თანამედროვე ქართული მთარგმნელობითი პროცესები – მეორე ნაწილი
გიორგი ლობჟანიძე

(ზოგადი მიმოხილვა)
გაგრძელება

საქართველოში ალბათ ფრანგულზე კიდევ უფრო მეტად იტალიურ ლიტერატურას გაუმართლა, რადგან დღეს რამდენიმე ისეთი მთარგმნელი მუშაობს ამ მიმართულებით, რომელთა მხრებზეც დგას იტალიური ლიტერატურის ქართული სასახლე.

ერთი მათგანი, ილია გასვიანი უკვე ვახსენეთ, რადგან იგი, ძირითადად, ფრანგულიდან თარგმნის, მაგრამ ბოლო დროს იტალიური ლიტერატურის რამდენიმე ნიმუშიც გამოაქვეყნა, ამ ენიდან თარგმნილი, მათ შორის ერთი დამოუკიდებლად (იტალო კალვინოს „ბარონი ხეზე“) და ერთიც მარიეტა ჩიხლაძესთან ერთად თარგმნილი ( იტალო ზვევოს „ძენის თვითშემეცნება“). ორივე ეს ნაწარმოები ურთულესი ტესტია, სავსე ლიტერატურული ალუზიებითა თუ ფილოსოფიური გააზრებებით და რა სასიამოვნოა, რომ მთარგმნელი ყველა ნიუანსის გადმოტანას ჩინებულად ახერხებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა, თავის მეორე „მშობლიურ“ ფრანგულთან ერთად,  თითქმის სრულყოფილად იცის იტალიურიც და ორივე ამ ენიდან თანაბარი ოსტატობით თარგმნის, გვაზიარებს ამ მწერლობათა პირველხარისხოვან ნიმუშებს და შესაშური გულმოდგინებით ამდიდრებს და აფართოებს ჩვენს ლიტერატურულ თვალთახედვას.

იტალო კალვინოს კი იტალიური ლიტერატურის ისეთი პირველხარისხოვანი მთარგმნელებიც თარგმნიან დღეს, როგორებიც არიან ნუნუ გელაძე, ხათუნა ცხადაძე და დარეჯან კიკოლიაშვილი.

ეს მწერალი ერთ-ერთმა პირველმა ნუნუ გელაძემ შემოიყვანა ქართულ სალიტერატურო სივრცეში, როცა ოთხმოცდაათანი წლების დასაწყისში, ჟურნალ „დროშაში“ კალვინოს ორი ნოველა გამოქვეყნდა.

უფრო აქეთ ამას მოჰყვა დარეჯან კიკოლიაშვილის თარგმნილი „უხილავი ქალაქები“ და შემდგომ ხათუნა ცხადაძის მიერ ვირტუოზულად გადმოღებული „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“.

გვაქვს კალვინოს სხვა კარგი თარგმანებიც, რომლებიც იტალიურიდან შედარებით ახალგაზრდა თაობის მთარგმნელმა მაია ტურაბელიძემ შეასრულა.

საერთოდ, იტალიური ლიტერატურის თარგმანის შესანიშნავი სკოლა გვქონდა საქართველოში. თედო სახოკიას მიერ ქართულად ამეტყველებული „დეკამერონი“ ჩვენი ლიტერატურის ნამდვილი მშვენებაა. თედო სახოკიამვე თარგმნა ჯუზეპე გარიბალდის რომანი „კლელია“, რომლის მხატვრული ღირებულება დიდად ჩამოუვარდება „დეკამერონისას“, მაგრამ თარგმანი არის ბრწყინვალე და ურიგო არ იქნებოდა ამ ნაწარმოების ხელახალი გამოცემაც გვქონოდა.  გვაქვს დანტე ალიგიერის კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გერმანულიდან შესრულებული მრავალმხრივ საყურადღებო თარგმანიც.

იტალიურიდან კი თარგმნიდა ქართული მთარგმნელობითი კოჰორტის უტრაგიკულესი ადამიანი ელისაბედ ბაგრატიონი, რომლის კალამსაც ეკუთვნოდა ალბერტო მორავიას „ჩოჩარას“ ძალზე საინტერესო თარგმანი, დღემდე რომ არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. მოგვიანებით მორავია და კიდევ სხვა იტალიელი მწერლები თარგმნა ზაირა სტურუამაც.

ამ მწერალს განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდნენ სოციალისტურ ეპოქაში და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დედნიდან არ იყო შესრულებული, აქვე მაინც უნდა ვახსენოთ ნინო სამუკაშვილის მიერ რუსულიდან გადმოღებული ალბერტო მორავიას მოთხრობების სოლიდური კრებული „ამ სახლში მოკლეს ადამიანი“.

იტალიური პოეზიიდან კი ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახლდათ თამაზ ბაძაღუას ბრწყინვალე ნამუშევარი ჯაკომო ლეოპარდის არაჩვეულებრივი კრებული, რომელიც მთარგმნელობითი საქმის ნამდვილი შედევრია. ბაძაღუასვე ჰქონდა თარგმნილი სხვა იტალიელი პოეტებიც, მაგალითად, მიქელანჯელო ბუონაროტის, პიერ პაოლო პაზოლინისა და ფრანჩესკო პეტრარკას არაერთი ნიმუში, რომლებიც კარგი იქნება, თუ ერთ კრებულში მოიყრის თავს და მკითხველს საშუალება მიეცემა თვალი გადაავლოს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართველი პოეტის მთარგმნელობით შემოქმედებასაც, რომლის უდროოდ, ტრაგიკულად წასვლამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა ჩვენი ლიტერატურის შემდგომ განვითარებას, რადგან წარმოდგენაც კი ნეტარებით მავსებს იმისა, რა სიმაღლეებზე აიყვანდა ქართულ სიტყვას უკვე ჭარმაგი თამაზ ბაძაღუა.

თამაზივით ახალგაზრდა არა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწორედ შემოქმედებით სიმწიფის ასაკში წავიდა ქართული ლიტერატურისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ჯემალ აჯიაშვილი, რომელმაც თავის მთავარ ნამუშევრებთან ერთად ასევე ბრწყინვალედ თარგმნა ფრანჩესკო პეტრარკას სონეტები.

ამ ნიმუშებსაც, ისევე როგორც ჯემალ აჯიაშვილის ყველა ნამუშევარს, უაღრესად მდიდარი და დახვეწილი ქართული გამოარჩევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთარგმნელობითი მეთოდი ჩემთვის პირადად პრინციპულად მიუღებელია და ზოგჯერ ამ თარგმანებს, თუკი დედანთან ობიექტურად შედარების საშუალება მოგეცემა,  „თარგმანს“ – ამ სიტყვის პროფესიული გაგებით – ვერაფრით დაარქმევ, მაინც უნდა ვაღიარო, რომ ჯემალ აჯიაშვილის შემთხვევაში, ნამდვილად აღარა აქვს მნიშვნელობა, რას კითხულობ, იყოს თუნდაც ლიტერატურული მისტიფიკაცია, მთავარია, რომ ეს ყოველთვის არის სიტყვიერების ნამდვილი ნიმუში, რომლის ჩრდილშიც სულს იბრუნებენ დავიწყების უდაბნოში ნახეტიალები სიტყვები და ინტონაციები.

ეს, ზოგადად, თორემ ცხადია, პირადად მე მაინც სიზუსტე მირჩევნია.

უფრო სწორად, მირჩევნია, როცა თარგმანში დაზუსტებით ვიცი, რომ დედანშიც სწორედ ის წერია, რასაც ჩემს ენაზე ვკითხულობ. ოსტატობა კი ფრაზის ქართულად გამართვა კი არა, დედნის ფრაზის გამართვაა მშობლიურ ენაზე.

ზემოთქმული გემოვნების „ამბავიც“ იმდენადვეა, რამდენადაც თარგმანის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, ახალი ფორმებითა და საშუალებებით შესწავლისას შემუშავებული მეთოდიკის ზოგადი პრინციპები.

ამ პრინციპების თანახმად, თარგმანი უმნიშვნელოვანეს შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, ამავდროულად, სამეცნიერო კვლევაც არის, სადაც სათანადოდ უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს მეცნიერული და შემოქმედებითი უნარები.

„და ვისცა ეს სრულად არა სჭირს“, აკლია მთარგმნელთ ზნეობა…

ოდნავ ჩვენთვის სასარგებლოდ რომ „ვთარგმნოთ“ ვეფხისტაყოსნის ეს გენიალური სტრიქონი….

იტალიური ლიტერატურის თარგმანებს რომ მივუბრუნდეთ, ისე გამოვიდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ამ თვალსაზრისით კულტურტრეგერის უმთავრესი ფუნქცია მაინც ნუნუ გელაძემ შეასრულა. დროის ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთში სწორედ ნუნუ გელაძეს შემოჰყავს ქართულ სივრცეში ახალი და უახლესი იტალიური ლიტერატურის ისეთი ფიგურები, რომლებმაც სულ ცოტა ხანში მსოფლიო სახელი მოიხვეჭეს და მათი შემოქმედების თარგმნა ქართულადაც უფრო აქტიურად დავიწყეთ.

მაგალითად, იტალო კალვინოზე უკვე მოგახსენეთ, რომლის მოთხრობების პირველი ქართული თარგმანები ნუნუ გელაძეს ჯერ კიდევ 1982 წელსა აქვს გამოქვეყნებული.

1999 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დასტამბული მცირე ესეების ნუნუ გელაძის თარგმანით შემოვიდა უმბერტო ეკოც ქართულ ინტელექტუალურ ცხოვრებაში. მასვე ეკუთვნის ფრანჩესკო ასიზელის, ლუიჯი პირანდელოს, ალბერტო მორავიას, დინო ბუცატის, ჩეზარე პავეზეს, ელზა მორანტეს, სალვატორე კვაზიმოდოს და სხვა კიდევ მრავალი სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და მიმართულების იტალიელი ავტორის არაერთი თხზულების თარგმანი.

თუ ამას, პირიქით, ქართული ლიტერატურიდან შესრულებული და იტალიაში გამოცემული არაერთი ქართველი ავტორის ტექსტებსაც დავუმატებთ, სრულიად ნათელი გახდება ნუნუ გელაძის განსაკუთრებული მნიშვნელობა დღევანდელი იტალიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობებისათვის.

უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ნუნუ გელაძის თარგმანს ყოველთვის გამოარჩევს დიდი ლიტერატურული გემოვნება და ხალასი მწერლური ნიჭიერება, რაც საკმარის საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ყველა მწერალი სათანადო სტილური ბრწყინვალებით მოგვეწოდოს მშობლიურ ენაზე. მისი ბოლო ნამუშევარი, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, ცნობილი იტალიელი რომანისტის დაჩა მარაინის რომანია: „ხმები“, რომელიც ქართულად შარშან გამოიცა.

ნუნუ გელაძესთან ერთად, ქართულ-იტალიური ლიტერატურული და სამეცნიერო ურთიერთობისათვის ასეთივე უმნიშვნელოვანესი ადამიანია გაგა შურღაია.

სხვათა შორის, გაგა თვითონაც შესანიშნავი ბელეტრისტია. ამას წინათ ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ქართულად დაწერილი მისი მოთხრობების კრებული და  ამ მოთხრობებმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. უფრო სწორად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მწერალ გაგა შურღაიას „ხელს უშლის“ მეცნიერი და იტალიურიდან მთარგმნელი გაგა შურღაია, თორემ ნებისმიერი ადამიანი, ამ ბექგრაუნდის გარეშე, მხოლოდ ეს წიგნიც რომ ჰქონოდა ქართულად დაწერილი, თავს მოიწონებდა საკუთარი მწერლობით და თავის პოპულარიზაციაზეც ალბათ უფრო სერიოზულად იზრუნებდა. მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ათასი საფიქრალით, სამეცნიერო და ლიტერატურული პრობლემით შეპყრობილ გაგა შურღაიას ასეთი წვრილმანი მენეჯმენტისათვის უბრალოდ არ სცალია.

ყოველ შემთხვევაში, თარგმანის ხელოვნების თვალსაზრისით, იტალიურიდან გაგა შურღაიას თარგმნილი დინო ბუცატი ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად მიმაჩნია.

იტალიური ენისა და კულტურის კიდევ ერთი შესანიშნავი სპეციალისტი, რომელმაც ამ ბოლო დროს თავისი ორიგინალური რომანიც გამოსცა, ნოდარ ლადარიაა. პირადად მე ეს რომანიცა და თარგმანებიც ჩვენი ლიტერატურის შენაძენად მიმაჩნია. მას ბრწყინვალედ აქვს თარგმნილი კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, ტომაზო ლანდოლფის რომანი და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები.

ჩემს მუდმივ პროფესიულ აღტაცებას იწვევს ხათუნა ცხადაძე. მარტო უმბერტო ეკოს ის რამდენიმე ვებერთელა რომანიც რომ ეთარგმნა, სრულიად საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისათვის. თან თარგმანიც არის და თარგმანიც: ხათუნა ცხადაძე უკვე მთელი ინსტიტუტია: მთარგმნელი-ორკესტრი, რომელსაც შესანიშნავად გამოსდის ყველა ჟანრი, ყველა მიმართულება. ვირტუოზულად გრძნობს ორივე ენის უფაქიზეს ნიუანსებს და ისეთ სასწაულს ახდენს, რომ თავის თარგმნილ ნებისმიერ ტექსტს გაუნელებელი ცნობისწადილით წაგაკითხებს. ეს არის ენის სტიქია, უფრო სწორად, ორი ენის სტიქიაში გადაშვება და მისტიკური თავდავიწყება. სწორედ ამ მისტიკურ აღტყინებას გრძნობს მკითხველი და სულმოუთქმელად ამთავრებს ხათუნა ცხადაძის თარგმნილ ყოველ წიგნს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ წიგნებს ხელახლა მიუბრუნდება, აღმოაჩენს, რამდენი უმუშავია მთარგმნელს ამა თუ იმ ნაწარმოების ყველა პასაჟისთვის: რამდენი წიგნი უნდა დაემუშავებინა, რამდენი უნდა ეფიქრა თითოეულ ტერმინსა თუ ფრაზაზე, რომ, ვთქვათ, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ ან „ ფუკოს ქანქარას“ შესაბამისი მეცნიერული (ხშირად სრულიად სხვადასხვა მეცნიერებიდან მოხმობილი დებულებები) მშობლიურ ენაზე ასე ლაღად, დაუძაბავად, უდანაკარგოდ გადმოეღო. ეკოს გარდა, ხათუნამ ასევე შესანიშნავად თარგმნა პიერ-პაოლო პაზოლინის „ქუჩის ბიჭები“ , მელანია მაცუკოს „ვიტა“ და, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩეზარე პავეზეს ლექსები, რადგან ხშირად ხდება ხოლმე რომ პროზის მთარგმნელებს პოეზიის თარგმანი საერთოდ არ გამოსდით. ხათუნა ცხადაძე კი აქაც ბედნიერი გამონაკლისია და მისთვის მიუღწეველი სიმაღლე არ არსებობს.

თითქმის ასეთივე დონის მთარგმნელია დარეჯან კიკოლიაშვილი, რადგან იმ რამდენიმე წიგნიდან, რომელიც მან თარგმნა და ბოლო ხანს გამოიცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით დღეს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი გვყავს, თუმცა სასურველია უფრო მეტი იმუშაოს და უფრო აქტიურად იყოს ჩართული ჩვენს სალიტერატურო პროცესებში.

ერთი იტალიური რომანი, რომლის თარგმნაც განსაკუთრებულად გამიხარდა, დინო ბუცატის  „თათრების უდაბნოა“. ასე ჰქვია ქართულ თარგმანს და მეც ასე ვიმოწმებ, თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ალბათ წიგნს „თათრის უდაბნოს“ დავარქმევდი, რადგან ქართულად კრებითი სახელი ძალიან მარჯვედ ცვლის მრავლობითს და ასეთ შემთხვევაში, სჯობდა, სწორედ კრებითი გამოგვეყენებინა.

რადგან თავიდანვე შენიშვნით დავიწყე, არ მოვერიდები იმის პირდაპირ თქმასაც, რომ მერჩივნა, ეს გენიალური ნაწარმოები უფრო უკეთესი თარგმანით წამეკითხა მშობლიურ ენაზე.

თუმცა, რა თქმა უნდა ვაფასებ მთარგმნელის, მადონა ბოკუჩავას შრომას, მაგრამ ნუ მიწყენს, რომ მისი სახელი ჯერჯერობით მე პირადად არაფერს მეუბნება და ვერც ამ თარგმანით მითხრა რამე „სანუგეშო“.

ისე, ალბათ, სჯობს, რომ როდესაც ამ რანგის ნაწარმოების გადმოღებას ვაპირებთ ქართულად, ასეთი წიგნები სწორედ გამოცდილ მთარგმნელებს ვანდოთ ხოლმე, თორემ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ ერთი და იგივე წიგნი რამდენჯერმე ითარგმნოს. როგორც წესი, „დიდი წიგნების“ შემთხვევაშიც კი მხოლოდ ერთი თარგმანი კეთდება და ავია თუ კარგია, მერე ეს რჩება და რჩება დიდი ხნის განმავლობაში.

გამონაკლისები კი მხოლოდ წესს ადასტურებენ და ტენდენციას ვერაფრით ვერ ქმნიან.

თუ ასეთი დიდი წიგნის თარგმანი ნიკო ავალიშვილის ნამუშევარია, გაგიხარია, მართლაც შემორჩება ქართული ლიტერატურის ისტორიას. სერვანტესის „დონ კიხოტი“ (ახლა კი გვისწორებენ ესპანურის მცოდნეები, რომ „დონ კიხოტეა“ სწორი ფორმაო, მაგრამ, მოდით, ჩვენ მაინც იმ ფორმას მივყვეთ, რომლითაც შემოსულა და დამკვიდრებულა ჩვენში, თორემ ასე რომ გავყვეთ,  მაგალითად, თეირანის მაგივრად თეჰრანი უნდა ვწეროთ და ვთქვათ, ისპაანის მაგივრად, ისპაჰანი, თავრიზის მაგივრად თაბრიზი და ა. შ. ) სწორედ მისი კონგენიალური თარგმანის მეშვეობით გახდა უაღრესად პოპულარული ქართულ სამყაროში. აღარც მახსოვს, რამდენჯერ მაქვს წაკითხული ნიკო ავალიშვილის ეს თარგმანი სხვადასხვა ასაკში და ჩემი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპებზე და ყოველთვის მოხიბლული ვრჩებოდი იმ საოცარი დინამიზმით, სტილური მრავალფეროვნებითა და შესაშურად მდიდარი ქართულით, რაც ამ უნიკალურ თარგმანს გამოარჩევს.

რა თქმა უნდა, არაერთი კრიტიკოსიც გამოსჩენია ნიკო ავალიშვილს: ძირითადად, ამბობდნენ ხოლმე, რომ დონ კიხოტის მისი თარგმანი დედნიდან კი არა, რუსულიდან არის თარგმნილიო და ამას უპირობო ნაკლად მიუთვლიდნენ.

არადა, მე ამ საკითხსაც, ანუ შუალედური ენის გამოყენებასაც, ცოტა განსხვავებულად ვუყურებ.

შეიძლება, ვინმემ, ვინც იცის ჩემი დამოკიდებულება, რომ შუალედური ენიდან კი არა, იმ ენებიდანაც კი არაფერი მითარგმნია, რომელიც თითქმის სრულყოფილად ვიცი, მაგრამ თავს მათ სპეციალისტად არ მივიჩნევ, ცოტა გააკვირვოს იმან, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ თარგმნისას შუალედური ენის მოშველიება (ვთქვათ, რუსული ან ინგლისური ენისა) მაინცდამაინც დიდ ცოდვად სულაც არ მეჩვენება.

რასაკვირველია, სჯობს, თუ დედნის ენის ისეთი სპეციალისტია, რომელსაც ამავდროულად მშობლიური ენაც კარგად ემარჯვება, ასპარეზი სწორედ მას დარჩეს და უმთავრესი წიგნებიც დედნიდანვე ამ ადამიანმა გააკეთოს, მაგრამ როცა ასეთი ადამიანი არ არსებობს, ანდა არის, მაგრამ სხვა ინტერესები აქვს (ვთქვათ, სულ სხვა მწერლები აინტერესებს), მაშინ ვის რა დაეძრახება, თუ შუალედური ენიდან მოჰკიდებს ხელს თარგმანს და ამ საქმეს თავსაც წარმატებით გაართმევს. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ჩვეულებრივი უფლებაა და ყველას შეუძლია თავს ამისი უფლება მისცეს.

ფაქტი ის არის, რომ შუალედური (აქამდე, ძირითადად, რუსული) ენის მეშვეობით შესრულებული არაერთი ისეთი თარგმანი ვიცი, რომელმაც თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ქართული სამწერლობო პროცესების განვითარებაში, ხოლო ზოგი მათგანი სამუდამოდ შემორჩა ჩვენი ლიტერატურის ისტორიას.

ასეთია, ვთქვათ, პეტრე მირიანაშვილის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ყურანის პირველი ქართული თარგმანი (1906),  თამაზ ჩხენკელის მიერ რუსულიდან თარგმნილი ევროპული თუ აღმოსავლური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშები და ბოლო დროს, ასეთივე რანგის ნამუშევარია მიხეილ ანთაძის მიერ რუსულიდან შესრულებული არტურო პერეს რევერტეს „დიუმას კლუბი“ თუ პორტუგალიელი დიდოსტატის ჟოზე სარამაგუს რომანები, რომელთა მიხეილ ანთაძისეული თარგმანები ჩვენი ლიტერატურის ბოლოდროინდელ დიდ შენაძენად მიმაჩნია. და სულაც არ მგონია პრობლემა ის, რომ ეს თარგმანები შუალედური ენიდან შესრულდა, რადგან პორტუგალიურის მცოდნე ალბათ თითებზე ჩამოსათვლელია საქართველოში და კიდევ უფრო ცოტა იქნება ისეთი, რომელიც ლიტერატურულ თარგმანს თავს გაართმევს.

ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ერთი გურანდა ფაჩულია ვიცი, რომელმაც ბრწყინვალედ თარგმნა თანამედროვე პორტუგალიელი მწერლის ჟოზე ლუის პეიშოტუს ერთი რომანი და ჯერჯერობით… გაჩერდა…

მოკლედ, ეს ყველაფერი ნიკო ავალიშვილის კონგენიალურ  „დონ კიხოტზე“ მსჯელობას მოვაყოლე და ისევ ამ წიგნს რომ დავუბრუნდე, უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად მისი ეჭვშეუვალი ლიტერატურული ღირსებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, ამაზე უკეთ კიდევ როგორ შეიძლება ითარგმნოს ეს წიგნიო, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დონ კიხოტის“ მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი თარგმანი უკვე ესპანურიდან გაკეთდა საუკუნის შემდგომ და თანაც ეს საქმე, არც მეტი არც ნაკლები, თვით უკვდავი ბაჩანა ბრეგვაძის ხელმა აღასრულა.

ასეთ ეპითეტს მე პირადად მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით თუ გამოვიყენებ და ცხადია, აქედანაც კარგად ჩანს ჩემი დამოკიდებულება ბაჩანა ბრეგვაძისადმი, თუმცა „დონ კიხოტის“ შემთხვევაში დღემდე არ ვიცი, რომელი თარგმანი მირჩევნია და რომელი რომელს სჯობს რეალურად: რუსულიდან ნიკო ავალიშვილის გადმოქართულებული თუ ესპანურიდან თარგმნილი ბაჩანა ბრეგვაძის მიერ.

ეს ის იშვიათი სასიხარულო შემთხვევაა, როცა ერთი თარგმანი მეორეს კი არ აკნინებს, ორივე ერთმანეთს ავსებს და გამოჰკვეთს ერთურთის მნიშვნელობას.

ეს რაც შეეხება ესპანური ლიტერატურის უპირველესი ქმნილების ქართულ თარგმანს. ისე კი სასიხარულოა, რომ საქართველოში დიდი წარმატებით გრძელდება ესპანურ ენაზე შექმნილი თანამედროვე ლიტერატურის თარგმნა და ათვისება. ეს ლიტერატურა დღეს მოიცავს არამხოლოდ უშუალოდ ესპანელი ავტორების ნაწარმოებებს, არამედ იმ უაღრესად თავისებურ მწერლობასაც, რომელსაც სხვა ესპანურენოვანი ქვეყნების შვილები სწორედ ამ, მათთვის მშობლიურ ენაზე ქმნიან. ამ მწერლებიდან ჩვენში გასაკუთრებით პოპულარული ალბათ მაინც გაბრიელ გარსია მარკესია, რომლის საქართველოში პოპულარობასაც, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, უპირველესად მთარგმნელის ელზა ახვლედიანის გამორჩეულმა ნიჭიერებამ შეუწყო ხელი. სწორედ ელზა ახვლედიანმა თარგმნა მარკესის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ქართულად: „ მარტოობის ასი წელიწადი“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება“ და „პატრიარქის შემოდგომა“, რომელიც ჟურნალ „საუნჯეში“ დაიბეჭდა და  წიგნადაც შემდგომში ორჯერ გამოიცა.
იმან კი, რაც უკვე ამ ბრწყინვალე მთარგმნელმა დიდი ხანია გააკეთა, თავისი უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა, არამხოლოდ ქართული თარგმანის, არამედ ქართული ორიგინალური მწერლობის შემდგომ განვითარებაზე.

საინტერსოა, ვინმე სრულიად ობიექტურმა მკვლევარმა ამ თვალსაზრისით შეისწავლოს 80-იანი წლების ქართული პროზა და დაადგინოს, სად, ვისთან რა არის მარკესისეული: სიუჟეტის განვითარებიდან დაწყებული ენობრივი თავისებურებებით დამთავრებული. ელზა ახვლედიანის ენას ხომ სხვა ყველაფერთან ერთად, ქართულის სინტაქსურ თავისებურებებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც გამოარჩევს.

შეიძლება ითქვას, რომ მარკესის ქართული, რომელიც მერე ბევრი ქართველი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვებს გამოძახილს, სწორედ ელზა ახვლედიანმა ჩამოაყალიბა და ამითი, როგორც ვთქვით, არამხოლოდ მარკესისა და საერთოდ ესპანურენოვანი მწერლების თარგმანის ზოგადი სტილისტიკა შემოფარგლა.

მარკესის შემდგომი პერიოდის მთარგმნელები (მთარგმნელების ახალი თაობა) ხომ, შეიძლება ითქვას, მზამზარეულად მიჰყვნენ ამ გამზადებულ მატრიცას და ამაში არც ცუდს ვხედავ რამეს და არც დამაკნინებელს: სავსებით ბუნებრივი რამ არის და, წესით, სწორედაც რომ ასე უნდა ყოფილიყო.

ყოველ შემთხვევაში, იმას, რის თარგმანსაც ქალბატონი ელზა ფიზიკურად ვერ აუვიდა, ჯერ თეა გვასალიამ მოჰკიდა ხელი დიდი წარმატებით და ერთმანეთზე უკეთესი თარგმანები დააწყო, ბოლო პერიოდში კი ამ ყველაფერს  ლანა კალანდიას ელვარე ნიჭიერებამ დაადგა გვირგვინი.

ლანა კალანდიამ მარკესის ბოლო ნაწარმოებისა და იქნებ მწერლისათვის ყველაზე მთავარი წიგნის „ იცხოვრო, რომ მოჰყვე“-ს  გარდა, სხვა ბევრი პირველხარისხოვანი ესპანურენოვანი მწერლის შემოქმედებასაც გვაზიარა. ვიდრე ამ წიგნებს ცალკე შევეხებოდე, მაინც მინდა უთქმელი არ დამრჩეს ის, რომ თუნდაც ახირებად ჩამითვალონ, მარკესის ზემოხსენებული წიგნის სათაურში მე „რომ“ კავშირის ნაცვლად „რათა“ კავშირს გამოვიყენებდი: იცხოვრო, რათა მოჰყვე…

ვიღაცისთვის ეს ახირება იქნება, ვიღაცისთვის წვრილმანი, მაგრამ მგონია, რომ სწორედ ასეთი წვრილმანებისაგან შედგება ჩვენი, კაცმა რომ თქვას, ჯოჯოხეთური შრომა და საქმე.

თორემ ისე, რა კავშირზე უნდა გამოეკიდო ადამიანს, რომლის დაუღალავმა ენერგიამაც უკვე თავისებური ეპოქა შექმნა ესპანურენოვანი ლიტერატურის თარგმანში?! ლანა კალანდიას წყალობით, დღეს ქართულად გვაქვს მარიოს ვარგას ლიოსას ბრწყინვალე ქართული ადეკვატი და ერთ ადამიანს მხოლოდ ესეც ეყოფოდა თავმოსაწონებლად.

თუმცა, მჯერა, რომ ლანა ამით არ დაკმაყოფილდება და ჩვენი ლიტერატურის ჩვეულ ერთგულებასა და მისთვის ჩვეულ გარჯას გააგრძელებს.

ახალ თაობაზე მარკესის გამო გაგვიგრძელდა ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ესპანურენოვანი ლიტერატურის ქართულ თარგმანებზე და ამ საქმეში ეპოქის შექმნაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, საგანგებოდ არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი დიდებული მთარგმნელის მერი ტიტვინიძის გამორჩეული ღვაწლი.

მერი ტიტვინიძე სრულიად განსაკუთრებული სახელია ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. და სწორედ ამ სახელს უკავშირდება ჩვენში არაერთი ესპანელი კლასიკოსის პოპულარობა. პირველ რიგში მიგელ დე უნამუნოსი, რომლის არაერთ ნაწარმოებს ჩვენი მკითხველი მერი ტიტვინიძის შესანიშნავი თარგმანების წყალობით გაეცნო: ვინც უნამუნოს რომანები: „აბელ სანჩესი“,  „ბოჰემის მნათობები“ „ბურუსი“ , „წმინდა მანუელ, სათნო, წამებული“ ქართულად წაუკითხავს, დამეთანხმება, რა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ამ შესანიშნავმა მთარგმნელმა ესპანეთის ამ უდიდესი მწერლის გადმოქართულებას.

უნამუნოს გარდა, მერი ტიტვინიძემ თარგმნა გოფრედო პარიზეს, რამონ დე ვალიე ინკლანის, ხოსე ორტეგა ი გასეტისა თუ სხვა ესპანურენოვანი მწერლების თხზულებები და, რაც მთავარია, ბოლო წლებში ბრწყინვალედ გადმოაქართულა ხულიო კორტასარის უმთავრესი და სათარგმნელად ურთულესი რომანი „კლასობანა“.

იტალიური ლიტერატურის ბლოკში არ მიხსენებია, მაგრამ აქვე საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ მერი ტიტვინიძის დამსახურება იტალიური ლიტერატურის თარგმანის საქმეშიც. კერძოდ, სწორედ მერი ტიტვინიძემ თარგმნა ლუიჯი პირანდელოს ორი ბრწყინვალე რომანი „ განსვენებული მატია პასკალი“ და „ სერაფინო გუბიოს, ოპერატორის, ჩანაწერები“.

ესპანურენოვანი ლიტერატურის ბოლოდროინდელი თარგმანებიდან კი, რომლებიც, ჩემი აზრით, ქართული ლიტერატურის ნამდვილ საგანძურად მოგვევლინა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დოდო ყვავილაშვილის მიერ თარგმნილი და გამოცემული ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: მარიოს ვარგას ლიოსას რომანი „ბოლო ჟამის ომი“ და ისაბელ ალიენდეს რომანი „ სულების სახლი“. ორივე ეს ვებერთელა ტექსტი ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებული სტილისტიკითა და ესთეტიკით შექმნილი მხატვრული სამყაროა და თითოეულ ამ სამყაროში ელისაბედ ყვავილაშვილი დიდი პროფესიონალისათვის დამახასიათებელი, სრულიად განსხვავებული გზითა და მანერით მიგვიძღვება.

ძალიან იშვიათად მემართება ხოლმე, როცა წიგნის აშიაზე, მთარგმნელის მიერ ოსტატურად გადმოღებული პასაჟების გვერდით, კალმით ვაწერ მთარგმნელის მიმართ აღტაცების გამომხატველ შეძახილებს და ელისაბედ ყვავილაშვილის თარგმნილ ამ ორივე რომანს თითქმის ყველა გვერდზე მიუყვება ეს გულიდან ამომსკდარი მოწონების შეძახილები. მან ეს ორივე წიგნი ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილად აქცია.

ბოლოს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ესპანურენოვანი ლიტერატურის ქართული თარგმანების შედარებით სუსტი მხარეა პოეზია.

ჩემი აზრით, აქ მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარი გვაქვს ისეთი, რომელზეც ღირს ჩვენი ყურადღება შევაჩეროთ. უპირველესად, რა თქმა უნდა, ეს არის სულ ახლახან წიგნად გამოცემული გაბრიელ გარსია ლორკას დავით წერედიანისეული თარგმანები, რომელიც, როგორც ამ დიდებული მთარგმნელის ყველა ნამუშევარი, განსაკუთრებული შინაგანი ძიებებისა და სტილური ჯადოქრობის საოცარი შერწყმით, სრულიად ახალ კარს ხსნის ერთი მხრივ, ავტორის (ამ შემთხვევაში – ფედერიკო გარსია ლორკასა) და მეორე მხრივ, ჩვენი მშობლიური ენის ახალ, ჯერ კიდევ მიუკვლეველ და ფეხდაუდგამ წიაღებში შესაღწევად. ძალზე სამწუხაროა, რომ ლორკას ეს არაჩვეულებრივი ქართული წიგნი დავით წერედიანის უკანასკნელი საჩუქარი აღმოჩნდა.

ამ კონტექსტში კი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი, რომელიც ლორკას გაქართულების გზაზე ცოტა უფრო ადრე გადაიდგა, უპირველესად, ეს არის თამაზ ჩხენკელის მიერ რუსულიდან თარგმნილი „ სხვისი ცოლი“, რომლიც დიდი ხანია, ქართული ორიგინალური პოეზიის ნამდვილ მშვენებადაც იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თარგმანზე ესპანისტების აზრიც ჩემთვის ცნობილია, მე მაინც მგონია, რომ თარგმანი ზუსტია და ის არსად არღვევს პოეტური თარგმანის იმ დასაშვები თავისუფლების საზღვრებს, რომელთა მიღმაც, ვთქვათ, ისეთი ლიტერატურული მისტიფიკაცია დაიწყებოდა, რის შესახებაც ცოტა ზემოთ ამ წერილშივე ერთ არაჩვეულებრივ ავტორთან დაკავშირებით ვსაუბრობდი.

სხვათა შორის, თამაზ ჩხენკელის მთარგმნელობითი მეთოდი ითვალისწინებდა მის მიერ თარგმნილი ამა თუ იმ ავტორის გავლენით შექმნილი საკუთარი ნიმუშების გამოქვეყნებასაც ამ ავტორის ლექსების გვერდით. ასეთი რამ ჩხენკელმა თაგორის „გიტანჯალის“ ქართულ თარგმანშიც დაუშვა და ადრეული შუა საუკუნეების ჩინური პოეზიის ნიმუშებშიც.

ასე რომ, არ მოერიდებოდა ლორკას ამ ლექსზეც დაეწერა, მიბაძვააო, თუკი ამას თვითონვე საჭიროდ მიიჩნევდა. მაგრამ ასე არ მოქცეულა და, რა თქმა უნდა, არც ცდებოდა, რადგან ეს არის სრულფასოვანი პოეტური თარგმანის ბრწყინვალე ნიმუში.

ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა ამავე ლექსის კიდევ ერთი კონგენიალური, ოღონდ სრულიად სხვა ყაიდით, სხვა საზომითა და სხვა გზნებით შესრულებული თარგმანი გამოქვეყნდა. ვგულისხმობ დავით წერედიანის იმ ვარიანტს, რომელიც ზემოთ ნახსენები მისი უკანასკნელი პროფესიული ნამუშევრის, ლორკას ლექსების წიგნის თვალმარგალიტია.

დაინტერესებულ მკითხველს თვითონვე შეუძლია შეადაროს ლორკას ერთი ლექსის ეს ორი თარგმანი და მათ შორის მსგავსება და განსხვავებაც თვალნათლივ დაინახოს. მე რომ მკითხონ, ორივე თანაბარი ძალისა და სიღრმის თარგმანია. და სწორედ, განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, რომელს დაამჯობინებ, რომელი უფრო ახლოს მოვა შენს იმწამიერ ფიქრთან თუ გუნებასთან.

თამაზ ჩხენკელს კი კრებულში „მარიოტა“, სადაც მისი თარგმნილი სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ათეულობით პოეტია თავმოყრილი, კიდევ რამდენიმე ესპანურენოვანი დიდი პოეტის ასეთივე ბრწყინვალე თარგმანი აქვს შეტანილი.

რაც შეეხება ლორკას თარგმანის ადრინდელ მცდელობებს, მათგან ალბათ ასევე ცალკე კრებულად გამოცემული, ამირან ხუნწარიას მიერ თარგმნილი „ კატე ხონდო“ უნდა გავიხსენოთ. თავისთავად ძალიან კარგი ნამუშევარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კრებულის ლიტერატურული თავისებურებები ახლოსაც ვერ მივა ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ორი გენიოსი მთარგმნელის ნამუშაკევის მხატვრულ ღირსებებთან.

როცა ესპანური პოეზიის ქართულ თარგმანებზე ვფიქრობ, მე პირადად, აუცილებლად მახსენდება ერთი პროზად დაწერილი წიგნი, რომელიც სინამდვილეში ძალიან მაღალი სინჯის პოეზიაა და რაც მთავარია, ასევე ჩინებულად არის გადმოღებული ქართულად მანანა გიგინეიშვილის მიერ. ხუან რამონ ხიმენესის „პლატერო და მე“ ერთი იმ იშვიათ წიგნთაგანია, რომელმაც, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამე განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაშიც, გემოვნებასა თუ სამყაროსთან დამოკიდებულებაში. და ბედნიერებაა, რომ ქართულად ამ წიგნის ასეთი ბრწყინვალე თარგმანი გვაქვს.

ესპანურ პოეზიაზე ცოტა უფრო მეტად კი საქართველოში, ვფიქრობ, თანამედროვე (ახალ) ბერძნულ პოეზიას გაუმართლა. სულ ახლახან ამ პოეზიის სათარგმნელად დიდი წარმატებითა და გატაცებით ირჯებოდა ორიგინალური ქართული პოეზიის უკანასკნელი დიდი ლირიკოსი იზა ორჯონიკიძე. მის მიერ გამოცმული ახალბერძნული პოეზიის შესანიშნავი კრებული „გიჟმაჟი ბროწეული“, რომელიც მრავალ ბერძენ პოეტს აერთიანებს, ისეთი მხატვრული სიმაღლეა, რომელიც მიუღწეველი დარჩება მანამ, სანამ კიდევ არ დაიბადება იზა ორჯონიკიძის სწორი (მოდი, პირდაპირ ვთქვათ!) განუმეორებელი ლირიკოსი.

სიცოცხლის მიწურულს იზა ორჯონიკიძემვე გამოაქვეყნა მეოცე საუკუნის დიდი ბერძენი პოეტის კონსტანტინოს კავაფისის ცალკე სრული კრებული. თუ რამეს შეიძლება ვუწოდოთ მხატვრული მიღწევა, ალბათ, პირველ რიგში ამ უბრწყინვალეს თარგმანს, რომელიც არაჩვეულებრივი სიფაქიზით გვიხსნის ტრაგიკული ბედისწერის ამ დიდი ბერძენი შემოქმედის სულიერ და ფსიქიკურ სამყაროს. და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ მთარგმნელი მუდამ კავაფისის უბასრესი ესთეტიკის სამართებლის პირზე დააბიჯებს: თავიდან იშორებს ყველა ზედმეტ სიტყვას, ფრაზის ყოველნაირ გარეგნულ სამყაროს და ამისათვის თვით რიტმის დაკოჭლებაც კი არაფრად მიაჩნია, რადგან იცის, რომ რიტმსაც და სხვა ყველაფერსაც კავაფისთან, ძირითადად, ინტიმური ინტონაცია ქმნის, რომელიც როგორც ენობრივი გამოცდილება, თარგმანში ძალიან ძნელად, მხოლოდ პოეტთან მის თანაბარ სულიერ ველში შეხვედრით მიიღწევა.

სწორედ ამ თანაბარ სულიერ ველში შეხვედრა წარმოშობს სასწაულს: იზა ორჯონიკიძის თარგმნილ კონსტანტინოს კავაფისს, უკვე ქართული ლიტერატურის უჭკნობ მშვენებასაც.

იზა ორჯონიკიძის ამ თარგმანის მერე დიდი სითამამე უნდა ჰქონოდა რომელიმე მთარგმნელს, რომ სულ ცოტა ხანში კავაფისისათვის ხელი ისევ მოეკიდა. ამიტომ თან მიხარია, თან ცოტა ეჭვის თვალითაც ვუყურებ თათია მთვარელიძის მცდელობას, შემოგვთავაზოს ახალი ქართული კავაფისი.

თათია მთვარელიძე ახალი თაობის ის მთარგმნელი და პოეტია, რომელსაც ჩემი სამომავლო პროფესიული იმედები უპირობოდ უკავშირდება. ის ბავშვობიდან წერს შესანიშნავ ლექსებს, რომლის გამოსაქვეყნებლად დიდად თავი არასოდეს შეუწუხებია. სამაგიეროდ, მთელი თავისი შემოქმედებითი ენერგია ბოლო დროს თარგმანში გადატყორცნა და ამის შედეგად მივიღეთ ორი ბრწყინვალე წიგნი: თანამედროვე ბერძნული ლირიკის უკანასკნელი მოჰიკანის კიკი დიმულას ლექსები და ახალი ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, ნიკოს კაზანძაკისის ურთულესი და მრავალმხრივ საყურადღებო რომანი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“.

თათიას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან როგორც პოეზიის, ისე პროზის თარგმანში დასმულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა და  ამ თარგმანებით მშობლიური ლიტერატურა ნამდვილად გაამდიდრა.

ამიტომაც, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე კავაფისის, იზა ორჯონიკიძის თარგმანისაგან განსხვავებულ, ახალ ვერსიას შემოგვთავაზებს და ისიც ასეთივე დიდებული, სულ მცირე, პირველ თარგმანზე ნაკლები ნამუშევარი არაფრით იქნება.

რაც შეეხება ნიკოს კაზანძაკისს ქართულ სალიტერატურო სივრცეში ჩვენი მოდერნისტებისა და განსაკუთრებით, გრიგოლ რობაქიძის მეგობარ ამ დიდ ბერძენ მწერალს პირველად თამარ მესხი შემოუძღვა და ეს შემოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უმალ მიიქცია გემოვნებიანი მკითხველის ყურადღება. პირველად თამარ მესხმა თარგმნა და გამოაქვეყნა კაზანძაკისის შედარებით ადრეული, მოდერნისტულ-სიმბოლისტური თხზულება „გველი და შროშანი“, ამას კი მწერლის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწარმოების „აღსარება გრეკოსთან“ თარგმანიც მოაყოლა. თამარ მესხმა შესანიშნავად დაიჭირა და გადმოსცა კაზანძაკისის ყველა მხატვრული თავისებურება, მისი უაღრესად მდიდარი და წინააღმდეგობრივი მწერლური სამყაროს ყოველგვარი ელფერი. ამიტომ დიდხანს მქონდა მოლოდინი, რომ მწერლის დანარჩენ რომანებსაც ეს ჩინებული მთარგმნელი გვზიარებდა, თუმცა ეს მოლოდინი საკმაოდ გახანგრძლივდა და საბოლოოდ ინიციატივა ხელში შედარებით ახალგაზრდა თაობამ აიღო: ერთი რომანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თარგმნა თათია მთვარელიძემ, ხოლო ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: „ ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ და „ბერძენი ზორბა“ შესანიშნავად თარგმნა მაია კაკაშვილმა.

სხვათა შორის, წეღან იზა ორჯონიკიძის კავაფისზე რომ ვსაუბრობდით, უნდა ისიც აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, ამ თარგმანის მხატვრული ძალმოსილება იზა ორჯონიკიძის პოეტური ნიჭის დამსახურებაა. მან თვითონაც საკმაოდ კარგად იცოდა ბერძნული ენა, მაგრამ, ეტყობა, იქ, სადაც ტექსტის გაგებისას, თავის თავში ეჭვი შეეპარა, მაია კაკაშვილის შესრულებული პწკარედით ისარგებლა. ეს კი ჩვეული ადამიანური კეთილსინდისიერებით აქვს აღნიშნული წიგნის გარეკანზე.

თავისთავად, ასეთი დიდი პოეტის არჩევანი, დასახმარებლად მიეკითხებინა ენის ახალგაზრდა მცოდნისათვის, იმასაც გულისხმობდა, რომ ეს ახალგაზრდა მხოლოდ ენის სპეციალისტი კი არა, ლიტერატურაში თვითონაც კარგად გარკვეული, სიტყვის ფერისა და გემოს მცნობი ადამიანი უნდა ყოფილიყო და, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთია შეუდარებელი მაია კაკაშვილი. ამაში გვარწმუნებს კაზანძაკისის მისეული თარგმანები და იმედი მაქვს, რომ მალე ამ ორ რომანს მწერლის დანარჩენი ნაწარმოებების თარგმანსაც მოაყოლებს.

სხვათა შორის, მაია კაკაშვილისვე ეკუთვნის ორი ბერძენი პოეტის, იორგოს სეფერისისა და ელიტისის ლექსების პწკარედი, რომელიც ლიტერატურულად მარიამ წიკლაურმა გადაამუშავა.

იმ პოეტური თარგმანების სიმაღლიდან, რომელთა შესახებაც აქამდე ვისაუბრეთ, ეს ორი კრებული სასიამოვნო მცდელობად აღიქმება და კარგია, რომ ქართულად გვაქვს ეს ორი პოეტიც.

თუმცა პწკარედით თარგმანს, მე ყოველთვის მირჩევნია ის ვარიანტი, როდესაც თვითონ პოეტმა იცის უცხო ენა და მშობლიურ ენაზე მეორე მშობლიური ენიდან გვითარგმნის.

ასეთ შემთხვევაშიც არაფერი არ გვაძლევს არაფრის გარანტიას.

მაგალითად, იგივე იზა ორჯონიკიძე,  რომელმაც არაჩვეულებრივად თარგმნა კავაფისი და სხვა ბერძენი პოეტები, მე ვფიქრობ, დამარცხდა მარინა ცვეტაევას და ანა ახმატოვას თარგმანისას.

თუმცა მარცხი აქ ზუსტად ის სიტყვა არ არის, რაც იმ პრობლემის არსს გამოხატავს, რომელზედაც ქვემოთ მინდა მივუთითო.

რა თქმა უნდა, იზა ორჯონიკიძის ცვეტაევა ზუსტი თარგმანია. იზამ რუსული მშობლიურივით იცოდა და, ცხადია, ამ ენაზე ლექსის არანაირი ნიუანსი არ გამორჩებოდა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მან, როგორც ჩანს, იმდენად გაითავისა ცვეტაევა, რომ ვეღარ შეძლო ის, რაც კავაფისის შემთხვევაში კარგად მოახერხა: მარინა ცვეტაევა ვერ აქცია სხვა, თავისაგან განსხვავებულ პოეტად და მისი ლექსების თარგმანი ბრწყინვალე ქართველი ლირიკოსის იზა ორჯონიკიძის (დიახ, სწორედ თავის, სწორედ საკუთარ!) ლექსებს დაამსგავსა.

აი, ეს არის ზოგადი და ძალიან რთული პრობლემა იმ შემთხვევაში, როცა პოეზიას თვითონ ნამდვილი პოეტი თარგმნის.

ამ პრობლემას თანამედროვე თარგმანის თეორია სიღრმისეულად, ლინგვისტურ და ულტრალინგვისტურ დონეებზე შეისწავლის და არაერთი ფასეული დაკვირვება თუ მიდგომაც არსებობს მოცემულ  საკითხზე.

რაც უნდა მიუღებელი იყოს, დღეს მეცნიერული აზრი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სჯობს, პოეზია ლიტერატურული პწკარედის დონეზე გადავიდეს ერთი ენიდან მეორე ენაზე, რათა მკითხველს საშუალება ჰქონდეს, მშობლიურ ენაზე დედნის ავთენტური ტექსტი წაიკითხოს.

ასეთი მიდგომა თითქმის მთლიანად გამორიცხავს თარგმანის, როგორც შემოქმედების, აღქმას და ის უპირობოდ დაჰყავს ლინგვისტურ თუ პოეტურ სიმბოლოთა მექანიკურ გადატანამდე, რითაც პრაქტიკულად უარყოფილია თარგმანის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება: აზრობრივ ინფორმაციასთან ერთად, მკითხველისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ესთეტიკური ინფორმაციის მიწოდება: განწყობის შექმნა დედნის ესთეტიკის, ეპოქის, სტილის, ნაწარმოების მიმართულების, იდეური მახასიათებლებისა და სხვა მარკერების ახალ ენობრივ გარემოში რეკონსტრუირებით.

თუ მაინცა და მაინც, ჩემი დაკვირვებით, ასეთი მიდგომა ძველი, კლასიკური პერიოდის ლიტერატურული ძეგლების თარგმანისას უფრო გამართლებულია და სჯობს, სწორედ ასე ითარგმნოს შუა საუკუნეების მხატვრული ლიტერატურის დიდი ქმნილებები.

რის კარგი ტრადიციაც, სხვათა შორის, უკვე გვაქვს, კლასიკური (ძველი ბერძნული და ლათინური) მწერლობის ქართულად გადმოღების შემთხვევაში.

ის შესანიშნავი თარგმანებიც ახალი ბერძნულიდან, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, პრინციპულად განპირობებულია საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის უაღრესად მაღალი დონით, რომლის უპირველეს გარანტორადაც დღევანდელ ვითარებაში რისმაგ გორდეზიანი უნდა ვიგულისხმოთ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა მოახერხა ის, რომ პირველხარისხოვან მეცნიერულ კვლევასთან ერთად, არც მთარგმნელობითი საქმიანობა გადასულიყო მეორე პლანზე და, პირიქით, თარგმანი სამეცნიერო კვლევის განუყოფელ და ორგანულ ნაწილად ქცეულიყო.

ასეთი ტრადიციული მიდგომის გამო ქართულად ბერძნულიდან და ლათინურიდან შესანიშნავად თარგმნილი და რაც მთავარია, კარგად კომენტირებული წიგნების მთელი წყება დალაგდა.

ეს ტრადიცია საბჭოთა ეპოქიდანვე ძალიან ძლიერი იყო და ამიტომ აქ აღარ შევეხები, ვთქვათ, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ შესანიშნავ თარგმანს, საფოს, ოვიდიუს ნაზონისა თუ სხვა დიდი მესიტყვეების ქართულ თარგმანებს. აღარაფერს ვიტყვი ბაჩანა ბრეგვაძის მიერ გადმოქართულებულ არაერთ ძეგლზე (არადა, როგორ გინდა არაფერი თქვა კაცზე, რომელმაც მართლა მთელი ეპოქა შექმნა თარგმანის ყველა მიმართულებაში, თარგმნიდა არაერთი ენიდან და მის მიერ შესრულებულ ყველა ნამუშევარს გამოარჩევს სიზუსტე და აკადემიურობა: ვთქვათ, პლატონის თხზულებებს, ანდა ახალი ქართული ბიბლიის უამრავ მონაკვეთს; რომელიც ვთქვათ, ერთი ჩვენ მიერ ხსენებული ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გვერდით, თავად იყო მეორე, თუ პარალელური ინსტიტუტი – მარტოკაცი, რომელმაც უამრავი გენიალური ძეგლის გადმოქართულება, კომენტირება, ამ წიგნებზე სრულფასოვანი გამოკვლევების წერა ეულად იტვირთა), რადგან ჩვენი წერილის ქრონოლოგია მაინც უახლესი პროცესებით არის შემოფარგლული, იმ თხზულებებზე და მთარგმნელებზე შევჩერდები, რომელთაც ამ პერიოდში თარგმნეს და გამოსცეს მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.

ამ რამდენიმე წლის წინათ ჩემზე სრულიად გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ლალი კოჭლამაზაშვილის მიერ ლათინურიდან თარგმნილმა ერაზმუს როტერდამელის „სისულელის ქებამ“.

მანამდე ეს არაჩვეულებრივი წიგნი რუსულად მქონდა წაკითხული, მაგრამ ქართულმა თარგმანმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამხელა ძალა აქვს მშობლიურ ენაზე წაკითხულ ლიტერატურას, თუკი, რასაკვირველია, მაღალმხატვრულად იქნება თარგმნილი.

ლალი კოჭლამაზაშვილის თარგმანი გამოირჩეოდა აბსოლუტური სისადავით, მაგრამ რიტმი იყო იმდენად ცვალებადი, ისე ნაირგვარად თამაშობდა მთარგმნელი ტონალობებით, რომ მთელ ტექსტს ამით ერთგვარ მასკარადს ამსგავსებდა.

ლათინისტებიდან ჩემი განსაკუთრებულად საყვარელი მთარგმნელი მაინც მანანა ღარიბაშვილია. მის მიერ თარგმნილ ყველა ტექსტს გამოარჩევს დიდი გემოვნება და ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი აკადემიურობა, რაც ტექსტის ყველა პლასტში სათანადო გარკვევას და არამხოლოდ მის თარგმანს, არამედ სათანადო კომენტარებით აღჭურვასაც გულისხმობს.

საერთოდ, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი-მთარგმნელები ამ თვალსაზრისით სპეციფიკურ, ზოგადად თვით მთარგმნელის უმძიმესი საქმიანობისთვისაც კი განსაკუთრებულად სერიოზულ შრომას ეწევიან. საქმე ისაა, რომ კლასიკური ტექსტების მთარგმნელი, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ თვითონ არის კარგი ტექსტოლოგი-მეცნიერი, შიფრავს ამ ტექსტებს, მეცნიერული მეთოდით სწავლობს და შემდეგ გვთავაზობს თარგმანს, რომელიც არც თუ იშვიათად, ტექსტის სრულიად ახლებური წაკითხვის შედეგად მიღებული ახალი ვერსიაა. ამიტომაც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხოლმე თარგმანის ტექსტზე დართული მთარგმნელის შენიშვნები, რომელთაგან ბევრი არამხოლოდ მკითხველისათვის აუცილებელ განმარტებებს შეიცავს, არამედ მთარგმნელის მეცნიერულ მიდგომასა და ტექსტის კვლევისას მიღებულ შედეგებს ასახავს. ასე თუ არაა, სულ მცირე, თავს უყრის დარგში არსებულ ცოდნას და კონკრეტული პოეტისა თუ მისი შემოქმედების შესახებ მსოფლიოში არსებულ მოსაზრებებს.

ერთი სიტყვით, ზოგჯერ  კლასიკური თუ შუა საუკუნეების ტექსტების თარგმანში ერთ რამედ სწორედ ეს განმარტებები ღირს და ამ მხრივ, მართლა გამორჩეულია ჩვენი ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალისტ მთარგმნელთა ნამოღვაწარი, რომლებიც, ამავდროულად (ანუ მთარგმნელებთან ერთად), შესანიშნავი მეცნიერი მკვლევრებიც არიან. ეს სკოლის საფირმო ნიშანია და საქართველოში ასეთი სკოლა სულ რამდენიმე მახსენდება (ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან ერთად, რასაკვირველია, მსოფლიოში დღემდე სახელგანთქმული ქართული აღმოსავლეთმცოდნეობა).

სწორედ ამ ტიპის თარგმანია მანანა ღარიბაშვილის მიერ ლათინურიდან თარგმნილი და სულ ახლახან დასტამბული პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია (ეკლოგები)“, მის მიერვე რამდენიმე წლის წინათ ბრწყინვალედ გადმოღებული კატულუსის შესანიშნავი კრებული და ასევე ერთ წიგნად „რომაული ლირიკის მწვერვალებად“ გაერთიანებული დიდი რომაელი პოეტები.

ლათინური და ძველი ბერძნული პოეზიის მთარგმნელებიდან ასევე გამორჩეული სახელია ნანა ტონია, რომლის ძალისხმევითაც ქართველ მკითხველს საშუალება აქვს მშობლიურ ენაზე წაიკითხოს საფოს, პინდაროსის, ოვიდიუსის, ევრიპიდეს, პლუტარქესა თუ სხვა ავტორების პოეტური თუ პროზაული თხზულებები.

ლათინური და ბერძნული ენებიდან თარგმანს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა გია ხომერიკის ნაადრევმა გარდაცვალებამ. გია იყო შესანიშნავი მთარგმნელი, რომელმაც არაერთი ძეგლის ძალზე მაღალმხატვრული თარგმანი დაგვიტოვა, რომელთაგან განსაკუთრებულია სოფოკლეს „თებეს ტრაგედიები“.

და რასაკვირველია, ამ არასრულ სიას აგვირგვინებს ლევან ბერძენიშვილი, ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი და მნიშვნელოვანი ავტორი, თავისი ძალიან მაღალი რანგის თარგმანებით.

არისტოფანეს შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი არის ლევან ბერძენიშვილი მიერ თარგმნილი „ბაყაყები“, ლევან ბერძენიშვილის არისტოფანე კი ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალია.

ბერძნული და ლათინური ბიბლიოთეკიდან ამოზრდილია შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ევროპული, მათ შორის, გერმანული ლიტერატურა.

გაგრძელება იქნება

 

თემები