთარგმნელი, უკვე დიდი ხნის მთარგმნელობით „საძმოსთან“ პაატა და როსტომ ჩხეიძეებთან ერთად, ინგლისურენოვანი ლიტერატურის მშობლიურ ენაზე გადმოსაღებად ღონიერი გუნდია.

მათ კი აუცილებლად უნდა დავუმატოთ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სახელი: ვთქვათ, ნინო ქაჯაია, ირმა ტაველიძე, თამარ ჭილაძე, თამარ ლომიძე და ქეთი ქანთარია, რომელთა ძალისხმევითაც ბოლო ხანს ჩვენს ბიბლიოთეკას არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, მაგალითად თომას ვულფის საეტაპო რომანები, უილიამ გოლდინგის შესანიშნავი წიგნი, თუ აირის მერდოკის „შავი პრინციც“ შეემატა.

წეღან  ვახტანგ ჭელიძის სკოლასა და თარგმანებზე რომ მოგახსენებდით საბჭოთა პერიოდში, ამავე პერიოდის ინგლისური ლიტერატურის მთარგმნელებიდან ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ალექსანდრე გამყრელიძე უამრავი წიგნით: ეს იქნება უილიამ თეკერეის „ამაოების ბაზარი“, რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძული“ თუ ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

სხვათა შორის, ბოლო ხანს ლუის კეროლის „ელისი“ ვირტუოზულად თარგმნა გია გოკიელმა, რომელიც თუნდაც მხოლოდ ეს წიგნი რომ ეთარგმნა, ჩემთვის მაინც იქნებოდა ის, რაც ნამდვილად არის: თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი საქმის ერთ ერთი ნიშანსვეტი. გია გოკიელის თარგმანის პარალელურად თითქმის ერთ პერიოდში გაკეთდა კეროლის კიდევ ერთი ბრწყინვალე ვერსია, დავით ახალაძის თარგმანი; თუმცა აქ ისეთი შემთხვევა გვაქვს, როცა სამივე ხსენებული თარგმანი ჩვენი ლიტერატურის სიმდიდრეა და ერთმანეთის ფონზე არც ერთს არ დაუკარგავს დიდი და თავისთავადი მნიშვნელობა, და მითუმეტეს, არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა გამყრელიძის თარგმანს.

გია გოკიელმა კი ასევე ბრწყინვალედ თარგმნა რობერტ ბერნსი. საერთოდ ბერნსის სახელი საქართველოში ისე გადაეჯაჭვა ინგლისური პოეზიის ვირტუოზული მთარგმნელისა და თავადაც შესანიშნავი პოეტის თამარ ერისთავის სახელს, რომ ნებისმიერი ახალი მცდელობა დიდ სითამამეს მოითხოვს და თავიდანვე თითქოს წასაგებად არის განწირული. სასიამოვნოა, რომ გია გოკიელის თარგმანმა არ წააგო და თამარ ერისთავის თარგმანის თანაფარდის შთაბეჭდილება დატოვა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თამარ ერისთავის თარგმანების შემთხვევაში მოხდა ის, რაც უიშვიათესად ხდება. მისი ქართული ბერნსი ისე გაითავისა მკითხველმა, რომ ერთი ლექსი („კაცი ვარ და ქუდი მხურავს“) სიმღერადაც იქცა, რომლის ძალიან ბევრ მსმენელს დღესაც კი ვერ წარმოუდგენია, ამ სიმღერის ტექსტი თუ ქართველი კაცის დაწერილი არ არის.

მხოლოდ ჩემს მეხსიერებას ვენდობი და ასეთი რამე, თუ არ ვცდები, კიდევ ერთ შემთხვევაში მოხდა ქართულ სინამდვილეში. ასევე იქცა სიმღერად, უფრო მეტიც, „ფანოღად“, გრიგოლ აბაშიძის შანდორ პეტეფის „აბობოქრებულ ზღვაში გატარე“, რომელსაც დღესაც ისე უსმენენ ქართულ ბაზრობებსა და სამარშრუტო ტაქსებში, როგორც ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშზე შექმნილ მელოდიას.

ცხადია, აქ არ განვიხილავ არც ერთი და არც მეორე ნაწარმოების მუსიკალურ ღირსებასა თუ ნაკლოვანებას. ამ ამბის გახსენებით მხოლოდ აღნიშნული თარგმანების დიდი მნიშვნელობის წარმოჩენა მსურდა.

ხოლო აქვე, რაკი სიტყვა პოეზიის თარგმანზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში ინგლისური პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვან მთარგმნელად, თამარ ერისთავის უპირობო პირველობის აღიარებით, მაინც გიორგი ნიშნიანიძე და მისი თარგმნილი არაერთი ინგლისელი თუ ამერიკელი პოეტი მიმაჩნია. გასული საუკუნის 80იან წლებში გიორგი ნიშნიანიძის მიერ შედგენილი და თარგმნილი „ინგლისური და ამერიკული პოეზიის ანთოლოგია“ ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.

აქვე უნდა ვახსენო მედეა ზაალიშვილის სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანები როგორც ინგლისური პოეზიიდან, ასევე პროზიდან და უპირველესად, რასაკვირველია, მისი უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“ .  სასიხარულოა, რომ ქალბატონი მედეა დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს და  მთელი არსებით არის ჩართული მთარგმნელობით საქმიანობაში.

ინგლისური პოეზიას კი დღეს მართლა ძალიან „გაუმართლა“ საქართველოში, რადგან რამდენიმე ისეთი მთარგმნელი მუშაობს ამ პოეზიის ქართულ ნიადაგზე ასათვისებლად, რომ ბოლო დროს ერთმანეთს მიეწყო საუკეთესო თარგმანები და გაგრძელდა დიდი ტრადიცია, როცა მეოცე საუკუნეში, მაგალითად, ამ პოეზიის თარგმანისათვის ზემოხსენებულ რამდენიმე მთარგმნელთან ერთად, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატორი ირჯებოდა.

უპირველესად უნდა ვახსენოთ თამაზ ჩხენკელი. რომელიც არამხოლოდ ინგლისურ, არამედ დასავლურ და აღმოსავლურ პოეზიას ერთნაირად ვირტუოზულად თარგმნიდა და მთარგმნელთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში კულტურტრეგერის საპატიო მისიასაც კისრულობდა: ხშირ შემთხვევაში მთელი ამ პოეტების შემოქმედებას ჩვენს მწერლობაში პირველად წარადგენდა.

ჩხენკელთან ერთად იმავე პერიოდის ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურის ასეთივე მიღწევაა რევაზ თაბუკაშვილის მიერ თარგმნილი შექსპირის სონეტები, ლანა ღოღობერიძის უოლტ უიტმენი და სხვა ინგლისელი, ფრანგი თუ რუსი პოეტების, (ასევე თამაზ ჩხენკელთან ერთად, რაბინდრანათ თაგორის) შესანიშნავი ნიმუშები, ზვიად გამსახურდიას მიერ უზადოდ თარგმნილი არაერთი პოეტი.

აქვე საგანგებოდ აღსანიშნავია ხსენებულთაგან ოდნავ მოგვიანო პერიოდში პაატა და როსტომ ჩხეიძეების მიერ ჩინებულად გადმოღებული ანგლოსაქსური ეპოსი „ბეოვულფი“.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მთარგმნელის ნამუშაკევი დღეს ქართული მთარგმნელობითი სკოლის მიღწევაა და ახალი თაობისათვის ისეთი გამოწვევაა, რომელიც ძალიან აძნელებს თავის დამკვიდრებასაც და ამ უმაღლესი დონის შენარჩუნებასაც, რადგან ამ მემკვიდრეობის გააზრება ყველას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და ზოგმა ნიჭიერმა ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ამ პასუხისმგებლობის გამოც კი უარი თქვას თავისი ნამოღვაწარის გამომზეურებაზე.

ამის მიუხედავად, საგულისხმოა, რომ დღეს ინგლისური პოეზიის ახალი თაობის მთარგმნელები არათუ ინარჩუნებენ წინა თაობების სამაგალითო დონეს, არამედ მათ მიღწევებს შემოქმედებითადაც განავითარებენ.

ამ მხრივ სამაგალითოა ლელა სამნიაშვილის მიერ ბოლო ხანს გამოცემული შექსპირის „ჰამლეტის“ ახალი თარგმანი. განსაზღვრება „ახალი“ მხოლოდ ქრონოლოგიურ ჩარჩოს არ გულისხმობს. აქ პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ ლელა სამნიაშვილმა მოახერხა ივანე მაჩაბლის ტრადიციას ისე ოსტატურად დასხლტომოდა, რომ სრულიად ახალი შექსპირი მოეცა.

ეს განსაკუთრებით საგულისხმოა იმ ფონზე, რომ არამხოლოდ ქართული შექსპირიანა, არამედ საერთოდ ქართული პოეტური თარგმანი აქამდე სწორედ ივანე მაჩაბლის მიერ გაჭრილი ღონიერი კალაპოტით მიედინებოდა. მაჩაბელმა ისეთი წალკოტი გააშენა, საიდანაც ქართველმა მთარგმნელობითმა პოეზიამ იშვიათი გამონაკლისების გარდა გამოღწევა აღარ მოისურვა ან ვეღარ მოახერხა. თავისთავად არც მაჩაბლის მიყოლაა დიდი ნაკლი და არც მისი მიღწევების გამეორება. პირიქით, ესეც დიდი რამ არის და შეუძლებელია ამის თქმისას არ გაგვახსენდეს ყველა ის სერიოზული მთარგმნელი, რომელმაც შექსპირის დრამატურგიული სამყაროს ათვისებაზე იმუშავა. ჩემთვის სამაგალითოდ კარგი თარგმანია მანანა ანთაძის მიერ ბოლო ხანს გამოცემული შექსპირის პიესების ვებერთელა ტომი და სრულებითაც არაფერი აკლდება მისი მთარგმნელს, თუ ვიტყვი, რომ სტილურად და ლიტერატურულად ისიც ივანე მაჩაბლის მიერ გაჭრილ კალაპოტში მჩქეფარებს. ამით ის არაფრით ჩამოუვარდება იმავე ლელა სამნიაშვილის თარგმანს, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ შეჩვეული კალაპოტიდან ერთი ძალზე აუცილებელი სადინარი გაჭრა და იმედია, ამ სადინარს ასეთივე ძლიერ პარალელურ კალაპოტად ჩამოაყალიბებს.

შექსპირამდე ლელა სამნიაშვილმა, თვითონაც გამორჩეულმა და თვითმყოფადმა პოეტმა, ასეთივე დიდი ამაგი დასდო სხვადასხვა ინგლისელი და ამერიკელი პოეტის, განსაკუთრებით კი, სილვია პლათის შემოქმედებას. გასული საუკუნის მიწურულს ლელას ამ ბრწყინვალე თარგმანის შემდეგ პლათის ლექსების თარგმნა ერთგვარ მოდადაც იქცა და ამ პოეტის ლექსების არაერთი ნიმუში დალაგდა.

აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მანანა მათიაშვილის, ანა კოპალიანის, დალილა გოგიას ბრწყინვალე თარგმანები არამხოლოდ პლათის, არამედ საერთოდ თანამედროვე ინგლისური პოეზიისა. ანა კოპალიანის მიერ ბოლო დროს თარგმნილი და „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნებული ტომას სტერნზ ელიოტის რამდენიმე ლექსი ჩემთვის ამავე პოეტის დავით წერედიანისეულ თარგმანებს გაუტოლდა.

წერედიანის ამ თარგმანებზე, როგორც ყველაზე გამორჩეულზე, ცოტა უფრო ქვემოთ შევჩერდები, მანამდე კი, რასაკვირველია, უნდა ვახსენო ინგლისური და ამერიკული პოეზიის დიდი მთარგმნელი თანამედროვე ეპოქაში ზვიად რატიანი, რომელმაც თითქმის სრული ელიოტი და ასევე არაერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე პოეტი თარგმნა და თანაც ისე შესანიშნავად, რომ ეს თარგმანები ქართული ლიტერატურის ორგანულ კუთვნილებად იქცა და ბიძგი მისცა ჩვენში არაერთი პოეტური მიმართულების განვითარებას.

ამ მხრივ სრულიად გამორჩეულია ასევე უმნიშვნელოვანესი თანამედროვე პოეტი შოთა იათაშვილი. ისევე როგორც ზვიად რატიანის, შოთა იათაშვილის მიერ თარგმნილი უამრავი ევროპელი (და მათ შორის, ინგლისურენოვანი) პოეტი ისე ძალდაუტანებლად დამკვიდრდა ქართულ სალიტერატურო სივრცეებში, რომ თავისდაუნებურად მოქმედებს მთელ ჩვენს სალიტერატურო პროცესებზე.

ინგლისურენოვანი პოეზიის ქართულ თარგმანებში კი ჩემი ბოლოდროინდელი აღტაცება ყველაზე მეტად დავით წერედიანის მიერ შესრულებულმა თარგმანებმა გამოიწვია, რომელიც „ ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა. სულ რამდენიმე პოეტის რამდენიმე ლექსი იყო, მაგრამ ამ მცირე ხელეურშიც შესანიშნავად ჩანდა დავით წერედიანის ზვავივით ტალანტი,  რომ მოდის და თავის გზაზე თითქოს აღარაფერს ტოვებს, ყველაფერს, აქამდე არსებულ ყოველგვარ მიღწევას თავდაყირა აყენებს.

დავით წერედიანის გარდაცვალებამ 2019 წლის მიწურულს მართლა დიდი ეპოქა დაასრულა ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებაში.  საერთოდ, ბოლო 1 წელიწადი ყველაზე ტრაგიკული, მგონი, ქართული თარგმანისათვის აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ საუკეთესო მთარგმნელები: ვახუშტი კოტეტიშვილი, მაგალი თოდუა, ჯემალ აჯიაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, ზეზვა მედულაშვილი, ლია ჩლაიძე, ირინე გოცირიძე და ბოლოს დავით წერედიანიც, როგორც ლამის უკანასკნელი ბურჯი ტრადიციული ქართული მთარგმნელობითი სკოლისა, რომლის სიცოცხლეც და არსებობაც თავისთავად იყო ხარისხის განმსაზღვრელი, მით უფრო, რომ ის უკვე მიღწეულით ტკბობას არასდროს მისცემია და სიცოცხლის ბოლომდე, სრულიად არამეტაფორულად რომ ვთქვათ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვაოცებდა ახალახალი შედევრებით. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმიტომ,  რომ ბოლო სასწაულის, ფედერიკო გარსია ლორკას ლექსების არაჩვეულებრივი წიგნის ნახვა მთარგმნელმა უკვე ვეღარ მოასწრო. წიგნის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. დავით წერედიანმა უამრავი ენა იცოდა და ერთნაირად შესანიშნავად თარგმნიდა ყველა ამ ენიდან. მაგრამ ბოლო დრომდე გოეთეს „ფაუსტის“ გამოცემამდე, ის მაინც ფრანგული ლიტერატურისა და კერძოდ, ვიიონის კონგენიალურ მთარგმნელად იყო მიჩნეული.

ვიიონს საქართველოში განსაკუთრებით გაუმართლა, რადგან არაერთი მთარგმნელი და მათ შორის, ისეთი დიდი პოეტიც თარგმნიდა, როგორიც იყო გივი გეგეჭკორი; თუმცა არა ამ ორი გენიოსის (დავით წერედიანისა და გივი გეგეჭკორის დაპირისპირებისათვის), არამედ ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ყველანაირი სიდიდე იჩრდილებოდა დავით წერედიანის ნამუშევართან შედარებით. რომ არ ყოფილიყო წერედიანი, რა თქმა უნდა, მიუღწეველ სიმაღლედ ჩაითვლებოდა გივი გეგეჭკორი და მისი სრულიად განსაკუთრებული კრებული „ფრანგული პოეზია“, მაგრამ რაკი, საბედნიეროდ, გვყავდა დავით წერედიანი, ის არჩევანს აღარ გიტოვებდა: ბოლომდე გაქცევდა თავისი უცნაურად დიადი ნიჭის სტიქიაში: ქარბორბალასავით გატრიალებდა და გაჯერებდა, რომ ყველა პოეტი ქართულად სწორედ ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორც თვითონ თარგმნიდა. ვინც ფრანგული იცის, ალბათ უფიქრია, რომ შეუძლებელია! როგორ უნდა გადავიდეს სხვა ენაზე არტურ რემბოს ან ვერლენის სიზმრის ძაფებით ნაქსოვი და ქვეცნობიერის მოუხელთებელი მუსიკით ნაქარგი სტრიქონები! როგორ და სწორედ ისე, როგორც დავით წერედიანის თარგმანებში! მრავალი ენიდან თარგმნის გარდა დავით წერედიანი ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მუშაობდა. რაკი ამჯერად,  ფრანგული ლიტერატურის ქართულ თარგმანებს მიმოვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ თანამედროვე ფრანგი ავტორის პასკალ კინიარის ვრცელი მოთხრობის „ ყოველი დილა ქვეყანაზე“ დავით წერედიანისეული კონგენიალური თარგმანიც. ვისაც ეს მოთხრობა ფრანგულად წაუკითხავს და დავით წერედიანის თარგმანს მერე ჩასჯდომია, მიხვდებოდა, რა დონის ოსტატობასა და ელვარე ნიჭზე გვაქვს აქ ლაპარაკი.

ისე კი, ქართული მთარგმნელობითი სკოლის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე მაინც ყველაზე უკეთ და ყველაზე ბევრი სწორედ ფრანგულიდან ითარგმნებოდა. ისტორიისათვის ალბათ ივანე მაჭავარიანის, გერონტი ქიქოძის, თედო სახოკიას, მაყვალა მრევლიშვილის, ნუნუ ქადეიშვილისა და სხვათა სახელების გახსენებაც კმარა. წინა საუკუნის 80იანი წლებიდან კი ყველაზე აქტიურად ამ ასპარეზზე ისევ მზია ბაქრაძე და გიორგი ეკიზაშვილი გამოჩნდნენ საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის გახსნის შემდგომაც, რომლის ერთერთი პრიორიტეტიც სწორედ ფრანგული ლიტერატურის ქართული თარგმანების ხელშეწყობა გახლდათ. თავიდან მთელი ეს პროცესი სწორედ ამ ორი შესანიშნავი მთარგმნელის მხრებზე გადავიდა. განსაკუთრებით კი გიორგი ეკიზაშვილისა, რადგან, რაოდენობითაც, მგონი, არავის უთარგმნია მისი ოდენი და მისნაირად კარგად.

ცოდნისა და არაჩვეულებრივი ლიტერატურული გემოვნების წყალობით, სწორედ გიორგი ეკიზაშვილი შემოუძღვა პირველად ქართულ სამყაროში ფრანგული ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსების მთელ თანავარსკვლავედს და მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ენაზე გვაქვს: მიშელ უელბეკის,  პატრიკ მოდიანოს, ლუი ფერდინანდ სელინის, დანიელ პენაკის, კიდევ სხვა ძალიან ბევრი ავტორის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გიორგი ეკიზაშვილის „უმთავრესი“ ფრანგის ალბერ კამიუს ძალიან ბევრი თხზულება, ადრე, კომუნისტების ეპოქაშივე, თარგმნილ ამავე ავტორის „შავ ჭირთან“ და „ უცხოსთან“ ერთად. (მთარგმნელები: გიორგი ეკიზაშვილი, ნესტან იორდანიშვილი)

საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დაარსების შემდეგ კი შეიძლება ითქვას, ყველაზე ბევრი და ყველაზე სისტემატურად ქართულად მაინც ფრანგული ლიტერატურის ნიმუშები ითარგმნება. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ძველი, გამოცდილი მთარგმნელების გვერდით, გამოჩნდა ახალი მთარგმნელების, ზოგჯერ სრულიად ახალგაზრდა ადამიანების სახელები, რომელთაც უკვე ბევრი რამის გაკეთება მოასწრეს და სამომავლოდაც დიდი პერსპექტივები აქვთ. იმ მასალიდან, რასაც მე ვიცნობ განსაკუთრებით რამდენიმე მთარგმნელსა და მათ ნამუშევარს გამოვყოფდი.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფილოსოფიური ტექსტების ქართულად გადმოღება, ისეთი თხზულებებისა, რომელთა ცოდნაც ენის ცოდნასთან ერთად სხვა, სპეციფიკური ცოდნის ფლობასაც გულისხმობს და ეს ყველას ერთნაირად არ ხელეწიფება.

ფრანგულიდან ასეთი ტიპის თხზულებების შესანიშნავი მთარგმნელი იყო შარშან გარდაცვლილი დოდო ლაბუჩიძე, რომელმაც მოასწრო ქართული ლიტერატურა არაერთი პირველხარისხოვანი თარგმანით გაემდიდრებინა. დოდო ლაბუჩიძემ ქართულად თარგმნა მონტენის, ლაროფშუკოს, პასკალისა და სხვა ფრანგი ფილოსოფოსების ნაწარმოებები. ეს თარგმანები გამოირჩევა ტექსტთან სიახლოვით, სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნებით, საქმისა და საკითხის დიდი ცოდნითა და ღრმა შინაგანი მთარგმნელობითი კულტურით.

ბოლო წლების ფრანგული ლიტერატურის თარგმანებიდან ჩემთვის უპირობო ლიტერატურული მოვლენაა მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებისას“ ძირითადი წიგნების თარგმნა და გამოცემა. ამ ეპოქალური თხზულების პირველი წიგნი, სოფიო ბენდიაშვილის მიერ თარგმნილი, ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურის ნამდვილ შენაძენად მიმაჩნია.

ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს დავით, გიორგი და ნატო კახაბერების, დალი იაშვილის მიერ თარგმნილი ნაწილები და ამიტომაც ჩნდება იმედი, რომ მალე ამ მთარგმნელების თავდაუზოგაობის წყალობით, უკვე სრული პრუსტიც გვექნება მშობლიურ ენაზე.

ნახსენები მთარგმნელებიდან ყველაზე ნაყოფიერად მუშაობს დალი იაშვილი. მისი წყალობით ქართულად გვაქვს ფრანსუა მორიაკის, როჟე მარტინ დიუ გარის,  ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს, პატრიკ მოდიანოს, ჟულიენ გრაკის, ფრანსუაზ საგანის, შან სას, ფილიპ ბესონის, ფელისიან მარსოსა და სხვა ფრანგი მწერლების თხზულებები. ისევე, როგორც ეს წიგნები, მათი თარგმანებიც სხვადასხვა ყაიდის, მიმართულებისა და სხვადასხვა მხატვრული დონისაა, მაგრამ ჩემთვის დალი იაშვილი რჩება მაინც ყველზე საიმედო გზამკვლევად თანამედროვე ფრანგულ მწერლობაში.

განსაკუთრებულად მომწონს კიდევ ერთი იაშვილის,  ნანა იაშვილის ნამუშევრები. მისი მიერ თარგმნილ წიგნებს გამოარჩევს კარგი ქართული და სტილის არაჩვეულებრივი გრძნობა, რომელიც სახასიათო ცვლილებებს გვაძლევს ყველა კონკრეტული  ფრანგი მწერლის ქართულ ვარიანტში.

ფრანგული ლიტერატურის ბოლოდროინდელი თარგმანებიდან ცალკე აღსანიშნავია პაატა ჯავახიშვილის ბრწყინვალე მთარგმნელობით ნამუშევრები: მიშელ უელბეკის „სეროტონინი“, ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“, ალბერ კამიუს პიესა „გაუგებრობა“ და მილან კუნდერას „უკვდავება“.

რასაკვირველია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ვრცელი წერილი გამოდის, ეს მიმოხილვა არც სრულყოფილია და არც რომელიმე მთარგმნელი ან მითუმეტეს, ყველა უცხო ენიდან ყველა მთარგმნელის ნამუშევრების სრული ბიბლიოგრაფია. ეს წერილი ჩემი პირადი მოსაზრებები და დაკვირვებებია მთარგმნელობით პროცესზე, ერთი (ვაღიარებ: არცთუ რიგითი) მკითხველის შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნებზე და, ცხადია, იმ უამრავი თარგმანიდან, რომელიც დღეს ქართულად იბეჭდება, ალბათ, ძალიან ბევრი გამომრჩება ანდა გამოვტოვებ.

ასეთი მომოხილვების მიზანია წაახალისოს სხვა ადამიანებიც იმისათვის, რომ მათაც შემოგვთავაზონ თავიანთი ვარიანტი, კიდევ ბევრმა ლიტერატორმა და კრიტიკოსმა დაიწყოს წერა ამ საკითხებზე და ამ წიგნებზე, რათა საბოლოოდ მართლა გამოიკვეთოს ის ყველაზე ღირებული ტექსტები, რაც მწერლობის ამა თუ იმ ჟანრსა და მიმართულებაში (მათ შორის თარგმანში) ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა.

თორემ ისე თავიდანვე ცხადია, რომ ერთი კაცის (რაც არ უნდა ობიექტურად კეთილგანწყობილი ადამიანის) ნაწერში სუბიექტურ მიდგომებს ვერასოდეს ავცდებით. მე რომ ფრანგულიდან თარგმანის ტრადიციას თუნდაც ქრონოლოგიური ნიშნით გავყოლოდი, რა თქმა უნდა, არც ივანე მაჭავარიანი „დამავიწყდებოდა“, არც გერონტი ქიქოძე და არც პეტრე მირიანაშვილი, მაგრამ რადგან კონკრეტული ეპოქითაც ვარ შემოსაზღვრული ამიტომ მხოლოდ იმ მთარგმნელებსა და წიგნებს აღვნიშნავ შედარებით ახლო წარსულიდან, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თარგმანის გარკვეულ ტენდენციებს ან თუნდაც პირველად შემოიყვანეს ქართულ სალიტერატურო სივრცეში რომელიმე მწერალი, ვინც ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია და დღესაც აქტიურად ითარგმნება.

ამ თვალსაზრისით და არამხოლოდ ამ თვალსაზრისით, არამედ თარგმანის განსაკუთრებულად მაღალი ხელოვნების გამო, სრულიად გამორჩეული სახელია მანანა გიგინეიშვილი, რომლის მიერ არაერთი ენიდან უბრწყინვალესად თარგმნილი წიგნები ჩვენი ლიტერატურის ნამდვილი საუნჯეა. აქ კი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი თარგმნილი გუსტავ ფლობერის „სალამბო“, რომელიც პირადად ჩემთვის მთარგმნელის ხელოვნებისა და პროფესიული პატიოსნების ნიმუშია. მანანა გიგინეიშვილის ყველა თარგმანი და განსაკუთრებით „სალამბო“ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ამდიდრებდეს თარგმანი სალიტერატურო ენას, როგორ შეიძლება მოქმედებდეს მთელ სამწერლობო პროცესებზე ისე, რომ უამრავი საინტერესო მოვლენის ბიძგი გახდეს.

სხვათა შორის, როცა „სალამბოზე“ ვლაპარაკობ, მთარგმნელის ხელიდან გამოსულ ავთენტურ ტექსტს ვგულისხმობ და არა იმ გაუგებრობას, რაც მერე მთარგმნელთან შეუთანხმებლად გამოსცა „პალიტრა ელმა“ და რასაც მანანა გიგინეიშვილის წერილობითი პროტესტი მოჰყვა.

სხვათა შორის, მანანა გიგინეიშვილის ეს წერილი, რომელიც ჟურნალ „არილში“ გამოქვეყნდა შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოგვადგეს რამდენიმე თვალსაზრისით: ერთი, მთარგმნელის ხელოვნების ამა თუ იმ ასპექტის გააზრებისას და, მეორე, მთარგმნელის ნამუშევართან რედაქტორისა თუ რედაქციის დამოკიდებულების მიჯნათა დასადგენად.

სტილისტურად სრულიად განსხვავებულია მანანა გიგინეიშვილის ფრანგულიდან თარგმნილი კიდევ ერთი შედევრი მარგერიტ იურსენარის „აღმოსავლური ნოველები“. ჩემი აზრით, ეს არის ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, როცა თარგმანი არაფერით ჩამოუვარდება დედანს და სრულ წარმოდგენას გვიქმნის დედნისეული ესთეტიკის არაერთგვაროვაროვან პერიპეტიებზე.

ლიტერატურა რომ საერთოდ სტილისა  და თხრობის ხელოვნებაა, ამას რა საგანგებო აღნიშვნა უნდა, მაგრამ ფრანგული ლიტერატურა განსაკუთრებით ფაქიზად ეკიდება სტილური გამომსახველობის ნიუანსებს და ამ ყველაფრის სხვა ენაზე გადატანას დიდი ცოდნა, პირველ რიგში მშობლიური (ანუ მთარგმნელის ენის) საფუძვლიანი ფლობა და განსაკუთრებულად დახვეწილი გემოვნება სჭირდება. მითუმეტეს ისეთი შეუდარებელი სტილისტის თარგმნისას, როგორიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მარგერიტ იურსენარი ან უფრო ადრე, ვთქვათ, ზემოთ ნახსენები მარსელ პრუსტი იყო.

იურსენარის „აღმოსავლური ნოველების“ მანანა გიგინეიშვილისეული თარგმანი არის იურსენარი მეორე ენაზე და ამაზე შორს თარგმანის ხელოვნება შეუძლებელია წავიდეს. თუმცა, საერთოდ, იურსენარის წინაშე კიდევ ვალშია ჩვენი მტარგმნელობითი სკოლა, რადგან ამ დიდებული მწერლისა მხოლოდ თითოოროლა რამ თუ არის თარგმნილი და სამწუხაროდ, არაც ყველა მათგანია ისეთი დონის, როგორიც მანანა გიგინეიშვილის მეირ გადმოქართულებული „აღმოსავლური ნოველები“.

რამდენიმე წლის წინათ მერაბ ფიფიამ თარგმნა იურსენარის ერთერთი საეტაპო ნაწარმოები „ადრიანეს მოგონებები“. კარგია, რომ ფრანგული ენის ჩინებული მცოდნე მერაბ ფიფია ბოლო ხანს აქტიურად ჩაერთო მთარგმნელობით და სალიტერატურო პროცესებში და მისმა გაუგონარმა შრომისმოყვარეობამ სასიამოვნო შედეგიც გამოიღო, თუმცა ამ შრომისმოყვარეობის გამო კონვეიერული წესით მუშაობა იშვიათად ამართლებს და, ვთქვათ, ერიკ ემანუელ შმიტის მსუბუქად ფრივოლური მისტიციზმით გატაცების „პირმშოთა“ თარგმნა ერთია, ეგუება ყველანაირ ნაჩქარეობას, მაგრამ „ადრიანეს მოგონებებს“ სხვა სიდინჯე სჭირდება, ნიუანსების სხვაგვარი გააზრება, ენობრივი პლასტების სრული წვდომა და ამ პლასტთა ისე განლაგება ტექსტის საერთო მდინარებაში, რომ  თარგმანიც მთლად დედანივით თუ არა, ოდნავ მაინც დაემსგავსოს  ძველ რომაულ მოზაიკას, ერთდროულად პირქუშს და ფერადოვანს.

რასაც ახლა ვიტყვი, სულაც არ ეხება  მაინცდამაინც მერაბ ფიფიას თარგმანებს, რადგან, როგორც ვთქვი, ბოლო ხანს ეს არაჩვეულებრივი მთარგმნელი უამრავი წიგნით გვანებივრებს და, ცხადია, ამ წიგნებიდან არც ყველა დედანი იქნება ერთნაირად კარგი და არც ყველა თარგმანი ერთნაირი სიძლიერისა. მთავარია, რომ ადამიანი კულტურისათვის არცთუ დალხენილ ამ დროებაში პრაქტიკულად ენთუზიაზმით აკეთებს უზარმაზარ საქმეს, არ ბეზრდება და ჯიუტად ცდილობს, რომ თავის კონკრეტულ მიმართულებაში გარღვევა მოახდინოს. ამიტომაც არ მგონია სწორი, რომ ჩავუკირკიტდე და მაინცდამაინც იმას, ვინც რეალურად ყველაზე ბევრს აკეთებს, ყველაზე მეტი შენიშვნა დავახვავო. სულაც, პირიქით: ასეთი რამდენიმე ადამიანი მინდა მუდმივად გავამხნევო და ჩემი დიდი პატივისცემა და თანადგომა დავუდასტურო.

უბრალოდ, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას ზოგადად: ვინაიდან ჩვენი სიმცირის გამო, ნებისმიერ სფეროში და, მათ შორის თარგმანში, შესაძლებლობები შეზღუდულია და ფუფუნებად ითვლება ის, რომ ერთდროულად ერთი წიგნის რამდენიმე თარგმანი გვქონდეს, მეტად სასურველია, თუ ძალიან მნიშვნელოვან წიგნებს, ვთქვათ, მარგერიტ იურსენარის ან ლუი ფერდინანდ სელინის რომანებს, ისე ვთარგმნით, რომ საქმე სახელმეორედ აღარ გავიხადოთ.

ამავე რანგის ფრანგი მწერლებიდან, ჩემი აზრით, ჩვენში შედარებით გაუმართლა ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს. წლების წინათ სოფიო ბენდიაშვილის მიერ ჩინებულად თარგმნილი მისი რომანი „უდაბნო“  იღბლიანი დასაწყისი აღმოჩნდა და მერე სხვადასხვა მთარგმნელის მიერ ასევე წარმატებულად გაგრძელდა ეს პროცესი. ნანა იაშვილმა თარგმნა მისი „გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი“, დალი იაშვილმა „აფრიკელი“, ვლადიმერ რაქვიაშვილმა „ ოქმი“, სულ ბოლოს კი მართლა აღმაფრთოვანა თამარ ლომიძის თარგმნილმა მისმა „ალმამ“, რომელიც „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ცნობილი სერიით გამოიცა.

ისე კი,  ამ დონის მწერლის ასეთი კარგი თარგმანები ძალიან ცოტაა.

თუმცა „ცოტა და სანიმუშოდ!“ საერთოდაც ჩემი პრინციპია და… როგორც ჩანს, ამ პრინციპს მისდევს ერთი ჩემთვის გამორჩეული მთარგმნელი ნინო ციმაკურიძეც, რადგან მისი ნამუშევრებიდან, რაც კი წამიკითხავს, თუ რამეზე შემიძლია ვთქვა, უზადოამეთქი, სწორედ ამ წიგნებზე. მაგალითად, ამ რამდენიმე წლის წინათ გამოცემულ გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენებაზე“, რომელიც ნინო ციმაკურიძემ ისე თარგმნა, რომ ეს თავისთავად საკულტო მწერალი და წიგნი ქართული ლიტერატურის გამორჩეულ ნაწილადაც აქცია.

პროფესიული პატიოსნებისა და ქართულის ჩინებული ცოდნის ასეთივე მაგალითია მარინე ჭილაშვილის თარგმანები. ნებისმიერ წიგნზე მისი გვარსახელი ჩემთვის ხარისხის გარანტიაა. ოღონდ, აქაც იგივე საკითხია: ეს წიგნები ძალიან ცოტაა.

ასეთი რამ გასაგებია შედარებით ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში, ისინი, ვინც ახლა იწყებენ თარგმნას, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მაგალითად, მაია ქაცანაშვილს, რომელმაც ბრწყინვალედ თარგმნა რამდენიმე ავტორი და მათ შორის, ისეთი რთული და  ენობრივი თამაშების გამო თითქმის უთარგმნელი ავტორი, როგორიც არის რაიმონ კენო. მაია ქაცანაშვილმა მისი სამი რომანი თარგმნა „ ზაზი მეტროში“, „ ლურჯი ყვავილები“ და „ქალი არ უნდა გაანებივრო: სალი მარას ირლანდიური რომანი“ და სამივე წიგნი სანიმუშო თარგმანია იმ მხრივ რომ თითქმის უდანაკარგოდ არის შენარჩუნებული კენოს არტისტიზმი, შავი იუმორი და სტილისტური მატრაბაზობის ცეცხლში გახვეული მწერლური ტალანტი.

მაია ქაცანაშვილმავე თარგმნა დევიდ ფონკინოსის, ლეილა სლიმანისა და ამელი ნოტომის რამდენიმე რომანი.

ამელი ნოტომის ყველაზე „ერთგული“  ქართველი მთარგმნელი კი მაინც მანანა ბოსტოღანაშვილია. სწორედ მანანას დამსახურებით, თითქმის სრულად გვაქვს ამ მწერლის რომანები ქართულად და ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ნოტომი იმდენს წერს, ძნელია, ადამიანი მის ტემპს დაეწიოს.

არადა, კაცმა რომ თქვას, რას წერს ამდენს? მე, პირადად, მისი წიგნებიდან სულ რამდენიმე რომანი მომწონს: „ კრძალვითა და ცახცახით“ (ჩინებულად თარგმნილი მთარგმნელობითი საქმის დიდოსტატის, მზია ბაქრაძის მიერ), მანანა ბოსტოღანაშვილის თარგმნილი „მკვლელის ჰიგიენა“ და, ბოლოს, „ანტიქრისტა“, რომელიც უკვე უთარგმნია მერაბ ფიფიას, მაგრამ თარგმანი ჯერჯერობით ჩემამდე არ მოსულა.

ეს სამი წიგნიც რომ ყოფილიყო ქართულად, უკვე სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არა! ნოტომი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ფრანგი მწერლებიდან და მის პოპულარობას მხოლოდ მიშელ უელბეკი თუ აჭარბებს, რომლის ყველა რომანი, მგონი, უკვე თარგმნილია და თან სულ ერთმანეთზე უკეთესი მთარგმნელების (გიორგი ეკიზაშვილი, ირმა ტაველიძე, დავით კახაბერი, პაატა ჯავახიშვილი, მერაბ ფიფია…) მიერ.

ქართულ საზოგადოებაში პოპულარობის მესამე ადგილს ალბათ ფედერიკ ბეგბედერი და დევიდ ფონკინოსი იყოფენ ერთმანეთში. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ ეს ორი ავტორი რამდენიმე წლის წინათ ერთად მოიწვიეს ჩვენს ქვეყანაში და ჩინებული შეხვედრაც გაუმართეს. სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრების დამსწრე საზოგადოება კარგად იცნობდა მათ შემოქმედებას. ბევრი ადამიანი მათ წიგნებს უშუალოდ დედანში კითხულობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად პოპულარობას ფრანგული ლიტერატურის ეს ორი მუშკეტერი მათ შესანიშნავ მთარგმნელებს უნდა უმადლოდეს: ფონკინოსი ნანა იაშვილსა და მაია ქაცანაშვილს, ხოლო ბეგბედერი თამარ ხოსრუაშვილს, გიორგი ეკიზაშვილს, ია ბერსენაძეს…

ამათ შემდგომ ალბათ პოპულარობით ან ფრედ ვარგასი მოსდევს ანდა ანი გავალდა. ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ავტორი, რომელთა წიგნებსაც საქართველოში ხალისით კითხულობენ. ვარგასის რომანები, ძირითადად, თამარ ხოსრუაშვილის თარგმნილია, ხოლო ანი გავალდას  რომანები თარგმნეს: ნანა იაშვილმა, ია ბერსენაძემ და მერაბ ნუცუბიძემ. გავალდას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი „უბრალოდ ერთად“  მერაბ ნუცუბიძემ თარგმნა. ისე მოხდა, რომ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერლების შეხვედრებსაც სწორედ მერაბ ნუცუბიძე თარგმნიდა სინქრონულად. ვინც იცის, სინქრონი რა რთული საქმეა, იმასაც მიხვდებოდა, რა ჩინებულად იცის ამ ახალგაზრდა კაცმა ფრანგული ენა, შეუდარებელი იყო ზეპირ თარგმანში, მაგრამ ლიტერატურული თარგმანი კიდევ სხვა უნარს მოითხოვს და ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ანი გავალდას წიგნის გადაშლისას. და ძალიან გამიხარდა, რომ ეს სკეფსისი მალევე გამიქარწყლდა და უფრო მეტიც, აღტაცებით შემეცვალა. ახალგაზრდა მერაბ ნუცუბიძემ ამ თავისი პირველი ნამუშევრით მხატვრულ თარგმანში სერიოზული განაცხადი გააკეთა.

ჩემი ამ ძალზე ზედაპირული მიმოხილვიდანაც კი შესანიშნავად ჩანს, როგორ განსაკუთრებით უყვართ საქართველოში ფრანგული ლიტერატურა. ეს სიყვარული ობიექტური ხარისხიანობის გარდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ძალიან კარგი მუშაობის დამსახურებაც არის. ამ ინსტიტუტის საქმიანობა გვიჩვენებს სწორედ, რამხელა მნიშვნელობა აქვს გონივრულად გადანაწილებულ რესურსებს, საქმის პროფესიულ კოორდინაციას და პასუხისმგებლობას, რასაც საკუთარი ქვეყნის კულტურის წინაშე გრძნობ. ასეთ შეთხვევაში საქმე მხოლოდ ერთეული მთარგმნელების ენთუზიაზმზე არ ჰკიდია და მთელი გუნდის მუშაობასაც განსაკუთრებული შედეგები მოაქვს. თუმცა, არის ობიექტური გარემოებანიც, რაც მთლიანი პროცესის საერთო სისუსტეს განაპირობებს. მაგალითად, ჟანრობრივი ერთფეროვნება (ის, რომ პროზა უფრო ბევრი ითარგმნება, ვიდრე პოეზია) ზოგადად პოეზიისადმი ინტერესის განელებითაც არის შეპირობებული და იმითაც, რომ პოეზიის კარგად თარგმნა გაცილებით სპეციფიკურ უნარს საჭიროებს.

ის, რომ უკვე აღარ არიან დავით წერედიანი და გივი გეგეჭკორი, დიდი დანაკლისია; თუმცა არსებითად ამ დონის (გენიოსი) მთარგმნელი შეიძლება საუკუნეში ერთი ან რამდენიმე დაიბადოს, მაგრამ ზოგადად პროცესის არსებობისათვის საჭიროა ასე თუ ისე მაინც ითარგმნებოდეს პოეზია.

იმ ადამიანებიდან, ვინც დღეს ფრანგულ პოეზიას დედნიდან თარგმნის (და რაც მტავარია ვისი ნამუშევარიც ჩემამდე, როგორც მკითხველამდე მოსულა) აუცილებლად უნდა გამოვაცალკეო რამდენიმე ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო რენე შარის არაჩვეულებრივი თარგმანის წაკითხვა, რომელიც ილია გასვიანმა შეასრულა. ილია გასვიანის თარგმნილ პოეტურ ნიმუშებში მოხელთებული იყო ნამდვილი პოეზიის ნერვი და ეს ნიუანსები შესანიშნავად იყო გადმოტანილი ქართულად, ტრადიციის გათვალისწინებით და თანამედროვე მიღწევების დაცვით. სასიამოვნოა, რომ გასვიანი მხოლოდ პოეზიის მთარგმნელი არ არის და მას თანაბრად კარგად ხელეწიფება, როგორც პოეზიის ასევე პროზის თარგმნა. და თანაც არა მხოლოდ ფრანგულიდან, რომელიც მშობლიური ქართულივით იცის, არამედ იტალიური ენიდანაც. ყოველშემთხვევაში, მისი ყველა თარგმანი, რაც კი წამიკითხავს, პროფესიონალიზმის, ცოდნის, გემოვნების და ლიტერატურული დახვეწილობის გამოკვეთილი ნიმუშია.

ძალზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ნანა გიგოლაშვილისა და ირაკლი ყალიჩავას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ამა თუ იმ ავტორის ლექსები.

თავის დროზე განსაკუთრებული მომეჩვენა დავით აკრიანის თარგმნილი და ბრწყინვალე პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, კონცეპტუალური დიზაინით საგანგებოდ შემკული შარლ ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“. აქვე აღვნიშნავ ამავე მთარგმნელის ორ პროზაულ ნამუშევარსაც მარი მეტრაიეს „ღიმილის მტვერსა“ და მორის მეტერლინკის „ფუტკრების ცხოვრებასაც“.

პოეზიის რანგში განვიხილავდი იმ ერთ არაჩვეულებრივ წიგნსაც, რომელიც ბოლო დროს ითარგმნა ფრანგულიდან და რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის ქეთევან კოკოზაშვილის მიერ ჩინებულად თარგმნილი არტურ რემბოსა და პოლ ვერლენის პირადი მიმოწერა. ეს წიგნი ჩემთვის პირადად თითქმის იმავე ხარისხის ნამუშევარია, როგორიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ბოდლერის „ლექსები პროზად“ იყო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ეს არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა არის ამავე ჟანრის ქმნილებათა ქართულად გადმოღების ერთგვარი საზომი, ის მეტად მაღალი თამასა, რომლის ქვემოთაც უკვე ოსტატობის, ცოდნის და ტექსტის წვდომის დონე აღარ უნდა დაეშვას.

ასეთივე საზომია ლანა ღოღობერიძის მიერ ქართულად თარგმნილი ფრანგული პოეზიის ნიმუშებიც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე მთარგმნელობითი საქმის კლასიკაა.

დღეს კი ფრანგული პოეზიის მთარგმნელებიდან ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელი ბაჩანა ჩაბრაძეა. ბაჩანამ, რომელიც იყო ჩვენი თაობის ერთერთი ყველაზე იმედისმომცემი პოეტი, როგორც ჩანს, არჩევანი საკუთარი პოეზიის საზიანოდ და თარგმანის სასარგებლოდ გააკეთა და ქართული პოეზიის თარგმანი ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტით გაამდიდრა.

უმთავრესია მის მიერ თარგმნილი კრებული „ფრანგული შანსონი“, სადაც კარგად ჩანს პოეტ ბაჩანა ჩაბრაძის ელვარე ნიჭიერება და ძალიან დიდი მასშტაბები. ფრანგული შანსონი ერთი შეხედვით მარტივი სასიმღერო ტექსტებია, თუმცა ალბათ, უფრო უკეთესი იქნებოდა მეთქვა, უბრალო სიტყვებით, ძალზე სადად გადმოცემული უღრმესი ადამიანური გრძნობები და ამ ტექსტების სხვა ენაზე თარგმნა სწორედ ამ უბრალოების გამო მეტისმეტად რთული და სარისკოა.

თუმცა, ბაჩანა ჩაბრაძისათვის, როგორც მთარგმნელისათვის, არანაირი სირთულე არ არსებობს და სწორედ ამისი წყალობაა, რომ ფრანგული პოეტური მეტყველების ამ უაღრესად რთული და სპეციფიკური მიმართულების შანსონის პირველ წარმატებულ ადაპტორადაც მოგვევლინა ქართულ ნიადაგზე.

პოეზიის თარგმანის სპეციფიკურობის გამო კი, შესაძლებელია თარგმანი შუალედური ენიდან ან პწკარედიდანაც შესრულდეს და მაინც სანიმუშო იყოს. სწორედ ამისი მაგალითია თამარ კოტრიკაძისა და ვასილ გულეურის მიერ თარგმნილი ჟან ჟენეს სკანდალური პოემა „სიკვდილმისჯილი“, რომელიც ვასილ გულეურის პოეტური ნიჭის დამსახურებით ქართულად ჩინებული გამოვიდა.

რაკი ჟან ჟენე ვახსენეთ, აქვე საჭიროა გიორგი კახაბერის თარგმნილი მისი ერთერთი მთავარი რომანი „ნოტრ დამ დე ფლერიც“ გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ ეს მართლა სპეციფიკური ტექსტი ქართველმა მთარგმნელმა მთლიანობაში ძალზე წარმატებულად გადმოიღო და რა კარგი იქნებოდა, თუნდაც იმავე გიორგი კახაბერს ჟენეს „ჯიბგირის დღიურისთვისაც“ მოეკიდა ხელი.

გაგრძელება იქნება

თემები