ვფიქრობ, რომ წიგნი არ მოკვდება
თამარ ბელქანია

ახალმა ვირუსმა მსოფლიო გააერთიანა და ადამიანები სახლში გამოკეტა.

ვინც ინტერნეტის მოხმარება არ იცოდა, მანაც კარგად შეისწავლა ვირტუალური ცხოვრება – ტელეფონი იქცა იმ სამყაროდ, რომლის ამარაც ადამიანი პირისპირ დარჩა. იმედი, რომ ჩვეული ცხოვრება დაბრუნდება, ადამიანებს ჯერ კიდევ შერჩათ. თუმცა ძნელი სათქმელია ძველებურად ცხოვრებას შეძლებენ თუ არა. ამ „ახალ დროში“ წავლენ კი ბიბლიოთეკაში ისინი წიგნის წასაკითხად, იმ წიგნის, რომელსაც ისედაც იოლად მოძებნიან საკუთარ ტელეფონში, იყიდიან და შეინახავენ.

წიგნებზე და პრობლემებზე სასაუბროდ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე. შემეძლო ინტერვიუ სხვადასხვა პლათფორმით ტელეფონზე ჩამეწერა, მაგრამ მე მაინც მისვლა ვარჩიე.

ჩვენი შეხვედრა ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, მეორე სართულზე შედგა.

ბატონო გიორგი, სანამ ეროვნული ბიბლიოთეკა ეროვნული გახდებოდა, მას ქართული საზოგადოება (განსაკუთრებით საბჭოთა) და შემდეგ ახალგაზრდა პოსტსაბჭოთა საჯარო ბიბლიოთეკად იცნობდა. დღესაც საქართველოს მთავარ ბიბლიოთეკას ბევრი ისევ ,,საჯაროდმოიხსენიებს. აქვს თუ არა სახელს სიმბოლური მნიშვნელობა?

– საჯარო ბიბლიოთეკის სტრუქტურა არ გულისხმობს ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკის, თუ შეიძლება ითქვას, თვისობრივ ხასიათს, ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და თბილისი არ იყო კავშირის მთავარი ქალაქი. საქართველოს, თბილისს, იმ ქვეყნებს, რომლებიც შედიოდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში მეორეული ფუნქცია ჰქონდათ და შესაბამისად, საჯარო ბიბლიოთეკა ამიტომაც ეწოდებოდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „საჯაროობა“ ჩვენთვის დღესაც აქტუალურია და ამ თვალსაზრისით ვცდილობთ შევინარჩუნოთ პოზიცია. დღეს ქვეყანაში მთავარ ბიბლიოთეკას ჰქვია ეროვნული ბიბლიოთეკა.

თუ გადავხედავთ მსოფლიოს დიდი ქალაქების ბიბლიოთეკებს ვნახავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიბლიოთეკა ბევრია, მაგრამ არის ორი დიდი, მთავარი ბიბლიოთეკა. ერთი კონგრესის ნაციონალური ბიბლიოთეკა, მეორე ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკა. შესაძლოა, ნიუ იორკის ბიბლიოთეკა რაღაც თვალსაზრისით წინაც უსწრებდეს კონგრესის ბიბლიოთეკას, მაგრამ ნაციონალური დატვირთვა კონგრესის ბიბლიოთეკას აქვს. გერმანიაში, საფრანგეთში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეროვნული არქივის ან ეროვნული მუზეუმის ტიპის ბიბლიოთეკები არსებობენ, ამიტომ რა სახელწოდებას ატარებს ბიბლიოთეკა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბიბლიოთეკა ეროვნული, ნაციონალური ბიბლიოთეკის ფუნქციას ასრულებდეს.

ამერიკა შემთხვევით არ მიხსენებია, ჩვენი ბიბლიოთეკის სტრუქტურა ჰგავს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის სტრუქტურას. უმეტეს ქვეყნებში ეროვნული ბიბლიოთეკები ექვემდებარებიან კულტურის ან განათლების სამინისტროებს. საქართველოში, როგორც ამერიკაში, ის ექვემდებარება საკანონმდებლო ორგანოს. აშშ-ს შემთხვევაში კონგრესს, საქართველოს შემთხვევაში პარლამენტს.

მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა არსებობს. ისინი ქვეყნებისთვის, კულტურებისთვის, გაცილებით მეტია, ვიდრე წიგნთა საცავი. მათ არქიტექტურას, მათში წიგნების განლაგების ლოგიკას, მათში არსებულ სამუშაო სივრცეს განსაკუთრებული აურა აქვს. ადამიანი შეხედავს ასეთი ბიბლიოთეკების სურათს და მაშინვე გეტყვით, რომელ ქალაქსა და ქვეყანაშია ისინი. აქვს თუ არა ჩვენს ეროვულ ბიბლიოთეკას მსგავსი დატვირთვა, არის თუ არა ის რაიმეთი გამორჩეული და თუ კი, რით?

– საქართველოში ნაციონალურ ბიბლიოთეკას რამდენიმე შენობა გააჩნია. მთავარი შენობა არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს სტატუსი გულისხმობს ნაციონალურ და ინტერნაციონალურს შორის ბალანსს. ამ შენობის დაგეგმარება – მხატვრობა დიდწილად უცხოელი ავტორების მიერ არის შექმნილ-შესრულებული. მათ შორის, გამორჩეულად აღსანიშნავია ჰენრიხ (ჰენრიკ) ჰრინევსკი (პოლ. Henryk Hryniewski; დ. 22 ნოემბერი, 1869, ქუთაისი – გ. 4 მარტი, 1938) – პოლონელ-ქართველი მხატვარი, არქიტექტორი, რომელიც არის პირველი კორპუსის შესასვლელის და რამდენიმე ოთახის მოხატვა-დაგეგმარების ავტორი. დანარჩენები მუშაობისას ითვალისწინებდნენ ქართული კულტურის სპეციფიკას – ვაზის სტრუქტურის ორნამენტის გამოყვანისას თუ სხვა სიმბოლიკის შემოტანისას. ვინც იცნობს ქართულ კულტურას, ეს ნიუანსები მისთვის თვალშისაცემი. სამწუხაროდ, XX საუკუნის 30-იან წლებში შენობის დიდი ნაწილი ორ ფერში გადაუღებავთ. ეს საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მავნებლური პრაქტიკა იყო. ჩვენ ახლა, შენობის დარბაზის რესტავრაციისას, ყოველდღე ვპოულობთ ახალ შრეს. მაგალითად, დარბაზი, რომელიც ახლახან გავხსენით დაფარული იყო 9 ფენიანი შრით და ამ შრეების ქვეშ, კედლის ფსკერზე, აღმოვაჩინეთ შესანიშნავი ორნამენტები.

სიმბოლურია, რომ სწორედ შრეების ქვეშ დარჩა ქართული სულიც. ახლა მთავარი ის არის, ბიბლიოთეკა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ერთერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, ასრულებს თუ არა თავის დანიშნულებას? ჩაკეტილია მისი სივრცე ხალხისთვის თუ გახსნილი? და თუ დადის ხალხი, რა ტიპის ლიტერატურას კითხულობს?

– ცალსახად არის მოთხოვნილება წიგნზე. პარლამენტარი ცოტა, აი, ხალხი კი დადის. ჩვენ ვართ ბიბლიოთეკა, რომელიც ინახავს ყველა ტიპის მასალას, რაც აქამდე გამოცემულა ქართულ ენაზე საქართველოში, ან მის მიღმა. ასევე საქართველოს შესახებ, შესაბამისად, ბუნებრივიც არის რომ ამ ყველაფერს დიგიტალური ფორმით ვერ იპოვნიან, თუ ვახდენთ დიგიტალიზაციას ვცდილობთ, რომ ეს მოხვდეს ე.წ „დახურულ ბაზებში“, რათა ბიბლიოთეკამ აქტუალობა შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, მკითხველის ნაკლებობას არ ვუჩივით. ამჟამად ორი დიდი დარბაზი ფუნქციონირებს და კიდევ ვგეგმავთ ახალი ორი დარბაზის გახსნას. ბიბლიოთეკა სავსეა, ხშირად რიგიც დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წიგნის კითხვის პრობლემა, ზოგადად, სამყაროში და საქარველოშიც არ არსებობს. მხატვრულ წიგნებზე ნაკლებად არის მოთხოვნა. ითხოვენ კვლევითი ტიპის ლიტერატურას. კითხულობენ ძველ, პროფილურ, დარგობრივ ლიტერატურას, ადრე გამოცემული ჟურნალ-გაზეთების სტატიებს. დიდი დარბაზი სულ 100-მდე ადამიანს იტევს, ბუნებრივია, ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, დარბაზი მკითხველით მუდამ სავსე იქნება.

ყველაზე ძველი წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში ინახება

– ყველაზე ძველი ქართული წიგნი, უფრო ზუსტად, ძველი წიგნი, სადაც ქართული შრიფტია მოხვედრილი, ესაა რომში გამოცემული (1629 წელი) ,,სახარება“, ანუ ეს არის წიგნი, რომელშიც პირველად მოხდა ბეჭდვურად (ყოველ შემთხვევში აქამდე დადასტურებულად და ვიმედოვნებთ, რომ სხვა წიგნებსაც აღმოვაჩენთ) ქართული შრიფტი. ხოლო პირველი ქართული გამოცემა ჩნდება XVIII საუკუნის დასაწყისში 1708 წელს (1709 წელს თბილისშიც იხსნება სტამბა, სადაც იბეჭდება „სახარება“, „დავითნი“, „სამოციქულო“ და ვეფხისტყაოსანი. თ.ბ.).

– ბევრს ადამიანს თავის დროზე ჰქონდა იდეა, რომ საქართველო ყოფილიყო ინიციატორი მოძრავი მუზეუმების, მოძრავი ბიბლითეკების შექმნისა. მოგეხსენებათ, ბევრი რაიონი ჯერ კიდევ არ არის ,,განებივრებულიინტერნეტით. სოფლებში დაინგრა და განადგურდა ბიბლიოთეკები. ადამიანები, ბავშვები, მოზარდები წიგნის, ზოგადად, ლიტერატურის დეფიციტს განიცდიან. არც მარტო დიდი ქალაქებითბილისი, ბათუმი, ქუთაისია მთელი საქართველო. აქ თქვენ რას აკეთებთ? როგორ უვსებთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ამ დეფიციტს?

– უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩვენი პირდაპირი ფუნქცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევიმუშავეთ პროგრამა და ჩამოვაყალიბეთ „ეკვილიბრიტი“ და აქტიურად შევუდექით მუშაობას. ზოგ სოფელში აღვადგინეთ ბიბლიოთეკა, ბევრშიც ხელახლა შევქმენით. ჩავიტანეთ ლეპტოპები და მოვახდინეთ ინტერნეტიზაცია. ასე მოვიარეთ ათას ასი სოფელი. ეს კი მე მეამაყება. წინ კიდევ ბევრი საქმე და ბევრი სოფელი გველოდება. კორნონა ვირუსის პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ვთვლი, რომ ყველა სოფლის ცენტრში უნდა იყოს ბიბლიოთეკა და არა მხოლოდ ბიბლიოთეკა. უნდა იყოს კულტურული, აგრალური, სამედიცინო ცენტრებიც. ამ დღეებში ჯანდაცვის სამინისტროსთან ვაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც შეეხება COVID-19 თემის ირგვლივ ლიტერატურის და ზოგადად, ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის გავრცელებას. ეს არ იქნება ქაღალდზე დარჩენილი თანამშრომლობა.

– იყო დრო როცა გვაწოდებდნენ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც განათლებულ ადამიანს უნდა ჰქონოდა წაკითხული. ერთგვარად მოდური იყო წიგნის კითხვა. ამას არავინ გირჩევდა ან გაიძულებდა, მაგრამ კლასიკოსების ნაწარმოებებს მაინც ყველა კითხულობდა. სსრკში კულტურისა და განათლების პოლიტიკა სახელმწიფოს სტრატეგიის დონეზე იყო გააზრებული. ჩემი აზრით, ეს არ იყო ცუდი. დღეს როგორ ახდენს საკანონმდებლო ორგანოს უწყებაეროვნული ბიბლიოთეკაწიგნ(ებ)ისა და ავტორ(ებ)ის პროპაგანდა-შეთავაზებას მკითხველისთვის. მოკლედ, როგორ ახერხებთ წიგნის პოპულარიზაციას?

– დღეს სამისოდ ბევრი გზა არსებობს, – ინტერნეტი, რომელიც პერიოდულად გვთავაზობს საგამომცემლო სექტორის სიახლეებს, ცინცხალ ლიტერატურას. სატელევიზიო გადაცემები. თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც ავტორის მკითხველამდე უშუალო მისვლა და წიგნის წარდგენა მგონია. ისეთ დროში ვცხოვრობთ გამომცემლობებიც მრავლად გვთავაზობენ სერიებს, მაგალითად, ასეთებს – ,,50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“… და ა.შ. ქართველ ავტორებთან პრობლემა გვაქვს, რადგან თბილისს გარეთ ძნელად იმართება წიგნის წარდგენები, ეს ცალსახად პრობლემაა. დეცენტრალიზაცია გვჭირდება. აქ საჭიროა ავტორების და გამომცემლობების აქტიურობა.

– დღეს მსოფლიოში არსებობს უამრავი ელექტრონული წიგნი. აი, ერთ მაგალითს დაგისახელებთ: ,,ქინდლი”. ამ წიგნისმაგვარ ხელსაწყოზე შეგიძლიათ ათი ათას წიგნზე მეტი დაატიოთ. დამეთანხმებით, რომ 10 ათასი წიგნი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი შეძლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში წაიკითხოს. ინტერნეტზე წვდომა თუ გაქვთ, პრინციპში, მილიონობით წიგნია ხელმისაწვდომი შინიდან გაუსვლელად. ეს ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო განვითარდება. დღეს შეიძლება ბილბლიოთეკის არსებობას გამართლება ჰქონდეს? და გამართლება ექნება მის არსებობას 20 წლის შემდეგ, როდესაც ტექნოლოგია დღევანდელზე სულ მცირე 10-ჯერ უფრო განვითარებული იქნება?

– არა. წიგნი არ კვდება, რადგან წიგნის მოყვარული ადამიანი ყოველთვის იარსებებს. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვახდენთ აქტიურ დიგიტალიზაციას. ელექტრონული სამკითხველო იქმნება. მესამე, ბიბლიოთეკას გაფართოებული აქვს სამუზეუმო ფუნქციები, შესაბამისად, აქ ეწყობა პრეზენტაციები, გამოფენები, მონიშნულია შეხვედრების ადგილი. გახსნილი გვაქვს წიგნის, ფოლკლორის, ემიგრაციის მუზეუმები. აი, ამას ვთავაზობთ წიგნის, განათლების მოყვარულთ. ეს არის რაც „გვაბამს“ ბიბლიოთეკასთან და ეს არის მსოფლიო ბიბლიოთეკების მომავალი.

წიგნის საკითხავად მეც ვიყენებ ,,ქინდლს“, მაგრამ მე მაინც ბეჭდვური წიგნის თაობის ადამიანი ვარ.

– ლეგენდარულ ბიბლიოთეკებს ლეგენდარული ხელმძღვანელები ჰყავდათ. თუნდაც ბორხესის დასახელება რად ღირს! გაქვთ სურვილი ან თუნდაც ამბიცია, რომ თქვენი კარიერის დასასრულისას მსგავსი, თუნდაც ლოკალური, ქართული ლეგენდა შექმნათ? თქვენ როგორ ფიქრობთ, ისტორიაში შეხვალთ როგორც მწერალი თუ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი?

– ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია. მწერლობაც და ეს საპატიო სტატუსი – ნაციონალური ბიბლიოთეკის დირექტორობა. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მწერლისათვის ბიბლიოთეკა ისევე აუცილებელია, როგორც ბიბლიოთეკისათვის მწერალი. ვცდილობ, მეორეული საქმე არ გამოვიჩინო, თუმცა მწირი ანაზღაურების გამო მიხდება სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა. თანამედროვე რეალობა, სამწუხაროდ, ამას გვთავაზობს. შესაბამისად, მე ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და გავიღო ყველაფერი საამისოდ. გარედან, როგორ ჩანს, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ დრო ყველაზე ობიექტური შემფასებელია. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა საკუთარ თავთან მართალი ვიყო და ვიცოდე, რომ მაქსიმალური გავაკეთე. თანამედროვე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი უნდა ცდილობდეს, რომ დაიცვას სერიოზული ბალანსი ტრადიციებსა და სიახლეებს შორის. ერთი მხრივ, ჩვენ გავაქვს ფანტასტიკური ტრადიცია, როგორც წიგნის კულტურის, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, გვჭირდება სიახლეებიც – ელექტრონული დარბაზები, ციფრული ტექნოლოგიები, სივრცეები, სადაც ახალგაზრდობა მოიყრის თავს. კარგმა ხელმძღვანელმა, მენეჯერმა ეს უნდა მოახერხოს, ყველას უნდა ესაუბროს საკუთარ ენაზე, არა საკუთარი პრინციპების დათმობის, არამედ სწორი მენეჯერული უნარების ხარჯზე. ასე უნდა ეცადოს ბალანსის შენარჩუნებას.

– როგორ შეაფასებთ ჩვენი ეპოქის წიგნიერებას, რა ეტაპზე ვართ?

– საუბარი იმაზე, რომ წიგნი მოკვდა აბსურდულია და უსაფუძვლო. ვიდრე ადამიანი არსებობს მას ექნება სურვილი ასახოს სამყარო, პარალელურად კი, მეორე ადამიანს ექნება სურვილი ეს ასახული სამყარო გაიაზროს და გაიზიაროს ის ემოცია, რომელიც უკვე ,,ნაპოვნია“. უბრალოდ ფორმატები იცვლება, ელექტრონულ წიგნს თავისი როლი აქვს, საკმაოდ პოზიტიური. თაობა უამრავი გამოწვევებისა და საცდურების წინაშე დგას… წიგნის კითხვის დრო შემცირდა, თუმცა ხაზგასმით გამოიკვეთა ნამდვილი მკითხველის სახე, იმ მკითხველისა, რომელმაც არ უღალატა ჩვევას.

– XXI საუკუნეში ციფრულმა ეპოქამ ბევრი რამ გადააფასა. თქვენ თუ გიფიქრიათ, რომ ბიბლიოთეკა გადაგეწყოთ ვირტუალურ სივრცეში ციფრულ სამკითხველოდ? ხომ არ ფიქრობთ რომ თუ ასე არ მოვიქცევით ბიბლიოთეკა განვითარებას შეწყვეტს და დროს ჩამორჩება?

– შენობა უნდა იდგეს. აი, მაგალითად, საბურთალოზე – გავაკეთეთ ახალი შენობა – „ვახტანგ მეექვსევს კორპუსი“, შესანიშნავი ნაგებობაა. ასე ვცდილობთ გავფართოვდეთ. ქუთაისში ვაკეთებთ ახალ ბიბლიოთეკას, იქაც იქნება ახალი სამკითხველო.

– არა, მაგას არ ვგულისხმობ, ვსაუბრობ ,,ქინდლისტიპის პლათფორმაზე, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს წიგნით დისტანციურად, ,,სახლში დარჩისფორმატში. დრო და არსებული რეალობა სოფელში მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელს ხდის წიგნზე წვდომას ვირტუალურად. როგორ ,,მივიტანოთბიბლიოთეკა სოფლამდე?

– რაღა თქმა უნდა, გარდაუვალი აუცილებლობაა და უნდა იყოს კიდეც ინტერნეტი ქვეყნის ყველა კუთხეში ხელმისაწვდომი. პარალელურად უნდა არსებობდეს ჩვენი წიგნსაცავის ინტერნეტპლათფორმაც. ჩვენი კანონიერი უფლებაა შეგვეძლოს ვისარგებლოთ წიგნით, ლიტერატურით, პერიოდული პრესით. ეს გრძელვადიანი პროგრამაა, იმედია, განვახორციელებთ.

– საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ხშირადაც იმართება სხვადასხვა კონკურსები, ფესტივალები. ამ ბოლო დროს, საზოგადოება დიდწილად სკეპტიკურად ეკიდება იმ საორგანიზაციო ჯგუფებს, ვისაც ამა თუ იმ ავტორის ლიტერატურული პროდუქტის შეფასება ევალება. პრესიდან, ტელევიზიიდან ხშირად ვისმენთ ბრალდებებსრომ ჟიურიც და გამომცემლობებიც მიკერძოებულები არიან და ამით სერიოზული, ღირებული ლიტერატურა ზარალდება. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე?

– მესმის რასაც ამბობთ, ასე იყო ყველგან და ყველა ეპოქაში. ეს ,,ნაკლი“ ყველა დროს ჰქონდა და არ არის მხოლოდ ამ ეპოქის მახასიათებელი. სოციალური კონტექსტები ხშირად განაპირობებენ ზოგის პოპულარობას, აქაც დროა ზუსტი ინდიკატორი. მაგალითად, XX საუკუნეში გაცილებით პოპულარულები იყვნენ სხვა ავტორები, ვიდრე გალაკტიონი ან პაოლო იაშვილი. დღესაც youtube-ზე მილიონობით მოწონება შეიძლება აღმოაჩინოთ სრულიად უინტერესო ავტორების ტექსტების ქვეშ, რომელთა ლიტერატურული ხარისხიც ვერ უძლებს კრიტიკას. მე მაინც მგონია, ადამიანები და ჩვენც უნდა დაველოდოთ მთავარი ინდიკატორის – დროის გასვლას. დრო აჩქარებულია და რაღაცების გადაფასება უფრო მალე ხდება, ვიდრე წინა წელს ან გაულ საუკუნეში. ინფორმაციულ ერაში ვართ, ნაკლებად ვფიქრობთ ვიდრე ვმოქმედებთ, შესაბამისად, შეიძლება შეფასებებიც აჩქარდეს, ამას დაკვირვება სჭირდება.

– დღეს ტრენდულია ჰკითხო ადამიანსრა არის მისი უარყოფითი თვისება. თქვენ გაქვთ უარყოფითი თვისებები?

– კი. ცხადია, ადამიანებს გვაქვს დადებითიც და უარყოფითი თვისებებიც. მათ შორის მეც. სიჯიუტე და გურული სისხარტე ჩემი უარყოფითი თვისებებია. ხშირად რაღაცას უფრო ჩქარა ვაკეთებ, ვიდრე საჭიროა. თუმცა გონებით ვიცი, ესა თუ ის საქმე უფრო დინჯად რომ გამეკეთებინა, გაცილებით შედეგიანი გამოვიდოდა. როცა ვაანალიზებ ვცდილობ, რომ თვისებებს, რომელებიც მაზარალებენ გადავხედო და შევცვალო. ძალიან ვიზრდები საკუთარი შეცდომების შემჩნევის შემდეგ.

ცუდია, როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ შეუცდომელია და მას აღარაფერი ესწავლება. მე ვუსმენ ყველას, ვიღებ კრიტიკას, შესაძლოა გავითვალისწინო ან ვერ გავითავლისწინო, მაგრამ მაინც თუ მთლიანად არა, ნაწილი შენიშვნების გათვალისწინებაც კი შედეგს იძლევა.

– ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანია. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსულა რომელიმე მათგანი და ბიბლიოთეკის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება შემოუთავაზებია?

– მოსვლით არავინ მოსულა, მაგრამ მე მივსულვარ მათთან. ასეთი მისვლებით მე და ჩემმა თანამშრომლებმა ორ მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ. დარბაზების უმეტესობა შემოწირული ფულით არის გაკეთებული. ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული პარქტიკაა. ნიუ ორკის ბიბლიოთეკაში თითოეულ სკამს აწერია იმ ადამიანის გვარი, ვინც ბიბლიოთეკას ფული შესწირა.

– ამ ბოლო დროს შემინიშნავს, რომ სახლებიდან წიგნის კარადები ქრება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში წიგნი აღარ სჭირდებათ, აღარ კითხულობენ?

– დიახ, წიგნი ბევრისთვის ზედმეტ ბარგად გადაიქცა. ამის გამო ბევრი გვჩუქნის მთელ ბიბლიოთეკას. ხდება ისეც, რომ საოჯახო ბიბლიოთეკების მეპატრონეები გარდაიცვალნენ, შვილებს და შვილიშვილებს კი წიგნები აღარ სჭირდებათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ასეთ დროს გულს იმით ვიმშვიდებ ხოლმე – კარგია რომ არ გადაყარეს.

– რაზე ოცნებობთ, რა სურვილი გინდათ რომ აიხდინოთ?

– ერთადერთი და მთავარი ოცნება არის ბიბლიოთეკის ძველი, პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, გახსნა. პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ დასასრულისკენ მიდის. რეაბილიტაცია დასრულდება თუ არა, ლეგენდარულ სამკითხველოსაც გავხსნით.

– როგორ ფიქრობთ, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობას გარედანაც ხომ არ უნდა ეტყობოდეს ეროვნულობა?

– ამაზეც ვმუშაობთ. ასეც მოხდება, როდესაც ქუჩა სამუზეუმოდ გამოცხდადდება.

– რას ეტყოდით მკითხველს?

– მადლობა, რომ წიგნი გიყვართ და თქვენზეა დამოკიდებული წიგნის ბედი, თქვენზეა დამოკიდებული ის იცოცხლებს თუ მოკვდება.

ვფიქრობ, რომ წიგნი არ მოკვდება!

თემები