მებაღე მებაღეობამდე
თამარ ბელქანია

“ქართული კულტურისათვის” წერა წლების შემედეგ მშობლიურ სახლში დაბრუნებას ჰგავს. ბრუნდები, ცდილობ გაიხსენო ყველაფერი, რაც სახლიდან წასვლის შემდეგ გადაგხდა და გგონია რომ ეს იყო წინა(რე) ცხოვრება.

გზა შინისკენ უბრალოდ ხსნა და იძულებაა თორემ , სამწუხაროდ, არავინ ბრუნდება შინ მშვიდობით. მშვიდობისთვის ბრუნდებიან. ამიტომ ენატრებათ მუდამ სახლი, სადაც გაიზარდნენ და სადაც ყველა კუთხე კეთილ მოგონებებს ინახავს.

ახლა, როდესაც ყველა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო, საზვაო, სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა და საბრძოლო მზადყოფნა გამუცხადა უხილავ მტერს – ბევრმა მაინც შეძლო სამშობლოში,ისე როგორც უძღებმა შვილმა მშობელთან, იძლებით, მაგრამ მშვიდობით დაბრუნება.

დაიხურა ქვეყნები, კონტინენტები. ბაღი, სკოლა, ინსტიტუტები, უწყებები დისტანციურ მუშაობასა და სწავლებაზე გადავიდნენ. გაჩერდა ყველაფერი. ადამიანიც. მას დარჩა დრო კითხვისათვის და ფიქრისათვის.

მეც ვფიქრობ.

ახლა იმას ვფიქრობ – მოვემზადო, როგორც წესი, რესპოდენტთან შეხვედრის წინ თუ უბრალოდ წავიდე და იქ გავიცნო ზურაბ შევარდნაძე – “გარდენიას“ დამაარსებელი.

ეს ის გამონაკლისი შემთხვევათაგანია, როდესაც არც კითხვები მომიმზადებია და არც სოციალური ქსელისათვის გადამიხედავს, სადაც ადამიანები უკვე ისე ცხოვრობენ, როგორც „ხელის გულზე“ სანახაობა. ამიტომ, შედარებით „მარტივად“ რომ გამეცნო, მისსავე ბაღში ვესტუმრე. რადგან მებაღე, ვფიქრობ, ბაღით იცნობა. ზურაბ შევარდნაძე კი ჩვენში დღეს ერთადერთი ცნობილი მებაღეა.

მარტის დილა იყო, როდესაც „გარდენიას“ (თბილისი, ხუდადოვის N 138) ვესტუმრე.

ეს ადგილი თბილისში მეტად პოპულარულია; (აქ მინდოდა წარსულში დამეწერა, რადგან დღეს ადამიანები რეალურად აღარსად დადიან, მაგრამ შემეშინდა და ისევ დავტოვე მაცოცხლებელი დრო აწმყოში) ვაღიარებ, აქამდე ვერ მოვიცალე და ვერ ვნახე ეს ცნობილი ადგილი. მოუცლელობას და სხვა ბევრ სიკეთესაც, სწორედ ჩემს პროფესიას, ჟურნალისტობას, ვუმადლი. ეს დღეს განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ახალი წესრიგის ფონზე, რომელიც COVID-19 ვირუსმა მსოფლიოს დაუდგინა, ყველა შეხვედრა და მოგონება მეძვირფასება.

ერთი შეხედვით “გარდენია“ არის საკმაოდ დიდი სივრცე, სადაც რამდენიმე ნაგებობაა და ულამაზესი ბაღი. – ეს ერთი შეხედვით. მისი დათვალიერება მანამდე არ მინდოდა, ვიდრე თავად ჩემს რესპოდენტს ვნახავდი.

დავსხედით მინებიან კაფეში სადაც ყველაფერი ჩემთვის ძალზე შინაური და ნაცნობი აღმოჩნდა, დაწყებული ჭურჭლიდან, მაგიდაზე გაფენილი ჩაის ტილოთი დამთავრებული, რადგან სწორედ მსგავსი კუბოკრული ტილო დავტოვე სახლში დილით მაგიდაზე გადაფარებული.

– ჩაი თუ ყავა?- დუმილს მასპინძელი არღვევს.

– ჩაი, თუ შეიძლება. – ვპასუხობ და ისევ გარემოს ვათვალიერებ.

გარედან, ერთი მხრიდან მზე, ხოლო ყველა მხრიდან, სხვადასხვა ენდემური მცენარეები გვიჭყიტინებდნენ. გავიფიქრე, რომ მარტო ნამდვილად არ ვიყავით.

ისე მყარად დაჯდა რესპოდენტი სკამზე მივხვდი, რომ მელოდა და მზად იყო დიალოგისათვის. ამ უბრალო ჟესტმა მე უცებ კეთილად განმაწყო.

ბუნებრივია, დავიწყეთ გვარით, რადგან შევარდნაძე არის გვარი, რომელსაც ვერ აუვლი მარტივად გვერდს (ეს იქნება დიმიტრი თუ ედუარდ შევარდნაძე), მაგრამ მივიღე მოზომილი და გულწრფელი პასუხი, რომ გვარი გვარია და ის მხოლოდ უწყობს ხელს ადვილად დაამახსოვროს ადამიანს თავი.

პირველი რაც გავიფიქრე და ვკითხე, როგორ მოახერხა საკუთარი პროფესიის – მებაღეობის – ცხოვრებაში დანერგვა, ისიც იმ დროს, როდესაც არავინ საკუთარი პროფესიით არ მუშაობდა. ასეთი ხანაც იდგა…

– აი, ამ კითხვაზე შემიძლია დაუსრულებლად საუბარი, ბევრი სხვა ტიტულიც მაქვს, შესაძლოა, უფრო მაღალიც ან უფრო ხამურიანიც, მაგრამ მირჩევნია მერქვას „მებაღე“ და ამ პროფესიის ქვეშ „შევჩურთო“ ყველა სხვა შესაძლებლობა. მებაღეობის გაგება ჩვენში არ არსებობს, როცა ამ საქმით დავკავდი და დავიწყე მუშაობა, გავაკეთე სასწავლებელი, აღმოჩნდა რომ ამ პროფესიას, რასაც ქვია „მებაღეობა“ ჩვენთან კოდი არ აქვს. განათლების სამინისტროში საერთოდ არ არსებობს ასეთი პროფესიის მცნება, საბჭოთა კავშირში იყვნენ აგრონომები და იყვნენ შემსრულებელი მუშები, პროფესია ამ გაგებით- მებაღე- სსრკში არ არსებობდა, მიუხედავად იმისა,რომ სსრკს მიჯნაზე დავიბადე და გავიზარდე,“დინების საწინააღმდეგოდ“ცურვა დავიწყე, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი, გადავწყვიტე ამ პროფილის სასწავლებელი გამეკეთებინა (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, აგრონომიის ფაკულტეტი) და მებაღეობისათვის პოპულარიზაცია გამეწია; დავიწყე იმით, რომ თავად დავირქვი სახელი – მებაღე. აღმოჩნდა, რომ წინ დიდი წინაღმდეგობები მელოდა, რადგან პროფესიათა ნუსხაშიც მებაღე არ ფიქსირდებოდა. შევუდექი პროფესიის აღწერას – რას გულისხმობს მებაღე, რას მოიცავს, რა უნარებს უნდა ფლობდეს ამ პროფესიის ადამიანი. ფაქტობრივად, დავიწყე ნულიდან და გამიმართლა.

– როგორც არქიტექტორები და თერძები ამბობენ ნაგებობის ან უკვე შეკერილის გადაკეთებას ისევ ნულიდან, თავიდან დაწყება სჯობიაო, მაგრამ პროფესიის ნულიდან დაწყება როგორ საქმეა?

– მარტივად დავიწყე, ვაგლახით შევაგროვე პატარა ნაკვეთის ფული; ზოგი ვივალე, ზოგი მოვიპოვე და თბილისის მოშორებით ვიყიდე ჰექტარი მიწა. ამ პერიოდში, პარალელურად, ფული რომ დამეგროვებინა საყვავილე მაღაზიაშიც ვმუშაობდი და მყიდველის ყველა სურვილს ვასრულებდი, რაც ჰქონდა ბაღთან დაკავშირებით. პირველი მიწა თბილისის ზღვაზე ვიყიდე, გამყიდველს გავურიგდი, რომ თანხის ნახევარს შემოდგომაზე გადავიხდიდი.

პირველი, რაც ამ მიწაზე გავაკეთე, დავიწყე ნაყიდი ნაკვეთის მოწერიგება-შემოღობვა და ეზოში ჩავდგი ნაგებობა – საპირფარეშო. გავაკეთე ჩრდილიანი ტერასა, სადაც გავშალე დიდი მაგიდა; ისე, ის მაგიდა მაშინ რომ გავშალე, მას მერე გაშლილია, სულ მოდიან ადამიანები და მე მივხვდი, რომ ქართველები ისეთი სიხარულით როგორც გაშლილ სუფრასთან, არსად მიდიან, შემოუსხდებიან და თავადაც მოსწონთ ეს მდგომარეობა.

– ქართველები ის ხალხი ვართ ზღვა რომ გავქვს და საზღვაო ფლოტი არა, გვაქვს უამრავი ენდემური მცენარე და  პროფესია – მებაღე – არა. დაფიქრებულხართ რატომ არ არის გამოცალკევებულად პროფესია და საქმიანობა მებაღეობა?

– ამის საჭირობა არ იყო.

ჩვენ განებივრებული ხალხი ვართ, აწევ ხელს, ლეღვს მოწყვეტ და მიირთმევ, ყველაფერი ხელის გაშლის სიმაღლეზე გვაქვს. დიდი გარჯა არ გჭირდება, რომ ყველაფერი გქონდეს, ეს სასწაულია.

– იღბალი არსებობს?

-აბა რაა? იღბალი არის, როდესაც რაღაც მიზანს დაისახავ და ამაში ხელი მოგემართება.

– რისი გწამთ?

– ყველაფრის მწამს, ენერგიის მწამს, დადებითი ემოციის მწამს, მწამს, რომ რაც მეტს გაიღებ, მეტს მიიღებ. არაფერი არ უნდა დაიტოვო, მთავარია გასცე, ფულიც ასეა. შოთა რუსთაველის მერე ახალი მე რაღა უნდა ვთქვა, მაგრამ ასეა. უნდა ბოლომდე გაიღო და დაიცალო. ხანდახან გავიფიქრებ, ხვალ ვეღარ ავდგები ისეთი დაღლილი ვარ, ბოლომდე დავიხარჯე, ჩემი სურვილები, ემოცია, ენერგია გამოწურულია, – ასმაგად ენერგიული ვდგები.

– რატომ გადაწყვიტეთ, ისიც ბიჭმა, პროფესიად მებაღეობა აგერჩიათ და მერე მთელი ცხოვრება მისთვის მიგეძღვნათ. ეს ხომ კომერციულადაც კი მომგებიანი არ ჩანს.

– მე გამონაკლისი ვიყავი. პროფესიის სახელი არც კი ვიცოდი, როცა უკვე მებაღეობა მინდოდა. ვხედავდი, რომ ბიძაჩემი ამყნობს, ბაბუაჩემი კარგი მებოსტნეა, ბებიაჩემი კარგად უვლის ყვავილებს; ვალია – რუსი გვაყავდა სოფელში, სკოლის დამლაგებელი, რომელსაც კარგი ბაღი ჰქონდა – იწერდა ჟურნალ „Цветоводство“-დან მცენარეებს… მაშინ ამ ადამიანებთან მსიამოვნებდა ურთიერთობა და მეტიც, მათთან ვმეგობრობდი იმის გამო, რომ  ისინი ეხებოდნენ მიწას, რგავდნენ და უვლიდნენ მცენარეებს.

– მცენარეებზე რაღას იტყვით?

– მცენარე ბევრნაირია, ჩვენ ამმხრივაც განებივრებული ვართ.

ახლახან გამოვიდა საქართველის ფლორის სარკვევი, ჩემმა მეგობრებმა გერმანიაში ათწლიანი შრომა დაასრულეს. ძალიან ვართ განებივრებული 4200 სახეობა ველური ფლორა იზრდება საქართველოში, აქედან 20 პროცენტი ენდემია ანუ მარტო ჩვენთან არის, მეტი არსად. ევროპის სამებაღეო კატალოგებს რომ გადავხედოთ, ყველა მეორე მცენარე ბოლოვდება სახელწოდებით „გეორგიკა“, „კავკაზიკა“, უმეტესს კავკასიური წარმოშობა აქვს და იქიდან გამოყვანილი მცენარით რთავენ ბაღებს. დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ და ეს არაჩვეულებრივია; ერთ დღეს შეგიძლია სტუმარი აიყვანო მაღალ მთაზე ყაზბეგში, მყინავარის ძირში მიიყვანო და იმ დღესვე დაბრუნდე უკან, მაშინვე წაიყვანო და სანაპირო ზოლში ტორფიანი ჭაობები ანახო. როცა გერმანელი სტუმრები მყავს და დღისით მიმაყავს დავით გარეჯის უდაბნოში ქართული ზამბახის სანახავად (გაზაფხულზე იქ არაჩვეულებრივი ლანდშაფტია) და იმავე საღამოს ღამის მატარებლში ჩასხამ, რათა დილით კამელიები, ზღვა და სუბტროპილკული ფორთოხლის, მანდარინის ხეები უჩვენო, ეს ძალიან შთამბეჭდავია.  საოცარი კონტრასტების ქვეყანა გვაქვს. ამიტომ, ძალიან ადვილია ჩვენს ქვეყანაში ემოციებით თამაში, მაგრამ მხოლოდ ემოციები არ კმარა, მებაღისთვის მისი ფლობაა აუცილებელი. ადამიანს უნდა განწყობით თამაში. მე ამ ყვავილებით ვახერხებ იმ ემოციის გამოწვევას, რაც ხალხს ჩემთან იზიდავს. გუშინ (8მარტი) 1900 კაცი იყო ჩემს ბაღში.

– მსოფლიო იცნობს საქართველოს? ფიქრობთ თუ არა რომ მონოგრაფიული ნაშრომი საქართველოს შესახებ საჭიროა, მხოლოდ ფლორასა და ფაუნას არ ვგულისხმობ.

– სწორედ ახლა, როგორც არასდროს, არის ამის საჭიროება, ჩვენ ვკარგავთ იმას რისგანაც შევდგებით. დავიწყეთ არქიტექტურის კეთება ისეთის, ევროპას რომ ათი და ასი წლის წინათ ჰქონდა, დავიწყეთ ისე ქცევა, ევროპაში რომ დიდი ხანია იქევიან, ისეთი მოდა გადმოვიღეთ, რომელიც უკვე გავლილია… რაზეც უნდა ვიდეგთ და გამოვირჩეოდეთ იმას ვმალავთ, არ ვცნობთ ან სულაც არ ვიცით. თუნდაც მცენარეების ასორტიმენტი ავიღოთ, თუ ჩემი ბაღი დაემსგავსება ლონდონის ბაღებს, მაშინ რაღაზე მოუნდება იქიდან ჩამოსულ სტუმარს აქ მოსვლა. მხოლოდ იმით თუ მოიზიდიავ, რაც მარტო ჩვენია, მარტო აქ ხარობს, მარტო აქ შეუძლია ნახოს. აი, ეს უკვე ისტორიის მატარებელია და მერე ყველაფერი ამას ებმევა, დაწყებული ძველი კულტურიდან, მოყოლებული- “აბრეშუმის გზა” და ა.შ. “აბრეშუმის გზა” ხომ მარტო რიყის ქვებით მოყირწყლული გზა არაა… ის ცივილიზაციის გზაა.

– ბავშობიდან რა გაქვს წამოღებული?

– ჩემს ბაღში მცენარეები სულ ამ მოგონებებზეა “დამყნობილი”:

თან მაქვს ქეთო მამიდას ვარდი და სანამ ვარ იქნება, თალიკო მამიდას “მარტივ ფურცლიანი”, ჩემი მასწავლებლის ჟუჟუნა ავალიშვილის წყლისფერი ზამბახები, მიხეილ მამულაშვილისგან “მიუხელბეკი”, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, არ აინტერესებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ემოციური ბმაა წარსულთან, მოგონებებთან, საყვარელ ადამიანებთან… ეს არის ჩემი გენეტიკური მეხსიერება.

– რა არ მოგწონთ დღეს?

– ჩემს ბავშობაში უფრო მეტი დრო ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთისათვის.

თავგადადებულები ვიყავით, ბებია მეჩაიე იყო, დაღლილი რომ დაბრუნდებოდა სამუშაოდან, ჯერ მოწესრიგდებოდა, დაგვაბინავებდა, დაგვაპურებდა და მერე რომელიმე მომაკვდავ მეზობელთან ღამის სათევად მიდიოდა. ეს ხომ კარგი მაგალითია თავგადადების, თანადგომის, სიკეთის, ადამიანობის…

– რა დაკარგა ადამიანმა, რა დაკარგეს ადამიანებმა?

– ერთმანეთი დაკარგეს ადამიანებმა, ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი დაკარგეს და ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი, დანარჩენს ავინაზღაურებთ.

უკეთესად გვაცვია, უფრო კარგად ვცხოვრობთ, უფრო იზოლირებულად. ყველაფერი გაუმჯობესდა, უკეთესი მანქანებით დავდივართ, თითქოს უკეთესს ვჭამთ, თუმცა ესეც მეეჭვება.

– არის რომელიმე მცენარე რომელთანაც განსაკუთრებულად ემოციური ბმა გაქვთ – გიყვართ?

– ბევრია ასეთი მცენარე, სხვათათვის შეუმჩნეველი და უფერული, მაგრამ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.  ერთი სოფელია გამდლისწყარო, ცნობილია როგორც კომბოსტოების სოფელი, თბილისიდან მიმავალ გზაზე დგას ერთი არაჩვეულებრივი მუხა, არ შემიძლია არ შევჩერდე და არ ვნახო. ახლობელს რომ მოინახულებ ის შეგრძნება მაქვს. ახლახან ვნახე, ერთი ტოტი ჰქონდა მოტეხილი და დარდი გამომყვა, ასეთი ადგილი საქართველოში ბევრი მაქვს.

– ფესვები რა არის თქვენთვის?

– ჩვენი ფესვები ეს ისაა საიდანაც აღმოვცენდით და მოვდივართ. ბაბუა-ბებია, ის ემოციები რაც იქიდან მოდის. ასე რომ არ იყოს, დღეს როგორ ვიქნებოდით: ჭიაკოკონობა რომ არა, ბატონები და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, ეს გახსნილობა, ამდენი სტუმარი ჩემს სახლში, თან რომ სუფრა იშლება, თან რომ ალაგებენ და აახლებენ, ეგ თუ არ გაქვს განცდილი აბა, დღეს ამდენ გაუგებრობაში როგორ უნდა იცხოვრო ან გა(უ)ძლო.

– თვისება, რომელსაც ადამიანში აფასებთ.

– შრომისმოყვარეობა. შრომისმოყვარე ადამიანი ვერ იქნება უაზრო.

– თვისება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ადამიანში.

– ფამილარობა. ფამილარულობა. ადამიანი, რომელიც „გეცემა“ და შინაურულად გიწყებს საუბარს.

– ყველა პროფესიაში არსებობენ მეტრები, თქვენ ვის აღიარებთ?

– მიშა მამულაშვილი. კაცი, რომელმაც არაფრისგან, ცარიელ მიწაზე შეძლო დიდი ემოციის შექმნა.

– XXI საუკუნეში რა არის კულტურა?

– ამბობენ, რომ კულტურა მოკვდა, რომ ა(ღა)რაფერი იქმნება ღირებული.

მე მაინც მგონია, რომ კულტურა დამოკიდებულებაა, შენი დამოკიდებულება თუნდაც ნივთისადმი. მაგალითად, რა მნიშვნელობას მიანიჭებ ამ კოვზს, ვიღაცისთვის ის მხოლოდ კოვზია, რომლითაც მაგ. ბორშს მიირთმევს, ვიღაცისთვის მეტი.

– რომელი მწერალია, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით?

– მე არ ვარ მკითხველი კაცი. ბევრი წიგნი არ წამიკითხავს, ვერ ვკონცენტრირდები. და არც ვიპრანჭები, ვამბობ რომ ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ არის რაღაც წიგნები, რომლის გარეშეც არ შემიძლია და ახლოს უნდა მქონდეს, ეს უფრო იმ ადამიანების ნაზრევებია, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით ჩამოაყალიბეს. მაგ. ფრაუ მაიბახი, რომელიც მებაღეა, მაგრამ ფილოსოფიურად იაზრებს ყველაფერს. მებაღეობის ფილოსოფიას ქმნის, სულ ახლოს მიდევს, ზოგჯერ რომ „გავიჭედები“, მაშინ ჩავდეხავ და მასთან ვპოულობ ხსნას.

– ღმერთი გწამთ?

– რა თქმა უნდა! არ შეიძლება ამ მრვალფეროვნებას უყურებდე – უყურებდე მარცვალს, რომელიც ისეთი მცირე და პატარაა ხელის გულზეც არ ჩანს, ქვიშაში ურევ, მაგალითად, თამბაქოს მარცვალს, მერე ხედავ ამოდის, რამდენიმე კვირაში ფერს მიიღებს და გაიფურჩქნება. შეუძლებელია ამის შემხედვარე არ გწამდეს ზებუნებრივი ძალების.

– პირისპირ როცა შეხვდებით ღმერთს, რას ეტყვით?

– მადლობას ვეტყვი, რომ ამდენს გვითმენს: ამდენ უსიყვარულობას, სივერაგეს, გაუტანლობას. მისი შექმნილი სრულყოფილი სამყარო ასე რომ შევცვალეთ, დავამახინჯეთ. თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავთ დაინახავთ, რომ სადაც კი ადამიანის ხელი მიწვდა ყველაფერი გააჩანაგა. ბოლოს კი გადაწყვიტა ადამიანმა თავად გახდეს ღმერთი!

– მგონია რომ ახლა ცოტა გაბრაზდა.

– არა, რას ამბობთ! არ გაბრაზდა, გაბრაზება მას არ შეუძლია.

– დედაზე მინდა გკითხოთ.

– მე და დედა დავშორდით. არ შევუქივარ ბოლო 30 წელია, რაღაცას რომ გავაკეთებ და მგონია სასწაული გავაკეთე, ის ისე ჩაუვლის, რომ მოწონებას არ შეიმჩნევს. ჩემით და ჩემი ცხოვრებით არ არის კმაყოფილი. ფიქრობს, რომ უფრო სტანდარტულად უნდა მეცხოვრა.

– ძალიან ესთეტი ხართ?

– არა.

– ქალში რას ვერ ეგუებით, გულწრფელად, თუ შეიძლება.

– „დანდრაბეშა“ ქალებს ვერ ვიტან.

– რას ნიშნავს „დანდრაბეშა“ ?

– რომ არ იზრუნა არაფერზე ისე რომ “მოფხლატუნობს“, “მოდანდურობს“, ეგეთი ქალი არ შემიძლია მივიღო, ქალი მოწესრიგებული უნდა იყოს და გარეგნულად ფანი არდანი ყველა ვერ იქნება. მაგრამ ქალს უნდა ეტყობოდეს რომ ეცადა, იზრუნა მაინც, რომ შენ გასიამოვნოს.

– ფიქრობთ რომ ცხოვრებაში გაგიმართლათ?

– ძალიან.

ძალიან გამიმართლა კი არა ძალა მაწვება უკან და მივყავარ წინ. რაღაცას ისეთს ამოვიჩემებ, ცოტა არარეალურსაც კი, მაგრამ მერე უცებ გზაც გამოჩნდება და ასე მივუყვები ამ გზას.

– რომელი კერძი გიყავრთ. რატომღაც მგონია რომ კარგი მზარეული ხართ.

– კი, ძალიან. 20 კაცის სუფრას ისე გავშლი არც დავფიქრდები.

– კერძები?

– მჭადი და ყველის გარეშე არ შემიძლია. რაც არ უნდა მრავალფეროვანი სუფრა იყოს, გოჭი თუ საცივი სუფრაზე… მჭადი და ყველი რომ არ არის იქ მშიერი ვრჩები.

– სადღაც რომ გინახვათ სუფრა ვერაა ისე გაშილი როგორც უნდა იყოს…

– არც ვჯდები. მოვდივარ სახლში.

– კერძი, რომელიც “გამოგდით“?

– კარგად გამომდის ქართული კერძები. გერმანიაში დიდი ხანი ვცხოვრობდი და იმათზე შთაბეჭდილებას ვახდენდი ამ უნარით. მაგალითად, ისეთ აჯაფსანდალს ვაკეთებ, ბევრი ქალი რომ ვერ დაიტრაბახებს.

– ეს თქვენს გვერდით ქალს არ აკომპლექსებს?

– დაკომპლექსდეს მერე! მაგაზეც მე ვიჯავროო?

– თქვენს პატარა ქალბატონზე რას იტყვით?

– ის ორი წლისაა

– გინდათ რომ მებაღე გამოვიდეს?

– როცა ის ორისაა და მე 40 წლის ვფიქრობ, რაც გავაკეთე არ დაანგრიოს, მაგრამ თან მეშინია, იძულებული არ გახდეს, რომ ჩემი პროფესია გააგრძელოს, რადგან არჩეული პროფესია ადამიანს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს.

– შვილმა შეგცვალათ? არის რაიმე საკითხი ადრე რომ სხვაგვარად ფიქრობდით და ახლა შეიცვალეთ დამოკიდებულება საკითხისადმი.

– მცენარეებს მაგალითად ახასიათებთ უერთიერთგამომრიცხავი თვსებების ერთობლიობა. მეც მაქვს ეს თვისება, ერთდროულად ორივე პოლუსზე ვარ.

მაგალითად, ახლახან ერთ ადამიანს განვიკითხავდი მისი საქციელის გამო. მაგრამ მერე მკაფიოდ დამანახეს, რომ  იმ ადამიანს, რომლის საქციელიც მიუღებელი იყო ჩემთვის, ჰქონდა სხვა ძალიან კარგი თვისებებიც. მაშინ დავფიქრდი, შეიძლება ერთ კაცში არსებობდეს მიუღებელი და მისაღები, მისაბაძი თვსიებები; მაგრამ ეს დრომ მოიტანა და არა შვილმა.

– არის შეცდომა რომელსაც ნანობთ?

– კი კიი, არის ასეთი რამ. ბევრ რამეს, მაგალითად, რადიკალიზმს. ბევრ ადამიანს ვაწყენინე ჩემი რადიკალიზმის გამო.

ერთხელ პატრიარქმა მითხრა, ნუ იქნებით, ზურა, ასეთი რადიკალურიო. მაშინ შინაგანად ძალიან გავაპროტესტე. არ ვფიქრობდი, რომ რამე საკითხში კატეგორიული ვარ. გვიან მივხვდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ ამ კატეგორიულობით მოვექეცი.

– გარედან კომუნიკაბელური ჩანხართ. გახსნილი, მხიარული, მუდამ მზად ხართ კომუნიკაციისათვის, გიყვართ ადამიანები?

– ცოტა ვიღლები, ძალიან ეპიცენტრში ვცხოვრობ, მიყვარს ადამიანი და როგორც ჩანს, ეს დიდი დოზით  არ შემიძლია. სამი დღე რომ შემომაკლდება კონკრეტული ადამიანი, მერე ვიწყებ მის ძებნას, რეკვებს „სად ხარ“… მაკლდება.

ამიტომ, საბოლოო ჯამში, ადამიანების გარეშე არ შემიძლია.

– ასე მგონია, ის რაც გინოდოდთ გაქვთ: სახლი, ეზო, ოჯახი, პატარა გოგონა, ხალხის აღიარება და მუდამ ეპიცენტრში ყოფნა; აი, ამ ყველაფერში სამშობლო სად არის?

– ჩემთვის სამშობლო არის იქ, სადაც შემიძლია მაღალმთიან აჭარაში მუსლიმურ სოფელში, მივიყვანო სტუმარი, დავიძახო ჭიშკართან, ვიკითხო მასპინძლის სახელი და ვუთხრა, ზეინაბ ხანუმ, სტუმარი მყავს და შეგიძლიათ დაგვაპუროთ? და ის ისე გაშლის კარებს, შემდეგ სუფრას, რაც საუკეთესო აქვს ყველაფერს გამოგიფენს და დაგანახებს თავის უპირატესობას. მე კი ამ გერმანელებთან ვდგავარ ჩემი სამშობლოს მიწაზე ამაყად, ჩაფსაც მოხდის, მადლობასაც ეტყვის ღმერთს, რომ შენი სახით სტუმარი გამოუგზავნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ შენ იყო ბედნიერი, სანამ ეს არის ჩვენ ქვეყანაში არაფერი გვემუქრება, თავსაც მოიწონებს, თავის ნაკეთობასაც შემოგთავზებს, შენთან სუფრასთან არ დაჯდება, თავს არ მოგახვევს რაიმე წესებს, მოგემსახურება. მეტსაც იზამს. დარჩენას შემოგთავაზებს, საუკეთესო თეთერულს გაგიშლის, გახამხამებულ თეთრეულს, დილით შენზე ადრე ადგება, საუზმეს გაგიშლის და თავადაც ბედნიერი იქნება. ახლობელივით გამოგისტუმრებს. ამაზე დიდი სამშობლოს შეგრძნება რა უნდა იყოს, ისე ხარ უცხო გარემოში, როგორც სახლში, ისტორიის უკუღმართობასაც ხედავ შენი ქვეყნის. მას მოუწია რელიგიის შეცვლა რომ გადარჩენილიყო, მაგრამ მაინც შენიანად დარჩა. ეს არ არის პათეტიკა. ეს არის ჩემი სამშობლო, რომელიც მხვდება ყველგან, სადაც გეოგრაფიულად ჩემი სამშობლოა.

– შესაძლებელი რომ იყოს წარსულში დაბრუნება, თქვენი ცხოვრების რა პერიოდში დაბრუნდებოდით.

– უი, რას ამბობთ! გამოვლილი გამოვლილია და იქიდან წამოსაღები წამოღებული.

– ალექსანდრე ტოლსტოი „რა არის ხელოვნებაში“ წერს, რომ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი მხატვარი არაფრის შემქმნელი არ არის, თუ მან არ იცის რომ მის ნახელავს ოდესმე ვინმე იხილავს, ეთანხმებით მის ამ მოსაზრებას?

– არა. ჩვენთან ერთხელ დიდი ხანძარი იყო და თანამშრომელს ვთხოვე, (რადგან თანამშრომელთა დიდი ნაწილი ხანდაზმული ხალხია) ეზოს გარეთ ერთ ადგილას მოეყარათ თავი. მიწყნარდა ხანძარი და ვხედავ, ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, მარო ბებო ხის ყუთზე ზის, იმ ყუთზე, სადაც მცენარეების თესლებს ვინახავთ ხოლმე, მიხვდა, რომ ეს თუ დაიწვებოდა, მაშინ ბაღის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მან თესლების ბანკი გადაარჩინა ზედ იჯდა კრუხივით, პირველი რაც გამოიტანა იყო ეს, რადგან ყველაფერს ეშველებოდა და ამას არა.

– ბიბლიურ ამბავს გავს.

– კი, ასეა.

– როგორი უფროსი ხართ?

– ეგ თანამშრომლებს ჰკითხეთ. უპასუხისმგებლობას ვერ ვიტან და რეალურად მყავს მოწესრიგებული ხალხი.

– ადრე ადამიანებში პროფესიონალიზმს ვაფასებდი და ახლა ჯერ ადამიანობას. თქვენ რის მიხედვით აფასებთ ადამიანს?

– ასეა, ბანკში შესაძლოა ადამიანები არ გიყავრდეს და ისე იმუშავო, ბაღი კი ადამინებისათვისაა და ამიტომ ჯერ ისინი უნდა გიყვარდეს. თან მცენარეებიც სუნთქავენ და ადამიანებივით საუბრობენ, სწყინთ და უხარიათ ყველაფერი, ამიტომ აქ მთავარი სიყვარულია.

– გერმანიაზე მინდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის ეს ქვეყანა, თქვენს ბაღშიც ვხედავთ წესრიგს, საქმის სიყვარულს, პუნქატუალობას, თითქოს აჭრელებულია ფერებით თუ ნივთებით ყველაფერი, მაგრამ ყველგან მაინც წესრიგია, მკაცრი ხაზებიც კი გერმანულია. ეს ის არის, რაც თქვენ ხართ?

– გერმანიამ დიდი დაღი „დამასვა“. რაც ვისწავლე ეს არის სისტემა, როგორ დავგეგმო დღე, დრო, ჩემი სეზონი. რა როდის დავიწყო და დავამთავრო. ყველაფერი სისტემაში მაქვს, ეს იქ ყოფნამ მასწავლა, გერმანიამ უარის თქმა მასწავლა, არ ვიცოდი, „არ მინდა, გმადლობ“, „ამას ვერ ავწევ, ეს მძიმეა“, „ეს ჩემთვის ცხარეა”.

ჩვენ ხშრად ვამბობთ იმაზე „კი“-ს რაც არ გვინდა. უნდა შეძლო უარის თქმა, აი, ეს მასწავლა გერმანიამ და იქ ცხოვრებამ.

აქ დავასრულეთ ჩვენი დიალოგი.

მასპინძელმა ბაღის ტერიტორია დამათვალიერებინა, ფერთა გამამ უცებ მომჭრა თვალი, ულამაზესი მცენარეები გაზაფხულს გვამცნობდნენ და თავმომწონედ გვიყურებდნენ, ყველაფერი მონეს ფერწერას გავდა, ქართული კონტექსტით. მერე სამსართულიანი სასტუმროც ვიხილე, რომელმაც ქართული საცხოვრისი სახლი, მთელი თავისი ყოფითი დეტალებით, გამახსენა, – საძინებელი, საპირპარეშო, მისაღები ოთახები, ნატიფი, დახვეწილი გემოვნებით არის გაკეთებული. ყველაფერი ქართულია, ტრადიციული. კუთხე-კუნჭულს ეტყობა „მეურვის“ ხელი. ყოველი დეტალი თუ აქსესუარი არის გაჯერებული წარსულის მოგონებებში შემორჩენილი ნივთებით. ძველებურ ნივთებს აქ ახალი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. გარემოს ეტყობა, რომ მასპინძელს არც მიწაზე ეზარება შრომა და არც სახლში.

ვნახე ყველაფერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენ ჩვენი გვაქვს საამაყო, რომლითაც გამოვირჩევით და რომლითაც ვართ სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროსი, ახლა რომ განსაცდელშია და ჩვენგან ელის ხსნას.

ბოლოს, შეიძლება დაიწყო ნულიდან და მიიღო ულამაზესი “გარდენია“, მთავარია, გიყვარდეს!

თემები