ახლა და აქ ლევან ლაღიძესთან ერთად
ანი მარგველაშვილი

2005 წელი იქნებოდა პირველად რომ ვნახე ის დაუვიწყარი ლურჯი ფერი. დამატყვევებელი იყო: თითქოს ლურჯია და მორჩა, ყველაფერი ერთ სიტყვაში ეტევა. ტილოზე განფენილი ეს ლურჯი ისეთი მრავალფეროვანია, რომ თვალს ვერ აცილებ და მის სიღრმეში იძირები. მაშინ გავიგე მისი სახელი: ამ განსაკუთრებული ,,ლურჯის” ავტორია მხატვარი ლევან ლაღიძე. უკვე ვიცოდი, რომ ოდესმე აუცილებლად უნდა მქონოდა ლევან ლაღიძის ნახატი შინ. მსურდა ყოველდღე მეყურებინა მისთვის, ყოველდღე ახლად დამენახა. ჩემი აზრით, მხატვრის ნებისმიერი ნახატი გენიალურია და მსგავსად ფერებს ვერავინ გადმოსცემს… ყველა, მაგრამ მე განსაკუთრებულად მინდოდა ,,ლურჯი” მქონოდა… და აი ახლა, ვწერ ამ სტატიას და ბედნიერი ვარ: ჩემ წინ კიდია მისი ლურჯი ტილო, რომელიც დღის განწყობას მიქმნის. ყოველდღე სურათს ხან ახლოდან, ხან შორიდან ვუყურებ. ახალს ვეძებ, ზედმიწევნით ვსწავლობ. ,,ლურჯის” შრეები ისეა ერთმანეთზე დადებული, მინდა, გვერდიდან შევხედო, ვირტუალურად „გავჭრა“ და შრეები დავინახო. მაინტერესებს, რის მერე რა ფენაა „დალექილი“. გეოლოგიის მსგავსად, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი დედამიწაა „ნაშენები“… 

ერთი შეხედვით, მის ლურჯ ნახატში, თითქოს, ქაოსია. მაგრამ დეტალურად აკვირდები სურათს და ხვდები, ამ ვითომ ქაოსურში ყველაფერი კანონზომიერი, ზუსტი, დაგეგმილი და და ზედმიწევნით კონსტრუირებულია.  ნახატი, რომელზეც ახლა გიყვებით, მშობლებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე. თუმცა გამოვიდა, რომ ნახატი თავად მხატვრისგან მერგო წილად. ყიდვის მიზეზის გაგების შემდეგ, ბატონმა ლევანმა, თავისი ნაშრომი მაშინ მაჩუქა, როდესაც მის გალერეას ვესტუმრე. ამ აქტზე ძვირფასი კი ჩემთვის არაფერია… 

დღევანდელი სტატია თანამედროვე ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ხელოვანზე, ჩემთვის უსაყვარლეს მხატვარზე, ლევან ლაღიძეზეა. 

ლევან ლაღიძე თავისუფალი მხატვარია, თავისუფლება კი პასუხისმგებლობაა და საქმეში კომპრომისის უფლებას არ გაძლევს, ამიტომ ლევან ლაღიძე სახელოსნოში უკომპრომისოცაა. მას განსაკუთრებულად უყვარს კაკაბაძე, სეზანი, მატისი და თვლის, რომ ცხოვრება, ახმატოვას სიტყვებით რომ ვთქვათ, „თითის წვერებზე“ უნდა გაატარო – ფრთხილად, პატივისცემით, პროფესიონალურად. იგი ჩემთვის ნამდვილი ინოვატორია. მან არა მარტო მხატვრობაში განავითარა ახალი, მისთვის დამახასიათებელი სტილი, არამედ, კორონავირუსის ბატონობის ჟამსაც – სიახლე შემოიტანა საგალერეო სივრცეში. დაგეგმილი გამოფენა, „Coming Back“ („დაბრუნება“), რომელიც ლონდონში უნდა გახსნილიყო 2020 წლის ნოემბერში, თბილისში, საკუთარ გალერეაშივე გადმოიტანა.  ეს იყო ონლაინ პრეზენტაცია და ამიტომ, გამოფენის გახსნაზე დამსწრეთა მსურველებს ფიზიკური ადგილსამყოფელი არ ზღუდავდა. აი, მე ციურიხიდან ჩავერთე, ბატონი ლევანის გალერისტი, კეტრინ ლევინი, ასევე შვეიცარიის სხვა ქალაქიდან უძღვებოდა. იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გამოფენის გახსნა ინტერაქტიული იყო, დამსწრეები კითხვებს უსვამდნენ ბატონ ლევანს. საინტერესო დიალოგები გაიმართა. პანდემიის გამო თითქოსდა ჩაშლილმა გამოფენამ სულ სხვა, თანამედროვე სახე მიიღო და თანამედროვე გალერისტული მიდგომით ეზიარა დამთვალიერებელი ლევან ლაღიძის შემოქმედებას. გამოფენა 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენას მხატვარმა „Coming Back“ („დაბრუნება“) კორონავირუსის  ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრამდე უწოდა… რატომ? იმიტომ, რომ მხატვრის აზრით, უამრავი ემოცია და ფიქრი, რომელსაც ადამიანი ცხოვრების მანძილზე „აგროვებს“, იქამდე ნაფიქრს და აღმოჩენილს ადასტურებს. ეს გამოფენაც დაბრუნებაა გარკვეულ საწყისებთან, ამასთანავე, არის გზა ახალი შესაძლებლობის პოვნისა, დაგეგმილის განხორციელებისა.

გამოფენამდე ბატონი ლევანი ვიდეოზარით საკუთარი სახელოსნოდან მესაუბრა. უკან, კედელზე, მისი ნახატები მოჩანდა, მე ჩემს მისაღებ ოთახში ვიჯექი. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდი, არ მინდოდა შეუსაბამო კითხვები დამესვა. მე ხომ განსაკუთრებული ადამიანისგან ვიღებდი ინტერვიუს. მაგრამ, მხატვართან ინტერვიუ ერთი სიამოვნება აღმოჩნდა. იგი ძალიან უშუალო, უაღრესად საინტერესო და ღრმად ფილოსოფიურია. მას კარგი იუმორის გრძნობაც აქვს და ინტერვიუც შესანიშნავად წარიმართა, საუბარმა საინტერესო დიალოგის სახე მიიღო. ორი საათიც თვალის დახამხამებაში გავიდა…

დიალოგი მისი ბავშვობის გახსენებით დავიწყეთ… თბილისში დაიბადა და სოლოლაკში გაიზარდა. თბილისში, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარს, მისთვის „ნეოკლასიცისტურ“, ევროპული სულის ქალაქში და მაინც თავისებურად დედაქალაქურში. თბილისის ხედები და სიტუაციები კი მისი სადიპლომო ნამუშევრის (1981 წელი – სამხატვრო აკადემია), „თბილისობის“, შთაგონების წყაროა. ყველაფერი თბილისით დაიწყო, შემდეგ იყო ძიება და ჩანახატები ქალაქში ხეტიალისას, მშობლიურ ქალაქში მარადიული ქალაქის ძიება და დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების ტილოზე გადატანა. ნელ-ნელა მისი მხატვრობა დაგროვილ შთაბეჭდილებებს ეყრდნობა. იგი სიმყუდროვეში ხატავს. ყველაფერი რაც ირგვლივაა, გარდა იმისა რომ საგანია, სიმბოლოცააო – ამბობს მხატვარი. აი, მაგალითად, კონკრეტული ქალაქი მარადიულზე გადის, პეიზაჟი – სამყაროზე მიგანიშნებს, პატარა დეტალი კი უნივერსალურ კომპოზიციებზე. ყველაფრი კი ფორმირებაში ბავშვობის მოგონებებს მოჰყავს.  მოგონებები ხომ მუდმივად ჩვენთანაა და იმ დროს განცდილი გრძნობები არსად იკარგება. ეს განცდები, დროთა განმავლობაში, ყოველთვის გიდასტურდება…

სოლოლაკის აღმართები, ფანჯრიდან მაცქერალი კაცი, ვიწრო ქუჩები, ლამაზი არქიტექტურა… ყოველთვის, როდესაც სოლოლაკის ერთ სპეციფიკურ აღმართს აუყვება, მას ერთი უცნობი ადამიანი ახსენდება. იგი თითქოს ისევ იმ ფანჯრიდან იყურება…  „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ ეს ცნობილი მწერლის გამონათქვამი, თითქოსდა მრავალჯერ გამოყენებული და გაცვეთილი, ხომ მაინც მუდმივ ჭეშმარიტებად რჩება. ჩვენი გრძნობები, მიღწევები, პრობლემები, ბავშვობის ემოციების მეშვეობით ყალიბდება.

ბატონი ლევანისთვის ხელოვნება ემოციების პარალელური განცდის მექანიზმიცაა.  ვთქვათ, ქალაქში გათოვდა და გიხარია, ამ დროს შენთვის უცნობ ადამიანს ზუსტად ასევე უხარია თოვლი სხვა ქალაქში (შეიძლება ზუსტად იგივე დროს). ასეა ნახატებთანაც, მხატვრის ნახატს თუ ვინმე მოიწონებს, ის მას უკვე ეზიარა, ესე იგი ჩვენ ერთად ვიგრძენით… და ეს გამზიარებელი უკვე შენი ემოციების თანამონაწილე გახდა. იგი აღარ არის ხელოვნების უბრალო მოყვარული – ამბობს ბატონი ლევანი და მეც ვეთანხმები. მართალი გითხრათ, ამაზე ადრე არ მიფიქრია. თურმე დიდი ადამიანების თანამონაწილე ვყოფილვარ და მათთან ერთად მეც მიგრძნია. დავფიქრდი და გამიხარდა. 

– ბატონო ლევან, როდესაც ნახატს ქმნით…

– არა, მე არაფერს ვქმნი და არ ვმოღვაწეობ, მე უბრალოდ ვხატავ.

გამაჩერა, თავმდაბლურად და ნახევრად ხუმრობით მითხრა. ოღონდ, თავის საქმეში თავმდაბალი არ არის, იცის რასაც აკეთებს, არ აკნინებს მის შრომას და შემოქმედებით პროცესს. იგი ნახატების ხარისხზე პასუხისმგებელია და „ხელს აწერს“ მათ. ბატონი ლევანის მხატვრობა ნამდვილი ფერწერაა – ფერთა სიმფონიაა. 

კითხვას ვცვლი:  ხატვისას თუ უსმენთ რამეს? იქნებ სიჩუმეში გირჩევნიათ მუშაობა? 

– ხატვა ისეთი პროცესია არ სჭირდება შემზადებები. ეს ყოველდღიურობაა. ხატვა ცურვასავითაა. თავდაპირველად უნდა გადავლახოთ წყლის სიცივე, პირველი ტალღა, მაგრამ აქ მთავარი ცურვაა და ამ დროს არ ფიქრობ მუსიკაზე. მთავარია, იცურო და ცურვის პროცესი განიცადო. ამ გზას მუსიკის თანხლებით გაივლი, თუ სიჩუმეში, უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია, გზას ვუერთგულოთ და გავყვეთ, ეს გზა ხომ საკუთარ თავზე დიდია.  გზაში ყოფნისას ყველაფერს შეიძლება მოუსმინო, თუმცა ჩემთვის მაინც კლასიკური მუსიკაა ის, რაც არ ითხოვს განსაკუთრებულ განწყობას. ბახს რომ ვუსმენ, შემიძლია არაფერი ვაკეთო. ამავე დროს, შემიძლია ვუსმინო მაშინაც, როცა ვსაქმიანობ ან ვხატავ. ბახი სამყაროსავით ზუსტია, მის აღქმას მომზადება არ სჭირდება. ბუნების მსგავსად, შეხედავ და იცი, რომ სასწაულია და მოგწონს. უნივერსალური კომპოზიციაა ბუნებაც, ბახიც… შემოქმედი ჰყავს ამას. ყველაფერი, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, ახლა ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესია და ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები ვართ: თითქოს თამაშია, რომლის მიზანიც არ ვიცით. მას მიმართულება არ აქვს.

ბატონი ლევანი  ბიოლოგი არ არის და მაინც მისი ნააზრევი  ევოლუციის პრინციპებს ემთხვევა… ევოლუცია ხომ განუწყვეტელი პროცესია, რომელსაც მიმართულება არ აქვს და ჩვენც ამ პროცესის უშუალო თანამონაწილეები ვართ. უცნაურია, ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გამოცდილების ადამიანი მიდის იდენტურ დასკვნამდე. ესეც ხომ ემოციების გაზიარების ტოლფასია?! მხატვარი ამბობს, რომ შვიდი ფერიდან უსაზღვრო მრავალფეროვნება შეიძლება შექმნა, შეგიძლია უსასრულოდ დაშალო და გადააწყო ეს ფერები. ასეა ბიოლოგიაშიც, სულ რაღაც ოთხი აზოტოვანი ფუძისგან (ადენინი, გუანინი, თიმინი, ციტოზინი) შედგება დნმ-ის მოლეკულის ნუკლეოტიდები, რომელიც ადამიანისთვის ცნობილი სიცოცხლის საფუძველია. ამ ოთხი აზოტოვანი ფუძის კომბინაციებით კი იქმნება სიცოცხლის მრავალფეროვნება. ადამიანსაც და ჭიამაიასაც ოთხი აზოტოვანი ფუძისგან შექმნილი დნმ-ი აქვს. ყველა ნახატს მხოლოდ შვიდი ფერი ქმნის და სიცოცხლეს ოთხი აზოტოვანი ფუძე, შედეგად კი ვიღებთ ამოუწურავ ვარიაციებს ნახატშიც და ცხოვრებაშიც.  

– ხატვა ჩემთვის რეფლექსურია, სასიცოცხლო აუცილებლობაა. საზღვარი შემოქმედებასა და ყოველდღიურობაში წაშლილია… ცალკე ცხოვრება და ცალკე შემოქმედება არ არსებობს. ყოფიდან შემოქმედებაში დაბრუნება აღარ არის „გადასალახი“ ძალისხმევა. ხატვა არის გზაზე ყოფნა, ამ გზის გამგრძელებელი და მემკვიდრე. თითქოს მემკვიდრეობით გერგო ამ გზაზე დგომის პასუხისმგებლობა. ვერ გადაუხვევ, თუ ეს განიცადე, ზუსტი უნდა იყო, როგორც ახმატოვა ამბობდა „თითის წვერებზე უნდა გაატარო მთელი ცხოვრება“,  დაჭიმული სიმივით. ასე ხდები მონაწილე ამ თამაშის… სხვანაირად შეგიძლია გახდე გამოჩენილი, ცოტა ამბიციური… ცოცხალი ძეგლის გზას დაადგე.

– ამ გამოჩენილობაზე გკითხავთ, ენდი უორჰოლზე რას ფიქრობთ? მისი ხელოვნება ჩემთვის მზა, უკვე არსებული ნივთების „გაუორჰოლებაა“, recycling-ივით (მეორეული მოხმარება).

– მოტივაციის ამბავია, თუ ადამიანს უნდა იყოს მდიდარი და გახდება მდიდარი, ეს მისი საქმეა. ლოგიკას, რომელსაც მიყვება უორჰოლი, მე ვერ განვსჯი: ის დიდებულია. მაგრამ ჩემთვის ეს სხვა ტერიტორიაა. ენდი ძალიან ნიჭიერია, ახალ პროცესებს ქმნის. მიყვარს მისი მასშტაბურობა და დამაჯერებლობა ამ მასშტაბურობაში. მაგრამ მისი ხელოვნება მე არ განმიცდია, ჩემი გზა უფრო სხვა იყო, უგარანტიო… არ მიძებნია მზის ქვეშ ადგილი… მე ვხატავ ჩემთვის… არა! ჩემთვის მაინც არ ვხატავ, მინდა გავუზიარო, მაგრამ მე არ ვხატავ პოპულარობისთვის. ჩემთვის მხატვრების ორი ტიპი არსებობს: ჩემპიონები და არაჩემპიონები. ჩემპიონების მასშტაბურობა ნამდვილად დამაჯერებელია, მაგრამ არაჩემპიონები იმიტომ არ არიან ჩემპიონები, რომ არ მონაწილეობენ ამ შეჯიბრებაში. აი, მაგალითად, მატისია ასეთი, გარკვეულად სხვა დამოკიდებულება და სხვა გზა აქვს. ეს გზაა სადაც დისტრიბუცია არ არსებობს, ეს გზა გათვლილია ერთ გამზიარებელზე, შეიძლება მერე ათასმა გაიზიაროს, მაგრამ თავდაპირველად ყურში სათქმელი, ჩასაჩურჩულებელი გზაა და არა ტრიბუნიდან სალაპარაკო. ამიტომ, გადმოცემის ფორმაც სხვადასხვაა, ტექნიკაც სხვაა, ამ გზაში ჩხირკედელაობაა, ძიებაა, სიღრმეებია… მე ვაღიარებ ბევრ ჩემპიონ მხატვარს, მაგრამ მომხმარებელი შეიძლება ვერ ვიყო, აი, რომ ვიღვიძებ, ჩემი მატისია. ჩუბჩიკას (თენგიზ მირზაშვილი) ვკითხე ერთხელ: იცი რა მნიშვნელობის მხატვარი ხარ-მეთქი?  და იცით რა მიპასუხა? მე ვიცი ის, რაც არ არის ჩემიო… დიდებული პასუხია!!  მე ძალიან მიყვარს მხატვრების ეგ თაობა, ბევრი პირადად მასწავლიდა და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. მადლიერი ვარ, ეს მადლიერება მთელი ცხოვრება მომყვება. 

გზა, რომელიც ერთ გამზიარებელზეა გათვლილი, გზა, რომელიც თავისუფალია და არ არის მორგებული დისტრიბუციაზე, ბედნიერების გზაა. 

ახლა მკითხავთ ვან გოგი ბედნიერი იყოო? და მე გეტყვით, ვან გოგი, რომელიც ხატავდა, ბედნიერი იყო. მხატვრობა თამაშში მონაწილეობაა – რეზულტატზე გაუთვლელ თამაშში. პატივია, როდესაც შენ ხატვაში, რომელიც ჩხირკედელაობასავითაა, ადამიანი ფულს იხდის. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს ნახატს აღმოაჩენ ვიღაცის საცხოვრისში, ეს ნახატი ხომ ამ ადამიანის ყოველდღიურობაა… ამაზე დიდი აღიარება რაღა უნდა იყოს! ვიღაცას სამუშაო მაგიდასთან აქვს, ზოგს საძინებელში… ეს უდიდესი აღიარებაა.

აღიარებასთან ერთად, საკუთარი თავის გადამოწმებაცაა, როდესაც ნახატს ოთახში ან საგამოფენო სივრცეში ხედავ, სხვა თვალით უყურებ, ნახატისგან დისტანცირდები, უფრო ობიექტური ხდები. შორიდან უყურებ და კრიტიკოსიც ირთვება შენში. საკუთარ ნახატს აფასებ. კითხვებიც ჩნდება ანუ დისტანცირება ფიქრის პროვოცირებას იწყებს, ნახატთან დიალოგი იმართება. მოდის განწყობა, განცდა და ზუსტი პასუხი, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი, არასდროს გაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, კარგია გალერეები და ის ნახატები, რომლებსაც ელევი. არ მესმის, რატომ ვერ უნდა შეელიო ნახატს ან რატომ უნდა შეელიო ერთს და ვერ შეელიო მეორეს…. ის, რომელიც დათმე, ფუჭად დაგიხატავს? ხატვაში მთავარი პროცესია და ამ პროცესის თავისუფლებით ტკბობა. უნდა შეგეძლოს გაღება, დაცარიელება, რათა ხელახლა შეავსო. აბა, დაცარიელების გარეშე ხომ ვერ შევივსებით? უნდა შეგეძლოს დახატულის წაშლაც და ხელახლა დახატვაც. ესაა განუწყვეტელი პროცესი.

– თქვენს ნახატებში რამდენიმე ფერი აშკარად დომინირებს: ლურჯი, მწვანე, წითელი და ახლა ჩემთვის ახალი მიწისფერი. ბუნების ფერებია თითქოს. რატომ დომინირებს ეს ტონები?

– ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: ეს ფერები სიღრმეების შექმნის მაქსიმალურ საშუალებას იძლევა. ტექნიკურადაც და ფერადობრივადაც. ეს ფერები ძალიან ბევრ ინფორმაციას იტევს. აი, წარმოიდგინეთ ზღვა და ოკეანე რამდენნაირი გარდატეხვა და სიღრმეა ლურჯში. ანდა ღამე, რომელიც სილურჯეში გადადის, უამრავს იტევს. შავიც ძალიან ბევრს იტევს. აი, სინათლე კი თავისთავადია. მზეს ვერ შეხედავ. სინათლის ფერი არ გაძლევს სიღრმეების ხატვის საშუალებას, ყვითლით, შეგიძლია ამოანათო, დაფარო… მაგრამ ლურჯი სივრცობრივია. შინდისფერის უკან უამრავი რამ ხდება. ლურჯით და ღვინისფერებით დისტანცირებაც ხდება, სიშორის გადმოცემაც. 

ამ დროს ვიდეო გაგვეთიშა და ხელახლა ჩავრთეთ, უცებ: უი, ლურჯი ყელსახვევი გიკეთიათ! მითხრა მან. ჩვენც ვაკეთებდით ყელსახვევებს, ჩემი მეუღლე, მანანა, აკეთებდა და მე ყველას, ვისაც მოეწონებოდა, საჩუქრად ვაძლევდი, თუკი გალერეაში ვიყავი. არ გამოდის ჩემგან კარგი ბიზნესმენი, წამგებიანი იყო ყელსახვევების გაყიდვა, მე ხომ სულ გალერეაში ვარ –  ამბობს და ეცინება.

ხელოვნება არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მეხანძრე ხომ არა ვარ, ეს ჩემი „პრობლემაა“ ხატვა რომ მიყვარს და ასევე შენი „პრობლემაც“ ნახატი რომ მოგწონს, სასიცოცხლოდ თვლი – მპასუხობს ბატონი ლევანი მას შემდეგ, რაც ვეუბნები, რომ ხელოვნება ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და სიცოცხლის ხარისხს მიმაღლებს. 

დიალოგს ვაგრძელებთ. მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რომელ ცნობილ ადამიანთან ვისურვებდი შეხვედრას. გადავწყვიტე ეს ჰიპოთეტური კითხვა ბატონი ლევანისთვისაც დამესვა.

– ჰიპოთეტურად, ვისთან ერთად გექნებოდათ ვახშამი ცოცხლებსა და გარდაცვლილებში, აი, ახლა თუნდაც დღეს საღამოს?

– წარმოსახვაში? თამბაქოსთან ერთად და კარგი სადილით?  – დაფიქრდა და თვალები ვარსკვლავებივით აუციმციმდა, თითქოს უკვე დიალოგი გამართა თავში და საინტერესო კომპანიონები გვერდზე მოისხა. ამ წუთას ვისურვებდი ორ პიროვნებასთან სადილს… პირველი, ვინც პოლიტიკაში იყო, მაინტერესებს პოლიტიკა… ჩერჩილთან ვისაუბრებდი, ბევრი კითხვა მაქვს მასთან. მეორე, ვისთანაც ვისურვებდი საუბარს, ჩაპლინია. უი, ორივე ბრიტანელი მომივიდა თავში, რატომ მოხდა ასე არც ვიცი, ეს ორი ადამიანი ერთად არასდროს წარმომედგინა. ჩაპლინი გაგებაში არაა იმაზე, რასაც ჩერჩილს ვკითხავდი და ჩერჩილი კიდევ ცოტა გაგებაშია იმაზე, რასაც ჩაპლინს ვკითხავდი. ისე, ამ წუთას, ვუდი ალენთანაც კარგი იქნებოდა დიალოგი…. მოდი, ჩაპლინს ვუდი ალენით ჩავანაცვლებ. დღევანდელ ქართულ რეალობას ვუდი ალენი და მისი იუმორი ძალიან მოუხდებოდა. სერიოზულობა მაშინებს, არასერიოზული ამბები ყოველთვის ხდება სერიოზულობის ნიღბით. დიდი ამბები ხუმრობანარევი ენით იქმნება. იდიოტობა კი ყოველთვის კატეგორიული ენითაა მიწოდებული. ადამიანს თვითირონია თუ არ აქვს, მაშინებს. თვითირონიაა იუმორი, თორემ სხვა რამ უკვე დაცინვაა.  

– საყვარელი წიგნი თუ გაქვთ? – ბანალურ კითხვებს მივადექი.

– საყვარელი წიგნია ის, რაც იმ წუთას მომდის თავში. აი, ამ წუთას მარკესის „მარტოობის 100 წელი“ გამახსენდა, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამ ხდება იქ.

– კორონავირუსის დროს ეთანხმებით თუ არა სანტ ეგზიუპერის გამოთქმას, რომ „ადამიანთა შორის ურთიერთობა ყველაზე დიდი ფუფუნებაა“?

– კი ვეთანხმები, ეს ხომ გაზიარებაა, გაზიარების გარეშე ურთიერთობას აზრი არ აქვს. აი, ფეისბუქზეც კი share-ს (გაზიარების ფუნქცია) სულ სხვა ფასი აქვს ვიდრე უბრალო like-ს (მოწონების ფუნქცია).

– და ბოლო კითხვა: რა არის თქვენთვის ბედნიერება.

– ბედნიერებაა თამაშში, პროცესში მონაწილეობა. აი, გაიღვიძებ და ცის ნაჭერს დაინახავ – ბედნიერებაა. ან ყვავილმოსხმულ ხეს შეხედავ – ბედნიერებაა, წვიმის სურნელიც ბედნიერებაა. და, ამავე დროს, კბილიც რომ არ გტკივა, ესეც ბედნიერებაა. ბედნიერების ერთადერთი რეცეპტი არსებობს ჩემთვის – მადლიერი უნდა იყო! 

იცით დღეს რა დღეა? მეკითხება ის. მე თარიღი ვუთხარი, ჩაიხედა თავისი ნახატების კალენდარში და მითხრა, რომ თვეში ერთ დღეს მისი დარქმეული სიტუაციური სახელი აქვს და ამ დღეს ქვია „ახლა და აქ“.

მართლაც, ცხოვრებაც ესაა, ახლა და აქ, თითოეული წამის დაფასება, გაუფლანგველობა, ცხოვრებით და თავისუფლებით ტკბობა. 

ცხოვრება გზაა, თან კრედიტია და თან საჩუქარი. რამდენია გადასახდელი? იმდენი რამდენიც თავისუფლება გიღირს. სწორედ ამ თავისუფალი გზისთვის უნდა გადაიხადო –  ამბობს ბატონი ლევანი…

http://www.levan-lagidze.ge/

https://www.katrinelevin.com/levan-lagidze-2020-exclusively-online

https://www.facebook.com/lagidzegallery/