სიმონ ჯაფარიძის პორტრეტისთვის
ივანე ჯაფარიძე  

საქართველოში მუდამ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი მრავალთათვის მისაბაძი და სამაგალითო იყო. სწორედ ასეთი პიროვნება გახლდათ ცნობილი მთამსვლელი და გეოლოგი სიმონ ჯაფარიძე, რომლის ხიბლი და შემოქმედებითი ტალანტი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს გამოვლინდა.

1929 წლის 27 აგვისტოს მეგობრის გადასარჩენად ხელგაწვდილს, 33 წლის ასაკში შემოაღამდა თეთნულდის კალთებზე სიმონ ჯაფარიძეს. ეს იყო ქართველ მთამსვლელთა პირველი მსხვერპლი კავკასიონზე და ამ მოვლენას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. საქართველოში კი მრავალი პოეტისა და შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა ეს ამბავი, რომელსაც მოხევე პოეტი ალექსანდრე გომიაშვილი ლექსით გამოეხმაურა და მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მათ შორის ტიციან ტაბიძისაც, რომელმაც დამწყები პოეტი აღიარა და გზა დაულოცა დიდ პოეზიაში. პოეტმა ლექსს „მთის ბალადა“ უწოდა:

თოვლი თოვს, ჭაუხებიდან ხევში დავარდა დუმილი,

ვისმენ სიმღერას ხევიდან – მოხევის სუფთა გულივით.

მთამ შეიხიზნა მარადის პიმენ დვალი და ჯაფარა

და ნაკვალევი შხარამდის ახალმა თოვლმა დაჰფარა.

 

მეგზურო, თოვლს ვინ დაგიდევს, ვიცი ამბავი ტიალი,

რომელიც მთაში ლეგენდად დარჩება, როგორც ტრფიალი.

ყაზბეგის შუბლი – გოეთეს აქ შეადარა ილიამ.

თერგი რაც უნდა ჰკიოდეს, მყინვარი მაინც გრილია.

 

თეთნულდიც სარკის პირია, ტაროსი – მთების საუნჯე,

ჯაფარ თეთნულდის გმირია, კლდეს ცეცხლი შემოარუჯებს.

და მყინვარს, ცაში დაკიდულს, შემოშრიალებს კარავი,

ჯაფარ, შენ მზერას დარკინულს ჰფარავს მზის გარდა არავინ.

 

ისევ მთაზე ხართ ალამით, (ხუთქიმა მოკლე ტარია) –

მისი წითელი დალალი მწვერვალზე ასატანია.

იბრძვიან, კლდეებს მოება წერაყინების მუქარა…

მაგრამ ეს უბრალოება, გმირს სიკვდილს გამოუქროლებს.

 

და, აჰა, მაგრამ არ ვიცი ეს ჟრჟოლა როგორ ავწერო,

როცა ყინულზე დაეცა დუმილი საბედისწერო.

დვალი შეირყა წელშია, დავარდა მთაზე დუმილი.

მთამსვლელ ვაჟკაცის წესია თანმყოლს ჰყვარობდეს გულივით.

 

თითქო ვიღაცა უწივის, უწივის ყურის ბაიდა.

შენ კი არ გესმის, არწივო, მთას ჰკვალავ – აბა, ჰაიდა!

გორიდან ხმა გამოისმა: ჯაფარიძეო, ჯაფარა!

ვხედავ მთებიდან დაისრულ კივილმა ხევი დაჰფარა.

 

დაეცა მთების არწივი, დადუმდნენ კლდეთა დირენი.

სვანეთის არემარეში ამბობენ მონადირენი:

ისევ ზვიადობს თეთნულდი… ხევი თუ თოვლმა დაჰფარა –

დარჩება ხალხში ლეგენდად მთების არწივი ჯაფარა!..

სიმონ ჯაფარიძეზე წლების განმავლობაში მრავალი საინტერესო ამბავი მომისმენია. ვაგროვებდი მასალებს მისი ხანმოკლე ცხოვრების შესახებ, მაგრამ განსაკუთრებით გამახარა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მერი დავითაშვილის მოგონებამ, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს სიმონ ჯაფარიძის რაინდულ ბუნებას…

1972 წლის გვიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა მამიდაშვილმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ტარიელ საყვარელიძემ დამირეკა და მთხოვა, რეპეტიციის შემდეგ მისთვის მარჯანიშვილის თეატრში შემევლო. დღის 2 საათზე უკვე თეატრში ვიყავი. სასამსახურო შესასვლელის ფოიეში მყოფს რეპეტიციიდან გამოსული ტარიელის ხმა რომ შემომესმა, ამ დროს ქალბატონი მერი დავითაშვილი ჩამოვიდა კიბეზე და გარდერობს მიაშურა. პალტო ჩამოვართვი და ჩაცმაზე მივეხმარე. ტარიელი რომ გამოვიდა და შინაურული საუბარი დამიწყო, ქალბატონმა მერიმ ჰკითხა: – ეს კარგი ყმაწვილი ვინ არისო?

– ჩემი ბიძაშვილია, ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების უმცროსი ძმის ნოეს შვილი – მიუგო ტარიელმა.

ამის გაგონებაზე ქალბატონ მერის თვალები გაუბრწყინდა, სახეზე თბილი ღიმილი დაეფინა და ათრთოლებული ხმით მკითხა: – თქვენ იცით, რომ სვიმონკასთან (ასე ეძახდნენ სიმონ ჯაფარიძეს ახლობლები) მე დიდი მეგობრობა მაკავშირებდა?

– არ ვიცი, პირველად მესმის-მეთქი, – ვუპასუხე ცნობისწადილით შეძრულმა და ამის შემდეგ ქალბატონმა მერიმ საოცარი ისტორია მიამბო, რომელიც მყისვე ჩავიწერე და დღეს პირველად ვთავაზობ პატივცემულ მკითხველს.

„სიმონ ჯაფარიძე ჩვენი თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი პიროვნება იყო. ახალგაზრდები მასთან ვმეგობრობდით და ერთად მრავალი საინტერესო დღე გაგვიტარებია. ჩვენ, ქალიშვილები მას როგორც ჭეშმარიტ რაინდს, ისე აღვიქვამდით. დროთა განმავლობაში ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, ზოგიერთი ამბავი კარგად აღარც კი მახსოვს, მაგრამ ერთი ეპიზოდი სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში და როცა სიმონზე ვფიქრობ ხოლმე, როგორც უზადო თვისებების მქონე და მომხიბვლელ ადამიანზე, უპირველესად ეს ამბავი მახსენდება.

1928 წელს ჩვენი თეატრი დიდი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში რომ გადავიდა, დასს მეც გავყევი. ქუთაისში ბინა არ მქონდა და ნათესავ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი. 1929 წლის მარტის თვე იყო. თოვლი ჯერ კიდევ შერჩენოდა ქუჩებსა და სახლის სახურავებს. საშინლად ყინავდა. ქუთაისური ქარი სიცივეს კიდევ უფრო აძლიერებდა და აუტანელი ხდებოდა ჩვენი ყოფა.

ერთ  დღესაც, წასასვლელი არსად ვიყავით და აუტანელი სიცივისა და უშეშობის გამო,   ნათესავ გოგონასთან ერთად საწოლში დიდხანს შევრჩით, რომ გავმთბარიყავით და სიცივეს გავმკლავებოდით.

შუა დღე გადასული იყო, კარი რომ გაიღო და ჩვეული ხალისით ოთახში სვიმონკა შემოვიდა. მიიხედ-მოიხედა და საწოლში რომ დაგვინახა, შეიცხადა, შემდეგ თავისებურად დაგვიცაცხანა და ხუმრობა დაგვიწყო: – „აი, მესმის ოჯახის ქალები, ორ საათამდე რომ იძინებთ, საქმეს მეტ ბარაქას დაატანთო“. როგორც იცოდა, არ ჩამომჯდარა ისე მოგვიკითხა; ჩვენი „ნებივრობის“ მიზეზი რომ გაიგო, თბილად გაგვიღიმა და „გვაპატია შეცოდება“. თავისიც გვითხრა: – „მშობლები ვინახულე, სხვა საქმეებიც მქონდა, მოვაგვარე, ამაღამ თბილისში მივდივარ და შემოგიარეთ, თქვენებთან ხომ არაფერს გამატანთ ან დამაბარებთო. სხვა ნათესავებთანაც მისასვლელი ვარ, დრო ცოტა მაქვს, ვეღარ გავჩერდები, მეჩქარებაო“ – დაგვემშვიდობა და წავიდა.

დარცხვენილები და სიცივისაგან აკანკალებულები სასწრაფოდ წამოვხტით საწოლიდან და ოჯახის საქმეს მივხედეთ.

სიმონის წასვლის შემდეგ საათიც არ იყო გასული, ეზოდან ხმაური რომ შემოგვესმა. ჯერ ამისათვის ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ხმაური რომ არ შეწყდა და ნაცნობ ხმასაც მოვკარით ყური, ფანჯარაში გავიხედეთ.

მოულოდნელობისაგან ორივენი გავშეშდით. სიმონს ალაყაფის კარი გაეღო და ეზოში შეშით დატვირთული ურმების ქარავანს შემოუძღვა. მეურმეებს შეშა კიბის ქვეშ კოხტად დააწყობინა და ფანჯარაში ჩვენს გაოცებულ მზერას თვალი რომ შეავლო, ჩვეული იუმორით „აგვიხსნა“ საქმის ვითარება – „ეს შეშა თქვენია, ცეცხლი დაანთეთ, გათბით, საქმეს მიხედეთ და პურ-მარილის თადარიგს თუ აქედანვე დაიჭერთ, გაისამდე მოასწრებთ მომზადებას, ჩამოვალ და კარგად ვიქეიფოთო“ – ზემოთ აღარ ამოსულა ისე გაგვეხუმრა, ხელი დაგვიქნია და წავიდა. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რომ დაბნეულებმა მადლობის თქმაც ვერ მოვახერხეთ. სიკეთისაგან შეძრულები, კარგა ხანს უსიტყვოდ ვიდექით ფანჯარასთან და სიმონის ლამაზ, ახოვან  ფიგურას მანამ ვუყურებდით, ვიდრე ჩქარი, სპორტული ნაბიჯით ქუჩის მეორე მხარეს არ გადავიდა და სახლის კუთხეს არ მიეფარა. როცა გონს მოვეგეთ და ყოველივე გავაცნობიერეთ, მაშინღა მივხვდით, როგორი ყურადღება გამოიჩინა უმწეო გოგონების მიმართ, რა უბრალოდ, სხვათაშორის მოგვართვა ესოდენ საჭირო, უძვირფასესი ძღვენი და ერთბაშად მოგვიხსნა უზარმაზარი პრობლემა და საზრუნავი. კიდევ ერთხელ მოვიხიბლეთ სვიმონკას ამ რაინდული ქმედებით.

სიმონის მოტანილმა შეშამ ქუთაისური ცივი მარტიც გაგვითბო და იმ წლის ზამთარიც უზრუნველად გადაგვატანინა. სითბოში ვისხედით ან ვსაქმიანობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სითბოს მომნიჭებელი ჩვენს შორის უკვე აღარ იყო.

აგვისტოს მიწურულს, მთელი საქართველო შეძრა სიმონის უმაგალითო სიკვდილმა – სვანეთში, თეთნულდზე ასვლის დროს, იგი შეეშველა განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს, დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლო და ისიც მასთან ერთად დაიღუპა. უდიდესი იყო ტრაგედია. მთელი საქართველო ჭირისუფლობდა სამაგალითო ვაჟკაცს…

დრო გადიოდა, ცხოვრებაც თავისი გზით მიექანებოდა და ამ ხნის მანძილზე ჭირ-ვარამიც ბევრი გადავიტანეთ, მაგრამ სიმონ ჯაფარიძის ამ ქვეყნიდან ნაადრევი წასვლა მოუნელებელ ტკივილად, მუდმივი სინანულის  განცდად დამრჩა, მის მიერ დატოვებული სითბო კი მთელი ცხოვრების მანძილზე მათბობდა, სულსა და გულს მინათებდა.

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე სვიმონკას მსგავსი მგრძნობიარე, ამავე დროს, ვაჟკაცური ბუნების ადამიანი, ნამდვილი რაინდი, არასოდეს შემხვედრია. იგი თავის თაობაში გამორჩეული პიროვნება იყო და მეამაყება, რომ ამ დიდსულოვან ადამიანთან ვმეგობრობდი“.

ქალბატონმა მერიმ საუბარი დაამთავრა და ჩემ ჩანაწერს რომ თვალი შეავლო, სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა, ინტერესი მომიწონა, შემაქო და გადამკოცნა. მე კი აღტაცებულმა და გახრებულმა გულითადი მადლობა გადავუხადე; გულაჩუყებულმა ტარიელმა თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა, ქალბატონ მერის ხელი მოხვია, მოეფერა, თავისებურად დაიბუხუნა და უთხრა: – „ბიძაჩემი გამიცოცხლეთ, ექვსი წლის ვიყავი რომ დაიღუპა, მაგრამ მეც კარგად მახსოვს მისი სითბო, მუხლებზე დამისვამდა და დიდხანს მათამაშებდა. მისი დიდი სიყვარული დღემდე მომყვება“.

ჩვენთან ერთად, აღნიშნულ საუბარს ბოლომდე გაფაციცებით უსმენდნენ ქალბატონი ელენე ყიფშიძე და ბატონი გოგი გელოვანი, რომელიც შემდეგ ყოველი შეხვედრისას ილიასეული შეგონებით მახსენებდა ხოლმე ქალბატონი მერი დავითაშვილის ამ ნაამბობს – „ხომ არ გავიწყდება ვისი გორისა ხარო“.

სამწუხაროდ, დღეს, ამ ეპიზოდის შემსწრეთაგან, ჩემს გარდა, ცოცხალი აღარავინაა, მაგრამ თვალწინ მიდგას მათი ნათელი და გაბრწყინებული სახეები. ეს მოგონება მათი მარადიული ხსოვნის საწინდარიცაა და თუ განგებამ ინება, ვეცდები ამ დიდებული პიროვნებების ხსოვნასაც მივაგო ღირსეული პატივი.

თემები