უნდა ვისწავლო, ქალებს დღეს როგორ ველაპარაკო
საშა ბათიანი

ფრანგები სამაგალითოები იყვნენ სიყვარულისა და კარგი ცხოვრების ხელოვნებაში. საინტერესოა, რა შემორჩათ მათ ამ წარსულიდან – #მითუსა, გრეტასა და კორონას ეპოქაში? ჩვენ ამ თემებზე მწერალსა და ჰედონისტს ფრედერიკ ბეგბედერს ვესაუბრებით.

ბატონო ბეგბედერ, საფრანგეთის საზოგადოებრივი ცხოვრება სულ რამდენიმე თვეში თავდაყირა დადგა. თავიდან ყველაფერი სქესთა შორის ბრძოლით დაიწყო. ამ ამბებს,შემდეგ, ეკოლოგიური მოძრაობის ძლიერი პროტესტები დაერთო. ყველაფერი კი პანდემიით დაგვირგვინდა. რა შემოგვრჩა სახელგანთქმული ფრანგული ცხოვრების წესიდან ყოველივე ამის შემდეგ?

2015 წელს, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს, მოსახლეობა მეორე დღესვე ქუჩაში გამოეფინა იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავსი ამბები მათ ვერ შეაშინებდათ. ვირუსმა კი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება უბრალოდ შეაჩერა. უკვე თვეებია აღარ ვცეკვავთ, კოქტეილებს აღარ ვსვამთ, ჩვენს ქალებს აღარ ვკოცნით. ყველას უაღრესად გვეშინია სიკვდილის. სიკვდილის შიში კი იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ სიცოცხლისაც უაღრესად გვეშინია.

საფრანგეთში თითქმის 30 ათასი კაცი გარდაიცვალა. “ლოკდაუნმაგაცილებით უარესი შედეგები აგვაცილა თავიდან.

ორი თვეც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ჩვენი რესტორნები დღესაც ცარიელია. ბრიუსელში 17 ადამიანი დააკავეს იმიტომ, რომ ისინი ბინაში მუსიკას უსმენდნენ. ეს მეტისმეტია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სიცოცხლე სარისკოა. წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავაარსოთ, სასწრაფოდ!

რის მისაღწევად გინდათ ბრძოლა?

თავისუფლების მოსაპოვებლად და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენ ჯანმრთელობა უფრო გვიყვარს, ვიდრე სიცოცხლე. არ მინდა, რომ ექიმები და ეპიდემიოლოგები მართავდნენ მსოფლიოს. ისინი ყველაფერს კრძალავენ, რაც სახალისოა.

საფრანგეთი ყოველთვის სამაგალითო იყო, როდესაც კარგი ცხოვრების ხელოვნებაზე ვლაპარაკობდით. ამ ცხოვრების წესის ჰედონისტური ცხოვრების წესის ექსცესამდე ამამაღლებელი, მისი სახე, თქვენ ხართ. ამავე დროს ,თქვენ ხართ მოწმე იმისა, თუ როგორ მთავრდება ეს ჰედონისტური სამყარო.

ის ცხოვრების წესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, უკვე  #მითუ მოძრაობის წარმოქმნის დროს დასრულდა. ეს ამბავი ძალიან კარგია. ჩვენს ეპოქაში ქალებზე ისე წაპოტინება, ჰიუ ჰეფნერი როგორც აკეთებდა, უკვე შეუძლებელია. ჰიუ კი ჩვენი მამების მაგალითი იყო. იმ კაცის ხატი, რომელიც ვილაში უამრავ ქალთან ერთად ცხოვრობდა, კაცური ფანტაზიის უმაღლესი საფეხური იყო. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ჩემი პრობლემა ის არის, რომ 54 წლის ვარ. მე ჰეფნერის და ჯეიმს ბონდის სამყაროში გავიზარდე. ჩემი ასაკის კაცები ძველი სკოლის მიმდევრები არიან. #მითუს მოძრაობა მე მაშინებს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ველაპარაკო ქალებს, ძველი, დღეს მიუღებელი ოხუნჯობების გამოუყენებლად.

თანაგრძნობას ხომ არ ითხოვთ?

არა. ჩვენ უამრავი საზიანო რამ გავაკეთეთ. 20, 30 წლის რომ ვიყავი და საღამოს დასალევად გავდიოდით, უამრავ რამეს ვიგონებდით, ძალიან ბევრს ვიტყუებოდით, იმისთვის, რომ სექსი გვქონოდა. “ჩვენ შვილები გვეყოლება” ან “შენს სუნამოს ჩემი სევდის სუნი აქვს.”

მართლა ასეთ რამეებს ამბობდით?

იმის წარმოდგენა, რომ ვინმე ქალებს ასეთ ტყუილებს ეტყვის, რათა მასთან როგორმე ლოგინში დაწვეს, დღეს აბსურდია. სულაც არ არის გასაკვირი, რომ თანამედროვე ქალები კაცებს ყურს აღარ უგდებენ. ჩვენ ხომ ათწლეულების განმავლობაში მათ სისულელეებით ვუჭედავდით თავს.

თუკი ძველი ცხოვრების წესი მკვდარია, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ რა არის შემდეგი?

ტყუილების დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს მხოლოდ აბსოლუტურ სიმართლეს აქვს ფასი. ყველაფერი სრულიად გამჭირვალე უნდა იყოს. გარკვეული დრო სექსკონტრაქტის იდეაც კი მქონდა. წარმოიდგინეთ, ქალი და კაცი ერთმანეთთან თანხმდებიან, რის გაკეთება შეიძლება ურთიერთობის დროს და რის არა. ამით მშვენიერი ეროტიკული დიალოგები წარმოიქმნება. მათ თავიანთი კონტრაქტები თან აქვს, ვთქვათ,- ბარში დასხდებიან და ხელშეკრულების ყოველ პუნქტს დეტალურად განიხილავენ. კაცი კითხულობს: “მისაღებია შენთვის პირზე კოცნა?” ქალი კი პასუხობს – ,,კი მაგრამ ყურს ნუ ამილოკავ. ამას ვერ ვიტან. შეგიძლია თმაზე მომეფერო.”

ეს უფრო ადვოკატების პაემანს ჰგავს.

რთულად ჟღერს, მაგრამ რთული ყოველთვის საინტერესოა. გაიხსენეთ რომანი “სახიფათო კავშირები”.  მთელი რომანი სქესთა ერთმანეთთან დაახლოებაზეა დაწერილი. მწერლებისთვის უაღრესად საინტერესო დროს ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა აღვწეროთ, როგორ პოულობენ ადამიანები ერთმანეთს. სოციალური წესები გამუდმებით იცვლება. მეცხრამეტე საუკუნეში ქალის გულის მოგების მეთოდები მეთვრამეტე საუკუნისგან განსხვავებული იყო. მეოცე საუკუნეში კი გვქონდა სექსუალური რევოლუცია და ქალთა მოძრაობა, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი სექსიზმით არის დაავადებული. თქვენ რას იტყვით?

მე ორი გოგოს მამა ვარ. ერთი ოცი წლის არის და მეორე ოთხის. რა თქმა უნდა, იმის მომხრე ვარ, რომ ქალებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, მათი ექსპლუატაცია არ დავუშვათ. ქალებისადმი მსგავსი მოპყრობა ჯერ კიდევ ძალიან ხშირია. მთავარი საკითხი ის არის, თუ ამ პრობლემას როგორ გადავჭრით. არ მჯერა, რომ ამ ამბავს კაცების სოციალურ ქსელებში სახელის გატეხვით, მათზე დაუსაბუთებელი ჭორების გავრცელებით, მათი უმტკიცებულებოდ გასამართლებით, რამე ეშველება. სამყაროში ყოველთვის არ არსებობს ცალსახად სწორი ან მცდარი, მხოლოდ შავი და თეთრი. მსგავსი მიდგომა ძალიან მიამიტურია.

#მითუ მოძრაობამ ყოველდღიური სექსიზმი სააშკარაოზე გამოიტანა. რაც ადრე მიღებული იყო, დღეს დაუშვებლად ითვლება. თქვენ თუ გაგიკეთებიათ რამე, რაც დღეს წარმოუდგენელია?

სარეკლამო ინდუსტრიაში რომ ვმუშაობდი ოთხმოცდაათიან წლებში, 24 საათი სექსზე ვლაპარაკობდით. დილით სამსახურში მივიდოდით თუ არა, ვიღაც აუცილებლად იტყოდა: “რა ლამაზი ძუძუები გაქვს!” ამ ამბით სულაც არ ვამაყობ, მაგრამ ეს 90 წლების პარიზი და იმდროინდელი სარეკლამო ინდუსტრია იყო. ვფიქრობდით, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით. ყველაფერი სექსით იყო მოცული. ტელევიზიაც კი. იქ ისეთი რამეები მინახავს, რის გამოც დღეს კაცი ციხეში მოხვდებოდა. მახსოვს, ერთმა ტელეწამყვანმა როგორ უთხრა გრიმიორს: “პირშიც ისე კარგად იღებ, როგორც გრიმს აკეთებ?” მაშინ ყველამ გავიცინეთ.

ამ ამბავს რომ იხსენებთ, რას გრძნობთ, სირცხვილს?

დანაშაულის გრძნობა მაქვს, ხმა რომ არ ამოვიღე.

თქვენ წვეულებების მეფის სახელი გქონდათ და სიამოვნებით ჩნდებოდით მოდელებთან ერთად.

მაგრამ მაშინაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ძალაუფლების სექსისთვის გამოყენება. გაცილებით უკეთესია შარმის გამოყენება და ამით ქალის გულის მოგება. რა თქმა უნდა, მიცდია ქალები კოცნაზე დამეყოლიებინა, მაგრამ არასოდეს დამიძალებია მათთვის რამე. ვიცი კაცები, რომელთაც ქალის უარი მოსწონთ. ეს მათში მონადირის ინსტინქტს აღვიძებს. მე რომ ქალი უარს მეუბნებოდა, უახლოეს ბარს მოვძებნიდი ხოლმე და არაყს ვსვამდი. უამრავი რამ მიტრიალებდა თავში:- რატომ არ უნდოდა შენთან საქმის დაჭერა? იმიტომ, რომ ნული ხარ? რა თქმა უნდა ნული ხარ! ასე გრძელდებოდა საათობით.

ნარცისი ხართ.

ყველანი ნარცისები არ ვართ?

ტელეწამყვანი რომ ახსენეთ, იმის სახელს გამიმხელთ?

არა.

#მითუ ამერიკაში დაიწო და გლობალური კრიზისი გამოიწვია. თუმცა საფრანგეთში ამ მოძრაობისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, ვიდრე ცნობილმა მსახიობმა ქალებმა სექსუალურ ძალადობაზე არ დაიწყეს ღიად ლაპარაკი. რატომ დასჭირდა საფრანგეთს ამდენი ხანი?

ჩვენთან დიდხანს იყო კამათი ფრანგული პატრიარქალური კულტურის შესახებ. ამავე დროს არსებობდა ინტელექტუალთა და ხელოვანთა ჯგუფი, რომელიც #მითუ მოძრაობას თავისუფლებაზე თავდასხმად აღიქვამდა. მაგალითად კატრინ დენევი ასე ფიქრობდა. ის ამბობდა, რომ სურდა კაცებისგან ყურადღება. ფლირტი დანაშაული არ არის.

თქვენ რას ფიქრობთ დენევის ამ პოზიციაზე?

მამაცურია. ალბათ მთლად სწორად ვერ გამოხატა თავისი გულის ნადები. ის ლაპარაკობდა ადამიანის უფლებაზე, ვიღაცას თავს მოახვიო შენი აზრი, ვიღაცას თავი მოაბეზრო. ჩემთვის ეს მეტისმეტია. მაგრამ ერთ რამეში ვეთანხმები: ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, უცხო ადამიანს გამოველაპარაკოთ, თუკი ამას პატივისცემითა და ღირსებით გავაკეთებთ. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის უმჯობესია, როდესაც კაცი, ვინც ქალს გამოელაპარაკება, ჯორჯ ქლუნის გავდეს.

#მითუ მოძრაობასთან ერთად ეკოლოგიური მოძრაობაც ძალიან ძლიერია. მასაც აქვს ზეგავლენა ჩვენი ცხოვრების წესზე. როგორ შეცვალა ამ მოძრაობამ ფრანგული საზოგადოება? თქვენ ჯერ კიდევ ჭამთ ბატის ღვიძლს?

კი, ვჭამ. და ვიცი, რომ ცუდი ადამიანი ვარ. თუმცა ბატის ღვიძლის ისე მომზადებაც შეიძლება, ბატი რომ არ ვაწამოთ. და სწორედ, ეს არის გადამწყვეტი. ბევრისთვის ეკოლოგია უამრავ რამეზე უარის თქმას ნიშნავს. სინამდვილეში კი ამის საპირისპიროა სწორი: ჩვენ, მომხმარებლებს, გვაქვს ძალა სამყარო შევცვალოთ.

როგორ?

ჩვენი საკრედიტო ბარათით. ჩვენ სამყაროს გადარჩენა სუპერმარკეტში შეგვიძლია სწორი პროდუქტების შეძენით. ამისთვის უბრალოდ სათანადო ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო.

საკმაო ფულიც გვჭირდება.

გეთანხმებით. მორალურად სწორად ცხოვრება ძვირია. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იმ ცვლილებებით, რასაც დღეს ვხედავთ, ცხოვრების სიმსუბუქე კლებულობს. ჩემს ქალიშვილს არასდროს ეცოდინება, როგორ თავისუფლად და უზრუნველად ვცხოვრობდით. უკვე ოცდაათი წელია ვაკვირდები, როგორ ქრება თავისუფლება.

მწერალმა ლეილა სლიმანიმ კორონა დღიური გამოქვეყნა. ამ დღიურის გამო ის სასტიკად გააკრიტიკეს. მას უსაყვედურეს, რომ იგი ქალაქგარეთ, მდიდრულ სახლში ცხოვრობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, დიდი ქალაქის გარეუბნების ვიწრო ბინებში რა ვითარება იყო. მწერალმა თქვა, რომ მისადმი მიმართული სიძულვილის დონე წარმოუდგენლად მაღალი იყო.

იმ ადამიანების სიძულვილი, ვინც შედარებით კარგად ცხოვრობს, რევოლუციიდან მოყოლებული ფრანგული ტრადიციაა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს წიგნებს ვერ იტანენ, უბრალოდ იმიტომ, რომ მე მდიდრულ გარეუბანში გავიზარდე. რა გითხრათ, ეს საფრანგეთია!

შურით მოცული საზოგადოება.

ვერ იქნები კარგი მწერალი, თუი მდიდრულ უბანში გაიზარდე ანდა სმოკინგი გაცვია. ასეთია განწყობა. სლიმანის რაც შეეხება: მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტან ამ კრონა დღიურებს, რომელთა გამოცემაც არ წყდება. მე ისეთი სნობი ვარ, რომ კარანტინზე ვერაფერს დავწერ. მინდა გამორჩეული და ორიგინალური ვიყო.

მიშელ უელბეკი თქვენი მეგობარია. გქონდათ კონტაქტი პანდემიისას?

რა თქმა უნდა, მიშელი კინაღამ გაგიჟდა პანდემიისას თავის პარიზულ ბინაში. ის თავგადაკლული მოსეირნეა. მინიმუმ ორი საათი გარეთ უნდა იყოს, რომ წერა შეძლოს, სხვანაირად სიტყვებს ვერ პოულობს. ასე ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ჩვენ სახელისა და დეიდების მაძებარი ორი ახალგაზრდა მწერალი ვიყავით და 25 წლის წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ მეგობრები ვართ. მაგრამ ლიტერატურაზე მხოლოდ მთვრალები ვლაპარაკობთ. მე მისი მეჯვარე ვიყავი და ქორწილი პარიზის ყველაზე ძველ რესტორანში მოვუწყვე. მიშელმა კარაოკეზე ჯო დასენის სიმღერა შეასრულა. არ ეტყობა, მაგრამ მხიარულიც შეუძლია იყოს.

თქვენს წიგნებზე თუ საუბრობთ?

რა თქმა უნდა. სულ ახლახან წავიკამათეთ კიდეც. თვლის, რომ ძალიან ბევრს ვწერ ჩემს შვილებზე. ის  ბავშვებს წიგნებში ვერ იტანს. მგონი, ცხოვრებაშიც კი.

დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი სახელოვანი მწერალი ძალიან ცუდად იქცეოდა. გუსტავ ფლობერი და ანდრე ჟიდი მცირეწლოვანებთან სექსუალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობდნენ. ჟანპოლ სარტრი მცირეწლოვანებთან ინტიმური ურთიერთობისთვის ტაბუს მოხსნას ითხოვდა ,თავისუფლების სახელით. რა ბედი უწერიათ ამ ავტორებს? ჩამოვაგდებთ მათ პედესტალიდან?

ეს სულ სხვა თემაა. აქ პედოფილიაზე ვლაპარაკობთ. მცირეწლოვანებთან სექსუალურ ურთიერთობებს მაშინ იმისთვის იყენებდნენ, რომ ჰომოსექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ. ჰომოსექსუალობა როგორც საფრანგეთში, ისევე ინგლისში ტაბუდადებული და აკრძალული იყო. ოსკარ უაილდი ამისთვის ხომ ციხეში ჩასვეს და აწამეს. ისეთი მწერლები, როგორიც ანდრე ჟიდი იყო, ამ ვითარებას თავს ქვეყნის დატოვებით და აფრიკაში წასვლით არიდებდნენ. იქ ისინი მოზარდებთან ამყარებდნენ ურთიერთობას. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ფრანგული კულტურული წრეები ამ საკითხისადმი ტოლერანტულები გახდნენ.

მსგავსი ტოლერანტულობით ეპყრობოდა ფრანგი საზოგადოება მწერალ გაბრიელ მაცნევსაც, რომელიც თავის წიგნებში არასრულწლოვანებთან სექსუალურ კავშირზე ოცნებობდა. საფრანგეთში ეს ამბავი მაინცდამაინც არავის აწუხებდა, სანამ ვანესა სპრინგორას წიგნი არ გამოიცა, სადაც ის მაცნევს სექსუალურ ძალადობაში დებს ბრალს.

მაცნევის ამბავი ჟიდისა და ფლობერის ჭრილში უნდა გავიხილოთ. ჟიდი არის ერთ-ერთი იმ ავტორთაგანი, რომელთა წიგნებიც სკოლებში ისწავლება. მაცნევი ამ ავტორთა საქმის გამგრძელებელია.

თქვენ იცნობთ მაცნევს. მის კრიტიკას, ხუმრობა ამჯობინეთ. ერთ ვიდეოში თქვენ მაცნევთან ერთად ახალგაზრდა ქალის გვერდით დგახართ და ამბობთ: “ეს ქალი მაცნევისთვის ბებერია”.

ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ მაცნევი მატყუარა იყო. ვერ წარმოგვედგინა, რომ სიმართლეს ამბობდა. გვწამდა, რომ ჩვენი შოკირება უნდოდა.

ეს ხომ თავის მართლებაა

არა, ეს ლიტერატურაა. ჩვენ არასდროს ვიცით, მწერალი სიმართლეს ამბობს, თუ რამეს იგონებს. ჩვენ, მწერლები, მოსამართლეები არა ვართ და არც თქვენ, ჟურნალისტები, სხვათა შორის. მე მისთვის არასდროს დამისვამს კითხები. განა ეს პოლიციის ამოცანა არ არის? ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმოუდგენლად მხიბლავს ბოროტი. ამიტომაც ყოველთვის ვიცავ მწერლებს, რომლებიც ნარკომანები არიან და ცხოვრებას ეთამაშებიან. როცა წიგნის წერას ვიწყებ, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს, უცნაურს ვეძებ. მე ვქმნი ხელოვნებას, რომელიც გამომწვევია და მაშინებს. მე ფრენსის ბეკონი არ ვარ. რა გვინდა ლიტერატურისგან, რომ ის მორალურად სწორი იყოს და გვაჩვენოს გზა ბედნიერებისკენ? თუ გვინდა, რომ ის თავისუფალი და ხანდახან ბილწიც იყოს?

ჩვენ აქ ხომ ბავშვების გარყვნაზე ვლაპარაკობთ

რა თქმა უნდა, არის საზღვრები და მაცნევმა ისინი დაარღვია. მაგრამ ბევრი გენიალური მწერალი იყო მსგავსად გარყვნილი. სამყარო, სადაც ყველა მწერალი კეთილი, გამგებიანი, ზრდილობიანი და სათნოა, არ არსებობს. ხელოვანები ხშირად ეგოისტები და ფსიქოპატები არიან. მე ჩარლზ ბუკოვსკის წიგნები მიყვარს, მაგრამ ეჭვი მეპარება ქალბატონი ბუკოვსკი ბედნიერი ცოლი ყოფილიყო. კეთილი ადამიანები იშვიათად წერენ შედევრებს. მარსელ პრუსტი გამონაკლისია.

მსახიობმა ფანი არდანმა  #მითუ  მოძრაობა გააკრიტიკა და თქვა, რომ უყვარს ამ ქვეყნის გენსბურებიადამიანები, როლებიც სახიფათოდ ცხოვრობენ. მან ამასთანავე რომან პოლანსკიც დაიცვა. ამ უაზრო კრიტიკის ატანა აღარ შემიძლიაო.

სრულიად ვეთანხმები. პოლანსკიმ ფილმ “დრეიფუსის საქმისთვის” სეზარი მოიპოვა. ხელოვნების ნიმუშის შეფასებისას ავტორის ბიოგრაფიული დეტალების შესწავლა არაფერს მოგვცემს. ამ თემაზე უკვე ჟან პოლ სარტრი ეკამათებოდა თავის კრიტიკოსს. ვუდი ალენიც შესანიშნავ, იუმორით სავსე ფილმებს იღებს. თუ მან რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინა, რისიც არ მჯერა, მაშინ სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

ვანესა სპრინგორამ, რომელმაც მაცნევთან სექსუალურ ურთიერთობაზე (თოთხმეტი წლის რომ იყო) წიგნი დაწერა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა: რატომ ვეპყრობით საფრანგეთში მწერლებს განსაკუთრებულად. ხელოვანები კანონზე მაღლა დგანან?

საფრანგეთში ხელოვანები მართლაც უაღრესად დაფასებულები არიან. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პოეტები და მხატვრები და მათ რაღაც არაამქვეყნიურ არსებებად ვთვლით. თუმცა კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

სხვა წიგნებს, ნახატებს, სიმღერებს რა ბედი ეწევა. გადავაფასებთ? მაგალითად გენსბურისლიმონის ინცესტიავიღოთ.

კარგი სიმღერაა. გენსბური შვილის სიყვარულზე მღერის. იგი პროვოცირებს. თუმცა პროვოკაცია ბევრი ხელოვნების ნიმუშის მახასიათებელია. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან შეზღუდულად ვუყურებთ იმას, თუ როგორი ზემოქმედება შეუძლია ხელოვნებას ჩვენზე. ხელოვნებას დღეს უბრალოდ გამართობელის ფუნქცია აქვს და არანაირი მისია აკისრია. ანდა ,ერთადერთი მისია, რაც დღეს მას აქვს, სილამაზის ჩვენებაა. მაგრამ სილამაზე შეიძლება მახინჯიც იყოს. Le beau est toujours bizarre (სილამაზე ყოველთვის უცნაურია), ამბობდა ბოდლერი. შეიძლება ბოდლერია ყველაფერში დამნაშავე.

რას გულისხმობთ?

მისი წიგნი, “ბოროტების ყვავილები”, რომელიც ნარკომანსა და მეძავზე იყო დაწერილი, ცენზურამ შეცვალა. წარმოუდგენელი სკანდალი მოყვა ამ ამბავს. სწორედ ამიტომ აფასებს საფრანგეთი ისეთ ხალხს, როგორიც მაცნევია. ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის გენიალურ ფრანგ პოეტს რაღაცეები ავუკრძალეთ. ამ ტრავმის გამეორება აღარ გვინდა.

ფსიქოანალიტიკოსი ელისაბედ როდინესკუ ამბობს, რომ კაცების წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები არც მეტი არც ნაკლებიფემინისტური პურიტანიზმია”. დღეს ბრძოლა მიდის ფრანგული კულტურის გასაწმენდად. პურიტანიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?

საფრანგეთის ფემინისტური მოძრაობა გახლეჩილია. არიან ფემინისტები, რომლებიც ქალების თანასწორობისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. მათ, ამავე დროს ,პორნოგრაფიის თავისუფლებაც სურთ და მოითხოვენ სიყვარულის გამოხატვის აბსოლუტურ თავისუფლებასც. ეს კოლეტის ტრადიციის გაგრძელებაა. მე მიყვარს კოლეტი. ის ბისექსუალური სტრიპტიზიორი იყო, უაღრესად თავისუფალი და უამრავი საყვარელი ყავდა. იგი ბუნებისა და სხეულის სილამაზეს ზეიმობდა. რის თქმა მინდა: ადამიანი შეიძლება ფემინისტი იყოს, მაგრამ ამავე დროს სიყვარული, სექსი, ფლირტი ხიბლავდეს. ამ ტრადიციის გამგრძელებლები არიან როდინესკო, ფანი არდანი და დენევი. ფემინისტების მეორე ჯგუფი პურიტანული და მორალისტურია. სექსი ყოველთვის ჩაგვრაა, ტუჩსაცხები ცუდი, მიმზიდველი ქალების სურათები დამამცირებელი, რადგანაც ისინი ქალებს სექსუალურ ობიექტებად და სექსსიმბოლოებად აქცევენ.

სწორედ ამ პროცესის ერთერთი მთავარი მონაწილე თქვენ იყავით. თქვენ იყავით ჟურნალლუისმთავარი რედაქტორი. ეს ჟურნალი ხომ ფრანგულიფლეიბოია.”

არიან ფემინისტები, რომლებიც უკვე ოცი წელია ვერ მიტანენ. მათთვის მე მტრის ხატის განსახიერება ვარ: თეთრი ჰეტეროსექსუალი მამაკაცი. თანაც შიშველი ქალების სურათებიც მიყვარს. შიშველი ქალის სურათები სინამდვილეში უაღრესად ნატიფია და არა შეურაცხმყოფელი. ეს სურათები ქალს აღმერთებენ. თუმცა კოლეტის ფემინიზმი დღეს აღარავის აინტერესებს. ჩემი მეგობარი, მწერალი ვირჟინია დეპანი თვლის, რომ ყველა ქალი ლესბოსელი უნდა გახდეს. იგი ამბობს, რომ ჩვენ პატრიარქალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ამიტომაც კაცების დაწერილი წიგნები არ უნდა წავიკითხოთ. ეს წიგნები კაცების პერსპექტივის პირდაპირი პროპაგანდაა, თვლის ის. ჩემი აზრით, ეს აბსურდია და ასეთ აზროვნებას სქესთა შორის ომამდე მივყავართ. მესმის, რომ კაცების მართულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და არსებობენ ქალები, რომელთაც შურისძიების წყურვილი კლავთ. მაგრამ ამ პრობლემის პასუხი კაცების მიერ დაწერილი წიგნების უგულვებელყოფა ვერ იქნება.

შენიშვნა პურიტანიზმზე: ყველასთვის ცნობილი იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტებს, ფრანსუა მიტერანსა და ჟან შირაკს საყვარლები ჰყავდათ. ეს არავის უკვირდა. რამდენიმე თვის წინ კი ბენჟამინ გრავოსი პარიზის მერობის საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა სწორედ ამ მიზეზით. ამას როგორ ხსნით?

გრავოსის პრობლემა საყვარლის ყოლა კი არა, ის იყო, რომ მან თავისი სასქესო ორგანოს სურათები გააგზავნა აქეთ-იქით.

რატომ აკეთებენ კაცები ასეთ რამეს?

რადგანაც ისინი თავისი სასქესო ორგანოებით ამაყობენ? ჩემთვის ეს ძალიან უცნაურია. მაგრამ ეს საქციელი ხომ აკრძალული არ არის, თუკი სურათების მიმღები თანახმაა. თუმცა პოლიტიკოსისთვის მაინცდამაინც კარგი არ უნდა იყოს, მისი ორგანოების სურათების ინტერნეტში ხელმისაწვდომობა. პარიზელები ლიბერალები არიან, მაგრამ ბევრისთვის ასეთი რამ მიუღებელია.

პარიზი ბოჰემის ქალაქია. ბოჰემა მისი ერთერთი კლიშეა. დღესაც სწორია ქალაქის ასე აღქმა?

არა, ცხოვრება პარიზში ძალიან გაძვირდა. ბოჰემის ნაწილად ყოფნა ფულზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამიტომაც დღეს ჩვენ უფრო ბობოები ვართ – bourgeois bohéme (ბურჟუაზიული ბოჰემა).

როგორც თქვენ.

სწორია. ბურჟუას ორი შესაძლებლობა გაქვს: ან ამაყობ შენი ფულით, ან თავს დამნაშავედ გრძნობ. როგორც მე. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მეტად გამიმართლა. ჩემი წარმატება სხვებისთვის უფრო მეტად უნდა გამეზიარებინა, ვიდრე მოვახერხე. ეს ჩემი ცხოვრების დილემაა.

თემები