ანდერძად და ზნეობრივ გაკვეთილად
თეკლე ჯანელიძე

(თეკლე ჯანელიძეს ესაუბრება როსტომ ჩხეიძე)

ბატონო როსტომ, გულახდილად გეტყვით, კარგა ხანია ველოდები ოთარ ჩხეიძის ტომების გამოცემას და არა და არა ჩანს.

– საჩქარო არაფერია, რადგანაც ტომებს სერიოზული მომზადება ესაჭიროება, აკადემიურ გამოცემას ვგულისხმობ და არა მხოლოდ თავმოყრას ნაწერებისა. ეს სამზადისი კი საკმაო ხანია მიმდინარეობს და შესაფერისი მასალებიც გროვდება კომენტარებისა და ექსკურსებისათვის.

ძირითადად კომენტარები ალბათ თქვენს ბიოგრაფიულ რომანს დაეყრდნობა: აგვისტოს შვილები (მამაჩემი ოთარ ჩხეიძე).

– ძირითადად ასეც იქნება, თუმც მის გარდა კიდევ საკმაოდაა მასალები, ჯერ მარტო ჩემს სხვა თხზულებებშიც გამოყენებული, მხატვრულ-დოკუმენტური რომანი იქნება „ორი მდინარის შესაყარზე“, ოთარ ჩხეიძის რომანის – „ჩემი სავანე“ – ვარიაციებზე რომ აღმოცენდა, თუ მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებებისა და ესეების ერთი წყება, ერთ წიგნს რომ შეადგენს.

როგორც ვატყობ, რამდენიმე ტომი თქვენც გიგროვდებათ ბატონ ოთარზე.

– კიდეც ვაპირებ ერთი ფორმატითა და გაფორმებით გამოვცე, სოსო სიგუას სამტომეული როგორც გამოიცა კონსტანტინე გამსახურდიაზე: „მარტვილი და ალამდარი“.

თქვენიც სამტომეული იქნება?

– არა, ოთხი, ბიოგრაფიული რომანი იმხელა მოცულობისაა, ორ ტომში მოთავსდება, მესამე ტომი „ორი მდინარის შესაყარს“ დაეთმობა, მეოთხე კი – მხატვრულ-დოკუმენტურ მოთხრობებსა და ესეებს.

რაც შეეხება ოთარ ჩხეიძის ტომებს, მაინც როდისთვის ეპირებით?

– ჯერ „მატიანე ქართლისაის“ რომანების ციკლია მოსათავებელი ჯიბის წიგნების სერიით, „ბორიაყით“ დაწყებული და „ლაზერშოუთი“ დასრულებული, მწერალს რომ ეოცნებებოდა ასე ცალ-ცალკე გამოცემა ამ ციკლისა, მერმის ანუ 2021 წელს უკვე რომ უნდა დასრულდეს მისი გამოცემა.

ამდენს ხანსაც არ გაგრძელდებოდა, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობითვე შიგადაშიგ რომ არ გამოგვეცა: მისი ნოველების მესამე წიგნი, ნოველების ციკლი „შესანდობარნი“, პოლიტიკური სტატიებისა და ლიტერატურული დიალოგების კრებულები, თარგმანი ტომას სტერნზ ელიოტის პოემისა „ბერწი მიწა“. აქვე მოვიხსენიებ „პალიტრა ელის“ მიერ გამოცემულ რომანს „ბურუსი“ და „ინტელექტის“ მიერ დასტამბულ ნოველების მინიატურულ კრებულს „მიწა“ და ერთ ნაწილს დღიურებისა „დროდადრო“.

გულს მაკლია ეს დღიურები, არსებითად ავტობიოგრაფიული რომანი, დღემდე გამოუცემელი რომ რჩება, პიესების ორტომეულისა არ იყოს, ერთი ტრაგედიებს რომ მოიცავს და მეორე – კომედიებს. ლიტერატურულ-ესთეტიკური წერილებისა და ესეების კიდევ ერთი წიგნიც – „რკალმა“ მხოლოდ ერთი ნაწილი დაიტია მწერლის კრიტიკული პროზისა – გამზადებულია გამოსაცემად.

ეს ყოველივე მისი შემოქმედების აკადემიურ გამოცემამდე უნდა მოთავდეს?

– ცხადია.

მაინც როდისთვის ეპირებით?

– ორ წელიწადს აღარ უნდა გადაცდეს.

და კიდეც შეუდგებით აკადემიურ გამოცემას?

– ყოველნაირად შევეცდებით, აღარ გადავდოთ და მალეც მოვათავოთ.

რამდენ ტომს ვარაუდობთ?

– ოცს გადააჭარბებს.

ძალზე ნაყოფიერი კი იყო ოთარ ჩხეიძე, მაგრამ ნუთუ ოცი ტომიც ვერ დაიტევს მის შემოქმედებას?

– ვერა და აი რატომ:

თორმეტი ტომი ჯერ მარტო რომანების ციკლს დასჭირდება, თითო ტომში ორ-ორი რომანი რომ შევა – ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით დალაგებული.

სამი ტომი მოუნდება მისი ნოველების ციკლს „ჩემი სოფლის ეტიუდები“.

ორი ტომი – პიესებს.

ორი ტომი – ლიტერატურულ წერილებს, ესეებსა და პორტრეტებს.

ერთი ტომი – პოლიტიკურ სტატიებსა და ლიტერატურულ დიალოგებს.

ორი ტომი – ავტობიოგრაფიულ რომანს „დროდადრო“.

ორი ტომი – თარგმანებს, მოთხრობებს, რომლებიც „ჩემი სოფლის ეტიუდების“ ციკლში აღარ შეუტანია, საყმაწვილო თუ იუმორისტულ ნოველებს, კინომოთხრობას, პოლიტიკური სტატიების ერთ წყებას, დაპატიმრებისაგან გადასარჩენად რომ დაისაჭიროებდა მათ დაწერას, თავდაპირველ ვარიანტებს პიესებისა „თედორე“ და „ვისია ვისი“… რომანი „ტინის ხიდიც“ ხელახლა დაიწერა…

და აჰა ესეც ოცდაოთხი ტომი.

გრანდიოზულ შენობად წარმომიდგა, ბალზაკური გარჯათავდადების ნაყოფად.

– ასეც არის, თანაც – განსხვავებით ბალზაკისაგან – უმძიმეს პოლიტიკურ პირობებში შექმნილი, ციხე-გადასახლებაც რომ ემუქრებოდა, თორემ დევნა-შევიწროება ხომ არ დაკლებია და არა, მაგრამ თავის მისიას მაინც აღასრულებდა.

ბიოგრაფიაც როგორი დრამატული აქვს.

– რა გასაკვირია, ჩვენი მწერლების ცხოვრებას არც არასოდეს მოჰკლებია მღელვარება, დრამატიზმი, სიმწვავე და ამიტომაცაა, მათი ბიოგრაფიები სათავგადასავლო რომანებისაგან რომ არც განირჩევა.

ისე უნდა გითხრათ, რომ ოთარ ჩხეიძე არად აგდებდა იმ დევნა-შევიწროებას, რაც გადაეტანა თანადროულობის პირუთვნელი წარმოსახვისათვის, და ყოველთვის ამბობდა: მე ციხე-კატორღა მაინც არ გამომივლია, იქაური წამება არ მიწვნევია მიხეილ ჯავახიშვილივით, კონსტანტინე გამსახურდიასა თუ ლევან გოთუასავითო…

როგორც ჩანს, ერჩივნა, რომ მის თანამოკალმეთა ბიოგრაფიები შესაფერისად ყოფილიყო წარმოჩენილი.

– ბიოგრაფიებიც და ნაწერებიც, ცხადია, რათა არავისი არაფერი მიჩქმალულიყო და ჩვენი ლიტერატურის მონაპოვარი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასათვის, რათა სათანადოდაც ჩაბეჭდილიყო საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

სასაცილოდ არა ჰყოფნიდა დამწყებობის ჟინი, ის ლიტერატურული ძალადობა, რითაც არაერთი ვითომმწერალი და ზოგიც ნამდვილი მწერალი ლამობდა და ლამობს ადგილის დამკვიდრებას სალიტერატურო ასპარეზზე. ვის-ვის და ოთარ ჩხეიძეს ვერ აუბამდა თვალს ვერავინ, რაკიღა მხოლოდ თავის შემოქმედებაში არასოდეს ყოფილა ჩაფლული და ხელიდან არ გაუშვებდა არაფერს წაუკითხავად და თავისი შეხედულებაც ამიტომ ჰქონდა ყველა თაობის მწერალზე. თითო თხზულებაც რომ ჰქონოდა ვინმეს დაბეჭდილი, უნდა სცოდნოდა, რომ ოთარ ჩხეიძეს წაკითხული ექნებოდა.

მიხეილ ჯავახიშვილზე მსმენია, რომ მიუხედავად დაუღალავი წერისა, ყველაფრის კითხვას ასწრებდა.

– ოთარ ჩხეიძეც ასევე გახლდათ, არაერთი პიროვნული თვისებით რომ ჰგავდა „გივი შადურის“ შემოქმედს და ნიშანდობლივია, მისი ტრადიციის გამგრძელებელიც რომ შეიქნა.

და ვასილ ბარნოვისაც.

– დიახ, ვასილ ბარნოვსაც თავის ერთ-ერთ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდა და შეიძლება ითქვას, ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაში მოხდა თავისებური შერწყმა და გარდასახვა ამ ორი მხატვრულ-ესთეტიკური სტილისა, ვასილ ბარნოვისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელებით რომ აღბეჭდილა.

ეს ხომ მონოგრაფიის თემაა, ალბათ დაწერასაც აპირებთ.

– ვინმე როგორ არ გამოუჩნდება დამწერი, ყველაფერს მე ხომ არ დავწერ.

კიდევ უფრო მომინდა მისი მონუმენტური ნაღვაწის თავით ბოლომდე გაცნობა, თუმცა ოცდაოთხტომეულის ხორცშესხმამდეც არ მოგვაკლდება ბატონი ოთარის ნაწერების კითხვა, განსაკუთრებული მოუთმენლობით მის ავტობიოგრაფიულ რომანს რომ ველოდები.

– ლიტერატურული წერილებიც არ დაგავიწყდეთ, პერიოდიკაში რომ მიმოფანტულა და მათი გამოცემა ერთხელ კიდევ დაგვიდასტურებს, მწერლები უკეთესი კრიტიკოსები რომ არიან, ვიდრე ნაფიცი კრიტიკოსები; ბევრად უკეთესად რომ გაიაზრებენ და აფასებენ ლიტერატურულ პროცესებსა თუ ცალკეულ თანამოკალმეთა შემოქმედებას – წინაპართა თუ თანამედროვეთა.

ამიტომ არ უკვირდა ოთარ ჩხეიძეს, სტენდალი ონორე დე ბალზაკმა რომ აღმოაჩინა და არა სენტ-ბევმა, ალექსანდრე ყაზბეგი კი – გრიგოლ ორბელიანმა და არა კიტა აბაშიძემ…

– „რკალი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წიგნია და, დარწმუნებული ვარ, მეორე რკალიც ასევე იქნება.

– თქვენ ახლა უნებურად ამ წიგნის სახელწოდება მიკარნახეთ, ჩემი მხრივ ერთ-ერთი ესეის სათაურის გამოტანას რომ ვაპირებდი საერთო სახელწოდებად. არადა იყოს მართლაც „მეორე რკალი“ – უშუალო გადაძახილი იმ კრებულთან, რომელიც თავისი სიღრმითა და მასშტაბურობით არაერთი მონოგრაფიისა თუ სტატიის შთამაგონებელი გამხდარა და კიდევ არაერთხელ გახდება.

პირველ ყოვლისა მაინც მატიანე ქართლისაის დასრულების მოწმენი შევიქნებით, ორ ნიმუშიღა რომ დარჩენილა: გამოცხადებაი და ლანდები.

– ბარემ მოთავდეს ქართული იოკნაპატოფას ციკლი, ფოლკნერული ფორმატით შემთხვევით კი არ გამოცემულა, დაე გარეგნულადაც დამსგავსებოდა ქართული საზოგადოებრივი საგა ამერიკულს, ოთარ ჩხეიძის ოცდაოთხი რომანი უილიამ ფოლკნერის ცხრამეტ რომანს, ისიც უთუოდ ოცდაოთხისაკენ რომ მიისწრაფოდა, ისიც ჰომეროსული ოცდაოთხი სიმღერით შთაგონებული.

ყველა ლაბირინთის კარსაც შეხსნიდა ფოლკნერი და უვნებლადაც გამოაღწევდა, ოთარ ჩხეიძისა არ იყოს, ჯერ მარტო „მატიანე ქართლისაის“ ციკლით რომ გადახსნიდა ათასგვარ საიდუმლოს დრამატული თუ სულაც ტრაგიკული რეალობისა და ყოველთვის იქ იდგებოდა, სადაც ადამიანი შესჭიდებოდა ბედისწერას, თვითონაც შეჭიდებული ბედისწერასთან ანტიკური გმირივით, მაინც რომ გაიტანდა თავისას და არას დაუთმობდა სასტიკ, ულმობელ სინამდვილეს… მწერლის მოვალეობა როგორც ესახებოდა და ანდერძად და ზნეობრივ გაკვეთილად დაუტოვებდა შთამომავლობას თავის ბიოგრაფიასაც და თავის მონუმენტურ შემოქმედებით შენობასაც…

თემები