ქართული ლიტერატურის 30 წელი
გიორგი ლობჟანიძე

წინა საუკუნის შუა ხანებში რეზი თვარაძემ მოხდენილად უწოდა ქართულ ლიტერატურას „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა“. ეს დეფინიცია, რასაკვირველია, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლიდან, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებიდან“ დღემდე ქართული ლიტერატურის ენა და გამოხატვის საშუალებები ისე არასოდეს შეცვლილა, რომ მისი განვითარების რომელიმე ეტაპზე ეს ლიტერატურა თავისი უპირველესი აუდიტორიისათვის – ქართველი ხალხისათვის – გაუგებარი გამხდარიყო.

რა თქმა უნდა, საქართველოზე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ტრადიციის  ქვეყნებისათვის (მითუმეტეს, აღმოსავლეთში) მათი ცხოვრების რომელიღაც ისტორიულ ეტაპზე მომხდარა ისეთი ეროვნული კატასტროფები, როცა ძირფესვიანად შეცვლილა ენა და შესაბამისად, ამას გამოუწვევია ლიტერატურული ტრადიციის ტრაგიკული წყვეტაც.

საქართველოში კი, ჩვენი თითქმის მუდმივად აწეწილი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არასოდეს გვქონია და ჩვენი ენა და ლიტერატურა მუდამ ინარჩუნებდა იმ ძირითად ნიშან-თვისებებს, რაც გამოჰკვეთდა მის ხასიათს, როგორც გინდა შეცვლილიყო გეოპოლიტიკური  თუ საზოგადოებრივი ვითარება და დროის მოთხოვნები.

გეოპოლიტიკური ვითარების მუდმივი ცვალებადობისა და მყიფე სახელმწიფოებრიობის გამო კი ქართულ ლიტერატურას ძალზე ხშირად უხდებოდა თავის თავზე აეღო იმაზე გაცილებთ დიდი და რთული მისია, რაც ზოგადად მწერლობის დანიშნულებაა.

ქართული მწერლობა ინახავდა ჩვენს ეროვნულ სულს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას და მედროშესავით წინ მიუძღოდა ერს უკეთესი მომავლისაკენ. მეცხრამეტე საუკუნეში ამით იყო შეპირობებული ის გარემოება, რომ მწერალი ლამის მოციქულის რანგში იყო აყვანილი და მისი თითოეული სიტყვა აღიქმებოდა, როგორც ღვთიური ნიშანი ან უკამათო ჭეშმარიტება, რასაც საზოგადოება თითქმის უკრიტიკოდ, ბრმად უნდა მიჰყოლოდა.

ეს ვითარება ისტორიული ინერციით გაგრძელდა თითქმის მთელი მეოცე საუკუნეც, მანამ, სანამ საქართველომ 1991 წელს საუკუნეობით ნანატრი ეროვნული დამოუკიდებლობა არ მოიპოვა.

თვითონ ქართული მწერლობისათვის ალბათ ამ საუკუნეების განმავლობაში ყველაზე მშვიდი და ნაყოფიერი ხანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი იყო. წინა საუკუნის 60-70-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა კავშირში ე. წ. „უძრაობის ხანა“ დაიწყო, ცენზურა შედარებით დამშვიდდა: მწერლებს ფიზიკურად ნაკლებად სპობდნენ, ქვეყანაში ასე თუ ისე სტაბილური ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა შეიქნა და ეს ოდნავი  შვებაც კი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ სწორედ ამ პერიოდში ქართული ლიტერატურა მანამდე არნახული ტემპით განვითარდა. აყვავდა თითქმის ყველა ლიტერატურული ჟანრი და თითოეულ ამ ჟანრში ნამდვილი შედევრებიც დალაგდა. განსაკუთრებული აღმავლობა პროზამ და დიდი მოცულობის ჟანრებმა (რომანი, მოთხრობა) განიცადა.

თუმცა, ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში, ცენზურისაგან თავის დაღწევის აპრობირებული მეთოდივით მოქმედებდა იგავური ენა, რაც აღნიშნული ხანის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ მყარ შინაარსობრივ მახასიათებლად მოგვევლინა.

ქართველი მწერლები მოგვიანო ხანის საბჭოური ცენზურისათვის თვალის ასახვევად თითქმის ერთპიროვნულად მიმართავენ იგავს, როგორც ნაწარმოების დასაბეჭდად და სამზეოზე გამოსატანად გამოცდილ, საიმედო საშუალებას.

ანდა მთელი რომანის მოქმედება გადააქვთ ისტორიულ ეპოქებში და ასე ცდილობენ ასახონ მათი თანამედროვე საქართველოს სინამდვილე, ისტორიული ფონის მოშველიებით ელაპარაკონ მკითხველს იმ პრობლემებზე, რომელიც მათი ცხოვრების ეპოქაში ქვეყნის უმთავრეს საჭირბოროტო საკითხებად გვევლინება.

თუ აღნიშნულმა ვითარებამ, ერთი მხრივ, გამოიწვია მხატვრული ტექსტის ლიტერატურული ღირებულების ამაღლება, ფორმის უაღრესად დახვეწა და გაფაქიზება, ენის არაერთი შრის შემოქმედებითი გააქტიურება (რადგან ცენზურასთან ურთიერთობის პირობითობა  ტექსტის გადასარჩენად ამ ყველაფრის კომპლექსურ ამოქმედებას გულისხმობდა), ამავე ვითარებამ თავისი ნეგატიური დაღიც დაასვა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ მწერლობას.

კერძოდ ის, რომ სათანადოდ, ყველა საშუალებით ვერ ხერხდებოდა გარემომცველი სინამდვილის შემოქმედებითი ათვისება, მწერლები ერიდებოდნენ რეალიზმს და მითუმეტეს, კრიტიკულ რეალიზმს და ეს ტენდენცია ერთგვარი ინერციის სახით უკვე დამოუკიდებლობის ეპოქაშიც გადმოვიდა.

საერთოდ, 90-იანი წლების ქართული ლიტერატურა წინა პერიოდის ლიტერატურული ძიებების ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენს, რაც სრულებით ბუნებრივია, რადგან ამ პერიოდში ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და აქტიურად მოღვაწეობდნენ ის მწერლები, რომლებიც ლიტერატურულ ასპარეზზე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში გამოჩნდნენ და მკითხველის სიყვარული და პოპულარობაც მოიპოვეს.

ამ დროისათვის პოეზიაში ჯერ კიდევ ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის, გივი გეგეჭკორის, იზა ორჯონიკიძის და თუნდაც, ჯანსუღ ჩარკვიანის ეპოქაა.

პროზაში კი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობენ ოთარ ჩხეიძე, ჯემალ ქარჩხაძე, რეზო ჭეიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ოტია იოსელიანი, ოთარ ჭილაძე…

თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მწერალს თავისი „ძირითადი“ ნაწარმოები უკვე შექმნილი აქვს, მაგალითად კარგა ხნის დაწერილია ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“, ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, რეზო ჭეიშვილის „მუსიკა ქარში“, ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“…

თითოეული ამ მწერლის სტილისტიკა უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი და დასრულებულია და თითქოს ამ მხრივ მათგან მკითხველი სიახლეს აღარც უნდა ელოდეს; მაგრამ მათი აქტიურობა, შემოქმედებითი სიმწიფე თავისთავად უკვე იმის გარანტიაა, რომ ის მაღალი მხატვრული თამასა, რომელიც თავის დროზე მათ ქართულ ლიტერატურაში ასწიეს, ქვემოთ აღარ დაეშვება.

ამ მწერლებიდან, ჩემი აზრით, რამდენიმემ მაინც მოახერხა შეჩვეული და მათგან მოსალოდნელი სტილისტიკის ნეტარი კომფორტი გაერღვია და შემოქმედებითი ბიოგრაფიის დასასრულს ქართული ლიტერატურა ახალი შედევრებით გაემდიდრებინა.

მაგალითად, სწორედ ამ პერიოდში დაიწერა ოთარ ჩხეიძის სამი განსაკუთრებული რომანი: „არტისტული გადატრიალება“, „ ლაზერშოუ“ და „თეთრი დათვი“ და ეს რომანები ძალზე საგულისხმოა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სავსებით რეალისტურად, კრიტიკულად ასახავს ამ პერიოდის საქართველოს სინამდვილეს, რაც ერთი მხრივ ორგანულად აგრძელებს ოთარ ჩხეიძის მიერ თავიდანვე არჩეულ გეზს, რომელიც კრიტიკული რეალიზმის შემოქმედებითი პრინციპების განუხრელ ერთგულებას გულისხმობდა.

ეს ერთგულება მწერალს თავის სადებიუტო წლებში ძვირად და ლამის სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. კრიტიკული რეალიზმის თანამდევი საფრთხეების ასე თუ ისე მოგერიებას კი ოთარ ჩხეიძე სხვა მწერლების მიერ უკვე აპრობირებული მეთოდების (მაგალითად, ზემოხსენებული მითოლოგიზაციის ანდა მოქმედების ისტორიულ ეპოქებში გადატანის) ნაცვლად, მხატვრულ-გამომსახველობითი საშულებების სტილიზაციით, ენის არქაიზაციისა და ქართლური კილოკავის დომინანტური გააქტიურებით ახერხებდა. ეს ყველაფერი კი მისი ნაწარმოებების კითხვას საკმაოდ ართულებდა ჩვეულებრივი ობივატელისათვის და მით უფრო ცენზურისთვის.

წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე, როცა თბილისი და საქართველო ერთიანად მოიცვა საპროტესტო მიტინგებმა, ამ მიტინგებზე ძალზე ხშირად გაისმოდა რიტორიკული კითხვა:“ სად არის ქართული მწერლობა?!“ ამ შეკითხვას ერთხელ, მწერლობაში ხელმოცარულმა და ამის გამო თავის კოლეგებზე განაწყენებულმა ერთ-ერთმა ლიტერატორმა ასე უპასუხა:

„ქართული მწერლობა არის მთაწმინდაზე!“

ეს პასუხი, რომელიც ცოცხალი მწერლების მნიშვნელობის ყოველმხრივ დაკნინებას ისახავდა მიზნად, თავის თავში იმასაც გულისხმობდა, რომ მწერლობამ ფეხი ვერ აუწყო დროს და დააგვიანა სინამდვილეზე მხატვრული რეფლექსია, რაც თავისთავად არ იყო სინამდვილისაგან ძალიან დაშორებული აზრი, თუმცა, ობიექტურად რომ შევაფასოთ: მწერლობა არ არის ჟურნალისტიკა და მას ვერ მოსთხოვ და არც მოეთხოვება ფეხდაფეხ მიჰყვეს ყველა მოვლენას, ოპერატიულად ასახოს და დოკუმენტური სიზუსტით აირეკლოს ყველა საზოგადოებრივი მოძრაობა და საერთო-სახალხო თვალსაზრისთა რუტინული მდინარება.

მწერლობას სჭირდება სინამდვილისაგან საკუთარი თავის გარკვეული დისტანცირება, რათა ეს სინამდვილე სრულიად ახლა მხატვრულ რეალობად გადაადნოს და შემოქმედებითად ღირებული შედეგი გამოიღოს.

მიტინგებზე დასმული იმ შეკითხვის შეფარულ ცინიზმს პასუხიც დროთა განმავლობაში გაეცა, როცა მაშინ ვერშემჩნეულმა რამდენიმე მწერალმა პანთეონებში (ზოგმა კი სულაც იმავე მთაწმინდის პანთეონში) დაივანა და ამით მათ მოღვაწეობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

ისედაც, მიტინგებზე წიგნები აღარ იკითხება, თორემ სხვა როგორი ოპერატიულობაღა უნდა მოეთხოვათ მწერლობისათვის, როცა ოთარ ჩხეიძე თითქმის მოვლენების ცხელ კვალში წერდა თავის ზემოთ ნახსენებ სამ შესანიშნავ რომანს, რომლებშიც სწორედ საქართველოს იმ წლების სინამდვილე არის გააზრებული და გაანალიზებული. და რაც მთავარია, სამივე რომანი არის დიდი მხატვრული ძალმოსილების ქმნილება, იმის მიუხედავად, შენ, როგორც ამ მოვლენათა ცოცხალი შემსწრე და მოწმე, ეთანხმები თუ არა მწერალს ამ სინამდვილის გააზრებასა და შეფასებაში.

ოთარ ჩხეიძის რეალისტური მანერისაგან განსხვავებით, ისევ მითოლოგიზებას მიმართავს ოთარ ჭილაძე თავის ბოლო ორ რომანში: „აველუმი“ და „გოდორი“.

საუკუნის დასაწყისში გამოცემულმა ამ ორმა ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ოთარ ჭილაძის როგორც სიტყვის გამორჩეული ოსტატის მნიშვნელობა და თანამედროვე მკითხველიც კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ ყოფით თუ ფილოსოფიურ პრობლემათა პარადიგმატულობაზე, რაც მას რეალურ ცხოვრებაში აწუხებდა.

ამავე პერიოდში გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის ორი რომანი „ გორა მბორგალი“  და „გიორგი ბრწყინვალე“.  ერთი მათგანი მწერლის საბჭოურ საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებული გამოცდილების მხატვრული განზოგადების შესანიშნავი მცდელობაა. ეს რომანი გარკვეულწილად ენათესავება ამირეჯიბის შედევრის „ დათა თუთაშხიას“ მხატვრულ სტილისტიკას, კერძოდ ამ რომანის ერთ შინაარსობლივ პლასტს – ციხის ეპიზოდებს, რაც, ზოგი კრიტიკოსის აზრით, „დათა თუთაშხიას“ საერთო დონის გათვალისწინებით, მწერალს აშკარად „ჩაუვარდა“ თუ ნაკლებად მიმზიდველი გამოუვიდა.

ეს აზრი რომ დათა თუთაშხიას ციხის ეპიზოდებთან დაკავშირებით არ არის მართალი, „გორა მბორგალის“ უაღრესად დახვეწილი და მრავალფეროვანი სამყაროც გვიდასტურებს. ამ რომანით თავისთავად შეივსო ის სიცარიელე, რაც ქართულ ლიტერატურაში გვქონდა საბჭოთა სადამსჯელო ბანაკ- „გულაგების“ აღწერის თვალსაზრისით. და თანაც შეივსო ძალზე მაღალხატვრული ნიმუშით, რომელიც ვთქვათ, ამავე ჟანრის რუსულ კლასიკას „გულაგის არქიპელაგს“ თუ აღემატება, თორემ არაფრით ჩამოუვარდება.

რაც შეეხება მეორე რომანს „გიორგი ბრწყინვალეს“,  აქ ჭაბუა ამირეჯიბი ისევ ისტორიული გამანძილების ქართული ლიტერატურისათვის იმ კარგად აპრობირებულ მეთოდს მიმართავს, რომელზედაც ზემოთ მივუთითეთ.

ამ რომანშიც საგრძნობია ოსტატის ხელი, თუმცა, „გიორგი ბრწყინვალე“ ამირეჯიბის ორ მთავარ ნაწარმოებს „ დათა თუთაშხიასა“ და „გორა მბორგალს“ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

მკითხველი, რასაკვირველია, შენიშნავდა, რომ აქამდე, 90-იანებში ჯერ კიდევ აქტიურად მოღვაწე, მაგრამ დღეისათვის გარდაცვლილ მნიშვნელოვან მწერლებზე ვსაუბრობდით. საბედნიეროდ, ამ  თაობიდან დღემდე ჯერ კიდევ ცოცხალია და აქტიურ შემოქმედებით მუშაობას განაგრძობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მწერალი, რომელთა შემოქმედებაც ერთგვარად ტონის მიმცემია დღევანდელი სალიტერატურო პროცესებისათვის. ისევ პოეტებით რომ დავიწყოთ, დღეს ქართულ პოეზიას ჰყავს ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, ტარიელ ჭანტურია, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა და გივი ალხაზიშვილი. პროზას კი – გურამ დოჩანაშვილი,  გურამ გეგეშიძე და, რა თქმა უნდა, ნაირა გელაშვილი.

რადგან მწერლები მტკივნეულად რეაგირებენ პირობითობებზე, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩამოთვლისას რიგითობა სულაც არ ასახავს რომელიმე აქ დასახელებული მწერლის სხვაზე უფრო მეტ ან ნაკლებ მნიშვნელობას.

მათ თავიანთი დიდი სათქმელი უკვე ნათქვამი აქვთ ქართულ მწერლობაში და სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ ყველა მათგანისაგან ამ ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით (თუ მითუმეტეს!) ახალ-ახალ მნიშვნელოვან ქმნილებებს კიდევ  უნდა ველოდეთ.

მაგალითად, 82 წლის ვახტანგ ჯავახაძემ სწორედ ახლახან, რამდენიმე წლის წინათ, დაწერა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელეგია „ყელსაბამი“, რომელიც, კრიტიკოსთა სავსებით სამართლიანი შეფასებით, ბოლო პერიოდის ქართული პოეზიის ნამდვილ შენაძენს წარმოადგენს.

ხოლო ბესიკ ხარანაულმა სწორედაც ბოლო პერიოდში შექმნა უმნიშვნელოვანესი ტექსტები, რომელთა ჟანრული კუთვნილების განსაზღვრა ძალზე ჭირს; ამიტომ ისევ და ისევ თვითონ ავტორს თუ მოვიშველიებთ და ვიტყვით, რომ „ ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“ რომანია, ხოლო „ 13 ჯორზე ამხედრებული რაინდი“ პოემა, უფრო სწორად, კავკასიური საგა, რომლის ანალოგის პოვნა, ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურაში ძალიან გაჭირდება.

პოეზიაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორი, რომელიც სამწერლო ასპარეზზე მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გამოვიდა.

მაგალითად, უაღრესად საინტერესოა ლია სტურუას ყოველი ახალი კრებული, ანდა გივი ალხაზიშვილის წიგნები, რომელშიც ავტორი თავისებური ხელწერით და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, კონვენციური (უკვე ვერლიბრის მიერ აშკარად დაჩრდილული) მიმართულების ნამდვილ ოსტატად გვევლინება.

ტრადიციული სალექსო ფორმების ასეთივე დიდოსტატია ტარიელ ჭანტურია, რომელიც უაღრესად ფართო დიაპაზონის პოეტია: უფაქიზესი ლირიკული განწყობილებებიდან ირონიულ-პაროდიულ მიმართულებამდე, რომელის აღმავლობაც ქართულ პოეზიაში სწორედ ტარიელ ჭანტურიას სახელთან არის დაკავშირებული.

დაახლოებით ამავე თაობის პროზაიკოსებიდან კი დღეს ისევ აქტუალური და საინტერესოა იგივე გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული კიდევ არაერთი რომანი დაწერა, მათ შორის, „ლოდი, ნასაყდრალი“, რომელიც ჩემი აზრით, მის მიერ ადრე შექმნილ შედევრებს, მაგალითად უკვე საყოველთაოდ აღიარებულ „ სამოსელ პირველს“ არათუ არ ჩამოუვარდება, პირიქით, რაღაცა აზრით, აღემატება კიდევაც.

გურამ დოჩანაშვილის ბევრმა მართლა მოყვარულმა მკითხველმა მწერალი ამ რომანის გამოსვლის შემდეგ უკიდურეს ენობრივ ფორმალიზმში დაადანაშაულა. ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ დოჩანაშვილის კითხვა უკვე შეუძლებელი გახდა, რადგან მისი წინადადებები ისე გაბუნდოვანდა და  ჩაიხლართა  ერთმანეთში, რომ მთელი გვერდების მანძილზეც კი ჭირს ამ აბდაუბდიდან ელემენტარული საღი აზრის გამოტანა.

მე ასეთი შეფასება მწერლობის არასათანადო ცოდნის შედეგი მგონია; რადგან ვფიქრობ, გურამ დოჩანაშვილის იმ ენობრივმა არტისტიზმმა, რაც ასე გვხიბლავს, „სამოსელ პირველსა“ თუ მის რამდენიმე ადრეულ შედევრ მოთხრობაში, თავისი განვითარების მწვერვალს, სწორედ „ლოდი, ნასაყდრალში“ მიაღწია.

წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩვენს თანამედროვეობამდე პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი ნაირა გელაშვილისათვის გამოდგა. მან სამი გამორჩეული რომანი შექმნა, რომელთაგან ორი – „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ და „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ – საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღევანდელი მოვლენების ჩათვლით პერიოდის ყველაზე პირუთვნელ მხატვრულ მატიანედ მოგვევლინა.

ორივე ეს რომანი უაღრესად რთული სტრუქტურის ნაწარმოებია, რომელთა სათანადოდ შესაფასებლად ცხადია საკმარისი არ არის მიმოხილვითი წერილის ფორმატი. ამ ძალზე პოლიფონიურ რომანებში იმდენი ნარატიული ხაზი ისე ოსტატურად ერწყმის და გადადის ერთმანეთში, რომ მკითხველს არ გტოვებს აღფრთოვანების განცდა სწორედაც ასეთი მაღალი მხატვრული ოსტატობის პირისპირ.

გარდა ამისა, ეს ორი რომანი ურთულეს ამოცანას ისახავს მიზნად: აღწეროს და შეაფასოს საქართველოს ბოლო ათწლეულების ხშირად კოშმარულ სინამდვილე, რომლის აღწერასაც, ერთის მხრივ, მართლა დანტეს კალამი სჭირდება და მეორე მხრივ, არ თუ ისე უსაფრთხოა, რადგან ამ მოვლენათა მთავარი შემოქმედნი თუ მეორეხარისხოვანი, მაგრამ არც თუ უმნიშვნელო გავლენის პერსონაჟები, არათუ ცოცხალნი, ჯერაც უაღრესად აქტიურნი არიან და კაცმა არ იცის, საიდან რა საფრთხეს დაატეხენ თავს სინამდვილის ობიექტურად აღწერისათვის თავგადადებულ მწერალს…

ნაირა გელაშვილის მესამე შედარებით მცირე მოცულობის ნაწარმოები „ მე ის ვარ“ სწორედ კლასიკური გაგებით არის რომანი, რადგან აქ მთავარი კოლიზია სიყვარული, უფრო სწორად, 13 წლის გოგონას პირველი სიყვარულია, რომელსაც უკვე ათწლეულების შემდეგ უბრუნდება რომანის მთავარი პერსონაჟი და მთელ დრამატიზმს ქმნის ის, თუ რად გარდაიქმნებიან ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი შეგრძნებები მთელი ცხოვრების განმავლობაში. რომანის სათაური, რომელიც არცთუ უსაფუძვლოდ გვაგონებს ძველი აღთქმის ღმერთის თვითმოხსენიებას: „მე ვარ, რომელი ვარ“ დასაწყისიდანვე გვაძლევს მთავარ გასაღებს, როგორ უნდა გავიგოთ ეს ბრწყინვალე ნაწარმოები: ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთის იგივე სიყვარულის ძიებაა, რომელიც ყველაზე მძაფრად ძირითადად ადრეულ სიყმაწვილეში განიცდება და ადამიანმა საჭიროა, რომ თავის თავს ყველა ასაკში შეახსენოს: „ მე ის ვარ“, რათა პასუხად მიიღოს: “მე ვარ, რომელი ვარ“.

კრიტიკული რეალიზმის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს და ბოლო პერიოდის საქართველოს სინამდვილეს თავისებურად აღწერს ამავე თაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მწერალი გურამ გეგეშიძე.

სულ ახლახან, 2016 წელს გამოცემული მის სქელტანიანი რომანი „ნათლისქრობა“ არის დამამთავრებელი წიგნი მწერლის მიერ შექმნილი რომანების ციკლისა, XX საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მხატვრულ მატიანეს რომ წარმოადგენს. ეს ციკლი დასახელებულ რომანთან ერთად აერთიანებს მწერლის რამდენიმე შედარებით ადრეულ ნაწარმოებს: „ხმა მღაღადებლისას“, „ სისხლის წვიმებს“ და „ნაცრის კოშკს“.

თუ ამ რომანებს გურამ გეგეშიძის შედევრს, მის ვრცელ მოთხრობას „აპრილსაც“ დავუმატებთ, თვალწინ წარმოგვიდგება უაღრესად მნიშვნელოვანი შემოქმედი, რომლის ბადალის  ყოლასაც ნებისმიერი დიდი ერის მწერლობა ინატრებდა.

ასევე 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა ზაირა არსენიშვილის რამდენიმე რომანი, რომელთა ფასიც უახლეს ქართულ ლიტერატურაში ბევრი არაფერი დაწერილა. ეპიკური სიდინჯით მთხრობელი კახელი ავტორი ისეთ დრამატულ ხასიათებსა და კოლიზიებს ქმნის, რომ მკითხველს მისი გმირები, განსაკუთრებით რომან „ ვა, სოფელოს“ პერსონაჟები მთელი სიცოცხლე თან მეგობრებივით გამოგყვებიან.

კლასიკური რომანის საუკეთესო ტრადიციებით შექმნილი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, ჩემი აზრით, არის ლაშა თაბუკაშვილის უაღრესად საინტერესო რომანი „ ერთიც გაგვიღიმე, გიუმპლენ“, რომელშიც არაჩვეულებრივი სიცხადითა და დრამატიზმით იხატება თბილისელთა რამდენიმე თაობის ყოფა და ღირებულებები. ლაშა თაბუკაშვილი ფაქიზად აღგვიწერს საზოგადოების არაერთი წრის წარმომადგენელთა ურთიერთობებს, ამ წრეებში გაბატონებულ მორალსა და მათ შეხედულებებს. რაც მთავარია, ნაწარმოები დასრულებული რომანია, ჟანრის საუკეთესო ტრადიციების გათვალიწინებით, რომანი, როგორც ასეთი, რადგან ქართული რომანის მთავარი სისუსტე მაინც ის მგონია, რომ უფრო თხრობაა და არა რომანი, უფრო მთხრობელების ნაწერებთან გვაქვს საქმე და არა რომანისტების ნიმუშებთან, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ხანს თითქმის ყველა პროზაულ წიგნს გარეკანზე ან ფორზაცზე მაინც თავმომწონედ „რომანი“ აწერია.

სინამდვილეზე რეფლექსირების, სინამდვილის ასახვისა და მისი კრიტიკულად გააზრების ერთ-ერთის საუკეთესო ფორმა, რომელიც ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქართულ მწერლობაში დოკუმენტური რომანია. ამ ჟანრის უპირობო ლიდერი კი დღეს ნამდვილად არის როსტომ ჩხეიძე, რომლის დოკუმენტური რომანების ციკლიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს სინამდვილის გააზრებისათვის ქართული მწერლობის ფასდაუდებელი მონაპოვარია. თითოეული ეს რომანი, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟს ეძღვნება, ამ პერსონაჟთან ერთად გვიხატავს მისი თანადროული საქართველოსა და ზოგჯერ მსოფლიოს შესაშური ცოდნითა და სიღრმით აღდგენილ სრულ პანორამას, რადგან თვითონ როსტომ ჩხეიძე ის უნიკალური მოვლენაა, ვისშიც თანაბრად არის შერწყმული დიდი მეცნიერი და უდიდესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი, რომლის ხელიდან გამოსული ყველა ნიმუში – სხვათა შორის სანდოობის მხრივაც გამორჩეული – გაუნელებელი ინტერესით იკითხება.

დოკუმენტური პროზის განსაკუთრებულ ნიმუშებად აქვე უნდა დავასახელოთ მოგონებათა ის წიგნებიც, რომლებიც თავისი საბოლო სახით, მნიშვნელოვნად სცილდება ჩანაწრებისა და  გაბნეული მოგონებების ფარგლებს და დასრულებულ რომანებად წარმოგვიდგება. ამათგან უპირველესად ალბათ მაინც ვახუშტი კოტეტიშვილი უნდა მოვიხსენიოთ. მისი მხატვრულ დოკუმენტური რომანი „ ჩემი წუთისოფელი“ აღნიშნული ჟანრის ნამდვილი შედევრია. ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც ბრწყინვალე პოეტი და შეუდარებელი მთარგმნელი იყო, „ჩემი წუთისოფლით“ ხასიათების ხატვის ვირტუაზადაც, პროზის ხვეულების ჩინებულ მცოდნედაც წარმოჩინდა.

„ჩემი წუთისოფლის“ რანგისა და მნიშვნელობის ქმნილებაა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დიდი ქართველი ლირიკოსის იზა ორჯონიკიძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „თავწყარო“.

მიუხედაად იმისა, რომ ეს შესანიშნავი, სწორედ ლირიზმითა და დიდი ადამიანური სიფაქიზით აღბეჭდილი წიგნი ისე არ გახმაურებულა, როგორც, ვთქვათ, ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფელი“, ჩემი აზრით, ის თავისი ჟანრის განსაკუთრებული ქმნილებაა და გულგრილს ვერავის დატოვებს, ვისთვისაც ქართული ენის უფაქიზეს შრეებში ჩაყურუმელავება და ამ შრეების სიღრმეებით ტკბობა სულერთი არაა.

წინა ორი რომანიდან ცოტათი განსხვავებული, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი წიგნია გიორგი გვახარიას „ ცრემლიანი სათვალე“, სადაც ძალიან დიდი სიფაქიზით ცოცხლდება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისური ყოფა.

ბოლო ხანს ცალკე წიგნად გამოიცა ლანა ღოღობერიძის მოგონებების არაჩვეულებრივი კრებული „რაც გამახსენდა და როგორც გამახსენდა“. ამ წიგნში მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი გულახდილად გვიყვება თავისი ცხოვრების, გამოცდილებების, პროფესიული და ადამიანური შეხვედრების შესახებ და თხრობას ისე საინტერესოდ განავითარებს, რომ წიგნს ბოლო გვერდამდე ვერაფრით მოწყდები.

საბჭოთა გულაგების ყოფას ასახავს ლევან ბერძენიშვილის ბრწყინვალე დოკუმენტური რომანი „ წმინდა წყვდიადი“. დიახ, არ შემშლია, რომანი, რადგან ეს წიგნი მასში შემავალი ცალკეული ნაწილების მიუხედავად, მაინც ერთ მხატვრულ მთლიანობად აღიქმება.

დოკუმენტური ჟანრის (ნონფიქშენის) ასეთმა მოძალებამ შესაძლოა რომანის ჟანრის კრიზისზე დაგვაფიქროს.

საერთოდ კლასიკური რომანის ჟანრული კრიზისი თუ სულაც რღვევა არც ქართული მოვლენა და არც პირწმინდად ქართული მწერლობის პრობლემაა. თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა დიდი ხანია დგას ამ გამოწვევის წინაშე. ჟანრები ერთმანეთში გადადიან, მათ შორის საზღვრები იშლება, დიდტანიანი ნაწარმოებები ადგილს უთმობენ შედარებით მცირე ფორმატებსა და ოპუსებს და ამას დროის აჩქარებითა თუ თანამედროვე ადამიანის დროის დეფიციტით ხსნიან. დღევანდელ მკითხველს აღარ ჰყოფნის არც დრო და არც ხალისი დიდი მოცულობის წიგნების საკითხავად, ამიტომაც მწერლობამ გამოსავალი მარტივად „მოძებნა“: ფორმა და ფორმატი მკითხველის მოთხოვნილებებსა და ინტერესს შეუხამა.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით გამძაფრდა ქართული ლიტერატურისმცოდნეობის ერთი ადრინდელი „ნაკლი“: ჟანრების შკალიდან იმ ჟანრის ამოგდება, რომელსაც რუსები повесть -ს უწოდებენ. ქართული რანგირება მაინც მიჰყვებოდა ევროპულ შკალას. გვქონდა: ნოველა, მოთხრობა და რომანი. მათ შორის კი ვერ ან არ აღვნიშნავდით შედარებით დიდ მოთხრობას, რაღაც გარდამავალ საფეხურს რომანსა და მოთხრობას შორის.

ამან დღევანდელ – ფორმატთა შემცირების სიტუაციაში- დიდი აღრევა და გაუგებრობა გამოიწვია. გამომცემლობები ვერ „შეთანხმდნენ“, როგორ უნდა მოიხსენიონ ვრცელი მოთხრობა და რადგანაც რომანი კომერციულად სარფიანი ჟანრია, ბოლო ხანს ამჯობინებენ, „მცირე რომანი“ დაამკვიდრონ.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროზაიკოსების რომანებს არ ვიგულისხმებთ, მაშინ ძალზე პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ქართული ბელეტრისტიკის წყალგამყოფად სწორედ ის იქცა, რომ კლასიკური რომანის ადგილი „მცირე რომანმა“ დაიკავა და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებიც შეიქმნა.

მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“, კოტე ჯანდიერის „გლობალიზაცია“, ირაკლი სამსონაძის „ ქელეხი ქარში“, აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ზურა მესხის „ სპაზმები“, ანა კორძაია-სამადაშვილის „ ვინ მოკლა ჩაიკა“ და „შუშანიკის შვილები“, ზაზა თვარაძის „ სიტყვები“, ზაზა ბურჭულაძის „მინერალური ჯაზი“ და „ ადიბასი“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, დავით ქართველიშვილის „იყო საღამო, იყო დილა“, დავით გაბუნიას „ დაშლა“, თამთა მელაშვილის „გათვლა“, შოუ ბაბუხადიას „ბაყაყები“.

რომანისაგან დამოუკიდებლად არის გასაანალიზებელი ის მიღწევები, რაც მოთხრობის ჟანრში უკანასკნელ ხანებში შეიქმნა.

ჩემი აზრით, დღეს ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის რამდენიმე გამოკვეთილი ოსტატია. პირველ რიგში დავასახელებდი ზაალ სამადაშვილს, თამრი ფხაკაძეს, ეკა ღაღანიძეს, მიხეილ ანთაძეს, ნინო სადღობელაშვილს… ზურაბ ლეჟავას და მის არაჩვეულებრივ კრებულს „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“, ასევე ბესო ხვედელიძესა და მის შესანიშნავ წიგნს „თაგვის გემო“, თეონა დოლენჯაშვილსა და მის „იანვრის მდინარეს“… ირაკლი ჯავახაძის, რეზო თაბუკაშვილის, ბექა ქურხულის, ოთარ ჯირკვალიშვილის, არჩილ ქიქოძის, ლელა კოდალაშვილის შესანიშნავ მოთხრობებს. ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა უკვე შემდგარი და წარმატებული რომანისტიც არის.

ბოლო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი მე პირადად დავით გორგილაძის სადებიუტო კრებულში „ღმერთი სამსახურშია“  შესული ოთხი მოთხრობისა და ზურაბ აბაშიძის  მომანიჭა.

ასეთი დაყოფა, რასაკვირველია, ძალიან პირობითია და მხოლოდ და მხოლოდ იმის აღსანიშნავად დამჭირდა, რომ მოთხრობის ჟანრიც დღეს ძალზე დინამიურად ვითარდება, თორემ ბექა ქურხულზე, როგორც რომანისტზეც შეგვეძლო გვეთქვა არაერთი კარგი რამ და მითუფრო, არჩილ ქიქოძეზე, რომლის „ სამხრეთული სპილოც“ ბოლო წლების ერთ-ერთი ბესტსელერი და ობიექტურადაც ძალიან კარგი ნაწარმოებია.

აქვე საგანგებოდ უნდა გამოვყოთ მინიატურის ჟანრი, რომელიც პროზის ჟანრებს შორის ერთ-ერთი ურთულესი და ძნელად შესასრულებელი ჟანრია. წინა საუკუნის 90-იან წლებამდე ჟანრის ნამდვილი შედევრები ჰქონდა დიდ ქართველ მწერალს რევაზ ინანიშვილს, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ მოხვდა წინამდებარე მიმოხილვაში, რომ 1991 წელს გარდაიცვალა და შესაბამისად, ყველაფერი, რაც მისი ხელიდან გამოსულა, ჩვენი მიმოხილვის პირობით ქრონოლოგიურ ჩარჩოებზე ოდნავ ადრინდელია. არადა, არც რევაზ ინანიშვილის არმოხსენიება გამოდის, რადგან მისი პროზის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ქართულ მინიატურას, აქ ისევ უნდა დავიწყოთ ნუგზარ შატაიძით, ახლანდელებიდან კი ცალკე უნდა აღვნიშნოთ: ოლესია თავაძე, ნინო თარხნიშვილი და ნინო გუგეშაშვილი.

საერთოდ კი, კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ოცდამეერთე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მეოცე საუკუნის მწერლობისაგან გამოარჩევს ენასთან და თემატიკასთან შედარებით ლაღი დამოკიდებულებაა.

საბჭოური ცენზურის დასამარებამ გამოიწვია ის, რომ მწერლები გათავისუფლდნენ უწინდელი დიდი შეზღუდვებისაგან და იგავური ფორმამაც, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქართული ლიტერატურის ნიმუშების ერთ-ერთი მახასიათებელი იყო, ნელ-ნელა დათმო პოზიციები პრობლემაზე ღიად, გამოკვეთილად, აქცენტირებულად ლაპარაკის სასარგებლოდ.

არტახებშემოხსნილმა მწერლობამ, როგორც ახალამოსუფთავებულმა წყარომ, თავიდან მღვრიე ლექიც წამოიღო და, ცხადია, ბევრი მკითხველის თვალში მწერლობამ დაკარგა ის ოდინდელი სიდარბაისლე, რაც თუნდაც მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურას ახასიათებდა.

დაკარგა თუნდაც იმით, რომ ამ მწერლობაში დიდი დოზითა და ზოგჯერ სრულიად უფუნქციოდ შემოიჭრა: ჟარგონი, არგო და ყოფითი უხამსობა.

კლასიკურ დახვეწილობასა და უმკაცრეს ცენზურაგამოვლილ, დაწმენდილ ლექსიკას შეჩვეული მკითხველის ყურს ძალიან ეხამუშა მკვეთრი გამოთქმები, ქუჩური ჟარგონი, არანორმატიული ლექსიკა, რითაც სავსეა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშები. ამას საზოგადოების ისეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რომ ლამის ორად გაიხლიჩა ისედაც მუდმივად გახლეჩვისაკენ მიდრეკილი საქართველო. მაგალითად, იმ ჯგუფად, ვისაც ზაზა ბურჭულაძე ან ერეკლე დეისაძე მწერალი ჰგონია და ჯგუფად, რომელსაც არა თუ ეს ორი, საერთოდ, ახალ თაობაში ნამდვილი მწერალი არავინ ეგულება.

ცხადია, არანაირი აზრი არ აქვს ამ უკანასკნელი ჯგუფისათვის იმის მტკიცებას, რომ ზაზა ბურჭულაძე ერთ-ერთი საუკეთესო სტილისტია, რომელიც შესანიშნავად გრძნობს ქართული ენის ფაქიზ ნიუანსებს; ხოლო მისი ეპატაჟი ხშირად იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც წლობით ჩამცხვარ საზოგადოებრივ ძირმაგარაზე სკალპელის დასმა. ეს სკალპელი კი, ძირითადად, სწორედ არანორმატიული ლექსიკითა თუ აქამდე ტაბუირებული თემების გააქტიურებით არის წამახული.

ასევე უაზრობაა ამ ჯგუფს ვუმტკიცოთ, რომ ზურაბ ქარუმიძის „მელია-ტულეფია“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, სადაც მწერალი საკითხის ღრმა შესწავლიდან გამომდინარე ქმნის უაღრესად საინტერესო მხატვრულ სინამდვილეს, მხოლოდ ამ სინამდვილისათვის დამახასიათებელი პირობითობებითა და არტისტულად მჩქეფარე სინტაქსით, რაც ორგანულად აგრძელებს მისივე გამორჩეული რომანის „ ღვინომუქი ზღვის“  კარგი საჭადრაკო პარტიების დონეზე აყვანილ ენობრივ თამაშებს.

წეღან მთხრობელისა და რომანისტის დაპირისპირებაზე რომ მოგახსენებდით, ალბათ, აქ  საჭიროა იმისი აღნიშვნა, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არავინ მეგულება აკა მორჩილაძეზე უკეთესი მთხრობელი-რომანისტი. აკას შეუძლია, სრულიად უინტერესო თემაზე ისე დაგელაპარაკოს, რომ შენდაუნებურად ჩაგითრიოს ძალიან დიდი რომანის სიღრმეთა შუაგულში. მას შეუძლია იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი და ერთნაირად საინტერესო ქართული ენის ყველა სტიქიაში. აკა არის ალბათ ყველაზე ხელხვავიანი მწერალიც და ყველა მისი წიგნი რაღაც ასპექტით ძალზე საინტერესოა; თუმცა აქ მაინც გამოვყოფდი სამ რომანს: „მადათოვის“ ციკლს, „ობოლესა“ და „სანტა ესპერანსას“.

ზემოთქმულის საპირისპირო მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, მაგალითად,  ჩემი აზრით, ჯერჯერობით მთხრობელი სჭარბობს რომანისტს ალეკო შუღლაძეში, რომელსაც გამოარჩევს ერთი ისეთი თვისება, რაც ასე გაიშვიათდა დღევანდელ მწერლობაში: სრულიად ბანალური, ანეკდოტური ამბების თხრობისასაც კი, ალეკოს შეუძლია, ისე მოგნუსხოს, ისე გაგიტაცოს და ნაფოტივით გატაროს ფურცლების მდინარეზე, რომ თავი და გარემომცველი სინამდვილე სავსებით დაგავიწყოს; იმ სინამდვილის მცხოვრებად და თანაზიარად გაქციოს, რომელსაც თვითონ ამა თუ იმ რომანში გთავაზობს. მისი „ გადამალვა“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის  ნამდვილი შედევრია.

უკანასკნელი პერიოდის ქართული რომანის შენაძენად  ასევე მიმაჩნია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანები და განსაკუთრებით მისი „პატარა ქვეყანა“, რომელიც, ჩემი აზრით, რომანი-პამფლეტის ჟანრის გამორჩეული და განსაკუთრებული ნიმუშია.

თუკი მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ქართული მწერლობის დიდი წარმომადგენლები ბოლო პერიოდის ქართული სინამდვილის ტრაგიკული მოვლენების ასახვას შესაბამისად ეპიკური ხერხებით ცდილობდნენ და თხრობის რიტმიც, ნაწარმოებთა ტონალობაც, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების რეგისტრიც ამ ეპიკურ ხერხებზე იყო მორგებული, ლაშა ბუღაძემ იმავე სინამდვილის გადმოცემა წარმატებით მოახერხა შარჟითა და გროტესკით, რაც ეროვნულ პრობლემებზე საუბრისას, აქამდე ნამდვილად უცხო იყო ქართული მწერლობისათვის.

„პატარა ქვეყანა“ ეს არის რომანი – ბუფონადა, სადაც ცინიზმის, გროტესკის, შარჟის მიღმა ზუსტად იგივე ტკივილია და პრობლემების გააზრების ზუსტად იგივენაირი წადილი, რაც ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ეპიკურ და ეპოქალურ რომანებში. ოღონდ აქ სჭარბობს თვითირონიისა და ირონიის წილი, რაც უთუოდ კარგი ნიშანია.

მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მაინც ერთგვარი თვითტკბობა ახასიათებდა, ქართველობის და ქართული ხასიათის ერთგვარი რომანტიზება და გაიდეალება, რაც ადვილად აიხსნება დაპყრობილი ქვეყნის სინამდვილით.

ამ ხერხით ქართული მწერლობა ცდილობდა იმ ეროვნული იდეალების გადარჩენას, რაც არსებითად ჩვენს ნაციონალურ ხასიათსაც განსაზღვრავდა და ჩვენი ეროვნული ხსნის საუკუნეებში გამოვლილი საიდუმლოც იყო, მაგრამ ამავე სინამდვილემ მეოცე საუკუნეში თითქოს არ მოგვცა საშუალება, უფრო ღრმად დავფიქრებულიყავით ჩვენს ნაკლოვანებებზე, ბევრი პრობლემის მიზეზი ჩვენი ხასიათის გარკვეულ თავისებურებებში მოგვეძიებინა და არა – მტერსა თუ დამპყრობელში, რომელშიც უპირობოდ ვხედავდით ყველანაირი უბედურების სათავეს და მთელს ჩვენს ტრაგედიას სწორედ მას – სხვას, უცხოს, ოკუპანტს ვაბრალებდით.

ქართული ხასიათის უმთავრესი ნაკლოვანებები შეუბრალებლად გააშიშვლა ესმა ნოზაძის სახელით 2000-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულმა პოემებმა „ჟამის მამალი“. ეს პოემები პრინციპულად დაუპირისპირდა საბჭოთა ცენზურის კანონიერ და შეიძლება  კიდევ უფრო სასტიკ უფლებამონაცვლეს – რელიგიურ-კლერიკალურ ცენზურას, რომელიც თანამედროვე ქართული მწერლობის ნამდვილ უბედურებად მოგვევლინა.

ლაშა ბუღაძის რომანი „ პატარა ქვეყანა“ სწორედ ამ ხაზს აგრძელებს და ხშირად არ ეპუება  გაბატონებულ საზოგადოებრივ  აზრს, რომელიც არც თუ იშვიათად გაუნათლებლობით ნაკვები და ფანატიზმის ძუძუთი გამოზრდილი ფსევდორელიგიურობით, ეკლესიის უსაზღვრო და უსაფუძვლო ამბიციებით არის მართული და ხალხის უბრალო ფენებში მავნედ ფესვგადგმული.

ეს „საზოგადოებრივი აზრი“ ხალხს აიძულებს უკრიტიკოდ მიიღოს  გაბატონებული ფენების (დიახ, არ მერიდება ამ სიტყვათშეთანხმების გამოყენება!) მისაღები, მათი კიდევ უფრო გაბატონებისათვის აუცილებელი ნებისმიერი სიჩლუნგე, რომელიც ხშირად სწორედ რელიგიური საბურველით არის ვუალიზებული. მაშინ, როცა მწერლობის ერთ-ერთი ფუნქცია ყოველთვის იყო და არის საზოგადოებრივი აზრის ჯანსაღი ოპონირება, კოლექტიური ცნობიერების კრიტიკა პიროვნული თვითდგენის პოზიციებიდან.

თვითონ მწერლობაში კი პიროვნულობის, სუბიექტური მეს, ადამიანის ყველაზე საიმედო დამცველად ყველაზე მეტად მაინც პოეზია და მისი ერთ-ერთი შენაკადი – დრამატურგია გვევლინება. უფრო მეტიც, პოეზია და პოეტები ხშირად არაცნობიერ დონეზე გრძნობენ მომავალ საფრთხეებს და მეტად თავისებური ენით აფრთხილებენ საზოგადოებას ამ საფრთხეთა შესახებ.

უკანასკნელი ხანის ქართულ პოეზიაში ძალზე მძაფრად აირეკლა ყველა სიმძიმე, რაც კი ჩვენმა ხალხმა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში გამოიარა: ეს არის შიმშილის, ნგრევის, ომების, უბედურებებისა და სიპარტახის პოეზია, რომელიც ძალიან მძაფრად გვიჩვენებს, რა ნანგრევებიდან შეიძლება აღმოცენდეს და გაიზარდოს უკეთესი მომავალი.

ის უაღრესად ფაქიზად რეაგირებს არამხოლოდ არსებულ სიმახინჯეებზე, არამედ სამომავლო საცდურებსა და კატასტროფებზეც და ცდილობს, თავიდან აგვარიდოს ეს კატასტროფები. ამისათვის კი მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ამ პოეზიის სწორად წაკითხვა შევძლოთ, მოვუსმინოთ, რას გვეუბნებიან პოეტები და დასკვნებიც ყველამ ჩვენი განვითარებისა და ინტელექტუალური დონის შესაბამისად გამოვიტანოთ.

ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მეოცე საუკუნის 90-იანი წლების პოეზია უფრო ადრინდელი ნიმუშებისაგან გამოირჩა, არის ის, რომ იმ დროისათვის გაბატონებულმა და საზოგადოების მიერ ატაცებულმა პატრიოტულმა ლირიკამ პოზიციები დათმო სუბიექტივიზმიდან ამოზრდილი, ჭვრეტით-ინტელექტუალური ლირიკის სასარგებლოდ. შესაბამისად, უწინდელი ქართული პოეზიის დომინანტური პათეტიკა აღმსარებლობითი, ნეიტრალური, თხრობითი კილოთი შეიცვალა.

ზემოთქმული იმას როდი ნიშნავს, რომ 90-იანებამდე ასეთი ტიპის პოეზია საერთოდ არ გვქონია, აქ ლაპარაკია ლიტერატურული პროცესის დომინანტურ ხაზებზე და არა – საერთოდ რომელიმე ერთი მიმართულების მეორე მიმართულებით ჩანაცვლებაზე. თორემ სუბიექტივისტურ, ძალზე თანამედროვე ნარატივს იოლად ვნახავთ ყველაზე პატრიოტულ-პათეტიკური მუხრან მაჭავარიანის ლექსებშიც და ასევე პათეტიკურ ნაკადს მოვიძიებთ ამავე პერიოდის ალბათ ყველაზე „ინიდივიდუალისტ“ და დღემდე სათანადოდ დაუფასებელ ბრწყინვალე პოეტში, გივი გეგეჭკორში.

დღევანდელი ქართული პოეზიის დომინანტური ხმა კი სწორედ იმ თაობის ხმაა, რომელიც წინა საუკუნის 90-იან წლებში მოვიდა. იმ პერიოდისათვის მოდური იყო ლიტერატურული გაერთიანებები, რომლებიც მალევე დაიშალა, მაგრამ თავის დროზე ამ გაერთიანებებმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს ქართული პოეზიის შინაარსობრივი და სტილისტური განახლების თვალსაზრისით. აქ საკმარისია ვახსენოთ: „ რეაქტიული კლუბი“, რომელმაც სწორედ დაშლის შემდეგ „აჩუქა“ ქართულ პოეზიას რამდენიმე მნიშვნელოვანი პოეტი: დათო ჩიხლაძე,  შოთა იათაშვილი, გიორგი ბუნდოვანი, ზურაბ რთველიაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი…

ცალკე, საკუთარი ამბიციების ნისლებით გარშემორტყმული იდგა დათო ბარბაქაძე და მისი „დათო ბარბაქაძის ჟურნალი“ და თუ იმ დროს ამ ნისლების გამო არ ჩანდა დათო ბარბაქაძის ნამდვილი ფასი, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი არაჩვეულებრივი პოეტური კრებული „მივუსამძიმროთ შემოდგომას“ ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული პოეზიის რამდენიმე ძირითადი ხაზის განვითარების თვალსაზრისით და ის რეცენზიებიც, რომელსაც დათო ბარბაქაძე ბექა ბარქაიას ფსევდონიმით დროდადრო აღფრთოვანებით წერდა ხოლმე საკუთარი ლექსებისა და თარგმანების შესახებ, ბევრ რამეში მართალი გამოდგა.

1989 წელს გამოვიდა ელა გოჩიაშვილის პოეტური კრებული „ მწუხრი მშვიდობისა“. დათო ბარბაქაძეზე არანაკლებ ამბიციური ელა გოჩიაშვილი ამ პირველი კრებულიდანვე გამოიკვეთა, როგორც უაღრესად საინტერესო ავტორი, რომელსაც შეეძლო სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე შემოეტანა. ეს იმედი პოეტმა ელა გოჩიაშვილმა ბოლომდე გაამართლა, მისი უკანასკნელი კრებულები, და განსაკუთრებით, 2000-იანი წლების დასაწყისში დასტამბული „შაბიამანი“ თანამედროვე ქართული პოეზიის ნამდვილი მშვენებაა.

90-იან წლებშიც და დღესაც წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას მანანა ჩიტიშვილი, რომლის შემოქმედებაც ნამდვილი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება კლასიკური სალექსო ფორმებით ითქვას უაღრესად თანამედროვე და უმნიშვნელოვანესი სათქმელი. მანანა ჩიტიშვილის პოეზია კიდევ ბევრი ასპექტით არის სანიმუშო. არცერთი მისი ლექსი არ არის უბრალო საბაბით დაწერილი, „ პოეზია პოეზიისათვის“ და თითოეულ სტრიქონში საგრძნობია ქართული სიტყვის განსაკუთრებული შეგრძნება, რაც, სამწუხაროდ, ნელ-ნელა იკარგება ახალი თაობის პოეტებში.

მჭვირვალე ლირიზმის საოცარი შეგრძნებები მოაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი პოეტის, ვასილ ბესელიას საუცხოო შემოქმედებას. ვასილ ბესელია დიდი ადამიანური ემოციების, შეგრძნებათა უფაქიზესი წინააღმდეგობების ვირტუოზულად გამომთქმელი პოეტია.

კლასიკური ქართული ლექსის ერთგულ მეციხოვნედ რჩება ტარიელ ხარხელაური, რომლის პირველი ნაბიჯები ქართულ პოეზიაში წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ტრიუმფალური აღმოჩნდა. მრავალმხრივ გამორჩეული იყო მისი პირველი პოეტური კრებული  „ წყალი საკალმახე“.  მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე სამოცდაათს გადაცილებული ტარიელ ხარხელაური ინარჩუნებს იმ თავდაპირველ სისადავეს, სიღრმესა და აზრისა და ფრაზის ბუნებრივ მდინარებას, რაც მისი ადრეული კრებულებისთვის იყო დამახასიათებელი.

ქართულ პოეზიაში სრულიად ცალკე დგას ეთერ თათარაიძე. ის ერთადერთი პოეტია, რომელიც დიალექტზე (თუშურ დიალექტზე) წერს და დღემდე პრინციპულად ერთგული რჩება თავისი ბუნებრივი სამეტყველო პოეტური ენისა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეთერ თათარაიძის ერთადერთი ღირსება ის სულაც არ არის, რომ პოეტური თვითგამოხატვის საშუალებად მშობლიური კილოკავი აირჩია. პირველ რიგში, უფაქიზესი ლირიკოსია და ამიტომაც არის ძალიან ღირებული ის ყველაფერი, რასაც მისი პოეტური ფიქრი შეეხება. თორემ მისი მიმბაძველობა (თუშურ დიალექტზე წერა) სხვამაც სცადა და მიუხედავად მოხერხებული თვითპიარისა, ეთეროს  (თუკი ასეთი აქვს) ყველაზე სუსტი ლექსის ფასიც კი არაფერი გამოუვიდა.

აქვე, როგორც ეთერ თათარაიძის ლექსების სპარსულად მთარგმნელი, საჭიროდ მივიჩნევ უარვყო ერთი ძალიან ბოროტი განზრახვით გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ ეთერ თათარაიძის პოეზია სხვა ენებზე თარგმნას არ ექვემდებარება. მე გამოცდილებამ საპირისპიროში დამარწმუნა: ეს პოეზია შესანიშნავად გადადის სხვა ენებზე და, მთარგმნელისაგან სათანადო თანაგანცდისა და აღქმის შემთხვევაში, სავსებით ინარჩუნებს ორიგინალის ცხოველმყოფელობას.

რაკი სიტყვამ მოიტანა, ალბათ, საინტერესოა, ვინ არის უცხო (ევროპულ) ენებზე ყველაზე უფრო თარგმნილი თანამედროვე პოეტი. ჩემი ფიქრით, ეს პოეტია შოთა იათაშვილი. თუ ეს მართლაც ასეა და არ ვცდები, ძალზე სასიამოვნოა, რომ უცხოეთში ქართულ ლიტერატურას უმაღლესი ხარისხის პოეტური ნიმუშების თარგმანთა მეშვეობით ეცნობიან. შოთა იათაშვილი, როგორც ფორმის, ისე შინაარსის მხრივ, არის დღევანდელობის ყველაზე უფრო ადეკვატურად გამომხატველი ავტორი და შემთხვევითი არ არის ის განსაკუთრებული ინტერესი, რასაც უცხოელი მთარგმნელები მისი შემოქმედების მისამართით იჩენენ.

საერთოდ კი უცხო ენაზე თარგმნა ძალიან პირობითი და საეჭვო კრიტერიუმია, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, თუკი პოეტი ითარგმნება, ცხადია, ეს მის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე მიუთითებს, მაგრამ მეორე მხრივ ისიც ფაქტია, რომ თარგმანი შესაძლებელია სრულებითაც ვერ ასახავდეს ამ პოეტის ნამდვილ მნიშვნელობას მის მშობლიურ გარემოში.

ბოლო დროს დიდი სიხარულით ვადევნებ თვალს დათო მაღრაძის ლექსების კრებულების არნახულ წარმატებას იტალიაში. ეს ლექსები, რაღაც მიზეზების გამო, იტალიური საზოგადოებისათვის დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ცხადია, აღიარებამაც არ დააყოვნა, თუმცა ცოტა შეუსაბამოა ეს აღიარება იმ დაფასებასთან, რაც დათო მაღრაძეს თვითონ საქართველოში აქვს. იმედს ვიტოვებ, რომ მისი პოეზიის შესაბამისი აღქმის დრო საქართველოს მომავალში ელოდება.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამავე თაობის, სამწუხაროდ, დღეს უკვე გარდაცვლილი, ორი ძალიან ღრმა და თავისებური პოეტი. ომარ თურმანაულმა, ჩემი აზრით, რამდენიმე ნამდვილი შედევრი დატოვა: მაგალითად: „მოვა გასული გაზაფხული“ და „ნეტავ ჩემს თავს არა ვგავდე“, ზაზა თვარაძე კი თავისი პუბლიკაციებით და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დასტამბული კრებულით „მხიარული ლანდები“ სრულიად ამოვარდნილი იყო თანამედროვე ქართული პოეზიის ჩვეული კონტექსტიდან. ზაზა თვარაძის მნიშვნელობის გააზრება, მისი მოთხრობებისა და ლექსების სიღრმისეული შესწავლა მომავლის საქმეა.

მომავალში მეგულება კიდევ ერთი არაჩვეულებრივი და მართლაც ყოველმხრივ ცოცხალი პოეტის თემურ ჩხეტიანის ნამდვილი მკითხველი. ის, ერთი შეხედვით, მისდევს ბესიკ ხარანაულის მიერ დამკვიდრებულ პოეტურ სტილისტიკას, მაგრამ ამ სტილისტიკის შიგნით იმდენ განსხვავებულსა და მხოლოდ მისთვის ნიშნეულს აკეთებს, რომ შეცდომა იქნებოდა, თემურ ჩხეტიანი ვინმეს უბრალო ეპიგონად ჩაგვეთვალა.

პირიქით, თემურ ჩხეტიანის ბოლო კრებული გამოკვეთილი ინდივიდუალობისა და პიროვნული შეუპოვრობის იშვიათი ნიშნით აღბეჭდილა და ეს ლექსები მარტო პოეტური კი არა, მარტოკაცის დიდი სულიერი და ადამიანური გამოცდილებაა.

90-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში კიდევ ერთი გამოკვეთილი პოეტი მოვიდა – ზვიად რატიანი. მოგვიანებით მან თავისთავი ერთ ინტერვიუში „გავლენებისაგან შემდგარ პოეტად“ მოიხსენია. ამ თვითირონიაში იყო სიმართლის ძალიან დიდი წილი, რადგან თავიდან იგი ბესიკ ხარანაულის აშკარა გავლენას განიცდიდა, მოგვიანებით, მის პოეზიაში იოსიფ ბროდსკის ინტონაციებიც ძალუმად გაისმა, თუმცა ამ ორი ძირითადი ინსპირატორის მიუხედავად, რატიანმა ალბათ მოახერხა თავისთავადი პოეზიის შექმნაც, რადგან იგი დღევანდელ სალიტერატურო წრეებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში უაღრესად პოპულარული და დაფასებული ავტორია.

აი, მეორე პოეტის, ბათუ დანელიას შემთხვევაში კი, ვინც ქართულად ძალიან კარგად თარგმნა იოსიფ ბროდსკის პოეზია, ბროდსკის ასეთი ზედაპირული გავლენა არსად არ იგრძნობა. პირიქით, ის მკვეთრად ინდივიდუალური და გამორჩეული პოეტია, თანაბრად ვირტუოზი პოეზიის ყველა ხმასა და ინტონაციაში, რომელმაც მართლაც ბევრი მიგნებით, უამრავი სიახლით გაამდიდრა ქართული პოეზია.

თითქმის ასეთივე ვირტუოზულობით გამოირჩევა ბათუ დანელიაზე შედარებით უმცროსი პოეტი შალვა ბაკურაძე. შალვას ბაკურაძის კრებულები ნამდვილი პოეტური ფოიერვერკია, სადაც ათასნაირი ხმა, ინტონაცია, სტილისტიკა ერთმანეთს ამოფრქვევასა და გამომზეურებაში ეჯიბრება და ბაკურაძე ყველა ამ შემთხვევაში რჩება ნამდვილ ოსტატად, თამამ ექსპერიმენტატორად, რომელსაც სჯერა და ჩვენც გვაჯერებს, რომ პოეტური ფიქრისა და სიტყვის შესაძლებლობები ამოუწურავია.

პოეტურ ფიქრსა და სიტყვას რომ უკიდურესი გამძაფრება, თითქმის ხავერდის განცდამდე გაფაქიზება შეუძლია ამისი ნიმუში ნიკა ჯორჯანელის ძალიან ღრმა და საინტერესო შემოქმედებაა. ნიკა ჯორჯანელმაც როგორც კონვენციურ, ასევე არატრადიციულ სალექსო ფორმებში გამოხატვის სრულყოფილებას მიაღწია და ამის შემდეგაც მისგან მხოლოდ წინსვლას უნდა ველოდეთ. ნიკას პოეზია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ფაქიზ ემოციებთან ერთად, ის უაღრესად დიდი ფიქრის პოეტია, მისთვის ემოცია აზრით არის გამახვილებული და აზრი ემოციით გაფაქიზებული.

დიდი ემოციური სიმძაფრით გამოირჩევა მაია სარიშვილი. მისი პოეზია ადამიანის ფსიქიკის ყველაზე მოუხელთებელ სიღრმეებს სწვდება და არაჩვეულებრივად დახვეწილი ენით ზედაპირზე ამოაქვს შეიძლება ბევრისათვის გაცნობიერებული, მაგრამ უმრავლესობის მიერ გაცნობიერებისთანავე უარყოფილი და საგულდაგულოდ მიჩქმალული შემაშინებელი განცდები. თუ პოეზია იდუმალთან მიახლებაა, მაშინ მაია სარიშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი გამოდის.

არ მიყვარს პოეტების დაყოფა, მაგრამ ამ მხრივ- იდუმალებასთან თანაზიარობის თვალსაზრისით – მაინც უფრო ქალი პოეტები გამოირჩევიან. მაგალითად, მანანა კობაიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასტამბული კრებულით – „ სხვა აგვისტო“ – სრულიად გამორჩეულ პოეტად წარმოგვიდგა.

ანდა კატო ჯავახიშვილი, რომლის ლექსები იმდენად წინასწარმეტყველურია, რომ ზოგჯერ ადამიანს გზარავს და განგიზიდავს ეს წინასწარმეტყველება. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ კატო ჯავახიშვილის პოეზია მხოლოდ კატო ჯავახიშვილისათვის იქმნება: ის ყურადღებას არ აქცევს გარემოს, პრობლემების ფსკერზე ჩაღრმავებულა და იქიდან ამბობს სათქმელს, რომელიც, როგორც კი იტყვის, მაშინვე ყველას შეეხება, ყველასათვის თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება.

ასეთივე შთაბეჭდილება თუ განცდა იქმნება ნენე გიორგაძის ლექსების კითხვისასაც. ოღონდ ნენეს ლექსები უფრო გამოწვევაა: საზოგადოებისადმი გადაგდებული სატყუარა, რომელსაც ის საგანგებოდ ფუთავს პიროვნული მითოლოგზმებით, რათა პირობითად მაინც გაემიჯნოს ყოფიერებას და გვაფიქრებინოს, რომ ის ამ ყოფასთან, ამ სინამდვილესთან არაფერშუაშია.

ზოგი პოეტი კი პირიქით, საგანგებოდ ყოფით თემებს ირჩევს თავისი სათქმელის და გნებავთ, იდუმალი არსის უკეთ გამოსახატავად.

მაგალითად, რუსუდან კაიშაური, ჩემი შეფასებით, პატარა საგნების დიდი პოეტია. მის პოეზიაში ძალზე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი სულს იდგამენ და ახალი შინაარსით ივსებიან. ეს პოეზია თვითონ პოეტისათვის ცოცხზე ჯვარცმის შემდეგ ცად ამაღლებას ემსგავსება.

ყოფით თემებს უმნიშვნელოვანეს პოეტურ პარადიგმად გარდაქმნის ბელა ჩეკურიშვილიც. მისი პოეზია რამდენჯერმე ტრანსფორმირდა ჩემ თვალწინ. ბოლო პერიოდის ლექსები კი საერთოდ განიძარცვა თითქმის ყველა პოეტური სამკაულისაგან და, თუ ლელა სამნიაშვილის ძალზე საინტერესო ექსპერიმენტებს გამოვრიცხავთ, ალბათ ქართველ პოეტთაგან ბელა ჩეკურიშვილის ლექსი  დღეს ყველაზე მეტად დაემსგავსა თანამედროვე დასავლურ პოეზიას.

ასეთი რამე ცოტა უფრო ადრე მოხდა ლელა სამნიაშვილის შემთხვევაში. ოღონდ, ლელა ბოლო კრებულამდე ინარჩუნებდა ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელ ემოციურ სიმძაფრესა და მგრძნობელობას. მის ბოლო პოეტურ კრებულში კი სალექსო ფორმების ფლობის ტექნიკამ ნამდვილ მწვერვალებს მიაღწია, ოღონდ, სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, აქ უკვე ხშირად ფორმალურ ძიებებს შეეწირა ნაღდი ემოცია, ის, რაც პოეზიას პოეზიად გადააქცევს ხოლმე.

ლექსის წერის ტექნიკის თვალსაზრისით შეუდარებელია ზაზა ბიბილაშვილი. ოსტატობის ასეთ დონეს, ჩემი აზრით, ძალიან ცოტა თუ აღწევს თანამედროვე ქართველი პოეტებიდან. აქ ფორმისა და შინაარსის სრული ჰარმონია გვაქვს და ზაზას თითოეული ახალი კრებული, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროფესიონალიზმის შესაშური ნიმუშია. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მისი ბოლო წიგნი „ფაზლი“, სადაც პოეტი არაჩვეულებრივი, სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგა. ის არ ასდევს ლიტერატურულ მოდას, ერთგულად მიჰყვება თავის გზას და გვეუბნება, რომ აი, სწორედ ასეთიც შეიძლება იყოს პოეზია.

ასევე ჯიუტად მისდევს თავის არჩეულ გზას გიო საჯაია. რამდენადაც ვიცი, ამ შესანიშნავ პოეტს ჯერ თავისი კრებული არც კი დაუსტამბავს, მაგრამ ლიტერატურულ პრესაში გაბნეული მისი პუბლიკაციებიდან სრულიად აშკარაა, რომ   ის დღევანდელი ქართული პოეზიის უმნიშვნელოვანესი და გასათვალისწინებელი ავტორია.

მახსოვს ზაზა შათირიშვილის ერთი მიმოხილვა, რომელმაც ლიტერატურულ წრეებში დიდი ვნებათაღელვა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არ ვიცი, რითი იყო მოტივირებული მაშინ ფილოსოფოსის არჩევანი, რადგან სტატიაში მკაფიოდ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ამ არჩევანის თეორიული წანამძღვრები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ შათირიშვილმა გალაკტიონის შემდგომ დიდ პოეტებად გივი ალხაზიშვილი და რეზო გეთიაშვილი დაასახელა.

არც ერთ და არც მეორე პოეტს მეც არაფერს ვერჩი. პირიქით, ზემოთ უკვე გითხარით, რომ გივი ალხაზიშვილი იმ რამდენიმე გამორჩეულ პოეტს შორის მეგულება, რომელთა შემოქმედებაზეც დგას და ვითარდება თანამედროვე ქართული პოეზია.

რაც შეეხება რეზო გეთიაშვილს, ის მართლაც საინტერესო პოეტია, ხოლო რამდენიმე მისი ლექსი ეგებ შედევრია კიდეც, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებს. თუმცა ვერაფრით დავეთანხმები არამხოლოდ გეთიაშვილის, არამედ შემდგომი პერიოდის ნებისმიერი პოეტის გალაკტიონთან ერთ სიბრტყეზე დაყენებას. ამისათვის რამდენიმე კარგი ლექსის დაწერა არ კმარა, საამისოდ სალექსო სისტემის ძირეული რეფორმა ან ისეთი სიახლეების დამკვიდრებაა საჭირო, რაც ჯერჯერობით ასე თუ ისე 60-ანელთა თაობის რამდენიმე გამორჩეულმა პოეტმა (პირველ რიგში ბესიკ ხარანაულმა და ლია სტურუამ) თუ მოახერხა.

სხვა მხრივ, გალაკტიონი მიუღწეველი სიმაღლეა. ეგებ ვინმემ, რომელიმე თუნდაც ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდამ, ხელი უშნოდაც წამოჰკრას ამ სიმაღლეს, ეგებ ქვემოდან სრული დიდებულებით ვერც დაინახოს, მაგრამ ლიტერატურისმცოდნეობა იმისთვის არის, რომ ყველა პროცესი სისტემურად, მეცნიერულად შეისწავლოს და მერე ნაკლებად დარჩება სივრცე თუნდაც ისეთი სუბიექტური გააზრებებისათვის, როგორსაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ის წერილი ან თქვენი მონა მორჩილის ეს მიმოხილვა წარმოადგენს. ერთი კაცის სისტემატიზაცია ყოველთვის უკიდურესად სუბიექტურია. სხვებზე რომ არ ვილაპარაკო, ჩემს თავზე გეტყვით, რომ შეიძლება მსგავსი ოპუსის წერისას მეც ვიღაც უმნიშვნელოვანესი გამომრჩეს, – ან იმის გამო, რომ სათანადოდ არ ვიცნობ მთელ ლიტერატურულ პროცესს, ანდა იმიტომ, რომ ადამიანი ვარ და შესაძლოა, უბრალოდ რაღაც დამავიწყდეს ან, მე ასე მიმაჩნდეს, მაგრამ სინამდვილე  სხვისთვის სრულებით სხვაგვარად გამოიყურებოდეს.

მაგალითად, იმავე გალაკტიონის სისტემატიზაციას თუ ხუთეულს „ შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და… გალაკტიონი“ დღევანდელი გადასახედიდან პირადად მე პრინციპულად არ ვეთანხმები, რადგან შოთას მერე ობიექტურად ყველაზე დიდი პოეტი დავით გურამიშვილია, გურამიშვილის მერე კი (ეგებ ილიას, როგორც პოეტს ან აკაკის უფრო „შევლეოდი“, მაგრამ მე პირადად) ბარათაშვილის არაფრით არ გამოვტოვებდი.

ნუ ვიტყვით, რომ გალაკტიონის ეს შემოთავაზება პოეტური სტრიქონია და იგი ყველას ჩამოთვლას ვერ დაიწყებდა. ცხადია, მაგრამ ასეთი სისტემატიზაციები ყოველთვის შეიცავს ლიტერატურული სინამდვილის გამრუდების გარკვეულ საფრთხეს, ამიტომაც საფრთხეს სულ მცირე ფრთხილად მაინც უნდა მოეკიდო.

თორემ ისე გასაგებია, ლია ლიქოკელის ახალგაზრდული მაქსიმალიზმი გალაკტიონის შეფასებისას, როცა ერთ-ერთ გადაცემაში ჰკითხეს, გალაკტიონი მოგწონს თუ არაო და პატარა, ნიჭიერმა გოგომ, ზეაპყრობილი თვალებითა და განდობილის ტონით ჩაიდუდუნა: „ისე რა“.

მე თუ მკითხავთ, ახალთაობაში (ყოველ შემთხვევაში ადრეული პუბლიკაციებიდან) ყველაზე მეტად ლია ლიქოკელი მომწონს, მაგრამ ეს მოწონება  სწორედაც რომ „ისე რაა“ იმასთან შედარებით, როგორც გალაკტიონი ან დავით გურამიშვილი ანდა, დიდ პოეტებს რომ თავი დავანებოთ ლიქოკელზე ცოტა უფროსი თაობიდან თეა თოფურია მომწონს და მომწონს სწორედ იმის გამო, რომ თეა თოფურია უფრო პიროვნული გამოცდილებების პოეტია, ვიდრე ლია ლიქოკელი, რომელიც უფრო თავისი თავის მითოლოგიზირებით არის დაკავებული.

ამავე თაობიდან ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკა ქევანიშვილი და ნინო თარხნიშვილი. ორივე მათგანმა ისე თამამად შემოიტანა და ნამდვილი პოეზიის კუთვნილებად აქცია სოციალური თემატიკა, რომ ეს აქამდე არცერთ ქართველ პოეტს არ გაუკეთებია. თანაც საინტერესოდ მეჩვენება მათი ენა – ჟურნალიზმთან ასე მიახლოებული, მაგრამ თან ასეთი ახალი და მოულოდნელი აქცენტებით დატვირთული.

მათგან განსხვავებული და სრულიად არაორდინალური პოეტია ნატა ვარადა. მისი თითქმის ყოველი ლექსი უმძაფრესი და ამავე დროს უნატიფესია.

თაობის ლიდერი კი მაინც პაატა შამუგია მგონია, რომლის პოეზიაც დიდი ხანია სცდება ყველანაირი სტანდარტული „კარგის“ ან თუნდაც „ბრწყინვალის“ ფარგლებს და ნამდვილ შემოქმედებით ამოფრქვევას ემსგავსება.

პაატა შამუგია არ ეპუება არანაირ დადგენილ ნორმას, უშიშრად მიდის ამ ყველაფრისა და ხშირად პაატა შამუგიასვე წინააღმდეგ და მისი ყოველი ახალი კრებულის წაკითხვისას არ მტოვებს სასიამოვნო შეგრძნება, რომ   იმ მოცემულ ეტაპზე პოეტი ჩემ თვალწინ სრულად, თავდაუზოგავად იხარჯება.

ხოლო დღეს რომ მკითხოთ, ვინ არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტი, ალბათ უყოყმანოდ დავასახელებდი რატი ამაღლობელს. რატიმ წინა საუკუნის 90-იანი წლების მიწურულიდან უკვე თქვა თავისი დიდი სიტყვა ქართულ პოეზიაში. დღემდე ძალიან ცოტას აქვეყნებს, მაგრამ გულგრილი ვერასოდეს დარჩები მისი ლექსების მიმართ. ყოველ შემთხვევაში ეს ლექსები ჩემზე ძალიან ზემოქმედებს: ფიქრისკენ, თანაგანცდისაკენ მიბიძგებს და მარადიული პრობლემების სიღრმეში სრულიად სხვა რაკურსით მახედებს.

ამ მიმოხილვის წერისას არ მტოვებდა იმის განცდა, რომ მაინც ყველაფერს ჩემ „გემოზე ვჭრიდი და ვკერავდი“  ამიტომაც შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ ისეთი უსამართლობა წამომეკიდებინა საკუთარ თავზე, რასაც მერე ჩემს თავს მე თვითონვე ვერასოდეს ვაპატიებ. აქედან თავდასაღწევად, ერთ პროვოკაციულ „ეშმაკობას“ მოვმართე:

ფეისბუქის გვერდზე ხუთი ათასი მეგობარი მყავს. მათი უმრავლესობა თვითონ ლიტერატორი ან ლიტერატურასთან დაახლოებული პირია. ამიტომაც გადავწყვიტე ამ საზოგადოებისათვის ასეთი პროვოკაციული შეკითხვით მიმემართა:

თქვენი აზრით, დღევანდელი სალიტერატურო პროცესიდან რომელი მწერალი დარჩება ქართული ლიტერატურის ისტორიაში?

ცხადია, კარგად მესმის ამ შეკითხვის პრინციპული აბსურდულობა: ქართულ ლიტერატურაში დარჩება ყველა, ვისაც რამე  ღირებული დაუწერია. ღირებულებათა შკალას კი ყველა ეპოქა ზოგჯერ სრულიად განსხვავებულად ალაგებს. ამის ნიმუშად გალაკტიონის ის ცნობილი სტრიქონიც გამოდგება, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრე. თუმცა, ჩემი ვარაუდით, შეკითხვაზე პასუხები იმაში მაინც გამარკვევდა, რომელ მწერალს კითხულობენ დღეს აქტიურად და ინტერესით საქართველოს სხვადასხვა წრეებში.

არსებითად, ასეც მოხდა და ფეისბუქ-კომენტარების ავტორებმა ბევრი ისეთი ავტორი შემახსენეს, რომელიც მე, მაგალითად, იმ წუთას ვერაფრით ვერ გამახსენდებოდა. ვთქვათ, პირადად მე აზრად არასოდეს მომივიდოდა, რომ სერიოზულ ლიტერატურულ მიმოხილვაში თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანაზე“ პროფესიულ დონეზე მემსჯელა, თუმცა, ცხადია, ვიცი, რომ ამ რომანს უამრავი მკითხველი ჰყავს და ბევრს ის ნამდვილი მწერლობის გამორჩეულ ნიმუშად ეჩვენება. ასე, ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს მაია ბურჭულაძის რომანებსაც და თემურ ელიავას ლექსებსაც, მაგრამ, ვფიქრობ ასეთი ტიპის „მწერლობა“ ცოტა სხვა კონტექსტში განსახილველია.

იმავე ფეისბუქ-გამოკითხვისას, ერთმა ჩემმა კოლეგამ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად კი ისიც დამიწერა, რომ ძნელია, ვიფიქროთ,  შენი „არაბულის მასწავლებელი“ შემორჩესო.

მართალი გითხრათ, ჩემს თავზე სულაც არ მიფიქრია. მე რომ ბექა ბარქაია ვიყო და საკუთარ თავზე ფსევდონიმით ვწერდე კრიტიკულ წერილებს, შეიძლება გამეცამტვერებინა პოეტი გიორგი ლობჟანიძე, რადგან მიმაჩნია, რომ ის, რაც უნდა ჩემი პოეზიისაგან  სამომავლოდ დარჩეს, მაინც ჯერ კიდევ მომავალშივე ივარაუდება. ეს კი მხოლოდ კეთილი სურვილია და არა – რეალობა. საერთოდ კი სჯობს, თუ მაინცდამაინც საკუთარ თავზე რამის თქმას გადავწყვეტთ, ჩვენს ნაღვაწს ისე კრიტიკულად და უშეღავათოდ ვუყურებდეთ, როგორც ამას ხანდახან აკეთებს მართლა გამორჩეული პოეტი ნინო დარბაისელი.

ნინო დარბაისელის შემოსვლა ქართულ პოეზიაში უფროსი თაობის პოეტების მხრიდან შესაბამისი სიხარულითა და მოლოდინით აღინიშნა. დღეს კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესია ის, რაც ნინომ ქართული ლექსის ინტონაციური განახლების საქმეში გააკეთა. მან არაერთი ნიუანსით გაამდიდრა ქართული პოეზია და თანამედროვე სალიტერატურო პროცესი მის გარეშე, ისევე როგორც თითქმის ამავე თაობის მეორე უმნიშვნელოვანესი პოეტის, დალილა ბედიანიძის ადრეული ლექსების გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება.

შუა ხნის ასაკში ვაცნობიერებ რამხელა სიხარულია ყოველი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გამოჩენა. თავის დროზე ასეთი სიხარული განმაცდევინა ირაკლი კაკაბაძის და განსაკუთრებით სოსო მეშველიანის გამოჩენამ.

სოსო მეშველიანი დღეს უკვე ერთ-ერთი გამორჩეული პოეტია: ბუნების უბრალოებისა და დიდებულების, მისი გამჭვირვალებისა და იდუმალების პოეტი და მჯერა, კიდევ მეტს გააკეთებს, თუკი უცებ უკვე მოსალოდნელ თვითტკბობაში არ გადაქანდა.

თავზარდამცემი შთაბეჭდილება იყო ჩემთვის ზაზა კოშკაძისა და ზურა ჯიშკარიანის აღმოჩენა.

ასევე ლუკა ბაქანიძის ლექსების პირველად წაკითხვა, რომელიც ბოლო დროს პროზაში გადავიდა და ერთი საინტერესო რომანიც დაწერა.

ამჟამად არც იმისი თქმა მერიდება, რომ შევხარი და ინტერესით ვადევნებ თვალს მიშო დადიანის, გიორგი შონიას, ბექა ახალაიას, ნიკა ლაშხია, სულ ბოლო დროს კი გიო ლომიძის პოეტურ ნაბიჯებს და მგონია, რომ მომავლის ქართული პოეზია ამ სახელებითაც დამშვენდება.

პროზაში კი ძალზე შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა თაზო ვაჩნაძეს, რომანით „საფეხური“. ამ რომანს უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მწერალს აქვს ის იშვიათი ღირსება, რაც არ ისწავლება – მთხრობელის ნიჭი და ამ ნიჭის სწორად განვითარების შეთხვევაში, მისგან საინტერესო რომანისტი ჩამოყალიბდება.

იმ დებიუტანტებიდან კი ვინც გარისკეს და პირდაპირ რომანით ან მინირომანით დაიწყეს, აქვე უნდა ვახსენო მარიამ წერეთელი, რომლის მცირე რომანმაც, ბევრი პროფესიული ხარვეზის მიუხედავად, მაინც სასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვა.

საინტერესო მოვლენაა, როცა ახალგაზრდა მწერლები პირდაპირ რომანით იწყებენ. რომანი ურთულესი ჟანრია იმ მხრივ, რომ მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებასა და პოლიფონიურობის შეგრძნებას და ძალიან იშვიათია, ამ ამოცანას ახალბედა მწერალმა სრულყოფილად გაართვას თავი. მით უფრო, როცა საქმე ფაქტობრივი მასალის დამუშავებას ეხება, თანაც თუ ეს ფაქტოლოგიური მასალა ნაწარმოებში აღსაწერი მთელი ისტორიული ეპოქოს დამუშავებაა. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ჩემი აზრით, ახალგაზრდა მწერლებიდან ყველაზე წარმატებული რომანი, თანაც ისტორიული რომანის ჟანრში, ნოდარ მაჭარაშვილმა დაწერა. მისი „ ავი მუსაიფი“, რომელიც  ერეკლე მეორის მეფობასა და მის ხანას ეხება, არანაირ შეღავათს არ საჭიროებს ავტორის ახალგაზრდობის გამო. თუ ვარაუდი არ მიმტყუნებს, ეს წიგნი მომავალს მართლა შემორჩება.

ჩემი აზრით, დღეს მწერლობის ყველა სხვა ჟანრზე მეტად, საქართველოში დრამატურგიას უჭირს. პოლიკარპე კაკაბაძე და შალვა დადიანი რომ აღარ გვყავს, ისედაც ცხადია, მაგრამ დღესდღეობით დრამატურგიის თუნდაც ის დონე კი სანატრელია, რაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გვქონდა. თამაზ ბაძაღუას ნაადრევი და ტრაგიკული გარდაცვალება პოეზიისა და დრამატურგიის განვითარებაზე ტრაგიკულად აისახა. აღარ არის ოთარ ჩხეიძე თამაზ ჭილაძეც უკვე გარდაიცვალა. შადიმან შამანაძის დრამატურგობა, სამწუხაროდ, წინა საუკუნეში ჩარჩა და იმ საუკუნიდან დღევანდლამდე მხოლოდ ლაშა თაბუკაშვილიღა ქმნის ამ ჟანრის ნიმუშებს და არსებითად, ლაშა თაბუკაშვილივე ინარჩუნებს ქართული დრამატურგიის ტრადიციას.

ბოლო ხანს როსტომ ჩხეიძემაც შექმნა რამდენიმე პიესა, საკმაოდ კარგი და გამართული პიესებიც არის, ოღონდ დრამატურგიის, როგორც ჟანრის აღმავლობა მაინც კიდევ სხვა პირობებს, ანდა სრულ მწერლურ თავის მიძღვნას, უშუალოდ ამ ჟანრისათვის დაბადებული კაცის გამოჩენას მოითხოვს, რომელიც, იმედია, სამომავლოდ მაინც გამოჩნდება.

შედარებით ახალი თაობიდან კი ჩემთვის განსაკუთრებულად ფასეულია იგივე ლაშა ბუღაძის, ბასა ჯანიკაშვილის, მანანა დოიაშვილის, თამარ ბართაიას, ბესო სოლომანაშვილისა და დავით გაბუნიას პიესები.

მიმოხილვისათვის ალბათ ცალკე უნდა გამოვყოთ საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა, რომელიც, ბოლო დრომდე ასევე არ გამოირჩეოდა დიდი მრავალფეროვნებით. 90-იანი წლებიდან, მაგალითად, მხოლოდ ნაირა გელაშვილის საბავშვო ზღაპრების შესანიშნავი კრებული „წინწკლების ქოხი“ და „ლტოლვლი გოგონა ნია-ნია“ , უფრო მოგვიანებით კი მისივე „ ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები“ და „ დიდი დაგის ორდენი“  მახსენდება.

დღეს ვითარება შედარებით გამოსწორებულია და საბავშვო საყმაწვილო ლიტერატურაც ასაკობრივად თუ ჟანრულადაც უფრო სეგმენტირებულია.

მაგალითად, საყმაწვილო ფენტეზის ჟანრში გამორჩეული წიგნების ავტორია ნატო დავითაშვილი, შესანიშნავ ზღაპრებს წერს თეა თოფურია, გამორჩეულად კარგი ზღაპრები და ლექსები აქვთ ზაზა აბზიანიძეს, ლელა ცუცქირიძეს, ირმა მალაციძეს, მარიამ წიკლაურს. საბავშვო-საყმაწვილო პოეზიის უპირობო ლიდერი კი ჩემთვის არის ვასო გულეური, რომელმაც ეს ლიტერატურა ნამდვილი შედევრებით გაამდიდრა.

დრამატურგიის და საბავშვო მწერლობის გარდა, ასევე ხშირად მსმენია და ზოგჯერ მეც გამჩენია აზრი ქართული სალიტერატურო კრიტიკის კრიზისზე. თუმცა რასაკვირველია, ჩემი სკეფსისი იქვე უარმიყვია, როგორც კი გამხსენებია, რომ სალიტერატურო კრიტიკაში გამოჩენილი ლიტერატორების მთელი თანავარსკვლავედი მოღვაწეობს. მარტო როსტომ ჩხეიძის, თემურაზ დოიაშვილის, ლევან ბრეგაძის, უჩა შერაზადიშვილის, ივანე ამირხანაშვილის, მალხაზ ხარბედიას, ზაზა შათირიშვილის, გაგა ლომიძის, ნინო ჩხიკვიშვილის, თამარ ბარბაქაძის, ნინო ვახანიას, მაკო ჯანჯიბუხაშვილის მაია ჯალიაშვილის, გია არგანაშვილის, ინგა მილორავას, მარინე ტურავას, ნონა კუპრეიშვილის სახელების გახსენება რად ღირს!

თუ ჩვენი ლიტერატურული გარემოს უაღრეს შემოსაზღვრულობასაც გავითვალისწინებთ, როცა თითქმის ყველა ყველას იცნობს ამ პატარა ქვეყანაში, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი უხერხულობის, ჭოჭმანის, საკუთარ თავთან ბრძოლისა და სხვებისგანაც რამდენი დაუმსახურებელი შემოტევის მოგერიება უწევთ ამ ადამიანებს თავიანთი სიმართლისა და პროფესიული პრინციპების დასაცავად.

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის თუნდაც ამ წერილის მერე, მათი მდგომარეობა სავსებით გასაგებია. მართლა არ ვიცი, რა მელოდება, ერთ ნუგეშად ისღა მრჩება, რომ ალბათ მოსალოდნელი გულმავიწყობის, უნებური შეცდომებისა და ბოლოსდაბოლოს, ბუნებრივი სუბიექტივიზმის პირობებში, მაინც მოვახერხე დღევანდელი ქართული მწერლობის ობიექტური სურათის კონტურთა მოხაზვა.

ასეთი მიმოხილვები კი ერთი კაცის დასაწერი არ არის. პროცესის შესაფასებლად ყველა უნდა ზრუნავდეს. სხვა ალბათ თავისას იტყოდა და იქნებ, სწორედ ის სხვა აღმოჩენილიყო ჩემზე მართალი და უკეთესი შემფასებელი.